"თანამედროვე ხელოვნების" სახელს ათასობით უნიჭოები ეფარებიან, რომელთაც ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი "თაყვანისმცემლების" ათეულმილიონიანი აუდიტორია ჰყავთ. მათ გამოფენებსა და მათ განკარგულებაში მყოფ გალერეებს "უფრო ცირკების" რეპუტაცია აქვთ, "ვიდრე გალერეებისა", მაგრამ სამაგიეროდ მათ არ იციან, რა არის პუბლიკუმის ნაკლებობა მათს ღონისძიებებზე, პრესის დუმილი ან "პაბლისიტის" სიმწირე. ბრიტანეთის ტრადიციულად ტრადიციონალისტურ კულტურას თუ აქამდე მთელი პანთეონი ჰყავდა მოწამეებისა, რომელნიც იმის გამო დაზარალდნენ, რომ ახალ მიმართულებებს იცავდნენ ტრადიციულის პირისპირ, დღეს მდგომარეობა შეტრიალდა: მარტვილობა უფრო იმათ ემუქრებათ, ვინც ტრადიციულის დაცვას ბედავს ხელოვნების მართლაც ხელოვნებისეული ფორმების უარმყოფელი და უგულებელმყოფელი მრავალათეულმილიონიანი ჯოგის პირისპირ.
ერთი წარმატებული ბრიტანელი ბიზნესმენი, ივან მასოვი ამ ცოტა ხნის წინ ემსხვერპლა თავის ერთგულებას ხელოვნების ტრადიციული ფორმების მიმართ. მან გაბედა და ჟურნალში დაწერა, ინგლისში დღეს დიდად პოპულარული "კონცეპტუალური ხელოვნების" სკოლა სხვა არა არის რა, თუ არ "პრეტენზიული, თავდაჯერებული, ხელობას ვერდაუფლებული არშიევის ქსოვაო" და ამ სკოლის გავრცელება და როლი თანამედროვე ინგლისში დაახლოებით იგივეა, რაც "სოციალისტური რეალიზმის" ბატონობა იყო საბჭოთა კავშირშიო. თუმცა ამ კაცის შეხედულება, რომ ხელოვნებაში "იდეების უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე არტისტული შესრულებისა, მხოლოდ საფარველია ტალანტის უქონლობისათვის", ზუსტად ემთხვევა ხელოვნებაში ჩახედულ ინგლისელთა - დიდი უმრავლესობისას, მას წასვლა მოუხდა თავისი საპატიო პოსტიდან საზოგადოებაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს აერთიანებს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010