ჩვენი თანაკურსელი ჯემალი "მცირელიტრაჟიან" მსმელთა რიგებშიაც გამორჩეული ფიგურა იყო. უძრაობის წლებში მასპინძელთა ოჯახებში მრავალი ოთახის გადარემონტებაში მის მიერ შეტანილი წვლილისათვის ზედმეტ სახელად კლიმენტ რწყევიაშვილი შევარქვით. კლიმენტი ისე შეეჩვია ახალ სახელს, რომ ჯემალის დაძახებაზე აღარც რეაგირებდა. ოფიციალურ გასვლით მატჩში ვიმყოფებით შროშის საწაბლეში ბონდო შველიძესთან.
იმერული სახლის აივანზე ლამაზად გაშლილ, ხორაგით დატვირთულ სუფრას თამადობს ჩვენი ძმა, ხუთლიტრიანი მურმანი თბილისიდან, მხარს უმშვენებს ენაკვიმატი "სამლიტრიანი" ხუჭუჭა პეწელიკი ფრიდონი ზუგდიდიდან, ლიტრანახევრიანი მაღალი და გრძელულვაშიანი, ტანწერწეტა ჯემალი ანუ კლიმენტი, ბონდო და მისი რჩეული მეზობლები.
შუა ქეიფში კლიმენტი აივნის მოაჯირზე სარეცხივით გადაეკიდა, მოიმადლიერა შროშის ძაღლები, რომლებიც მეორე დღეს კუდის ქიცინით დასდევდნენ უკან. კარგად შეზარხოშებულები ერთ ოთახში მოგვათავსეს, ოთხნი სამ საწოლზე.
მე სხვა ოთახში მეპატიჟებოდნენ დასაძინებლად, მაგრამ აღარ შევაწუხე და ნახევრადმძინარე ფრიდონს შევუწექი. თავი მეტად მოვიმთვრალე (მოგონებაც არ მინდოდა). დაძინების წინ ფრიდონი ხუჭუჭა თმებს აუცილებლად აბრეშუმის ქსოვილით "კასინკით" იკრავდა, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. მეც გადავუსვი თავზე ხელი და დავუწყე მოფერება:
- გადმობრუნდი ჩემსკენ, საყვარელო შორენა.
ფრიდონმა იფიქრა, ამ გალეშილს მე ნამდვილად ქალი ვგონივარო და სასწრაფოდ გადაწვა უგონოდ მთვრალ კლიმენტისთან. მეც ეს მინდოდა. მოვიპოვე თავისუფლება და გემრიელად ამოვიგე საბანი.
სისხამ დილით მურმანის სიცილი მაღვიძებს. გავახილე თვალები და რას ვხედავ - ფრიდონს გაუხდია "ტრუსიკ-მაიკა", ზიზღით ორი თითით უჭირავს ხელში და მეგრული აქცენტით ქართულად აგინებს კლიმენტ რწყევიაშვილს. შევეკითხე: რა მოხდა-მეთქი.
- როგორ თუ რა მოხდა! წუხელ შენ ძლივს გადაგირჩი გაუპატიურებას, ამ გათახსირებულს ფეხთით იმიტომ შევუწექი, რწყევა რომ იცის და უარესი დამემართა: ღამე ლოგინში გაეპარა, მეტი რაღა უნდა მომხდარიყო, - მწყრალი ტონით მიპასუხა ფრიდონმა.
მე და მურმანი სიცილით გადავბჟირდით. ხმაურზე ბონდო შემოვიდა, რომელმაც დაზარალებულს ახლათახალი საცვლები უსახსოვრა. გავაღვიძეთ კლიმენტი, რომელიც თვალდახუჭული გვისმენდა. იმან კი იქით წაუყენა ფრიდონს პრეტენზია.
- ეს რა გიქნია, ტო! დიდ მსმელად რომ მოგაქვს თავი, შიბაქი ვერ გამოიყოლე.
მაშინ პამპერსი მოდაში არ იყო. ცხარე კამათი კინაღამ ჩხუბში გადაიზარდა. მიდის ერთმანეთზე გადაბრალება-გადმობრალება. სიცილისაგან ჩვენც კინაღამ გაგვეპარა.
ფრიდონმა მურმანის რჩევით გაზეთში კოხტად შეხვეული "ტრუსიკ-მაიკა" თბილისში ექსპერტიზის ჩასატარებლად წამოიღო. კარგა ხნის შემდეგ შევარიგეთ გაბუტული მეგობრები კლიმენტის პურმარილზე.
გიორგი წყალფონეთელი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010