მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
ბოდიშს გიხდი, საქართველოვ!..

შეუქცევადობა

შემოქმედება არის სევდა ცხოვრებაზე და ცხოვრება არის სევდა შემოქმედებაზე.
წახვედი თავის მოსაკლავად და ბრუნდები მხიარული.




ლოცვა

- რატომ არა მკლავ, ღმერთო?
- დედამიწას არაფერი ამშვენებს ჯვარივით!



პოეზია და... ლექსი

უნდა მიჰყვე პოეზიას - სრულად და, ლექსს - რამდენადმე.




ადამიანი ჩალის კოშკია

1
აბა ვნახოთ, დავლურს ვინ უვლის იმის კედლებთან.

მჭირდება ჯოხი, რომ საგანნი ზოგნი მოვჩხრიკო: - იქნებ უძიროა!
არა მჭირდება ყურზე ხელი მოვიძაბრო, რომ რამე ჩამესმას.
ტყუილად როდი დამჭრა ღმერთმა და დამამახინჯა,
ტყუილად როდი მომცა ამხელა ყურები, - საქალმის ხელა.
რომ განურჩევლად და განუკითხავად, სადაც ჰაერია, ყველგან ჩამესმოდეს.
გუბეს როგორც ესევიან მწყურვალე ჩიტები...
ხოლო ამ სმენისგან მე თვალები დამრჩა დაჭყეტილი.

კაცი ეძებს თავს ადამიანების ჩამონათვალში, განა თავის თავში.

კაცი ეძებს პოეზიას განა ჰაერში, თავის თავში... რისგანაც ყურები დაუპატარავდა და შეექნა ლოკოკინას ნიჟარისსხელა, შიგ ჩასვრემილ საკუთარ თავით.

2
თავის რომ ვინმე გამიტოლებს, არ შემიძლია.
ყველაფერი შემიძლია, გინდა მოვკვდები
ყველასთვის ცალ-ცალკე,
მაგრამ არ მიყვარს თავის გატოლება...
რატომა მჭირს ასეთი რამ, ვერ გამიგია.

მომხდარა, რომ სხვის გასაჭირს ზურგი ვაქციე,
მაგრამ გავექეცი სხვის მადლობასაც.

მიტირია, რომ არა ვარ ამათი მსგავსი,
როცა გავრბოდი,
მრავლობითისგან გავრბოდი ხოლმე,
მადლობა კი მაპატარავებდა.

თავის გატოლებისთვის არ მცალია,
არ მცალია,
რომ გამოვიცვალო.

ამაზედ ვტირი.

ყველაფერსა აქვს ფორმა. ჩემი ყელაფერი ჰაერივით გავრცობილია.
არავინ იცის, სავსე არის თუ ნაკლულია,
საიდან სად მიმართულია...
ყველაფერი გამეტებული აქვს, ყველაფერი უნდა, აქ დატოვოს,
არც ერთი საიდუმლო არ უნდა წაიღოს,
რადგან მიწაზე ცოდვები თუ არ დატოვა კაცმა, რა უნდა დატოვოს.

მაგრამ არ მიყვარს თავის გატოლება.

3

პოეტი თუ ჭეშმარიტებისკენ გადაიხარა, იმის საქმე დაკარგულია.
პოეტი კიდეებს შორის უნდა დაძრწოდეს.
- ის ხომ ქანქარაა.


წამლები

ჩემი თავი - უზმოზე, ჩემი ტანი - უზმოზე,
ჩემი სხეულიი...
უზმოზე - ხელები, უზმოზე - ფეხები,
უზმოზე - ცხადიი...

უზმოზე - წამოდგომა, გახედვ-გამოხედვა,
როგორც ქვაბს ჩახედო და ნახო - კიდეა?
კიდეა ფანჯარა? კიდეა კედლები?
მზე კი აღარ გახსოვს... გარეთ მზე კიდეა?




ბალახს ის ახსოვს, ვინც გადათელა

- აბა, ჩემო თავო!..
მკვლელო, მოღალატევ, მტკიცედ გაადგი ფეხი:
ხალხს ჯალათი მონატრებია.

უყურე ბალახს: ის ახსოვს, ვინც გადათელა, ის კი არა, ვინც აუარა.


მხიარული და ლაღი ვიყავი...

ისეთი ხალისიანი მივდიოდი და მივანგრევდი ფართო ქუჩას და მცირენიც მეგებებოდნენ შიკრიკებივით, ისეთი მხიარული და ლაღი ვიყავი, რომ ღრუბლებმა დაიწყეს ცაზე მოგროვება.
დაუბერა ქარმა. ჯერ აწეწა ხეები და მერე ქუჩები, მერე, თითქოს, - იცოტავაო, ატყდა ქარიშხალი და წყლის ღვარით ცა და მიწა ერთხორც შეიქნა.
ოთხფეხებმა აჯობეს ორფეხს, გასცურეს მდინარედ ქცეული ქუჩები... ადამიანი დარჩა ქალაქში, თითქოს მინდორში, უმწეო და გზადაკარგული.


რაფო

ქუჩის მოსახვევში ვიღაცამ ვიღაცას ხელი აუწია...
რაფო გამახსენდა ხელის აწევაზე.
მომეჩვენა...
კი არ მომეჩვენა,
არც წარმომესახა, არც ვიგრძენი, არც დავინახე:
თეთრი ზეწარი იყო გადაფარებული მიწის ზედაპირზე და ქვეშ კორძები იშმუშნებოდნენ.

არავინ იცის, საიქიოს ცაზე საით გაუხვევენ სულები. ნათესავებისკენ თვალები დარჩებათ და სხვაგან წავლენ?

მრავალნი გახეთქა მრავალ ქვევრივით მხოლოდ თავის თავმა.

ხალხი წავიდა. იმდენიც კი აღარ არიან, რომ შეგხვდნენ და სალამი გითხრან.
ასანთის ნამწვის კაცუნები ვართ.





ბოდიშს გიხდი, საქართველოვ!..

ნეტავი, თუ გათენდება ერთხელ დილა ისეთი,
რომე ბედს არ შევღაღადო
უდიერ ხმით, მქისეთი:
რატომ, ბედო?
რისთვის, ბედო?
რა მაქვს დანაშაული?
ნუთუ ის, რომ ქართველი ვარ,
გვარად ხარანაული,
რომ ტანთაც ვერ ჩამიცვია,
გაწვდილი მაქვს ხელები,
რომ ამ მიწას, სადაც ვდგავარ,
ვერაფერს ვეშველები...
ბოდიშს გიხდი, საქართველოვ,
დრო არის დაჩივლების:
რომ შენ შვილად მიმღე და
მე კი ვერრა გიშველე.



გოგოს ფეხი აუცურდა სისხლის ნატალახევშიო


ჯერ იყო დიდი ჩოჩქოლი, წყლისა პირსა, გზისა პირსა.
გაწევა და გამოწევა, წყლისა პირსა, გზისა პირსა.
ციდან თოვლი მოდიოდა, წყლისა პირსა, გზისა პირსა.
თოვლში წვიმა ერეოდა, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
ამბავი არ თავდებოდა, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
მთვარე ცაზე დადიოდა, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
თოვლში სისხლი ერეოდა, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
დილა ნისლში თენდებოდა, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
ცხენები გამოარბინეს, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
თოვლს ტალახი აერია, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
გოგო გარეთ გამოაგდეს, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
წყალი მოგვიტანეო და, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
გოგოს ფეხი აუცურდა, წყლისა პირსა, გზისა პირსა,
სისხლის ნატალახევშიო, წყლისა პირსა, გზისა პირსა.




ვიყიდები მეც:
1
ყველაფერი იყიდება, ვიყიდები მეც, მყიდულობ თუ არ მყიდულობ, მოდი, ხმა გამეც...

ვიყიდები ფესვიანად, ვიყიდები წესიანად,
რაცა მაქვს და, რაც არა მაქვს,
ცაში დანათესიანად,
ვიყიდები ტანიანად,
ეშმაკ და სატანიანად,
რაც მაკადრეს იმიანად
და რაც არ მაკადრიანად,
ჩემი გალაღებიანად,
ჩემი ბალახებიანად,
ხე-მხვიარად, სვე-სვიანად,
ფიქრიანად, ლექსიანად...


2
ავხედ-ჩავხედავ ჩემ თავ-ტანს, თვალს ავაყოლებ,
ნეტა რა ფასს დაადებენ ამ ჩემს საქონელს,
სხვისთვის შეიძლება სხვაა, მე კი მაღონებს,
თავ-ფეხიანად ტკბილი ვარ, ეს ჩამაგონეს.

ერთი მაწყევარი ქალიც
არ გამერია,
ჩემს ნავალზე ბალახიც კი
მადლიერია...

3
ამიტომაც ვიყიდები, თავიანდა, ტანიანად,
ჩემი ცხენ-მათრახიანად და იმის ნალბანდიანად...

თუ მეცხვარეს ცხვარი არ ჰყავს, ჯოხი რად უნდა,
თუ კაცს თავისი არა აქვს, სხვისი რად უნდა,
ქარი მოქრის, ფურცლებს მაცლის, ერთი-მეორეს,
ეზიდება ჩემი სახის იერს იერზე,
მიაქვს შორად ჩემი სუნი, სუნი ვერაგი,
ჰაერივით ყველგანაა ჩემი პერანგი,
ქალებს გარეთ თუ გაუშვებთ, - გაუბერავდით...

5
ქონების დეკლარაცია?
მოვგლიჯე ბალახი და ის ავუშვირე.
რადგან ქარიან ბორცვზე ვიდექ სრულიად შიშველი და ფოთოლდაცვენილი ჯაგები ვერ მიფარავდა და გზაზე კი მიმოქროდნენ საამინდოდ გამოსული მგზავრ-მანქანები, მე კი არ მინდოდა, რომ ეხილათ ჩემი კედლის ჩამოცვენილი ნატეხები. - ადამიანობას რა ვუთხარი! ნამცეცზე რომ არ წავბორძიკებულიყავი, ყველაფერი შემეძლებოდა!..
ჩამოვკარი ქნარს ჯაგებისა - ასკილისა, კუნელისა, მაყვლებისა... სამპირად ჯარი უნდა გეყენოთ ჩემს შესანახად, რა მე და რა თქვენ, უვიცი უვიცს ეკითხება და პასუხით კმაყოფილია, ნიჭი კი, კვლავაც, როგორც ცალად იბადება, ცალადვე კვდება.

6

ჩემი მზერა შორი გახდა გზაზე რებისთვის,
ჩემი ნერწყვი მძიმე გახდა გადანერწყვისთვის,
ჩემი ცრემლი მებრალება მოცილებისთვის.

7
რისთვის უნდა ნეტა ადამიანს ამდენი ტვირთი, არა სჯობია, ცარიელი თვალებით იაროს, რომ ყველაფერი, რასაც ნახავს, ახალი იყოს; ის ხომ არც დამნაშავე დაიბადა და არც მართალი, მაშ რატომღა ილტვის ორივესკენ?




გაზაფხულ ხომ დავკარგე, მექნება კი ზაფხული?


რასაც ზეცას სულს ვუგზავნი,
ისიც იმას მასხურებს,
გაზაფხული ხომ დავკარგე,
ახლა ვფიქრობ ზაფხულზე...
გახსოვთ ჩვენი მთა და ველი,
ათასფრად დაქარგული,
გაზაფხული აღარა აქვს,
ექნება კი, ზაფხული?
რაც რომ წისქვილს დავაყარე,
ის შემექნა დაფქული,
გაზაფხული ხომ დავკარგე,
მექნება კი ზაფხული?
გახსოვთ, დედა რომე მყავდა,
საროსებრ ტანასხმული,
ახლა, ვხედავ დაძონძილა,
ვით ყანაში საფრთხული,
ნაგინები, ნატოშარი,
დატუქსვილ-გათათხული...
გახსოვთ ორ ზღვას შუა ვეფხვი,
ყოველგან გზა განხმული,
ახლა ფლასად დაგებული,
გაზაფხული, ზაფხული...
ამ დროს შაშვი სიხარულით
სტვენდა ლაშებართხმული,
წესი იყო: ზამთრის მერე,
გაზაფხული, ზაფხული...




და მომავალი ხომ ხა-ხა-ხა-ხა-ხა...


თუ - ცხოვრობ - კაცი - დედამიწაზე, და, მითუმეტეს - მთა-და-ველოში,
რა თქმა უნდა - გაუჩინარდები.

რადგან, რასაც აწმყო არა აქვს,
მომავალი როგორ ექნება!

მე სულელს კი - სირცხვილით ვერ გამიმხელია - მქონდა მოლოდინი
ხან ერთისა და ხან მეორის
და გავწბილდი ამიტომაც
და ავიბარგე:
- მივიქეც წარსულად.

ჩემი ამბავი მოკლე არის, - უფრო მეტად ვერ შემოკლდა -
და მართალი,
როგორც საფლავის ქვაზე წარწერა,

რადგან სასაფლაო ყველაზე კარგი ადგილია ჩემს წასაკითხად -
ქრისტეს აღდგომის მეორე კვირაში...
&
და-მკითხველო,
ცხვარივით რომ დამჩერებიხარ,
გალელეჩებული,
ამომიკითხე:

მე ვარ წარსული!
ვერანაირი აწმყო ვერ მიპოვნის
და მომავალი ხომ ხა-ხა-ხა-ხა-ხა...



მოხუცი ხელი

ხელი, რომელიც არსად არ მიძვრება, რაღა ხელია!
რომელიც საკუთარ თავს ემსახურება, ნაზია, ნელია...

კალთაზე იდებენ, მაჯას უსინჯავენ, რა, მკვდარი მტრედია?
ამბობენ ქალები:
ხელი, რომელიც ქალში არ მიძვრება, რაღა ხელია!

ამიტომაა, რომ ლამის საკუთარი ტრიკოდან ამოხტნენ უკმაყოფილონი.

შეუძვრინე ხელი, ჰქენ სისულელე.
სულელს ენდობიან, ხელიც სულელია,
ნაზი და ნელი მხოლოდ სულგრძელია,
ჯერ ხელი წაიღე, მერე გახდი სანდო:
- ხათრიანი ქალი ათ ქალადა ღირს,
ხათრიანი კაცი კი ერთ ქალამანადო...

ხელი, რომელიც არსად არ მიძვრება, რაღა ხელია-ყე,
სოროში მიძვრება ბებერი მელიაც"ad-კი.

D



ენჯეო-სიგრილე

ენჯეო-სიგრილე: იმიტომ, რომ ადამიანი ფუჭებადი საქონელია,
გრილ-სიცივემ უნდა შეინახოს.
კი სხედან, მართალია, ჩაკეცილი ფაილებივით,
მაგრამ ხომ არის ცოტად მაინც გადილ-გამოდილი,
თვალშეუყრელად მზვერვა ერთმანეთის,
გამოყრა ფლუიდების სხვადასხვა ჯირკვლებიდან -
ენჯეო ო-რგ-აზისში...
ამბობენ კი:
- ემოციებს უნდა მოვუტყდეთ!



შურმა შემინახა

შურმა შემინახა მე,
ჯიბრმა შემინახა,
სიძულვილმა ტანი ამიგო.


შორიდან ვუყურებთ მე და დრო ერთმანეთს,
მოგვწონს ერთმანეთი...

ასე შემინახა შურმა,
ჯიბრმა შემინახა,
სიძულვილმა მომავალს დამითმო.




ჰაერი, პური, ნამცეცები...

რაღას არ იგონებენ, რომ ცხოვრებისგან არ დაისვარონ.
რომ გვერდი აუარონ კომპონენტებს, რომლებისგანაც შედგება ფორმა
და შინაარსიც ცხოვრებისა არ იტაცებთ, ცდიან თავს და სახლს გაურბიან და ჩემთან მოდიან,
რომ ჩამოსხდნენ ძველ, ჩამქრალ კოცონთან და ისხდნენ უსაფრთხოდ.

სჩანს, რომ კარგი დროა ჩემს ასაკში, სამოცდაათში,
სჩანს, რომ მზეზე გამთბარ წყალივითაა. წუთები, ადრე გარეთ რომ ვისროდი, თურმე მიწყვეტია ჩემსავე ხეზე.
ახლა ერქმევათ მათ სახელები, ახლა, როც ყველაფერი, ყველა წუთი ჩემამდე ახლოა, შორიდან არ უნდა მოხმობა.

საკვირველია, რატომ მიდიან შორს იმისთვის, რაც ცხვირწინა აქვთ, რაც მათია, იმას რად ეძებენ?
მეც, საკვირველია, რად ვიტყუებ თავს,
რომ, თითქოს ჩვევები მინდა შევიცვალო.
ბევრმა მათგანმა უკვე კვალი დამაჩნია,
ბევრი ჩვევა კი ჟანგივითა მჭამს,
ზოგი დღისაა, ზოგი ღამის,
მაგრამ ყველაზე ძნელი არის, როცა მზე ჩადის.

მე კი პურის ნამცეცებისკენ გამირბის თვალი.
მინდა, რასაც ვწერ, ასევე ჰქონდეს ნამცეცები,
რის გამოც ბეღურებს უთუოდ ვეყვარები
და ჰაერი ჩემს გარშემო სულ იშრიალებს.




დიალოგი

უთხრა რვა-ათი წლისამ თოთხმეტ-თხუთმეტი წლისას:
- რაც მე მოვაგროვე, შენ დაგეფანტება!
თოთხმეტ-თხუთმეტისამ უპასუხა:
- მოვა დრო და კვლავაც მოვაგროვებ.
რვა-ათი წლისას გაეციანა:
- ჩემს ფეხებს მოაგროვებ!








კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი