თბილისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის გაიმართა მოლაპარაკება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. პრემიერს იმედი ჰქონდა მიეღო სახელმწიფოს მეთაურისგან იმის გარანტიები, რომ მისი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარტის ბოლოს მისცემს ხმას საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა თავისი თანხმობის პირობად დააყენა მისი გუნდის ყველა წევრის სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა. შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს კომპრომისს. ამ სიტუაციაში ოპოზიციას ეშინია რეპრესიებისა ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც არ ჰყოფნის რამდენიმე ხმა იმ კონსტიტუციურ უმრავლესობამდე, რაც საჭიროა რეფორმის მიღებისთვის.
პრეზიდენტი და პრემიერი დიდხანს ვერ თანხმდებოდნენ გადამწყვეტი მოლაპარაკების ადგილის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს არ სურდა, მისულიყო პრემიერის რეზიდენციაში, ბიძინა ივანიშვილმა კი უარი განაცხადა მისულიყო პრეზიდენტის სასახლეში ავლაბარში. მანამდე ისინი მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: არჩევნების შემდეგ შარშან 1 ოქტომბერს, და საზეიმო მიღებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ილია ||-ის იუბილესთან დაკავშირებით იანვარში.
შედეგად პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ მათი მესამე შეხვედრა გაიმართება მთავრობის შენობაში მხოლოდ იმ კაბინეტში, რომელიც პრეზიდენტს ეკავა ავლაბარში თავისი სასახლის მშენებლობის დამთავრებამდე. 2008 წლის გაზაფხულიდან ეს კაბინეტი დაკეტილი იყო.
ჟურნალისტებს ნება მისცეს დაეფიქსირებინათ ორი ლიდერის ცივი ხელის ჩამორთმევა, რის შემდეგაც საუბარი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა. პრემიერი მოითხოვდა ძირითად კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტს ჩამოერთმევა შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს მთავრობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე. მოქმედი ნორმის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია გადააყენოს კაბინეტი და დაითხოვოს პარლამენტი, რიგგარეშე არჩევნებამდე ჩამოაყალიბოს თავისი მთავრობა საკანონმდებლო ორგანოსთან შეუთანხმებლად.
მმართველ კოალიციას "ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოიყენებს ამ უფლებას აპრილში, როდესაც გადის ნახევარი წელი პარლამენტის არჩევნებიდან. საფრთხეს აღვივებს საპრეზიდენტო პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება - თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე, სადაც იმართებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, 19 აპრილს გამართოს საერთოეროვნული მიტინგი.
ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილმა ულტიმატური ფორმით გააფრთხილა პრეზიდენტი: კენჭისყრა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გაიმართება მარტის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში. "ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა - სადეპუტატო ხმების ორი მესამედი, ესე იგი, 100 ხმა 150-დან", - განაცხადა მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
ოპოზიციას ეშინია, რომ ხმებს, რომელიც არ არის საკმარისი საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, ხელისუფლება მოაგროვებს რეპრესიებისა და დაშინების გზით დეპუტატებისა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". "პროკურატურა იყენებს ხელების გადაგრეხის მეთოდს, არ ერიდება დაკითხვაზე პარლამენტის წევრების გამოძახებასაც კი. ასეთი გაუგონარი მეთოდებით ცდილობენ, ისინი შეაგროვონ ხმების აუცილებელი ოდენობა", - განაცხადა დეპუტატმა საპრეზიდენტო პარტიიდან დავით დარჩიაშვილმა.
პრემიერთან საუბრის დამთავრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ შეხვედრა იყო რთული, თუმცა, საინტერესო. "ივანიშვილთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა ჩვენს მიდგომებში ფუნდამენტური სხვაობის გათვალისწინებით", - შენიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც თავი აარიდა მოლაპარაკების შედეგების შეფასებას. მან დაადასტურა, რომ არ აქვს განზრახული დაითხოვოს მთავრობა ან პარლამენტი. "მე ვუთხარი ივანიშვილს, რომ ამ თვალსაზრისით მას არაფერი ემუქრება", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. პრემიერმა თავი შეიკავა კომენტარებისგან.
ერთ-ერთი გაზეთის მონაცემებით, მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, ვინაიდან საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა თავისი გუნდის ყველა წევრის სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა. თუმცა, მმართველ კოალიციას არ შეუძლია ამას დაეთანხმოს. "ჩვენ მივდიოდით არჩევნებზე სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით, სამართალდაცვისა და დამნაშავეთა დასჯის გარეშე კი სამართლიანობა არ არსებობს", - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.
სხვათა შორის, მხარეებმა მოილაპარაკეს გააგრძელონ კონსულტაციები მარტის ბოლომდე, როდესაც პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით.
www.bbcrussian.com
















































































მთავარი
კონტაქტი




2010