მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
პროტ. იოსებ ზეთეიშვილი - "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შესახებ

ქართული სამეცნიერო და საეკლესიო წრისათვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ პარიზში სლავურ ბიბლიოთეკასთან არსებული ქრისტიანული კულტურის ჟურნალში (დაფუძნებულია 1979 წელს) - "??????" - მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართულ სულიერ მემკვიდრეობას. სარედაქციო კოლეგიის განცხადებისამებრ, "უკვე რამდენიმე წელია ჟურნალი ქართველ მართლმადიდებელ მკვლევართ საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ თარგმანები ძველქართულიდან". რედაქციის აზრით, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მხრივაც, რომ იმედოვნებენ, კვლავაც გაგრძელდეს მჭიდრო ურთიერთობა უძველესი მართლმადიდებლობის ყველა წარმომადგენლობასთან.

ჟურნალის ერთ-ერთ, 42-ე ნომერში გამოქვეყნებულია "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თარგმანი, შესრულებული სასულიერო პირის (სავარაუდოდ - პროტოპრესვიტერის) იოსებ ზეთეიშვილის მიერ. ამ უდავოდ განათლებული, ძველი ქართული სულიერი კულტურის სათანადოდ მცოდნე პიროვნების შესახებ ცნობები, სამწუხაროდ, ვერ მოვიძიეთ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: მთარგმნელს ყოველმხრივ გათვალისწინებული აქვს დიდი მეცნიერის ნიკო მარის ღვაწლი "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შესწავლა-თარგმნის სფეროში. სასულიერო მოღვაწე და მთარგმნელი იოსებ ზეთეიშვილი თავისი თარგმანის წინასიტყვაობაში აღნიშნავს: "ნ.მარმა მის მიერ მოძიებული ხელნაწერის გამოცემას დაურთო რუსული თარგმანი, ოღონდ იგი, როგორც ჩანს, ცდილობდა, გადმოეცა ამ ძველი თხზულების შინაარსი, არ მიუჩნევია საჭიროდ ორიგინალის ყოველი სტილისტიკური თავისებურების წარმოჩენა.

ჩვენ თავს ვიდეთ გამბედაობა, შეგვევსო დიდი მეცნიერის ეს ნაკლოვანება და შეგვესრულებინა ახალი თარგმანი"

იოსებ ზეთეიშვილისეულ თარგმანს ახლავს სახელთა ქართული და რუსული ფორმების შესატყვისი საძიებელი, აგრეთვე გეოგრაფიულ სახელწოდებათა საძიებელი შენიშვნები.

ალმანახ "საგურამოს" მკითხველებს ვთავაზობთ მთარგმნელის წინასიტყვაობას მცირეოდენი შემოკლებით.

პროტ. იოსებ ზეთეიშვილი - "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შესახებ

ერთ თანამედროვე რუსულ საეკლესიო გამოცემაში მონასტერთა კომპლექსი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ინიციატივით აღმოცენდა სამხრეთ საქართველოში, სახელდებულ იქნა ქართულ თებეიადად. ასეთი შეფასება საკმაოდ კარგად გამოხატავს მონასტერთა მშენებლობის გაქანებას და სულს ამ სავანეთა დამაარსებელთა და მკვიდრთა, რომელთა საერთო მოძღვარი და სულიერი მამა იყო გრიგოლ ხანძთელი. მაგრამ მამა გრიგოლისა და მის მოწაფეთა მოღვაწეობის შემდგომ ისტორიას სხვა შედარებამდეც მივყავართ. კლარჯეთის უდაბნოს და იქ გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის გასვლის შემდგომ წმინდა მამის "ცხოვრების" ავტორი აღნიშნავდა: "არამედ აწ სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასა. ყოვლად სახსენებელთა განსაკვირვებელთა ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი და ცხორებაიო უბიწოი, რომელნიცა იგი ბრწყინვიდეს, ვითარცა მთიებნი ზეცისა სამყაროსა, ხილულსა ამას და განქარვებადსა მზესა ქვეშე".

და ეს სიტყვები დაიწერა იმ დროს, როდესაც, ავტორის დამოწმებით, ჯერ კიდევ ცოცხალნი იყვნენ მამა გრიგოლისა და მის თანამოაზრეთა "მოწაფენი და მოწაფეთა მოწაფენი". უდიდესი ქართველი მოღვაწის ეს ნათქვამი არა მარტო ფაქტის კონსტატაცია, არამედ მომავლისათვის გარკვეული წინასწარმეტყველებაც კი აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე ხნის შემდეგ ეს "ცხოვრებაც" და თვალსაჩინო მოღვაწენიც მართლაც რომ "დავიწყების უფსკრულმა" მოიცვა.

ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კატასროფებით აღსავსე ისტორიაში უნდა ვეძიოთ. "მეფეთა მეფე დავითის ცხოვრებაში", რომელიც "სიმბოლოს" მე-40, საიუბილეო გამოცემაში დაიბეჭდა, არის საგულისხმო ცნობები იმის შესახებ, რომ თურქებმა, რომელთაც XI საუკუნის 80-იან წლებში სასტიკად ააოხრეს საქართველო, კლარჯეთის უდაბნოც გადაწვეს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ხვედრი აღნიშნულ მონასტრებს არაერთგზის სწვევიათ, ხოლო მოგვიანებით, XVII საუკუნიდან მთელი ეს მხარე, სამხრეთ საქართველოს მთლიანი ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ოსმანთა იმპერიის შემადგენელ ნაწილად, საიდანაც თითქმის მთლიანად განიდევნა ქრისტიანი მოსახლეობა.

XVIII-XIX საუკუნეებში, სპეციალისტთა დადასტურებით, განათლებულმა ადამიანებმაც კი აღარ უწყოდნენ, თუ ვინ იყო წმინდანად შერაცხული გრიგოლ ხანძთელი. ასე, მაგალითად, "ქართული საეკლესიო ისტორიის" ავტორი პლატონ იოსელიანი 1853 წელს წერდა: "დანამდვილებით ვერც კი ვიტყვით, ვინ იყო ეს პიროვნება ან როდის მოღვაწეობდა. ჩვენამდე არ მოუღწევია "ცხოვრებას" იმ წმინდანისას, რომლის ხსენების დღეს ქართული ეკლესია 5 ოქტომბერს აღნიშნავს. ამგვარი სახელით მხოლოდ სომხეთის ისტორიაში მივაგენით ვინმე გრიგოლ ხანზოხატს, რომელიც 1411 წელს ცხოვრობდა".

აღსანიშნავია, რომ ამ ატლანტიდის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი თუ გადაურჩა დავიწყებას და საუკუნეთა მანძილზე შემორჩა თავისი ხალხისა და ეკლესიის ისტორიულ მეხსიერებას, მაგრამ არა ქართული თებეიადას "დავიწყების სიღრმეში" შთანთქმისა გამო, არამედ, ასე ვთქვათ, სხვა მიზეზით; ეს პიროვნებანი იყვნენ: წმიდა მართლმორწმუნე მეფე და მოწამე აშოტ კურაპალატი (+862), ანტიერეტიკული თხზულების ავტორი, ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი (+887), მისი სულიერი ძმა და თანაშეზრდილი, სასწაულმოქმედი ეფრემ დიდი, მაწყვერელი ეპისკოპოსი.

მხოლოდ 1911 წელს, როდესაც გამოჩენილმა მეცნიერმა ნიკო მარმა სანკტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში 1902 წელს აღმოჩენილი, დღესდღეობით ერთადერთი ხელნაწერი "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა" რუსული თარგმანითა და გამოკვლევებით, ძველი ქართული სიწმინდის ამ საოცარმა სამყარომ თავისი საკადრისი ადგილი დაიკავა ქართული ეკლესიისა, სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორიაში.

ნიკო მარის აღმოჩენა სამი ასპექტით არის მნიშვნელოვანი: უპირველესად, ქართულ სამყაროს და ამ ქვეყნის კულტურის ყველა ჭეშმარიტ დამფასებელს დაუბრუნდა ეროვნული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში; მეორე მხრივ, გამოვლინდა კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტებით, სახელებით, დახასიათებებით დატვირთული ძეგლი ქართული ბერმონაზვნური, ასკეტური კულტურისა. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მესამე ასპექტია: ამ ნაწარმოების გაცნობის შედეგად მთლიანად წარმოჩნდა იმ სულიერი, პოლიტიკური, ეროვნული და კულტურული აღმავლობის წყაროები და საფუძვლები, რითაც VIII-IX საუკუნეებში ხასიათდებოდა ქართლის ყოფა. საქართველო, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას და რომელმაც უამრავი ტრაგიკული დანაკარგის მიუხედავად, XIII-XX საუკუნეებში მედგრად გადაიტანა 700-წლიანი ბრძოლა თავისი რელიგიური, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის გადასარჩენად, - უმეტეს წილად, - შეიქმნა ერთი ადამიანის გენიითა და გმირული შემართებით, რომლის პორტრეტიც, ისტორიული დოკუმენტებით, დამოწმებებით გადმოცემული, "სიმბოლოს" მე-40 ნომერშია წარმოდგენილი. ეს პიროვნებაა წმინდანად შერაცხული ქართველთა მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც თავის მოღვაწეობით ერთგვარად შეაჯამა დიდ წინამორბედთა ოთხსაუკუნოვანი შრომისა და ძალისხმევის ნაყოფი.

რაც შეეხება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას", ის მკაფიოდ და სისავსით ნათელყოფს იმ საფუძველს, რასაც ეს ოთხსაუკუნოვანი ღვაწლი ეყრდნობოდა: საოცარი ერთობა ამა სოფლიდან განმდგარი ბერებისა და ღრმადმორწმუნე საერო პირთა, კერძოდ, "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" - ქართველი მმართველებისა, რომლებიც მამა გრიგოლის თანამედროვენი და სულიერი შვილები იყვნენ.

"ცხოვრების" ტექსტში მოგვეპოვება არაერთი მაგალითი ერისკაცთა მართლმორწმუნეობისა და გრიგოლ ხანძთელის, ვითარცა სულიერი წინამძღოლის წინაშე ქედის მოხრისა. მაგრამ კლარჯეთის უდაბნო არქიმანდრიტისადმი მოწიწების ყველაზე შთამბეჭდავ და თვითდადრეკვის ფაქტად უნდა მივიჩნიოთ გუარამ კურაპალატის თხოვნა, სიკვდილის შემდგომ თავისი სულიერი ნათლიის ფერხთით დაეკრძალათ.

როგორც თავისი წარმომავლობით (იგი დიდგვაროვანთა ოჯახიდან გახლდათ), ასევე ადრეულ სიყმაწვილეშივე განმჟღავნებული და ღრმა მოხუცებულობამდე (მამა გრიგოლმა 102 წელი იცხოვრა) შენარჩუნებული დაუღალავი მოღვაწეობისაკენ ლტოლვით, ღირსეულ მოწაფეთა რაოდენობით და იმ უზარმაზარი ავტორიტეტით, რომელიც მისი მშობლიური ქვეყნის ყველაზე შორეულ სამანებსაც კი სწვდებოდა (და რომლის წინაშეც ერთნაირად ქედს იხრიდა ყველა - მეფე იქნებოდა ის თუ უბრალო გლეხი), გრიგოლ ხანძთელი გვევლინება ქრისტიანი მოღვაწის იმგვარ ტიპად, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ეპოქაში წარმოადგენდნენ: ბერნარ კლერვოსელი, ანტონ ეგვიპტელი, ბენედიქტე ნურსიელი, სერგი რადონეჟელი და სხვანი. მაგრამ ქართულ სინამდვილეში გრიგოლ ხანძთელი დაშთა უნიკალურ მოვლენად, რომელიც აღარასოდეს განმეორებულა, ისევე როგორც უნიკალური გახლდათ ის ისტორიული პირობები, რომლის სივრცეშიც გრიგოლ ხანძთელის ფენომენი იშვა

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ სწორედ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" ვხვდებით პირველად საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, ქართლის სახელწოდებას მთელი ქვეყნის, მთელი საქართველოს მნიშვნელობით და ეს არის პირველი საქვეყნო განცხადება ქართველი ხალხის ერთობისა. ნაწარმოების ავტორი, გიორგი მერჩულე ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ ფორმულირებას გვაწვდის: "არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. ხოლო კვრიელეისონი" ბერძნულად ითქმის, რომელ არს ქართულად: "უფალო, წყალობა ყავ", გინა თუ "უფალო, შეგვიწყალენ".

ნიკო მარის აღმოჩენამ და პუბლიკაციამ კვლავ დაუბრუნა საქართველოს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შვილის სახელი. მართლაც, სამართლიანმა ღმერთმა, რომელმაც ამ ქვეყნის მკვიდრთ ცოდვათა წილ მრავალგზის არაერთი მძიმე საცდური აგემა, იმავჟამეულად წყალობაც არ დააკლო მას, მაგრამ უფლის მოწყალებათაგან ყველაზე ნიშანდებულია დაუსრულებელი რიგი სხვადასხვა წოდებათა და მისწრაფებათა მქონე დიდებული ადამიანებისა, რომელთა სახელებითაც მოსილია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მათი საქმენი და დიდება კი არასოდეს ჩატეულა ოდენ მშობლიური ქვეყნის საზღვრებში ესენია: პეტრე მაიუმელი, არეოპაგიტული კორპუსის ფსევდო-ავტორი; ექვთიმე მთაწმიდელი, ათონის მონასტრის სულიერი წინამძღვარი, "ვარლაამისა და იოდასაფის" მართლმადიდებლური ვერსიის ავტორი; დიდებული მონარქები დავითი და თამარი; შოთა რუსთაველი, ავტორი "ვეფხისტყაოსნისა"; დიდმოწამე ქეთევანი; მებრძოლი მეფე ერეკლე მეორე გრიგოლ ხანძთელი უეჭველად მიეკუთვნება საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან პირთ. ალბათ ამიტომაცაა, რომ უფალმა ორჯერ მოუწოდა - თავდაპირველად შესანიშნავ მწერალს, შემდგომ კი - გამოჩენილ მეცნიერს, რათა მისი სახელი და ღვაწლი დავიწყებისაგან ეხსნა



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი