"საახალწლოდ ყოველთვის საუბრობენ კარგზე და ამაში ცუდი არაფერია", - ბრძნულად შენიშნა თემურ შაშიაშვილმა და იმერეთის ელექტრონულ მთავრობას დენი გამოურთო.
ვხუმრობ...
მიილია 2002 წელი - წაღმა-უკუღმა წელიწადი - როგორც წლის დასაწყისში მოვიხსენიეთ.
უკან მიხედვისას მართლაც ყველას გვინდა, კარგი ამბები გავიხსენოთ და ცუდი დავივიწყოთ, მაგრამ რაღაც არ გამოგვდის. განსაკუთრებით ეს არ გამოსდის ქართულ მასმედიას, რომელსაც ხშირად უწუნებენ უარყოფითი ინფორმაციის სიმრავლეს. თუმცა, მაინც დღემდე საკამათოა, ეს "უარყოფითი ინფორმაცია" ჩვენს ტვინებს აბინძურებს თუ პირიქით - ასუფთავებს და დაძინების საშუალებას არ აძლევს.
მე პირადად იმ პოზიციას ვემხრობი, რომ ავს ავი უნდა ეწოდოს და თუ კარგი არაფერია, მისი გამოგონება საჭირო არ არის.
კომუნისტური პერიოდის პრესაში საერთოდ არ იყო ინფორმაცია, მით უფრო - უარყოფითი. მხოლოდ იმას წერდნენ, რაც ვითომ კეთდებოდა. სინამდვილეში არაფერიც არ კეთდებოდა და ეს ყველამ იცოდა. მაშინდელი პრესა ასრულებდა გურამ დოჩანაშვილის ერთი უსახო და უსახელო პერსონაჟის მოვალეობას - დროდადრო აფიქსირებდა მოჩვენებით დროს და ყვიროდა: "ყველაფერი გენიალურადაა!"
ამიტომ დაწერა მაშინ პოეტმა ეს ორი კარგი სტრიქონი: "საქმე იმიტომ უფროა ცუდად, რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა". როგორ ეცოდინებოდა ამ "ბევრს", საქმე რომ ცუდად იყო, როცა ამის შესახებ ინფორმაციას არავინ აწვდიდა.
2002 წელს იმდენი ცუდი რამ მოხდა, კარგი ამბები მთლიანად გადაიფარა და წლის ბოლოს ხელში მხოლოდ ცუდი შეგვრჩა გასახსენებლად - ადამიანების გატაცებები, დაბომბვები, მხეცური მკვლელობები, რელიგიური შუღლის საფრთხე, კინკლაობა პარლამენტსა თუ საზოგადოებაში და მისთანანი.
მორაგბეთა ნაკრებმა რომ გვასახელა და ელდარ კურტანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეს გავლილ წელზე წარმოდგენას ვერ გვიქმნის. მით უფრო, თუ საქმეში ჩახედული ვართ და ვიცით, რომ კურტანიძე საბერძნეთში ვარჯიშობს, ხოლო "ბორჯღალოსანთა" თითქმის მთელი შემადგენლობა საზღვარგარეთ ოსტატდება.
ძალიან გაგვიჭირდა წლის ადამიანის გამოვლენა. გადავწყვიტეთ, იგი შემდეგ ნომერში დავასახელოთ ექსპერტებისა და ხალხის აზრის გათვალისწინებით. ჩვენი კრიტერიუმით, წლის ადამიანს 2002 წელს ყველაზე კარგი საქმე უნდა ჰქონდეს გაკეთებული საქართველოსთვის. ასეთი ადამიანი კი სანთლითაა საძებნელი. განა საერთოდ არ არის, მაგრამ ყველა ვხედავთ, მისი არსებობა ქვეყანას არაფერში დატყობია. მან ვერ შექმნა ამინდი. წელიწადი ისე გავიდა, ხალხს მნიშვნელოვანი და კარგი საქმით თავი ვერ დაამახსოვრა.
ლამისაა საერთოდ გავაუქმოთ წლის ადამიანის ნომინაცია. მაგრამ საახალწლო ტრადიცია მოითხოვს, ვიღაც მაინც წარმოჩინდეს ასეთი და არა მარტო კეისარს მიეგოს კეისრისა. ამიტომ ისევ ვფიქრობთ, ერთმანეთში ვკამათობთ, გვინდა მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებისას.
"ახალი ვერსიისათვის" გასული წელი კვლავ წარმატებული იყო. გვქონდა ისეთი ნომრები, რომლებმაც ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, ზოგიერთი მკითხველი ამბობს, რომ სტარტი უკეთესი გვქონდა - უფრო სკანდალურები და სენსაციურები ვიყავით. როგორც ჩანს, ასეთ მკითხველს ქიციც უნდა და ქიცმაცურიც - როცა ვიღაცას ვაშიშვლებთ და ქართული ყოფის სისასტიკეს აღვწერთ, ამას "უარყოფით ინფორმაციას" უწოდებს და ტუჩს იბზუებს, ხოლო როცა ნომერი შედარებით წყნარია, ისევ ის "უარყოფითი" ენატრება.
გვქონდა პრობლემა - რამდენიმე ჟურნალისტი შორს, თბილ გაზეთებში გაგვიფრინდა (აღარ დაბრუნდებიანო, ავრცელებენ ჭორს).
არ ვიცი, ვის როგორ ჰგონია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ თბილ გაზეთებში სინამდვილეში გაცილებით ცივა, ვიდრე ჩვენთან. არარეალურად მაღალი ხელფასები არ განსაზღვრავს ასეთი გაზეთების ხარისხს. ხელფასი უნდა შეესაბამებოდეს გაზეთის ტირაჟს და შემოსავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც უხარისხო გაზეთი კიდევ უფრო ფუჭდება და რაც ყველაზე სამწუხაროა - ჟურნალისტიც.
ვეთანხმები მიშა მშვილდაძეს, რომელიც ამბობს: "იმას, რაც დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში ხდება, კონკურენცია არ ჰქვია. ეს სიბინძურეა". ზუსტად ასეთი ვითარება შეიქმნა მასმედიაშიც, როცა სწორედ იმ ფულიანმა კაცმა, ვისაც მშვილდაძე გულისხმობს და კიდევ წინასაარჩევნო, ფაქტობრივად ერთჯერადი გაზეთების მოყვარულმა პოლიტიკოსებმა კვალიფიციური ჟურნალისტების მაღალი ხელფასებით მოთვინიერება და გადაბირება გადაწყვიტეს.
გამოსავალი არსებობს - საჭიროა ახალი სისხლი ქართულ ჟურნალისტიკაში. ამ გზით ჩვენი პრობლემაც ამოწურულია.
რა ვაკეთოთ 2003 წელს.
რაც მთავარია, შევარდნაძე ისევ საქართველოს პრეზიდენტია და შესაბამისად, ჟურნალისტებს საქმეც ბევრი გვაქვს.
იმედია, ამ ჩვენს საქმეს უფრო მეტი შედეგი მოჰყვება და ხალხი მიხვდება, რა გზით გადაწყვიტოს მთავარი პრობლემა - ყველა პრობლემის სათავე. აი, მერე კი ვნახოთ, შესაძლოა 2003 წლის ბოლოს უკან მოხედვის არ შეგვრცხვეს, წლის ადამიანი საძებარი არ გაგვიხდეს და "ახალ ვერსიაშიც" უფრო მეტი ადგილი დარჩეს გასართობი მასალებისთვის.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010