საქართველოში მოწმენი ვართ, როგორ დევნის და ცხოვრებიდან აძევებს სახელმწიფო მეცნიერებას. მეცნიერებათა აკადემია, რომელმაც ასახა კიდეც და დიდწილად შექმნა კიდეც ქართველი ერის ძლიერი მისწრაფება ე. წ. ფუნდამენტური ცოდნისადმი, უკვე ერთ მესამედზე დაიყვანეს და ინტენსიურად აგრძელებენ მის "შემცირებასა" და დამცირებას. აქა-იქ უკვე ტრიალებს ბრძნული ფრაზა: ქვეყანას, რომელიც თავს ვერ ინახავს უცხოელთა გრანტებისა და დახმარებების გარეშე, მეცნიერების ქონა არც ეკუთვნისო. აზრისა და შემოქმედების ამ დევნის მიზანმიმართულად დივერსიულ ხასიათს საუცხოოდ ასურათხატებს ის ფაქტი, რომ აკადემიის ინსტიტუტებს არ ეუბნებიან, "რა ვქნათ, ფული არ გვაქვს და ეგებ, დროებით მაინც, ნაკლებ ხელფასებსა და ხარჯებს დასჯერდეთო", არამედ ბრძანებას აძლევენ "შეამცირეთ მეცნიერ მუშაკთა რაოდენობა, დაითხოვეთ სამსახურიდან თანამშრომელთა ათი პროცენტი, თხუთმეტი პროცენტი, კიდევ ხუთი, კიდევ ათი და ასე შემდეგ". ამ პოლიტიკის შორეულმა მგეგმავებმა, როგორც ჩანს, იციან, რომ მეცნიერი, რომელსაც ხელფასი ერთი ლარი აქვს და თვეში 29 დღეს სიგარეტს ყიდის, ერთ დღეს კი ამ ერთი ლარის მეცნიერული პროდუქციის შექმნას ანდომებს, მაინც მეცნიერად რჩება, ხოლო სამეცნიერო დაწესებულებებიდან "შემცირებული" თავს მეცნიერად ვეღარ თვლის და გაბოროტებით იძულებულია, თავისთავში ყველა მაღალი ინტელექტუალური მისწრაფება თვითვე ჩაახშოს. ამ ფონზე "საქართველოს" რედაქციამ მიზანშეწონილად ცნო, შემოკლებით გააცნოს თავის მკითხველს ერთი მოკლე ქებათა-ქება მეცნიერებისადმი ჟ. "THE ECONOMIST"-იდან - ერთი იმ დითირამბთაგანი ადამიანის მაძიებელი აზრისა და გენიისადმი, რომელსაც ფრიად და ფრიად მოუცლელი კაცობრიობა დროდადრო უძღვნის ხოლმე თავის ამ ყველაზე საამაყო ქმნილებას.
* * *
1969 წელს (თურმე) შეერთებული შტატების ახალდაარსებული ელემენტარულ ნაწილაკთა ლაბორატორიის (ფერმის ლაბორატორიის) პირველმა დირექტორმა რ. უილსონმა ასე უპასუხა კონგრესის შეკითხვას, თუ რას მისცემს ახალი ლაბორატორია ამერიკის თავდაცვას: "ამ ახალ ცოდნას უმჭიდროესი კავშირი აქვს პატივთანაც და ქვეყანასთანაც, მაგრამ მას არა აქვს არანაირი პირდაპირი კავშირი ჩვენი ქვეყნის დაცვასთან, გარდა იმისა, რომ გვეხმარება, ეს ქვეყანა უფრო დაცვის ღირსი გავხადოთ".
მეცნიერება - ჟურნალის სიტყვით - უცნაური ცხოველია. მას თავი ღრუბლებში აქვს, ფეხები კი მკვიდრად უდგას დედამიწაზე. ამიტომაცაა, რომ მან რევოლუციურად გარდაქმნა ადამიანის ცხოვრება ინტელექტუალური მიმართულებითაც და პრაქტიკულადაც. ის, რომ დღევანდელი ადამიანის გონებრივი პეიზაჟი დღეს ძირეულად სხვაა, ვიდრე ის, რაც იგი, ვთქვათ, ორასი წლის წინ იყო, ძირითადად, ორი დარგის მოაზროვნეთა მიღწევაა - ბუნებისმეტყველებისა (ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლებისა) და ეკონომისტებისა, რასაც ზედ ინჟინერთა მიღწევებიც უნდა დავამატოთ.
ზუსტი მეცნიერების მიერ შთაგონებულმა და აღძრულმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ისევე მძლავრად გააუმჯობესა ადამიანთა ცხოვრების პირობები, როგორც მიწათმოქმედების შექმნა ნეოლითის ეპოქის დამლევს. მან ადამიანთა დიდი მასის მაგიდაზე პური დადო, ასე რომ მდიდარი მსოფლიოს მაცხოვრებელნი დღეს სიღატაკედ იმ მდგომარეობას კი არ თვლიან, როცა ადამიანს საჭმელი არა აქვს, არამედ იმას, როცა მას შინ ტელევიზორი არა აქვს.
მაგრამ - "როგორც თქვა რწმენათა ერთ-ერთი ალტერნატიული სისტემის დამაარსებელმა" - ადამიანი მხოლოდ პურით არ ცოცხლობს, თუმცა აქ საუბარი უფრო ფაქიზ მონაპოვარს ეხება. ფაქტია, რომ ზუსტმა მეცნიერებამ ადამიანთა გონებრივი ჰორიზონტი გააფართოვა და იმათ, "რომელთა ასხენ თვალნი ხედვად", უფრო ნათელი წარმოდგენა მისცა იმაზე, თუ რაა ადამიანის ადგილი საგანთა კოსმოსურ წყობაში. მან დაგვანახა, რომ სამყარო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე დღეს ცოცხალ მრავალ ადამიანს ეგონა თავის ახალგაზრდობაში, და რომ, ყოველივე ამის ფონზე, სინამდვილის სტრუქტურა შეუდარებლად უფრო რთულია და, შესაბამისად, ადამიანის გაჩენისთვის აუცილებელი პირობებიც, რამაც კაცობრიობის შობა შესაძლებელი გახადა, შეუდარებლად უფრო უნიკალურია, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ეს პირობები დამოკიდებულია ნაწილაკებზე, რომლებიც წარმოუდგენლად მცირეა, და ისეთ ფიზიკურ კანონებზე, რომლებიც დანის პირზე ბალანსირებას ნიშნავს.
"ამგვარი ცოდნა ცხოვრებას როდი აადვილებს. ამიტომ უხეშად პრაქტიკულმა ადამიანებმა ადვილად შეიძლება იკითხონ, რატომ არიან მსოფლიოს გადასახადთა გადამხდელნი ვალდებულნი ამგვარი აღმოჩენებისთვის ფასი გაიღონ, მაგრამ ვისაც ღმერთი სწამს, ის, უთუოდ, საკმარისი პატივისცემით უნდა იყოს გამსჭვალული მისი ქმნილებისადმი, რათა მისი ადექვატური გაგება ეწადოს. ვისაც არ სწამს, იმაში კიდევ უფრო დიდი მოწიწების თრთოლას უნდა აღძრავდეს ის, რომ სპონტანურად, თავისთავად გაჩნდა ისეთი ვრცელი, ძველი, რთული და საინტერესო რამ, როგორიც სამყაროა, და რომ მისი ევოლუციის შედეგად გავჩნდით არსებანი, რომელნიც მას ვჭვრეტთ და მის წარმოშობაზე ვმსჯელობთ. ასე რომ უილსონი მართალია: ისინი, ვინც ამგვარ ფუნდამენტურ კითხვებს ვიკვლევთ, დაცვის ღირსნი ვართ, რადგან რაა კაცობრიობა ცოდნის გარეშე?".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010