მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში არა მარტო ქვეყანას, სოფლებსაც კრიმინალური ელემენტები ან მასთან დაახლოებული პირები მართავდნენ. მაშინ ეს ერთგვარად გამართლებულიც იყო ალბათ, რადგან სოფლები სავსე იყო გამოშვებული და გამოქცეული პატიმრებით და სწორედ ამაზეა ნათქვამი, მუნჯის ენა მუნჯმა იცისო.
ჩემს სოფელს აწ განსვენებული, ჩემი ბიძაშვილი გივი ალანია დაეპატრონა, ჩემს მეზობელ და მეგობარ სოფელ ჩხორთოლს კი - ასევე ჩემი ოჯახის ნათესავი და მეგობარი მურთაზ გარმელია.
ისინი საზოგადოების გარკვეული ფენის პატივისცემას იმსახურებდნენ, რადგან კრიტიკულ მომენტებშიც კი იუმორის გრძნობას ინარჩუნებდნენ. განსაკუთრებით გამორჩეული იყო და არის ამჟამადაც მურთაზი.
მაშინ აფხაზეთში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩვენი სოფლებიც საომარ მდგომარეობაში იყვნენ (ფრონტის ზურგი). ყველას პირზე ეკერა ელცინი და ომის ღირსეულად დამთავრება (თუ როგორ ღირსეულად დავამთავრეთ და ვინ იყო ამ სიტყვების ავტორი, კარგად მოგეხსენებათ).
საჩხორთოლის ცენტრში ყოველ საღამოს იკრიბებოდა მოსავლის აღების და დაბინავებისგან დაღლილი და ომისათვის ასაკით და ჯანმრთელობით გამოუსადეგარი მოსახლეობა და იხილავდნენ მიმდინარე ომის პერიპეტიებს, რის შესახებაც ინფორმაცია სოფლის გამგებლის, მურთაზისაგან ყველაზე კომპეტენტური იყო.
ერთ-ერთი ასეთი საინფორმაციო შესავლის გაკეთების შემდეგ გამგებელს ერთ-ერთმა ქვეყნის საქმეებში ნაკლებად გათვითცნობიერებულმა გლეხმა ასეთი შეკითხვით მიმართა:
- ბატონო მურთაზ! თქვენ ქვეყანა გიცნობთ, ხალხში და მთავრობაში ხართ და ისიც გეცოდინებათ, ეგ ელცინი რა გვარია (სახელი გონებია).
მურთაზი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არ დაბნეულა, უმალვე გადმოერთო "სხვა არხზე" და სწრაფადვე უპასუხა:
- ეგ როგორ არ იცი, შე უბედურო, ის ხომ ჩოლარიაა, გადი ზოგჯერ ხალხში, ისწავლი რამეს! - მთელი სერიოზულობით ურჩია გამგებელმა.
- ჰმ, ეგ ჩვენებური კაცი ყოფილა და აქამდე რატომ არ ვიცოდი, - შეიცხადა მთელი სერიოზულობითვე გლეხმა და გაშორდა იქაურობას.
მურთაზი კი ისევ დაუბრუნდა მიმდინარე ომის თემას, რომლისთვისაც მსმენელებს კარგა ხანი არ ეცალათ ხსენებული დიალოგის შემდეგ წარმოქმნილი სიცილ-ხარხარის გამო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ელცინი კარგა ხანია გადადგა, მურთაზი კი დღემდე თავისი სოფლის ლეგიტიმური ხელმძღვანელია... ოღონდ, ჯერჯერობით თბილისში!
გია ალანია
(გალი, სოფელი წარჩე)
















































































მთავარი
კონტაქტი




2010