მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
გაო სინძიანი: ლიტერატურის დასაბუთება (2000 წლის ნობელის ლექცია)

* * *

გასული საუკუნის ბოლო წლებში ჩინელები ხმამაღლა გამოთქვამდნენ საყვედურებს ნობელის პრემიის კომიტეტის მიმართ, რომელიც, მათი აზრით, იგნორირებას უკეთებდა უძველესი ტრადიციების მქონე ჩინურ ლიტერატურას, მაშინ, როცა იაპონური და ინდური მწერლობის წარმომადგენლებისთვის უკვე კარგა ხნის წინათ ჰქონდათ მინიჭებული მსოფლიოს უპირველესი ლიტერატურული ჯილდო. როგორც ჩანს, საყვედურებმა თავისი ქნა, შვედეთის სამეფო აკადემიამ გაითვალისწინა პატივმოყვარე ჩინელების პროტესტი და ზუსტად მეოცე საუკუნის ბოლო წელიწადს დააკმაყოფილა მათი სამართლიანი ამბიციები, მაგრამ ბედის ირონია გახლდათ ის ამბავი, რომ პრემია მიანიჭეს მწერალს, რომელიც ჩინელებს აღარ ახსოვდათ, ყოველ შემთხვევაში, მისი წიგნები აკრძალული იყო და ავტორი ოფიციოზს ქვეყნის მოღალატედ ჰყავდა გამოცხადებული.

გაო სინძიანი - ნობელის პრემიის ლაურეატი 2000 წელს - მწერალი, რომელიც პარტიულ რეჟიმს საზღვარგარეთ გაექცა, რათა ნანატრ დიდებად დაბრუნებოდა სამშობლოს, თავის ხალხს.

ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა თავს ისევ დევნილად მიიჩნევს. წერს ჩინურ და ფრანგულ ენებზე. გამოქვეყნებული აქვს პიესები, მოთხრობები, ესეები და ორი რომანი.

გაო სინძიანი (ანუ გაო "მაგარი, მტკიცე ნაბიჯი") დაიბადა 1940 წელს ცენტრალური ჩინეთის ქალაქ განჯოუში, საშუალო შეძლების ინტელიგენტურ ოჯახში. მამა - ბანკის მოსამსახურე - დროსტარებასა და აზარტულ თამაშებს იყო გადაყოლილი, შვილის აღზრდაზე ზრუნავდა დედა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 60-70-იან წლებში მიმდინარე ხუნვეიბინური კამპანიის დროს.

გაო სინძიანმა 1962 წელს დაამთავრა პეკინის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული განყოფილება, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის განსაზღვრაში. 1979 წლამდე მუშაობდა გამომცემლობა "საერთაშორისო წიგნში", იყო ჟურნალის რედაქტორი, სწავლობდა იდეოლოგიის სკოლაში. 1979 წელს შედის პარტიაში, ხდება ჩინეთის მწერალთა კავშირის წევრი და საშუალება ეძლევა იმოგზაუროს საფრანგეთსა და იტალიაში, უშუალოდ გაეცნოს ევროპის ინტელექტუალურ სამყაროს.

ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე ოთხმოციან წლებში გამოდის. 1981 წელს აქვეყნებს ესეს "წინასწარი ძიებანი თანამედროვე პროზის ოსტატობის სფეროში", სადაც აშკარად ილაშქრებს იდეოლოგიური შტამპების წინააღმდეგ. ზედიზედ აქვეყნებს რამდენიმე მოთხრობას, მაგრამ მკითხველი საზოგადოების ყურადღებას ვერ იპყრობს. ძალებს ცდის დრამატურგიაში და იწყებს ნოვატორული ექსპერიმენტების დანერგვას, რასაც, გარკვეული თვალსაზრისით, ახერხებს კიდეც. 1986 წელს ცენზურამ აკრძალა გაოს პიესა "მეორე ნაპირი", რაც საკმარისი გამღიზიანებელი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მისი დრამატურგიით დაინტერესებულიყვნენ ევროპელი სინოლოგები და გამომცემლები. 1990 წელს შვედმა სინოლოგმა მალმკვისტმა თარგმნა გაოს ათი პიესა, რომელთა უმრავლესობა დაიდგა ევროპის ქვეყნების თეატრებში.

გაო სინძიანს ოფიციოზის თვალში თანდათან უყალიბდება არასაიმედო პიროვნების სახელი. ვრცელდება ხმები, რომ მას ცინხაის პროვინციაში, ტიბეტის მთისწინეთში უპირებენ გადასახლებას. ამასობაში ექიმები კიბოს დაავადებას დაუდგენენ (თუმცა შემდგომში გაირკვევა, რომ დიაგნოზი მცდარი ყოფილა). საბედისწერო ზღვართან მდგარი მწერალი დაჰყვება ექიმებისა და მეგობრების რჩევას და სამკურნალოდ პეკინიდან შორს, მთებში მიდის. ერთი წლის განმავლობაში მოგზაურობს ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში, სადაც უამრავ რამეს ნახულობს და განიცდის, რაც შემდგომ მისი რომანის "სასწაულმოქმედი მთების" ძირითად თემად იქცევა. ასე შემოვიდა გაოს შემოქმედებაში პატრიარქალური ჩინეთი, სადაც ავანსცენაზე პოლიტიკოსების ნაცვლად ვხედავთ გლეხებს, მონაზვნებს, ჯადოქრებსა და შამანებს.

1987 წელს გერმანიაში მიემგზავრება ლიტერატურული პრემიის მისაღებად და იქვე რჩება. ცოტა ხანში საფრანგეთში გადადის. თავის საქციელს მან "გაქცევა" უწოდა. პიესაც დაწერა ამ სათაურით. 1989 წელს ტიანმენის მოედანზე დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ პარტიიდან გავიდა, რის შემდეგაც ჩინეთში "არასასურველ პერსონად" გამოცხადდა. რაც უფრო ცდილობდნენ მწერლის სახელის მიჩქმალვას. სამშობლოში, იმდენად იზრდებოდა მისი პოპულარობა საფრანგეთში. 1992 წელს საფრანგეთის მთავრობამ ხელოვნებისა და ლიტერატურის საზოგადოებამ პრემიით აღნიშნა მისი პიესა "სომნამბულა", 1997 წელს იმავე საზოგადოებამ გადასცა სპეციალური ჯილდო ჩინურ ენაზე გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის. ამავე დროს, პარიზის სამხატვრო წრეები გაოს აღიარებენ როგორც ნიჭიერ აბსტრაქციონისტს და გამოფენებს უწყობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს გაითვალისწინეს, როცა გაო სინძიანი წარადგინეს ნობელის პრემიაზე, თუმცა მთავარი მაინც "სასწაულმოქმედი მთებია" - ღრმად ფსიქოლოგიური, ეგზოტიკური რომანი, რომელშიც ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა ელემენტები

დაბოლოს, ტექნიკური ხასიათის აუცილებელი შენიშვნა: გაო სინძიანის ნობელის ლექცია გადმოღებულია "ინოსტრანნაია ლიტერატურას" 2001 N 5-ში გამოქვეყნებული რუსი სინოლოგის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის დმიტრი ვოსკრესენსკის თარგმანიდან.

მთარგმნელი

* * *

არ ვიცი, ბედია თუ არა, რომ ამ ტრიბუნაზე ვდგავარ, მაგრამ სავსებით მართებულია, გამონაკლის ამბავს, რომელიც მრავალი ბედნიერი დამთხვევის წყალობით ხდება, ბედი ვუწოდოთ. თავს ათეისტად მივიჩნევ და ამიტომ ვერ გავბედავ მტკიცებას, თითქოს სამყაროში არსებობს უზენაესი შემოქმედი, თუმცა სულში ყოველთვის ვგრძნობდი თრთოლვას შეუცნობელის წინაშე.

ადამიანს არ შეუძლია სულად იქცეს, მითუმეტეს ვერ დაიკავებს უზენაესი ღვთაების ადგილს. ზეადამიანის მსოფლიოზე გაბატონება ნიშნავს, რომ სამყარო გახდეს უფრო ქაოტური და აუტანელი. ნიცშეს შემდგომმა საუკუნემ მოიტანა ყველა ის დიდი უბედურება, რისი შექმნაც ადამიანის გონებას შეეძლო, მაგრამ ვერცერთი პატივმოყვარე ფილოსოფოსის ბოდვა ახლოსაც ვერ მოვა იმათ დანაშაულთან, ვინც თავს ხალხის ბელადებად, სახელმწიფოს ლიდერებად და ერის მხედართმთავრებად ასაღებდნენ და ძალადობის მეთოდებს განსაკუთრებული ოსტატობით ხვეწდნენ. არ ვაპირებ ეს ტრიბუნა ჩემი პოლიტიკური ან საისტორიო შეხედულებების პროპაგანდისთვის გამოვიყენო, უბრალოდ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, როგორც მწერალმა, თქვენამდე მოვაწვდინო ერთი ადამიანის, ერთი პიროვნების ხმა.

მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ აღქმის უნარი აქვს შედარებით გამძაფრებული. საერთოდ, ფაქიზი გრძნობის ადამიანი, როგორც წესი, საცოდავია. მწერალი იმიტომ არ ლაპარაკობს, რომ იგი ხალხის რუპორი, ან ჭეშმარიტების განსახიერებაა, შეიძლება ზოგჯერ მისი ხმა არც კი ისმოდეს, მაგრამ ვინაიდან ეს არის კონკრეტული პიროვნების ხმა, ამიტომ აღვიქვამთ მას დიდ სიმართლედ და სიწრფელედ.

უნდა მოგახსენოთ, რომ შეიძლება ლიტერატურაც ცალკეული პიროვნების ხმად მივიჩნიოთ და, კაცმა რომ თქვას, ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ როგორც კი ლიტერატურა ხდება სახელმწიფო ჰიმნი, ერის დროშა, პარტიის რუპორი ან რომელიმე პარტიული თუ პოლიტიკური დაჯგუფების მებაირახტრე, იგი მაშინვე კარგავს თავის ოდინდელ შინაარსს და აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, პროპაგანდის რა მეთოდებს მიმართავს და რა ყოვლისმომცველ ძალასა და ენერგიას გამოავლენს. იგი უკვე აღარ არის ლიტერატურა, რადგან ძალაუფლების პროდუქტად და გამორჩენის საშუალებადაა ქცეული. განვლილ საუკუნეში ეს გახლდათ ლიტერატურის უბედურება. პოლიტიკისა და ძალაუფლების დამღა იყო გაცილებით ძლიერი, ვიდრე რომელიმე სხვა ეპოქაში. საგრძნობი გახლდათ აგრეთვე ის აკრძალვები, რაც მწერლებმა გამოსცადეს თავიანთ თავზე.

ლიტერატურამ უნდა შეძლოს თავისი არსებობის დასაბუთება და, ამავდროულად, გამოვიდეს პოლიტიკის დიქტატისაგან, რისთვისაც აუცილებელია დაუბრუნდეს ცალკეული ინდივიდუუმის ხმას. ვინაიდან ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანურ გრძნობებს მიმართავს, ამდენადვე იგი ამ გრძნობათა ნაყოფს წარმოადგენს, რაც, სხვათა შორის, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მწერლობა აუცილებლად მოწყვეტილი უნდა იყოს პოლიტიკისაგან, ანდა - პირიქით, რაღაცით ზემოქმედებდეს მასზე. ლიტერატურის ეგრეთ წოდებული ტენდენციურობა, მწერლის პოლიტიკური ორიენტირებულობა და მისი ჩართვა იდეოლოგიურ ბრძოლებში იყო მძიმე სენი, რომელმაც განვლილ საუკუნეში უდიდესი ზიანი მიაყენა ლიტერატურას. კონსერვატიზმისა და რევოლუციურობის ფორმით მოწოდებული ტრადიციონალიზმისა და განახლების იდეები საბოლოო ჯამში მოწინავისა და რეაქციულის ბრძოლად გადაიქცა, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო იდეოლოგიის აბსოლუტურ გაბატონებას. როცა იდეოლოგია სახელმწიფო ხელისუფლებას ერწყმის და რეალურ ძალად იქცევა, მაშინ ლიტერატურა და ცალკეული პიროვნება კვდომას იწყებენ.

მიზეზი მეოცე საუკუნის ჩინურ ლიტერატურაზე თავს დატეხილი დაუსრულებელი და განუწყვეტელი უბედურებებისა, რის შედეგადაც ჩვენი მწერლობა არსებობის უკანასკნელ ზღვართან აღმოჩნდა, გახლდათ ის, რომ ლიტერატურას პოლიტიკა მბრძანებლობდა. ლიტერატურულმა რევოლუციამ, ისევე, როგორც რევოლუციურმა ლიტერატურამ მწერლობა და თვით ადამიანური ბუნება დაღუპვის პირას მიიყვანა. ტრადიციული კულტურის წინააღმდეგ რევოლუციის სახელით გალაშქრებამ გამოიწვია ის, რომ დაიწყეს წიგნების აკრძალვა და დაწვა. მწერლებს ხოცავდნენ, აპატიმრებდნენ, აგზავნიდნენ გადასახლებასა და კატორღაში. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი. ჩინეთის ისტორიაში მსგავსი ბარბაროსობა არცერთ მონარქიას არ გამოუჩენია. წარმოუდგენლად ძნელი გახდა ლიტერატურული ნაწარმოების ჩინურ ენაზე შექმნა, შემოქმედების თავისუფლებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტი იყო.

თუკი მწერალს სურდა აზროვნების თავისუფლების მოპოვება, მის წინაშე მხოლოდ ორი გზა არსებობდა: გაქცევა ან სრული მდუმარება. ხანგრძლივი დუმილი მწერლისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. ამიტომ შემოქმედი, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა ხმა ამოეღო, იძულებული ხდებოდა გაქცეულიყო და ამგვარად აეცილებინა თვითმკვლელობა ან სიკვდილით დასჯა. ლიტერატურის ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რამ მარტო აღმოსავლეთში კი არა, დასავლეთშიც ხდებოდა: ძიუ იუანიდან დანტემდე, შემდგომ - ჯოისი, თომას მანი, სოლჟენიცინი და ბოლოს ჩინელი ინტელიგენტები, რომლებიც მასობრივად გარბოდნენ 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენების შემდეგ. ასეთია იმ პოეტებისა და მწერლების ბედი, რომლებიც საკუთარი ხმის შენარჩუნებას ცდილობენ.

მაგრამ საყოველთაო დიქტატურის დროს, რომელსაც მაო ძედუნი ახორციელებდა, გაქცევაც კი შეუძლებელი იყო, ვინაიდან მთის ტაძრებს, სადაც ფეოდალურ ეპოქაში თავს აფარებდნენ ლიტერატორები, ჩხრეკდნენ ან პირდაპირ ანადგურებდნენ. სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდათ იმ მწერლებსაც, რომლებიც მალულად წერდნენ. ვინც ვერ ელეოდა დამოუკიდებელი აზროვნების ჩვევას, იძულებული იყო მხოლოდ საკუთარ თავთან ესაუბრა, ოღონდ მეტისმეტად ფრთხილად. მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ სწორედ იმ დროს, როცა ლიტერატურა ესოდენ აუტანელ პირობებში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სიმძაფრით ვიგრძენი მისი აუცილებლობა, რაც იმის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ ლიტერატურა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს პიროვნული შეგნება.

შეიძლება ითქვას, რომ საუბარი საკუთარ თავთან ლიტერატურის ამოსავალი წერტილია და ამ ფორმით ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება ყველაზე უფრო მისაღებია. ადამიანი თავის გრძნობებსა და აზრებს სიტყვის ფორმაში ახვევს და წიგნში გადააქვს. ასე იბადება ლიტერატურა. ამ დროს ავტორი არ ფიქრობს გამორჩენასა და სარგებელზე, იგი უბრალოდ წერს და, ცხადია, არც ახსენდება, რომ შეიძლება ნაწერი ოდესმე გამოსცეს. წერის პროცესი მას ერთდროულად ანიჭებს სიხარულს, სიამოვნებას და ჯილდოს. რომან "სასწაულმოქმედ მთებზე" მუშაობა იმ დროს დავიწყე, როცა აიკრძალა ჩემი ნაწარმოებები, რომლებსაც, სხვათა შორის, თვითონვე დავუწესე უმკაცრესი ცენზურა. ჩემთვის ვწერდი, სევდას ვიქარვებდი, გამოქვეყნებაზე წამითაც არ მიფიქრია.

საკუთარ სამწერლო გამოცდილებაზე დაკვირვება მაფიქრებინებს, რომ წიგნის წერის დროს მწერლისთვის ლიტერატურა წარმოადგენს პირადი თვითღირებულების გააზრების საშუალებას. საკუთარ შრომას ავტორი უძებნის ერთგვარ დასაბუთებას, სტიმულს. ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, იბადება მწერლის სურვილში, მიიღოს კმაყოფილება, რაც შეეხება სოციალურ უკუგებას, ის მხოლოდ ნაწარმოების დასრულების შემდგომ მოდის. სხვათა შორის, უკუგების ხარისხი სრულიადაც არ არის დამოკიდებული ავტორის სურვილზე.

ლიტერატურის ისტორიაში უამრავია მსოფლიო დონის ისეთი ნაწარმოები, რომელიც ავტორს სიცოცხლეში არ გამოუქვეყნებია. საკითხავია, თუ ავტორი არ გრძნობდა შინაგან მოთხოვნილებას, მაშინ რატომ წერდა? დღესაც, შექსპირისა არ იყოს, ძნელი გასაგებია ცხოვრება იმ ოთხი უნიჭიერესი პიროვნებისა, რომლებმაც შექმნეს ჩინური ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებები: "მოგზაურობა დასავლეთში", "მდინარის ქარხნები", "ძინი, პინი, მეი" და "წითელი კოშკის სიზმარი". მაგალითად, ში ნაიანმა საკუთარი თავის შესახებ ერთადერთი ჩანაწერი დატოვა. მაშ, რატომ ჩადო მან მთელი სასიცოცხლო ძალა უზარმაზარ ნაწარმოებში, რომელსაც მისთვის არავითარი ჯილდო არ მოუტანია? ნუთუ ასეთივე ბედი არ ერგო თანამედროვე რომანის ფუძემდებელს ფრანც კაფკას, ან მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტს ფერნანდო პესოას? ისინი წერდნენ და სრულებით არ ფიქრობდნენ სამყაროს გარდაქმნაზე, მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ ადამიანს, თუნდაც უსუსურს, შეუძლია თქვას ძალიან საჭირო სიტყვა. აი, ამაში მდგომარეობს ენის მაგიური ძალა.

ენა არის ადამიანური ცივილიზაციის უმაღლესი, კრისტალიზებული სუბსტანცია. ფაქიზი და მოუხელთებელია, მაგრამ, ამავე დროს, შეუძლია შეაღწიოს ჩვენს გრძნობებში, გაიაროს ყველგან და ყველაფერში და დააკავშიროს გრძნობები სამყაროს შემეცნების უნართან. დაწერილი სიტყვის, ამ ესოდენ განსაცვიფრებელი და მომხიბვლელი საგნის მეშვეობით, ენა ყველა ადამიანს, მიუხედავად ეროვნებისა და კიდევ იმისა, თუ რომელ ეპოქას მიეკუთვნება, აძლევს შესაძლებლობას დაამყაროს კონტაქტი სამყაროსთან. ასე იყრის თავს ერთ მთლიანობაში ლიტერატურული შემოქმედება, მარადიული სულიერი ფასეულობანი და მკითხველი.

საეჭვოდ მიმაჩნია მოსაზრება, რომ ჩვენ დროში მწერალი განსაკუთრებით უნდა გამოკვეთდეს თავის გენეტიკურ კავშირს ამა თუ იმ ნაციონალურ კულტურასთან. მაგალითად, თუკი ვილაპარაკებთ ჩემ წარმომავლობასა და მშობლიურ ენაზე, უნდა მოგახსენოთ, რომ, რა თქმა უნდა, შინაგანად ვატარებ ჩინეთის კულტურულ ტრადიციებს და ეს სავსებით ბუნებრივია. კულტურა მჭიდროდაა დაკავშრებული ენასთან, რის საფუძველზეც ყალიბდება გრძნობის, აზროვნებისა და აზრის გამოხატვის გარკვეული ფორმები. მწერლის შემოქმედება იწყება ენობრივ გარემოში და ბუნებრივად გადადის ის სუბსტანციაში, რის გამოთქმასაც სიტყვები ვერ ასწრებენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც თავის ბედს სიტყვიერ ხელოვნებას უკავშირებს, მოვალე არ არის დაიკრას მზა, მკვეთრად გამოხატული ეროვნული იარლიყი.

ლიტერატურული ნაწარმოებები თარგმანის მეშვეობით გადალახავენ ქვეყნებისა და ენების საზღვრებს, არღვევენ სხვადასხვა ისტორიულ და გეოგრაფიულ პირობებში ჩამოყალიბებულ სოციალურ და ადამიანურ ურთიერთობათა ჩარჩოებს და განამტკიცებენ კაცობრიობის ერთობას. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მწერლები ძალაუნებურად გადიან ეროვნული კულტურის საზღვრებიდან და განიცდიან სრულიად განსხვავებულ ფასეულობათა გავლენებს, ამიტომ ხაზგასმული ლაპარაკი ამა თუ იმ ნაციონალურ-კულტურულ კუთვნილებაზე (თუ ეს, რა თქმა უნდა, ტურისტული რეკლამისათვის არ არის გამიზნული) მკითხველში უმალ უნდობლობის გრძნობას ბადებს.

ლიტერატურა გადალახავს იდეოლოგიურ ზღუდეებს, სახელმწიფო საზღვრებსა და ეროვნული ცნობიერების ფარგლებს. ადამიანის არსებობაც ხომ, ზუსტად ასევე, არ ამოიწურება ამა თუ იმ "იზმით". თვით არსებობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაუთავებელი მსჯელობა და ათასგვარი სამეცნიერო დისკუსიები ამ თემაზე. ლიტერატურისთვის არავის დაუწესებია ტაბუ, რომ საჯაროდ არ გააცხადოს ადამიანური ყოფიერების სიმძიმეები. მიუხედავად ამისა, ყოველთვის გაისმოდა ხმები ლიტერატურაში სხვადასხვა შეზღუდვების დაწესების შესახებ. ეს ხმები მოდიოდა პოლიტიკოსებისგან, საზოგადო მოღვაწეებისგან, გარკვეული ტიპის მორალისა და ზნეობის დამცველთაგან, რომლებიც ცდილობდნენ ლიტერატურა გაეშალაშინებინათ, ჩაესვათ მკაცრ ჩარჩოებში და სამკაულად ექციათ.

მაგრამ ლიტერატურა არ არის ხელისუფლების დანამატი ან რაღაც მოდის მიგნება, მას აქვს ფასეულობათა საკუთარი სისტემა, საკუთარი ესთეტიკური მრწამსი, რომელიც მჭიდროდ გახლავთ დაკავშირებული ადამიანის გრძნობებთან და წარმოადგენს ლიტერატურული ნაწარმოების შეფასების უდავო კრიტერიუმს, რაც, სხვათა შორის, ადამიანისავე გავლენით იცვლება, რადგან სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად გრძნობენ, ამიტომ ესთეტიკური შეფასების სუბიექტურობა მიჩნეულია საყოველთაოდ აღიარებულ ნორმად. ესთეტიკური გააზრების უნარი, რომელიც ლიტერატურული აღზრდის მეშვეობით ჩნდება, ადამიანებს საშუალებას აძლევს კითხვისას ხელმეორედ განიცადოს ის პოეტურობა და სილამაზე, რომელიც ავტორმა ჩადო თავის ნაწარმოებში: ამაღლებული და სასაცილო, სევდა და აბსურდი, იუმორი და ირონია - ერთი სიტყვით, ყველაფერი.

თუმცა პოეტურობა ყოველთვის არ გამომდიანარეობს ნაწარმოების ლირიკული ხასიათიდან. თავშეუკავებელი ნარცისიზმი საყმაწვილო სენია, რომელიც თავს მაშინვე იჩენს, როგორც კი ავტორი თხზვის ანბანის შესწავლას იწყებს. აქვე დავძენ, რომ თვით ლირიკულობის ცნება გულისხმობს მრავალ შრეს, რომელთაგან უმაღლესია მოვლენის მშვიდი და "ცივი" განხილვა. ყოფიერების დისტანციური ასახვის დროს ავტორი ჩრდილში ექცევა. ასეთი პოზიცია მწერალს საშუალებას აძლევს შეიძინოს ეგრეთ წოდებული "მესამე თვალი", რომელიც ყველაფერს აკონტროლებს წიგნის პერსონაჟებისა და თვით ავტორის ჩათვლით. ნეიტრალური ხედვა საჭიროა იმისთვისაც, რომ ავტორი მეტისმეტად არ გაერთოს ადამიანური ყოფიერების ჭუჭყისა და კატასტროფების ჩხრეკვით. ამასთან ერთად, ავტორის მიერ გამჟღავნებულ ნაღველს, ზიზღსა თუ სიძულვილს შეუძლია ადამიანებში გააღვიძოს სიცოცხლის სიყვარული, თანაგრძნობა და სიბრალული.

როგორც ჩანს, ადამიანურ გრძნობათა წიაღში აღმოცენებული ესთეტიკური სილამაზე არ ბერდება, თუმცა ლიტერატურაში, ისევე, როგორც საერთოდ ხელოვნებაში, არსებობს მოდა, რომელიც წლიდან წლამდე იცვლება და შესაბამისად შეფასების კრიტერიუმიც განისაზღვრება პრინციპით: კარგია მხოლოდ ის, რაც უფრო ახალი და თანამედროვეა. ბაზრის სამოქმედო მექანიზმი ყველაფერში მჟღავნდება, გამონაკლისი არც წიგნის ბაზარია, მაგრამ თუ ავტორის ესთეტიკურ დონეს მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურის მიხედვით განვსაზღვრავთ, ეს ლიტერატურის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს თანამედროვე "სამომხმარებლო" საზოგადოებასთან. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ლიტერატურამ სწორედაც რომ უნდა შეინარჩუნოს "სიცივე".

ათი წლის წინათ, როცა დავამთავრე რომანი "სასწაულმოქმედი მთები", რომელსაც ჩემი ცხოვრების შვიდი წელიწადი შევალიე, დავწერე პატარა სტატია ამ ტიპის ლიტერატურის შესახებ. მე ვწერდი:

"ლიტერატურას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, რადგან ის სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდუუმის პირადი საქმე. მისი დაკვირვებები, მოგონებები, ცხოვრებისეული გამოცდილების ანალიზი, ფიქრი სხვადასხვა შთაბეჭდილებებზე და ცდა თავისი სულიერი მდგომარეობის გამოხატვისა - ყოველივე ეს ცხადყოფს, თუ რა სიამოვნება მოაქვს ავტორისთვის აზროვნების პროცესს.

ეგრეთ წოდებული მწერალი სრულიად უბრალო ადამიანია, რომელსაც შეუძლია წერა და საუბარი საკუთარ თავთან, თანაც გარეშე ადამიანებს უფლება აქვთ მისი სიტყვა არც მოისმინონ და არც წაიკითხონ. მწერალი არ არის გმირი, რომელსაც ხალხის სახელით გამოსვლის უფლება აქვს და არც არის საჭირო მისგან კერპის შექმნა, მითუმეტეს არ შეიძლება მწერლის დამნაშავედ ან ხალხის მტრად გამოცხადება. სიძნელეები, რომლებიც წარმოიშვება ავტორისა და მისი ნაწარმოების წინაშე, მარტივი ასახსნელია - ვიღაცას ეს ძალიან სჭირდება. როცა ხელისუფლება მასების ყურადღების გადასატანად მტრის ხატის შექმნას გადაწყვეტს, პირველ რიგში მწერალს მიადგება. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ზოგიერთი გონებაარეული მწერალი უდიდეს პატივად მიიჩნევს მსხვერპლის როლში გამოსვლას.

მწერლისა და მკითველის ურთიერთობა წარმოადგენს აზრთა სულიერ გაცვლას. აუცილებელი არ არის შეხვედრა და ურთიერთგაცნობა, ისინი ერთმანეთს ლიტერატურული ნაწარმოების მეშვეობით უკავშირდებიან. ლიტერატურა ადამიანის საქმიანობის ის აუცილებელი ფორმაა, რომელშიც სრულიად შეგნებულად არის ჩართული ორივე მხარე - მკითხველი და ავტორი. აი, რატომაა, რომ ლიტერატურას არავითარი განსაკუთრებული მოვალეობა არ აკისრია ფართო მასების წინაშე.

ლიტერატურას, რომელსაც შეუძლია თავისი ჭეშმარიტი არსის რეალიზება, "ცივ ლიტერატურას" ვუწოდებდი. ის სწორედ იმიტომ ცოცხლობს, რომ კაცობრიობას, მატერიალურის გარდა, წმინდა სულიერი მოთხოვნილებებიც გააჩნია. რასაკვირველია, ასეთი ლიტერატურა დღეს არ დაბადებულა და როცა გაჩნდა, იმისთვის გაჩნდა, რომ საჭირო იყო ბრძოლა პოლიტიკური და გარკვეული საზოგადოებრივი ძალების რეაქციის წინააღმდეგ. ამჟამად მის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს სამომხმარებლო საზოგადოების ფართოდ გავრცელებული ზნეობრივი ნორმები და ყოვლისმომცველი საბაზრო ფასეულობანი. მწერლობამ, თუ მას სურს, რომ გადარჩეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეძლოს გაძლება თავის მარტოობაში.

სრულიად ნათელია: ლიტერატურული შრომის იმედად დარჩენილ მწერალს ცხოვრება მეტისმეტად უჭირს. იგი იძულებულია სადღაც სამწერლო მოღვაწეობის გარეთ ეძებოს საარსებო საშუალებები. სერიოზული ლიტერატურა დიდი ფუფუნებაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სულიერ მოთხოვნილებებს ემსახურება. თუ "ცივი ლიტერატურის" ნიმუშები გამოდის და მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ეს მხოლოდ ავტორისა და მისი მეგობრების დამსახურებაა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძაო სიუეძინი და კაფკა, რომლებსაც სიცოცხლეში წიგნი არ გამოუქვეყნებიათ და ამდენად არც ლიტერატურული მოძრაობები შეუქმნიათ და არც კაშკაშა ვარსკვლავებად წარმოჩენილან თანამედროვეთა თვალში. ასეთი მწერლები საზოგადოების პერიფერიებში ცხოვრობენ ეულად, მარტო და მთლიანად ჩაფლული არიან სულიერ მოღვაწეობაში, რომლისგანაც ღებულობენ სიამოვნებას და არავითარ შემთხვევაში იმედს, რომ საზოგადოება მათ რამენაირად სცნობს და დააფასებს.

"ცივი ლიტერატურა" არის გაქცევა, სადაც ავტორი მოიპოვებს სულიერ ძალებს იმისათვის, რომ წინაღუდგეს საზოგადოების მომაკვდინებელ ულმობლობას. როცა ქვეყანა არ აღიარებს ისეთ ლიტერატურას, რომელიც უარყოფს ყოველგვარ გამორჩენასა და სარგებელს, მაშინ ეს მარტო მწერლების უბედურება კი არა, მთელი ერის ტრაგედიაა".

ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა დიდი პატივი - მომენიჭა შვედეთის სამეფო აკადემიის ჯილდო. ამ აღიარებას ვუმადლი მეგობრებს, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში და მრავალი წლის განმავლობაში უანგაროდ, განსაკუთრებული სასყიდელის გარეშე თარგმნიან, ბეჭდავენ და ასცენიურებენ ჩემ ნაწარმოებებს. მინდა ყველას მიმართ გამოვხატო უდიდესი პატივისცემა, მაგრამ მაპატიონ, თუ სათითაოდ ვერ დავასახელებ, რადგან სია საკმაოდ გრძელია.

აგრეთვე გამოვხატავ მადლიერებას საფრანგეთის მიმართ, რომელმაც მიმიღო. ამ ქვეყანაში, რომელიც განთქმულია თავისი ლიტერატურითა და ხელოვნებით, მოვიპოვე პირობები თავისუფალი შემოქმედებისათვის, შევიძინე მკითხველები და მაყურებლები. ბედნიერი ვარ, რომ სულ მთლად მარტო არ დავრჩი, თუმცა ჩემი საქმე, ესე იგი, მთხზველობა, მეტად პირადი და ინდივიდუალურია.

ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ ცხოვრება არ არის ზეიმი და დღესასწაული, ჩვენი დედამიწა კი არ გავს მშვიდობიან შვედეთს, სადაც უკვე ას ოთხმოცი წელიწადია ომი არ ყოფილა. გასულმა საუკუნემ მრავალი კატასტროფა გადაიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ ასწლეულში მსგავსი აღარ განმეორდება. მეხსიერება, ბიოლოგიური გენივით, მემკვიდრეობით არ გადმოგვეცემა. კაცობრიობა გონიერია, მაგრამ არა იმდენად, რომ წარსულის გამოცდილება სასიკეთო გამოიყენოს. მეტიც, ადამიანის გონებას შეუძლია დაბადოს ისეთი საშინელება, კაცობრიობის არსებობას რომ დაემუქრება.

აუცილებელი არ არის კაცობრიობამ იაროს პროგრესის ერთი საფეხურიდან მეორემდე, ხოლო ცივილიზაცია - აქ იძულებული ვარ შევეხო სწორედ ადამიანური ცივილიზაციის ისტორიას - არ გახლავთ მხოლოდ წინსვლითი მოძრაობა. საკმარისია გავიხსენოთ ევროპული განვითარების შეჩერება შუა საუკუნეებში, ახალი ეპოქის ქაოსი და ნგრევა აზიის კონტინენტზე, დაბოლოს, ორი მსოფლიო ომი XX საუკუნეში! ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა ადამიანთა განადგურების მეთოდები, მაშინ, როცა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით მსოფლიო ცივილიზაციას მაინცა და მაინც დიდი ნახტომი არ გაუკეთებია. კაცობრიობის ისტორიის ზოგიერთი ფაქტი მარტო მეცნიერების მეშვეობით ვერ აიხსენება, ისევე, როგორც ამ ფაქტებს ვერ აღადგენ ილუზორულ დიალექტიკაზე აღმოცენებულ რაღაც ისტორიული კონცეფციებით. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა უტოპიების აქტიური ციებ-ცხელება, მაგრამ ამ უწყვეტი რევოლუციური სულისაგან დღეს კვალიც აღარ არის დარჩენილი. ბედის წყალობით ვინც გადარჩა, ისიც სიმწრით იგონებს წარსულს. იქნებ ასე არ არის?

უარყოფის უარყოფას ყოველთვის არ მივყავართ მტკიცებასთან და არც ყველა რევოლუცია გულისხმობს ქმნადობას. უტოპიური წარმოდგენა ახალ სამყაროზე თავისთავად გამორიცხავს ძველი სამყაროს არსებობას. სოციალური რევოლუციის მსგავსი თეორიები ლიტერატურაშიც შეაქვთ, რითაც შემოქმედებითი სულის ეს ნაკრძალიც ბრძოლის არენად გადაიქცევა: "დავამხოთ წინამორბედები, გავთელოთ კულტურული ტრადიციები და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ - კარგია მხოლოდ ის, რაც ახალია." ამგვარად, ლიტერატურის ისტორია აიხსნება როგორც განუწყვეტელი ნახტომები და კატასტროფები.

სინამდვილეში მწერალს არ შეუძლია შეასრულოს შემოქმედის როლი და საკუთარ თვალში ვერც იესო ქრისტემდე ამაღლდება. ხოლო ვინმე უგუნური თუ მაინც გაბედავს, მისთვის გარე სამყარო გადაიქცევა ქიმერად და ჯოჯოხეთის ბჭედ, სადაც არსებობა წარმოუდგენელია. როგორც კი ავტორის "მე" თავის თავზე კონტროლს დაკარგავს, დანარჩენ ადამიანებსაც სამყარო ქვესკნელად მოეჩვენებათ. ნუთუ ასე არ არის? ერთი კაცი რომ თავს მსხვერპლად შესწირავს მომავლის იდეალს, ამით ქვეყანა არ გადაშენდება, მაგრამ უბედურება ისაა, სხვებიც რომ მის კვალს მიჰყვებიან.

თუმცა ნუ ვიჩქარებთ, ნუ გამოვუტანთ ნაადრევ განაჩენს მეოცე საუკუნის ისტორიას. ვინც შეეცდება მის ჩასმას რომელიმე იდეოლოგიის ჩარჩოებში, ჩათვალოს, რომ ამაოდ გაისარჯა, - შთამომავლობას უთუოდ ხელმეორედ მოუწევს ისტორიის დაწერა.

მწერალი არც წინასწარმეტყველია, მაგრამ, სამაგიეროდ, არის ჩვენი თანამედროვე, რომელსაც შეუძლია ფარდა ახადოს სიყალბეს, გამოასწოროს შეცდომები, დაგვანახოს, რა ხდება გარესამყაროში და, ამასთანავე, გულდასმით მოიხილოს თავისი შინაგანი არსება. სრულიად შესაძლებელია, თვით მწერლის "მე" იმყოფებოდეს გაურკვევლობაში, ამიტომ სადაც მწერალი სამყაროს და ადამიანებს აკვირდება, კარგი იქნებოდა, იქ თავის თავშიც გარკვეულიყო. საერთოდ ყველა უბედურება და განსაცდელი გარედან მოდის, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი შიშის, გაუბედაობისა და უბრალოდ სისულელის გამო თავსაც ვნებს და სხვასაც აუბედურებს.

ხშირად აუხსნელია მოკვდავის საქციელი. ადამიანს უჭირს თავისი თავის დანახვა. ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მზერის საკუთარ თავზე მიპყრობას გულისხმობს. თვითჭვრეტის მომენტში გამობრწყინდება რაღაც სხივი, რომელიც ადამიანს შიგნიდან ანათებს.

ლიტერატურა თავისი ბუნებით არ არის დამანგრეველი და დამამხობელი. მისი ღირსება ისაა, რომ ამჩნევს და ჩვენც დაგვანახებს ქვეყნიერებისა და ადამიანის ჭეშმარიტ სახეს, რომლის შესახებ ჩვენი ცოდნა ძალიან მწირი და არასწორია, რადგან მცდარი შეხედულებების ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩემი აზრით, სწორედ სიმართლე არის ლიტერატურის ყველაზე მთავარი და ურყევი ნიშანი.

ახალი საუკუნის ზღრუბლზე ვდგავართ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად ახალია იგი. იმის თქმა კი შემიძლია, რომ იდეოლოგიის კრახის შემდეგ ლიტერატურული რევოლუცია და რევოლუციური ლიტერატურა ჩიხში შევიდნენ. გაქრა აჩრდილი, რომელიც ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სოციალური უტოპიით აბრუებდა სამყაროს. ათასნაირი "იზმებისაგან" თავდახსნილი ლიტერატურა კვლავ უნდა დაუბრუნდეს ადამიანური ცხოვრების რთულ და წარუვალ რეალობებს, რადგან ჩვენი ყოფიერების სიმძიმეები არსებითად არ შეცვლილა და ეს თემა ლიტერატურის მთავარ და მოუწყინარ საკითხთა ველში რჩება.

როგორც ვატყობ, ახალი საუკუნე არ უნდა იყოს დაპირებებისა და წინასწარმეტყველებათა ეპოქა, რაც, ჩემი აზრით, კარგია. მწერალმა ამოწურა პროფეტისა და არბიტრის როლი. გასულ საუკუნეში გაკეთებული ბევრი პროგნოზი ყალბი აღმოჩნდა. ნუთუ არ სჯობია მომავალ ეპოქას ყურადღებით დავაკვირდეთ, ვიდრე ახალი ცრურწმენების ქსოვა დავიწყოთ? რაც შეეხება მწერალს, დროა მან დაიბრუნოს მოწმისა და მოვლენათა თვითმხილველის როლი, რათა უკეთ შეძლოს ცხოვრებისეული სიმართლის წარმოჩენა.

ეს კი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ლიტერატურა ფაქტების აღნუსხვად გადავაქციოთ. ასეთი ტიპის ტექსტებში წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები, როგორც წესი, იმდენად მწირია, რომ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზებსა და მექანიზმებს უფრო მალავენ, ვიდრე განმარტავენ. ნამდვილ ლიტერატურას კი შეუძლია მოვლენა გვიჩვენოს დაწვრილებით იმდენად, რამდენადაც ხსნის მომხდარი ფაქტის განვითარების ლოგიკას და ყოველივე ამას ადამიანური სულის სიღრმეებიდან მიმოიხილავს. აი, ამაში მდგომარეობს ლიტერატურის ძალა, თუ, რა თქმა უნდა, მწერალი ამდაგვარად ქმნის ადამიანური ყოფიერების ნამდვილ სურათს და არ მიმართავს უაზრო მანიპულაციებს.

ნაწარმოების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად სწვდება მწერალი ცხოვრებისეულ სიმართლეს, ანუ სინამდვილეს, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი სიტყვათა თამაში და მხატვრული ძიებანი. თუმცა ცხოვრებისეულ სიმართლეზე ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება, მაგრამ საქმე ისაა, რომ სხვადასხვა ადამიანებს სულ სხვადასხვანაირად ესმით ეს საკითხი. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე, თუ კონკრეტულ ნაწარმოებში რაოდენ დამაჯერებელია, ან პირიქით, რაოდენ ყალბია ცალკეული პიროვნების ან ადამიანთა საზოგადოების ყოფის აღწერა. ისიც აღსანიშნავია, რომ სიმართლისა და სიყალბის განხილვას - როგორც მხოლოდ და მხოლოდ საბაბს შორს მიმავალი დასკვნებისათვის - მიმართავს განსაზღვრული იდეოლოგიური ტიპის ლიტერატურული კრიტიკა, რომლის მთავარი სააზროვნო პრინციპი დოგმების დაცვაა. საბედნიეროდ, ასეთი რაღაცები ლიტერატურისგან საკმაოდ შორს დგას.

რაც შეეხება მწერლის ფიგურას, მისი სწრაფვა ცხოვრებისეული სიმართლისაკენ არ დაიყვანება შემოქმედებითი მეთოდის პრობლემამდე - ეს არის ავტორის პოზიცია. მისი კალმით აღწერილი სიმართლე თუ სიცრუე იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, რამდენად გულწრფელი იყო ავტორი, როცა კალამს ჰკიდებდა ხელს. ამ შემთხვევაში სიმართლე ასრულებს არა მარტო ლიტერატურული ფასეულობის საზომის როლს, არამედ იმავდროულად ეთიკური აზრის მნიშვნელობასაც იძენს. მწერალი მოვალე არ არის იტვირთოს მორალის მასწავლებლის მისია. სხვადასხვა ადამიანების მრავალსახოვანი სამყაროს გამოხატვით იგი საკუთარ თავს გახსნის - გვიჩვენებს სულის ყველა იდუმალ კუნჭულს. მწერლისთვის ლიტერატურული სიმართლე ლამის მორალის ტოლფასია, თვით ლიტერატურისთვის კი - უმაღლეს მორალს წარმოადგენს.

მერე რა, რომ ლიტერატურა გამონაგონზეა დაფუძნებული, ჭკვიანი შემოქმედის წარმოდგენაში ის ყოველთვის გულისხმობს ადამიანური არსებობის სინამდვილის გამოხატვას. სიმართლიდან იკრებდნენ სასიცოცხლო ძალებს უკვდავი ქმნილებები ძველ ეპოქებში და ასეა დღესაც. აი, რატომაა, რომ არასოდეს ბერდება ბერძნული ტრაგედიები და შექსპირის ნაწარმოებები.

ლიტერატურა არ არის სინამდვილის ანაბეჭდი. იგი აღწევს სინამდვილის არა მარტო გარე შრეებში, არამედ სიღრმეებშიც ჩადის. გარდა იმისა, რომ სიყალბეს ამხელს, მას შეუძლია საჭირო სიმაღლიდან მოიხილოს ყოფიერების ყოველდღიური მოვლენები და გვიჩვენოს მათი მიზეზობრივი კავშირები.

რა თქმა უნდა, ლიტერატურა სახეობრივი გამოხატვის ფორმას იყენებს, მაგრამ სულის ხეტიალი არ წარმოადგენს თვითმიზანს. გამოტანჯული სიმართლის გარეთ დაბადებული ხატი სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი კონსტრუქცია, რომელიც მოწყვეტილია ადამიანურ ემპირიას და მხოლოდ ავტორის შემოქმედებით სიბერწეზე მეტყველებს. ნაწარმოები თუ ავტორმა არ ირწმუნა, იგი ვერც მკითხველის სულის სიმებს შეარხევს. სინამდვილეში, ლიტერატურა სრულიადაც არ მიმართავს ოდენ ყოველდღიური ცხოვრების რეალიებს, მწერალი კი ყოველთვის არ შემოიფარგლება საკუთარი გამოცდილებით. შემოქმედი კიდევ რაღაცას ხედავს და ესმის, მაგალითად, კითხულობს იმას, რაც მისმა წინამორბედებმა დაწერეს და ისეთი თავისებური გადამცემის მეშვეობით, როგორიც არის ენა, გაატარებს საკუთარ გრძნობებში. ეს გახლავთ ლიტერატურის ენის მაგიური ძალა.

ენა თავის თავში იფარავს გრძნებისა და კურთხევის ძალას - სულის შემძვრელ ფენომენს. ენის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მთხრობელს შეეძლოს თავისი გრძნობები ადამიანებს გადასცეს. ის არასოდეს მიუდგება ენას როგორც ნიშანთა სისტემას, სემანტიკურ კონსტრუქციას ან გრამატიკულ სტრუქტურას. თუკი გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ სხვა ყველაფერთან ერთად ენა ცოცხალი, მოლაპარაკე ადამიანიცაა, ძნელი აღარ არის ნაწარმოების აზრის დაყვანა ინტელექტუალური თამაშის დონემდე.

ენა არ არის მარტო ცნებებისა და წარმოდგენების საცავი. უშუალო შეგრძნებების დახმარებით მას შეუძლია გააღვიძოს ინტუიცია და გრძნობა - კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეუძლია ნიშანს ან მშრალ ინფორმაციას შეცვალოს ცოცხალი ადამიანის ენა. წარმოთქმული სიტყვის, ხმის მოდულაციისა და მოლაპარაკის ინტონაციის მიღმა მართლაც იმალება ადამიანის ჭეშმარიტი ზრახვანი და საქციელის მოტივები. ისინი არ დაიყვანება ცარიელ სემანტიკასა და სტილისტიკაზე. ლიტერატურის ენას ევალება მკითხველამდე ისე მიიტანოს ცოცხალი ადამიანის სიტყვა, რომ მას ყური დაუგდონ. ენა არ არის მხოლოდ აზროვნების ინსტრუმენტი, და, ამავე დროს, იგი ადამიანს არც მარტო იმისათვის ესაჭიროება, რომ აზრი გამოხატოს, არამედ იმისთვისაც, რომ მოუსმინოს საკუთარ თავს, სცნოს და აღიაროს თავისი არსებობა.

მწერალთან მიმართებაში დეკარტის აფორიზმი ასე გარდაითქმებოდა: "გადავცემ, ესე იგი ვარსებობ." მწერლის "მე" შეიძლება იყოს ავტორის ხმა, შეიძლება გაუიგივდეს მთხრობელს, ანდა გადაიქცეს წიგნის პერსონაჟად, და აი, მაშინ არ იქნება "იგი" ან "შენ", ესე იგი, მთხრობელი დანაწევრდება სამ იპოსტასად. საგანთა და მოვლენათა დასახელება მიჩნეულია ავტორის მსოფლშეგრძნების გამოხატვის ამოსავალ წერტილად, რაც არის მიზეზი თხრობის სხვადასხვა ხერხის არსებობისა.

ჩემს რომანებში გმირთა სახელებს ხშირად ნაცვალსახელებით ვცვლი. ხდება ისეც, რომ სხვადასხვა ნაცვალსახელებში - "მე", "შენ", "ის" - ერთსა და იმავე პერსონაჟს ვგულისხმობ, რითაც ვაძლიერებ მისდამი ყურადღებას. როცა პერსონაჟს სამი წერტილიდან უყურებ, მაშინ ძალაუნებურად იბადება განცალკევებულობის განცდა. მაგალითად, თეატრში ამ ხერხის გამოყენება მსახიობს როლის ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ამიტომ პიესებშიც ხშირად ვიყენებ მოქმედი პირის სხვადასხვა ფორმით დასახელების ხერხს.

ამოუწურავია პროზის და დრამის შესაძლებლობები. ჩემი აზრით, აბსურდულია განცხადებები ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ ჟანრის სიკვდილის შესახებ.

ენას, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციასთან ერთად დაბადებულ ფენომენს, ახასიათებს გასაოცარი თვისება: ყველგან და ყოველთვის შეინარჩუნოს გამომსახველობითი ძალა. მწერლის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გახსნას და გვიჩვენოს ენაში დამარხული პოტენციური შესაძლებლობები. მწერალი არსთა განმრიგე არ არის, რომ პირისაგან მიწისა აღგავოს ძველი, დაბერებული სამყარო, მას არც ახალი, იდეალური, ან თუნდაც აბსურდული, გაუგებარი სამყაროს შექმნა ძალუძს, მაგრამ თავისი შესაძლებლობების შესაბამისად, შეუძლია თქვას რაიმე განსხვავებულ წინამორბედთა მიერ წამოჭრილ თემაზე, ან განაგრძოს საუბარი იმ ადგილიდან, სადაც ძველები გაჩერდნენ.

მოწოდებები ლიტერატურის დამხობის შესახებ კულტურული რევოლუციის მყვირალა დოზუნგებს მაგონებს. როგორ შეიძლება ლიტერატურა მოკვდეს, როცა თვით მწერლის გატეხვა, დამარცხება წარმოუდგენელი რამ გახლავთ. ყველა ავტორს თავისი ადგილი აქვს წიგნის თაროზე და ცოცხლობს მანამ, სანამ მკითხველი არ დაელევა. მწერალს უდიდეს ნუგეშად გაჰყვება, თუ მან შეძლო და კაცობრიობის უმდიდრეს ლიტერატურულ საუნჯეში დატოვა წიგნი, რომელსაც ხვალაც წაიკითხავენ.

თუმცა ლიტერატურა - მნიშვნელობა არ აქვს, ლაპარაკია მწერალზე თუ მის შემოქმედებაზე, მკითხველზე თუ მის აღქმაზე - საინტერესოა სწორედ დღეს, მოცემულ მომენტში. მსჯელობანი იმის შესახებ, რომ ნაწარმოებები მომავლისათვის იქმნება, სხვა არაფერია, თუ არა უქმი ლაყბობა, თავის მოტყუება და მკითხველისათვის თვალში ნაცრის შეყრა. ლიტერატურა იქმნება ცოცხალი ადამიანებისთვის და წარმოადგენს კონკრეტულ დროში კონკრეტული პიროვნების თვითდამკვიდრების ფორმას. სწორედ მოცემული მომენტი, რომელიც თავის თავში მარადიულობას იტევს, აღიარებს პიროვნების არსებობის ფაქტს. აი, ურყევი დასაბუთება იმისა, რომ ლიტერატურა არის ლიტერატურა - ამას ვამბობ ყოველი შემთხვევისათვის, თუ, რა თქმა უნდა, ამხელა მოვლენას საერთოდ დასჭირდა დასაბუთება.

თუ შემოქმედება არსებობს არა ცხოვრების სახსარის მოსაპოვებლად, არამედ სიამოვნების მისაღებად, თუ ავტორს ავიწყდება, ვისთვის და რისთვის წერს, მაშინ შემოქმედება იქცევა აბსოლუტურ აუცილებლობად და მწერალი წერს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლია არ წეროს. ასეთ შემთხვევაში ლიტერატურა თავისთავად იბადება, იგი არ არის აგებული გამორჩენისა და სარგებლის გათვლაზე და ამაშია ლიტერატურის არსი. ამასობაში კი, შრომის დანაწილების პირობებში, ლიტერატურული შემოქმედება პროფესიად იქცევა, რაც, არ მგონია, მისი განვითარების საუკეთესო შედეგი იყოს. ამან შეიძლება მწერალს მეტისმეტად მწარე ნაყოფი აკრეფინოს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა ჩვენ დროში, ანუ იმ ეპოქაში, როცა საბაზრო ეკონომიკა აღწევს ყველა სფეროში, წიგნები კი საქონლად იქცევა. უნაპირო, ბრმა ბაზრის პირობებს ვერ გაუძლებს არათუ მწერალი-მარტოსული, არამედ ნებისმიერი ასოციაცია თუ მოძრაობა, რომელთა მსგავსი წარსულშიც არსებობდა. თუ მწერალს არ სურს დაემორჩილოს ბაზრის გავლენას და დაიწყოს კულტურის პროდუქტების წარმოება, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს თანამდროვე მოდის მოთხოვნებს, მაშინ მან არსებობის სხვა საშუალებები უნდა გამოძებნოს. არც ის შეიძლება, რომ ლიტერატურა მარტო ბესტსელერებსა და პოპულარულ ათეულებამდე დავიყვანოთ. ტელევიზიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აღტაცებული ყურადღების ობიექტი არის არა მწერალი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, რეკლამა. თუმცა შემოქმედების თავისუფლებას ვერ იყიდი, ვერც ვერავინ გაჩუქებს სამადლოდ, იგი შინაგანი მოთხოვნილების წესმა უნდა დაბადოს.

კარგია სულში ბუდაზე ფიქრი, მაგრამ უმჯობესია სულის თავისუფლებაზე ლაპარაკი. ოღონდ საქმე ისაა, თავისუფლებას როგორ გამოიყენებ. თუ სხვა რაღაცაზე გაცვლი, ჩიტივით გაგიფრინდება. ასეთია თავისუფლება.

მწერალი იმიტომ არ ქმნის, რომ ჯილდოს ელოდება, არც მარტო თვითდამკვიდრების სურვილი ჰკლავს, მისი მიზანია საზოგადოების გამოწვევა, რაც არ მიიჩნევა ხელოვნურ, დაყენებულ პოზად. არ არის საჭირო, მწერალმა თავისი თავისაგან შექმნას გმირი ან მებრძოლ-მეომარი. სხვათა შორის, გმირი და მეომარი იბრძვიან რაღაც დიდი საქმისთვის ან გმირობის, როგორც ასეთის, ჩასადენად. ლიტერატურულ ნაწარმოებს კი ეს არ ეხება. საზოგადოების გამოწვევაც რა არის - სიტყვა, რომელსაც მწერალი ნაწარმოების პერსონაჟთა პირით წარმოთქვამს ან წერს გარკვეული სიტუაციების აღწერისას. ეს არის და ეს. ყველა სხვა შემთხვევაში მას ლიტერატურისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ლიტერატურა არც მრისხანე შეძახილია, არ შეიძლება ადამიანის პროტესტი მწერალმა მგლოვიარის ურვად გადააქციოს. ავტორის პირადი გრძნობები ლიტერატურის ფაქტად მაშინ იქცევა, როცა ისინი მის ნაწარმოებს ჩაექსოვებიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ავტორის სიტყვამ გაუძლოს დროის გამანადგურებელ დარტყმებს, ანუ ეზიაროს მარადიულობას.

აქედან გამომდინარე, მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ საზოგადოების გამოწვევა ავტორის კი არა, ნაწარმოების მიზეზით ხდება. მწერლის ქმნილება, რომელიც უძლებს დროის გამოცდას, არის დამაჯერებელი პასუხი თანამედროვე ეპოქისა და საზოგადოების რეაქციაზე. არ არსებობს რაიმე სხვა, უცხო ბგერა - არის მხოლოდ ნაწარმოებიდან მომდინარე ხმები, რომლებიც წარმოთქვამენ მკითხველისათვის საჭირო სიტყვებს.

სინამდვილეში ამგვარ გამოწვევას არ შეუძლია საზოგადოების შეცვლა, ეს ხომ არცთუ იოლად შესამჩნევი ჟესტია ადამიანისა, რომელიც ცდილობს გადალახოს ვიწრო სოციალური ჩარჩოები. რაც უნდა უცნაურად ჩანდეს ეს პოზიცია, იგი მაინც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა თავი პიროვნებად იგრძნოს. თუ ადამიანთა მოდგმა თავისი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ნაკლებად გასაგები კანონზომიერებებით იცხოვრებს, ბრმად გაჰყვება დინების მიმართულებას და ყურს არ დაუგდებს განსხვავებულ ხმებს - ცალკეულ ადამიანთა სიტყვებს - მაშინ მას არ ასცდება ურვა და ტანჯვის მორევი. საკითხის ასეთი გაგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურა ისტორიის პირდაპირი დამატებაა. მაშინაც კი, როცა ისტორიის დიდი კანონზომიერებანი თავის ნებაზე მართავენ ადამიანებს, თითოეული პიროვნება მოვალეა შეინარჩუნოს საკუთარი ხმა. კაცობრიობას, ისტორიის გარდა, ლიტერატურაც ესაჭიროება - გამონაგონი გმირები თავის თავში ატარებენ მცირე, მაგრამ მეტისმეტად საჭირო ცოდნას ჩვენ შესახებ.

აკადემიის პატივცემულო წევრებო, მადლობას გწირავთ იმისათვის, რომ ნობელის პრემიით დააჯილდოვეთ თავისუფალი და გაუტეხელი ლიტერატურა, რომელიც არ გაურბის ადამიანურ სატანჯველს, არ ეშინია პოლიტიკური ჩაგვრისა და არ პირფერობს პოლიტიკანების წინაშე. დიდად მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ამ ყველაზე პრესტიჟულ პრემიას ანიჭებთ საბაზრო აჟიოტაჟისაგან შორს მდგარ ნაწარმოებს, რომელიც შესაძლოა განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ იმად მაინც ღირს, რომ ხალხმა წაიკითხოს. მადლობას მოვახსენებ აგრეთვე შვედეთის სამეფო აკადემიას, რომ შესაძლებლობა მომცა ამოვსულიყავი ტრიბუნაზე, რომლისკენაც ახლა მსოფლიოს ყურადღებაა მოპყრობილი, და იმისთვისაც, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნების სუსტ და შეუმჩნეველ ხმას, რომელიც სულაც არაა განებივრებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყურადღებით, მთელი მსოფლიო მოისმენს.

თარგმნა ივანე ამირხანაშვილმა



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი