ქართული კულტურა ათასწლეულებით არის ნასაზრდოები. იგი, როგორც ზნეობრივ-ფილოსოფიური ფენომენი, განუყოფელია ქრისტიანული მოძღვრებისაგან. ამას მოწმობენ უკვდავი ხუროთმოძღვრული და სამწერლობო ძეგლები; ქართული გენი განფენილია მითოლოგიაში, სიმღერაში, ცეკვაში, როგორც მარადიული ცოცხალი ისტორია...
ერთ დროს კოლხეთის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი ფაზისი სტაგნაციამ მოიცვა. მისთვის არავის ეცალა. მიუხედავად გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა, ვერ მოხვდა ნაციონალების პოლიტიკური ინტერესების არეალში. ამდენად, გასაგებია ის მოლოდინი, რომელიც კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის ფოთში ჩამოსვლას ახლდა. მისასალმებელია ახალი კონცეფცია, მთავარი მიზანი - კულტურის აღმავლობა საქართველოს საზღვაო კარიბჭიდან დაიწყოს. ამას იმსახურებს უძველესი კულტურის და განათლების კერა - ისტორიული "ფაზისის" აკადემია. მინისტრს თან ახლდნენ პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და მრჩეველი, ცნობილი მხატვარი გიორგი გეგეჭკორი.
შეხვედრა მერიიდან დაიწყო. სტუმრები მიიღო ქალაქის მერმა დავით სარსანიამ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ქალაქის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მუშაკები. ფაზისის უძველესი კულტურის გაცოცხლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მას უნდა იცნობდეს საქართველო! ეს იყო დევიზი ამ ერთი დიდი სტუმრობის, ამ ერთი, მართლაც, ლამაზი დღისა.
სტუმარ-მასპინძლებმა გეზი ნიკოლაძის კოშკისკენ აიღეს. საოცარი მიზიდულობა აქვს ამ ადგილს, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდიდესი განათლებისა და ენერგიის მქონე ქართველი.
ქალაქის კულტურის ისტორია და დღევანდელობა მიმოიხილა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ლელა კემულარიამ. მან დამსწრეთ გააცნო პრობლემები, რომელიც სასწრაფოდაა მოსაგვარებელი, მით უფრო, რომ წელს სამი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა აღსანიშნავი: ნიკო ნიკოლაძის დაბადების 170 წლისთავი, ნავსადგურის 155 წლისთავი და ფოთის ფეხბურთელთა გუნდის - "კოლხეთის" 100 წლის იუბილე (ფეხბურთის აკვანი ხომ ძირძველ ფაზისში დაირწა).
შეხვედრაზე მწვავედ დაისვა მუზეუმის რესტავრაციისა და რემონტის საკითხი, ქალაქის საგამოფენო დარბაზის დირექტორმა გოგი გაგუამ ისაუბრა ელგუჯა ამაშუკელის "კოლხი დედის" ბრწყინვალე ძეგლის (რომელიც ამას წინათ აიღეს) აღდგენის თაობაზე. ნიკოლაძის დაგეგმარებით ყველა გზა ტაძართან მიდიოდა (12 მოციქულის მსგავსად), ახლა იგი შემოღობილია, თანაც, ორ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივია. ღობე აუშნოებს ტაძარს, რაც მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს. მან ასევე ისაუბრა ნიკოლაძის კოშკის მიმდებარე კედლის მორღვევის დაუშვებლობაზე, რაც ისტორიის ნგრევის, წაშლის ტოლფასია.
კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ დოდო ხუხიამ დააყენა საკითხი კოლხური კულტურის მუზეუმისათვის ცნობილი მეცნიერის - გიორგი ჩიტაიას სახელის აღდგენის თაობაზე. ის ერთი პერიოდი ფოთის მერიც გახლდათ და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქალაქის კულტურის აღორძინებაში.
ძუკუ ლოლუას, მიხეილ ხავთასის, არჩილ ხორავას ქალაქში ასაღორძინებელია მხატვრული თვითმოქმედება. ისიც მრავლისმთქმელია, რომ ფოთში იყო საქართველოში პირველი საბავშვო თეატრი, რომელსაც ძუკუ ლოლუას და - დაშა ლოლუა ხელმძღვანელობდა.
პარლამენტარმა ეკა ბესელიამ საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით თქვა, რომ ყველა ობიექტის განახლება ვერ მოესწრება, მაგრამ ნიკოლაძის კოშკი-მუზეუმის რესტავრაცია უნდა მოესწროს. რაც შეეხება მშენებარე თეატრს, მიღწეულია შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან თანხის გამოყოფის თაობაზე და წლის ბოლომდე იგი დამთავრდება.
სტუმარ-მასპინძლებმა მშენებარე თეატრიც დაათვალიერეს. დიდი დარბაზი 600 მაყურებელს დაიტევს. მას ექნება მცირე დარბაზები და კაფე-ბარიც. შემდეგ ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც ამჟამად განთავსებულია ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ.
თავადაზნაურთა საზოგადოების თავმჯდომარემ, მწერალმა პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელმა ისაუბრა ფაზისის კულტურულ მემკვიდრეობაზე, ნიკოლაძის ღვაწლზე. მან აღნიშნა, რომ ახალი თეატრი გაიხსნება სპექტაკლით "ცოტნე დადიანი" (ავტორი - აკადემიკოსი ზურაბ რატიანი).
2 ათასი წლის წინათ რიონის სანაპიროზე იდგა ქალღმერთ ნენანას ძეგლი, ხელში ქნარი ეჭირა, ფერხთით ლომები იწვა. უძველესი ლეგენდა, მითი თუ რეალობა უკავშირდება ფოთს; იგი მხოლოდ ინდუსტრიული ქალაქი არაა, იგი უძველესი კულტურის ქალაქია - კოლხური კულტურის ცენტრი - ფაზისი.
გიორგი გეგეჭკორმა ყურადღება გაამახვილა ცოტნე დადიანის სახელობის ეკლესიის მშენებლობის განახლების აუცილებლობაზე. იგი წლების წინათ აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. სპონსორებიც მოიძებნა, თუმცა, საქმე ადგილიდან არ იძვრის. მან აცნობა დამსწრე საზოგადოებას, რომ "ფაზისის" საერო აკადემიის პრეზიდენტმა ნუგზარ ნადარაიამ დააყენა საკითხი თბილისის მეტროს ერთ-ერთი სადგურისათვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების თაობაზე, რასაც ოვაციით შეხვდნენ ფოთელები.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ისაუბრა კულტურული ცენტრების აღდგენა-აღორძინების ახალ კონცეფციაზე, პრობლემებზე, ფოთის კულტურულ მემკვიდრეობაზე. სამწუხაროა, რომ ქვეყანა, სადაც 100 წლის წინათ კინო გადაიღეს - "აკაკის მოგზაურობა", დღეს კინოთეატრის გარეშეა დარჩენილი, მხოლოდ თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს რამდენიმე კინოთეატრი. ახალგაზრდებს არა აქვთ გართობისა და დასვენების კერები. მან იქვე აღნიშნა, რომ არ უნდა დაინგრეს კოშკის კედელი, სადაც დიდმა აკაკიმ სურათი გადაიღო.
მინისტრმა ისაუბრა პარლამენტარ ეკა ბესელიას მხარდაჭერით თეატრის მშენებლობისათვის ფინანსების გამოყოფის შესახებ. აღნიშნა, რომ ქართული კულტურის პროპაგანდის მიზნით იქმნება ახალი ტელეარხი. კულტურამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს კონფლიქტურ რეგიონებში შესვლის პროცესის დაჩქარებაში.
სამეურნეო და კულტურული მშენებლობის ასეთი შანსი ფოთს აქამდე არ ჰქონია, - თქვა შეხვედრაზე ქალაქის მერმა დავით სარსანიამ. მან აღნიშნა, რომ მალე დაიწყება აღორძინების პროცესი და ამაში უდიდესი დაინტერესებაა ხელისუფლების, მინისტრის გურამ ოდიშარიას და პარლამენტარ ეკა ბესელიას მხრიდან. მან მადლობა გადაუხადა კულტურის მუშაკებს, თეატრის მსახიობებს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან სულიერი აღმავლობის დიდ საქმეს. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს ქალაქის კულტურის პრობლემებით დაინტერესებისათვის, მათი გადაწყვეტის ახალი გზების დასახვა-რეალიზაციისათვის.
სტუმრები გაეცნენ საგამოფენო დარბაზის, ხელოვნების სკოლისა და სასწავლებლის, საქალაქო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის პრობლემებს. სამინისტრო განიხილავს მუზეუმისათვის გიორგი ჩიტაიას სახელის აღდგენის საკითხს. აქ დრო, თითქოს, გაყინულა, უნიკალურ ნივთებში, ექსპონატებში განფენილა. ალბათ, ბევრი რამ 3500 წლის წინანდელია, აქ ფეთქავს პატარა ქალაქის დიდი ისტორია.
კიდევ ერთხელ გავახმიანეთ, რომ კოლხური კვალი არ უნდა წაიშალოს. როგორც ორაგული მიილტვის დაბადების ადგილისაკენ, საწყისისაკენ, ისე ჩვენც უნდა ვისწრაფვოდეთ ფესვებისაკენ. თუ ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება, სამშობლოს სიმაღლე - მისი წარსულიდან. ჩვენ ჩვენი ისტორიიდან მოვდივართ...
ვათვალიერებ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულ ბუკლეტებს და თითქოსდა ხელახლა იბადება უცნობი ფოთი - ფაზისი, ქალაქი, სადაც ასე თანაარსებობს წარსული, დღევანდელობა და მომავალი. დაე, ისევ აკიაფდეს ფაზისის კანდელი ოცნების ქალაქში.
ზურაბ აბრალავა,
"სრ" საკ. კორ.
ფოთი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010