ზუგდიდში ჩამოვიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ პოლიტიკური მოძრაობა ,,ეროვნულ ფორუმის" წევრები და თავმჯდომარე კახაბერ შარტავა. პოლიტიკური მოძრაობა 2007 წლის 15 თებერვალს ჩამოყალიბდა და მასში, ათობით ადამიანია გაერთიანებული. მოძრაობა დაარსების პირველი დღიდან რადიკალური, შეურიგებელი ოპოზიციაა.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სამეგრელოში არსებულ პრობლემებზე აგრეთვე ისაუბრეს სააკაშვილის ხელისუფლების უარყოფით მხარეებზე და ,,ნატოში" გაწევრიანების საკითხზე.
,,ღია ბოქლომმა" ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერაზე დაითანხმა კახაბერ შარტავა "ეროვნული ფორუმის" წევრი გუბაზ სანიკიძე. ახლა კი ყოველგვარი შელამაზების გარეშე გთავაზობთ ამ სკანდალურ ინტერვიუებს:
გუბაზ სანიკიძე: ზუგდიდელებთან შეხვედრა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვსურს მოქალაქეებს ჩვენი აზრი მივაწოდოთ და მათ მოსაზრებას გავეცნოთ, მიმდინარე პროცესებზე. კმაყოფილი ვართ, რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა ყოველ შემთხვევაში ერთი აზრი გვაქვს, რომ დღევანდელი სიტუაცია რაც ქვეყანაში სუფევს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს დამღუპველია საზოგადოებისათვის.
-იქნებ დაგვიკონკრეტოთ რა ვითარებაა დღეს საქართველოში?
საქართველოს მოქალაქეებს არ გვეკუთვნის ჩვენი ქვეყანა, ამ ფაქტს ყოველდღიურად ამტკიცებს ჩვენი ხელისუფლება. გუშინწინ ტყე გაყიდეს, მერე სასმელ წყალსაც გაყიდიან და ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს ვიწონებთ სამიათასწლოვანი ისტორიით აღმოვაჩენთ, რომ საქართველო აღარ გვეკუთვნის. ამიტომ დღეს არსებული ვითარება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
ამ ქვეყნის ყველა პრობლემა თავს იყრის ერთ პრობლემაში ეს კი საქართველოს ხელისუფლებაა. საქართველოს არ აქვს შანსი მოაგვაროს დაბრკოლებები, სანამ სათავეშია ეს ხელისუფლება. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა გავისტუმროთ ეს მთავრობა.
-როგორც ვიცი, ზუგდიდელებთან შეხვედრისას, ჯორჯ სოროსზეც გქონდათ საუბარი...
-ჩვენ ჯორჯ სოროსთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ის არც ქართველია და არც ჩვენიანი ამიტომ ვერ დავაბრალებთ, რომ მოღალატეა. პრეტენზია გვაქვს სოროსელებთან" ისინი არიან ნამდვილი მოღალატეები, ,,სოროსელებითაა" დღევანდელი ხელისუფლება დაკომპლექტებული. თავისუფლების ინსტიტუტიც მათ მხარესაა. მთავარი სოროსელები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, და ლევან რამიშვილი. ეს ხალხი ჩემი ღრმა რწმენით ხელისუფლებიდან უახლოეს მომავალში უნდა წავიდეს, თუ ასე გააგრძელებენ, მათ გაქცევა საქართველოდანაც მოუწევთ.
ეს მთავრობა ქართველების ეროვნულობის ჩახშობას ცდილობს ყველანაირი გზით. ხაზი გადაუსვეს ჩვენს ისტორიას. როგორც ირკვევა საქართველოს ისტორია იწყება 2003 წლის 23 ნოემბრიდან. დღეს ილია ჭავჭავაძე და კონსტანტინე გამსახურდია ცოცხლები, რომ ყოფილიყვნენ ქვეყანაში ვერ გაჩერდებოდნენ, მათ მთავრობა ერის მორალატეებად მოიხსენიებდა.
ანადგურებენ ქართულ მეცნიერებას და ცნობირეებას. რა არის ეროვნული სახელმწიფო? - ეროვნული სახელმწიფო მშობლიური გარემოა. დღეს კი ჩვენი ქვეყანა ეროვნული არ არის და ვგრძნობთ, რომ ქვეყანა ჩვენ აღარ გვეკუთვნის, ქვეყანა ეკუთვნის 20 კაცისაგან დაკომპლექტებულ ხელისუფლებას. იმ ხალხს ვინც უმრავლესობაშია, არავინ არაფერს არ ეკითხება ისინიც ჩვენნაირი ხალხია, ოღონდ უნებისყოფოები და უღირსები არიან, ამიტომ ყველაფერზე ხელს აწერენ, თავიანთი თბილი სავარძლები რომ შეინარჩუნონ. ადვილად ვერავინ გამოძვრება სიტუაციიდან. ყველას მოეკითხება პასუხი ჩადენილი ქმედებებისათვის.
საქართველო უნდა გაიყოს ორ ნაწილად, ერთ მხარეს ხუთი მილიონი ქართველი და მეორე მხარეს ოცი ნაქართველარი, ანუ ხელისუფლება.
-ქვეყნის გადარჩენაში ხალხმა რა როლი უნდა ითამაშოს?
-გადამწყვეტი. ყველაფრის სათავეა ხალხი და მისი ნება. მე მიხარია, რომ სამეგრელოს მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ამ ხელისუფლებისაგან კარგი არაფერი გამოვა, ეს უკვე წარმატებაა. გამოსავალი დღეიდან ერთად უნდა ვეძებოთ, გამოსავალი კი ერთადერთია: არჩევნებში ეს მთავრობა აღარ უნდა ავირჩიოთ.
-თანასწორობის ინსტიტიტის მუშ- აობაზე რას იტყვით?
-თანასწორობის ინსტიტიტში არიან ძალიან ღირსეულნი ადამიანები, რომლებსაც მე დიდ პატივს ვცემ. ისინი არიან მაღალი სამოქალაქო შეგნების პიროვნებები, რომლებსაც სხვისი პრობლემისათვის თავი აქვთ გადადებული. მიხარია, რომ ამ ადამიანებს ვიცნობ, მათ არავითარი საერთო არა აქვთ თავისუფლების ინსტიტუტთან.
-ქვეყანაში ძალზედ მძიმე მდგომარეობაა, გაღარიბებულ ნაშიმშილევ ხალხს ყოველდღე უმძიმებენ ყოფას, ართმევენ საცხოვრებელ ფართს, ლტოლვილებს ასახლებენ, დედაქალაქში კომერციულ დაწესებულებებს ანგრევენ, ამ საკითხზე რას იტყვით?
-ეს უმსგავსობა უნდა დამთავრდეს მე მინდა შევაგულიანო ზუგდიდელები და ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან მათ გვერდში ჩვენ ვუდგავართ. მთელი საქართველო ამ დღეშია ერთად უნდა დავდგეთ და ეს ჭირი (ხელისუფლება) უნდა მოვიშოროთ. მთავრობა არის ბოლო საყმაწვილი სახადი, რომელსაც ერთი თვისება აქვს: თუ ერთხელ მოიშორებ აღარ დაგემართება. სააკაშვილთან არ შეიძლება დიალოგი. პრეზიდენტი და მისი ხალხი არიან საქართველოს მტრები.
კახაბერ შარტავა: ამ ხელისუფლებას ვერავინ ვერ შეებრძოლება თუ მოსახლეობაში არ გაჩნდა ამის სურვილი. ხალხმა აუცილებლად უნდა მიმართოს პროტესტს და გადააგდოს ეს მთავრობა, მასთან დაახლოებულ ჯგუფებთან ერთად. მართალი გითხრა მე ხელისუფლებაზე ფიქრს თავი დავანებე. სანამ ისინი ქვეყნის სადავეებს დაიპყრობდნენ, ჩემი მეგობრები იყვნენ და გარკვეული ნიშანთვისებებით მივხდი, რომ არ გამართლდება მათი პოლიტიკა, ეს მათ პირში ვუთხარი, მაგრამ... ახლა მე უფრო მეტად მაინტრესებს საზოგადოება და ვცდილობ მათ რაიმეში გამოვადგე.
-ვინც მართალ სიტყვას ამბობს მას დღეს განსაკუთრებულად ებრძვიან, თქვენს პარტიას ამ მხრივ საქმე როგორ აქვს?
-სურდათ პარტიის ჩანასახშივე მოგუდვა, მაგრამ არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ, ჩვენ აგრეთვე მხარში ამოვუდგებით ზუგდიდის მედიის საშუალებებს, უფრო კონკტერულად თქვენს გაზეთს. ვიცი დიდ დაბრკოლებებს აწყდებით თქვენი მოსაზრების ღიად გამოთქმისათვის. თქვენ გაქვთ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, როცა გაგიჭირდება დაგვიკავშირდით და ჩვენი მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს თქვენს მხარდასაჭერად.
სიმართლის კუნძულები ახლა თუ არ იქნა დაცული უსამართლობის ოკეანე შთანთქავს.















































































