მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2010-09-29
მედეა ჩახავას დიდი ოჯახი _ დიდი თეატრალური პირამიდა

მედეას შთამომავლები _ მათი სახელი ლეგიონია. თემურ ჩხეიძე, მაკა მახარაძე, ივიკო მახარაძე, ეკა ჩხეიძე, ნატა მურვანიძე, ანუკა მურვანიძე, დათა თავაძე, კოტე მახარაძე (უმცროსი)... რძლები და სიძეები _ ნანი ჩიქვინიძე, მურაზ მურვანიძე, ნიკა თავაძე...
ნუ დამძრახავენ ამ ვეება ოჯახის მრავალრიცხოვანი წევრები, ვინმე თუ გამომრჩება, მეხსიერება რომც მოვიკრიბო, მხოლოდ მათი გვარსახელები აავსებს გაზეთის ფურცლებს...
ამ დიდი ოჯახის თავგადასავალი დაწვრილებით რომ მოჰყვე, ხელთ შეგრჩება ოცდამეერთე საუკუნეში გადმოსული მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის ტომი _ სქელტანიანი...
ახალგაზრდა სცენისმოყვარეებს _ რუსული ენის პედაგოგს მარო გაწერელიასა და კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ ვასო ჩახავას ერთმანეთი შეუყვარდათ. იქორწინეს. 1921 წლის 17 მაისს აბაშაში ქვეყანას მოევლინა მედეა ჩახავა. პატარა მედიკოს ცეკვა უყვარდა თავდავიწყებით. 14 წლის იყო მამა ლენინგრადში რომ მიავლინეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, იქაც დადიოდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში... 1936 წელს ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. პირველ სკოლაში მიყვანილ მედიკოს კითხეს, რა იციო, ცეკვა ვიციო... გაეცინათ, აბა იცეკვეო. იცეკვა და ააცმუკა ყველა. მერე ჯანო ბაგრატიონის წრეშიც ცეკვავდა, ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილსაც მოეწონათ თვალებხატულა მედეა. მაგრამ მედეას ცეკვისთვის აღარ ეცალა, სკოლას ამთავრებდა და რაკი თეატრალური ინსტიტუტი ჯერაც არ არსებობდა, უნივერსიტეტში შევიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის განხრით.
მედეამ და მამამისმა თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურეს, მაგრამ დაგვიანებით _ მისაღები გამოცდები უკვე ჩავლილი იყო. აკაკი ხორავამ და აკაკი ფაღავამ, როგორც ვასო ჩახავას ბავშვობის მეგობრებმა, გამონაკლისი დაუშვეს _ საგანგებო კომისია მოიწვიეს. შავთვალა, ნაწნავებიანმა მედეამ იროდიონ ევდოშვილის `განკიცხულის~ წაკითხვა რომ დაიწყო `მე ვარ მეძავი~ _ კომისიას ხარხარი აუტყდა. მედეას ეწყინა, აღელდა. და ტექსტი დაავიწყდა. მერე ისევ შემართებით შესძახა _ `მე ვარ მეძავი~. ისევ ხარხარი ატყდა... მედეა ატირდა. სიტუაცია აკაკი ვასაძემ განმუხტა. ემოციური გოგონა ჩანს, იანვრამდე თავისუფალ მსმენელად დავსვათ და ვნახოთ რას იზამს, უნივერსიტეტს ჯერ თავს ნუ დაანებებსო. ჯგუფის პედაგოგის გიორგი ტოვსტონოგოვის ვერდიქტით კი იანვარში მედეამ უნივერსიტეტს თავი დაანება...
ინსტიტუტში ომის მძიმე წლებში უწევდა სწავლა, ოჯახს რომ დახმარებოდა, ქუდებს ქსოვდა... მაგრამ მაინც _ 1943 წელი ბედნიერი წელი იყო მედეა ჩახავას ცხოვრებაში, სწორედ ამ წელს, სწორედ მედეას დაბადების დღეზე ინსტიტუტს მოსკოვიდან ევაკუირებული ნემიოროვიჩ-დანჩენკო, კაჩალოვი, კნიპერ-ჩეხოვა და სხვები ეწვივნენ, ნახეს ტოვსტონოგოვის დადგმული სტუდენტური სპექტაკლი. `ეს გოგონა პირდაპირ სასწაულია, გაუფრთხილდით მას!~ _ თქვა კაჩალოვმა მედეა ჩახავაზე. იმ დღეს მედეას არანაკლები სიხარული ელოდა _ ომიდან დაბრუნდა მამა, რომელიც ყველას დაღუპული ეგონა... სწორედ 1943 წელს მიიღეს რუსთაველის თეატრში და სწორედ იმ წელს შეეძინა თემურ ჩხეიძე...
ნოდარ ჩხეიძეს და მედეა ჩახავას ერთმანეთი ინსტიტუტში შეუყვარდათ...
`კი გავიხსენებ იმ რომანს, მაგრამ რა მხრივ? როგორ დავდიოდით და... _ სიცილით მპასუხობდა ქალბატონი მედეა და განაგრძობდა _ ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. შევედი თუ არა ინსტიტუტში, თვალი დამასო. ის ჩვენზე უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან გადმოვიდა, გოგონების დიდ ყურადღებას იმსახურებდა, მეც მომწონდა... კარგად კითხულობდა ლექსებს. სახალხო პოეტის, გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი იყო. ბობოქარი და ბოჰემური პიროვნება იყო და მეც მსიამოვნებდა, პოეტის ვაჟს რომ მოვწონდი... ისიც შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა... მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია...~
ისინი მალე დაშორდნენ ერთმანეთს... ვიდრე ნოდარ ჩხეიძეს გაშორდებოდა, ლამის რუსთაველის თეატრსაც გაშორდა გულნატკენი და დამარცხებული. პირველმა როლმა ვერ მოუტანა წარმატება _ მღელვარებისგან ათრთოლებული მედეას ხმა დარბაზის ბოლომდე ვერც აღწევდა. მაგრამ დოდო ალექსიძემ იცოდა რა პოტენციალიც ჰქონდა მედეას და ამ მარცხის მიუხედავად მთავარი როლი არგუნა `ღრმა ფესვებში~. მედეამ მთელი ძალით იფეთქა სცენაზე.
მალე ახალი სიყვარულიც ეწვია. კოტე მახარაძე.
კოტეს დედას _ ქალბატონ ვარიას ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდა. ქალბატონი ვარია ბიბლიოთეკარი იყო და ერთხელაც როცა მედეამ ბიბლიოთეკის წიგნი დაკარგა, გვარიანად დატუქსა კიდეც მომავალი სარძლო. მედეამ იხტიბარი არ გაიტეხა _ რად გინდოდათ ის წიგნი მაინც არაფრად ვარგოდაო, მე უკეთესს მოგიტანთ, მამაჩემი სულ კითხულობსო. მიუტანა _ მამამისის სამაგიდო წიგნი `გინეკოლოგია~...
გამოხდა ხანი და მედეა ბიბლიოთეკარის დონჟუანი ვაჟის მეუღლე გახდა.
ქვეყანას მოევლინა მაკა მახარაძე, ივიკო მახარაძე...
ქალბატონი მედეა აპროტესტებდა კოტე მახარაძისთვის მიკერებულ `დონ ჟუანის~ იარლიყს: `დიახ, ხალხი კოტეს ასე იცნობდა, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე. დონ ჟუანი ქალებზე ნადირობდა, ეძებდა ქალებს. კოტეს არასოდეს უაქტიურია, პირიქით, ქალები იყვნენ მოხიბლულნი მისით და ისინი აქტიურობდნენ. კოტეც, თავის მხრივ, უარს არ ამბობდა ლამაზ ქალებზე. ჩვენ კონფლიქტი ამაზე არც მოგვდიოდა. მე ჩემი ადგილი ვიცოდი, კოტე შემდეგ თავად მიყვებოდა იმ ისტორიებს და მეც მჯეროდა, რომ ეს მართლა ისე იყო. ეჰ, კოტე იყო ინტელექტით სავსე, განათლებული და მრავალმხრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მოსაუბრე, ორატორი... ხოლო ის, რომ ლამაზ ქალებზე უარს არ ამბობდა, უბრალოდ, ნებისყოფის ამბავია, ზოგი ასეთი შემოთავაზებებით არ ინტერესდება. მაგალითად ივიკო, ჩემი ვაჟი, ის უერთგულესი მეუღლეა...~
მედეა ჩახვას აღმავლობა სწორედ კოტე მახარაძესთან თანაცხოვრების ბედნიერ წლებში მიმდინარეობდა.
მედეა ჩახავა იყო ერთადერთი ქალი თუმანიშვილის ლეგენდარულ `შვიდკაცაში~, დაკავებული იყო ყველა მის წარმატებულ სპექტაკლში,
პარალელურად, დოდო ალექსიძის სპექტაკლებში ქმნიდა მაღალმხატვრულ სახეებს. შემდეგ მოხდა ისე რომ დოდო ალექსიძე თეატრიდან სწორედ შვიდკაცამ განდევნა. შემდეგ თუმანიშვილთან ურთიერთობაშიც გაჩნდა ბზარი, თუმანიშვილი უკვე მის გარეშე ქმნიდა სპექტაკლებს... ეს დრამატული პერიოდი დაემთხვა მსახიობის პირად დრამას _ ოჯახშიც გაჩნდა ბზარი...
კოტე მახარაძე და მედეა ჩახავა დაშორდნენ...
მაკა მახარაძე: `ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, შვილებისთვის...
მე მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი ნატოზე და პრაქტიკულად ცხრა თვე ტირილში გავატარე... პრაქტიკულად მშობლები დამეღუპნენ, მე მყავდა ახლა ცალკე დედა და ცალკე მამა. ოჯახი დაიღუპა. ძალიან განვიცადე, ივიკო 13 წლის იყო, ძალიან რთულ ასაკში იყო და შეიძლება ყველაზე ცუდად სწორედ მასზე იმოქმედა... კარგა ხანს, დედა და მამა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუკი სადმე შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაიარა დრომ და მერე ყველაფერი დალაგდა თავის ადგილზე... მამას დედას შემდეგ კიდევ ჰყავდა მეუღლე, ვიდრე სოფიკოს შეირთავდა, დაც მყავს მე ბაიკო. მერე სოფიკო შეირთო და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დედას და მედიკოს. მეც ვმეგობრობდი სოფიკოსთან. კი ეს ყველაზე იყო დამოკიდებული, სოფიკოზეც, მამაზეც, მაგრამ ამას რომ დედა შეეწუხებინა, ან შემეტყო რომ ეს აღიზიანებდა, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ურთიერთობა სოფიკოსთან. როდესაც ერთი მსახიობის თეატრი დარეჯანის სასახლიდან სახლში გადმოიტანეს, სოფიკომ დიდი სუფრა გაშალა, მედიკო მივიდა სოფიკოსთან _ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ეხლა ჩემი ქმარი რომ ყოფილიყო კოტეო, ასეთი თეატრი არც ექნებოდაო, იჯდებოდა ბახტრიონზე, მეშვიდე სართულზე, სიცივეში, გათბობის გარეშე, ძალიან დიდი მადლობაო...~
კოტე მახარაძის და მედეა ჩახავას შესანიშნავი ურთიერთობის მოწმე მეც არაერთხელ გავმხდარვარ წლების წინ კოტე მახარაძესთან ინტერვიუ მედეა ჩახავამ `ჩამიწყო~ _ დაურეკა და ასე მეგონა, 16-17 წლის შეყვარებულები ეჟღურტულებოდნენ ერთმანეთს... თბილისში მიხეილ ლავროვსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოს დამთავრების შემდეგ, ფოიეში კოტე მახარაძემ მიიხედა, მოიხედა, სოფიკო ჭიაურელი ვერ დაინახა, სამაგიეროდ, იქვე იყო მედეა ჩახავა და `ლაივში~ დიდი კომენტატორის კომენტარიც გაისმა: `აი, რა კარგია ორი ცოლი რომ გყავს, სოფიკო ვერ ვნახე, მედიკო აგერაა!~
მედეა ჩახავას ბოლო წუთამდე გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა სოფიკო ჭიაურელთანაც და როგორც თავად ამტკიცებდა, ეს სულაც არ იყო `სვეტსკი პოზა~. `იცით რა, ჩემი და კოტეს დაშორებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვოდა სოფიკოს, ჩვენ რომ დავშორდით, მათ შემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი და ვითომ რატომ არ უნდა მქონოდა კარგი ურთიერთობა სოფიკოსთან და რატომ უნდა მებღვირა? კოტე რომ უყვარდა?~ _ კითხულობდა მედეა ჩახავა...
დათა თავაძე: `ამ თემაზე ღადაობდნენ დაუსრულებლად, იყო კალამბურები გაუთავებელი. კოტეს იუბილეზე, რესტორანში, 75 წლის რომ გახდა, ნამდვილი საცირკო ნომერი ჰქონდათ მედიკოს და სოფიკოს, ვითომ ქიშპობდნენ კოტეზე და კოტეც ვითომ განიცდიდა ამას. მედიკო ამბობდა, მე რომ მყავდა კარგი ბიჭი იყო, ახლა შენ გყავდეს, რაღად მინდა 75 წლისო... ისედაც სულ ხუმრობდნენ ამ თემაზე. სოფიკოს წასვლა ტრაგედია იყო მედიკოსთვის. ძალიან რთულად გადაიტანა... მე ძალიან ცოტა ხანს მომიწია კოტესთან ურთიერთობა, იმ დროს წავიდა ამ ქვეყნიდან, როცა მისი პერსონით უნდა მეკაიფა, მანამდე კოტე იყო მაკას მამა, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ ვაფიქსირებდი მის სიმაღლეს, საერთოდ ვერ ვხვდებით ხოლმე რამდენად დიდები არიან ჩვენ გვერდით ოთახში მცხოვრებნი, ვერ ვაფიქსირებთ მათ რანგს...& ჩემი ბავშვობა მასთან ასოცირდება, ჩემი ბავშვობის დრო პრინციპში კოტეს დროა...~
***
მედეა ჩახავამ ოჯახურ დრამასაც გაუძლო, შემოქმედებით პაუზასაც... მედეას მედეა დაეხმარა _ კუჭუხიძე და ტენესი უილიამსის `შუშის სამხეცეში~ ამანდა უინგფილდის როლი მისცა. ქმრისგან მიტოვებული ქალის როლი...
მერე კი შვილი მოევლინა მხსნელად. იყო კნეინა ჩიტუნია `გუშინდელნში~ და მარია ხოსეფა `ბერნარდა ალბას სახლში~.
`ქალბატონო დედა~ ასე მიმართავდა თემურ ჩხეიძე რეპეტიციებზე დედას.
მერე კი, `ქალბატონი დედა~ როლიდან მოხსნა...
`ბევრჯერ მისაყვედურეს რომ მე დედაჩემი მიხეილ ჯავახიშვილის `ქალის ტვირთში~, როლიდან მოვხსენი, მოხსნა ნიშნავს რომ ერთ მსახიობს მეორე მსახიობით შეცვლი. მე კი მოვხსენი ის როლი საერთოდ. ვგრძნობ რომ როგორც დედამ მე ეს მაპატია, თუმცა როგორც მსახიობმა არა და არა! ეს მის მაღალპროფესიულობაზე მეტყველებს~ _ აღნიშნავდა თემურ ჩხეიძე...
მაკა მახარაძე: `დედამ მართლაც საოცარი, ულამაზესი, ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა. პრობლემები მასაც ჰქონდა, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ იყო ბედნიერი, როგორც მსახიობი, როგორც ქალი, როგორც დედა, ბებია, დიდი ბებია, როგორც ქართველი... როგორც უსაყვარლესი მსახიობი. დედას და მამას იმდენი სიკეთე, სიყვარული აქვთ ნათესი, რომ ჩვენ ჩვენ, შვილებს და შვილიშვილებს ფერხთით გვეფინება მათ მიერ ნათესი სითბო და სიკეთე. საოცრად ოპტიმისტი იყო, არაერთი ქარტეხილი გამოიარა, დაიბადა პოსტრევოლუციურ, გასაბჭოებულ საქართველოში, მერე იყო 1937 წელი (ქალბატონ მედეას რეპრესიებისას ორი თანაკლასელი ბიჭი დაუპატიმრეს, რომლებმაც გაქცევა სცადეს და ამ მცდელობისას ადგილზე ჩაკლეს _ რ.შ), ომი, მერე 9 მარტის ამბები, არ მთავრდებოდა ეს და ყოველთვის მესმოდა, რა გვეშველებაო და ყოველთვის გვეშველა და ახლაც გვეშველებაო, გვარწმუნებდა ჩვენ. თვითონ ხანდახან მაინც უყვარდა სიტუაციის გამუქება, წინასწარ ნერვიულობა, თუ რომელიმე შვილი, ან შვილიშვილი აგვიანებდა, საშინლად ნერვიულობდა, ალბათ რაღაც ცუდი მოხდა, აბა რატომ აგვიანებს... ემოციური იყო საერთოდ. ფეთქებადი იყო, მაგრამ როგორც ასანთის ღერი იფეთქებდა და უცებ ჩაქრებოდა. მიიხედავდა, მოიხედავდა და აღარ ახსოვდა წყენა, უფრო სწორედ არ იხსომებდა, გულში არ იდებდა... დედას ძალიან უნდოდა რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. მაგრამ შევეწინააღდეგე. ბალეტის მოცეკვავე ვიყავი, უკვე ნატო მყავდა და სწავლას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, ხათრით დიპლომის აღება კი არ მინდოდა. დედას გული წყდებოდა, მიაჩნდა რომ ნიჭი მქონდა და ბალეტს რომ ჩამოვშორდებოდი, შემეძლო დრამატულ სცენაზე გამეგრძელებინა. მე 38 წლის უკვე პენსიონერი ვიყავი, ეხლა ნატო არის ამ ასაკში, ახლა არის აღმავლობის პერიოდი ნატოსთვის, მე უკვე ნახვამდის და წამოვედი მაგ ასაკში თეატრიდან. მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ კინოშიც ამოვყავი თავი, 15-მდე ფილმში ვარ გადაღებული და დედას ვამშვიდებდი, რა გინდა, ზოგი თეატრალურდამთავრებული საერთოდ არაა კინოში გადაღებული, მე ამდენ ფილმში მიღებენ მეთქი....
დედას ტრაბახი არ უყვარდა, მაგრამ ბოლოს ამბობდა ხოლმე, აბა ერთი მითხარით, ვინ დგას ან ვინ იდგა ჩემი ხნის სცენაზე?
სულ იმას ევედრებოდა ღმერთს, ლოგინად ნუ ჩამაგდებ, ნუ დამაუძლურებო. უსმინა ღმერთმა... თვალებზე ცრემლი მაწვება, მაგრამ მაინც ისეთი განცდა მაქვს თითქოს არც წასულა. ეტყობა ისეთი სინათლის ნაკადი დატოვა, იმდენად იყო თვითონ ამ სინათლეში და სიყვარულში გახვეული, იმდენი აჩუქა ყველას თავისი სული და გული... ~

თემურ ჩხეიძე _ ნანი ჩიქვინიძე
ისინი ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდნენ. ნანი სტუდენტი იყო, თემურ ჩხეიძე მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტი და უკვე 2 ქალიშვილის მამა.
ნანი სტუდენტი იყო, მაგრამ ბევრ კინოვარსკვლავს შეშურდებოდა, უკვე იმდენ ფილმში იყო გადაღებული _ `მაგდანას ლურჯა~, `სხვისი შვილები~, `ჩვენი ეზო~, `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~... მოკლედ, თენგიზ აბულაძის პრიმა და იმხანად უკვე თუმანიშვილის სტუდენტი ნანი ჩიქვინიძე თავდავიწყებით შეუყვარდა მასზე 6 წლით უფროს თემურ ჩხეიძეს და მალე ნანი ჩიქვინიძე დიდი ოჯახის რძალი გახდა. შეეძინათ ქალიშვილი.
მას შემდეგ ერთად არიან, ცხოვრებაშიც და სცენაზეც...


ნატა მურვანიძე _ ნიკა თავაძე
ნატა და ნიკა თავაძე _ ასევე ცნობილი ოჯახის შვილი _ ლეგენდარული გრუშეს "13 იზა გიგოშვილის და მერაბ თავაძის ვაჟი. ერთმანეთს 23 წლის წინ გადაეყარნენ _ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდებისას. პარტნიორობა იმ დღესვე მოუწიათ _ ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნიკა თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე _ კურდღელი...
ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები. მერე კი ნატას დაბადების დღეზე დახვდება ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზედ ზეწარზე წარწერა `გილოცავ~. მერე იყო სიყვარული სიყვარულის აუხსნელად, უხსენებლად, მანამ სანამ ვიღაცამ არ ჰკითხა `თქვენ შეყვარებულები ხართ?~ და ნიკამ არ უპასუხა `დიახ~.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. გაჩნდა დათა თავაძე.
ნატასთან ცხოვრობდნენ, მალე მათ შორის ურთიერთობები დაიძაბა, თავის სახლში გადავიდა. წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველდღე ერთად უწევდათ ყოფნა _ ინსტიტუტში. მერე გაყრილები კვლავ შეიყარნენ. ერთი წელი ერთად იყვნენ. ისევ გაიყარნენ. იმ პერიოდში, როდესაც `იავნანაში~ ცოლ-ქმარს თამაშობდნენ, სწორედ გაყრილები იყვნენ... თამაშობდნენ ცოლ-ქმარს, მაგრამ მაინც არ შერიგებულან, იკრიბებოდნენ გადასაღებ მოედანზე და იშლებოდნენ....
მერე იყო გისოსებს ზემოდან ხტომა თაიგულით ხელში და შერიგებები _ ერთკვირიანი... დაუსრულებელი გაბუტვები, შერიგებები, რომელიც გრძელდებოდა რვა წელიწადს. მერე ერთ დღესაც ერთმანეთს ყველაფერი უთხრეს, რაც კი ერთმანეთისთვის უწყენინებიათ და შერიგდნენ. მას მერე ერთად არიან... შეეძინათ ქალიშვილი...

თაობები სამზარეულოში
მედეა ჩახავასთვის დიდ არტისტულ კარიერას ხელი არ შეუშლია ყოფილიყო მზრუნველი დედა, ბებია, დიდი ბებია, საუკეთესო დიასახლისი და კულინარი, მის დიასახლისობაზე ლეგენდები დადის და სამზარეულოშიც შემოქმედია.
მედეა ჩახავას დიასახლისობაზე ლეგენდები დადის. დათა თავაძე ხუმრობდა, ყოველ ახალ წელს, აუცილებლად აჩვენებენ `სლიოხკიმ პარომს~ და როგორ აკეთებს მედეა საცივს და როგორ რთავს ნაძვის ხესო...
თავად ქალბატონი მედეა კი იუმორით ცხარობდა:
`არ მესმის, რას ნიშნავს `ოხ, ისეთი სუკები მქონდა და დღეს ის გავაკეთე~... სუკები თუ გაქვს, აღარც გინდა გააკეთო, კაცო? მე ბუნებით შემოქმედი ვარ და ამ საქმეშიც ვავლენ ფანტაზიას. არ ვცნობ რეცეპტებს და ვიწყებ გამოგონებას. ვიგონებ იმის მიხედვით, რა მასალაც მომეპოვება. უნდა შევთხზა კიდეც, გემოც მივცე. ასე რომ, თუ ვინმეს გაუჭირდება, დამირეკოს, მითხრას რა აქვს სახლში და იმის მიხედვით მოვუგონებ რეცეპტს!~
მაკა მახარაძე: `დედა კომპოზიტორი, პოეტი იყო სამზარეულოში. თხზავდა, იგონებდა. არაფრისგან აკეთებდა რაღაცას. მახსოვს ახალი გათხოვილი ვიყავი, ყველა ერთად ვცხოვრობდით, როგორც კოლმეურნეობაში, იმდენი ხალხი ვიყავით... მედიკომ რაღაც ნამცხვარი გამოაცხო და გამოიტანა, მურაზმა უთხრა, გამოტყდი, ამაში გუშინდელი ქათმის ხორცი ხომ არ ურევიაო. დედა, თუ რამე დარჩებოდა არასოდეს არ აგდებდა და ყოველთვის იყენებდა შემდეგ კერძში, სულ გვეუბნებოდა, მე გამოვლილი მაქვს ომის პერიოდი და არ დავუშვებ რომ საჭმელი გადავყაროო... რეცეპტს საერთოდ არ ცნობდა, სალათის რეცეპტი ან რა ჩასაწერია, მაგრამ ნამცხვრის რეცეპტს ყველა იწერს, დედა არასოდეს არ იწერდა, რასაც ნახავდა ჩაყრიდა, დრახ-დრუხ და ისეთი გამოდიოდა...~
მედეა ჩახავას არც მაკა მახარაძე ჩამორჩება დიასახლისობაში. როგორც მისი მეუღლე, ცნობილი თეატრალური მხატვარი მურაზ მურვანიძე ხუმრობს _ ბალერინებს შორის ყველაზე კარგი დიასახლისი და დიასახლისებს შორის ყველაზე კარგი ბალერინა...
დათა თავაძე: `მედიკო რაღაცეებს იგონებდა საოცრებებს, იგონებდა ყოველდღე, ერთი და იგივე საჭმელს ვერ აკეთებდა... კვერცხი რომ კვერცხია იმასაც სხვანაირად წვავდა. მაკა უფრო ჩამოყალიბებული დიასახლისია, თავისი რეცეპტებით, ამბებით, რომელსაც არასოდეს გადაუხვევს, მაგრამ ყოველთვის კარგია... რაღაც ელემენტარულსაც კი, რასაც ჭადის გამოცხობა ჰქვია, აკეთებს ისე, როგორც არავინ ამ ქვეყნად, რაღაც სხვა ხდება მანდ, მე მგონი ნიჭის ამბავია მარტო... რაღაც საჭმელები მიყვარს, მაგრამ ამავდროულად მარტო მაკას გაკეთებული... მაკა აკეთებს ისეთებს... არც ვიცი სახელები, რაღაც ეგზოტიკური კერძებია, მაკა ეძებს, ამატებს, სწავლობს... მედიკო იგონებდა, მაკა სწავლობს... ნატო რადიკალურად გასნხვავდება მათგან, საერთოდ არ შედის სამზარეულოში.
ნატო სახლს უვლის, დიაზაინი აინტერსებს. თან, მე მთელი ბავშვობა მაკაზე ვიყავი მიმაგრებული, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი მაკა არ მუშაობდა, ნატოს კი დღეში 2-2, 3-3 რეპეტიცია ჰქონდა, ნატო იყო ასეთი და ამიტომ არასოდეს გამჩენია ეგ კითხვა, ნატო ამას აკეთებს, მაკა იმას, მაკა არის მზარეული და ნატო არის მსახიობი.... თან მომწონდა როლების ამგვარი განწილება, იმიტომ რომ საკმარისი იყო, ნატო სამზარეულოში შესულიყო რომ მე იმ საჭმელს ვერ ვჭამდი, ამიტომ ჯობდა ისევ მაკა ყოფილიყო იქ... არა, როცა გააკეთებდა, გულს არასოდეს ვუტეხავდი ნატოს, პირქიით ბედნიერი ვიყავი _ `ნატო საჭმელს აკეთებს~, ვიძახდი კიდეც `ძალიან გემრიელიას~, მაგრამ ცუდი იყო... ნატო ახლა უფრო გადიასახლსიდა, ბოლო დროს უფრო ისწავლა რაღაცეები...~

მედეა - მაკა - ნატა
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დიდი მედეა, დათა თავაძე რომ ამბობდა:
`შვილიშვილებიდან ყველაზე უფრო მე ვმეგობრობ მედიკოსთან, რაღაცნაირი განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და მე ამით ძალიან ვამაყობ. ვიღაცეებს, რაღაც ასაკში სცხვენიათ ხოლმე ბებიებთან ერთად სიარული საზოგადოებაში, მე პირიქით... ყოველი გასვლა მედიკოსთან ერთად ნამდვილი ზეიმია, მის გარშემო ისეთი ხალხი და ისეთი ემოციებია, ძნელია არ დაინახო ეს...
მედიკოსაც და მაკასაც რაღაცნაირად, მანიაკალურად უყვართ ცხოვრება, სისულელემდე ოპტიმისტები არიან, გამორიცხულია, მათგან ვერ გაიგებ, `ახლა რა ვქნა~, `რა გვეშველება~... ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ, ცხოვრების სცენაზე იდგნენ, ანუ არ უნდა მოშვებულიყვნენ არც ერთი წამი, არავის უნდა ენახა როგორ წამოკრეს ფეხი რაღაცას და დავარდნენ, სულ შემართულები იყვნენ. მედიკო, ახლა შეუძლოდ იყო და საავამდყოფოში იწვა, დილა თენდებოდა იმით რომ იხატავდა თვალებს, რომ ემანდ ვინმეს არ ენახა ჩამორეცხილი....
მე ჩემს თანატოლებზე ბევრად უკეთესად ვცხოვრობდი, კი, ის ტკივილები ჩვენს ოჯახსაც შეეხო, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავდი, უფრო სწორად ამას არ მაჩვენებდნენ, მართალი გითხრათ, მე არანაირად არ მიგრძვნია 90-იანი წლების სირთულე. გასაჭირი არ მიგრძვნია, მიუხედავად იმისა რომ გვიჭირდა და შეიძლება იმაზეც ფიქრობდნენ, მეორე დღეს რა ეჭმიათ ჩვენთვის, ბავშვებისთვის... ბავშვებს ერთხელ არ გაგვიგია მათგან რომ ეს ცხოვრება საზიზღრობაა, რომ ეს უშუქობა კოშმარია. პირიქით, ჩვენ სულ გვესმოდა რომ არსებობს უარესი ცხოვრებაც, რომ ჩვენ გაგვიმართლა, მარტო იმიტომ რომ ერთმანეთი ჯანმრთელად გვყავს. არც ერთი წამი არ გვქონია პესიმისტური განწყობა...
მე მგონია რომ ნატო არავის გავს ამ პალიტრაში, არის სულ სხვა ფერი. რა თქმა უნდა რაღაცეები გააგრძელა, რაღაცეები გენეტიკურად ჩანს, მაგრამ აიღო და სხვაგვარად გააკეთა ეს ყველაფერი, ნატომ სხვა ტიპი შექმნა საერთოდ, თუ მედეიკო იყო კოკეტკა ქალის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია გაუთავებლად უყვარდეს, ნატო პირიქით, ნატო ტკივილიანი ქალის სახეა...
მაკას ბევრი ბრძოლა ჰქონდა გადასატანი, იგივე ანუკას შემთხვევაში... ცხოვრებამ ძალიან ბევრი შანსი მისცა გმირობის ჩადენის, ესეც გამართლებაა რაღაცა მხრივ, შენ შეგიძლია ეს სიკეთეები აკეთო, მეორეს მხრივ ძალიან დიდი ტრაგედიაა, ამ დროს თუ ოპტიმისტი არ ხარ, და ტირიხარ რატო, რატო, ვერაფერს ვერ გახდები, შენც ჩაიძირები და გარეშემო ხალხსაც ჩაძირავ. მაკა ამ ბრძოლებში გამოიწრთო... არც მე, არც ნატოს არასოპდეს არ გვქონია ამხელა დრამები გადასატანი, შესაბამისად მეც უფრო მეტად დეპრესიული, მგრძნობიარე ადამიანი ვარ, იოლად ვეცემი და ასევე შემიძლია ძალიან ბედნიერი ვიყო. ნატოც ასეა, დეტალებმა, ძალიან პატარა რაღაცეებმა შეიძლება გული ატკინოს, ძალიან პატარასვე შეუძლია ბედნიერება მიანიჭოს, ასე რომ ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ბედნიერი ცხოვრება გვაქვს და გვიხარია, როგორც არ უნდა იყოს ცხოვრება...~

***
`ძვირფასი ხარ ქართული ხელოვნებისთვის და უნდა დიდხანს ბრწყინავდე~ _ ეუბნებოდა მედეას ვერიკო ანჯაფარიძე და ისიც ბრწყინავდა დიდხანს. იმდენად დიდხანს რომ თავად ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნა _ ვერიკო ანჯაფარიძე 87 წლის ასაკში დაკარგა საქართველომ, მედეა 88-ის მოიყარა და თან ვერიკოსგან გასხვავებით სიცოცხლის ბოლომდე იდგა სცენაზე. და თან მისი სცენაზე გამოჩენა ნამდვილად არ იყო `სამუზეუმო შტუკა~ _ ერთ დროს დიდი არტისტის უბრალოდ ცოცხლად ხილვა სცენაზე _ ეს იყო საარაკო რამ, თაობებისთვის მოსაყოლი, თუ როგორ ქმნიდა იგი სასწაულს სცენაზე კვლავ და კვლავ...
მედიკო მაინც სულ სხვა იყო _ ასე მისტიროდა მას დიდი მაესტრო მიხეილ თუმანიშვილი.
იგი მართლაც სულ სხვა იყო. როგორც არტისტული გაქანებით, მზნებარე ტემპერამენტით, დრამატიზმით, უჩვეულო ლირიკულობით, ეშხით, ისე მისთვის ჩვეული ადამიანურიობით, უშუალობით, უბრალოებით, სიხარულისა და ცხოვრებით ტკბობის დიდი ტალანტით.
მას მძაფრად უყვარდა სიცოცხლე და სწორედ ეს ატანინებდა არცთუ ისე ფრაგმენტულ დრამატულ ეპოპეებს ცხოვრებაში...
`მედეა ჩახავა, ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია "13 უმღერო სიყვარულს~ _ წერდა მიხეილ თუმანიშვილი.
მხოლოდ მას, მედეა ჩახავას შეეძლო ათეული წლობით ეტარებინა დიდი თეატრის დიდი რეპერტუარი, ექადაგა სიყვარული სცენიდან და თავადაც ყოფილიყო მუდამ მგზნებარედ შეყვარებული, ყოფილიყო მუდამ ფორმაში _ მხცოვანიც კი, ყოფილიყო კლასიკური დიასახლისი, ეზარდა შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები...


fs28

ავტორი: fs28 რეზო შატაკიშვილი


კალენდარი
ივნისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი