თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადების რამდენიმე ეტაპი გაიარა. გუნდი 3 იანვარს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ორჯერად ვარჯიშებთან ერთად რამდენიმე სპარინგიც გამართა. 23 იანვრიდან 4 თებერვლამდე იგი საწვრთნელ შეკრებაზე ანტალიაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის, ხორვატეთისა და რუსეთის კლუბებთან 5 საკონტროლო შეხვედრა ითამაშა. მზადების დასკვნითი ეტაპი თბილისში წარიმართა.
მზადების პარალელურად, შემადგენლობის გაძლიერების მიზნით გუნდში ფართომასშტაბიანი სელექციის პროცესი მიმდინარეობდა.
განახლებულ სეზონს "დინამო" 10 ახალი ფეხბურთელით გაძლიერებული ხვდება. ესენი არიან:
დიმიტრი ტატანაშვილი. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი სამშობლოში ბრუნდება. 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლო 3 წლის მანძილზე ჩეხეთისა და უკრაინის გუნდებში გამოდიოდა და საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, დინამოელია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 6 თვე პლუს 2 წელი იმოქმედებს. მაისურის ნომერი 18.
ზურაბ არზიანი (80-იან წლებში "დინამოს" მცველის მალხაზ არზიანის ვაჟი). 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგის მახაჩყალის "ანჟიდან" გადმოვიდა და იჯარის წესით 6 თვით "დინამოში" გამოვა. ნომერი 55.
თორნიკე ზარქუა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი მან ზუგდიდის "ბაიაში" ჩაატარა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა, 20 წლის მეკარემ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "დინამომ" პერსპექტიულ ახალგაზრდა მეკარესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნომერი 32.
ნიკა კვეკვესკირი. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული გუნდის კანდიდატი. მან "ბაიაში" 14 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მისით ბუნდესლიგის "კაიზერსლაუტერნიც" სერიოზულად ინტერესდებოდა. ნიჭიერ და იმედისმომცემ 18 წლის ფეხბურთელს კლუბმა ხუთწლიანი კონტრაქტი დაუდო. ნომერი 30.
გიორგი ციმაკურიძე. 27 წლის მცველს უკრაინულ კლუბებში "სტალში", "ილიჩევეცში", "ზარიასა" და "შახტარში" აქვს ნათამაშევი. გიორგი სლოვაკურ " ჟილინაშიც" გამოდიოდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-კაპიტანი იჯარის წესით ბოლოს ტაილანდურ "ტოტ-კატში" ირიცხებოდა, შემოდგომაზე კი გარკვეული პერიოდი "დინამოშიც" ვარჯიშობდა. ციმაკურიძესთან შრომითი ხელშეკრულება 6 თვე პლუს 1 წელი გაფორმდა. ნომერი 28.
პეტარ ელიჩი. 24 წლის. ბოსნიელი ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" იჯარის წესით 6 თვით "დინამოში" ითამაშებს. მას 2 მატჩი ბოსნიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. ნომერი 10.
ირჟი ჰომოლა. 30 წლის ჩეხი მცველი, რომელიც პრაღის "სპარტაში" და "იაბლონეცში" გამოდიოდა. მასთან "დინამომ" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი დადო. ნომერი 4.
სემ ჰაჯიბულიჩი. 24 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ალბანურ "ბესაში" თამაშობდა. იგი "დინამოში" სამი წელი და 6 თვე ითამაშებს. ნომერი 26.
მარკო მაროვიჩი. 28 წლის სერბი მცველის ბოლო კლუბი რუმინული "გაზ მეთანი" გახლდათ. მასთან კონტრაქტი 6 თვე პლუს 2 წელი სისტემით გაფორმდა. ნომერი 14.
"დინამოს" დაუბრუნდა შოთა კაშია. იგი "დინამოში" 2001 წელს მოვიდა და ექვსთვიანი განშორების შემდეგ, 26 წლის ფეხბურთელი კვლავ თავის საყვარელი გუნდის ღირსებას დაიცავს. შოთა 37-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
დავძენთ, რომ "დინამოში" სლოვენიელი შემტევი ნახევარმცველი ბორუტ სემლერიც ისინჯება. სემლერი 26 წლის 25 თებერვალს ხდება და მისი ბოლო კლუბი რუსეთის პირველი დივიზიონის მე-6 გუნდი "მორდოვია" (სარანსკი) გახლდათ. ფეხბურთელმა პირველი პროფესიული კონტრაქტი მიუნჰენის "ბაიერნის" მეორე გუნდთან გააფორმა, სადაც 3 წლის მანძილზე გამოდიოდა. იგი ასევე ხორვატეთის "ვარტექსის" და სლოვენიის "დომჟალეს" ღირსებას იცავდა. სემლერს 7 შეხვედრა სლოვენიის ნაკრებშიც აქვს გამართული. დარჩება თუ არა სემლერი "დინამოში", ამას გუნდის მწვრთნელები რამდენიმე დღეში გადაწყვეტენ.
სიახლეებია დინამოელთა წარმმართველ ბირთვშიც. კერძოდ, გუნდის მთავარ მწვრთნელს კახი კაჭარავას ასისტენტობას ზაურ სვანაძე გაუწევს. კლუბში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფილი დინამოელები მურთაზ შელია და მიხეილ ჯიშკარიანი იმუშავებენ.
განახლებულ სამედიცინო კომპლექსს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების ექიმი-ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი უთავკაცებს, ხოლო "დინამოს" დუბლშემადგენლობას ცნობილი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე უხელმძღვანელებს. გუნდში ასევე ყოფილი დინამოელი ბესიკ ბერაძე იმუშავებს.
2011 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას "დინამო" ხვალ 17 საათზე ეროვნულ სტადიონზე "ცხინვალის" წინააღმდეგ გამართავს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010