საკანონმდებლო პროცესმა საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა. საპარლამენტო კომიტეტებმა გასვლითი სხდომები კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე - ჯავახეთში, იმერეთსა და გურიაში გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ამგვარი მოქმედების შესახებ დავალება საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღეს, იმის დასადასტურებლად, რომ საკანონმდებლო ორგანო პარალიზებული არ არის და აქციების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები შეუფერხებლად ფუნქციონირებენ.
გასვლით სხდომებამდე ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მუშაობა პარალიზებული იყო. შენობაში, რომლის კარიც 9 აპრილამდე სპეციალურად დამონტაჟებული რკინის ურდულით გადაკეტეს, მხოლოდ სპეცრაზმი იყო გამაგრებული. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მას შემდეგ აღარ ცხადდებოდნენ, რაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს პარალიზების შესახებ ინფორმაცია საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა მიტინგზე 21 აპრილს გაახმოვანეს
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართა და პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"დღეს დილით, 09.00 საათზე პარლამენტში ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელიც 6 წუთი და 17 წამი გაგრძელდა.
ექვსი წელი პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, 1995 წლიდან პარლამენტის წევრი და არ მახსოვს არცერთი ბიუროს სხდომა, რომელიც ჩუმად, დამალულად შეკრებილიყო და შემდეგ 6 წუთი გაგრძელებულიყო. ბიუროს დღევანდელი სხდომა მხოლოდ სატელევიზიო კადრებისთვის ჩატარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელს არ ვუშლით, პარლამენტი ვერ და არ მუშაობს. იმალებიან, ეშინიათ, ვიღაცას რცხვენია კიდეც. ჩვენ აქტიური ქმედებები უნდა გავაგრძელოთ. შედეგად კი, ყველა სახელმწიფო უწყება მივა იქამდე, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იქ მომუშავე ადამიანებისა თქვენს მხარეს გადმოვა. ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტი ვერ და არ მუშაობს და მხოლოდ სპეცრაზმები მუშაობენ, უკანონობის ზღვარს გადააბიჯებს და ერთად დგომით აუცილებლად გაიმარჯვებს, - განაცხადა ბურჯანაძემ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს იმავე დღეს გამოეხმაურა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არჩევანი არ არის. პარლამენტის შენობის პიკეტირების ფონზე ხელისუფლების ამოცანაა, მინიმუმამდე დაიყვანოს ყოველგვარი პროვოკაციის შესაძლებლობა. შეზღუდვები კი პარლამენტში ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დაშვებაზე მაშინვე მოიხსნება, როგორც კი პარლამენტთან მიმდინარე აქციები ნორმალურ სახეს მიიღებს. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და რისკებისა და კონფრონტაციის საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო კომიტეტებმა რეგიონებში გასვლითი სხდომების ჩატარება ზუსტად ამ განცხადებების შემდეგ, 23 აპრილიდან დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ამგვარი მოქმედების შესახებ დავალება საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღეს, იმის დასადასტურებლად, რომ საკანონმდებლო ორგანო პარალიზებული არ არის და აქციების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები შეუფერხებლად ფუნქციონირებენ.
სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემები 23 აპრილს თელავში სასტუმრო ძველი მარანის საკონფერენციო დარბაზში პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრებმა განიხილეს. მომდევნო დღეებში, ზედიზედ, რეგიონებში გასვლითი შეხვედრები გამართეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონულ საკითხთა, საფინანსო, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების წევრებმა. ოფიციალური ცნობით, საპარლამენტო კომიტეტები რეგიონებში გასვლით სხდომებს გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ჩასული დეპუტატები როგორც სხდომის დროს, ასევე სხდომის დასრულების შემდეგ, ტელეკამერების წინ, ძირითადად, ადგილობრივ პრობლემებს ისმენენ და მათი მოგვარების დაპირებებს იძლევიან.
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის პიკეტირების საკითხი, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ დაგმო და მას დემოკრატიული კონსტიტუციის წინააღმდეგ რამდენიმე ასეული ადამიანის მოქმედება უწოდა.
ელჩის თქმით, მისთვის, როგორც დიპლომატისთვის, მიუღებელია ის ფაქტი, რომ იძულებულია, პარლამენტის თავმჯდომარეს სასტუმროში შეხვდეს, რადგან რამდენიმე ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, დემოკრატიული კონსტიტუციის წინააღმდეგ იმოქმედოს.
ერიკ ფურნიეს ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა ალიანსი თავისუფლებისათვის ერთ-ერთმა ლიდერმა გია მაისაშვილმა.
პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩი ქართულ კანონმდებლობაზე ცუდად არის ინფორმირებული.
ქართული კანონმდებლობის მიხედვით, საკმარისია განაცხადის შეტანა მერიაში და სხვა ნებართვა ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სჭირდებათ პროტესტის ქუჩაში გამოსახატად, - აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ არავის უშლიან პარლამენტში შესვლას და თუ პარლამენტში ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ შედიან, ეს მხოლოდ მათი უუნარობის ბრალია.
მისივე თქმით, "ხელისუფლების მცდელობაა, ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს დაატაკოს". "ხელისუფლების მცდელობაა, ყველა ჩვენს წინააღმდეგ განაწყოს, თუნდაც - საზოგადოება. საზოგადოება როცა რეალურად შეიკრიბა და არა ასეულობით, არამედ ათიათასობით და ასიათასზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, ტელევიზიებმა ეს არ გააშუქეს,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საფრანგეთის ელჩს საკუთარი ქვეყნის მაგალითი შეახსენა ალიანსი საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
მოვუწოდებ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, გაიხსენონ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები და ნუ დახუჭავენ თვალს იმ გაყალბებებზე, რომელიც ამ დღეს საქართველოში ხდებოდა. საფრანგეთის ელჩს კი შევახსენებ, რომ თუნდაც საფრანგეთში პროტესტის გამოხატვის დროს ხალხის მასა ანგრევს ყველაფერს, საქართველოში კი, მომიტინგეებს არაფერი დაუზიანებიათ, - განაცხადა გამყრელიძემ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010