მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
ივანე ამირხანაშვილი: ორი იბერია. ერთი კომპლექსი ანუ ჟოზე სარამაგუს ფსიქოლოგიური მეტაფორა

მსგავსი უცნაური ამბავი იშვიათია საქართველოს ისტორიაში: იოანე ათონელი, ექვთიმეს მამა, ჭკვიანი, განათლებული და დარბაისელი კაცი, უცებ ადგება და ესპანეთში მიდის. ავიდოსიდან აბრუნებენ და ბიზანტიის იმპერატორის ჩარევით ათონზე ტოვებენ.

"ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ", - სპანიაშიო, განმარტავს გიორგი მთაწმიდელი და იმასაც გვამცნობს, რომ იოანე ათონზე ატეხილმა შუღლმა გააქცია ესპანეთისკენ.

ბერძნებისაგან დაბრიყვებული ქართველი კაცი სულის მოსაოხებლად პირენეის იბერიაში მიდის.

ისტორიულ-კულტურულ-ეთიკური "მუდმივა": არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელსაც ქართველი კაცი განიცდიდა ჯერ ბერძნების, შემდგომ კი დასავლეთ ევროპის მიმართ.

ათონიდან პირენეიზე მიმავალი გზა საქართველოდან იწყება და, ჩემი აზრით, ეს არის უფრო მყარი და უწყვეტი რამ, ვიდრე ისტორიული აბრეშუმის გზა ან ყბადაღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალი. კავკასიასა და პირენეის ნახევარკუნძულს სისხლისმიერი ნათესაობის გარდა ურთიერთობათა სიახლოვეც რომ გვაკავშირებდეს, მაშინ არ გაგვიკვირდებოდა ერთმანეთის უცნაურობანი, მაგრამ სანამ სიახლოვის დრო დამდგარა, მანამ ყოველთვის გაგვაოცებს ჩვენს ხასიათებში აღმოჩენილი პარალელები. თუნდაც ისეთი უნებლიე და ქართველებისთვის მეტისმეტად თანამედროვე პარალელი, როგორიც პორტუგალიელმა ჟოზე სარამაგუმ შემოგვთავაზა რომანში "ქვის ტივი", სადაც საკითხი პირდაპირ, უცერემონიოდ დგას: პირენეის იბერიელთა არასრულფასოვნების კომპლექსი დასავლეთ ევროპის მიმართ, ანუ "ჰო" თუ "არა".

ორი იბერია. ერთი კომპლექსი.

წარმოგიდგენიათ, საქართველო მოწყდეს კავკასიის ქედს და დაეშვას ქვემოთ, ინდოეთის ოკეანისაკენ?

ცოტა არ იყოს, წარმოსადგენად ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი.

პირენეის ნახევარკუნძული კი ნამდვილად მოწყდა ევროპის მატერიკს და ატლანტის ოკეანეში შეცურდა.

საით მიცურავს ქვის ტივი? - სამწუხაროდ, ზუსტად თვით სარამაგუმაც არ იცის და, როგორც ჩანს, არც არის საჭირო, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, გაუცხოებით თავგზააბნეული ტივი ოკეანეში ჩაიკარგება, თუ თავის კომპლექსებში.

სანამ ტივის მიმართულებას გავარკვევდეთ, რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ ვინ არის და საიდან მოვიდა ეს სიმპათიური "პორტუგალოპითეკი" ჟოზე სარამაგუ.

დაიბადა 1922 წელს, ღარიბი გლეხის ოჯახში, ლისაბონის ჩრდილო-აღმოსავლეთით ასიოდე კილომეტრზე მდებარე სოფელ აზინაგაში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩამოუდის მდინარე და მას ალმონდა ეწოდება.

მამა - ჟოზე დე სოუსა, დედა - მარია დე პიედადე.

მასაც ჟოზე დე სოუსა ერქმეოდა, რომ არა ახირებული რეგისტრატორი, რომელიც ადგა და მეტრიკაში ჩაუწერა მამამისის მეტსახელი - სარამაგუ.

სარამაგუ ველური ბალახია და პორტუგალიაში მას ღარიბები იყენებენ საკვებად, როგორც ჩვენში კოფჩხილას, სატაცურს ან ეკალას.

ჟოზე ორი წლის იყო, როცა მამამ, უკვე ყოფილმა არტილერისტმა, პირველი მსოფლიო ომის მონაწილემ, სოფელი მიატოვა და ლისაბონში გადაბარგდა, სადაც პოლიციელად დაიწყო მუშაობა. ქალაქში ოდნავ მოითქვეს სული, თუმცა არა იმდენად, რომ საკუთარი ბინა ჰქონოდათ. მხოლოდ 14 წლის იყო ჟოზე, როცა პაწია სახლის ყიდვა მოახერხეს.

სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. პატარა ჟოზე ხშირად დაჰყავდათ დედულეთში, სადაც პაპა და ბებია ცხოვრობდნენ. აქ გატარებული დღეები განსაკუთრებულ მოგონებებად შემორჩა მწერალს. ნობელის ლექციაშიც გაიხსენებს ამბავს, თუ როგორ უწვენდნენ ლოგინში ძუძუმწოვარა გოჭებს, რათა თოთო ოთხფეხები ზამთრის სიცივეში არ გაყინულიყვნენ.

უსახსრობის გამო საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა. ტექნიკურ სასწავლებელში გადაიყვანეს, ხუთი წელი მექანიკოსობას სწავლობდა. ოჯახში პირველი წიგნი შეიძინეს მაშინ, როცა ჟოზე 19 წლის შესრულდა. ალბათ ამიტომ იყო, 1998 წლის შემოდგომაზე, როცა სარამაგუს ნობელის პრემია მიენიჭა, ინტერნეტში გაავრცელეს ჭორი, თითქოს პორტუგალიელ ნობელიანტს წერა-კითხვა ორმოცდაათი წლისას ესწავლოს. თუმცა ამ ასაკში გამოცემული ჰქონდა ერთი რომანი, ერთი პოეტური კრებული და რამდენიმე თარგმანი. ასეთი შემოქმედებითი სიმწირე, როგორც თავადვე წერს, უბრალოდ იმის ბრალი იყო, რომ სათქმელს ვერ პოულობდა. ცხრამეტწლიანი პერიოდი, 1947-დან 1966-მდე ისე განვლო, კალაში ხელი არ აუღია. ამ ხნის განმავლობაში მისი ძირითადი სამსახური იყო ლითონგადამამუშავებელი კომპანია და გამომცემლობა "ესტუდიოს კორი", სადაც ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდა. პოლიტიკური მიზეზების გამო ხშირად უმუშევარი რჩებოდა.

უმუშევრობის ერთ-ერთი პერიოდი სოფელში გაატარა და მთავარიც აქედან დაიწყო. "უმუშევარი ვიყავი და პოლიტიკური ვითარებაც ისეთი იყო, ხეირიანს ვერაფერს ვიშოვიდი. გადავწყვიტე, მთლიანად ლიტერატურაში გადავშვებულიყავი: ბოლოსდაბოლოს, დრო იყო გამერკვია, ვღირდი მწერლად, თუ არა", - წერს ჟოზე სარამაგუ. დადგა სწავლის, დაკვირვებისა და ფასეულობათა მონიშვნის ჟამი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1976 წლის იანვარ-თებერვალში, ალენტეჟოს პროვინციის სოფელ ლავრეში დაიბადა მომავალი ნობელიანტი.

პირველი "იხთიოზავრი" 1980 წელს ამოჰყვა შთაგონების მოვარდნილ მეწყერს - ეს არის რომანი "მიწიდან აღმდგარნი". აქ იპოვა თავი, სტილი, მანერა. ათ წელიწადში კიდევ ხუთი რომანი გამოაქვეყნა: "ბალთაზარი და ბლიმუნდა" (1982), "რიკარდო რეისის სიკვდილის წელი" (1984), "ქვის ტივი" (1986), "ლისაბონის ალყის ისტორია" (1989) და "იესო ქრისტეს სახარება" (1991).

შემოქმედებითი აღმავლობის პიკზე სიყვარულიც ეწვია. ცოლად შეირთო ესპანელი ჟურნალისტი პილარ დელ რიო (პირველი ცოლი ილდა რეისი, რომელზეც 1944 წელს იყო ჯვარდაწერილი, ჟოზეს მეორე ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ, 1998 წელს გარდაიცვალა).

1991 წელს პორტუგალიის მთავრობის ცენზურამ აკრძალა "იესო ქრისტეს სახარების" წარდგენა ევროპის ერთ-ერთ ლიტერატურულ პრემიაზე იმ საბაბით, რომ წიგნი შეურაცხყოფს კათოლიკობას. პროტესტის ნიშნად ჟოზე და პილარი კანარის კუნძულ ლანზაროტეზე მიდიან საცხოვრებლად, რის შემდეგაც მწერალი აქვეყნებს "ლანზაროტეს დღიურების" ხუთ წიგნს და ორ რომანს: "სიბრმავე" (1995) და "ყველა სახელი" (1997).

1998 წელს მიენიჭა ნობელის პრემია სწორედ იმ რომანისათვის, რომელიც პორტუგალიის სამთავრობო ცენზურამ დაიწუნა.

ორიოდე სიტყვა მწერლის გვარის ტრანსკრიფციის შესახებ.

დღემდე სადავოა საკითხი, ქართულად სარამაგუ უნდა ვწეროთ, თუ სარამაგო. (სხვათა შორის, ეს ვერც რუს ლიტერატორებს გაურკვევიათ).

პორტუგალიური ენის ფონეტიკის სახელმძღვანელო გვასწავლის, რომ ფონემა ო, ანუ ხშული ო არტიკულაციის დროს გადაიქცევა უ-დ. აქედან გამომდინარე, Saramago უნდა წავიკითხოთ როგორც სარამაგუ.

პოპულარული მაგალითები: Amado - ამადუ, Figo - ფიგუ, Fernando Pessoa - ფერნანდუ პესოა.

ასე, რომ უნდა ვწეროთ სარამაგუ და არა სარამაგო.

"ქვის ტივში" კი ყველაფერი იმით იწყება, რომ ჟოანა კარდა მიწაზე გაუსვამს საქსოვ ჩხირს, ჟოაკინ სასა ზღვაში ქვას ისვრის, პედრო ორსე სკამიდან წამოდგება, ჟოზე ანაისო სადღაც მიდის, მარია გუავაირა სხვენზე ადის, სადაც აღმოაჩენს, რომ ძველი წინდიდან გამქრალა შავი დღისთვის გადანახული ფული.

ზუსტად ამ დროს ალბერიის მთებში, საფრანგეთ-ესპანეთის საზღვრის გასწვრივ ნაპრალი ჩნდება და იბერია წყდება ევროპის კონტინენტს.

ადამიანის გარეშე, გარეშე მოქმედებისა სამყარო არ არსებობს და ამიტომ ადვილი შესაძლებელია, გლობალური მოვლენა დაიწყოს იმით, რომ ვიღაცამ ჩხირით მიწაზე ხაზი გაავლოს, ან ზღვაში ქვა ისროლოს.

"ქვის ტივის" მკითხველი ვერ გაიგებს, რატომ ეძებს ხელისუფლება ჟოაკინ სასას, კანტორის რიგით თანამშრომელს, რომელმაც ზღვაში ქვა ისროლა, რატომ დასდევენ ესპანელ აფთიაქარ პედრო ორსეს, რომელიც გრძნობს, თუ როგორ კანკალებს დედამიწა, რატომ დაჰყვება შოშიების გუნდი სკოლის მასწავლებელ ჟოზე ანაისოს, რატომ გაეყარნენ ქმრებს ჟოანა კარდა და მარია გუავაირა, ან რისთვის დაეხეტებიან ეს ადამიანები კუნძულად ქცეულ პირენეებზე. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ავტორსაც უჭირს, უფრო სწორად, მას არ აინტერესებს "რატომ"? რადგან მისთვის მთავარია - "რა?" მას აინტერესებს მოქმედება, რომელიც მისგან დამოუკიდებლად, თავისთავად ხდება, მიმდინარეობს, როგორც ეროვნული ხასიათის, იბერიული გონის მოქმედების პროცესი. როცა ქვის ტივი 200 კილომეტრით დასცილდება ევროპას, პორტუგალიაში იწყება სოციალურ-ფსიქოლოგიური კრუნჩხვები და კონტინენტური თვითშეგნების კვდომა, თვითშეგნებისა, რომელიც შესაძლოა არც კი არსებობდა, რადგან პორტუგალიელს, ისევე, როგორც ქართველს, დაბადებით დაჰყვება დამთრგუნველი კითხვა - "ვარ თუ არა ევროპელი?"

ორი არალიტერატურული სცენა თანამედროვე ქართული ტრაგი-კომედიებიდან. 1989 წელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოსკოვს ზურგს აქცევყს და უეფაში შესვლის გზებს ეძებს. ამისათვის გადასაჭრელია პირველი რიგის საკითხი - ვართ თუ არა ევროპა? გაზეთ "ლელოში" იბეჭდება სტატია, რომელშიც ფეხბურთის მოყვარული, პროფესიით გეოგრაფი წერს: დავადგინე, ევროპის სასაზღვრო ზოლის შიგნით თბილისი არა, მაგრამ ომალო და ყაზბეგი ექცევიან და თუ გვინდა უეფაში მიგვიღონ, ამ რაიონებში სასწრაფოდ ფეხბურთის თითო გუნდი მაინც უნდა ჩამოვაყალიბოთო იმავე პერიოდში იყო: სკანდინავიელ სტუმრებს ვეკითხები, თბილისში თუ შენიშნეთ რაიმე ევროპული-მეთქი. მოწყალე ღიმილით გააქნევენ თავს - "ვერაო!" თან ეტყობათ, ვერ გაუგიათ, რატომ ვეკითხები ამ სისულელეს.

რისთვის გვინდა, ვიყოთ ის, რაც არ ვართ, ან რისთვის არ გვინდა ვიყოთ ის, რაც ვართ?

არ ვიცი, რას ფიქრობდა ამ კითხვაზე იოანე ათონელის ძე - ექვთიმე, რომელსაც იმპერატორის კარზე "სრულიად ბერძენს" ანუ დღევანდელი გაგებით, ევროპელს უწოდებდნენ, მაგრამ ის კი ცხადია, XI საუკუნიდანვე რომ ჩავძიებოდით საკუთარ ცნობიერებას, დღეს მაინც აღმოვაჩენდით ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენს ნაცვლად მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოთქვა მიგელ დე უნამუნომ:

"მას შემდეგ, რაც ამ რამდენიმე წლის წინათ თანამედროვე ევროპის კულტურის კერები მოვინახულე და მერე ჩემსას მოვუბრუნდი, მარტო რომ დავრჩი საკუთარ ცნობიერებასთან, ვკითხე ჩემს თავს: "ვარ კი ევროპელი? ვარ კი თანამედროვე?" და ჩემმა ცნობიერებამ მიპასუხა: "არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც ევროპელს უწოდებენ! არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც თანამედროვეს უწოდებენ!" და მე კვლავ მივმართავ ჩემს თავს: "და თუ შენ არც ევროპელად გრძნობ თავს და არც თანამედროვედ, მაშინ ვაითუ არც ესპანელად მიგაჩნია თავი!" მაგრამ ჩვენ, ესპანელები ხომ სულის სიღრმეში ესპანელებად ვრჩებით და ევროპულობისა და თანამედროვეობის შემადგენელ ნაწილებად არ ვიშლებით! მაშასადამე, რაკი ასეთები ვართ, აღარაფერი გვეშველება? მაშასადამე, თანამედროვეობისა და ევროპულობის გარდა სხვა ცხოვრება აღარ არსებობს? სხვა კულტურა, თუ, რაც გნებავთ, ის დაარქვით, აღარა არის რა?" (მიგელ დე უნამუნო. "ევროპეიზაციისათვის", ესპანურიდან თარგმნა მერი ტიტვინიძემ, ჟურნალი "ომეგა", N 9, 2000 წ.).

აი, რატომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ საით მიცურავს ქვის ტივი. ამ დიდი ესპანელის ნააზრევზე აღზრდილი სარამაგუ ფიქრობს არა მიმართულებაზე, არამედ სიღრმეზე, პორტუგალიურ-იბერიული ცნობიერების შიგა სამყაროზე, რომლის დაშლილი ნაწილების სიმბოლოს სწორედ ალბერიის მთებში მოწყვეტილი ქვის ტივი წარმოადგენს.

ქვის ტივის მოსახლეობისთვის კი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას იტყვის შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც, ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჰუმანურ დახმარებას უგზავნის ბედის ანაბარად მიტოვებულ იბერიელებს და თან აკრიტიკებს პორტუგალიის ხელისუფლების მოქმედებას. კაცმა რომ თქვას, მართლაც უპასუხისმგებლოდ იქცევა პორტუგალიის პრეზიდენტი - შლის ერთპარტიულ მთავრობას და აყალიბებს ეროვნული ხსნის მრავალპარტიულ კოალიციას, - "თუ დაღუპვაა, ერთად დავიღუპოთ!"

სარამაგუ ყოველთვის ერიდება ირონიის გამკვეთრებას, მაგრამ იმ ეპიზოდში, როცა ამერიკა ხაზგასმულ ყურადღებას იჩენს ევროპის მთავრობებისგან დაბრიყვებული ქვის ტივის მიმართ, თავს უფლებას აძლევს გროტესკნარევი ირონიით დაგვანახოს, თუ როგორ ცდილობენ პატარა პორტუგალიის შვილები ზესახელმწიფოს წინაშე თავის გამოჩენას.

სარამაგუს არც პოლიტიკური აქცენტების გამოკვეთა ახასიათებს, მაგრამ თავს ვერ იკავებს, როცა საქმეში საერთო იბერიული კომპლექსი ერევა. კერძოდ, პირდაპირ ამხელს პორტუგალიის მთავრობას, რომელიც ხელოვნურად ქმნის კონფლიქტს ევროპასთან, პროამერიკულ ორიენტაციას კი ტენდენციურად აზვიადებს. ჩვენთვის ეს უმნიშვნელო მომენტი იქნებოდა, ანალოგიური სქემა ქართულ პოლიტიკაშიც რომ არ მოქმედებდეს. ჩავსვათ აღნიშნულ ანტინომიურ წყვილში ევროპის ნაცვლად რუსეთი და მივიღებთ სწორედ იმ საერთო იბერიულ კომპლექსს, რამაც ქვის ტივად აქცია პირენეები დასავლეთში და საქართველო - აღმოსავლეთში!

ასე მგონია, როცა რომის პაპი კლიმენტ XI ვახტანგ მეექვსისადმი მოწერილ წერილში საქართველოს "აზიის იბერიას" უწოდებს, ამ დროს დასავლეთში უკვე იციან, რომ ევროპის იბერია ეროვნულ-ფსიქოლოგიური არქეტიპებით უკავშირდება კავკასიას, სადაც, მათი აზრით, გაუცხოების იგივე კომპლექსები მოქმედებს, რაც საუკუნეების განმავლობაში შეინიშნებოდა პირენეის ნახევარკუნძულზე.

არავინ იცის, საიდან მოდის გაუცხოების იმპულსები, ან სად არის ნამდვილი ევროპის ცენტრი, ევროპის სულის დვრიტა, რომელიც ახლოს არ იკარებს უმცირეს "არაევროპულ" ნაწილაკსაც კი, ანდა რომელია ის ქვეყანა, რომელიც თავს ევროპის პირველსახედ მიიჩნევს - იტალია? საფრანგეთი? გერმანია? ბრიტანეთი?.. ყველა ერთად, თუ არცერთი - ცალ-ცალკე? რაც უფრო ღრმად ჩავყვებით ისტორიას, მით მეტ წინააღმდეგობას დავინახავთ ამ ქვეყნებს შორის. ურთიერთბრძოლამ, ურთიერთგანზიდვის სულმა ჩამოაყალიბა ევროპის პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი და დღეს თუ ლაპარაკია ინტეგრაციაზე, ესაც დიდი წინააღმდეგობების დამაგვირგვინებელი ფაზაა, რომელიც სრულიადაც არ ნიშნავს ნიველირების პროცესის ნებაყოფლობით აღიარებას. რაციონალისტურ ევროპაში ზოგჯერ ფატალური პარადოქსებიც ხდება. არასრულფასოვნების იბერიული კომპლექსი გამოხატულებაა იმ მუდმივად არსებული წინააღმდეგობისა, რომელიც ევროპის გულში არ შეიმჩნევა, სამაგიეროდ, ხელისგულივით მოჩანს პერიფერიებში. ევროპულია თვითგანზიდვის ის ძალა, რამაც პირენეები კონტინენტს მოწყვიტა და ქვის ტივად აქცია.

"რაკიღა პირენეელები არ დარჩნენ ევროპის წიაღში, - წერს ჟოზე სარამაგუ, - იმას ნიშნავს, რომ ისინი ბოლოსდაბოლოს მიხვდნენ, თუ რას წარმოადგენს ეს კონტინენტი და დაეხსნენ მას, რათა შემდგომში სხვა არასრულფასოვანი ევროპელებიც ადრე თუ გვიან მიხვდნენ, რომ აქ მათ არაფერი ესაქმებათ. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთელი კონტინენტი ერთ ქვეყნად გადაიქცევა და იგი იქნება ჭეშმარიტად ევროპული სულის კვინტესენცია, მისი სრულყოფილი განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ის, რომ მივიღებთ ევროპას როგორც ერთ მთლიან შვეიცარიას".

პირენეის იბერიელები ინტუიციით მიხვდნენ: თუ გინდა იყო იქ, სადაც ხარ, ერთხელ მაინც უნდა მიატოვო ეს ადგილი, რათა მშობლიურმა წიაღმა უძღები შვილივით დაგაბრუნოს უკან.

ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ახდეს სარამაგუს წინასწარმეტყველება და ერთ მშვენიერ დღეს ევროპის ყველა ერმა განაცხადოს - "ჩვენც იბერიელები ვართ!" - რაც იმას მოასწავებს, რომ ყველამ ცალ-ცალკე გაითამაშოს უძღები შვილის მისტერია, რათა საბოლოოდ დაუბრუნდეს ერთიან, უკომპლექსო ევროპას, რომელსაც არ ექნება ცენტრი, ანუ ის ადგილი, რომელიც არასრულფასოვნების კომპლექსით თრგუნავს თავის პერიფერიებს.

რომანის ნახევრად ღია ფინალსაც აქეთ მივყავართ. ქვის ტივი ჩერდება. ევროპული გრავიტაციის კანონი იწყებს მოქმედებას. პირენეები თავის ადგილს უთუოდ დაუბრუნდება, მაგრამ რას უზამ მიწას, რომელიც ისევ კანკალებს? თუმცა შეიძლება არც ეს იყოს კატასტროფა, თუ გაიგებ, რატომ კანკალებს მიწა; კვლავ შიში ევროპის წინაშე? არაფერია! ისტორიაში მოიძებნება წამალი. ეს იყოს თუნდაც დიდი ევროპელის ოსვალდ შპენგლერის იმპერატივი "ევროპის დაისიდან":

"სიტყვა ევროპა ისტორიიდან უნდა ამოიშალოს. არ არსებობს "ევროპელის" ისტორიული ტიპი. "ევროპა" ცარიელი სიტყვაა!"

ქვის ტივის ევროპასთან დაბრუნების საუკეთესო ნიშანი ის უნდა ყოფილიყო, რომ ჟოზე სარამაგუს, ამ მეამბოხე იბერიელს, ნობელის პრემია მიეღო. ახლა გვიან არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვიტყოდი: როცა 1998 წლის მაისში პირველად წავიკითხე ნაწყვეტი სარამაგუს რომანიდან "იესოს სახარება", მაშინვე გავიფიქრე, ნობელის კომიტეტი უსათუოდ წამოეგება პორტუგალიელის მიერ ოსტატურად დაგებულ ანკესზე-მეთქი. ლიტერატურული ერესის დიდი დოზა, რითაც ეს რომანია გაჯერებული, საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ვარაუდის გასამართლებლად. ობივატელური თვალსაზრისით, არც ის უნდა ყოფილიყო ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ იგი პორტუგალიის სამთავრობო ცენზურის მიერ აკრძალვის ბეჭდით იყო დაღდასმული.

ცენზურამ იჩქარა, ვერ განსაზღვრა, საით იყო მიმართული ნაწარმოების მეამბოხე სულისკვეთება, ვერც ის გაითვალისწინა, თუ რაოდენ შორს დგას ავტორი კონფესიური დოგმების გადასინჯვისგან და საერთოდ რელიგიისგან, ვერ დაინახა ზღვარი თანამედროვე ლიტერატურულ ფაქტსა და რელიგიის ისტორიას შორის.

ცენზურამ რომანი აპოკრიფად მიიჩნია და ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა.

"იესოს სახარება" არის ფსიქოლოგიური ტრაგედია, რომელიც ასახავს ყველა იმ წინააღმდეგობას, რაც ევროპულ რაციონალიზმს საუკუნეების მანძილზე დაუგროვებია კათოლიციზმის წიაღში. ახალი აქ არაფერია, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ თხრობის თვითმყოფად, დახვეწილ სტილს და ნათელხილვის გასაოცარ უნარს.

რომანი გრავიურის აღწერით იწყება. გამოსახულებაზე არიან ჯვარცმული ქრისტე, იოსებ არიმათიელი, მზე, რომელსაც ადამიანის სახე აქვს, და ოთხი მგლოვიარე მარიამი, რომელთაგან ერთი ღვთისმშობელია, დანარჩენი სამი კი - მარიამ მაგდალელი. (სხვათა შორის, სამი მაგდალელის პარადოქსი სარამაგუს ახირება არ არის, შუა საუკუნეებში გაცხარებული დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, რატომ არის სახარებაში სამი სხვადასხვა მარიამ მაგდალელი).

მზერას გრავიურიდან სადღაც სიღრმეში მივყავართ, სანამ გალილეაში მდებარე ერთ ღარიბულ ოდაში არ აღმოვჩნდებით, სადაც ცოლ-ქმარს, მარიამსა და იოსებს სძინავთ. დილას, სქესობრივი აქტის შემდეგ, იოსები იტყვის: "გმადობ, უფალო, ღმერთო ჩემო, რომ არ შემქმენ ქალად", ხოლო მარიამი: "გმადლობ, უფალო, რომ შემქმენ ნებისაებრ შენისა".

უფლის ანგელოზი მაწანწალის სახით გამოეცხადება მარიამს და აცნობებს, რომ იგი ფეხმძიმედაა და ეყოლება ვაჟი. ანგელოზი დაუტოვებს თიხის თასში მოთავსებულ მანათობელ მიწას, რომელსაც იოსები, უხუცესთა რჩევით, ეზოში დაფლავს, რათა აირიდოს საშიშროება.

საშიშროება, ეჭვი, ავის მოლოდინი - ლაიტმოტივად გასდევს რომანს თავიდან ბოლომდე.

იოსებს შვილის დაბადებისთანავე აედევნება გაუცნობიერებელი შიში, რომ მისი ძე უნდა მოკვდეს. იმ ღამით, სანამ იოსები და მარიამი ბეთლემიდან გაიქცევიან, რათა ჰეროდეს ჯალათებს დაუმალონ თავიანთი ორი თვის ყრმა, იოსები ნახავს სიზმარს, თითქოს თვითონ არის ჰეროდეს ჯალათი და მიდის შვილის მოსაკლავად. იგი დიდხანს ფიქრობდა, თუ რას ნიშნავდა სიზმარი, მაგრამ ვერ ამოხსნა. იესო რომ წამოიზრდება, მამას ჰკითხავს სიზმრის საიდუმლოს, მაგრამ იოსები პასუხს ვერ იძლევა, სანამ მას, იოსებს 33 წლისას, სრულიად უდანაშაულოს, რომაელი ლეგიონერები აჯანყებულებთან ერთად ჯვარზე არ გააკრავენ.

იესომ იცის, დადგება დრო, მამის სანდლებს ჩაიცვამს და მიხვდება, რომ მამები წარსული ცოდვებისათვის აგებენ პასუხს, შვილები - მომავლისათვის. ხოლო თუ სიცოცხლე არის განაჩენი, სიკვდილი კი - მართლმსაჯულება, მაშინ არავინაა ამქვეყნად უფრო უცოდველი, ვიდრე ის ოცდახუთი ბეთლემელი ყრმა, რომლებიც ჰეროდემ დაახოცინა. ყველაზე დიდი ცოდვილი კი იოსებია, რადგან მან იცოდა, ყრმები უნდა დაეხოცათ, მაგრამ არ თქვა, რათა თავისი ძე გადაერჩინა. იესო გრძნობს მამის დანაშაულს და ცოდვის შეგრძნება აიძულებს შინიდან წავიდეს.

14 წლის იესო უსიტყვოდ მიდის სახლიდან, მარიამი ჭიშკრამდე მიაცილებს და იმედი აქვს, შვილი ერთ სიტყვას მაინც დაუგდებს მწუხარე გულის სანუგეშოდ, მაგრამ მიწიერი ტრაგედიის წესი მოითხოვს, იესომ არაფერი თქვას (უნებლიე რემინისცენცია "ოთარაანთ ქვრივთან" მიგვიყვანს, მაგრამ ნუ გავყვებით წიაღსვლებს, ეტყობა, შვილები ყველგან ასე მიდიან, ყველა დედა ასე ნაღვლობს - საქართველოშიც, პორტუგალიაშიც, ნაზარეთშიც).

სარამაგუს იესო დონ-კიხოტს ჰგავს, დახეტიალობს სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, ხვდება ადამიანებს, აჩვევს მათ თავის მარტოობას, თავის მწუხარე სახეს, თუმცა ლამანჩელისგან განსხვავებით თან დასდევს ეჭვი და შიში.

"თვალებში შიში და დანაშაული გიდგას", - ეუბნება მარიამ მაგდალელი რვადღიანი სასიყვარულო ოდისეის შემდეგ. ეჭვსა და შიშს მიჰყავს უდაბნოში, ადამივით შიშველი წარსდგება ღვთის წინაშე, სიკვდილის სანაცვლოდ ღმერთი ძალაუფლებას და დიდებას ჰპირდება.

ღმერთი და ეშმაკი ნისლით დაბურულ ზღვაში იბარებენ იესოს. მწერალი რატომღაც ცდილობს შეხვედრა მასონებისა თუ კოზა ნოსტრას კონფიდენციურ სხდომას დაამსგავსოს. ღმერთი იესოს წარუდგენს მომავლის დავთარს, რომელშიც ერთი და იგივე მეორდება: თავი წარკვეთეს, დაწვეს, დაახრჩვეს, მხეცებს დააგლეჯინეს, შუბით განგმირეს, ჯვარს აცვეს, დაოთხეს, ბორბალზე გააკრეს, დაფლითეს და ა.შ. ყოველივე ეს წარმოდგენილია როგორც აუცილებლობა, გარდაუვალი პროცესი და, რაც მთავარია, მასში, უფლის მტკიცებით, ეშმაკის ხელი არ ურევია, რადგან ყველაფერი ღმერთისთვის, მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის ხდება.

ეს არის რომანის ერთ-ერთი მძაფრი ეპიზოდი, რომელიც, ჩემი აზრით, დოსტოევსკის "დიდი ინკვიზიტორის ლეგენდის" გავლენით უნდა იყოს დაწერილი, თუმცა სიმწყობრით ჩამორჩება პირველწყაროს. სარამაგუს აზროვნებაში დაეჭვება სჭარბობს ფილოსოფიურ მრწამსსა და რელიგიურ საზრისს. ამიტომაცაა, რომ იგი ზოგჯერ ბანალურობაში ვარდება და შემდგომ უჭირს იქიდან თავის დაღწევა.

ნისლიან ზღვაში შეხვედრის დროს ეშმაკი სთხოვს ღმერთს, მიუტევოს დანაშაული და ზეცაში დააბრუნოს, ამით ბოროტება არსებობას შეწყვეტს და საჭირო აღარ გახდება იესოს ჯვარცმა. ღმერთი უარს ეუბნება. რატომ? იმიტომ, რომ უფალში არსებული სიკეთე არაფერია სატანის ბოროტების გარეშე. "შენ ბოროტება უნდა იყო, რომ მე სიკეთედ დავრჩე, - მიმართავს ღმერთი ლუციფერს, - თუ სატანა სატანურად არ ცხოვრობს, მაშინ ღმერთი - ღმერთი აღარაა, ერთის სიკვდილი მეორის სიკვდილს მოასწავებს".

ესოდენ ბანალური სიბრძნის სიღატაკეს ვერაფერი გადაფარავდა, რომ არა სარამაგუს, როგორც პროზაიკოსის, ნათელხილვის არაჩვეულებრივი უნარი - იგი ახერხებს ეპიზოდის ისე აღწერას, რომ სიტუაცია იყოს იმ ზღვასავით ღრმა, სადაც შეხვედრა ხდება და იმ ნისლივით ბუნდოვანი, რომელიც ზღვას აკრავს.

"სულაც არ მინდა, რომ შენ ძე ღვთისა იყო", - ეუბნება მოახლოებული ჯვარცმით შეშფოთებული მარიამ მაგდალელი იესოს, რომელსაც თავის მხრივ ვერ გაუგია, თუ რატომ არის ძე ღვთისა.

იესო მოციქულებს ისე ელაპარაკება, როგორც უმწიფარ ბავშვებს, მაგრამ არა იმიტომ, თითქოს ისინი ვერ გაიგებენ ზეციურ საიდუმლოს, არამედ იმიტომ, რომ თვითონაც არ იცის, რა მართავს მის ბედს, მის გონებას და რა აიძულებს იაროს იმ გზაზე, რომელსაც გუმანი და გარემოებანი სთავაზობენ.

მარტოობისა და გაურკვევლობის აპოთეოზია ჯვარცმა.

სარამაგუ რომანის ფინალშიც გამოუსწორებელ რაციონალისტად რჩება და ამითაც ამტკიცებს, რომ მისი ქვის ტივი, გინდა, არ გინდა, კონტინენტის მოუცილებელი ნაწილია.

"იესო კვდება, ილევა, სიცოცხლე იწყებს გამოსვლას მისი სხეულიდან, რომ უცებ ზუსტად თავს ზემოთ ორად იხლიჩება ზეცა და გამოჩნდება ღმერთი - აცვია ისე, როგორც მაშინ, ნავზე შეხვედრისას - მისი ხმის ელვა და ჭექა მთელ დედამიწას სწვდება, როდესაც იტყვის: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაშინ იესო მიხვდა, ის აქ მოიყვანეს მოტყუებით, როგორც ტარიგი სამსხვერპლოსთან და დასაბამიდანვე გამოთვლილი იყო მისი სიცოცხლის ბოლო, და როცა წარმოიდგინა, რომ სისხლისა და ტანჯვის მდინარე, რომელიც სათავეს მისგან იღებდა, მთელ ქვეყანას მოედებოდა და წარღვნიდა, მზერა მიაპყრო ზეცის ნაპრალს, საიდანაც ღმერთი უღიმოდა და დაიყვირა: ადამიანებო, მიუტევეთ, რადგან არ იცის, რასა იქმს. შემდეგ აგონიურ ბურანში იხილა ნაზარეთი და მამა, რომელიც მხრებს იჩეჩდა და ღიმილით ეუბნებოდა: ვერ დამისვამ ყველა შეკითხვას, არც მე ვიცი ყველა პასუხი. ჯერ ისევ ცოცხალი იყო, ტუჩებზე იგრძნო წყლითა და ძმრით გაჟღენთილი ღრუბლის შეხება. დაბლა დაიხედა, კაცი მიდიოდა, მხარზე შუბი გაედო, ხელში ვედრო ეჭირა. ვეღარ დაინახა ჯვრის ძირში, მიწაზე მდგარი თიხის შავი თასი, რომელშიც მისი სისხლი წვეთავდა."

ბოლო წლებში შვედეთის აკადემიას ჩამოუყალიბდა შეფასების რამდენიმე სტერეოტიპი, რომელთაგან ერთ-ერთი უცილობლად მთავარ როლს თამაშობს ხოლმე გადაწყვეტილების მიღებისას - ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უნდა იყოს ან დისიდენტი, ან ემიგრანტი, ან საერთაშორისო ფიგურა. თუ არცერთი არ არის, მაშინ უპირატესობა ენიჭება იმას, თუ რამდენად გლობალურ თემებს ეჭიდება ავტორი, ან რამდენად ინტერნაციონალურია მისი მსოფლმხედველობა.

სარამაგუ თავისუფლად ჯდება ამ კონიუნქტურაში: დისიდენტიც არის, გარკვეული თვალსაზრისით - ემიგრანტიც, რაც შეეხება თემას და მსოფლმხედველობას, აქაც ყველაფერი რიგზეა - საკმაოდ შთამბეჭდავ მასშტაბებს სწვდება.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი მწერალი არ საჭიროებს იმ შეღავათებს, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი სტერეოტიპების ნუსხა გულისხმობს. ის, უპირველეს ყოვლისა, არის ოსტატი, ორიგინალური ხედვის მქონე მხატვარი, რომელმაც იცის, რას ხატავს. ალბათ ერთადერთი რამ, რაც ჟიურის წევრებისათვის (კონიუნქტურული თვალსაზრისით) ანგარიშგასაწევი უნდა ყოფილიყო, ეს არის "იესოს სახარების" მთავარი თემა - რწმენის კრიზისი, რომელიც მსოფლიო ეგზისტენციურ პრობლემადაა მიჩნეული.

თუმცა თემა ერთია, მისი ხორცშესხმა - მეორე. აქ სარამაგუს მთავარი არჩევანია არა ჭვრეტა, არამედ ხატვა. ზემოთაც აღვნიშნე, ფილოსოფიური დისკურსები მისი საქმე არ არის, ფილოსოფიას ის მოქმედებაში ხედავს და პლასტიკაში გადმოსცემს.

სარამაგუს თხრობაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, დღემდე უცნობი და გამორჩეული, თუმცა მას აქვს ერთი საიდუმლო, რომელიც მწერლის ბედნიერ მიგნებად უნდა ჩაითვალოს. მას ზედმიწევნით ზუსტად აქვს "დაჭერილი" სახარების სტილი, პირდაპირ აღწევს და იმყოფება იმ გენიალურ უბრალოებაში, მახარებლებს, როგორც ავტორებს, ღვთაებრივი ინსპირაციის მეშვეობით რომ ეძლეოდათ. სარამაგუ ისე გიჩვენებს სახარების მიწიერ გარემოს, ისე შეუმჩნევლად გადაყავხარ ბიბლიურ სამყაროში, რომ გრძნობ იუდეის უდაბნოდან მონაბერ ცხელ ნიავს, გესმის ნაზარეთის გზაზე მიმავალი სახედრის ფრუტუნი, ხედავ შუადღის მზეში გახვეულ იერუსალიმს და ბეთლემის მიწისფერ სახლებს; ლამის ხელით შეეხო წმიდა სახარების ქვეთავებიდან გადმოსულ პერსონაჟებს.

სულ ეს არის ის მიუწვდომელი უბრალოება, რაც მიყრუებულ სოფელ ლავრეში ჩაკეტილმა ჟოზე სარამაგუმ გამოიტანა იანვარ-თებერვლის ცივი ღამეებიდან.

თუმცა მარტო პროვინციაში კი არა, ზოგჯერ პროვინციულ აზროვნებაშიც ღივდება ჭეშმარიტების მარცვალი.

ნაგანოს უნივერსიტეტში სტუმრად მყოფ ფოლკნერს სტუდენტებმა სთხოვეს, გვირჩიეთ, როგორ ვწეროთ, რომ ნობელის პრემია იაპონელებმაც მივიღოთო.

ჩვენი არ იყოს, შეიძლება ასეთ საქციელს იაპონელებიც პროვინციალიზმად მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მათში მოიპოვება იმდენი პრაგმატიზმი, რომ ეპიგონური მისწრაფებები კულტურის ხარისხში აიყვანონ.

როგორ უნდა წეროს ქართველმა მწერალმა, რომ ნობელის პრემია მოიპოვოს? ნუთუ ისე, როგორც იაპონელი ნობელიანტები წერენ?! რა თქმა უნდა, არა! მიბაძვის ორიენტირად არც იაპონური, არც დასავლური და საერთოდ არანაირი ლიტერატურა არ გამოდგება, რადგან მიბაძვა მიბაძვაა და მას სერიოზულ ლიტერატურულ ფაქტად არავინ აღიარებს.

მაშ, როგორ ვწეროთ? როგორ და - ქართულად, ევროპული აზროვნების კონტექსტში!

ამ მოთხოვნების მიხედვით შექმნილი ნაწარმოები ქართული ლიტერატურის ისტორიაში რამდენიმე მოიძებნება და მათ შორის პირველი, რა თქმა უნდა, "ვეფხისტყაოსანია".

როცა რომანზეა ლაპარაკი, მითუმეტეს გვმართებს დასავლური მიღწევების გათვალისწინება, ვინაიდან რომანი წმინდა ევროპული მოვლენაა და თუ რამ შექმნილა ამ ჟანრში მნიშვნელოვანი და საეტაპო, ყველაფერს ევროპულის ნიშანი ადევს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებისა და კონიუნქტურის გაუქმების შემდეგ, ტრადიციული ქართული რომანი, რომელიც ძირითადად ქარაგმული სტილით, ქვეტექსტებითა და მეტაფორული მიგნებებით გამოირჩეოდა და ამით ბრწყინავდა კიდეც, გაიხსნა და ისე მოექცა პუბლიცისტიკისა და ჟურნალიზმის ტყვეობაში, რომ არც კი უფიქრია სხვა გზისა და სხვა მიმართულების არჩევაზე, და ეს სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან ტოტალიტარიზმის პერიოდში დაგროვილი სათქმელი უფრო ზუსტ, უფრო შესაფერის ფორმას, უბრალოდ, ვერ იპოვიდა.

ეს ათწლიანი ეტაპი, რომელიც "აფეთქებული რეალობის" პირობებში მიმდინარეობს, გრადაციის პირველი საფეხურია.

"აფეთქებული რეალობის" განცდა ცხოვრებაში ისე დაკრისტალდა, რომ უკვე დროა ამ განცდამ ლიტერატურაში იწყოს გადასვლა. ვოლფგანგ ველშის სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერალმა უნდა გამოსახოს ის, რაც არ გამოისახება, რაც არ არის გამოსახვადი, ანუ ხედვა და მგრძნობელობა გონებითა და აზროვნებით უნდა შეცვალოს. ასეთია თანამედროვე ხელოვნების საზრისი და ალბათ ქართული რომანიც ამ გზით წავა, თუ იბერიულმა კომპლექსმა ხელი არ შეუშალა ევროპასთან დაახლოებაში, თუ ჩვენმა ქვის ტივმა დაუსრულებლად არ იცურა მსოფლიო წინააღმდეგობათა მორევში, თუ გადავურჩით ქართულ მამაპაპურ ირაციონალიზმს, და თუ შუა გზიდან ისე არ მოგვაბრუნეს, როგორც ერთ დროს დასავლეთისკენ მიმავალი იოანე მოაბრუნეს ავიდოსიდან.



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი