უკვე რამდენიმე დღეა, რაც კულუარებში დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ედპ-ში სერიოზული განხეთქილებაა. ითქვა ისიც, რომ ირინა სარიშვილი და ჯონდი ბაღათურია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ რამდენიმე დღეა სისტემატურად ვცდილობდით ორივე მხარისგან მოგვესმინა კომენტარი, მაგრამ ქალბატონი ირინაც და ბატონი ჯონდიც ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდნენ. თუმცა დღეს ედპ-ის ცენტრმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: 2002 წლის 6 თებერვალს ედპ-ის ცენტრალურ ოფისში გაიმართა პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა. პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ დააყენა საკითხი პარტიაში განხეთქილების შეტანის მცდელობის გამო ჯონდი ბაღათურიას პარტიის რიგებიდან გარიცხვის თაობაზე. გაიმართა კენჭისყრა და მთავარმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ამ წინადადებას და მიიღო გადაწყვეტილება ჯონდი ბაღათურიას პარტიის რიგებიდან გარიცხვის შესახებ.
"ახალი თაობა" კომენტარისათვის ირინა სარიშვილს დაუკავშირდა.
- ქალბატონო ირინა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონდი ბაღათურია პარტიის რიგებიდან გაგირიცხავთ...
- ჯონდი ბაღათურია ედპ-ის რიგებიდან გაირიცხა.
- რა მოტივაციით?
- მოტივაცია არის ერთი, პარტიაში განხეთქილების შეტანის მცდელობა. დღეს სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯონდი ბაღათურიას ვთხოვეთ.
- ბატონო ჯონდი, რამდენიმე დღის წინ თქვენ უარყავით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედპ-ში სერიოზული განხეთქილება იყო, თუმცა დღეს ირინა სარიშვილმა განაცხადა, რომ თქვენ გარიცხული ხართ პარტიიდან, მოტივაციაა პარტიაში განხეთქილების შეტანის მცდელობა...
- პარტიაში განხეთქილება ნამდვილად არ ყოფილა, იყო და მუდამ იქნება აზრთა სხვადასხვაობა მთელ რიგ საკითხებში და მეორეც, ჩემი გარიცხვა ასეთი ადვილი არ არის; ერთი, რომ არ არსებობს ამის მოტივი და მეორეც, იურიდიულად ძალაც რომ ჰქონდეს ირინას ამის გაკეთების, იურიდიულადაც არავის აქვს ჩემი გარიცხვის უფლება, გარდა ყრილობისა, რადგან მე ვარ ყრილობაზე არჩეული.
- დღეს მთავარ კომიტეტს თქვენი გარიცხვის უფლება არ ჰქონდა?
- არც მთავარ კომიტეტს ჰქონდა უფლება ჩემი გარიცხვის, რადგან ვიმეორებ, მე ვარ ყრილობის მიერ არჩეული, მთავარი კომიტეტის წევრი თვითონ ვარ. დღეს ამ სხდომას არ ვესწრებოდი და ეს თქვენგან გავიგე.
- უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედპ ორ ბანაკად გაიყო. ერთი თქვენს მხარეს, ხოლო მეორე ნაწილი - ირინა სარიშვილის მხარეს...
- არავითარი ბანაკები! ედპ არის ერთი ბანაკი, ერთი გუნდი და ეს ხვალინდელ ყრილობაზე გამოჩნდება.
- ხვალ ედპ-ს ყრილობაა და ეს ყველაფერი რაიმე კავშირში იყო ამ ყრილობასთან?
- ერთს გეტყვით, ეს არის განწირული ნაბიჯი, განწირული სვლა, ვიღაცის მიერ გაკეთებული; გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე გამრიცხეს პარტიიდან და ყრილობის ის დელეგატები, რომლებიც გარკვეულ მოსაზრებას მხარ უჭერენ, ან არ ჩამოვიდნენ ყრილობაზე, ან დაშინდნენ.
- თქვენი მხრიდან იყო მცდელობა პარტიაში განხეთქილების შეტანისა?
- ეს ძალიან აბსურდული მოტივაციაა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ირინამ, თანაც, ეს პარტიისთვის ძალიან ცუდია. ვინ გაირიცხება და ვინ დარჩება, ამას ხვალ ყრილობა აჩვენებს.
- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალინდელ ყრილობაზე ირინა სარიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დარჩენის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დალგეს და ისიც ითქვა, შეიძლება საერთოდ ჩავარდეს მისი კანდიდატურაო...
- არის იმის შესაძლებლობა, რომ ირინას კანდიდატურა ჩავარდეს.
- გაჟღერდა ისიც, რომ ირინა სარიშვილი შეაშინა თქვენმა რეიტინგმა და წინასწარ მოგიშორათ, რადგან მსგავსი საფრთხე არ შექმნოდა...
- შეიძლება ეს იყო ჩანაფიქრი, მაგრამ ვერ მომიშორა, ან რა მჭირს მოსაშორებელი, მაგრამ მათი გადაწყვეტილება არ იმუშავებს, მე ვარ პარტიის არჩეული და არა მთავარი კომიტეტის მიერ მიღებული პარტიაში. პარტიამ უნდა გადაწყვიტოს ასეთი საკითხები. ხვალ პარტიის ყრილობაა.
- რა მოხდება მნიშვნელოვანი ამ ყრილობაზე?
- დღეს ჩვენ იურიდიულად ყველანი გადაყენებულად ვითვლებით, ხვალ იქნებიან არჩეული მთავარი კომიტეტის წევრები, პარტიას თავმჯდომარე აღარ ეყოლება, არჩეული იქნება ლიდერი. ლიდერის მხოლოდ ერთი კანდიდატურაა - ირინა სარიშვილის, იქ ალტერნატიული კანდიდატურის დაყენება არ ყოფილა.
- მაშინ რატომ უნდა შეგექმნათ საფრთხე ირინა სარიშვილისთვის?
- შესაძლოა ირინამ ჩათვალა, რომ მე მას მხარს არ დავუჭერდი.
- არ აპირებდით მხარის დაჭერას?
- ეს უკვე ჩემი საქმეა, დავუჭერდი თუ არ დავუჭერდი. ხვალ ნახავთ, დავუჭერ თუ არა. ირინამ მცდარი ნაბიჯი გადადგა. ერთი, რომ იურიდიული უფლება არ ჰქონდათ და რომც ჰქონოდათ, ამის ძალა მათ არ გააჩნიათ.
- ძალაში რას გულისხმობთ?
- ძალაში ვგულისხმობ იმას, რომ ესა თუ ის საკითხი წყდება ხმათა უმრავლესობით.
- გინდათ იმის თქმა, რომ ხმათა უმრავლესობა თქვენ გაქვთ?
- ხმათა უმრავლესობა ეროვნულ დემოკრატებს აქვთ.
- თქვენ ხომ არ მოიაზრებით პარტიის ერთ-ერთ ლიდერად?
- არა, არავითარ შემთხვევაში ვინმემ არ იფიქროს, რომ აქ რაიმე თანამდებობაზე მიდის ლაპარაკი, ეს გამორიცხულია. შემდგომშიც რომ შეიცვალოს სიტუაცია, მე შეგნებულად არასდროს ვიყრი ამ პოსტზე კენჭს, იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს, რომ აქ რაიმე თანამდებობის გამო არის ბრძოლა.
- გვაქვს ასეთი ინფორმაციაც, რომ განხეთქილება თქვენსა და ირინა სარიშვილს შორის ზვიადისტების გამო მოხდა...
- რა არის, იცით, ზვიადისტებთან დამოკიდებულებაში განსხვავებული აზრები ჩვენს შორის არსებობდა, მაგრამ ეს საკითხი რამდენიმე თვის წინ დადგა და ეს ოფიციალური მოტივაცია ვერ იქნება, რადგან ირინა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამას დაეთანხმა. აქ ზვიადისტებთან გაერთიანებაზე და ერთი პარტიის შექმნაზე არ იყო საუბარი, აქ ლაპარაკი იყო ქართული საზოგადოების გაერთიანებაზე და ქართული ძალების შერიგებაზე. როგორ შეიძლება, ამის წინააღმდეგი ვინმე წავიდეს.
- ბატონო ჯონდი, იქნებ გაგვიმხილოთ ის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც პარტიიდან გაგრიცხეს?
- არ მინდა ვთქვა ნამდვილი მიზეზი, უბრალოდ, სირცხვილია ამის თქმა. გულწრფელად გეუბნებით, მეგობრებთანაც კი მრცხვენია ამაზე ლაპარაკი. მე ამას არ ვიტყვი, რადგან სირცხვილია ასეთი არასერიოზული აზროვნება.
- დაბოლოს, გააკეთეთ მოკლე პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს ხვალინდელ ყრილობაზე?
- ხვალინდელ ყრილობაზე არჩეული იქნება მთავარი კომიტეტი, არჩეული იქნება პარტიის ლიდერი, აირჩევა პრეზიდიუმი.
- ეს ზოგადი პროგნოზია, მე უფრო კონკრეტულ პასუხს ველი...
- უფრო კონკრეტულად, მთავარი კომიტეტის წევრობის სხვადასხვა კანდიდატები არსებობენ, ზოგიერთი გავა, ზოგიერთი ვერა.
- თქვენ დარჩებით პარტიაში?
- პარტიაშიც დავრჩები, მთავარ კომიტეტშიც და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიქნები მუდამ; მე დღესაც ვარ ხელმძღვანელი. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ყრილობის დელეგატების ის უმეტესი ნაწილი, რომელიც გარკვეულ მოსაზრებებს პარტიის კურსის შესახებ უჭერს მხარს, არ ჩამოვიდა, შეშინდა. ეს არის, სხვა არაფერი.















































































