გასულ კვირას, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე, ოფიციალური ცნობით, თანამდებობიდან თავისი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა, არაოფიციალური ინფორმაციით კი, განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
რატომ დაწერა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება, სად აგრძელებს მუშაობას და ნამდვილად აპირებდა თუ არა ოპოზიციის მიერ, თელავის გამგეობის შენობის წინ, კარვების დადგმის შემთხვევაში აქციის დარბევას? ამ კითხვებით ზურაბ ბუცხრიკიძეს მივმართეთ.
ბატონო ზურაბ, რატომ დატოვეთ გამგებლის თანამდებობა?
- გამგებლის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატში რეგიონის განვითარების სამსახურის უფროსად გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარი სურვილით დავწერე.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ განცხადების დაწერა მოგთხოვეს და ეს თქვენს მიერ საინფორმაციო საშუალებებთან გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, სადაც აცხადებდით, რომ გამგეობის შენობის წინ კარვების დადგმის შემთხვევაში აქციას დაარბევდით?
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჟურნალისტთან ასეთი განცხადება არ გამიკეთებია. მან ჩემი ნათქვამი თავისი ინტერპრეტაციით გაავრცელა. მე ვთქვი, რომ ქალაქში საპროტესტო აქციის გამართვას გამგეობიდან ნებართვა სჭირდება და ასეთი ნებართვის მისაღებად კი გამგეობისთვის არავის მოუმართვს. ასევე მზადყოფნა გამოვთქვი, გამგეობის მუშაობის პარალიზების თავიდან ასაცილებლად, ოპოზიციისთვის საპროტესტო აქციების გასამართად სხვა ადგილები გამოგვეყო. ჟურნალისტმა კი გაავრცელა, რომ მე კარვების აქციას დავარბევდი.
- თუ უნებართვოდ გაიმართებოდა საპროტესტო აქციები, სამართალდამცავებს მის დაშლას მოსთხოვდით?
- არა, არცერთ შემთხვევაში.
- ბატონ ზურაბ, მიზანმიმართული კამპანია ხომ არ იყო თქვენს წინააღმდეგ, იმისათვის რომ თანამდებობა დაგეტოვებინათ?
- ვერ გეტყვით, ეს იმ ჟურნალისტს უნდა ჰკითხოთ, რომელმაც ჩემთან დაკავშირებით არაერთხელ მცდარი ინფორმაციები გაავრცელა.
- თქვენთან ერთად, თქვენმა მოადგილემ რატომ დატოვა თანამდებობა?
- ჩემს მოადგილეს თანამდებობა არ დაუტოვებია. ესეც მცდარი ინფორმაციაა, რომელიც გაავრცელეს. დავით ქსოვრელიშვილი გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს, გამგებლის მოვალეობას კი გამგებლის პირველი მოადგილე ვასილ დავითაშვილი ასრულებს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010