ქართველმა საზოგადოებამ, საქართველომ დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა: 56 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე, საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ქურდიანი.
მიხეილ ქურდიანი დაიბადა 1954 წლის 1 იანვარს თბილისში, ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის - ემელიან ქურდიანის - ოჯახში. ღვთით ბოძებული ტალანტისა და იმდროინდელი კულტურული გარემოს წყალობით, შეიძლება ითქვას, მან მიიღო კლასიკური უნივერსალური განათლება. 1971 წელს მ. ქურდიანმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო, გაძლიერებული ინგლისური სწავლების სკოლა; 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1977 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. მაგრამ ამით არათუ შეწყვეტილა, სიცოცხლის ბოლომდე არ დაშრეტილა მისი შემეცნებისა და ახალ ცოდნათა წვდომის წყურვილი; მაგალითად, მან 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და სტრუქტურული, გამოყენებითი და მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობით; ამავე დროს მოამზადა სამაგისტრო ნაშრომი მეტალურგიაში, რაკი ეს ცოდნა დასჭირდა მის კვალიფიკაციას ბრინჯაოს კულტურის ისტორიული მონაცემების კვლევისათვის ამიერკავკასიაში. ამ უნივერსალურ განათლებას აგვირგვინებდა (და - საფუძვლად ედო) არაერთი ევროპული, აღმოსავლური და ძველი კლასიკური ენის ცოდნა.
მეტად ფართო იყო მიხეილ ქურდიანის სამეცნიერო ინტერესების არეალი და კვლევითი დიაპაზონი: ლიტერატურათმცოდნეობა, თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება, ისტორიოგრაფია, რელიგიის ისტორია, პალეოგრაფია... აი, სფეროები, რომლებშიც მას პირველხარისხოვანი კვლევები აქვს შესრულებული. ნიშანდობლივია, რომ იგი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ქართული ლიტერატურის სპეციალობით გახდა 1995 წელს, ხოლო მისი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ქართული ლექსის რიტმული ორგანიზაციის ისტორიულ ანალიზს მიეძღვნა, ორი სპეციალობით იყო დაცული: ენათმეცნიერების თეორია და ისტორია და ლიტერატურის თეორია (1998 წ.). მეცნიერის კალამს ეკუთვნის ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის სოლიდურ მონოგრაფიას - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები" (2007 წ.). ამ მონოგრაფიამ შეაჯამა, ერთი მხრივ, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესაბამისი მონაპოვრები, ხოლო მეორე მხრივ - ავტორის ზოგადთეორიული და კომპარატივისტული დაკვირვებანი კავკასიის მკვიდრ ენათა გენეტიკური ნათესაობის შესახებ; ბასკურ ენასთან ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაური ურთიერთობის დასამტკიცებლად დამატებითი არგუმენტების წარმოდგენაც მის სახელს უკავშირდება. უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის შემაჯამებელი მონოგრაფია იბერიულ-კავკასიურ შედარებით ენათმეცნიერებაში მანამდე არ ყოფილა შექმნილი. მიხეილ ქურდიანმა მოიპოვა ფართო აღიარება ქართველოლოგთა და კავკასიოლოგთა წრეში. იგი იყო საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების საპატიო აკადემიკოსი (1999, ნიუ-იორკი), 1999 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მას "წლის ადამიანის" წოდება მიანიჭა.
მიხეილ ქურდიანი იყო სრულიად გამორჩეული ლექტორი და ორატორი. მრავალმხრივი განათლება, ნათელი გონება, ფართო სამეცნიერო დიაპაზონი და განსაკუთრებული მჭევრმეტყველური ტალანტი მას საშუალებას აძლევდა ელვის სისწრაფით დაეპყრო აუდიტორია და ნათელი აზრისაკენ წარემართა დროთა თუ გარემოებათა გამო დაბნეული მსმენელი.
ასევე გამორჩეული იყო სხვათაგან მიხეილ ქურდიანის ლიტერატურული ტალანტი. მისი გამოკვლევები და ესეები ლიტერატურათმცოდნეობაში, მისი პოეზია და დრამატურგია წარმოაჩენდა მას, როგორც მეტად თავისებური ხედვისა და ხელწერის ხელოვანს, ქართული სიტყვის ჩინებულ ოსტატს.
მიხეილ ქურდიანი იდგა არაერთი ეროვნული წამოწყებისა და ორგანიზაციის სათავეებთან. იგი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი გელათის ისტორიული აკადემიის აღორძინებისა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში, ამ აკადემიის ხელმძღვანელი 2007-2010 წლებში; იგი იყო ილია ჭავჭვაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი (1987 წ.) და მისი საპატიო წევრი 1991 წლიდან; იყო საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი (1989), მისი პრეზიდენტი 1990-94 წლებში და საპატიო პრეზიდენტი 1999 წლიდან; იყო სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების (1987 წ.) ეროვნული მოღვაწეობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ამ საზოგადოების პრეზიდენტი 2003 წლიდან. იგი 1982 წლიდან იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი და 1992 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მიხეილ ქურდიანი იყო ყველგან, სადაც კი მისი ყოფნა დასჭირდა ქვეყანას დაულეველ ძნელბედობათა ხანგრძლივ პერიოდში და მიჰქონდა პირადი მსხვერპლი სიტყვითაც და საქმითაც.
მიხეილ ქურდიანი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, სიყვარულით გულსავსე ადამიანი, მომთმენი, შემწყნარებელი და მიმტევებელი ყველასთვის, ვინც ზნეობრივ პრინციპებს შეგნებულად არ გადაუხვევდა. მან იცხოვრა სიკეთით, გულთან შურისა და შურისგების მიუკარებლად, და აქტიურად მოიმოქმედა და თესა ის სიკეთე, რომელიც მის ქვეყანას და მის ხალხს სჭირდებოდა. რა დასანანია, რომ მან იდეებისა და ჩანაფიქრთა უმეტესობის განხორციელება ვერ მოასწრო, მას სწორედ ახლა, ამ სიმწიფის ასაკში უნდა დაებინავებინა ბობოქარი სიჭაბუკის გეგმები და ჩანაფიქრები... იმედია, მისი კოლეგები და მოწაფეები ისევე უერთგულებენ მეცნიერისა და შემოქმედის მემკვიდრეობას, როგორც ამის მაგალითს თავად მიხეილ ქურდიანი იძლეოდა.
გელათის მეცნიერებათა აკადემია; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010