"მან შეურაცხმყო, გამარტყა, მძლია, გამძარცვა". მასში, ვინც გამუდმებით ასე ფიქრობს, სიძულვილი არ წყდება.
*
"მან შეურაცხმყო, გამარტყა, მძლია, გამძარცვა". მასში, ვინც გამუდმებით არ ფიქრობს ასე, სიძულვილი წყდება.
*
ამ ქვეყნად სიძულვილი არასოდეს არ წყდება სიძულვილით, არამედ მხოლოდ სიძულვილის უქონლობით წყდება. ესაა დასაბამიერი დჰამმა.**
*
ამ სოფლადაც ხარობს იგი და იმ სოფლადაც; კეთილი საქმის მოქმედი ორსავე სოფლად ხარობს, თავისი კეთილი საქმის შემყურე.
*
დარბაისელი თავქარიანთა შორის და მარად ფხიზელი მძინარეთა შორის, ბრძენი ბედაურივით უკან იტოვებს ჯაგლაგებს.
*
მთრთოლავ, მოცახცახე, ადვილად მოწყვლად და ძნელად დასაურვებელ აზრს ბრძენი ისე მიმართავს, როგორც მოისარი - ისარს.
*
თავისი სტიქიიდან ამოვარდნილი და ხმელზე მოფართხალე თევზივით ცახცა"adხებს ეს აზრი: იქნებ როგორმე დააღწიოს თავი მარას** ტყვეობას.
*
დაე, ბრძენი დარაჯად უდგეს თავის აზრს, ძნელად საწვდომს და უკიდურე"adსად დახვეწილს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ ბორძიკობს. ნადარაჯევი აზრი ბედნიერებისკენ მიგვიძღვის.
*
უხრწნელი, მშვიდი, სიკეთისა თუ ბოროტების უარმყოფელი აზრისთვის უცხოა შიში.
*
ბრიყვმა მთელი სიცოცხლე ბრძენკაცის გვერდითაც რომ გაატაროს, მისთვის ისევე უცხო იქნება დჰამმა, როგორც კოვზისთვის - კერძის გემო.
*
ვიდრე ბოროტება არ მომწიფებულა, ბრიყვს ტკბილი ეჩვენება იგი, ხოლო როდესაც მომწიფდება, მწუხარებას და ურვას ეძლევა.
*
როგორც სალ კლდეს ძვრას ვერ უზამს ქარი, ბრძენი ურყევია ხოტბასა და გმობას შორის.
*
კაცთა შორის მხოლოდ ცოტანი თუ აღწევენ გაღმა ნაპირს, დანარჩენები კი ფუჭად ფუსფუსებენ გამოღმა.
*
მისი გრძნობები მშვიდია მეეტლის მიერ დაურვებული ცხენებივით. მან ზურგი აქცია სიამაყეს და ჩაიხშო ყველა სურვილი. მას ღმერთებიც კი უცქერენ შურით.
*
ის, ვისი აზრიც მშვიდია, სიტყვაც და საქმეც, სიმშვიდესა და თავისუფლებას ზიარებული, სრულქმნილ ცოდნას ფლობს.
*
ერთი ტაეპი, სიმშვიდეს რომ ანიჭებს სულს, ფუჭი სიტყვებით შეთხზულ ათას ლექსზე უმჯობესია.
*
თუ ერთმა კაცმა ბრძოლაში სძლია ათას კაცს, მეორემ კი - მხოლოდ თავის თავს, სწორედ ეს უკანასკნელია უდიადესი მძლეველი.
*
თუ ვინმე თვიდან თვემდე ასი წლის მანძილზე ათასგზის ასრულებს მსხვერლშეწირვას, ხოლო მეორე, თუნდაც წამით, პატივს მიაგებს თავისი თავის სრულმყოფს, სწორედ ეს მსახურებაა ასწლიან მსხვერპლშეწირვაზე უზენაესი.
*
გაბრძნობილისა და თვითჩაღრმავებულის სიცოცხლის ერთი დღე სჯობს უმეცრისა და აღვირახსნილის ასწლიან არსებობას.
*
დაე, ისწრაფოს კეთილი საქმის აღსრულებად; დაე, არიდოს ბოროტებას თავისი თავი. რადგანაც ის, ვინც არ ესწრაფვის სიკეთის აღსრულებას, კმაყოფილებას ჰპოვებს ბოროტში.
*
როგორც მწყემსი სახრით მიდენის ჯოგს საძოვრისკენ, ისე სიკვდილი მიერეკება ცოცხალ არსებებს სიკვდილისაკენ.
*
ძვლებითაა ნაშენი ეს ციხე-სიმაგრე, სისხლითა და ხორცით ნალესი; სიცრუე და ორპირობა, სიბერე და სიკვდილი ჩაკირულია მის კედლებში.
*
ადვილია უკეთური და მავნე საქმის კეთება, კეთილისა და სასარგებლოსი კი - უკიდურესად ძნელი.
*
ვინც ისე უყურებს სამყაროს, როგორც ბუშტსა თუ მირაჟს, უხილავია სიკვდილის მეუფისათვის.
*
ბრმაა ეს სამყარო, სადაც ცოტა თუ ხედავს ნათლად. მახის ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტივით, მხოლოდ ცოტანი თუ აღწევენ ზეცას.
*
ო, რარიგ ბედნიერნი ვართ არასნეულნი სნეულთა შორის; სნეულთა შორის ვცხოვრობთ ჩვენ - არასნეულნი.
*
არ არის ცეცხლი, ვნებაზე უფრო მწველი; არ არის უბედურება, სიძულვილზე უფრო დიდი; არ არის საშინელება სხეულზე უმეტესი; არ არის ბედნიერება სიმშვიდის ტოლი.
*
ო, რარიგ ბედნიერნი ვართ, უპოვარნი მორჭმულთა შორის; ჩვენ ვსაზრდოობთ სიხარულით, როგორც სხივმფინარი ღმერთები.
*
სურვილისაგან იბადება მწუხარება; მისგანვე იბადება შიშიც. მისთვის, ვინც თავი დააღწია სურვილის საცთურს, აღარც მწუხარებაა და აღარც შიში.
*
მიდრეკილებისაგან იბადება მწუხარება; მისგანვე იბადება შიშიც. მისთვის, ვინც თავი დააღწია მიდრეკილებას, აღარც მწუხარებაა და აღარც შიში.
*
მას, ვინც იოკებს რისხვას, როგორც გზიდან გადასულ ეტლს, მე ვუწოდებ მეეტლეს. დანარჩენებს კი ტყუილად უჭირავთ სადავე.
*
დაე, ურისხველობით იძლიოს რისხვა, სიუხვით - სიძუნწე, სიკეთით - უკეთუ"adრობა, სიმართლით - სიცრუე.
*
არ ყოფილა, არ არის და არც იქნება ადამიანი, მხოლოდ გმობის ღირსი რომ იყოს, ანდა მხოლოდ ქება-დიდების.
*
აი, შენი სიცოცხლეც მიუახლოვდა დასასრულს; მიეახლე იამას. შენ კი სახლიც არა გაქვს, არც თან წასატანი საგზალი.
*
ცხოვრება ადვილია მისთვის, ვინც თავხედია, ყვავივით ლირფი, ურცხვი, უტვინო, შლეგი, გახრწნილი.
*
მაგრამ ცხოვრება მძიმეა მისთვის, ვინც ფაქიზია, თავმდაბალი, გამჭრიახი, თავაზიანი; ვისი სიცოცხლეც წმინდაა.
*
გაუტამას მოწაფენი მარად ფხიზელნი არიან. მათი აზრი დღისით თუ ღამით ბუდას მიელტვის.
*
კეთილნი შორითვე ბრწყინავენ, როგორც ჰიმალაის მთები. ბოროტნი კი ახლოდანაც არ ჩანან, როგორც არ ჩანს ღამით ნატყორცნი ისარი.
*
ვინც ზის ეულად, სძინავს ეულად, დაიარება ეულად; ვინც ქმედითია და თვითონვე იურვებს თავს, დაე, ხარობდეს უსიერ ტევრში.
*
როგორც საზღვრისპირა ქალაქი შიგნიდანაც და გარედანაც სათანადოდაა დაცული, ასე იცავდე საკუთარ თვსაც. ფუჭად ნუ გაფლანგავ დროს, რადგანაც დროის ხელიდან გამშვები მწუხარებას და ურვას ეძლევა, ჯოჯოხეთში გამწესებული და განწირული.
*
მოთვინიერებულ ჯორებს, კეთილშობილ სინდჰიურ ცხენებს და ვეება სპი"adლოებს რა სჯობს? მაგრამ მათზე უკეთესია, ვინც თვითონვე მოითვინიერა თავისი თავი. რადგანაც ამ ცხოველებით ვერ შეაღწევ მიუდგომელ ქვეყანაში, სადაც შეაღ"adწევს ადამიანი, თვითშეზღუდვით და თვითწვრთნით რომ მოუთვინიერებია თავი.
*
სიქველე სასიამოვნოა თვით სიბერემდე; სასიამოვნოა ურყევი რწმენა; სასია"adმოვნოა სიბრძნის მიღწევა; სასიამოვნოა ბოროტებისგან თავშეკავება.
*
ვინც ამ ქვეყნად სძლევს უკეთურსა და ძნელად დასაურვებელ სურვილს, ისევე იშორებს მწუხარებას და ურვას, როგორც ლოტოსი - წყლის წვეთებს.
*
როგორც წაქცეული ხე განაგრძობს ზრდას, თუ არ დაზიანებულა ფესვები, ისე ტანჯვაც განაგრძობს ზრდას, თუკი არ აღმოფხვრილა სურვილი.
*
ვნებით აღგზნებული და გაშმაგებული ადამიანები ფეთიანებივით აწყდებიან აქეთ-იქით, როგორც დამფრთხალი და დაფეთებული კურდღელი. ხუნდებით შეკრულნი ხელახლა უბრუნდებიან აუტანელსა და გაუსაძლის ტანჯვას.
*
არსებობის შმაგი დინების გადამლახველმა ზურგი აქციე წარსულს, უარყავ მომავალი და ისიც, რაც ძევს მათ შორის. თუ გონება თავისუფალია, კვლავ და კვლავ აღარ მიუბრუნდები დაბადებას და სიბერეს.
*
მან მიაღწია სრულქმნილებას; ამიერიდან უდრეკია და სურვილებისაგან თავისუფალი; მოსპო და მოაშთო ეკალ-ბარდები: ეს მისი სხეული უკანასკნელია.
*
სარეველა აშთობს ყანას; ვნება - ადამიანებს.
*
უწინ ეს გონება დაეხეტებოდა, როგორც სურდა, როგორც ნებავდა. ახლა კი სრულიად დავიურვე, როგორც გამრეკმა - გავეშებული სპილო.
*
მე ბრაჰმანს ვუწოდებ მას, ვინც აზროვნებს, მშვიდია და ვნებებისგან თავისუ"adფალი; ვინც აკეთებს თავის საქმეს; ვინც დაიურვა ყველა სურვილი, მიაღწია უზენაეს სიკეთეს და სრულყო თავი.
*
მე ბრაჰმანს ვუწოდებ იმას, ვინც მიაღწია უზენაეს სიკეთეს, ვინც იცის სიმართლის და სიცრუის გზა და ვისი ცოდნაც ღრმაა.
*
მე ბრაჰმანს ვუწოდებ იმას, ვისაც აღარ შერჩა სურვილი, ცოდნის წყალობით განთავისუფლდა ეჭვებისაგან და შეძლო დანთქულიყო უკვდავებაში.
- . -
ბუდისტური ლეგენდა
მოწაფეები მივიდნენ ბუდასთან და უთხრეს: უფალო, აქ, სავატჰიში ბევრი სახელგანთქმული განდეგილი და სწავლული ცხოვრობს, გამუდმებით რომ ედავე"adბიან და ეპაექრებიან ერთმანეთს. ზოგის მტკიცებით, სამყარო უსასრულოა და მარადიული, ზოგიც სასრულად და წარმავლად მიიჩნევს მას; ზოგის აზრით, სული სხეულთან ერთად კვდება, ზოგს კი უკვდავი ჰგონია იგი, და ასე შემდეგ, დაუსრულებლივ; ჰოდა, გვითხარი, როგორ უნდა მოვექცეთ მათ?
ბუდამ პასუხად თქვა:
დიდი ხნის წინათ ერთმა რაჯამ მსახურს უხმო და უთხრა: წადი, გეთაყვა, თავი მოუყარე სავატჰიში ყველა ბრმადშობილს და მერე სპილო მიჰგვარე მათ. - ნება შენია, - მიუგო მსახურმა და ბრძანების აღსასრულებლად გაეშურა. მერე კი, როცა თავი მოუყარა ყველა ბრმადშობილს, ამ სიტყვებით მიმართა მათ: აი, ეს სპილოაო, და ერთ-ერთს ხელით მოასინჯვინა მისი თავი, მეორეს - ყური, მესამეს - ეშვი, დანარჩენებს - ხორთუმი, ფეხი, ზურგი, კუდი თუ კუდის ფოჩი, და ყველა მათგანს ეუბნებოდა - ეს სპილოაო.
როცა ყველა ბრმადშობილმა მოსინჯა სპილო, რაჯამ ჰკითხა თვითეულ მათგანს: აი, შენ შეეხე სპილოს; ჰოდა, მითხარი, რა არის ეს?
ვინც თავს შეეხო, პასუხად თქვა - ქვევრიაო; ვინც ყურს, - ცხრილი ეგონა იგი; ვინც ეშვს, - სახნისად წარმოიდგინა; ვინც ხორთუმს, - სახვნელად დასახა; ვინც ზურგს, - მორგვად მიიჩნია; ვინც ტანს, - ნალიად აღიქვა; კუდის შემხებს ქვასანაყად მოეჩვენა, ფოჩისას კი - ჯაგრისად.
მერე ერთმანეთს აუხირდნენ "ჰო", "ჰო"-სა და "არა"-ს ყვირილით: სპილო ეს კი არა, აი, ის არისო; ასე რომ, ბოლოს, მუშტი-კრივამდე მივიდა საქმე.
რაჯა კმაყოფილი დარჩა ამ სცენით.
რაღა ეს განდეგილნი და რაღა დღევანდელი სწავლულნი, ჯიუტად რომ დგანან თავიანთ აზრზე და სხვას ვერაფერს ხედავენ, აშარნი, არჯალნი, თავისნათქვამნი და თავიანთი სიყალბის სიმართლედ გამსაღებელნი.
- . -
ძენ - ბუდისტური მინიატურები
ბ უ დ ი ზ მ თ ა ნ ა ხ ლ ო ს
უნივერსიტეტის სტუდენტმა გაძანთან ყოფნისას ჰკითხა მას: "თუ წაგიკითხავს ქრისტიანების ბიბლია?"
"არა; წამიკითხე", - უთხრა გაძანმა.
სტუდენტმა ბიბლია გაშალა და დაიწყო მათეს სახარების კითხვა: "ან სამოსლისთვის რად ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. ასე რომ, ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას".
გაძანმა თქვა: "ვინც ეს სიტყვები წარმოთქვა, ნათელფენილი კაცია".
სტუდენტმა განაგრძო კითხვა: "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიებდეთ და ჰპო"adვებთ: დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ".
გაძანმა შენიშნა: "მშვენიერია; ვინც ესა თქვა, შორს როდია ბუდიზმისაგან".
ბ უ დ ა ს ქ ა ნ დ ა კ ე ბ ა
როცა ტანკე, ტანის დინასტიის ჭაბუკი უფლისწული, ტაძარში შევიდა, საშინლად ციოდა.
აიღო იქვე გამოფენილი ბუდას ერთ-ერთი, ხიდან გამოკვეთილი ქანდაკება და ცეცხლი გააჩაღა.
ამის დანახვაზე ტაძრის მცველმა გააფთრებით შეჰყვირა, როგორ გაბედე ბუდას ქანდაკების დაწვაო.
ტანკემ ნაცარი გაქექა, თითქოს რაღაცას ეძებსო, მერე კი თქვა: ავდგები და წმინდა სარირის* ნაშთს შევაგროვებ.
- ხის ბუდისაგან რა სარირი უნდა დარჩეს?
- თუ არ დარჩა, მაშინ დანარჩენ ბუდებსაც ცეცხლს შევუკეთებ.
შემდგომში მცველმა ორივე წარბი დაკარგა ტანკეს მკრეხელობისადმი გამო"adთქმული პროტესტის გამო, თვით ტანკეს კი არასოდეს დასტყდომია თავს ბუდას რისხვა.
ფ ი ნ ჯ ა ნ ი ჩ ა ი
ნან-ინი, მეიძის (1863-1912) დროინდელი ძენის მოძღვარი, უნივერსიტეტის პროფესორს მასპინძლობდა, ძენის შესასწავლად რომ სწვეოდა მას.
ნან-ინმა ჩაიზე მიიპატიჟა სტუმარი. ფინჯანი გაულიცლიცა, მაგრამ კვლავ განაგრძობდა დასხმას.
პროფესორი ხედავდა, როგორ იღვრებოდა ჩაი; ბოლოს, ვეღარ მოითმინა და თქვა: "პირთამდე სავსეა, მეტი აღარ ჩავა".
"ამ ფინჯანივით თქვენც სავსე ხართ საკუთარი აზრებით და წარმოდგენებით; - თქვა ნან-ინმა, - როგორ აგიხსნათ, რა არის ძენი, თუ ჯერ მაგ თქვენს ფინჯანს არ დაცლით?"
ს უ ტ რ ე ბ ი ს გ ა მ ო ც ე მ ა
ტაცუგენმა, იაპონიაში ძენ-ბუდიზმის მქადაგებელმა, - გადაწყვიტა ბეჭდურად გამოექვეყნებინა სუტრები, რაზედაც მაშინ მხოლოდ ჩინელებს თუ მიუწვდებოდათ ხელი. სუტრები ხის ბლოკებიდან უნდა გადაებეჭდა 7000 ცალად, რაც იმხანად გრანდიოზული წამოწყება იყო.
ტაცუგენი ფულის შესაგროვებლად გაემგზავრა. მთელი ქვეყანა შემოიარა. მხოლოდ რამდენიმე გულშემტკივარმა გაიმეტა ოქროს პაწაწინა ზოდები, უმრავლე"adსობამ კი ოქროს უბადრუკი ნამცეცებიღა უწყალობა.
ყველა შემომწირველს ერთნაირად უხდიდა მადლობას. ათ წელიწადში, როგორც იქნა, საკმაო ოქროს მოუყარა თავი სუტრების გამოსაცემად.
მაგრამ ამ დროს მდინარე უიუ ადიდდა. წყალდიდობამ ყანები წალეკა და ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდა. ტაცუგენმა მთელი შეგროვილი ოქრო დაზარა"adლებულებს უწყალობა, რათა სიკვდილისგან ეხსნა ისინი. მერე კი ხელახლა შეუდგა შესაწირავთა შეკრებას.
რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში იფეთქა ეპიდემიამ. ტაცუგენმა კვლავ ხალხის დასახმარებლად გაიღო ყველაფერი, რისთვისაც თავი მოეყარა.
მესამედაც შეუდგა დაწყებულ საქმეს და ოცი წლის შემდეგ, როგორც იქნა, აისრულა ნატვრა. საბეჭდი ბლოკები, რომლებითაც სუტრების გამოცემა განხორ"adციელდა, ახლა კიოტოში, ობაკუს მონასტერში ინახება. იაპონელები თავიანთ ბავშვებს უამბობენ, ტაცუგენმა სამჯერ გამოსცა სუტრები და პირველი ორი უჩინარი გამოცემა კიდევაც ჩრდილავს მესამესო.
ს ა მ ო თ ხ ი ს ბ ჭ ე
მეომარი, სახელად ნაბუსაგე, ხაკუინთან მივიდა და ჰკითხა:
- მართლა არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე?
- ვინა ხარ? - ჰკითხა ხაკუინმა.
- სამურაი, - მიუგო მეომარმა.
- სამურაიო?! - წამოიძახა ხაკუინმა, - რომელი სარდალი გაბოგინებს თავის ლაშქარში? მწირს მიგიგავს სახე!
გაშმაგებულმა ნაბუსაგემ ხმლის ვადაზე გაიკრა ხელი. ხაკუინი კი განაგრძობდა:
- აა, ხმალიც გაქვს? ალბათ ისეა დაბლაგვებული, რომ თავს ვერ გამაგდები"adნებს!
მაშინ ნაბუსაგემ ქარქაშიდან დააძრო ხმალი.
ხაკუინმა კი თქვა:
- აქ იხსნება ჯოჯოხეთის ბჭე!
ამ სიტყვების გაგონებისას სამურაიმ უკვე ხაკუინის შეგირდად დაიგულა თავი, ხმალი ქარქაშში ჩააგო და მოძღვარს თაყვანი სცა.
ხაკუინმა კი თქვა:
- აქ იხსნება სამოთხის ბჭე!
(Footnotes)
* ძველი ინდოეთის ერთ-ერთი საკრალური წიგნი.
** ცხოვრების წესი, კანონი.
*** ბოროტი ჯადოქარი, ავსული.
* სარირი - ერთგვარი მინერალური ნარჩენი, სხეულის კრემაციის შემდეგ რომ პოულობდნენ; უმწიკვლოდ გატარებული სიცოცხლის ნიშნად მიაჩნდათ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010