თბილისში დამოუკიდებლად არსებული თეატრების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ამ "თეატრცვენაში" ძალიან ცოტაა ისეთი, რომელმაც შეძლო საკუთარი ხელწერა შეემუშავებინა და ეარსება სხვათაგან გამორჩეულად, სრულიად განსხვავებულად. ამ მხრივ, თავისუფალმა თეატრმა ნამდვილად გაამართლა. პირველ რიგში, გაამართლა თავად სახელწოდებამ და თეატრი იქცა თავისუფალი სიტყვის და აზრის ნავთსაყუდლად. ამ თეატრის სულისჩამდგმელი და თავკაცი, ავთანდილ ვარსიმაშვილი, დღეს ჩვენი სტუმარია. ბუნებრივია, ჩვენი საუბრის თემაც ის ჯადოსნური სამყაროა, რომელიც მან თავისი უბადლო ნიჭით გამოძერწა.
- როგორია თქვენი ცხოვრება "თავისუფალი თეატრით" და "თავისუფალი თეატრის" ცხოვრება თქვენით?
- "თავისუფალი თეატრი" არის ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მის გარეშე ძალიან მიჭირს საკუთარი თავის წარმოდგენა. თუმცა ამჟამად ის ჩემს გარეშე არსებობს, რადგან მან უკვე მიიღო სხვადასხვა რეჟისორების სპექტაკლები და არაჩვეულებრივად ლამაზად, ლაღად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.
- რამ განაპირობა სხვადასხვა სპექტაკლების მიღება?
- ჩემი აზრით, დამღუპველია, როცა თეატრის ხელმძღვანელი თეატრს მხოლოდ საკუთარი სპექტაკლების პოლიგონად აქცევს. ამაში არაბუნებრივს ვერაფერს ვხედავ.
- თქვენთვის არ იყო მტკივნეული, თეატრმა რომ სხვა სპექტაკლები მიიღო?
- აბსოლუტურად არა. პირიქით, მოხარულიც ვიყავი. მაგრამ ყოველთვის ვაყენებდი პირობას, რომ სპექტაკლი უნდა იყოს მაღალმხატვრული, ნიჭიერად გაკეთებული და ამასთანავე თავისუფალი თეატრალური პროექტი. ჩემთვის მთავარი ამ კომპონენტების დაკმაყოფილებაა.
- "თავისუფალ თეატრში" შემოჭრილმა სპექტაკლებმა თქვენი პირობა რამდენად დააკმაყოფილა?
- წინასწარ ამის ასპროცენტიანი გარანტია ხელოვნებაში არ არსებობს. უბრალოდ, ინტუიციის დონეზე, ვფიქრობ, გაამართლა. ამის დასტურია "ჯინსების თაობა". გარკვეულწილად "მედეაც". სხვა პროექტები, რომლებიც დაიდგა ჩვენს თეატრში და არ გაამართლა, მოიხსნა.
- ძირითადად რა პოსტულატები გააჩნია "თავისუფალ თეატრს"?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის მაღალმხატვრულობა, პიროვნების თავისუფლების ხოტბა, თამამი თავისუფალი თეატრალური იდეა და რაც მთავარია, თავისუფალი სიტყვა.
- რამდენად მოახერხა თეატრმა თავისუფალი სიტყვის თქმა?
- რა თქმა უნდა, მოახერხა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევდა. თქვა, მაგრამ ბოლომდე არ დაამთავრა თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ თეატრმა ამოწუროს თავისი სათქმელი.
- ბატონო ავთანდილ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ვერ მიიღეს "თავისუფალი თეატრის" თავისუფლება. ამის მაგალითია სპექტაკლი - "პროვოკაცია". მან ერთდროულად დადებითი და უარყოფითი შეფასება მიიღო. თქვენ რას გვეტყვით ამ სპექტაკლზე?
- მე უფრო მეტს ვიტყოდი იმაზე, ვინც კრიტიკულად გამოდის. ჩემზე თუ უარყოფით რეცენზიებს წერენ ეს ჩემი პრობლემა არ არის. თეატრისთვის მთავარი ბარომეტრი მაყურებელია და არა რომელიმე კრიტიკოსი, რომელსაც თეატრი წარმოუდგენია სადღაც ოთახში თბილ სავარძელზე მჯდრად. განსაკუთრებით, უფროსი თაობის კრიტიკოსები მოწყვეტილნი არიან იმ რეალობას, რაც ხდება დღეს საქართველოში.
- "თავისუფალი თეატრი" ჩვენი ქვეყნის მწარე სინამდვილეს საკმაოდ აგრესიულად აშუქებს. გავიხსენოთ თუნდაც ზემოთ ხსენებული სპექტაკლი "პროვოკაცია". როგორ აღიქვა მაყურებელმა ეს აგრესია?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ "თავისუფალი თეატრი" თავის აზრს აგრესიით გამოხატავს. მართალია, ხშირ შემთხვევაში გამოიკვეთება აგრესია, მაგრამ "ჯინსების თაობა", "კომენდიანტები" საკმაოდ სენტიმენტალური სპექტაკლებია. რაც შეეხება "პროვოკაციას", სულ სხვა სახის პროექტია და აგრესიასაც სხვა დატვირთვა ახლავს. საბოლოო ჯამში ორივეს ერთი მიზანი ამოძრავებს. მაყურებელს დაანახოს მწარე სინამდვილე და სიმართლე უთხრას. ვფიქრობ, რომ ეს აგრესია მაყურებელმა ჩვეულებრივად მიიღო. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ გვაქვს სრული ანშლაგი და მთელი ის, ტერმინოლოგია რომ ზედმეტი იყო, ან რაღაც აკლდა, დილეტანტური მსჯელობაა. როგორც მოგეხსენებათ, სპექტაკლის მთავარი განმსაზღვრელი მაყურებელია, რომელიც ფეხზე მდგარი, ძალიან დიდხანს უკრავს ტაშს და ყვირის "ბრავოს".
- "კომედიანტები" თქვენი უმშვენიერესი სპექტაკლია, რომელმაც უდიდესი წარმატება მოგიტანათ. როგორ გაიხსენებდით მასზე მუშაობას?
- მართლაც ამ სპექტაკლმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. უნდა გითხრათ, ძალიან კარგი გუნდი შევკრიბე. ყველაფერი სწრაფად გავაკეთეთ. სპექტაკლი, პრაქტიკულად ორკვირანახევარში დაიდგა. ამ სპექტაკლისათვის შინაგანად მზად ვიყავი. წინასწან ვიცოდი, როგორ უნდა დამედგა, ამიტომ ეს ხდებოდა ძალიან სწრაფად. სპექტაკლის მთავარი სათქმელი თანაბრად გვაწუხებდა თითოეულ მსახიობს, ამიტომ იმდენად გულწრფელი ვიყავით, რომ ჩვენი რეპერტუარები მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავდა. როგორც ჩანს, შედეგმაც არ დააყოვნა.
- ამ სპექტაკლში არის ფრაზა: "თუ სახელმწიფომ გაგწირა და გიღალატა, დაიწყე თამაში და ყველას დაუმტკიცე, რომ ცოცხალი ხარ!" თქვენ საკუთარ თავზე გამოსცადეთ ეს ღალატი?
- ეს საკმაოდ ზოგადი თემაა. ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანი უნდა იყოს ოპოზიციაში ხელისუფლებასთან, რადგან ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, თუ ერთი ადამიანი იჩაგრება, თუკი ერთი თავისუფალი სიტყვა იხშობა, ეს აუცილებელიც კია. მე ვარ ხელისუფლების ოპოზიცია. ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო. ქვეყანაში შიმშილი მძვინვარებს. ეს, როგორც ჩემი ერისა და ხალხის, ასევე ჩემი ღალატიც არის, თითოეული ჩვენთაგანის. შეუძლებელია ერთი ადამიანის ყოფის კეთილდღეობით განვსაზღვროთ ქვეყნის კეთილდღეობა. მე მილიონიც რომ მქონდეს, ამით რა? პრეტენზია მაქვს არა ჩემს გამო, არამედ ჩემი ერის, ჩემი მაყურებლის გამო, რომელსაც უკიდურესად უჭირს, ვერ ღებულობს პენსიებს და ხელფასებს. ეს სატკივარი მტკივა. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამ თეატრის ხელმძღვანელი, მატერიალურად ნამდვილად არ მილხინს.
- რადგან ფინანსები ახსენეთ და ამ მხრივ, არც თქვენ გილხინთ, მაშინ ბუნებრივია, სპონსორის არსებობაც. თუ საიდუმლო არაა, ვინ არის ის?
- საწყის ეტაპზე გვიწევდნენ ფინანსურ მხარდაჭერას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, საკუთარი შრომით მიწევს არსებობა. არა გვაქვს დამატებითი ინვესტიციები. ვცხოვრობთ ძირითადად საკუთარი ბილეთების შემოსავლით. თუმცა ეს ძალიან მწირია. ჩვენი ყველაზე დიდი შენაძენი მაყურებელია. თითოეული წარმოდგენის დროს დარბაზი სავსეა. თეატრის მიზანიც ეს იყო, რაც წარმატებით განხორციელდა.
- ხელოვნების ნებისმიერ სფეროში საკმაოდ დამკვიდრდა ე. წ. რემიქსები. ამ მხრივ რამდენად თავისუფალია "თავისუფალი თეატრი"? ხომ არ გიცდიათ კლასიკური ნაწარმოების (რომელიც ადრე იდგმებოდა) გარემიქსება?
- არა. მთავარია ცოცხალი აზრი და სიტყვა, რომელიც მივა მაყურებლამდე. სპექტაკლს თანამედროვე სტილში გადაიყვან თუ უცვლელად დატოვებ, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თეატრში გადამწყვეტია შინაგანი სული, რომელიც არის სპექტაკლში. ამ სამყაროში გაცილებით მეტი ავანგარდი იყო, ვიდრე დღეს მუსიკალურ სამყაროშია. ჩვენ კონკრეტულად არ გვაქვს დაგეგმილი, რომ მაინცდამაინც კლასიკური ნაწარმოები გავარემიქსოთ, თუმცა თეატრი ამ ხერხსაც ხშირად მიმართავს. იგივე "კინომსახიობთა" თეატრში დადგმული "რომეო და ჯულიეტა", თქვენი ენით რომ ვთქვათ, რემიქსია.
- მინდა, დიდი ვაჟას სიტყვები გავიხსენო: "თეატრმა ადამიანს აგრესია კი არა, "ლამაზი სული" უნდა დაანახოს". გადაუჭარბებოლად ვიტყოდი, რომ თქვენ ეს საოცრად მოახერხეთ. საერთოდ რა მიზანს ემსახურება ამ დროს "სული", რომელიც ასე მოხდენილად წარმოაჩინეთ?
- ჩვენი თეატრის დევიზი სიმართლის სამსახურია, ამიტომ ჰგავს თითოეული წარმოდგენა მართალი სიტყვის ზეიმს. თუნდაც, სპექტაკლი "პროვოკაცია" არ შეიძლება მაყურებელმა აგრესიად აღიქვას. ეს დღესასწაული ხდება წარმოდგენის დასრულებამდე. მაყურებელი თავის განწყობილებას აღფრთოვანებით გამოხატავს. ის ჩვენთან ერთადაა აღტკინებული. ჩვენთან ერთად განიცდის, სტკივა, უხარია და ა. შ.
- და ბოლოს, ბატონო ავთანდილ, რამდენად ახერხებთ "თავისუფალი თეატრის" გაცნობას უცხოელი მაყურებლისათვის.
- ჩვენი სპექტაკლები ძალიან სპეციფიკურია და გამიზნულია მხოლოდ ქართველი მაყურებლისათვის. ჯერ არა გვაქვს სპექტაკლი, რომელიც იქნებოდა ზოგადსაკაცობრიო და გათვალისწინებული საფესტივალო მაყურებლისთვის. ამას თავისებური განსაზღვრა სჭირდება. ამიტომ ინგლისში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შეიძლება ტაში დაუკრან "კომედიანტებს", "ჯინსების თაობას", მაგრამ ჩვენი მთავარი სათქმელი, წუხილი ვერც კი გაიგონ. ჯერჯერობით არ უნდა ავჩქარდეთ. იმედია, სულ მცირე ხანში "თავისუფალი თეატრი" გასტროლებსაც გამართავს.















































































