საბრძოლველად 7 აგვისტოს გაგვიყვანეს. 8 აგვისტოს ცხინვალში ვიბრძოდით. ყველა მხრიდან გვბომბავდნენ. ათობით ჯარისკაცი რამდენიმე წუთში დაიღუპა. ჭურვის აფეთქების შედეგად გონება მეც დავკარგე. გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორ მოვხვდი, არ მახსოვს, - სხვას ვერაფერს იხსენებს I ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის მსროლელი 21 წლის ნიკა ამირაჯიბი. ექიმებმა მას თავის ტყვინის შერყევის, ქალა - ტვინის დახურული ტრავმის და კონტუზიის დიაგნოზი დაუსვეს. დაზარალებულს ორი თვის განმავლობაში მეტყველება საერთოდ დაკარგული ჰქონდა. უძილობა, უნებლიე მოძრაობები და პრობლემები ახლაც აქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მკურნალობს.
ოფიციალური მონაცემებით, ნიკა ამირაჯიბი საქართველოს სამხედრო ძალებში 2008 წლის მარტიდან მსახურობდა. ნიკას დედის, ირმა ამირაჯიბის თქმით, მისმა შვილმა I ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მუშაობა საკუთარი სურვილით დაიწყო. სამხედრო ძალებში მუშაობის დაწყება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი ის, რომ ახალგაზრდა ბიჭისთვის ჯარში სამსახური, საამაყოცაა და პრესტიჟულიც. მეორე ის, რომ სამუშაო ადგილები არ არის და სხვაგან დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ოჯახში რვა ადამიანი ვართ. არცერთი ჩვენგანი არ მუშაობს. თავს ნაკვეთში მოყვანილი მოსავლით და ოჯახის ასაკოვანი წევრების პენსიით ვირჩენდით. ჩვენი სოციალური მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გართულდა, რაც ნიკამ ოჯახი შექმნა და ბავშვი შეეძინა. სამხედრო ძალებში მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, - ამბობს ირმა ამირაჯიბი.
კონტრაქტის მიხედვით ჯარისკაცის ყოველთვიური ხელფასი 700 ლარს შეადგენდა. სამსახურში დაწყებიდან ცოტა ხანში ჯარისკაცმა ოჯახის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბანკიდან 3500 ლარის ოდენობით სესხი აიღო და კუთვნილი ხელფასიდან ყოველთვიურ გადასახადს ყოველთვის თვითონ იხდიდა, ვიდრე აგვისტოს ომის შედეგად არ დაზარალდა.
2008 წლის 11 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამედიცინო ბატალიონის სამხედრო საექიმო კომისიამ ჯარისკაცი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჩათვალა და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტროს მისთვის არანაირი კომპენსაცია არ მიუცია. სამინისტროდან ვინმე არც ომის შედეგად დაზარალებული ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მისი მკურნალობის საკითხით დაინტერესებულა.
ნიკას ჯანმრთელობაზე მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში მხოლოდ ოჯახმა იზრუნა. დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო სახმარების გასაწევად ჯარისკაცის მშობლებმა სახლიდან საოჯახო ნივთები, ვენახი და ნაკვეთებიც გაყიდეს. უსახსრობის გამო დაზარალებულმა მკურნალობა ბოლოს სოფლის ამბულატორიაში განაგრძო, მაგრამ უშედეგოდ. პრობლემები მას ამ დრომდე აქვს.
ამჟამად, ამირაჯიბების ოჯახის შემოსავალი, მხოლოდ სიღატაკის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიღებული საარსებო შემწეობაა, რომელიც ერთი თვის წინ დაენიშნათ.
მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ბანკი თავისას ითხოვს. ამირაჯიბებს კრედიტის ნაწილი დასაფარი აქვთ და იმ შემთხვევაში თუ სესხის გადახდას ვერ შეძლებენ, ბანკი მათ უძრავ ქონებას, ანუ რვა ადამიანის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს დააყადაღებს და გაყიდის.
კითხვაზე, ეკუთვნოდა თუ არა ომის შედეგად დაზარალებულ ნიკა ამირაჯიბს სამხედრო ძალებიდან გათავისუფლების შემდეგ კომპენსაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს: არა, იმიტომ, რომ დასახიჩრება მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულების დროს უბედური შემთხვევის შედეგად, რომელიც არ უკავშირდება სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებას.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010