მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
გიორგი ალიბეგაშვილი: ბედისწერის წიგნი (მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები")

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი "ჯაყოს ხიზნები" დაწერიდან დღემდე ქართველი საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებას იწვევს. ძნელად თუ მოიპოვება XX საუკუნის ქართულ მწერლობაში ესოდენ მაღალმხატვრული და პრობლემატური ნაწარმოები, რომლის შესახებაც ასე კნინად არსებობდეს კრიტიკული წერილები თუ გამოკვლევები. არადა, საყოველთაოდ გაზიარებული თვალთახედვით, ესაა თხზულება, რომელშიც ლიტერატურულად სრულყოფილად და რეალისტურადაა მოცემული და შეფასებული საქართველოს ისტორიის ერთი კონკრეტული მონაკვეთი და, ამასთანავე, განჭვრეტილია მისი მომავალი ვიდრე დღევანდელ დღემდე.

"ჯაყოს ხიზნებს" სხვადასხვა თაობის ქართველი საზოგადოება რომ არ სწყალობდა, ეს ყველას მოეხსენება. არ ვგულისხმობთ ცალკეულ პიროვნებებს - ხელოვნებს, მწერლებს, კრიტიკოსებს, რომლებიც შეეცადნენ მის გააქტუალურებასა და, სამწუხაროდ, დაცვასაც. განსაკუთრებით არ სწყალობდა "ჯაყოს ხიზნებს" პედაგოგიური აზრი, თუმცა კი სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ იცოდა, რომ "არსენა მარაბდელი" არაა მხოლოდ დიდი მოცულობის გამო ძნელი სასწავლებელი, და არც მოწაფეები ეწაფებოდნენ მას ხალისიანად. ლიტერატურათმცოდნეობაში კი გაზიარებულია ის თვალსაზრისი, რომ "არსენა მარაბდელი" არ წარმოადგენს მიხეილ ჯავახიშვილის საუკეთესო ქმნილებათაგანს, რომელიც მაქსიმალურად შეგვაგრძნობინებდა მწერლის მხატვრული სიტყვის ძალას.

"ჯაყოს ხიზნებთან" დაკავშირებით პედაგოგთა აზრი ერთგვარად ცალსახაა - ამ რომანში არის საჩოთირო ეპიზოდები, რომელთა ფონზე მოსწავლეებთან საუბარი დღესდღეობით მაინც ჭირს და საერთოდაც არაა სასურველი. თუმცა აქ სხვა, უფრო ღრმა მიზეზიც შეიძლება მოიძებნოს - ასეთი თხზულების სასკოლო პროგრამაში ჩართვა რამდენადმე იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური პრინციპებისა და მეთოდების დარღვევაც იქნებოდა. თუ ეს ასეა და, გარკვეული აზრით, ასეცაა, შეიძლება ნაწარმოების ადაპტირება და აღნიშნული პრობლემაც მოიხსნება. მაგრამ დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობის ნებსით თუ უნებლიეთ, თავად დროის მიერ მოტანილ გაცნობიერებულობას თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობთ, არსებითი უხერხულობა სხვა რამეში უნდა ვეძიოთ. თავის დროზე ეს იყო ე.წ. ეროვნული პრობლემა, რომ ჩვენ ამ ნაწარმოების სწავლებით ვიღაცას გავაღიზიანებდით. მთავარი კი მაინც სხვა მომენტია: მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები" იმდენად უცხო თესლ-ტომის უგვანობაზე მიმთითებელი თხზულება არაა, რამდენადაც ჩვენსაზე - ქართველი კაცისაზე; მაგრამ ეს არაა იმ ცნობილი რუსი მწერლებისეული, თუ შეიძლება ითქვას, საჭირო, მაგრამ ღვაძლიანი მხილება. ესაა მოყვასის, ერის ჭირ-ვარამზე დაფიქრებული და ერთგვარად განწირული პიროვნების, ილიასეული "მკვახე შეძახილი", მიმართული ქართველი ერისადმი.

ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით თავისთავად ტრადიციული შეხედულებებიც არსებობს. მითითებულია, რომ რომანის კრიტიკოსები თავის შენიშვნებში უმთავრესად ორ ამოსავალ საფუძველს ეყრდნობოდნენ. ერთნი ფიქრობდნენ, რომ მწერალი მეტისმეტად მკაცრად მოეკიდა ქართველ ინტელიგენციას და ერთგვარი შეურაცხყოფაც მიაყენა მას თეიმურაზ ხევისთავის მხატვრული სახით, მეორეთა აზრით კი, მწერალი ზედმეტად გაიტაცა უარყოფითი მოვლენებისა და ტიპების მხატვრულმა განზოგადებამ, რამაც მას ზომიერების გრძნობა დააკარგვინა და, ამდენად, სინამდვილეც ცალმხრივად, ნეგატიურად წარმოასახვინა. ჩვენ არ შევუდგებით ამ მოსაზრებათა გაანალიზებას. ასეა თუ ისე, მთავარი ერთი რამაა: თეიმურაზ ხევისთავის მხატვრული სახე დღესაც მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს და ქართველი ინტელიგენციის შეურაცხყოფაზე, მკაცრ დამოკიდებულებასა და ზომიერების დაკარგვაზე უწინარეს ნაწარმოებში სხვა რამ საჭირბოროტო პრობლემა უნდა დავინახოთ და ამოვიკითხოთ.

"ჯაყოს ხიზნებში" აღწერილი ამბები მეტად რთული ისტორიული პერიოდის ფონზეა გაშლილი და გაშუქებული. ეს ეპოქა, XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლო და 20-იანი წლების დასაწყისი, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებითაა აღსავსე. საკუთრივ საქართველო ელოდა თავისუფლებას, მიიღო და მალევე დაკარგა კიდეც იგი. ნაწარმოებშიც მოქმედება ძირითადად გასაბჭოების ხანაში ხდება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ეს გაბედული რომანი მწერალმა ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ ერთ-ერთ უმძიმეს ჟამს - 1924 წელს შექმნა და ჟურნალ "მნათობში" გამოაქვეყნა, ხოლო მომდევნო წლებში ცალკე წიგნებადაც გამოსცა.

მიხეილ ჯავახიშვილმა ახალ ისტორიულ პირობებში გააგრძელა და განავითარა რეალიზმის ტრადიციები. ნიკო ლორთქიფანიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან და კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მან ქართულ ლიტერატურაში ააღორძინა ახალი ჟანრი - სოციალური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური პროზა. თუმცა, თანამედროვეთაგან განსხვავებით, მიხეილ ჯავახიშვილს მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე არ უღალატია რეალიზმისთვის, ამ სიტყვის შეუპოვარი და შეუვალი გაგებით.

"ჯაყოს ხიზნების" გმირები არ არიან იდეალურნი, ისინი უფრო ანტიგმირები არიან. თავიდანვე შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვა: რა არის არსი ამ ნაწარმოებისა? ნაკაცარი თეიმურაზ ხევისთავის ტრაგედიის ჩვენება, ჯაყო ჯივაშვილის ავხორცობისა და ბოროტების წარმოჩენა, თუ მარგო ყაფლანიშვილის უმწეობისა და უბედურების ასახვა? და, მართლაც, ამ სამი პიროვნების ცხოვრება რომ განაპირობებს ერთმანეთის ბედისწერას და, ფაქტობრივად, ნაწარმოების პრობლემატიკასაც ერთ მთლიანობაში კრავს. და კიდევ, რაც არანაკლებ საყურადღებოა: "ჯაყოს ხიზნებში" არც სხვა რომელიმე პერსონაჟია, განსაკუთრებულ სიმპათიას რომ იმსახურებდეს. იმ ისტორიულ ფონზე, როდესაც ეს თხზულება იქმნებოდა, ჩანს, მიხეილ ჯავახიშვილის ლიტერატურული ჩანაფიქრი სხვა გზით არც შეიძლებოდა წარმართულიყო. "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟთა გაცნობისთანავე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს თხზულება დაწერილია მხილებისათვის, მკაცრი, პირუთვნელი სინამდვილის ჩვენებისათვის. ისევე როგორც თავის დროზე ილიამ დიდი გულისტკივილით ამხილა "თათქარიძეობა", მიხეილ ჯავახიშვილმაც იმდროინდელ საზოგადოებაში აღმოაჩინა და სამსჯავროზე გამოიტანა, ერთი მხრივ, "ნაკაცარობა", ხოლო, მეორე მხრივ, "ჯაყოობა".

ამ რომანთან დაკავშირებით მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: "მე ცხოვრების უმადური არა ვარ. ჩემს გზაზე ჭირიც მინახავს და ბედნიერიც ვყოფილვარ. მაგრამ იშვიათად მიგრძვნია ისეთი მძაფრი სიხარული, რომელიც ვიგრძენი ზოგი ჩემი მოთხრობისა და რომანის დასრულების გამო. უცნაურია: ყველაზე მეტი დავა "ჯაყოს ხიზნებმა" გამოიწვია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც ამ რომანის დასრულებამ მაგრძნობინა. იმ დღეს ნამდვილად ბალღად გადავიქეცი, რომელსაც გაუძლისი ბედნიერება დაატყდა. ვეღარც მე ვცნობდი ჩემს თავს და ვეღარც ჩემი ცოლ-შვილი მცნობდა".

ასეა: თავად მიხეილ ჯავახიშვილი საკუთარი შემოქმედებიდან საუკეთესოდ, "ყველაზე მეტი სიხარულის" მომგვრელად, თავისი "სულის გმინვად" "ჯაყოს ხიზნებს" მიიჩნევდა და არა სხვა რომელიმე თხზულებას. ამ ნათქვამში, რასაკვირველია, ერთგვარი კატეგორიულობა იგრძნობა, მაგრამ ასეთი რამ ილიას, აკაკის, ვაჟას ან სხვა რომელიმე მწერალს რომ ეთქვა, გვექნებოდა თუ არა მისი უგულებელყოფის უფლება?! ვფიქრობთ, რომ არა.

"დაშრეტილ და დამდნარ ნაკაცარ" თეიმურაზ ხევისთავის პორტრეტს მის ნამოურავალ ჯაყო ჯივაშვილთან ერთად ნაწარმოების დასაწყისშივე ვეცნობით. საერთოდ, ამგვარი სიტყვები: "ნაკაცარი", "ნათავადარი", "ნახიზანარი", "ნახუცარი", "ნამამულევი", "ნამოღვაწარი", "ნავექილარი", "ნაუფლარი" და ა.შ. ბევრგან გვხვდება "ჯაყოს ხიზნებში", რაც იმას მიგვანიშნებს, რომ მოქმედება უკვე ახალ დროში მიმდინარეობს, იმ დროში, რომელმაც ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა, ძველი ბევრი რამ მოსპო. ამიტომ ზემოჩამოთვლილ "ეპითეტთა" ფონზე თეიმურაზის მამაპაპისეული ციხე-დარბაზისა და ადგილ-მამულის სახელწოდება - ნაშინდარიც, ძველის ნგრევაზე და ახლის პოვნა-აღდგენის არასწორი თუ საეჭვო გეზის ძიებაზე მიუთითებს. თითქოს დრო გაჩერებულია ორ ჟამს შორის - "მკვდარსა" და "შობადს" შუა. ნა-არ თავსართ-ბოლოსართი უნდა ჩამოშორდეს ლექსემებს და უნდა შეიქმნას ახალი მოვლენების, სოციალური ფენების, ტოპონიმების და ა.შ. აღმნიშვნელი სიტყვები და ტერმინები.

თეიმურაზ ხევისთავს "ნათავადარიცა" და "ნაკაცარიც" ახალი ეპოქის მოსვლისას ეწოდა, რადგან, როგორც სხვა მრავალი, ისე თეიმურაზიც რევოლუციამ იმსხვერპლა; მაგრამ იგი კარზე მომდგარ უბედურებებს შეიძლება გადარჩენოდა კიდეც, თავისი მოურავის ვერაგობა რომ არ დართვოდა სხვა შეჭირვებებს

თეიმურაზ ხევისთავი ტრაგიკული პიროვნებაა. იგი საოცრად კეთილია, მაგრამ მისი სიკეთე უფრო სისულელესა და გულუბრყვილობაზე მეტყველებს. თეიმურაზის პიროვნება უსუსურობის გამო მკითხველის გაღიზიანებას ან თითქმის ზიზღსაც იწვევს. თავის სიმართლეში დარწმუნებული ხევისთავი ახალ ცხოვრებას ვერ შეეწყო, რადგან ეს მისთვის საკუთარი პრინციპების ღალატს ნიშნავდა. ხევისთავს არ სჯეროდა, რომ "ახალი ცხოვრება" ბედნიერებასა და ძლიერებას მოუპოვებდა საქართველოს. იგი ფრიად განსწავლული კაცი კი იყო, რადგან კამათში თითქმის ვერასოდეს ჩაგრავდნენ ნათავადარს, მაგრამ, ამავდროულად, უკიდურესობამდე სიცოცხლისუუნარო გახლდათ. მისი პიროვნების არასტაბილურ ხასიათსა და მერყეობას ქვეცნობიერად თითქოს ენაბლუობაც ადასტურებს ყველაფერთან ერთად: თეიმურაზის ცხოვრებისეული ბორძიკი საოცრად ემთხვევა მისი მეტყველებისა და ქცევის მანერებს.

თავისი სისუსტით, ბეჩაობითა და ბედოვლათობით თეიმურაზ ხევისთავი კარგავს და წყალს ატანს ყველაფერს; წინაპართა ძლიერი მხრები, რომლებზედაც იგი მყარად უნდა დამდგარიყო, სუსტი ფეხების გამო გამოეცალა. ამიტომ კითხვის მეტს აღარაფერს არ აკეთებდა, სულ იმის ცდაში იყო, გაეგო, რა ხდებოდა მსოფლიოში, საკუთარი მამულის ამბები კი არც აინტერესებდა: "თუ თეიმურაზი დღეში ათზე ნაკლებ გაზეთს წაიკითხავდა, ის დღე მისთვის დაკარგული იყო. გაახელდა თუ არა დილით თვალებს, უმალ ახალ-ახალ გაზეთებს დასწვდებოდა, და ჭამა-სმის დროსაც, ცხვირი რომ მათლაფაში ჰქონდა, ერთი თვალი გაზეთზე ეჭირა".

თეიმურაზ ხევისთავის დასახასიათებლად კიდევ მრავალ შტრიხზე შეიძლება ყურადღების გამახვილება - ისინი ფაქტობრივად სრულად წარმოაჩენენ ნათავადარის ფიზიკურ და სულიერ მხარეებს. "თეიმურაზი უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი იყო, ნატიფად ასხმული და ნაქანდაკევი, მაგრამ გამხდარი და გაძვალებული. მხრებაყრილი და მკერდჩავარდნილი, ბეცი და მელოტი, გაფუფქული ქათმის მინამგვანი, დაშრეტილი და დამდნარი ნაკაცარი". ამ ერთ აბზაცში ასე ახერხებს ავტორი ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავის პორტრეტის დახატვას, რომელიც, მწერლისავე თქმით, ორმოცი წლის "ახალგაზრდა მოხუცი" იყო.

თეიმურაზი ცხოვრების ცენტრშია მოქცეული, ყველა მას ეკითხება რჩევას. ერთი სიტყვით, მას საზოგადო მოღვაწის სახელი აქვს მოხვეჭილი. ისიც მენტორული კილოთი, თითის მაღლა აწევით იწყებდა მსჯელობას და თავიდანვე "ბაასის სადავეს ხელთ იგდებდა" ხოლმე. მაგრამ აქ ბუნებრივად ისმის კითხვა: რისკენ და რისთვის არის ყოველივე წარმართული? რაღა თქმა უნდა, წარმართული უნდა იყოს საქართველოსთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. თეიმურაზის განათლება არ ემსახურება საქართველოს, მისი გონება ინგლისში, ზანზიბარსა და სუდანში რბის. ე.ი. თეიმურაზისთვის უცხო ყოფილა მშობელი ერის ბედ-იღბალი და ეს გახლავთ კიდეც უმთავრესი მიზეზი მისი ტრაგიკული ბედისა, ამის შედეგები შემდგომში მოიმკო კიდეც თეიმურაზ ხევისთავმა, როდესაც ხელიდან გამოეცალა მამულ-დედული, მთელი ავლა-დიდება, ცოლი და, რაც მთავარია, ღირსების გრძნობა - იგი უღირსებო კაცი შეიქნა.

რევოლუციას თუ ანექსიას თეიმურაზი რწმენით და ერთგვარი რომანტიკული გაგებითაც კი უყურებდა. იგი ყოველთვის სულ სხვას ელოდა, მაგრამ ვერცერთ ხელისუფლებას ვერ შეეწყო, ვერცერთ საზოგადოებაში თავისი ადგილი ვერ იპოვა, ამიტომ მას არაფერი აღარ აღელვებდა, არავიზე აღარ ზრუნავდა. თავისი ძალებითა და რევოლუციის წყალობით თეიმურაზიც, მისი ოჯახიც და საქმენიც "ზეთგამოლეული ჭრაქივით დაილივნენ და დადნენ".

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თეიმურაზის ღირსებები: მას მთელი თბილისი იცნობდა. იგი იყო ზრდილი, პატიოსანი, დინჯი, ჭკვიანი და ენამჭევრი; ჰქონდა პაპისეული ციხე-დარბაზი, ქვითკირის მოზრდილი ბოსელი, მუხის ბეღელი, თავმონგრეული კოშკი, მარანი, ხუთიოდე დღიური ბაღ-ვენახი, კაკლის დიდი ჭალა, სამიოდე დღიური სახნავი და ა.შ. მაგრამ ასეთ თეიმურაზს არ დასჯერდა მიხეილ ჯავახიშვილი. თვით მაწარმოებელ "ოდე-შიც" გარკვეული ირონიაა გამჟღავნებული, ვითომც ეს ყველაფერი საკმარისი არ უნდა იყოს ერთი კინკილა ცოლ-ქმრისათვის. შემდგომ, სიუჟეტის განვითარებისას, ჩვენს თვალწინ იბადება მეორე თეიმურაზ ხევისთავი, რომელიც, თითქოს ყველაფრით შემკული, აღმოჩნდება ფუტურო ხე, ნაყოფს რომ არ იძლევა. უდიდესი ცოდნის პატრონმა არ იცის, ეს ცოდნა ვის ან რას მოახმაროს. მას იმდენად ღრმად სძინავს, რომ თვით სიყვარულიც ვერ აღვიძებს, სიყვარული მარგარიტა ყაფლანიშვილისა.

ისევე როგორც თეიმურაზი, მარგოც გვარის უკანასკნელი ნაშიერია. იგი წყაროსავით შემოიჭრება უმოქმედო და უსიცოცხლო თეიმურაზის ცხოვრებაში, მოელვარე თვალებით, მოქნეული ტანითა და გადამდები სიცილით, მაგრამ იმდენად ძლიერი და განწირულია თეიმურაზის სულის კვდომა, რომ ეს ხალასი ასული გადაიქცევა მეორე ჭაობად, ბედის მორჩილად, იმდენად, რომ გარეგნულადაც კი ჩამომხმარ მეუღლეს დაემსგავსება. სწორედ ამიტომ ნამდვილ სიყვარულს უნახავი ქალი თავის თავს აჯერებს, რომ ცაში ავარდნილი და თავისდამვიწყებელი ვნება მხოლოდ პოეტების რომანტიკული გამონაგონია. ესე ცოცხლად იმარხება მარგოს ქალობა და მისი ცოდვა თეიმურაზის კისერზეა. ცოლის შერთვის შემდგომ ხევისთავის პიროვნება იოტისოდენადაც არ შეცვლილა. აბსოლუტურად უვნებო, ცოლის მიმართ უყურადღებო, ისევ თავის "საქმეში" დარჩა ჩართული.

დაბეჩავებული მარგო დიდხანს ცდილობდა ქმრის გამოფხიზლებას, მაგრამ ამაოდ დაშვრა. მიუხედავად ამისა, იგი ერთი წამითაც არ ივლებდა მეუღლის ღალატს გულში.

მსგავსად თეიმურაზისა, მარგოს ლიტერატურული ხატიც ორიეროვანი, ორსახოვანია. ორსახოვანია ჯაყო ჯივაშვილის პიროვნებაც, ოღონდ თითოეული პერსონაჟის ორსახოვნებას თავისებური მიმართებები აქვს. თუკი თეიმურაზ ხევისთავის ორიეროვნება მის ფიზიკურ-გონებრივი, მატერიალური ღირსებებითა და შესაძლებლობებით და, ამასთანავე, საჭურისული უნაყოფობითა და უსუსურობით გამოიხატება, მარგოსა და ჯაყოს ორსახოვნება სხვა ჭრილშია დანახული.

მარგო ყაფლანიშვილისა და თეიმურაზ ხევისთავის შეუღლების ამბავს ნაწარმოებში სულ ფურცელნახევარი აქვს დათმობილი. ავტორი თეიმურაზის მყუდრო ცხოვრებაში მომხდარ ამ ცვლილებას "დიდ გაუგებრობას" უწოდებს. ყველაფერი უბრალოდ და მოულოდნელად ხდება. თეიმურაზი "დროულად" იკბენს ენაზე, რომ ახლადგაცნობილ მარგოს არ უთხრას: "დიდის სიამოვნებით დავეხმარები თქვენისთანა ლამაზსაო". მაგრამ ღმერთმა ისინი ერთმანეთის საბედისწეროდ შექმნა და ამიტომაც მათი შეუღლება ბედნიერად დასრულდა.

მარგოს "მუდმივ სამიოდე მომვლელი და მოსამსახურე ჰყავდა, ამიტომ იგი მალე უსაქმურობის ჭაობმა ჩაითრია და ჩასწუწნა". დროის გასვლის შემდგომ ქალს ქმარზე გული აუცრუვდა, მან დაიჯერა, რომ ცოლქმრობა უსისხლო და ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა. მარგოს დაავიწყდა, რომ იგი, უწინარეს ყოვლისა, ქალია. როგორც გამხმარი ხე ჭკვიანი მებაღის ხელში დაიწყებს აყვავებას, ისე გაიფურჩქნა და გალაღდა ნამუსახდილი მარგო ჯაყოს ხელში. მან დაივიწყა თავისი წარმომავლობა, თავისი სიყვარული. თუ პირველ ხანებში ერთგვარ სინდისის ქენჯნას განიცდიდა ჯაყოს საყვარლობის გამო, თანდათან ყველაფერს შეეგუა. ბედნიერებაც კი იგრძნო ტლანქი და ხეპრე ნამოურავლის ხელში, მისი სევდიანი ღიმილი კი ურცხვ კისკისად გადაიქცა. ასე იკვეთება მარგოს მეორე იერსახე: თავდაპირველად შიშსა და მორიდებას გრძნობდა იგი ყოველივე მომხდარის გამო. ქალურმა ბუნებამ კი "ქალაბიწა", უსუსურ და საცოდავ ნაკაცარს სწორედ უხეში, ურცხვი ჯაყო ამჯობინა. აი, როგორი ხელშესახები ხდება მარგოს სიტყვებიდან თეიმურაზის ბუნება, ქათმის სისხლისდანახვაც კი გულს რომ უჩქროლებს: "მამაკაცის გული რომ გქონდეს, სისხლის დანახვა ეგრე არ გაგაფითრებდა. სირცხვილია, თემურ". ცხადია, რომ ქალი ვისაც ასეთ სიტყვებს ეტყვის, მასზე თავის არჩევანს არასოდეს შეაჩერებს. მარგოს თითქოს იმისიც კი სცხვენია, რომ ოდესღაც თეიმურაზი მისი ქმარი იყო.

შეიძლება სხვა კუთხითაც შევხედოთ ნათავადარის ცოლს: მართალია, თეიმურაზი არ იყო კარგი მეუღლე, მაგრამ თუ მარგო მისი ცოლი გახდა, ხომ შეიძლებოდა ბოლომდე მხარი დაეჭირა ქმრისთვის, დაეწყნარებინა, მისი აზრიგაეზიარებინა, მაგრამ ისიც სუსტი პიროვნება აღმოჩნდა. მან ქმარი ვიღაც "გამოვარდნილ დათვზე", გუშინდელ მოურავზე გაცვალა. მარგოს განაჩენი ნაწარმოების ფინალშიც ჩანს: ჯაყოს იგი მობეზრებული ჰყავს და მუშაობაში სულს ხდის, ისე როგორც თავისი წინა სამი ცოლი მოკლა არაადამიანური გარჯით. თითქოს ღმერთმა არ აპატია მარგოს ქმრის ერთგვარად სამართლიანი, მაგრამ სასტიკი დაცინვა.

ასეთია მარგო ყაფლანიშვილის სიმართლე და ცოდვა.

"ჯაყოს ხიზნების" შექმნასთან დაკავშირებით მიხეილ ჯავახიშვილი იხსენებს: "30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა - ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟინერმა ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი მიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა.

- გამარჯვება ჯაყო!

- კნეინას გახლავარ.

- რასა იქმ, როგორა ხარ?

- ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.

- ცოლ-შვილი როგორა გყავს?

- სულ კარგათა ხართ, გენაცვალე.

- რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?

- თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია.

- როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?

- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! - მიუგო ნაყმევმა.

უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა, კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამომეჭრა. აი, ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი!.

ამგვარია ჯაყო ჯივაშვილის პროტოტიპი: თავხედი და მლიქვნელი, უზრდელი და მორჩილი, მოძალადე და მხდალიც.

ნახუცარ ივანესთან თეიმურაზ ხევისთავის საუბარში ბიბლიისეული პრობლემის რემინისცენციაც აირეკლება: "ჯაყო მუდამ იმარჯვებს და წინ მიიწევს. მოგგვეხსენება, ხალხი ორივეს კაენობას და იუდობას აპატიებდა. ჯაყოს საქმეც აგრეა. ჯაყომ გგგაიმარჯვა, მე კი დავმარცხდი, მორჩა და გათავდა".

მაგრამ ამაზე მნიშვნელოვნად ნაწარმოებში სხვა საკითხი დგას: მარგოს ბედია გამოსარკვევი, - განაცხადებს პასუხად ნახუცარი ივანე. თეიმურაზს კი მარგოსთან მხოლოდ ახლოს ყოფნა სწადია, რომ ზოგჯერ შორიდან მაინც დაინახოს ხოლმე იგი, ათასში ერთხელ ორიოდე სიტყვა მაინც უთხრას მას.

მარგო იბნევა: "მე მე არ ვიცი არ მესმის ჩემთან როგორ უნდა იყო? არ მესმის რად გინდა რად გინდივარ?.. ჯაყო რას იტყვის? ქვეყანა რას იფიქრებს"?

არანაკლებ გაოცებულია ჯაყო: "მაშ რას გააკეთებდე აქა? როგორ იცხოვრებდე"? ამ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში მარგო ყაფლანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას: იგი "წელში გასწორდა, ნაკვეთი თავი მაღლა აიგდო და ალეწილ პირისახეზე მიუკარებელი ამაყობა, ნაკბენ თავმოყვარეობის ნისლი და აზღარბებული ამპარტავნება აისახა. თვალებში რისხვის ნაპერწკლებმა გაუელვეს და ტუჩების მძულვარებისა და ზიზღის ზოლები ჩაუწვნენ. თეიმურაზს ზურგი შეაქცია, ჯაყოს მკლავში ხელი გაუყარა და უბრძანა: - ჯაყო, წავიდეთ"! არჩევანი გაკეთდა. ყაფლანიშვილის ქალში მყისიერად თავადიშვილის სისხლმა გაიღვიძა, თუკი ამას გაღვიძება ჰქვია.

მარგომ და ჯაყომ ხევისთავთა ათსაუკუნოვან ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, იმ ეკლესიაში. რომელიც რამდენიმე წლის წინ თავად ჯაყომ დააკეტვინა და ააჭედვინა. ნამოურავალს არც უწინ სწამდა ღმერთი და არც ახლა, მაგრამ "მღვდელი ძალიან გინდა", - განაცხადა მან, რათა გლეხობის თვალში მარგოს ბედი ღვთისაგან კურთხეულადაც გამოჩენილიყო.

მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა ამ ცინიკური ჯვრისწერის მიმართ პროტესტის ნიშნად ეკლესია დატოვა. ქურდულად შეპარულმა თეიმურაზ ხევისთავმა კი ძლივს იცნო მარგო და ჯაყო: "ჯაყო სუფთად იყო გაკრეჭილ-გაპარსული. მოკლე და შავი თმა ზღარბივით ჰქონდა აყრილი. გოლიათის ტანზე მუქი ლილისფერი ძველებური კაბა, ვერცხლით ნაქარგი აბრეშუმის ახალუხი, განიერი ხავერდის შალვარი და ლაკის ახალი ჩექმები მარგო სწორედ იყო გამოწყობილი და მორთული, როგორც ათი წლის წინათ, როცა ჯაყოს მაგივრად თეიმურაზს ედგა გვერდით: ტანთ ეცვა თეთრი ატლასის ქართული კაბა" ასეთი სადა და გამჭვირვალეა თეიმურაზის მხრივ მარგოს "გაცემის", ხოლო ჯაყოს მხრივ მისი მიტაცების აზრი; და, აგრეთვე, არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი: თეიმურაზმა იცნო ჯაყოს კაბაც, მარგოს სარტყელიც, ჩიხტიც, მანდილიც და ჯიღაც. იარაღიც და ჯიღაც ხევისთავთა საგვარეულოს განძი იყო, მამიდან შვილს რომ გადაეცემოდა და ნაშინდარის ქალბატონები და ბატონები თავიანთი საგანძურიდან - რკინით შეჭედილი მუხის სკივრიდან მხოლოდ საზეიმოდ რომ ამოიღებდნენ ხოლმე.

კიდევ უფრო გამოკვეთს თეიმურაზისა და ჯაყოს მხატვრულ სახეებს ნათავადარის საუბარი უჩინარ ორეულთან, რომელიც განსაკუთრებით ხაზს უსვამს მის უსუსურობასა და ნამოურავლის მტაცებლურ ბუნებას: "ბრძოლა წააგე უბრძოლველად დაუთმე შენი ცოლი და პატიოსნება აგერ იმ პირუტყვს, ახმახს, ველურ ჯაყოს, რომელსაც შენზე უფრო ღონიერი აქვს მკლავებიც და ყბებიც, წვივებიც და ხმაც, გულიც და სულიც მარგოს მზითვად მისდევ და ჯაყოს ყმად უდგები, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ათასში ერთხელ შენს მარგოს გოშია ძაღლივით შეხედო" თუკი ეს მოშორებაა, გოშია ძაღლად ქცევით მოიკვეთა და შეიძულა უბედურებაშეგნებულმა მარგო ყაფლანიშვილმა ნაქმრევი.

აქვე შეიძლება შევჩერდეთ ჯაყო ჯივაშვილის მეტყველების თავისებურების მხატვრულ დანიშნულებაზეც. ასეთი ლიტერატურული ხერხი ქართულ მწერლობაში უწინაც გამოიყენებოდა, მაგრამ "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟის მიერ ქართულის ამგვარი დამახინჯება ორგვარი ფუნქციითაა დატვირთული:

1. მწერალი ამით წარმოაჩენს უცხოტომელის აგრესიულობასა და ქართული ენის და არა მარტო ენის მიმართ უპატივცემულობას;

2. აღნიშნული მხატვრული ხერხით ხაზი არა მხოლოდ ჯაყოს სიხეპრესა და უვიცობას ესმება, არამედ თეიმურაზის თავსგადახდენილ უბედურებასაც.

მოვუსმინოთ ჯაყოს: "ფეხებზე გკიდია ჯაყოს ყველანი"! "გლეხები ძალიან გაეშმაკდი, ღალას არ მოგცემდი სულ ძალაზე იყურები", - ეუბნება იგი თეიუმრაზს და იქვე აგრძელებს: "მე კი არა გცემ, გლეხები გცემენ ჯაყოსა!.. ისეთი დიდი კომბალი დაგარტყეს თავში, რომ საწყალი თავი კინაღამ გოგრასავით გაგისკდა"

საქართველოს გათავისუფლებასაც ეგებება ჯაყო და დაპყრობასაც. "გაგიმარჯოს ჟორდანიას მთავრობასა! - გაჰკიოდა წარამარა, - გაგიმარჯოს! საწყალი ხალხი მიწა მოგეცი ჟორდანიამა". ხოლო მას შემდეგ, რაც, მწერლის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "ვარდისფერი საქართველოს დამუქდა და გაწითლდა", ჯაყოს ლექსიკაც და სინამდვილისადმი დამოკიდებულებაც რადიკალურად შეიცვალა: "ჩვენი ხალხი ძალიან რევალცია ხალხია (!), შენი წირიმე. მუდამ მზათახართ თოფი გესროლოთ მტერსა და ყაჩაღებსა. ნაშინდარში ყველანი ძმები ხართ და ძმა-ბიწურად ცხოვრობთ ჩვენ, შენი წირიმე, არაფერი არ გინდა ბალშენიკებისგან. მარტო ნალოგი თუ წაიღებდე ღმერთმა გაკურთხოს ბალშენიკების მთავრობაი" ჯაყოს მომხვეჭელობა და გალაღება არც წინა ხელისუფლების დროს აკლდა, მაგრამ უკანასკნელმა მთავრობამ კიდევ უფრო ნოყიერი ნიადაგი შეუმზადა მის სივერაგეს.

"შენი ქმარი ისეთი ღონიერი უნდა ვიქნებოდე, როგორც ჯაყო ხარ", - ეუბნება ურემზე გაშლილ ლოგინზე წამოწოლილ მარგოს ნამოურავალი და ქალიც გულიანად იცინის; ხუთი წელი მაინც იქნებოდა, რაც მარგოსგან ასეთი გულღია სიცილი აღარავის არ გაეგო, - ვკითხულობთ რომანში. დაბოლოს, ჯაყოს მეტყველების ცინიზმი მისი მარგოსთან ქორწილის დღეს ხმიანდება კიდევ ერთხელ: "აბა, ეს ღმერთმა გადღეგრძელოს ისა, რომელიც რომა ვინც სამ ცოლს გაუძლებდე და მეოთხესაც მოიყვანდე". მაგრამ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჯაყოს ყოველივეს ხელში ჩაგდებისა და დაუფლებისაკენ სწრაფვა ამით არ ამოიწურება, რადგან, მართლაც რომ ხიზანი, კიდევ უფრო მეტისკენ მიილტვის და მისი დაკმაყოფილება ნებისმიერ დროში შეუძლებელია. ჯაყოს მსგავსთათვის სულერთია ისტორიული გარემო - ეს იქნება ცარიზმის ბატონობის ხანა, მენშევიკთა მმართველობის უსუსური ეპოქა თუ ბოლშევიკური ჟამი, თვით დღევანდელ დღემდე.

ბევრი რამ ილაპარაკა ავტორმა, რაც მის სულსა და გულს აწუხებდა. ბევრიც უთქმელი დარჩა. მაგრამ ცხადი ერთია: არც ჯაყოს სიმხეცე და არც თეიმურაზის სისუსტე საზოგადოებისათვის მისაღები არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, რეალური საფრთხეც არსებობდა ქვეყნისათვის სიცოცხლისუნარიანი ჯაყოს სახით - ჯივაშვილები დიდი სისწრაფით მრავლდებოდნენ. ამ ალეგორიით ავტორმა მიგვანიშნა, რომ ჯაყოს ბუნების ხალხი ბევრი არსებულა, რომლებთანაც ინტელიგენტის მხრიდან თეიმურაზისეული "ბრძოლა" არავითარ შედეგს არ გამოიღებდა და მასავით გადაშენდებოდა. უფრო ზუსტად, მიხეილ ჯავახიშვილმა აჩვენა, რომ სრულიად ზედმეტი ქედმოდრეკითა და წინდაუხედაობით, მერყეობითა და ფუჭი ფრაზების სროლით დამარცხდნენ იმჟამინდელი მოწინავე ადამიანები თავიანთი მოწინავე იდეებით - ფაქტობრივად "ნაკაცრებად" ქცეულნი უხეში ძალის მიერ.

"ჯაყოს ხიზნებში" თხრობა ძირითადად წარსულ დროში მიმდინარეობს, მაგრამ ნაწარმოების ბოლოს ამბის გადმოცემა ჭეშმარიტებისა და სიმართლის, მარადიულ ფასეულობათა ძიების დროით - რა არის? როგორ არის? - იცვლება: "წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო", - სასოებით და ცრემლით ლოცულობს ნაქმრევი და ისევ ელის თავის ნაცოლარს.

მიხეილ ჯავახიშვილს გარკვეული "უკმაყოფილების" გრძნობა ჰქონდა "ჯაყოს ხიზნების" მიმართ. 1926 წლის 1 იანვარს შალვა დადიანისათვის გაგზავნილ წერილში იგი შენიშნავდა: "ისე არ მოვკვდები, რომ სრული "ჯაყო" არ დავწერო. დარწმუნებული ვარ, ა.წ. შემოდგომას უკვე წაიკითხავთ ნამდვილს და სრულს. დასასრული სხვანაირი იქნება ნინიკა მარგოს წაართმევს, ხოლო ჯაყოს საქართველოდან გადაასახლებს". თუ როგორ განვითარდებოდა ნინიკას მხატვრული სახე, ეს მწერლის საიდუმლო დარჩა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ასეთი იყო მიხეილ ჯავახიშვილის მწერლური ჩანაფიქრი და, გნებავთ, ერთგვარი ლიტერატურული წინასწარმეტყველებაც.

მიხეილ ჯავახიშვილის ფრაზები და წინადადებები აზრობრივად სადა და გამჭვირვალეა. არაა მათში არც ხელოვნური სტილის ნიშნები ან თუნდაც პოზა და არც აზრობრივი გადატვირთვა. ამიტომ რომანის პერსონაჟებიც ხასიათობრივად რთული გასახსნელნი და განსამარტავნი არ არიან. როგორც შევნიშნეთ, იგივე ითქმის მოვლენებისა და ისტორიული რეალიების მიმართ ავტორის დამოკიდებულების შესახებაც. მხატვრული ენის მხრივ და ფიქრის სიღრმით მიხეილ ჯავახიშვილი ქართული მწერლობიდან უფრო ილიას გვაგონებს (რომლის მოწაფედაც თვლიდა იგი თავს), ოღონდ აკაკისეული ფრაზის სინათლითა და სიმარტივით; და კაცმა რომ თქვას, არცაა აუცილებელი, ვინმეს შეემსგავსოს და მოგვაგონოს: მიხეილ ჯავახიშვილის მწერლობა ესაა ერთიანი, შეუვალი მხატვრული სამყარო, რომელიც ამოზრდილია თხუთმეტი და მეტსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურიდან და მის ორგანულ, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სამწერლობო ლექსკისათვის საჭირო "მუდმივობის, მოქნილობისა და გამჭვირვალების" შესახებ მიხეილ ჯავახიშვილი თავის ერთ-ერთ წერილში განმარტავდა: "ზოგი სიტყვა კვდება, ზოგი იბინდება, ზოგიც თითქოს ისვენებს და შემდეგ ხელახლად ბრუნდება. ჩვენც მათი გაცოცხლებისა და შენარჩუნების გზას უნდა გავყვეთ და ფრთხილად გავამდიდროთ ჩვენი ენა ხალხურითა და ზოგიერთი მივიწყებული სიტყვებით". როგორც ვხედავთ, მიხეილ ჯავახიშვილი არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ ყოფილა მომხრე, ასე ვთქვათ, "ნეოლოგისტური", ხელოვნური სიტყვათქმნადობისა. "ჭეშმარიტმა მხატვარმა უნდა დაიცვას და შეითვისოს მარტივობა (უბრალოება), მკაფიობა (ნათელობა), გულწრფელობა და ზომიერება, რომელნიც ამავე დროს ნამდვილი ანარეკლები არიან ჩვენი ხალხის ბუნებისა" ("ლიტერატურული განცხადება").

ასეთი იყო კიდეც მიხეილ ჯავახიშვილი - მწერალი, მოქალაქე და ქართველი.



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი