ამ სიტყვებით ერთ - ერთი "საკნის" ბინადრებმა მომმართეს, როცა 24 აპრილს, დილით ფოტოაპარატმომარჯვებული "საკნების ქალაქს" ვიღებდი, ნაგვით გავსებულ რუსთაველის პროსპექტზე.
საკუთარი საქმით გართულს ორი ჯეელი თავზე წამომადგა და სურათების გადაღება ამიკრძალა.
- შე პროვოკატორო! რატომ გვიღებ სურათს? დავაი, დაახვიე! - ხაფი ხმით მომმართა ერთ-ერთმა, მოსული ტანის ახალგაზრდამ.
მომღიმარი სახით და თავდაჯერებული ტონით შევეცადე ამეხსნა, რომ ჟურნალისტი ვიყავი და სურათების გადაღების უფლება მქონდა. მაგრამ ჩემმა მაკიაჟმა არ გაჭრა. ჯეელები სულ უფრო მეტი აგრესიულობით მიტევდნენ და ტერიტორიის დატოვებას მაიძულებდნენ. საქმე ლამის "ქართულ გარჩევამდე" და გაწევ-გამოწევამდე მივიდა, როცა ერთი ასაკოვანი და სათნო სახის ქალბატონი წამოგვეპარა და სიტუაციის განმუხტვა დედაშვილურად სცადა. ბოლოს, ამ ქალბატონის ხათრით თუ სხვა რამ მიზეზით, ერთმანეთს ცივად და ბურტყუნ-ბურტყუნით დავშორდით. მე, გეზი სამსახურისკენ ავიღე.
გზად 8 წლისწინანდელი ამბავი გამახსენდა. 2001 წლის სექტემბერი იყო. ერთმა ჩემმა კოლეგამ კონკურენტი სააგენტოდან კულუარულად შემატყობინა - მიშა (მიხეილ სააკაშვილი) იუსტიციის მინისტრობიდან გადადგომას აპირებს და 3 საათზე საგანგებო ბრიფინგი აქვს დანიშნულიო. რატომ არ დააანონსეს-მეთქი, ვიკითხე. ბრიფინგი ტელევიზიებისთვის, მეტადრე, "რუსთავი 2"-სთვის ტარდებაო, მიპასუხა კოლეგამ. არ დავუჯერე და გეზი იუსტიციის სამინისტროსკენ ავიღე. სამინისტროს ფოიეში ქოშინით შევვარდი და დაცვის ახალგაზრდა თანამშრომელს ზევით ასვლა ვთხოვე. არ გამიშვა, პრესცენტრს დაუკავშირდიო. იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი მაშინ მარიკა ვერულაშვილი იყო. ვერულაშვილთან იმდენ ხანს ვრეკე, სანამ ტელეფონი არ გათიშა. ამასობაში 3 საათიც მოახლოვდა, ხმაური ავტეხე, ჟურნალისტი ვარ და პრესკონფერენციაზე დასწრებას ვითხოვ-მეთქი.
ამ ხმაურში "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც დაცვამ მოწიწებით ზევით აუშვა. ამან უფრო გამახელა, თუმცა ჩემს დაჟინებას შედეგი მაინც არ მოჰყვა. ჩემი სამართლიანი აღშფოთება იმით დასრულდა, რომ მეორე სართულიდან ვიღაც ახალგაზრდა გოგონამ (ალბათ, პრესცენტრის თანამშრომელი იყო) ჩამომძახა: პრესკონფერენცია სულ მალე დაიწყება და თუ ინფორმაცია გაინტერესებს, "რუსთავი 2-ს უყურეო. სხვა რა გზა მქონდა? ერთი კი გავიფიქრე - ახლა რა დღეში გვაგდებს ეს კაცი და როცა გაპრეზიდენტდება, რაღას გვიზამს, ჩვენ, ჟურნალისტებს-მეთქი.
ისე აგიხდეთ ოცნება, როგორც ჩემი მაშინდელი შიში გამართლდა.
ზუსტად იგივე აზრები თავს გადამხდარი ინციდენტის შემდეგ ამეკვიატა - ახლა რა დღეში გვაგდებს ეს ოპოზიცია და ხელისუფლებაში რომ მოვა, რაღას გვიზამს?
დავით მჭედლიძე, ვებპორტალ მედია.გე-ს რედაქტორი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010