მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2002-06-15
გია ბუღაძე:ინგოროყვას ქ. 14
რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო ძვირფასი ხდება ჩემი ძველი ქალაქი, ჩემი ძველი ქუჩა, ჩემი ძველი სახლი. საკუთარი და შეჩვეული რამ დროთა განმავლობაში ან თავს გაბეზრებს, ან საერთოდ უსაშველოდ გაყვარებს თავს. ისიც ფაქტია, რომ რასაც ჰკარგავ, ან რაც ხელიდან გეცლება, უფრო მეტად ხვდები მის ფასს. ახალგაზრდა იოლად ელევა წარსულს, რადგანაც შეიძლება ნაკლებად გრძნობდეს წარსულის მნიშვნელობის ძალას, მაგრამ დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანი ხდება წარსულის "ლანდებთან" შეხება. დაახლოებით ასე დამემართა მეც. წლები გადის და გული მწყდება - როგორ ვკარგავთ ჩემს ძვირფას სახლს, შენობას, ტრადიციას, როგორ ვკარგავთ თბილისის არქიტექტურის ისტორიისა და ჩვენი კულტურის ისტორიის ცოცხალ ძეგლს. პავლე ინგოროყვას ქუჩის ისტორია საინტერესო და მრავალფეროვანია. რამდენადაც ვიცი, თავდაპირველად მას ლაბორატორიის ქუჩა ერქვა. თვით ქუჩაზე კი განლაგებული იყო მხოლოდ რამდენიმე შენობა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყოფილი მეცნიერებათა აკადემიის და ახლა კი "ქართუ ბანკის" შენობის ადგილზე იქნებოდა რაღაც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების, სამედიცინო-ფარმაცევტული კაბინეტ-ლაბორატორია. შემდგომ წლებში ამ ქუჩას პეტრე დიდის - ე.ი. რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ის სახელი ეწოდა. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ჩვენი სახლიც, რომელიც კარგად ჩანს ძველ ფოტოზე. წინა პლანზე სობორის სამხედრო ტაძარია აღბეჭდილი. ამ ფოტოზე ჩემი სახლი თითქმის ერთადერთია, რომელიც ფონად ჩანს. ეს შენობა თბილისში მცხოვრებმა არქიტექტორებმა შექმნეს; მისი ქტიტორები, დამფინანსებლები და ამშენებლები სწორედ ზუბალაშვილები გახდნენ. თვით შენობა, რომელიც აგერ თითქმის საუკუნენახევრის ქმნილებაა, არქიტექტურული თვალსაზრისით მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს თბილისური არქიტექტურული ეკლექტიზმისა. მასში არის ელემენტები, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, იმიტირებები კლასიციზმისა, არტ-ნუვო-მოდერნისა და თვით ორიენტალისტური სამყაროსიც კი. თუმცა კი არტ-ნუვოს ან იგივე იუგენდ-შტილს ელემენტთა ნაკლებობა, თვით შენობის დეკორირებისას იმასაც მიუთითებს, რომ იგი დაპროექტდა იუგენდ-შტილის საერთაშორისო, საყოველთაო სტილად ჩამოყალიბებამდე, თუმცა ხაზი იმას უნდა გაესვას, რომ თვით ეზოს ტერასულ წყობაში, ერთგვარად მის ხაზობრივ რიტმში "იუგენდის" სუნთქვაც ნაწილობრივ იგრძნობა. ფაქტობრივად, ჩვენს სახლში არ არის გამოკვეთილი "იუგენდური" - "მათრახის მოქნევის" მცენარეულ-იზომორფული თითქმის არც ერთი ელემენტი, თუმცა კი არის კლასიცისტური ევოლუციის ან იგივე მეცნიერული, "ვარდის" დეკორირებული რელიეფები. ფასადი მონუმენტური და საზეიმოა, ცრუ კოლონები საკმაოდ კარგად ნაძერწი ოთხი "ატლანტის" მხრებს ეყრდნობა და ისინი შენობის ფასადის გვერდითა ფლიგელებშია სიმეტრიულად განლაგებული, თვით ცენტრალური თაღი და მთავარი შესასვლელი მკვეთრად აღმოსავლური ხასიათის ხისჩარჩოიანი ვიტრაჟითა და ხის დეკორითაა მორთული, რომლის მსგავსი თბილისში სხვაგან არ მეგულება. ეზო სამ ტერასადაა დაყოფილი. ულამაზესადაა განაწილებული კიბეთა სიმეტრიულ-რკალური წყობა, გათვლილია ყოველი მოძრაობა და ბრუნი თუ რკალი. საფეხურები მარაოსავით შემორტყმიან თაღით დამშვენებული მეორე ტერასის დამამშვენებელ ფრონტალურ, ნახევრად რკალურ კედელს. ასევე მარაოსებრი განშლით იხსნება ქვედა ტერასისკენ დიდი ეზოს კიბე. ულამაზესად იყო ჩამწკრივებული აივანთა კოლონები და მათი რიგი. მთავარი და ძირითადი აქცენტი გახლდათ სწორედ მეორე საპარადო, დიდებული სართულის ფასადზე გამავალი ფანჯრები და ძირითადი, მშვენიერი თუჯის აივანი. ამ აივანს ამშვენებდა კარიატი და ბიუსტები, რომელიც ფაქიზი ორნამენტირებით ორგანულად ერწყმოდა საერთო მხატვრულ ანსამბლს. ეზოს ამშვენებდა თაღები, მცირე ზომის აუზი მარტივი კლასიცისტურ-მოდერნისტული გეგმარებით და ხის დეკორატიული კარები. სადარბაზო მორთული იყო დეკორთან ერთად სარკეებით და ვიტრაჟებით. თვით მთავარ, მეორე სართულზე, სადაც ჭერის სიმაღლე 5 მეტრზე მეტია, ახლაცაა შემორჩენილი ულამაზესი თეთრი მარმარილოს და მეტალის ბუხრები და ა.შ. ნამდვილად დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ჩემს სახლზე, მის სილამაზესა და მხატვრულ დახვეწილობაზე. და მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს მის მიმართ. კომუნისტების პერიოდში ჩვენს ქუჩას ფელიქს ძერჟინსკის სახელი ეწოდა და ჩემი სახლი ძერჟინსკის 14 სახლი გახდა. ბერიას დროს, ე.წ. "ცეკას ბაღის" სიღრმეში და განაპირას, ჯერ გვიანი კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი საუკეთესო თბილისური ქმნილება - ყოფილი "ცეკა" - დღევანდელი უშიშროების სამინისტრო აშენდა, შემდგომ კი, ახალი კომუნისტების დროს, ქუჩის ინტიმი სრულიად მოსპო "ახალი ცეკას" დღევანდელი "კანცელარიის" შენობამ. ასე რომ, დღესაც ნელ-ნელა ვეგუები, რომ ვცხოვრობ პავლე ინგოროყვას 14-ში და არა ძერჟინსკის 14-ში. ალბათ მალე შევეჩვევი. ახლა ორიოდ სიტყვა იმაზე, თუ ვინ ცხოვრობდა პეტრე დიდის - ძერჟინსკის 14-ის და ინგოროყვას 14-ის - კედლებსა და ბინებში. მახსოვს, ამ 3-4 წლის წინ ერთ-ერთ ვიცე-მერს ვუთხარი, სახლი მძიმე მდგომარეობაშია-მეთქი. ხუმრობით მიპასუხა, - "მემორიალურ დაფებს ხომ ვაკეთებთ!" მას შემდეგ საკითხი არც გადაჭრილა და ადგილიდან არც დაძრულა. ჩვენს სახლში - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდამდე და მის დროსაც, ცხოვრობდნენ ოლივერ და მარჯორი უორდროპები. აქვე იყო ბრიტანეთის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა და საკონსულო ამიერკავკასიაში 1921 წლამდე. ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში ამ სახლში ფუნქციონირებდა გერმანიის საკონსულო, თითქმის 1922 წლამდე. ჩვენს შენობაში ცხოვრობდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი-მესხიშვილი. აქვე დაიბადა მისი სახელოვანი ვაჟი, არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი. ჩვენს სახლში ცხოვრობდა ათწლეულების განმავლობაში, დიდი ქართველი სცენოგრაფი სოლიკო ვირსალაძე. ჩვენს სახლში ცხოვრობდა ირაკლი გამრეკელი. აქ ახლაც არის მისი მემორიალური მუზეუმი. ბატონი ირაკლი იყო ყველაზე სერიოზული, მე ვიტყოდი, პირველი კუბისტ-ფუტურისტი ქართული მხატვრობისა. იგი გახლდათ უდიდესი მასშტაბის სცენოგრაფი, რომელიც ქმნიდა ახალი ქართული თეატრის სამხატვრო სახეს. იგი მარჯანიშვილთან და ახმეტელთან მუშაობდა. დღესაც აქ ინახება მისი გენიალური ესკიზები და დეკორაციის მაკეტები. ამ რამდენიმე წლის წინ ეს მუზეუმი გაქურდეს. წაიღეს ფიროსმანის ორი შედევრი, ესპანური და ვენეციური მხატვრობის შესანიშნავი ქმნილებები, რომელთაც ორგანული კავშირი ჰქონდათ მურილიოსა და ტინტორეტო-შარანოს სკოლებთან. გუდიაშვილის, ალბათ გენიალური, პარიზული პერიოდის კომპოზიცია, ბაჟბეუქ-მელიქოვის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის ქმნილებები და ა.შ. მემორიალურ მუზეუმში ინახება უამრავი დოკუმენტი, ფოტო, ჩანაწერი, ჩანახატი თუ სამახსოვრო ნივთი, რომელთაც ისტორიული მოვლენების დამღა ეტყობა. ამ ნივთებს რუდუნებით უვლიდნენ თითქმის 70 წლის განმავლობაში ბატონი ირაკლის აწ გარდაცვლილი მეუღლე, ელენე ვაჩნაძე და მისი ძმა, ცნობილი ფსიქოლოგი ერასტ ვაჩნაძე. სხვათაშორის, მისი აღზრდილი გახლავთ მრავალი მოაზროვნე ქართველი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე. წარმოუდგენელი სიხარული იყო ჩემთვის ბავშვობისას ამ ჯადოსნურ გარემოში მოხვედრა, ხის დეკორატიულ მამალზე ჩამოჯდომა და ამ საოცარი ნივთების თვალიერება. ახლაც სასიამოვნო სითბოთი მავსებს იმ შორეული დღეების გახსენება, როდესაც ცოცხლები იყვნენ ნატა ბებო, დედა და მამა, ჩვენი საყვარელი მეზობლები, ძვირფასი ადამიანები... ჩვენს სახლში ცხოვრობდა ბატონი პავლე ინგოროყვა - ვის სახელსაც ახლა ჩვენი ქუჩა ატარებს. აქ, მეორე სართულზე, მარჯვენა ფლიგელში, ცხოვრობდა ბატონი პავლე, თავის მეუღლესთან, ქალბატონ ქეთევანთან ერთად. აქ, ჩვენს სახლში, შეიქმნა მისი უნიკალური ქმნილებები, აქ შექმნა ბატონმა პავლემ გრანდიოზული ისტორიულ-ფილოლოგიური ეპოპეა "გიორგი მერჩულე". აქ, ჩვენს სახლში იკვლევდა ბატონი პავლე "ვეფხისტყაოსნის" იდუმალებით მოცულ სიღრმეებს - აქ ფიქრობდა და ქმედებდა მისი გენია და ამ ფაქტის დავიწყება არ შეიძლება. ჩვენს სახლში დაიბადა და აღიზარდა პოპულარული რუსი კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი. დეიდაჩემი, ქეთინო ჭანტურია, რომელიც დღესდღეობით უფროსი თაობის ერთადერთი წარმომადგენელია ჩვენი სახლის ბინადართაგან, და მიშა ტარივერდიევი - მეტსახელად "მაკარონას" რომ უძახდნენ, ერთად გაიზარდნენ ამ უცნაურ ეზოში. აქ ცხოვრობდნენ ალშიბაიები და იმათთან მოდიოდა სტუმრად კონსტანტინე გამსახურდია. ისიც კი მახსოვს, ქალბატონი ალშიბაია იხსენებდა, რომ "მთვარის მოტაცების" არცთუ ისე პოზიტიური პერსონა ალშიბაია პროტოტიპად მის მეუღლეს, რეპრესირებულ იურისტს, ეპიფანე ალშიბაიას გულისხმობდა. ჩვენს სახლში ცხოვრობდა ცაბაძეების ოჯახი, რომლებთანაც ხშირად სტუმრობდა ჩვენი ძვირფასი კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე. აქ ცხოვრობდა გენერალი გიორგი ყურაშვილი და მისი ოჯახი. ჩვენს სახლში ცხოვრობდნენ სხვადასხვა პროფესიისა და დიდი ღირსების ადამიანები. ჩვენს სახლში ცხოვრობდნენ ერთგვარად დროის ტალღაზე ამოტივტივებული მედროვენი თუ კარიერისტებიც. ჩვენს სახლში ცხოვრობდნენ "კგბ"-ს ინფორმატორებიც და ა.შ. ჩვენს სახლში ცხოვრობდა ბაბუაჩემიც, გიორგი ჭანტურია, რომელიც თბილისის ტელეფონების ქსელის ერთ-ერთი პირველი მთავარი ინჟინერი გახლდათ. იგი სულ ახალგაზრდა, 38 წლისა გარდაიცვალა - 37-იანი წლების დასმენების შედეგად ინფარქტი დაემართა. ჩვენს სახლში გადაღებულია რამდენიმე მხატვრული ფილმი. თუნდაც "ლაზარეს" ის კადრი რად ღირს, როდესაც კიბეზე ჩამომჯდარი პატარა გეგა კობახიძე, მსახიობ ვასილ ჩხაიძის პერსონაჟს ხვდება. ჩვენთანვე გადაიღო რამდენიმე ლამაზი კადრი გიორგი შენგელაიამ თავისი "ვერის უბნის მელოდიებისათვის". გადაღებას ფანჯრიდან ვადევნებდი თვალყურს და შემდგომ ზეთის საღებავით იქვე, "მალულად", ეტიუდიც კი გავაკეთე ამ გადაღების პროცესისა. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ჩვენს სახლში იყო ერთი შესანიშნავი წესი. როგორც ზემოთ ვამბობდი, ეზო ტერასული გახლდათ და ქუჩის მხარე ორმაგი დეკორირებული კარით იკეტებოდა. ეზოში დეკორატიული მცენარეები და ეგზოტიკური ფრინველები "ნებივრობდნენ". ყოველ დღეს ოჯახების ერთ-ერთი უფროსი რიგრიგობით უვლიდა ეზოსა და ფრინველებს - ვთქვათ, ორშაბათს მორიგეობდა ირაკლი გამრეკელი, სამშაბათს - შალვა ალშიბაია, ოთხშაბათს - გიორგი ჭანტურია, ხუთშაბათს - ერასტ ვაჩნაძე, პარასკევს - პავლე ინგოროყვა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ურთიერთთანადგომა, წარსულისა და სილამაზის მოვლა-მოფრთხილების სურვილი და ალბათ უნარიც, თითქმის უკვალოდ გაქრა. მე 8 წლისა ვიყავი, როდესაც მე-2-დან მე-3 ტერასაზე ამავალი სიმეტრიის შემქმნელი ულამაზესი ქვის კიბე მოშალეს, მოანგრიეს, დაარღვიეს, რადგანაც თურმე იგი ადამიანებს უსახური შუშაბანდების მიშენებაში უშლიდა ხელს. ამის შემდეგ ეზოს თითქოს ფრთა მოტეხეს, დაასახიჩრეს. ამოიძირკვა და მოითხარა ეგზოტიკური მცენარეები, ეზოს შიდა ნაწილში 40-იან წლებში დააშენეს მე-3 სართული და ამით მთლიანობაც დაარღვიეს. მაგრამ მაინც - ეზოს შერჩა უცნობი, მომხიბვლელი სიმშვიდე, თითქოს მიკროკლიმატი. ზაფხულის ხვატის დროს შიგნით, ეზოში რომ შემოხვალ, უცნაურ სიმშვიდეს იგრძნობ, აქ მანქანები ვერ შემოდის, ეზო ქალაქის ცენტრში უცნაური სიმშვიდის ოაზისს ქმნის. აქ ბავშვები მშვიდად შეგიძლია გაუშვა სათამაშოდ. სწორედ, ამ ეზოში გავიზარდე მეც. აქ, ამ სახლში და ეზოში გაიზარდნენ ჩემი შვილები - ლაშა და ნინო. სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ამ სახლში დაბრუნება მინდა, რადგანაც აქ უცნაური მიმზიდველობა და სურნელი, თუნდაც სიძველის, ნესტის სურნელი ტრიალებს. ძალიან მიყვარდა ჩვენს სახლში მცხოვრები ქალბატონი ნელი შერვაშიძე. არაჩვეულებრივი ქართველი არისტოკრატი, ჩემი მეორე დედა. ასეთი მხარდამჭერი და უფროსი გულშემატკივარი მე არ მყოლია, და სხვათა შორის მარტო მე კი არა, ყველას, ვინც ჩვენს ეზოში რაღაც იდეალებს ეპოტინებოდა. ამიტომაც აღზარდა ქალბატონმა ნელიმ შესანიშნავი შვილები - ჩემი მეგობარია ფიზიკოსი მურმან მარგველაშვილი. აქ, ჩემს სახლში ვცხოვრობთ დღესაც და სამწუხაროდ იგი თავზე გვენგრევა, მიწისძვრის შემდეგ ბზარები უფრო გაიხსნა, ახალი ბზარები შემზარავ მუქარას ასხივებს, ეზოს თაღოვანი ტერასა მთლიანად ჩამოინგრა. კომუნიკაციები დასკდა, მზიდი კედლები გადაბმებზე გაიხსნა და ჩვენ ვკარგავთ შენობას, სიცოცხლეს, ისტორიას, მახსოვრობას, კულტურას. მგონია, ამის დაშვება არ შეიძლება. თუმცა კი, არაფერი გამიკვირდება ამ უპასუხისმგებლობის, განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის, უკულტურობის პერიოდში. კულტურა, პირველ რიგში, სტაბილურ, გეგმაზომიერ, სისტემატიზებულ ზრუნვას ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობისა და გამოცდილების მიმართ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ალბათ ვერც ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ეს ყოველივე დიდ ძალისხმევას, რუდუნებას, პროფესიონალიზმს და პრინციპულობას მოითხოვს. დროებითი შთაბეჭდილების მოხდენა მხოლოდ გაელვებაა, სტაბილური ქმედება კი გეგმაზომიერ, სისტემატიზებულ და მეთოდოლოგიურად დამუშავებულ პრინციპულობას ნიშნავს. არტისტიზმი ბევრი გვაქვს - უბრალოდ, კულტურა გვაკლია. დრო კი არ ითმენს. ჩვენ ქალაქს ვკარგავთ, ჩვენს ქუჩებს ვკარგავთ, ჩვენს შენობებს ვკარგავთ და საერთოდ, ჩვენს ისტორიას და კულტურასაც ვკარგავთ. <


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი