მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
პრეზიდენტი გაგვებუტა! რა უჯდება ქვეყანას სააკაშვილის ხუშტურები ?

ამერიკელებს უფლება აქვთ, სულელები იყვნენ - ასეთი განცხადება გააკეთა ამას წინათ ბერლინში ვიზიტად მყოფმა ამერიკის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. მაღალინტელექტუალურ ევროპაში აშშ-ის პირველი დიპლომატის პირისგან ამის თქმა შეიძლება ბევრს ეუცნაუროს კიდეც, მაგრამ თავად კერი ამის მიზეზად საკუთარი ქვეყნის ადამიანთა სუვერენული თავისუფლება დაასახელა. "ამერიკაში თქვენ გაქვთ უფლება, - უთხრა მან გერმანელ სტუდენტებს, - განერიდოთ ვისაც გინდათ, თუკი ამის სურვილი გექნებათ. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ სულელი, თუკი ეს გინდათ".
ვერ გეტყვით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ეს ულტრაორიგინალური აზრი საქართველოში როგორ შეაფასეს, მაგრამ მე პირადად ამ გამონათქვამიდან, არ დაგიმალავთ და, რაღაც-რაღაცები ერთგვარად მენიშნა კიდეც. მენიშნა კი არა, გუმანი მაშინვე მიხეილ სააკაშვილის არაორდინალური ქმედებებისა და უსაქციელო საქციელისკენ გამექცა, რასაც ხშირად ჩვენში სისულელედაც კი აღიქვამენ. ჰოდა, სრულიად ბუნებრივად გავიფიქრე, თუკი ამერიკელებს აქვთ უფლება, სულელები იყვნენ, ჩვენთვის ქარიზმა და ჩაუქა პრეზიდენტს, რომელმაც თავისივე თქმით, სწავლა-განათლება ამერიკაში მიიღო, სისულელეების ქმნის უფლება რატომ უნდა ჩამოვართვათ(.!).
რა თქმა უნდა, ყველა სისულელეს, რაც კი სააკაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში ჩაუდენია, დაწყებული საქართველოს ტერიტორიების დაკარგვით, არჩევნების გაყალბებით, ხელისუფლების უზურპაციით, განსხვავებული აზრის მქონეთა ციხეებში გამომწყვდევა-წამებით დამთავრებული, მარტო სისულელედ ვერ ჩავთვლით (ისინი დანაშაულის ტოლფასია), მაგრამ ალბათ თავად ჩავიდენდით დანაშაულს, თუ ამ სისულელეთა საერთო ნუსხაში პრეზიდენტის ცალკეულ, გამორჩეულად ორიგინალურ და ფენომენალურ უნარ-ჩვევებს არ გამოვყოფდით. ასეთთა შორის უპირველესად უნდა მოვიხსენიოთ მისი მორბენალ-სპრინტერობა, რომლითაც სააკაშვილი ასერიგად გამორჩეულია მსოფლიო ქვეყნების სხვა პირველ პირთაგან. სხვას რომ თავი გავანებოთ, ყველას გვინახავს, უცხოელები როგორი თავგამოდებითა და ენთუზიაზმით ცდილობენ ხოლმე ოფიციალურ შეხვედრებზე სირაქლემას ნაბიჯებით მორბენალი მიშას დაწევას (რომ აღარაფერი ვთქვათ გასწრებაზე), მაგრამ არა და არ გამოსდით და, ალბათ, არც როდესმე გამოუვათ იმ უბრალო მიზეზისა გამო, რომ ონავარი ბიჭის სიანცე და სპორტული სიჩაუქე ჩვენი პრეზიდენტისათვის დედის მუცლიდან თანდაყოლილი თვისებებია, რომელთა მეშვეობითაც მიშას დაჯაბნვით არა თუ უცხოელი კოლეგები, ნაცების ერთიანი გუნდის შინაური ყოჩებიც ვერ დაიკვეხნიან.
ფაქტები მიჭირავს ხელთ, ბატონებო, და მიშას მთელ დუნიაზე გამორჩეული უნარ-ჩვევების გამო სიამაყით ამიტომ გეტრაბახებით. ამას წინათაც ვიხსენებდი ერთ ჩემს პუბლიკაციაში, სააკაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა, როგორი სიმკვირცხლით დააღწია თავი ახალგორში მარგილებით გამოკიდებულ იქაურ ამომრჩევლებს, მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილს იოლად დაეწივნენ და კარგა მაგრად მიბეგვეს. ცხინვალის რეგიონიდან კუდამოძუებული სააკაშვილი 2008 წელსაც ვნახეთ, მაგრამ ამჯერად უკვე არა საარჩევნო კამპანიიდან, არამედ რუსეთ-საქართველოს ომიდან ქუდმოგლეჯით გამოქცეული ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი.
მას შემდეგ, როგორც მეისტორიენი იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა, მორბენალი და მფრთხალი პრეზიდენტის საგმირო საქმენი ერთგვარად დავიწყებას მიეცა, თუმცა პოლიტიკურ მინდორზე უცაბედად შემოვარდნილმა ახალმა საჯილდაო მუხტმა, ევროპელთაგან დემოკრატიის მეტრად მონათლულმა ეგრეთ წოდებულმა კოჰაბიტაციამ, მოქმედ ხელისუფალთა და ოპოზიციონერ ნაციონალთა შორის ისეთი ჩორთი ჩამოაგდო, რომ ისინი ურთიერთმოსურნე თანაცხოვრებისა და თანაარსებობის ნაცვლად ურთიერთმოქიშპე მტრებად აქცია. აქ, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ძალით იფეთქა ონავარი პრეზიდენტის შემოქმედებითმა ნიჭმა. მას ადრეც უყვარდა მოგზაურობა და ქარის წისქვილებთან შებმა, ერთთავად ღრუბლებთან ჭიდილში იყო და ახლა მით უმეტეს, უსაქმურობისგან სულ აიშვა თავი, დღედაღამ თვითმფრინავში ან ავტომობილშია ჩაფრენილი და ზევით-ქვევით დარბის უფუნქციოდ. ამ დროს მისი ყოველი გადაადგილება თურმე 50 ათასი ლარი უჯდება მისივე უნიათო მმართველობით გაძვალტყავებულ საქართველოს.
ბევრი იფიქრებს, რაში ხარჯავს ამდენს ეს კაიდედმამიშვილი, როცა ქვეყანა ასეთ გაჭირვებაშია, პრეზიდენტმა ცოტა ტვინი ხომ უნდა გაანძრიოსო. რა თქმა უნდა, როცა საქმე განძრევასა და გადარბენას შეეხება, მიშას სამდურავს როგორ შევბედავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ნამუსის შეგდებაზეა ლაპარაკი. ისეთ პატარა და ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, როცა პრეზიდენტის დაცვას 2850 თანამშრომელი ემსახურება და ბიუჯეტიდან მარტო ამ საქმეზე 42 მილიონი ლარი იხარჯება, ვინმემ ნამუსის ქუდზე ხომ უნდა წაივლოს ხელი. ამის სურვილი ახალმა ხელისუფლებამ გამოთქვა და პრეზიდენტს დაცვა 350 ადამიანით, ხოლო ხარჯი 7 მილიონი ლარით განუსაზღვრა, მაგრამ სააკაშვილმა "მცირე ხარჯი" იუკადრისა და 1000-კაციანი ამალა და 20 მილიონი ლარი მოითხოვა. ეს მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ, სააკაშვილის მეგობარი ესტონეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახური 57 ადამიანისგან შედგება, ხოლო ლიტვასა და ლატვიაში მათი რიცხვი 300-ს არ აღემატება. საინტერესოა, რა ისეთი საგანძური და ოქროს საბადოა სააკაშვილი საქართველოსათვის, რომ მის დაცვას 1000 კაცზე ნაკლები არ უნდა ემსახურებოდეს.
პრეზიდენტის დამცველთა ამ რაოდენობას ერთი კაციც, ხოლო სახარჯო 20 მილიონს კაპიკიც ვერ მოაკლდებაო, განაცხადა სააკაშვილის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ და არგუმენტად დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ულევი რაოდენობა, გაზრდილი რისკები და მოსახლეობის მხრიდან მძაფრი აგრესია დაასახელა. ჯანაშიას შეიძლება გავუგოთ, სააკაშვილს ღამით რა დაესიზმრება და უთენიაზე რომელი თვითმფრინავით მსოფლიოს რომელ ქვეყანაში გაფრინდება, დღესდღეობით ჯერ არავის დაუდგენია (და ალბათ ვერც ვერასოდეს დაადგენენ). ისიც უცნობია, მოგზაურობის დროს რომელ ქვეყანაში რომელი ფეხბურთელის დრიბლინგსა და ფინტებს გამოიყენებს ან აეროპორტში ესკორტით მიმავალ რომელ სახინკლესა თუ სახაშეში გადაუხვევს... ჰოდა, ამის მადევარ კაცს რა მილიონები გაუძლებს.
მილიონებზე რა მოგახსენოთ, ისეთი მცირე სახსრების მქონე ქვეყანაც კი, როგრიც ჩვენია, ალბათ სააკაშვილის მადას ოქტომბრამდე როგორმე გაუძლებს, მაგრამ საკითხავია, მეორე მხარეც - თავად სააკაშვილი ამ განსაცდელს როგორ გადაიტანს. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პროგნოზს ვერ აკეთებენ (საერთოდ სააკაშვილი არაპროგნოზირებადია), პირადად პრეზიდენტი კი იმით დაკმაყოფილდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაზე განაწყენებულმა სახელმწიფო დაცვის სამსახურზე უარი განაცხადა და მარტოოდენ გაბუტვით შემოიფარგლა. სხვათა შორის, ეს ბავშვური პოზა, როგორც სჩვევია ხოლმე სააკაშვილს, ამჯერადაც მშვენივრად შეიშნოვა, აზერბაიჯანში ვიზიტად მიმავალი ჩაჯდა საკუთარ ელექტრომობილში და აეროპორტისკენ ჯიგიტივით გააქროლა. ადგილზე უხიფათოდ მისულმა ხელჩანთა მოხდენილად მოიგდო მხარზე, ტრაპი მეუღლესთან ერთად ცქვიტად აირბინა და ივანიშვილის გამოსაჯავრებლად ირონიანარევი ღიმილით განაცხადა: სულაც არ მჭირდება თქვენი დაცვა, ის სადაც გინდათ იქ წაიღეთ, ამიერიდან მე სანდრა დამიცავსო(!).
ასეა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს საკითხიც, ისევე როგორც ქვეყნისათვის ბევრი სხვა პირველი რიგის პრობლემა, იოლად და უმტკივნეულოდ გადაწყვიტა, ოღონდ რაღაც გაურკვეველი მაინც დარჩა. კერძოდ, გასარკვევი და დასაზუსტებელია, პრეზიდენტის გაბუტვა რამდენად ჯდება კოჰაბიტაციის კომპეტენციის ჩარჩოებში და საჭირო იქნება თუ არა ამ საკითხზე პარლამენტის უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დებატების გამართვა. ისიც საკითხავია, სააკაშვილის გაბუტვა ჩაითვლება თუ არა პრეზიდენტის მორიგ სისულელედ და თუ ჩაითვლება, "ქართულმა ოცნებამ" მის გასანეიტრალიზებლად რა უნდა მოიმოქმედოს. თუმცა, ამის თაობაზე წერილის შესავალში უკვე ვთქვით, თუკი ამერიკელებს აქვთ უფლება სულელები იყვნენ, მაშინ სააკაშვილს, რომელმაც ამერიკაში ისწავლა და ცხოვრების იქაური პრაქტიკა გაიარა, ამ უფლებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევუზღუდავთ. არც იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სააკაშვილი ახლო მომავლაში, ყოველ შემთხვევაში ოქტომბრამდე მაინც, სისულელეების კეთებას გადაეჩვევა. ამის შანსი ძალიან მცირეა, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ არსებობს.







კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი