შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თვალწინ დაიბადა, დაფრთიანდა და კაცობრიული ფიქრის ნატიფ ასპექტებს ეზიარა ზვიად კვარაცხელია. საოცარი სისწრაფით გაიზარდა ეს ახალგაზრდა და ნაწერებს თავისი სული ჩაუზიარა.
მზეჩამდგარი სულიერება არსებობს მის წიგნში "ჰაე", დინამიური სუნთქვა ისმის ავტორისა, რომელიც ფესვებით ორგანულად უკავშირდება ქართულ კლასიკურ მწერლობას. წიგნის მახასიათებლებია მედიტაციურობა, ლირიზმი. ფიქრიანი მზერით დააბიჯებს ახალგაზრდა შემოქმედი ცისქვეშეთში და ეძებს ცხრაბეჭდიან ტაბუდადებულ საიდუმლოებებს, რომ ცხრავე ბეჭდის ახსნა სცადოს მკითხველთან ერთად. გამჭვირვალე, ცხადი აზრი მოძრაობს მის მხატვრულ ტექსტებში.
ჩვენს სინამდვილეში უბედურებად დამკვიდრდა კლანური თუ კასტური აღიარება. მავანი კარგად ჩაითვლება იმიტომ, რომ ამღიარებელთა წრეშია. თუ ასეა, სხვაგან არ უნდა დაიბეჭდოს, სხვა წრის წევრი არ უნდა გახდეს. რომ შეაქებენ და პოპულარიზაციას გაუწევენ, ამის შემდეგ "მათი კაცი" უნდა იყოს, მათი დავალებები ასრულოს, მათ გარშემო იტრიალოს. განა საშიში რაობა არ სუფევს ამგვარ დამოკიდებულებაში? ნიჭი, მოგეხსენებათ, არც ერთი წრის მონოპოლიური კუთვნილება არ არის, არ იცის კლანური საზღვრები. იგი შეიძლება სულ უჩვეულო და მოულოდნელ ადგილას ამოკამკამდეს. ასე რომ, პროპაგანდის დღევანდელი მექანიზმი ვერ არის ზნეობრივი თვალსაზრისით მოსაწონი. გამოვთქვამ სურვილს, რომ ახალგაზრდა ავტორი თავისუფალი იქნება ამგვარი ვალდებულებებისგან და ყველა, ვისაც შესაძლებლობა ექნება, უანგაროდ შეაშველებს ხელს, როგორც ეს გააკეთეს ძმებმა - თამაზ და ოთარ ჭილაძეებმა, ბატონმა როსტომ ჩხეიძემ, ბატონმა ლევან ბრეგაძემ...
პოსტმოდერნისტული ხასიათის ესკიზად აღიქმება "მათ გზა ელოდათ". აქ თანამედროვის თვალით ძირითად შტრიხებში იკვეთება ღვთისსწორი მოციქულების კონტურები ისე, რომ ესკიზში ჩართულია მსოფლიო კულტურის მთელი გამოცდილება, რაც კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა. ტექსტი ამჟღავნებს ავტორის ინტელექტს, ამკვიდრებს უნივერსალური ჰუმანიზმის განცდას, რომელიც მთელ ქვეყნიერებას მოიცავს.
ამ წიგნში სამშობლოს მტკივნეული განცდაა დავანებული. მოგეხსენებათ, სამშობლო ადამიანური ყოფის დიადი არსია, წმიდათაწმიდა საკურთხეველია, ჩვენი სახეა მსოფლიოს მრავალსახეობაში და, არა მგონია, ამ ნათქვამში პათეტიკის ნამცეციც ერიოს. ამ წიგნში ნაღველის ტბაში ჩამდგარ ახალგაზრდა ავტორს ვხედავ და რაკი ნაღველი მამულის ბედზე დაფიქრებამ წარმოშვა, მომწონს, ვიზიარებ.
"გეტყვი ყველაფერს" არის ნაწარმოები, რომელშიც საქართველოში მყოფი ამერიკელი წერს ბარათს თავის თანამემამულეს ჩვენს ქვეყანაზე. იგი იწყება და მთავრდება მრავალწერტილით, ამიტომ გვეუფლება განცდა, რომ ჩვენ ბარათის ფრაგმენტს ვკითხულობთ.
ერთი შენიშვნა უნდა გამოითქვას იდეითა და ფორმითაც საინტერესო ამ ჩინებული ტექსტის გამო: აქ მჟღავნდება ფარული მოტივი - ოკეანისგაღმელებს ჩვენი ასიმილაცია მოუწადინებიათ და ექსპანსია აშკარა რომ არ იყოს, მეგობრის ნიღბით თვალს გვიხვევენ. ფსიქოლოგიურად არასარწმუნოა: მისტერ ლუისს რატომ ესაუბრება ამერიკის აგენტი დამტვრეული ქართულით? ის ბარათს ქართველს რომ სწერდეს, ეს უხერხული მომენტი მოიხსნებოდა. სამაგიეროდ, გაჩნდებოდა სხვა უხერხული მომენტი: ქართველს ამ შინაარსის ბარათს ამერიკელი მისიონერი არაფრით მისწერდა. ამერიკელი ქართველს რომ სწერდეს, შინაარსი იქნებოდა შესაცვლელი. არადა, ავტორის იდეურ ჩანაფიქრს ეს შინაარსი სჭირდება. ხომ შეიძლებოდა, ბარათი დაეწყო სხვაგვარად? ვთქვათ, ასე: "მისტერ ლუის, მე თქვენზე ნაკლებად არ მისცავლია ქართული. თქუენი პირველივე შეგონება გავითუალისცინე: როცა მათ ენაზე ამეთქველდები, თავისიანი ჰგონიხართო და რომ დაგიმთქიცო, ამ ველურების ენა რარიგ ვისცავლე, ცერილს ამათ ენაზე გიგზავნი"... ამგვარი დასაწყისის შემდეგ ფსიქოლოგიურად სარწმუნო ხდება ტექსტი (თუ ვიგულისხმებთ, რომ წერილს გადაგვარებული ქართველი წერს, ფერეიდანი მას ვერ ჩაეჩრება გულში დაუკითხავად, ვერც ლაზიკა ააფორიაქებს, რადგანაც გადაგვარება საამისო გულის ძარღვის კვდომას გულისხმობს. წერილის ავტორად ამერიკელი მისიონერი მოიაზრება).
საინტერესო მხატვრული ტექსტია "გუგუტას ფერისცვალება". იგი ათას პუბლიცისტურ წერილსა და ცრუინფორმაციაზე უკეთ ამხელს ჭეშმარიტ რეალობას ჩვენსას. აქ აშკარავდება, რომ პოლიცია, თურმე, სულაც არ არის ხალხზე მზრუნველი. ის დღეს კიდევ უფრო საძაღლეთია, ვიდრე ოდესმე იყო. რომელ ქრონოტიპულ (დროსივრცულ) მოვლენაზე მიგვითითებს ტექსტი? რასაკვირველია, ეს არ არის დროისა და სივრცის მიღმა ამბები, ეს ჩვენი დღევანდელობაა.
გუგუტა "კაი ბიჭია", ძაღლებთან ბარე ხუთჯერ "ნასმერტ ნაჩხუბარი". ლირიკულ გმირს არა სჯერა, რომ გუგუტა "ძაღლად" იქცევა. მისი რწმენით, იგი "ვინც მართლა დასაჭერია და ვისთვისაც მართლა ჩასარტყამია, იმას დაიჭერს და იმას ჩაარტყამს". მართლა დასაჭერისა და მავანთა დავალებით დასაჭერის თემა აქტუალურია, ავტორი ამაზე საუბარს ისე ახერხებს, რომ დიდაქტიკურ მსჯელობაში არ გადაზარდოს სათქმელი, შიშველ ტენდენციურობას მოარიდოს თავი. რეალობა დერომანტიზებულია, აშკარაა, რომ ავტორი გრძნობს თანადროულობის მწვავე პრობლემებს.
წიგნში იგრძნობა, რომ სიტყვა ესთეტიკური რაობაა, დღესასწაულია, შინაგანი არტისტიზმის გამომხატველია. აქ სიკვდილი "უფლად მიკონებაა", ხოლო უტეხობა ებადრებათ სახეზე... თვალსაჩინოა ავტომატიზებული აღქმა კი არა, თავისებურად დანახვა მოვლენებისა. დეავტომატიზაცია სტანდარტული ხედვის საპირისპიროა და ნელა, ფიქრის თანხლებით გაკითხებს წიგნს.
ავტორს აქვს საკუთარი სენტენციები: დედა დარდის სასაფლაოა; სიყვარულს ქალები ქმნიან; ქალები დაფარული არსებები არიან; წლები მხოლოდ რყვნიან; დადარაჯებული კაცის პოზიციაზე დგომა მეტად ადვილია, ხარვეზს ხელად შეამჩნევ; არავინ არავისზე მეტი არ არის ანუ ვერავინ ვერავისზე ნაკლები ვერ იქნება...
კოლხური თვალ-მარგალიტის ფასი იცის ავტორმა, ისე ორგანულად ჩართავს ფრაზაში, რომ განმარტების გარეშეც გასაგები იყოს ყველასათვის: "კლდე-ღრე-ფლატეებში არგამად ყრია ცუდ მონადირეთაგან ცუდად მოკლული ხარ-ჯიხვი".
ტროპიც ორგანულად იქსოვება ამბავში: "ბუხარი გაფხიზლდება. ცეცხლის ელვარი ფარს, ხმალ-ხანჯარსა და გრილ რკინას გამოაკვესებს კედელზე"; ან კიდევ: "პირქვე გაწოლილიყვნენ დიდრონი ქვები და ღრუბლისკენ იშვერდნენ გულ-მუცელს"; ასევე - "ანესთეზიოლოგი ნარკოზის რაშებს გამოუშვებს თავლიდან"...
რაც შეეხება ცრემლზე დაწერილ მხატვრულ ტექსტს, მოგეხსენებათ, ცრემლი უნებლიე რაობაა. არავის შეუძლია იგი ძალით მოიგვაროს (თუ ხახვს არ ამოისვამ თვალებში). ცრემლი ამ ცისქვეშეთში ყველაზე ალალი, უნიღბო, ნამდვილზე ნამდვილი მოვლენაა. მას შეეფერება ყველაზე სადა, ბუნებრივი, ალალად წამოსული სიტყვები. როცა ამ ტექსტს ვკითხულობდი, ასეთმა ფიქრმა გამკრა: მაღალფარდოვნება და ცრემლი? თუ მერწმუნება ავტორი, ხომ კარგი, არა და ნება მისია, ასპარეზიც მისია და ჩვენ რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ რწმენით ვულოცავდეთ გზას.
ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას სათაურის სიმბოლიკაზე: ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროთა ურთიერთმიმართება აზომ-დაზომა ავტორმა და უწოდა წიგნს "ჰაე" - თავისებური "მემენტო მორი". სათაურის სიმბოლიკაში დევს სიკვდილის მუდმივი თანაარსებობის აზრი.
თუ სიმბოლისტები სიკვდილის ესთეტიზების პრინციპს იზიარებდნენ, სიკვდილს ესთეტიკურ ფენომენად სახავდნენ, თვლიდნენ, რომ იგი რეალობის ბორკილებისგან ხსნაა და მას პოზიტიური შინაარსით ავსებდნენ, ზვიად კვარაცხელიასათვის ის მიუღებელი რაობაა. ყველაზე დამთრგუნველი და თავზარდამცემი სიტყვა ავტორმა "ჰაედ" აქცია. ჰაედ აქცია არყოფნის შავი ლანდი, რომელიც თითქოს მუდმივად ყველას ჭიშკართანაა. დაბადებიდანვე იწყება მისი თანხლება. მით უფრო მძაფრია ამის განხორციელება, თუ საზღვრით სიტუაციაში ყოფილხარ. სიკვდილს - სიცოცხლის უცერემონიო კავალერს - გარკვეულწილად იცნობ კიდევაც, ერთი საგზაო შემთხვევა საავადმყოფოს პალატაში თუ ამოგაყოფინებს თავს და აუცილებელი გახდება გადარჩენის სამედიცინო საშუალებები: გადაუდებელი ოპერაცია, სისხლის გადასხმა, ნემსები ვენასა და კუნთებში... მერე თითქოს ახალი სიცოცხლე გესახება არსებაში, უფლისა და ადამიანთა ნაჩუქარი, სრულიად ახალი, ათასმაგად მნიშვნელოვანი, ხელახლა ეცნობი საკუთარ სხეულს და სხვა თვალით ხედავ სხვებსაც, ირგვლივ ყველაფერს. ყოველი დღე ნაჩუქარია, გზაჯვარედინებზე კი ამაოდ იცდის სიცოცხლის უცერემონიო კავალერი. სიცოცხლე გაძლებაა გაუთავებელი ვაი-ვიშისა, მაგრამ ავტორმა იცის უმთავრესი: ამდენი ჭირისა და ტკივილის საპირწონედ სიყვარული გვებოძა - ისიც გამორჩეულად სხვა ჭირი და ტკივილი.
ავტორი კი გვეუბნება, "ნეტავი ყოფილიყო, ცოტაზე ჩაეძინა ჩემს მფარველ ანგელოზს და მორჩებოდა ყველაფერიო", მაგრამ სიცოცხლის ზღვარდაუდები წყურვილი ამოხეთქავს ბოლო აბზაცში: "ჩემი ძმა მარტო ამოიპარებოდა საფლავზე, დაჯდებოდა და ერთად ვიტირებდით რა მალე ჩავლილ ბავშვობაზე, რა მალე დავიწყებულ ყმაწვილობაზე, დაუვიწყარ პირველ სიყვარულზე და არ დაგვტოვებდა იმედი კიდევ ერთხელ, იმქვეყნად შეხვედრისა..." აქ ავტორი ირაციონალური შემეცნების სპონტანურ სურათს წარმოგვისახავს და ქვეტექსტში კი სიცოცხლის ვერშელევაზე გვესაუბრება.
ეს წიგნი საგანგებოდ საინტერესო იმითაა, რომ მკითხველი მოწმე ხდება, მის თვალწინ როგორ იბადება ერთი მწერალი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010