თამაზ ჩხენკელის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო.
ვიცოდით, მისი დაბადების დღე რომ ახლოვდებოდა. ორმოცისა ხდებოდა.
ახლო მეგობრებისაგან ხმა გავრცელდა (თამაზზე ამ სიტყვას არავინ გაიკვირვებს!), იუბილარი მინორშია და არც არაფერს აპირებსო...
თემო ბერიძემ და მე მისი "მინორი" აინუნშიც არ ჩავაგდეთ და მაესტროს უქეიფობის მკურნალობა გადავწყვიტეთ... შევხვდით კოლმეურნეობის მოედანზე (მადლობა უფალს, ახლა ორბელიანის სახელობის როა!), შევედით ბაზარში და როგორც მოლაპარაკებულები ვიყავით, თარფის "თავის მოდგმას" შევუდექით.
გვიანი შემოდგომის ბაზარი ბარაქიანი კი იყო, მაგრამ სათარფე თაბახს ეგრე იოლად სად ნახავდი, მაგრამ გაგვიმართლა და თაბახიცა ვნახეთ და დოქიც. დანარჩენი უკვე ყველაფერი ადვილი იყო. ნატურმორტისთვის ხილის მონახვა გაგიჭირდებოდა თუ ჩურჩხელისა და სხვა ნუგბარ-ნუგბარისა. მოვრთეთ ეს ჩვენი "უჩვეულო" ძღვენი და ღვინის საყიდლად რომ ვაპირებდი ბაზრიდან გასვლას, დოქისთვის ნაქურჩალიც კი არ დავივიწყეთ, დოქს აბა დასტამალს ხომ არ დავხურავდით, დოქი კოკა ხომ არ არის!
თამაზი შავი ღვინის მოყვარული იყო და უპირატესობას პერიოდულად ხან რომელ მარკას ანიჭებდა და ხან რომელს. იმჟამად "თელიანი" უფრო "ეჭაშნიკებოდა"... როგორც თემომ დამიზუსტა, პირველი "ცოდვაც" მაშინ სწორედ "მანდ" მოგვსვლია; თელიანი ახლო-მახლო რომ ვერსად ვიშოვეთ, დოქი თურმე "მუკუზნით" გაგვივსია... ასე იყო თუ ისე, ამ ჩვენი თარფით მივადექით სოლოლაკში. ერთი ეს იყო, თარფი ჩვენ არ უნდა შეგვეტანა.
უბნის ბიჭების გამოჩენას დაველოდე. ამასობაში სავიზიტო ბარათისმაგვარი რაღაცაც მოვნახე, რაღა თქმა უნდა, სუფთა და... ვითომ მომკითხველის "ტიტულებით" დამშვენებული, ნაქურჩალში ჩავასრიალეთ. შემტანიც მალე გამოჩნდა, მთელ სოლოლაკში ცნობილი ერთი ღვთისშვილი, უკვე კაცობაში შესული თვინიერი ბავშვი, უბანში ყველას რომ იცნობდა და არავის მომსახურება არ ეთაკილებოდა. თამაზს ხომ იცნობდა და იცნობდა! ეს საქმეც მოგვარდა და სულ რაღაც ათ-თხუთმეტ წუთში ჩვენს გზავნილს ჩვენც მივყევით.
ბაღით შევედით, შუშაბანდში შესასვლელი რამოდენიმე კიბით. ჯერ ისევ შუადღე იყო. ფეხზე დაგვხვდა. ეტყობოდა, ოთახში ბოლთას სცემდა. როგორც კი დაგვინახა, სიცილი არა, ხითხითი აუვარდა და, თითქოს პირჯვრის გადასაწერად შეერთებული სამი თითი ცხვირწინ დაგვიტრიალა და ცრემლიანი "თვალებით გვეუბნება":
- როგორ გეგონათ თქვენს ცარიელ ფურცელს ვერ წავიკითხავდი? ძველი ქალაქელი ჯიბგირებივით ასე სხვა ვინ იოინბაზებდა! თქვენ რა, თარფი რომ გამოგიგზავნიათ, ქეთო და კოტეს ქორწილში მოდიოდით თუ?..
თამაზისაგან, თუნდაც სოლოლაკელისაგან, ზმნის ასეთი ფორმა - იოინბაზებდა - თითქოს გამიკვირდა კიდეც და მეც ქალაქური აქცენტით შევაგებე:
- მეტრ, რა ხდება ისეთი, "სევდის ბაღში" რომ შესულხარ, გამოსვლას აღარ აპირებ?..
- თქვენ ასეთებო და ისეთებო (მძიმე სიტყვა "გვაკადრა", რა თქმა უნდა, სიყვარულით!), თქვენ რა იცით ორმოცი წლის კაცისა, ჯერ ასევე ახალგაზრდულ ქარებს აყოლილებმა...
უცებ თვალზე ცრემლი მოეძალა და, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, პირი მოგვარიდა წამით, როგორც იცოდა, ადგილზევე შემოტრიალდა და მხარზე გვაკოცა.
აღარ ჩავძიებივართ, რას გულისხმობდა იგი ამ ფორიაქში; იმას, რომ არაერთი კლასიკოსის ნაწარმოებებში ამ ასაკის ხალხი უკვე ხანმოთნეულებად იხსენიებიან, იმას, რომ მიცვალებულთა სულის ცად ამაღლების მოსახსენიებელი მეორმოცე დღეა თუ მის მიერ ათასგზისი "მჩხრეკელობით" (ე.ი. ჩხენკელობით!..) მოძიებულ რომელიმე სკნელის ჩვენთვის უცნობ მითოსურ საზრისს... არადა, ეს დღე და ეს ფრაგმენტი მისი ცხოვრებისა არაერთხელ გამხსენებია და თამაზზე ფიქრს ავუყოლიებივარ... ჩვენ ჩვენი უფროსი თაობაც გვყავდა, ვინც ტირანულ რეჟიმს, სოცრეალიზმის მძიმე მარწუხებს მოხერხებულად იშორებდა და შემოქმედებითი ასპარეზი ტაშფანდურად არ უქცევია, მაგრამ მათ კვალდაკვალ რა მადლით განათდა ანას პირველი რვეულები თუ თამაზისეული "ბოძიუი"... გამგებმა მაშინათვე გაიგო, რომ იგი მთავლიტსა თუ ცენზორს შეგნებულად გაექცა და ლიტერატურის ისეთი ჟანრის მიყოლა ირჩია, რომელსაც მთარგმნელობითი დიდი კულტურა ჰქვია...
სიტყვა რომ არ გამექცეს, თამაზ ჩხენკელის შემოქმედების შეფასებას, დამერწმუნებით, სხვა დრო და სხვა ადგილი ჭირდება. დღეს ჩვენ გულისტკივილს გამოვთქვამთ მოწყვეტილი ვარსკვლავის სისწრაფით ასე მოულოდნელად ჩვენგან წასული კაცისას. ნუ შეიცხადებთ, სულ რამოდენიმე კვირის წინ საიმქვეყნიო არაფერი სჭირდა.
უდიდეს პატივს ვცემდით, ღირსებით, ერისშვილობით, გნებავთ, ჰაბიტუსით დამშვენებულ კაცს. ზემოთ კიდეც ვახსენე, მაგრამ გავმეორდები - მეტრად და მაესტროდ მოვიხსენიებდი ხშირად, რაც, ვატყობდი, ძალიან უხაროდა. დიდი საქმეების კაცი იყო და ჭეშმარიტად იმსახურებდა ამას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამიდასტურებს, რომ თამაზის ადგილს ვერავინ და ვერაფერი დაიკავებს!... ერთი მეორეს რომ არაფერი იმეორებს ბუნებაში, ეს ცხადი კია, მაგრამ თამაზის განუმეორებლობას სულ სხვა ელფერი ამშვენებდა, ესეც ცხადია... მოუთვინიერებელი ფრინველივით ცხოვრობდა, ვერანაირი ბაზიერი რომ ვერ "გაწვრთნიდა". ეს უპირველეს ყოვლისა, მისმა ჭკვიანმა და სათნო მეუღლემ, ქალბატონმა ლილიმ უწყოდა. მესამე ორმოცწლეულში მხნედ დამდგარი თამაზ ჩხენკელის სული, თავისსავე სათაყვანებელ ოჯახს მყარად მიდგმული მისი "საყუდლიდან", სადაც ზამთარ-ზაფხულ ფანჯარა ყოველთვის ღია იყო, სულ მალე ცად ამაღლდება. დაუმკვიდროს უფალმა სასუფეველი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010