რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს მომღერალი ანრი ჯოხაძე წარადგენს სიმღერით "აი ემ ე ჯოკერ" (მე ვარ ჯოკერი). ეს გადაწყვეტილება ჟიურიმ და საქართველოს მოსახლეობამ ერთობლივად მიიღო. გამარჯვებული სიმღერა მომღერლის დედას რუსუდან ჩხაიძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი ბიბი კვაჭაძემ დაწერა. "მე ვარ ჯოკერი" სინთეზური ნამუშევარია. სიმღერა მარტივი "პაპსაა", მხოლოდ საცეკვაოდ გათვლილი და ისეთი, როგორსაც პუბლიკა ადვილად მიიღებს. ვინაიდან წლევანდელი "ევროვიზია" აზერბაიჯანში ტარდება, მომღერალმა საკონკურსო სიმღერა აღმოსავლურ სტილში გადაწყვიტა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, აქამდე ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ყოველთვის სუსტი სქესის წარმომადგენლები გამოდიოდნენ. მისი თქმით, წელს ნამდვილად დადგა დრო, საქართველო ბიჭმა მომღერალმა წარმოადგინოს. ანრი ჯოხაძემ უკვე განაცხადა, რომ თუკი "ევროვიზიის" კონკურსზე გაიმარჯვებდა, მასთან ერთად სცენაზე 4 ვარსკვლავი დადგებოდა - ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, ნინო ძოწენიძე და მისი და მაგდა ჯოხაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს კონკურსანტებს შორის არიან რიკი მარტინი (ესპანეთიდან), ტარკანი (თურქეთიდან), მელანი სი (ბრიტანეთიდან), საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთი შესაძლოა, კვლავ დიმა ბილანმა წარადგინოს.
რომ იტყვიან, მესამე და სამართალიო, ასე მოხდა ანრის შემთხვევაშიც. მომღერალი 2009 წელს მონაწილეობას იღებდა შიდაშესარჩევ კონკურსში, თუმცა იმ წელს მას ქართულმა საზოგადოებამ და ჟიურიმ "სტეფანე და სამი ჯი" ამჯობინა. მანამდე კი ანრი მომღერალ დიანა ღურწკაიას ბექვოკალში იდგა და მასთან ერთად მშვიდობაზე მღეროდა. მაშინ ანრი აცხადებდა, რომ ბექვოკალში სიმღერა სულაც არ არის დამამცირებელი ისეთი წარმატებული მმოღერლისთვის, როგორც თავად არის, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ანრი 13 სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია. ქართულ შოუბიზენსში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მომღერლად დასახელებულმა ანრი ჯოხაძემ სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავად წერს სიმღერებს და საკუთარი კლიპების სცენარებსაც. მონაწილეობს თითქმის ყველა კონცერტსა თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რაც საქართველოში იმართება. ანრიმ ბევრ დამწყებ მუსიკოსსაც გაუწია პროდიუსერობა. მალე მიუზიკლის შექმნას გეგმავს, რომლის სცენარისტიც და რეჟისორიც თავად იქნება. მომღერალი ამჟამად თავის მე-5 ალბომზე მუშაობს. იგი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად არის აღიარებული.
საქართველოს ეროვნული შიდაშესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში ჩატარდა და მასში მონაწილეობას 9 კონკურსანტი იღებდა. მათგან 5 როკ ჯგუფი იყო. ეროვნული კონკურსის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობა სპეციალური კენჭისყრის შედეგად გამოირკვა. ეროვნული კონკურსის მონაწილეები სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით წარსდგნენ - ჯგუფი "მირორ ილუჟენ" , ჯგუფი "ნოვემბერ", ჯგუფი "ინდუსტრიალ სითი", ლეო ჯი, იგივე ლევან ჯიბლაძე, ედვარდ ტატიანი, ბორის ბედია, ჯგუფი "ვანილა სეიგ", ჯგუფი "რემა" და ანრი ჯოხაძე. ბორის ბედია, ანრი ჯოხაძის მსგავსად ევროვიზიის კონკურსში მეორედ მონაწილეობდა. მან შარშან კონკურსიდან თავისი კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ გასტროლები დაემთხვა. პირველად არ უცდია საკუთარი შესაძლებლობები ევროვიზიის კონკურსში ჯგუფ "ნოვემბერსაც". მან გასულ წელს დუეტი "ვარსკვლავების აკადემიის" გამარჯვებალთან დიტო ლაგვილავასთან ერთად წარმოადგინა. კონკურსში საპატიო სტუმრების სტატუსით მიწვეული იყვნენ ჯგუფი "ელდრაინი", "ქენდი", მომღერალი ფიქრია მამფორია და აზერბაიჯანის წლევანდელი წარმომადგენელი საბინა ბაბაიევა. შიდა შესარჩევ ფინალურ ტურს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ხმის მიცემის პროცედურა ცხრავე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყო და 15 წუთს გასტანა. ერთი ზარის ღირებულება კი 1 ლარს შეადგენდა.
შიდაშესარჩევი კონკურსის კონცერტს თემო კვირკველია უძღვებოდა. იგი თითოეულ კონკურსანტს მუსიკალური ნომრის დასრულების შემდეგ 30 წამს აძლევდა იმისთვის, რომ თავისი ფანებისთვის მხარდაჭერისკენ მოეწოდებინა.
- იქიდან გამომდინარე, რომ ევროვიზია არის პოპმუსიკის კონკურსი, ვთვლი, რომ ჩემი სიმღერა არის ძალიან პოზიტიური, ადვილად დასამახსოვრებელი, კრეატიულად გათვლილი და ცოტა ნაციონალური ელემენტებით გამდიდრებული, რაც ყოველთვის ეფექტურია ასეთ კონკურსებზე და არანაკლებ მნიშვნელოვანია სიმღერის სახელწოდება "აი ემ ჯოკერ" (მე ვარ ჯოკერი). მგონია, რომ ეს უკვე ხმაურიანი და საინტერესო განაცხადი იქნება საქართველოსთვის, - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.
ჟიურიში კი შედიოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური მიმართელბის პროდიუსერი მამუკა მეგრელიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ცეცხლაძე და მომღერლები სოფო ნიჟარაძე და სოფო ხალვაში. სწორედ გია ჭანტურიამ გამოაცხადა გამარჯვებული და ანრიმაც თავისი გამარჯვება მეტად ემოციურად გამოხატა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერმა ნათია უზნაძემ განაცხადა, ჟიურის და საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოავლინეს. მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები 13-მა მომღერალმა შეიტანა. სწორედ ამ 13 განცხადებიდან შეარჩია ჟიურიმ ეროვნული ფინალისთვის 9 კონკურსანტი და საუკეთესოდ ანრი ჯოხაძე დაასახელა.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნული კონკურსი გამოაცხადა. განცხადებების მიღება 15 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა განაცხადების მიღება 25 იანვრამდე გრძელდებოდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპროდიუსერო ჯგუფებს, მომღერლებს, მუსიკოსებსა და კომპოზიტორებს შესაძლებლობა მისცა შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ. ევროვიზიაზე კონკურსანტების წარდგენის უფლება ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებლებს აქვთ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია, შესაბამისად, მაუწყებელი საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. საკონკურსო სიმღერა, მაქსიმუმ სამწუთიანი, სპეციალურად ამ კონკურსისთვის, ქართულ ან ინგლისურ ენებზე უნდა ყოფილიყო დაწერილი, - განაცხადა ნათია უზნაძემ.
საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა. მომდევნო წელს ჩვენი ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა. 2009 წელს საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3ჯი" გახდა, თუმცა მოგვიანებით, ქართულმა მხარემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შემდგომ წელს 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა სოფო ნიჟარაძემ მეცხრე ადგილი დაიკავა. შარშან ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა ,,ელდრაინი" მეცხრე ადგილი დაიმსახურა.
ევროვიზიის კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევას, დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე ქვეყნის მაუწყებელი უზრუნველყოფს. 2012 წლის ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნები არიან ალბანეთი, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, მაკედონია, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სან მარინო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი.
2012 წლის ევროფესტივალის კონკურსანტი ქვეყნები კენჭისყრის შედეგად, ნახევარფინალებში გადანაწილდნენ. პირველ ნახევარფინალში 18 ქვეყანა მოხვდა - მონტენეგრო, ისლანდია, რუმინეთი, ალბანეთი, ბელგია, ლატვია, შვეიცარია, ფინეთი, საბერძნეთი, მოლდოვა, კვიპროსი, ავსტრია, დანია, სან მარინო, ისრაელი და უნგრეთი. მეორე ნახევარფინალში კი 19 ქვეყანაა გაერთიანებული - სერბეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, მაკედონია, ბელორუსი, მალტა, უკრაინა, სომხეთი, ბულგარეთი, შვედეთი, საქართველო, სლოვენია, ესტონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ნორვეგია, ლიტვა და ბოსნია ჰერცოგოვინა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადავლენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა (პირველი ნახევარფინალი) და "დიდი ხუთეულის" გერმანიის (მეორე ნახევარფინალი), დიდი ბრიტანეთის (მეორე ნახევარფინალი), საფრანგეთის (მეორე ნახევარფინალი), ესპანეთისა (პირველი ნახევარფინალი), იტალიის (პირველი ნახევარფინალი) წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის მაუწყებელმა 2012 წლის ევროფესტივალის სლოგანი და თემა გასაღების გადაცემის ტრადიციულ ცერემონიალზე გაახმოვანა. ევროვიზიის ტრადიციის შესაბამისად, 2011 წლის ევროფესტივალის მასპინძელი ქალაქის დიუსელდორფის მერმა ,,ევროვიზიის გასაღები" ბაქოს მერს ცერემონიალზე გადასცა. გასაღები ბაქოში ერთი წლის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი 57-ე ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყანას გადაეცემა. გასაღების გადაცემის ცერემონიალი ბუთა პალასში გაიმართა და მასპინძელმა მაუწყებელმა პირდაპირი ეთერით გადასცა. შოუ-პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ 2011 წლის ევროფესტივალის ვარსკვლევები - ელი და ნიკი, ალექსანდრე რიბაკი, ლენა, საფურა და აისელი.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სლოგანი უკვე ცნობილია - აანთე შენი ცეცხლი! - ასეთია 2012 წლის ევროფესტივალის დევიზი. ევროფესტივალის სლოგანი და კონცეფცია აზერბაიჯანის მაუწყებელმა ბუთა პალასში გასაღების გადაცემის ტრადიციულ ცერემონიალზე გაახმოვანა.
- უხსოვარი დროიდან ადამიანები კოცონის გარშემო იკრიბებოდნენ სიმღერითა და ცეკვით, საინტერესო ამბების თხრობით ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებდნენ, ლოგოტიპისა და იდეის ავტორები აცხადებენ, რომ 2012 წლის ევროვიზიის კონცეფცია ამ მოსაზრებას ეფუძნება. აზერბაიჯანს ,,ცეცხლის მიწასაც" უწოდებენ. ცეცხლის ალის ელემენტებით მდიდარია აზერბაიჯანის კულტურა. ეს ელემენტი ხშირად გვხვდება ფოლკლორულ სიმღერებში, მითებსა თუ თქმულებებში, ამიტომაც ალაბთ ეს სლოგანი და დევიზი ნამდვილად გამართლებულია. 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის მზადება დაწყებულია. ევროპა გრანდიოზული სანახაობის მოლოდინშია, - ამბობს ნათია უზნაძე.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გაახმოვანა, რომ 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ბაქოს კრისტალ ჰოლში ჩატარდება. მულტიფუნქციური კომპლექტი, ბაქოს მერიის პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. ნაგებობა 23.000 მაყურებელს დაიტევს.
57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრა ბაქოში 19 და 20 მარტს იგეგმება. დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირი და მასპინძელი მაუწყებელი დელეგაციებს კონკურსის ჩატარების წესებსა და პირობებს, სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალებს გააცნობენ. საუბარი შეეხება კონკურსის შემოქმედებით მხარეს, რეპეტიციებს, სცენის დიზაინს, მასმედიის წარმომადგენლების დასწრების, ფანკლუბების, უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებს. დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გაირკვევა ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობაც.
- ევროფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირი ეთერით ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით გადაიცემა. გრანდიოზულ სანახაობას მსოფლიოს მასშტაბით 125 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს. კონკურსს შემეცნებით-გასართობ დატვირთვასთან ერთად, ევროპის მთლიანობის იდეა უდევს საფუძვლად. კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა, იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას და ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას ასახელებს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა მინაწილეობდა. პირველი კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია გახდა. ახლა კი ევროვიზიის კონკურსში ევროპის ათობით ქვეყანაა ჩართული, - აღნიშნავს ნათია უზნაძემ.
წლევანდელ ევროვიზიაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ უკვე დაასახელა თავისი კონკურსანტი. უკვე ცნობილია საქართველოს, თურქეთის, ხორვატიის, ალბანეთის, ისლანდიის, აზერბაიჯანის, მალტის და ისრაელის წარმომადგენელთა ვინაობა. რუსეთი თავის რჩეულს 26 თებერვალს ნაციონალური ფინალის შედეგად 25 ფინალისტს შორის დაასახელებს. რუსეთის მაუწყებელი გამარჯვებულთან სამწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.
უკვე ცნობილია, რომ ევროვიზიაზე ანრი ჯოხაძე ბაქოს კრისტალ ჰოლში მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 24 მაისს იმღერებს. რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წელს აზერბაიჯანი და მისი დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები 22 და 24 მაისს, ხოლო ფინალი და გალაკონცერტი 26 მაისს შედგება.
ანრი ჯოხაძე, კონკურსის გამარჯვებული:
- დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი ესემესი მაინც თუ გამომიგზავნა და დამიჯერა, რომ წელს მოვიგებთ ევროვიზიას. ამ დღემდე გავიარე ყველა ეტაპი - შესარჩევი ტურები, დამარცხებულიც ვყოფილვარ, მაგრამ არ მომიწყენია. ბექვოკალშიც ვიდექი, დიანა ღურწკაიას სიმღერის დროს, ეს ეტაპიც გავიარე. ახლა უკვე როგორც სოლისტი ისე წავალ ევროვიზიაზე და წარმოვადგენ საქართველოს. წლევანდელი ევროვიზია ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული იქნება.
სოფო ტოროშელიძე, ჯგუფი "ელდრაინი":
- ევროვიზია ძალიან დიდი პროექტია. ძალიან მაგარია, როცა ამდენი ხალხი გიყურებს, შენ კი საქართველოს სახელი გაგაქვს. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვინც არ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული, ყველას თანაბრად ვგულშემატკივრობდი. ვულოცავ ანრის გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.
გია ჭანტურია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი:
- ყოველთვის რთულია კონკურსანტთა შორის საუკეთესოს არჩევა. პრინციპი ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა მეორე მხრივ საკმაოდ რთული და ობიექტური. მოგეხსენებათ, ჟიური და მაყურებელი ერთად ირჩევს საუკეთესოს, ჩვენ დავაჯამეთ შედეგები და მაყურებლის და ჟიურის აზრი დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომაც ანრი გახდა საუკეთესო.
- რა კრიტერიუმებით გამოავლინეთ გამარჯვებული?
- კრიტერიუმები, რომლითაც ჟიური ხელმძღვანელობს, პირველ რიგში არის ის, რომ ნომერი უნდა იყოს ახლოს ევროვიზიის იმ მოთხოვნებთან, რომელიც დღეს არის აქტუალური. მგონია, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა, თუმცა იყო საინტერესო ჯუგფები და საინტერესო მუსიკალური მიმართულებები.
- გჯერათ, წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს წარმატების?
- უკვე იწყება მზადება მაისისთვის საქართველოს ბაქოში წარსადგენად და ამან უნდა მოგვიტანოს წარმატება. ენერგიულია ანრის სიმღერა და მჯერა, რომ წარმატებულიც იქნება.
















































































მთავარი
კონტაქტი





2010