მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
12. ... ძეო ღვთისაო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი!
...უფლის წყალობით მშვიდობით დამთავრდა ჩემი ოჯახის მოგზაურობა წმინდა მიწაზე. ხვალ, დილით, უკვე, თელ-ავივი-თბილისის საჰაერო ლაინერი გველოდება და, თან მოგვყვება ნანახი და განცდილი. აქაური მადლმოსილება ამკობს მართლმორწმუნეთა სამყაროს და იმაზე ვფიქრობთ, კიდევ როდის გვეღირსება მობრუნება და თაყვანისცემა მაცხოვრის ნატერფალისა.
აივანზე ვისხედით, როცა ტელეფონის ზარმა დაარღვია მყუდროება.
ყურმილი მეუღლემ აიღო.
- დიახ, დიახ!... გისმენთ!... სასიამოვნოა!... ახლავე გასაუბრებთ!...
ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო - გვანჯი მანია!
მე და გვანჯი, გარდა იმისა,რომ თანასოფლელები გახლდით, პირველ კლასშიც ერთად შეგვიყვანეს მშობლებმა და ერთადვე დავამთავრეთ ჯვარის პირველი საშუალო სკოლა. ერთადაც ჩავირიცხეთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე და, როგორც იტყვიან, წავიდა "ლეგენდები" ჩვენს სოფელში ჩვენზე.
ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში (მით უფრო ჟურნალისტიკის განყოფილებაზე!) ჩარიცხვა უმაღლესი იმიჯი იყო არა მარტო ჩვენს სოფელში, არამედ, მთელს საქართველოშიც. ამჟამად იმდენი "უნივერსიტეტი" და "აკადემიაა" აღმოცენებული ჩვენს ქვეყანაში, რომ თითები არ გეყოფათ მათ ჩამოსათვლელად, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. მაშინ სწავლას სხვა ფასი ჰქონდა და ამით ფასდებოდა ქვეყნის, ქართველი ერის იმიჯი.
და ამ იმიჯმა მოგვცა საშუალება გაგვეხორციელებინა ჩვენი "ათასი" ჩანაფიქრი:
...ცნობილ ალპინისტებთან ერთად ავდიოდით კავკასიონის უმაღლეს მწვერვალებზე, ვმოგზაურობდით საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში და მოგზაურობის ამ დაუოკებელმა ჟინმა 1964 წელს, ველოსიპედით გაგვიყენა შორეულ გზებს, რომლებიც ნაომარ ადგილებში გადიოდა. ვიმოგზაურეთ თბილისიდან ნალჩიკამდე, ნალჩიკიდან - მოსკოვამდე, მოსკოვიდან - ლენინგრადამდე, ლენინგრადიდან - ტალინამდე და რიგამდე, რიგიდან - კალინინგრადამდე, კალინინგრადიდან - ვილნიუსამდე, ვილნიუსიდან კიევსა და კიშინიოვამდე, კიშინიოვიდან - ოდესა-სიმფეროპოლამდე, სიმფეროპოლიდან - ქერჩამდე და... კვლავ თბილისამდე!
...მერე, თითქმის ხუთი წელი ერთად ვიმუშავეთ წალენჯიხის რაიონულ გაზეთში!...
...კიდევ წლების შემდეგ, სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში, ყვირილა-რიონი-შავი ზღვის მარშრუტზე დავცურავდით ბრტყელძირა კოლხური ხომალდით... და მას "არგო" ერქვა!
...კიდევ წლების შემდეგ, მე და გვანჯი, ერთად და ცალცალკე, თბილისიდან ვლადივოსტოკამდე, ვლადივოსტოკიდან მაგადანამდე და ნორილსკამდე დავეძებდით ქართულ გენს, რომლებიც ჯერ კიდევ ნაკლებად იყვნენ ცნობილნი თავიანთ სამშობლოში.
ამ ძიებას მოჰყვა მრავალი სტატია-ნარკვევი ქართულ პრესაში.
ჩემი ორი წიგნის ("ჯვარცმული სიცოცხლე" და "ცა, ზღვა და ხმელეთი") მთავარ გმირთა სახელები თბილისში მიენიჭა ორ ქუჩას, - ევგენია მაისურაძისა და გიორგი ბერიაშვილის ქუჩები!
...მერე, მე ოცდაორი წელიწადი ვიმსახურე საქართველოს ტელევიზიაში. გვანჯი ბეჭდურ მედიაში მოღვაწეობდა და, მიუხედავად ამისა, ერთად ვქმნიდით სატელევიზიო გადაცემებს. ასე გაიცნო ქართველმა ტელემაყურებელმა დუშამბელი აგრონომი და მოღვაწე, ავიცენას პრემიის ლაურეტი ვლადიმერ წულაია, რომელმაც ტაჯიკეთი ლიმონისა და ფორთოხლის ქვეყნად აქცია.
...ასე გაიცნო საქართველომ ქართველი მეცნიერი, ნოვოსიბირსკის თბოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი სამსონ ქუთათელაძე და საბჭოთა კავშირში პირველი ჰიდრო თვითმფრინავების მშენებელი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, "კაგებეს" მიერ მანამდე დახურული გენერალ-მაიორი გიორგი ბერიევ-ბერიაშვილი!...
...და მრავალი სხვა!
...ცალ-ცალკეც ხშირად დადიოდაო ჩვენი მარშრუტები, ვთქვი ზემოთ, და ამ მარშრუტებმა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი მომატარა! ოკეანიაში ჩემს სეხნიას შევხვდი, ავსტრალიამ მოთხრობა ("ჩხართვი") დამაწერინა, ბრაზილიაში მაცხოვრის ძეგლის ფერხთით ვილოცე, მცირე აზიაში გზას მინათებდნენ წმინდა სალოცავები!..და ჩემი მოკრძალებული კალამი შეძლებისდაგვარად წერდა ნარკვევებს, ნოველებსა და მოთხრობებს!
ოთხმოციანი წლების შუა ხანებში კი, მსოფლიო "მოიარა" საქართველოს ტელევიზიის უჩვეულო პროგრამამ - "აუქციონი"! ..."დაგვესივნენ" ინგლისის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ტელე-ჟურნალისტები და... გაოცებას ვერ ფარავდნენ, - საბჭოთა კავშირში როგორ შეძელით ამდაგვარი გადაცემის ეთერში გაშვებაო.!
...გამოხმაურებებმაც მსოფლიოს შემოუარა: - ევროპა, აშშ, ჩინეთი, რუსეთი!...
თუმცა...
ბოდიშს მოვუხდი მკითხველს, - გვანჯის "ზარმა" გადამტყორცნა შორეულ მოგონებებში!...
- ალო!.. გისმენ!... სად მომაგენი, შე კაცო.... არა, არა, თბილისში არა ვარ!... წმინდა მიწაზე ვარ!... ისრაელში!... ხვალ მოვფრინავ თბილისში!...
აღფრთოვანებისგან კინაღამ ყურმილში გამოძვრა ჩემი მეგობარი. მანამდე არ მომეშვა, სანამ არ მომაყოლა, სად ვიყავით და რა ვნახეთ... და ერთი რჩევაც "დამავალა":
- დაბრუნებულზე, 12 მოციქულის სახელზე 12 სქელტანიანი ნარკვევი მაინც უნდა "დადოო" რედაქციაში!...
- ვნახოთ, ვნახოთ!... ჯერ ჩამოვიდე თბილისში და მერე ვნახოთ!
ბევრი ფიქრის შემდეგ, მართალი გითხრათ, 12 არა, მაგრამ 10-მდე ნარკვევის დაწერას კი ვაპირებდი. თუმცა, წმინდა მოციქულთა სადიდებელი ხოტბის დაწერას ვერც გავბედავდი. ვერ გავბედავდი, რადგან არ მიმაჩნდა თავი ღირსად, მათზე მომემართა ჩემი მოკრძალებული კალამი და იმ წმინდა მამათა მარაქაში შემებედა, რომელთაც ძალედვათ ამ სიდიადის ხოტბა, ხოტბა ღვთის მადლცხებულ მოციქულთა:
- ანდრია პირველწოდებულისა, პეტრე მოციქულისა, იაკობ ზებედესი, იაკობ ალფესისა, ფილიპე მოციქულისა, ბართლომე მოციქულისა, თომა მოციქულისა, სვიმონ კანანელისა, მათე მახარობლისა, იოანე ღვთისმეტყველისა, მატათასი და იუდა იაკობისი...
...მაგრამ, როგორც ხედავთ, 12 ნარკვევი მაინც გამომივიდა, და მაპატიოს უფალმა, რომ 12 გამოვიდა!
წმინდა მიწიდან დაბრუნებულმა მრავალ წიგნსა და პუბლიკაციას კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი. ინტერნეტმაც გამიწია დახმარება, მაგრამ...
..."მეცამეტემაც" გამოყო თავი!
ჩემდა გასაკვირად, ერთ-ერთი ინტერნეტსტატიის ავტორი "საკმეველს უკმევდა" და ცდილობდა, შეეცოდებინა მკითხველისათვის იუდა ისკარიოტელი, რომელმაც კაცთა მოდგმისათვის სავალალო ბოროტება ჩაიდინა და მაცხოვარსაც კი "გაუკვლია" გზა გოლგოთისაკენ!
არ ვიცი (და არც მინდა ვიცოდე!), ვინ არის ამ სტატიის ავტორი, მაგრამ მომეჩვენა, -სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მომრავლებული "ათეისტებისა" და ქრისტეს მგმობელთა "ტვინის" სიბილწე ეტყობოდა ამ ბეჩავ ნაცოდვილარს.
სტატია ამბობდა: იუდამ მოინანიაო საკუთარი მშობლების დახოცვა და ქრისტეს მკერდზე ნაკბენი ცოდვა... და, რახან მოინანია, აირჩიესო იგი ერთ-ერთ მოციქულად! ...და მივაგოთო სადიდებელი პირველ აპრილს, დღესა იუდას დაბადებისა!
დიახ, ქრისტეს მიმტევებელმა ბუნებამ გამონაკლისი დაუშვა და შეუნდო მას "ქრისტეს კბენანი", მაგრამ სატანას არ "ეძინა", ბოროტი სულის ცხრაკლიტულში ჰქონდა ჩამარხული მშობლების დახოცვის ბოროტება და მის შესახებ არა იცოდნენ რა, მოციქულთა. ...ამიტომაც მიიღეს იგი მეცამეტე მოციქულად... მაგრამ:
...და "გაუტყდა" სახელი რიცხვსა ცამეტსა და აპრილის პირველს!
ეშმაკმა კვლავ გააგრძელა თავისი ცოდვები. ბოროტებით აღსავსე გული კვლავ წარუძღვა წინ და ჯალათთა ბრბომ მაცხოვარი ჯვარცმამდე მიიყვანა!
ესეც უნდა ვაპატიოთო იუდას, ამბობს, "ბო"-ასთან, უზარმაზარ, სატანისეულ ცეცხლოვან კერიასთან მჯდომი ავტორი, - რადგან ხიდან ჩამოვარდნილმა იუდამ სიცოცხლის ფასად ზღოო "უნებლიე" დანაშაული და მსგავსად მაცხოვრისა, აღსდგაო მკვდრეთით!
...მეტკინა ფრიად "იუდას მოციქულთა" ნაბოდვარი.
ამიტომაც მომინდა ორიდე სიტყვით მემხილებინა ამ თხზულების სიბილწე, მაგრამ უფალმა ინება და ერთმა დიდებულმა ქალბატონმა მერი ცუცქირიძემ წმინდა მიწიდან დაბრუნებულს საჩუქრად მომართვა თავისი ახალგამოცემული წიგნი - "კეთილმძლეობის ეთიკა", სადაც ეთიკასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხთან ერთად სულხან-საბას ეთიკის მეცნიერული ანალიზია წამოწეული და, მადლობა უფალს, უფრო დამაჯერებელს ხდის საკითხს, - ვის რა, და როდის უნდა ეპატიოს, და ეპატიოს თუ არა, ყოველი ცოდვა, საერთოდ! ამიტონ, ნებართვას ვთხოვ ნაშრომის ავტორს, გამოვიყენო მისი საკმაოდ მოზრდილი ციტატა "კერიასთან მსხდომთა" მიმართ ჩემი სათქმელის გამოსახატად:
"...სულხან-საბა შეგნებით ჩადენილ ცოდვად მიიჩნევს პეტრე მოციქულის საქციელს, რომელმაც უარყო ქრისტესთან ნაცნობობა, - "არა ვიცი კაცი იგი!"; ხოლო, იუდას საქციელი არის ნებით ჩადენილი. იუდა წინ მიუძღოდა ჰურიათა კრებულს და ეუბნებოდა: "მე ვიცი კაცი იგი და მოგცე თქვენ!!". პეტრემ შეიგნო თავისი დანაშაული. - "ვინა უარ-ვყავ, რომელი ვიცი ჭეშმარიტი ძე ღვთისა მოსრული სოფელთა ხსნისათვის!". პეტრეს სინანული არის მართალი სინანულის მაგალითი. მართალია სინანული და მისატევებელია ცოდვა, როცა ადამიანი შეგნებულად და დროულად მიხვდება, იწუხებს და მოინანიებს ჩადენილ ცოდვას, - ამით განწმინდავს იგი თავის სულს.
სულ სხვა მნიშვნელობა აქვს იუდას სინანულს "ესოდენთა ცოდვათა ზედა არა შეინანა, არცა გულისხმა-ყო, ვითარცა რაჟამს უარყო და მოეხსნა, გამოვიდა და ტიროდა მწარედ, - არცა მოვიდა მოციქულთა მათ თანა, და აღუარა მათ ბრალნი მისნი და მეხვაიშნედ აღიდგინნა იგინი, - არცა მივიდა წინაშე ჯვარისა მის ცხოველს-მყოფელისა, რომელმან ავაზაკი სისხლით შებღალული სამოთხის მოქალაქე იყო და ასისთავი იგი ქრისტეს განგვრემელი ლონგინოს აცხონა, რათამცა ეთქვნე: "მის წინაშე ვსცოდე, რამეთუ სიკუვდილად მომეც, არამედ სიკუდილითა შენითა იხსნი ცოდვილთა და მეცა შემინდევ", არცა თქვა ავაზაკებრ: "მომიხსენე, მეუფეო, ოდეს მოხვიდე სუფევათა შენთა" - არცა თქვა ასისთავისებრ: - "კაცი ესე ძე ღვთისა იყო", რათამცა მისტევებოდა არამედ წარვიდა სიგლისპით და შიშთვილიბა. არა თუ სინანულისათვის დაიშთო თავი, არა, არამედ სირცხვილისა მისთვის, რამე თუ მაშინ მოეხსნეს , რაცა უწინარეს ჰრქვა მას უფალმან, ყოველივე აღსრულდა და ურგებ იქნა მისთვის სინანული იგი ჟამსა უდროოსა". "ხოლო ურგები სინანული ესე არს, რომელი იყო იუდა, რამე თუ, სარცხვინელისათვის მოიკლა თავი და არა გულითა შემუსვრილითა ვიდოდა სიმდაბლითა".
ურგებ სინანულად თვლის საბა ადამიანის მიერ შეგნებულად ჩადენილი ბოროტების გამო მონანიებას სიბერის ჟამს. "ბოროტებანი და მანკიერებანი ადამიანთა სიყრმეშივე უნდა აღმოიფხვრას, თორემ შემდეგ მისი აღმოფხვრა და მიტევებაც შეუძლებელია!" (მ. ცუცქირიძე - "კეთილმძლეობის ეთიკა". გვ.80.ძ
ჰოდა, თქვე დალოცვილებო, იუდას რომელ სინანულზე და მიტევებაზეა ლაპარაკი. ეშმაკეულთა მონანიებას განა მონანიება ჰქვია. და, რადგან, არაგულწრფელია იუდასეული მონანიება, მიტევებაც უსაგნო და მიუღებელია! ...და რახან ასეა, ჩვენ ერთი რამე დაგვრჩენია მხოლოდ, რომ ვთხოვოთ უფალს:
"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი!"
...და ვიცხოვროთ ისე, როგორც გვასწავლის მაცხოვარი:
..."ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ, მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ!" (ლუკა.7.22).
..."მე ვარ პური ხორციელისა; ვინც ჩემთან მოვა არ მოშივდეს, და ვინც მიწამებს არ მოსწყურდეს არასოდეს!" (იოანე.6.35.).
..."არა იმრუშო; არა კაც-კლა, არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეც მამასა შენსა და დედას!" (მარკოზი. 10.19.).
..."და კიდევ: ვინც მამისა და დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს!" (მათე. 14. 4.).
...მიჰყევი ამ სიბრძნეს, თორემ, სიბერეში სინანული უკვე გვიანღა იქნება:
..."სანამ იყავნ ახალგაზრდა სარტყელს შემოირტყამ და მიდიოდე; მიდიოდე სადაც გინდოდეს, ხოლო, როდესაც დაბერდები ხელებს გაიწვდი და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს სადაც არ გინდა!" .(იოანე.30.18.).
...მე კი, ამით დავასრულებ ჩემი ნარკვევების კრებულს წმინდა მიწიდან!
- მადლობა უფალს, რომ მომცა ძალი ამისთვის!













ავტორი:  ზაურ ფიფია


კალენდარი
აპრილი  2015
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი