გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მცხოვრები დარეჯან და გიორგი ქაჩლიშვილები მეოთხე წელია საარსებო შემწეობის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვენ. სოციალური აგენტი, რომელმაც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი მესამედ 2007 წელს შეამოწმა, აცხადებს, რომ ოჯახი ღატაკია, მაგრამ სააგენტომ ოჯახს დახმარება მაინც არ დაუნიშნა.
დარეჯან და გიორგი ქაჩლიშვილებს შემოსავალი საერთოდ არ აქვთ. რამდენიმე წელია ოჯხს პურს და საკვებს მეზობლები აძლევენ. გიორგი ქაჩლიშვილი მძიმე ავადმყოფია. ის ღვიძლის ციროზით არის დაავადებული და აუტანელი ტკივილების მიუხედავად, გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო, ტკივილგამაყუჩებელსაც კი ვერ იღებს. საცხოვრებელ სახლში, რომელიც ერთი ოთახისგან შედგება, ისევე წვიმს, როგორც გარეთ. კარ - ფანჯრებზე მინის ნაცვლად პოლიეთილენის და სხვა პარკებია აკრული.
ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დარეჯან ქაჩლიშვილმა დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს რამდენიმე დღის წინ მიმართა. მისი თქმით, იმის გასარკვევად თუ რატომ არ უნიშნავს სააგენტო დახმარებას მის ოჯახს, ბოლოს სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას 14 აპრილს მიაკითხა, რა დროსაც განყოფილების უფროსმა ლეილა მურაკაშვილმა მას სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობები დაუხია.
ქაჩლიშვილების გაჭირვების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა 23 აპრილს გაავრცელა. გამოქვეყნებული ინფორმაცია იმავე დღეს საინფორმაციო სააგენტოებით და მასმედიის სხვა საშუალებებით გაშუქდა და გაზეთ 24 საათშიც დაიბეჭდა.
24 აპრილს, დილით, დარეჯან ქაჩლიშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის ლეილა მურაკაშვილის დავალებით, განყოფილების თანამშრომლებმა განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მას ადგილობრივი ტელეკომპანიის კამერების წინ და სხვა ჟურნალისტების თანდასწრებით, აიძულებდნენ ეთქვა, რომ მის მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრში შეტანილ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ამასთან ერთად, თვითმხილველების განცხადებით, დარეჯან ქაჩლიშვილი ქუჩიდან განყოფილებაში ფიზიკური ძალის გამოყენებით, თავად ლეილა მურაკაშვილმა შეიყვანა. სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე რომ ზეწოლა განხორციელდა, ამას ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორიც ადასტურებს. მისი თქმით, განყოფილების უფროსი ლეილა მურაკაშვილი სოციალურად დაუცველს დაჰყვიროდა და მისგან განცხადების უარყოფას მოითხოვდა.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტეს, ქაჩლიშვილების საქმესთან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა სამინისტრო დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობით და დაავალოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, დაუნიშნოს დარეჯან და გიორგი ქაჩლიშვილებს საარსებო შემწეობა. უფლებადაცვით ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, დარეჯან და გიორგი ქაჩლიშვილების ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით, სარჩელით სასამართლოსაც მიმართონ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010