ბუშის მძაფრი ყურადღება ტერორისტული საშიშროებებისადმი 11 სექტემბრის ტერაქტს არ გამოუწვევია. თვით მისი მოსვლა ხელისუფლებაში იმ პოზიციის საფუძველზე მოხდა, რომ ამერიკას ეს - და სწორედ ეს - საშიშროება ელის. მისი წინასწარ დაგეგმილი "რევოლუციური" ხაზი ისაა, რომ ახალი სტრატეგიული მიმართებები შექმნას: მკვეთრად შეამციროს (წაიკითხეთ: რუსეთსაც შეამცირებინოს) ბირთვული არსენალები და შექმნას საიმედო დაცვა "არამზადა სახელმწიფოების" შესაძლო დარტყმის წინააღმდეგ, რომელნიც უფრო და უფრო დიდი სამოქმედო რადიუსის მქონე რაკეტებს აშენებენ ან იძენენ. ამ პოლიტიკაში რუსეთს "უფრო და უფრო მეგობარი ქვეყნის" როლი ენიჭება ანუ იმ ქვეყნისა, რომელიც, ჯერ ერთი, ზემოხსენებულ შემცირებას ეთანხმება, მეორეც, ვეღარ ჩათვლის (ამ დამეგობრების წყალობით), რომ რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა მის რაკეტებსაც ეხება და არა მხოლოდ "არამზადა სახელმწიფოებისას". იმას, რომ ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ ამერიკას მართლაც სჭირდება დაცვის სისტემა, ბუზღუნით, მაგრამ მაინც დასთანხმდნენ მტრულად განწყობილი რუსებიც და სკეპტიკოსი ევროპელებიც. ხოლო ის, რომ იმ სამი ხსენებული "არამზადის" გარდა სხვა პოტენციური თავდამსხმელებიც არსებობენ, ყველას ესმის და ამიტომ ამერიკის პოლიტიკას ყველა, მეტ-ნაკლებად, გაგებით ჰხვდება. მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკის სწორედ ასეთი ხედვისა, ჟურნალი THE ECONOMIST მაინც ჯერ კიდევ შორეულ მიზნად თვლის იმის მიღწევას, რაც ბუშმა თავისი "იარაღთა კონტროლში განხორციელებული რევოლუციით" დაიწყო, და ამის მიზეზია არა ევროპელთა ბუზღუნი ბუშის უხეში ენის გამო (მათ თვითონაც ესმით, რომ ვითარების ბუშისეული შეფასება რეალისტურია), არამედ თვით ბუშის წინააღმდეგობრივი მიდგომა საქმის ზოგი მხარისადმი.
პირველ ყოვლისა, ბუშის ინიციატივით დათქმული ბირთვული ერთეულების ქვოტა (1700-2200 ოპერატიულად მზა ერთეული პლიუს ძალიან ბევრი კიდევ რეზერვში) ბევრად მეტია, ვიდრე სჭირდება გასათვალისწინებელ საშიშროებათა მოგერიებას, ჩინეთის მზარდი ბირთვული ძლიერების ჩათვლით. მეორეც, ბუშს უნდა, ამ შეთანხმებას არ ჰქონდეს მყარად ფორმალიზებული ხელშეკრულების სახე და ამერიკას შეეძლოს, მოულოდნელ გარემოებათა გაჩენის შემთხვევაში, თავისი არსენალის მოკლე დროში აღდგენა. ეს კი რუსეთს ასეთსავე შესაძლებლობებს უტოვებს და გაუგებრობათა შესაძლებლობაზეც რომ არაფერი ვთქვათ, სტრატეგიულ ხიფათს ამაღლებს. ამასთან ერთად, ბუშს არ აქვს დიდი სურვილი მონაწილეობისა ბირთვული გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულებაში, რომელსაც ამერიკამ ხელი მოაწერა ადრევე, მაგრამ რატიფიკაცია არ გაუკეთა, და ამაში იგი მართალია იმ მხრივ, რომ რაც უფრო ნაკლები რჩება ბირთვული იარაღი, მით უფრო მეტი სანდოობა მოეთხოვება მას. მაგრამ ამერიკული ბირთვული იარაღი დღესაც ყველაზე უფრო სანდოა მსოფლიოში და, გარდა ამისა, მისი ტესტირების (გამოცდის) მრავალი საშუალება მისი აფეთქების გარეშეც არსებობს. ასეთი სურვილი, რაც უნდა ბუნებრივი იყოს იგი, ანალოგიური სურვილის გამოთქმის საბაბს აძლევს მეორე მხარესაც. ასე რომ, ბუშის მიმართ გაჩენილია ეჭვი, ვინ იცის, მას ძველი ბირთვული იარაღები სულაც არ ენაღვლება, არამედ მას მხოლოდ ახლის შექმნა და გამოცდა აინტერესებსო. ბუნებრივია, რომ ბუშის უხალისობა ბირთვული გამოცდების აკრძალვის საქმეში წაახალისებს ბირთვული იარაღის მაძიებლებს და მისი ფარული წარმოების მგეგმავებს (ასეთნი კი მრავალნი არიან) და მათ მტკიცედ ჩამოუყალიბებს აზრს, რომ წარმატების მოპოვების საშუალება სხვა არა არსებობს რა, გარდა წარმატების მოპოვებისა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010