აგერ უკვე 40 წელიწადია, რაც სანდრო ჟორჟოლიანი ამ ქვეყნად აღარაა, მაგრამ ის დაუვიწყართა საუფლოში სახლობს.
`...სიკვდილის თვისებაა: ადამიანს თავის ადგილს და მასშტაბს მიუჩენს. ზოგი იზრდება, იძენს მარადისობის ნიშნებს, ზოგი პატარავდება და უკვალოდ ქრება კიდეც~, _ წერს ლანა ღოღობერიძე `პარიზულ ჩანაწერებში.~
სანდრო ჟორჟჟლიანმა შეიძინა სწორედ ეს მარადისობის ნიშანი...
სანდრო ჟორჟოლიანის გმირების ეკრანზე გამოჩენა _ დღესაც ხარხარს იწვევს მაყურებელში _ გოჭისმკვლელი არისტო `დაკარგული სამოთხიდან~ თუ მოსე მწერალი `დარიკოდან~, მანანას ბაბუა თუ ზურიკელას ილიკო...
სანდრო ჟორჟოლიანი ქართული კომედიის ნიღაბი იყო _ ამბობდა სესილია თაყაიშვილი. სანდრო ჟორჟოლიანის გმირებს ახასიათებდათ თეატრალური ზეაწეულობა და გროტესკული სიმახვილე.
კინოში პირველად 37 წლის გადაიღეს. მისი, როგორც პროფესიონალი მსახიობის დებიუტი თეატრშიც საკმაოდ გვიან შედგა _ 33 წლის იყო, რუსთაველის თეატრის მსახიობი რომ გახდა, მაგრამ ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა სამოყვარულო სცენაზე დგომის 21-წლიანი სტაჟი... 12 წლის იყო, პირველად, დანიელი რომ ითამაშა შილერის `ყაჩაღებში~ _ მშობლიურ ოზურგეთში, მამამისის სახლის აივანზე. ერთხელ წიწკვი არტისტები ისე გატაცებულან თამაშით, რომ შპალერის დეკორაციისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ და ლამის სახლი გადაუბუგავთ _ რა ექნათ, ასე, ნატურალისტურად გაიგეს სასახლის დაწვის სცენა.
სანდრო ჟოირჟოლიანი ოზურგეთში, წვრილი მოხელის ოჯახში დაიბადა 1888 წელს. ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის ცვლა. თავიდან სკოლაში ოზურგეთში შეიყვანეს, შემდეგ ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად, იქ გადაიყვანეს სკოლაში, მაგრამ ოჯახი დიდხანს არც ქუთაისში დარჩენილა _ განჯაში გადავიდნენ საცხოვრებლად, 2 წლის შემდეგ კვლავ შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი _ ბათუმში აღმოჩნდნენ. სანდრო გიმნაზიის მეშვიდე კლასში იყო, როდესაც ალექსანდრე წუწუნავამ ბათუმელ სცენისმოყვარეთა დასი შექმნა... სანდრო ჟორჟოლიანი ამ დასის სული და გული გახდა.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სანდრო ჟორჟოლიანმა ოდესის უნივერსიტეტს მიაშურა, წარმატებით გაიარა გამოცდები და ჩაირიცხა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. არდადეგებისას ოზურგეთელ სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში თამაშობდა... ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბაქოს გიმნაზიაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა. 7 წელიწადს დაჰყო იქ და მთელი ეს პერიოდი, პარალელურად, ბაქოს ქართველ სცენისმოყვარეთა დასში მსახიობობდა. მაშინ ალმაცერად უყურებდნენ თეატრს, მსახიობობას, ისიც იძულებული იყო, გაფრთხილებოდა მასწავლებლის პრესტიჟს და სცენაზე ქარქაშაძის გვარით გამოდიოდა.
1918 წლიდან თბილისში გადმოვიდა და პირველ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად, სცენისთვის არც ამჯერად დაუნებებია თავი, კვლავაც აგრძელებდა სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში თამაშს. 1921 წლიდან კი საბოლოოდ დაანება თავი პედაგოგოგობას და თავი მთლიანად თეატრს მიუძღვნა _ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა.
შემდეგ, მარჯანიშვილსა და ახმეტელის კონფლიქტის დროს, მხარს მარჯანიშვილს უჭერდა და დატოვა კიდეც რუსთაველის თეატრი. როგორც კი მარჯანიშვილმა ახალი თეატრი დააარსა, მისი დასის წევრი გახდა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო _ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
ამბობენ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, თეატრის გარდა, ლამაზი ქალებიც ჰყვარებია და არასოდეს გაუვლიდა გვერდს ლამაზ ქალს გულგრილად...
სწორედ ასე მოხიბულულა ერთხელაც გასტროლების დროს ერთი ახალგაზრდა ქალის მშვენებით. მოსვენება არ მიუცია, შემხვდი-შემხვდიო. ეს ამბავი ჟორა შავგულიძის ყურამდეც მისულა. ჟორა დატრიალებულა, უნახავს ის ახალგაზრდა ქალი, დაურიგებია, უთხარი, ძალიან მორცხვი ვარ და სადმე ბნელ ადგილზე შევხვდეთო. ჟორჟოლიანი დათანხმებულა და მისულა კიდეც დათქმულ დროს დათქმულ ადგილას და ყველაფერი კარგად ჰგონებია მანამ, სანამ არ აღმოუჩენია, რომ მასთან პაემანზე ის მშვენიერი ქალი კი არა, ქალურად გადაცმული ჟორა შავგულიძე იდგა...
საერთოდ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, სიცილის დიდოსტატი მუდამ ასე, სხვების ხუმრობის მსხვერპლი იყო.
ერთხელ, ქუთაისში გასტროლების დროს, გაგანია აგვისტოში, მსახიობმა მიშა სარაულმა სანდრო ჟორჟოლიანს ლოგინის ქვეშ ანთებული ლამპა შეუდგა... და ასე მთელი ღამე სცხელოდა, ბორგავადა, ბორგავდა...
სხვა გასტროლების დროს კი, მისი პედანტურობა გამოიყენეს ხაფანგად. კოსტიუმი მუდამ მზად ჰქონდა. ფეხსაცმელიც იქვე ელაგა გაპიწკინებული. წესად ჰქონდა _ სკამზე ჯდებოდა და ფეხებს პირდაპირ ჰყოფდა ტუფლებში. ერთხელაც გაყო, თასმებიც განასკვა და წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ ადგა, ვერ გაინძრა, საშინელ დღეში ჩავარდა, აყვირდა _ მიშველეთ, მიშველეთ!!! ვიღაცამ თურმე იატაკზე დაულურსმა ფეხსაცმელი...
ოინებს ხანდახან ძუნწობისადა გამოც უწყობდნენ. ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, ვაგონსა და ვაგონს შუა მდგარა მიშა სარაულთან ერთად. სარაულს ხელი წაუვლია და აუტეხავს ერთი ამბავი, თუ 20 მანეთს არ მომცემ, გადაგაგდებ და ვერც ვერავინ გაიგებსო. იმდენი უქნია, ჟორჟოლიანს მართალც დაუჯერებია... დაჰპირებია, ოღონდ მომეშვი და მოგცემ 20 მანეთსო. ახლა, ეს ჩაუხვევია სარაულს _ ქვეყანა შეუყრია, ჩემი ვალი აქვს და არ მიბრუნებსო. თან `აშანტაჟებდა~, მომე, თორე მოვყვები, როგორ დაიჯერე, რომ მართლა გადაგაგდებდიო. იმდენი უქნია, მართლა წაურთმევია ჟორჟოლიანისთვის 20 მანეთი...
მაია ჩაჩავა, სანდრო ჟორჟოლიანის შვილიშვილი: `ბაბუას ფულის ტყუილად ხარჯვა მართლა არ უყვარდა, მაგრამ ჩემთვის და ჩემი დისთვის, ჩვენი სათამაშოებისთვის ფული ნამდვილად არ ენანებოდა. ჩემს დას ჯიბის ჭიას ეძახდა. ყოველ ხუთიანზე ხუთ მანეთს ჩუქნიდა, ჩემი და კი მერე თვითონაც იწერდა დღიურში ხუთიანებს; ბაბუა კი ბუზღუნებდა, ეს გაუთავებელი ხუთიანები რა არისო, მაგრამ მაინც აძლევდა.~
ჟორჟოლიანი ინტერნეტს არ მოსწრებია, მაგრამ კურიოზი არც ამ განზომილებაში ასცდა. ქართული ვიკიპედია დიდი ბრაკი-ბრუკით გვამცნობს, რომ თურმე ჟორჟოლიანს ოდესის უნივერსიტეტი 1941 წელს დაუმთავრებია.
ქართული ვიკიპედიის `ჭკუით~, ჟორჟოლიანს 53 წლის ასაკში დაუმთავრებია უნივერსიტეტი. ანუ ჯერ ასწავლიდა და მერე ისწავლა.
სანდრო ჟორჟოლიანს მხოლოდ კომიკურ როლებს სთავაზობდნენ. მას კი გული წყდებოდა, სხვა ჟანრში მუშაობის საშუალება რომ არ ეძლეოდა. `დიდოსტატის მარჯვენის~ ერთ-ერთYმონაკვეთს ფასანაურში იღებდნენ, ჟორჟოლიანი იმ დროს იქ ყოფილა დასასვენებლად და მოუნახულებია კოლეგები. `შუა საუბრის დროს უცებ მომიბრუნდა და მითხრა, შენ მგონი არც აპირებ ფილმში დამაკავო. გამეღიმა და დავპირდი, გადაგიღებ-მეთქი, მიმიხვდა თვალთქმაცობას, ნაღვლიანად ჩაიღიმა, ტყუილად ფიქრობ, რომ მე მხოლოდ სასაცილო როლების თამაში შემიძლიაო~, _ იხსენდა ვახტანგ ტაბლიაშვილი.
სადაც უნდა გამოჩენილიყო _ ეკრანზე, სცენაზე თუ გნებავთ ცხოვრებაში, პანაშვიდზეც კი, მისი გამოჩენა გულიან ხარხარს იწვევდა. მაგრამ...Eთვითონ ცხოვრებაში ზედმეტად სევდიანი, ფიქრიანი, სერიოზული ყოფილა. თითქოს იუმორის გრძნობაც არ ჰქონდა, როცა ანეკდოტებს ყვებოდნენ ან ხუმრობდნენ, ძალიან სერიოზულად იჯდა და უკვირდა, რაზე იცინით, რაა აქ სასაცილოო?
ოდესის უნივერსიტეტში განსწავლულმა შესანიშნავად იცოდა ფრანგული ენა, საბჭოთა დროში გამოწერილიც ჰქონია ლ"უმანიტე, ორიგინალში კითხულობდა ფრანგულ მხატვრულ ლიტერატურასაც და ფრანგ ფილოსოფოსთა შრომებსაც. ის კი არა, თავის დროზე, სანდრო ჟორჟოლიანს წერილიც კი მიუწერია პროლეტარიატის ბელად ლენინისთვის...
`მაქსიმიჩმა~ (როგორც მას თეატრში ეძახდნენ), ილიჩისთვის კი მოიცალა დროულად, მაგრამ აი, დაოჯახება კი ცოტა შეაგვიანდა. 42 წლის იყო, როცა ცოლად 19 წლის ირინა ორეხოვსკაია ითხოვა. ორეხოვსკაია დედით ქართველი, მამით პოლონელი იყო. პოლონეთში დაბადებულა. შემდეგ გადმოსახლებულან საქართველოში. პიანისტი იყო, მაგრამ შვილი _ დინარა ჟორჟოლიანი რომ შეეძინათ, პიანისტობას თავი დაანება და მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო. სანდრო ჟორჟოლიანი და ირინა ორეხოვსკაია მალე დაშორებულან, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩენილან, ისე, რომ შვილიშვილები ვერც ხვდებოდნენ, რომ ისინი დაშორებული იყვნენ, სანდრო სადილადაც დაიარებოდა თურმე თავის ყოფილ ცოლთან...
სანდრო ჟორჟოლიანის ერთადერთმა ქალიშვილმა _ დინარა ჟორჟოლიანმა ერთი როლით მოახერხა მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება _ `ოთარაანთ ქვრივში~ კესო ითამაშა. მისი სილამაზე თვით ვერიკოს განუმეორებელმა ხიბლმაც ვერ დაჩრდილა. თუმცა სწორედ ვერიკოს ფაქტორმა დააეჭვა ის საკუთარ შესაძლებლობებში, ამას დაემატა ისიც, რომ მისთვის, როგორც მოწესრიგებული ადამიანისთვის, დამანგრეველი იყო კინოგადაღებებისთვის ჩვეული ქაოსი და მან კინო ჰობად დაიტოვა, სულ რამდენიმე ფილმშია გადაღებული _ `ოთარაანთ ქვრივი~, `დღე უკანასკნელი, დღე პირველი~, `ერთი მოთხრობის ფინალი~, `პიერი _ მილიციის თანამშრომელი~, `მე დავბრუნდები~...
მას ყოველთვის ენები, ლინგვისტიკა აინტერესებდა,
დაამთავრა და მოღვაწეობდა უცხო ენების ინსტიტუტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, იყო კათედრის გამგე, 1990 წელს, გაცვლითი პროგრამით, ერთი წლით წავიდა ამერიკაში, სიეტლის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, მაგრამ ის ერთი წელი დღემდე გრძელდება და როგორც მისი ქალიშვილი ამბობს, საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამჟამად მოღვაწეობს ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში _ ასწავლის რუსულ ენას და ლინგვისტიკას. და კიდევ, გულშემატკივრობს ბარაკ ობამას. წინასაარჩევნო შეკრებებზეც დადიოდა თურმე და ორჯერ ფულიც გადაურიცხია ობამას საარჩევნო ფონდში...
ვაშინგტონის ცენტრალური უნივერსიტეტი 1891 წელს გაიხსნა როგორც ვაშინგტონის შტატის სკოლა, შემდეგ კოლეჯად იქცა, 1977 წელს კი _ ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტად.
`საერთოდ არ უფიქრია რომ ელენსბურგში დარჩებოდა, როდესაც აქ ჩამოვიდა საქართველოდან. ახლა, კი ამბობს რომ აღარასოდეს დატოვებს, _ ვკითხულობთ ამერიკულ პრესაში. _ პროფესორი, ლინგვისტი და მწერალი ჟორჟოლიანი, ვაშინგტონის ცენტრალური უნივერსიტეტის რუსული პროგრამის გული გახდა მას შემდეგ, რაც ის დაიქირავეს როგორც მოწვეული პროფესორი. ვიდრე ის ამერიკაში სტუმრად იმყოფებოდა, საბჭოთა კავშირი დაიქცა და ჟორჟოლიანი აღმოჩნდა ათასეული მილით დაშორებული საკუთარი ოჯახისგან, ხელში იმ ქვეყნის პასპორტით, რომელიც აღარ არსებობდა.
`იქ, საქართველოში, სამოქალაქო ომი იყო, ომი მძვინვარებდა ქუჩებში~, _ იხსენებს დინარა ჟორჟოლიანი. `მე ორი ქალიშვილი მყავს, მათ მთხოვეს მიმეცა შანსი აქ~ _ რაც გააკეთა კიდეც...
ჟორჟოლიანის შვილიშვილი ნინო გაბუნია მხოლოდ ექვსწლინახევრის იყო, ამერიკაში რომ ჩამოვიდა.
`ნინო მთლიანად ამერიკელია~, _ ამბობს ღიმილით ჟორჟოლიანი, `ის აქ გაიზარდა, საუბრობს უაქცენტოდ~.
თავად ჟორჟოლიანს აქვს ამერიკის მოქალაქეობა, ინგლისურად საუბრობს განსაკუთრებული რიტმით, ინტონაციით. ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ ენებს, აქვს დოქტორის ხარისხი შედარებით ლინგვისტიკასა და თარგმნის თეორიაში. მის მრავალ ხარისხს შორისაა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხიც...
ამერიკული პრესისთვის არც დინარა ჟორჟიოლიანის კინოკარიერაა უცნობი.
`მე ოცი წლის ვიყავი~, _ ამბობს მოკრძალებულად... მისი კერპი ოდრი ჰეპბერნი იყო, მას აღარ გაუგრძელებია კინოკარიერა...~ (ვკითხულობთ ამერიკულ პრესაში).
1992 წელს, საქართველოდან ამერიკაში გადასახლდა დინარა ჟორჟოლიანის ორივე ქალიშვილი, მაგრამ აქ დარჩა დინარა ჟორჟოლიანის მეუღლე _ ზურაბ ჩაჩავა.
`მამა ჩამოსული იყო რამდენჯერმე ამერიკაში, მაგრამ რაღაცნაირად ვერ შეეწყო იქაურობას და დღესდღეობით აქ ცხოვრობს~, _ ამბობს მაია ჩაჩავა.
მაია ჩაჩავა 29 წლის იყო, ამერიკაში დედის სანახავდ რომ წავიდა შვილთან, ნინო გაბუნიასთან ერთად. დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ დარჩა. აქ თუ უცხო ენების სპეციალისტი იყო, იქ მხატვარი გახდა _ შესაბამისი განათლება მიიღო და დღეს ფერწერას, გრაფიკას, დიზაინს ასწავლის. ხელოვნების პროფესორია ვაშინგტონის ცენტრალურ უნივერსიტეტში. მისი და, ნინო მერაბიშვილი პიანისტი და ინსტრუქტორია, დოქტორის ხარისხით, ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
ნინო გაბუნია კომპიტერული დიზაინერია.
მაია ჩაჩავას შარშან გამოფენა ჰქონდა `მარიოტში~. მის ნამუშევრებში ტრიალებს გულის და ბროწეულის სიმბოლიკა, ხან ვერ გაარკვევ, გულია თუ ბროწეული.
მაია ჩაჩავა: `...მე მიტაცებს შემოქმედებით პროცესში ის, რისი ახსნაც მე არ შემიძლია. ყველაფერი რომ ავხსნა, ალბათ აღარც დავხატავ... ბროწეული დაკავშირებულია მარიტასთან, ნატვრის ხესთან, თან რაღაც საიდუმლო ფორმაა, გარედან თითქოს არაფერია, გახსნი და... გულიც გაურკვეველია, რას აკეთებს, რა ფუნქციას ასრულებს, გარდა იმისა, რომ სიხლს ამოქმედებს სხეულში...~
`ადამიანი ღმერთისგან მოწყვეტილი ღვთიური არსებაა, რომელზეც ექსპერიმენტი ტარდება, დამოუკიდებლად როგორ ცხოვრებას შექმნის~
დღეს საუბარი გვექნება სისტემის შესახებ, რომელსაც რეიკი ეწოდება და ჯერჯერობით არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ეს არის სამკურნალო სისტემა, რომელიც წარმოიშვა იაპონიაში მე-19 საუკუნის ბოლოს. სიტყვა შედგება ორი იაპონური იეროგლიფისგან: რეი და კი. რეი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც სამყარო, სული, სამშვინველი, კი _ ენერგია, ცნობიერება, განწყობა. ასევე ეწოდება უნივერსალური ცხოვრებისეული ენერგია. სისტემის დამაარსებელია დოქტორი მიკაო უსუი, მან დააარსა მკურნალობის ახალი სისტემის შემსწავლელი სკოლა. მეოცე საუკუნეში გაჩნდა რეიკის სხვადასხვა სახეები, რაც ახლა უკვე ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ინფორმაცია რეიკის შესახებ თანდათან შემოდის საქართველოში და მიმდევრებიც ჰყავს.
ვესაუბრებით რეიკის სისტემის მცოდნეს ქალბატონ ლატავრა ათუნაშვილს.
-ქალბატონო ლატავრა, პირველ რიგში, გაგვაცანით თქვენი საქმიანობის სფერო და როგორ იწოდებით ამ სისტემის მიმდევრები: ექსტრასენსი, მკურნალი, შამანი, ნათელმხილველი?
-მე გახლავართ რეიკის ოსტატი. რეი _ ღვთიური, კი _ სასიცოცხლო ენერგია. ეს მთლიანი სამკურნალო სისტემაა. საერთოდ, ჩემნაირებს რუსულად უწოდებენ, ,,მასტერ სვეტა~. ქართულად თუ ვიტყვით, ,,სინათლის ოსტატი~. სისტემა საქართველოში უცნობი და იშვიათია, ახლა ვაცნობთ საზოგადოებას, თორემ საზღვარგარეთ ჩვეულებრივად მიღებული მოვლენაა. ამ ენერგიის სწორი გამოყენებით შეიძლება ბევრი პრობლემის განეიტრალება და მრავალი დაავადების მორჩენა.
-ალბათ, ამ სისტემაში ჩართვა განაპირობა იმან, რომ თქვენში იყო მიდრეკილება ეზოთერიკისადმი...
-გავიზარდე ახალციხეში. ბავშვობიდან ფანტაზიორი ვიყავი, ყოველთვის რეალურად წარმოვიდგენდი და ვხატავდი წაკითხულ წიგნს თუ ზღაპარს. მქონდა ორი ოცნება _ გამოვსულიყავი ან კოსმონავტი, ან ჯადოქარი. ჩავთვალოთ, რომ გამოვედი ჯადოქარი (იცინის.), თუმცა რასაც ჰქვია ,,რეიკის ოსტატი~, მალე ვერ გახდები, ამას წლები და ბევრი მუშაობა უნდა.
რეიკის მაღალი საფეხურია მერკაბა. მერ _ სინათლე, კა _ სული, ბა _ სხეული. მერკაბა აბსოლუტურად ყველა ადამიანშია, ოღონდ მიძინებულია. მაგალითად, როცა ახერხებენ მიწიდან ასვლას, აფრენას, ანუ ლევიტაციას, ეს მერკაბას დამსახურებაა. მერკაბას შესახებ ცოდნა დაიკარგა ატლანტიდის ჩაძირვის შემდეგ.
_ თქვენი აზრით, ატლანტიდა მითია თუ რეალობა?
_ ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის მითი, ისე რეალობა. Aატლანტიდა მართლაც არსებობდა. მათ გააჩნდათ მაგიური კრისტალები, რომლითაც მართავდნენ ყველას და ყველაფერს. ატლანტიდა იყო ასეთ დონეზე, თორემ სხვა ცივილიზაციებიც არსებობდა, შედარებით დაბალ დონეზე განვითარებულნი. ატლანტიდამ ცოდნა ბოროტად გამოიყენა, მიმართეს კრისტალები სხვა ხალხის დასაზომბირებლად. ღვთიური ძალის ბოროტად გამოყენებას უკურეაქცია მოჰყვა და ეს ბუნებრივიც იყო.
-რა არის არმაგედონი ამ თვალსაზრისის მიხედვით?
-ეს არის ბრძოლა ძველსა და ახალ ენერგიებს შორის. ადამიანი უნდა იყოს შემოქმედი, თანამგრძნობი, ჯანმრთელი, ბედნიერი. ასეთი სჭირდება იგი სამყაროს. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კონტრაქტი უნდა შეწყდეს ძველ ენერგიებთან და დაიდოს ახლებთან. დაუკვირდით, როგორია ცხოვრება, რა სიტყვებს ვხმარობთ, რა ემოციებს ვუშვებთ. ეს ყველაფერი მატერიალიზდება და მერე გვიკვირს _ რატომ მოხდა ყველაფერი ეს? ჩვენი ნებაა გამოვასხივოთ ნეგატიური ან დადებითი. ადამიანი არის ღმერთისგან მოწყვეტილი ღვთიური არსება, რომელზეც ჩატარდა ექსპერიმენტი, რა და როგორ ცხოვრებას შექმნიდა. მოითხოვე, მოინდომე, ყველა კარი გახსნილია, ყველა ცოდნა მოგეცემა.
-ისევ 2012 წელს დავუბრუნდები. ეს რაღაც საშინელი კატასტროფის თარიღად აქციეს. რატომაა ასეთი დრამატიზება?
-რომ იცოდეთ, ეგეც ადამიანებზეა დამოკიდებული. საერთოდ, ნიბირუ, რომელზეც ხშირად საუბრობენ, ,,სანიტარი~ პლანეტა გახლავთ. თუ დედამიწიდან ბევრი ნეგატიური ენერგია და ემოცია არ გავა კოსმოსისკენ, ნიბირუ შეუმჩნევლად ჩაივლის. არ შეიძლება ასეთი საშინელი წინასწარმეტყველებების წერა, რადგან ყველაფერი ისევ ჩვენ შეიძლება საბედისწეროდ შემოგვიბრუნდეს.
-ანუ ძალიან ბევრი რამეა ადამიანებზე დამოკიდებული...
-ადამიანში სძინავს უსაზღვრო ცოდნას, მაგრამ ამის ჩასართავად დიდი ენერგიაა საჭირო. ჩვენს უჯრედებში წერია ინფორმაცია პლანეტებზე, გალაქტიკებზე. მერკაბას გახსნისას აქტიურდება ადამიანის დნმ-ს თორმეტივე სპირალი და იქ წერია არამარტო ახლანდელი, ისე წინა ცხოვრების შესახებაც.
- რა სახისაა რეინკარნაცია რეიკის მიხედვით?
- ჩვენ თვითონ ვიქმნით საკუთარ სხეულს, ვიქმნით როლებს და ვთამაშობთ. დედამიწიდან გასვლისას ადამიანი ათვალიერებს, რა მოხდა ნეგატიური, მერე ბრუნდება, ცვლის ყოველგვარ ნეგატიურს და ა.შ. საერთოდ, არავინ არ გაგიკეთებს ისეთ რაღაცას, რაც სხვისთვის არ გაგიკეთებია. რატომ არ შეიძლება სხვისი განსჯა? _ პირველ რიგში, იმიტომ რომ დამატებით ტვირთად იკიდებ სხვის კარმას, მეორე _ რა როლიც არსებობს დედამიწაზე, ყველა გაქვს შესრულებული, ყველანაირი ყოფილხარ. ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ თავს. ყველას გვყავს უმაღლესი ,,მე~, რასაც მფარველ ანგელოზს უწოდებენ. მასთან შეერთება კოსმიურ ინტერნეტში ჩართვას ნიშნავს. ნებისმიერ ძალასთან შეგიძლია გახვიდე კავშირზე. მე კომპიუტერზე ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ადამიანის შინაგანზე პირდაპირ ჰაკერი ვარ.
-ქალბატონო ლატავრა, სანამ თქვენთან მოსული ადამიანი თქვენს საქმიანობაში გაერკვევა, ალბათ, მიმკითხავეთო, გთხოვენ...
-კი, როგორ არა. დამირეკავენ, მკითხაობთ? ვამბობ: არა, კიდებენ ყურმილს. უნდათ იცოდნენ წინასწარ, რა მოხდება, ცოტას თუ აინტერესებს ცხოვრების შეცვლა, გაუმჯობესება, გახდეს სხვანაირი. მკითხავის ნათქვამით, ცნობიერება იწყებს მუშაობას იმ მიმართულებით და შეიძლება არც უნდა მოხდეს რამე და გამოვიწვიოთ. რა იქნება მომავალში, კაციშვილმა არ იცის. ჩვენ ვასწავლით, როგორ შეცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ. მე ჯადოგანაკეთები ხალხიც მინახავს და განა მარტო ამ ცხოვრებაში, წინა ცხოვრებიდან რომ მოსდევთ ჯადო.
-ე.ი. შეიძლება მომდევნო რეინკარნაციამ ჯადო გაიყოლოს?
-მე მყავდა პაციენტი, რომელიც მოვიდა ჩივილებით, რომ ვარ თითქოს ჯანმრთელი, ამ დროს ყველაფერი მტკივა, საქმეები ცუდად მიმდის, დედაჩემი სულ ცუდადაა, ჩემს ძმას 17 წლის ასაკში დიაბეტი დაეწყო... ვერაფერი გაეგო. ამასთან მომიყვა, რომ ბავშვობაში სულ ხედავდა სიზმარს, რომ თითქოს მისი სხეულის გარშემო დადიოდნენ ქურუმები და ჩეხდნენ. დავუკავშირდი უმაღლეს მეს და მართლაც დავინახე, რომ მის სხეულზე წინა ცხოვრებაში ჩატარდა წარმართული რიტუალი. მარტო მაგი ვერ აღადგენს ასეთ დანაწევრებულ სულს, ანგელოზთა ძალა უნდა დაეხმაროს და მეც დამეხმარა. ასევე მყავდა პაციენტი სტუდენტი გოგონა, რომელსაც მოულოდნელად ენურეზი _ შარდვა დაეწყო. არაფერი შველოდა, ექიმებთან ატარებდნენ. ჩემი პაციენტის მეგობრის შვილია. მის წინა ცხოვრებაში გადავედი და ვნახე, რომ საბერძნეთში გაუკეთეს ჯადო სულზე. მთავარია, დაამარცხო ძალა, რომელმაც ენერგეტიკულად იმოქმედა პაციენტის სულზე. მე აღვადგინე ყველაფერი და გოგონას დაავადებაც დაიკარგა. ადრე ჯადოსთვის ძვლებს, რქებს, თმას და ათას ხარახურას იყენებდნენ. ეს ძველებური მეთოდია. თანამედროვე მაგები ასეთ რაღაცას აღარ იყენებენ, ტექნიკა წავიდა წინ. ისე, გეტყვით, რომ ეს ნაგავი სულაც არაა საჭირო, ადამიანი შეიძლება შორიდან დაანგრიო ენერგეტიკულად. მაგი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომ აქვს ძალიან დიდი ენერგია, კარგი წარმოსახვის უნარი და რაც მთავარია, რწმენა, რომ შეძლებს.
-რამდენადაც ვიცი, აქაშა სინათლის სხივზე მკითხაობაა, თქვენ როგორ უყურებთ აქაშას?
-დედამიწაზე არის ადგილი, რომელიც მიუწვდომელი და დამალულია მიწიერი ადამიანებისთვის, ისინი ვერ აღიქვამენ. როდესაც სული მოდის დედამიწაზე, იქ აღინიშნება და ასევე, გასვლის დროს ტოვებს იქ თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას. ყველა ადამიანს აქვს კრისტალი, რომელშიც წერია ისტორია მისი სულის განვითარების შესახებ. რაც წერია აქაშაში, ის წერია ჩვენს დნმ-ში, ჩვენი პირადი ინტერნეტი იხსნება უმაღლეს მე-სთან შეხებაში. დრო მოვა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს აღარ მოატყუებენ, იმიტომ რომ ერთმანეთის აზრებს წაიკითხავენ.
fs32
















































































მთავარი
კონტაქტი




2010