თამაზ ჩხენკელი XX საუკუნის ათიან წლებში ასპარეზზე გამოსული ქართველი მწერლების მემკვიდრე იყო. მრავალი თვისება ანათესავებდა მას ამ თაობის მწერლებთან; თავისუფლების და სიცოცხლისმოყვარეობა, ბოჰემური სულისკვეთება და რაინდული თავდაჭერა, ძველი საქართველოს აპოლოგია და კულტურის "მსოფლიო რადიუსისადმი" სწრაფვა. ჩემი აზრით, თამაზი პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გერონტი ქიქოძის განუყრელი მეგობარი იქნებოდა. ამგვარ ადამიანებთან მეგობრობა იოლი არ არის, რადგან საზიარო მიდრეკილებების მიუხედავად ყოველი მათგანი განუმეორებელი ნიჭის და პიროვნული ხიბლის მქონეა. სწორედ ეს მკაფიო განუმეორებლობა სძენდა თითოეულ მათგანს სახეს, როგორც შემოქმედებაში, ისე ცხოვრებაში.
ასეთივე განუმეორებელი იყო თამაზ ჩხენკელი. მახსენდება მისი უსაზღვრო კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ, არტისტიზმი, მისი ასევე უაღრესად მეტყველი გარეგნობა და შთაგონებული საუბარი თუ მონოლოგი. ამ მონოლოგს არ ჰქონდა დასაწყისი და დასასრული. ის ყველას და ყველაფერს ეხებოდა, და ამასთანავე, ყველგან და ყოველთვის შეიძლებოდა წარმოთქმულიყო - მიმწუხრის ჟამს რედაქციის აივანზე ან უკვე ნაშუაღამევს ცარიელ ქუჩაში. ზოგჯერ რომელიმე გადაღლილი მსმენელი მოდუნდებოდა და მოსმენის უნარს კარგავდა, თვითონ მონოლოგის წარმომთქმელი კი არასდროს ღალატობდა შთაგონებული საუბრის ჩვეულ რიტმს.
პირადად ჩემთვის ყოველთვის საინტერესო გახლდათ თამაზის საუბრები, ვინაიდან ეს იყო იმ სულისშემხუთავი ჩარჩოების დარღვევა, რომელიც ჩვენი ყოველდრიურობისაგან თუ ნაცრისფერი ყოფისგან გვქონდა მოსჯილი. თამაზ ჩხენკელთან ურთიერთობას ძლიერი ზემოქმედება ჰქონდა; შენთან მოდიოდა თავისუფალი ადამიანი და შენც განთავისუფლებდა უხილავი ხუნდებისაგან. ის გესაუბრებოდა, როგორც თანატოლს, როგორც იმ კაცს, რომელსაც ბოლომდე ენდობა და უზიარებს გულისნადებს ან ცხოვრებისეულ აღმოჩენებს. მუდმივი ხალისი და სიცოცხლით სავსეობა ის უაღრესად კაცური თვისება იყო, რომელიც ამშვენებდა თამაზ ჩხენკელს. თუ იმასაც წარმოვიდგენთ, რომ ეს კაცი შთამბეჭდავი გარეგნობით, ლირიკული და ანალიტიკური ნიჭიერებით და მთხრობელის იშვიათი უნარით იყო დაჯილდოებული, მივხვდებით, მისი გახსნილობა რა საჩუქარს წარმოადგენდა გარშემომყოფთათვის.
გერონტი ქიქოძე ერთგან ამბობს, რომ პაოლო იაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ლამობდა ცხოვრება პოეზიად ექციაო. ასეთი იყო თამაზიც, ვინაიდან არა მხოლოდ თავის მრავალმხრივი შემოქმედებით, არამედ ყოველდღიური ცხოვრების წესით ამკვიდრებდა ურყევ და უცვეთ ზნეობრივ პრინციპებს.
თამაზ ჩხენკელს ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში უწევდა ცხოვრება, მაგრამ თვითონ მის პიროვნებაში ძაფი ნერვისაც კი არ იყო ტოტალიტარიზმის ნიშნით აღბეჭდილი. პირიქით, ის თავისი ყოფნით, არსებობით, მხატვრული ხელწერით, მადლმოსილი და ჯავარიანი ქართული ენით, თავდაჭერის თავისუფალი მანერით, საუზმის ინტონაციით, მლიქვნელობისადმი ზიზღით და რეგალიებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით ამსხვრევდა იმ ბიუროკრატიულ კლიშეებს, რომელიც ღრმად იყო განფესვილი მრავალი ქართველი "ჰომო სოვიეტიკუსის" არსებაში.
თამაზ ჩხენკელის ცხოვრების სტილი საფუძველშივე გამორიცხავდა ბიუროკრატიზმს, კარიერიზმს, მეთავისეობას და მომხვეჭელობას, პაწია კეთილდღეობისათვის ეგოისტურ ზრუნვას და, რაც მთავარია, ფარულ ვერცხლისმოყვარეობას. სნეულებათა ამ სიმპტომებით, სამწუხაროდ, ჩვენი ქართული საზოგადოების მეტად სიმპატიური, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანებიც იყვნენ და არიან "გამორჩეულნი".
ასე რომ, თამაზ ჩხენკელს თავისი უსაზღვრო თავისუფლებით დისონანსი შეჰქონდა საბჭოურობის დამღით დადაღულ სოციალურ სივრცეში, უფრო კონკრეტულად კი ქართული ინტელექტუალური ისტებლიშმენტის წრეებში. ეს დისონანსი სხვადასხვა ნიშნით გახლდათ გამოხატული. ერთ-ერთი იყო ჩემს მიერ უკვე ნახსენები ქართული ენა. კაზიონური შტამპით და ლიტერატურული ანემიურობით აღბეჭდილ ენას მან თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად სისხლსავსე და ფეროვანი ქართული ენა დაუპირისპირა. თითქოს ძარღვი გაუხსნა შეგუბებულ ენერგიას. ამ სფეროში ის ნამდვილი ალქიმიკოსი იყო. არა მხოლოდ მთაწმინდელების, რუსთაველის ან სულხან-საბას საგანძურში შეეძლო ძვირფასი ქვების მოძიება, არამედ სრულიად შეუმჩნეველ ფრესკულ წარწერაშიც პოულობდა არქაულ ექსპრესიას, ამოზიდავდა და დღევანდელ კონტექსტში სძენდა სიცოცხლეს. ყოველი სიტყვათწყობა, ფრაზა თამაზ ჩხენკელისთვის მშრალი, თუნდაც მხოლოდ საინტერესო აზრის გამომხატველი კი არ იყო, არამედ იდუმალი ციმციმის გამომასხივებელი გახლდათ. სიტყვათშეხამების ამ საიდუმლოებას ის ზედმიწევნით კარგად ფლობდა, რაც თვალნათლივ გამოსჭვივის თაგორის "გიტანჯალის" ეგზოტიკურ და "ბჰაგავატგიტას" რელიგიური მგზნებარებით აღბეჭდილ ქართულ ტექსტებში.
ჩემი აზრით, ჰომეროსის "ოდისეა" და პუშკინის "მცირე ტრაგედიები" ყველა დროის საუკეთესო ქართული თარგმანების რიცხვს განეკუთვნება. მაგონდება ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი თამაზისეული მადლით მოსილი ცალკეული ლექსებიც; პუშკინის "კვლავ მოვიხილე", პასტერნაკის "აგვისტო" და ფედერიკო გარსია ლორკას "სხვისი ცოლი", თვითონ თამაზის არაერთი და ორი ადრეული ლექსიც მახსენებს თავს, აი, ვთქვათ, "აზეულა"; "ქედებმა მითხრეს გულის ვარამი"...
პოეზიაზე ხშირად ისეთი ადამიანები წერენ და მსჯელობენ, რომელთაც პოეტური მაგიის, ლირიკული ექსცესურობის ნიშანწყალიც კი არ გააჩნიათ. ამაზე, როგორც წესი, არა მხოლოდ მათი ნაწერი მეტყველებს, არამედ მათივე "ხედვის კუთხეც". მათთვის პოეზია მხოლოდ პრიზმაა, რომლის მიღმაც ძევს საკვლევი აქსესუარი.
ამგვარი მკვლევარების ანტიპოდი იყო თამაზ ჩხენკელი. მისი "ტრაგიკული ნიღბები", რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ეძღვნება, პოეტურ ინტუიციაზეა დაფუძნებული. ამგვარი კვლევა სრულიადაც არ გამორიცხავს ინტელექტს. უბრალოდ, მკვლევარი ენდობა თავის ესთეტიკურ მგრძნობელობას და მისი "მიმართულებით მოძრაობს". ეს არის ვაჟას საიდუმლოებით მოცული სამყაროს ირაციონალური და რაციონალური ძალისხმევით განხორციელებული კვლევა...
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება თამაზ ჩხენკელზე, ოღონდ დღეს არა. უკვე ნათქვამიდან ჩანს; თავისუფალი და ნიჭიერი ადამიანი ვერ თავსდება ტოტალიტარული ნომენკლატურის საზღვრებში. თავის ცხოვრების წესით ის სხვებსაც აძლევს გეზს, უთვალსაჩინოებს სწორ ღირებულებით ორიენტაციას.
თამაზის შინაგან სამყაროსთან შეხება წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანებზე. "ინდური საგალობლებიდან" მისივე თარგმანი უნდა მოვიშველიო; "აყვავებული მტილოვანის საჭვრეტად მიხვალ? ო, მეგობარო, თავად შენშია მტილოვანი აყვავებული!".
თამაზ ჩხენკელს აღმაფრენას ანიჭებდა სიცოცხლე და, ამავე დროს, თვითონ მასშივე იყო მშვენიერება სიცოცხლისა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010