მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
თამაზ ვასაძე: "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული შინაარსის კომენტარები

ავთანდილის დაბრუნება არაბეთში

ეს თავი იწყება ტარიელთან განშორებული ავთანდილის ტანჯვის აღწერით, მაგრამ შემდეგ ტონალობა იცვლება - მაჟორული, საზეიმო ხდება. აქ ავთანდილი ტრიუმფატორად წარმოგვიდგება. მისი დაბრუნება მის ყმათა გულწრფელ სიხარულს იწვევს - ნაჩვენებია პატრონყმულ ურთიერთობათა ჰარმონიულობა. ამ ურთიერთობაში ავთანდილი უშუალობას, სისადავეს და სითბოს იჩენს: თუ შერმადინი მას მოწიწებით კოცნის ხელზე ("გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა"), ავთანდილი თავმდაბლად ესალმება როგორც ტოლს, ("ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა"). იგი შერმადინს მეგობრულად უამბობს არამარტო თავის თავგადასავალს, არამედ უზიარებს თავის სიღრმისეულ, ინტიმურ განცდას, განწყობას, რომელსაც შემდეგ მეფესთან და დიდებულებთან არ ამხელს: "უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული". ავთანდილისთვის სიყვარულის უმაღლეს ფასეულობასთან შედარებით სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. საერთოდ, ტარიელთან შეხვედრის შემდეგ, ამ შეხვედრის ზეგავლენით გამოკვეთილ და დასრულებულ სახეს იძენს ავთანდილის ფასეულობათა სისტემა, მსოფლმხედველობა.

შერმადინი ავთანდილს ამცნობს მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან გარემოებას: მისი საიდუმლო, ის, თუ სად და რისთვის იყო წასული, გაუმჟღავნებელი დარჩა. ამ საიდუმლოს გაცხადების დრო ახლაა. მაგრამ ეს არ არის უხიფათო საქმე - ავთანდილი ხომ მოგონილი მიზნით, თითქოსდა არაბეთის საზღვრების გასამაგრებლად და ქვეყნის მტერთა დასაშინებლად დაეთხოვა როსტევანს. ამიტომ იგი შერმადინის პირით წინასწარ, უშუალო შეხვედრამდე უბოდიშებს როსტევანს იმის გამო, რომ სინამდვილეში უცნობი რაინდის საძებნელად დატოვა არაბეთი: "შესთვალა: "მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით". ამით ავთანდილი მარჯვედ ირიდებს თავიდან მეფისთვის პირისპირ ახსნა-განმარტებათა მიცემის უსიამოვნო პროცედურას და მისი შესაძლო რისხვისგან იზღვევს თავს. ხოლო როსტევანი, "მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოვარი", ანუ საშიში და მოსარიდებელი, კი არ რისხდება იმის გამო, რომ მოატყუეს, არამედ მეფურ დიდსულოვნებას ავლენს; ავლენს სულიერ სიმდიდრეს, წრფელ მამობრივ სიყვარულს ავთანდილისადმი და მისი "შეცოდებისთვის" პასუხის მოთხოვნა აზრადაც არ მოსდის.

თინათინთან ავთანდილის შეხვედრას ავტორი ისე ამაღლებულად წარმოსახავს, რომ ეს გმირები თითქოს მიწიერ არსებებად კი აღარ გვევლინებიან, არამედ ზეცის, ღვთაებრივი საუფლოს მკვიდრებად: "სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!" მკაფიოდ იჩენს თავს ადამიანის განდიდების თუ სულაც გაღმერთების რუსთაველისეული ტენდენცია. რჩეული, მშვენიერი ადამიანი, ავთანდილი უმაღლესი ფასეულობის მქონე არსებაა, სამყაროსთვის სრულფასოვნების და მომხიბვლელობის მიმნიჭებელია: "ყმა სოფლისა ხასიათი". თინათინის ნათელმოსილება ზეციურ, ღვთიურ ნათელზე აღმატებულად წარმოდგება: "პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა". ღმერთს ამსგავსებს ღვთაებრივი ბუნების ერთ განზომილებასთან - დაუსრულებელ სინათლესთან, მაშინ, როცა ღმერთი პოემაში უფრო რთულად და პარადოქსულადაც გაიაზრება - როგორც "მზიანი ღამე". ამგვარად გააზრებულ ღმერთთან თავისი არსებით უფრო ახლოა ნესტანი, რომლის შესახებაც ნათქვამია: "იყო არ ნათლად ნათელი". ნესტანი თავისთავში ატარებს "ღამესაც" - ირაციონალურ, საშიშ საწყისს, თინათინი კი მხოლოდ და მთლიანად სინათლეა, გონებისმიერი სიცხადის და ჰარმონიის განსახიერებაა. თინათინი პოემაში ღვთაებასავით უძრავია, აბსოლუტურად დაცულია ყოველგვარი კონფლიქტის და ხიფათისგან, განსხვავებით ნესტანისგან. სწორედ ნესტანთან მის კონტრასტს უნდა გულისხმობდეს ეს ფრაზა: "მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არნადევრი" ნესტანის და ტარიელის ურთიერთობისგან განსხვავებით, თინათინის და ავთანდილის ურთიერთობაც სრულიად ჰარმონიული და უკონფლიქტოა.

თინათინთან საუბარში უფრო მკაფიოდ, ვიდრე მეფე-დიდებულებთან საუბრისას, მჟღავნდება ავთანდილის აღფრთოვანება ტარიელის პიროვნებით - აღფრთოვანების გრძნობა თანაბრად მონაწილეობს "ვეფხისტყაოსნის" გმირთა სიყვარულში და მეგობრობაში. ავთანდილის აღფრთოვანებას იწვევს არამარტო ტარიელის მშვენიერება, არამედ კიდევ უფრო მეტად მისი სიყვარულის არაჩვეულებრივი სიღრმე და სიმძაფრე, სიყვარულით გამოწვეული ტანჯვა, რომელსაც ეს ადამიანი ცხოვრებიდან გაურიყავს და გაუმხეცებია, გაუველურებია ("საწუთრო და სოფელს ყოფა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს, ტირსა"; "ვითა ვეფხვსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად"). ავთანდილზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ტარიელის და ასმათის ურთიერთობაც, ასმათის უჩვეულო სიყვარული და თანალმობა ტარიელისადმი.

ავთანდილის საუბრიდან ჩანს, რომ იგი მოხიბლულია უცნაური შეყვარებული ადამიანით - ტარიელით. ამაში კი ვლინდება თვით ავთანდილის სიყვარულის ძალა და სიღრმე - ტარიელში იგი თავისთავს ხედავს, მის სასიყვარულო ტანჯვაში - საკუთარ ტანჯვას. ამას ავთანდილი პირდაპირაც ამბობს: "მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები". ავთანდილი აგნებს ყოფიერების უნივერსალურ კანონზომიერებას - ტანჯვა საყოველთაოა, ანუ ეს კანონზომიერება მასაც ისევე ეხება, როგორც ტარიელს: "ვა, სოფელმან სოფლად მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად".

პოემაში არსებობს მიჯნურთა სოლიდარობა, რომელიც არ ცნობს სახელმწიფოთა საზღვრებს და მთელ მსოფლიოს მოიცავს, ამთლიანებს. თინათინმა იცის, რას ნიშნავს სიყვარულის ტანჯვა და ტანჯული მიჯნურის შველა მისთვის ღრმა ზნეობრივი მოთხოვნილებაა. ამიტომ უგებს ადვილად ავთანდილს, რომელსაც ტარიელის შველა სურს და ვიდრე ამაზე ავთანდილი იტყოდეს რამეს, თვითონ იწყებს საუბარს იმის შესახებ, როგორ უშველონ ტარიელს. შეყვარებული არ შეიძლება გულგრილი დარჩეს სხვა შეყვარებულისადმი; შეყვარებულთა ბედნიერება არ შეიძლება იყოს მხოლოდ ორი ადამიანის მიერ მოპოვებული სამყაროსგან გამიჯნული, ვიწროდ შემოზღუდული თავშესაფარი - სიყვარულის ბედნიერება მაშინ არის ჭეშმარიტი და სრული, როცა შეყვარებულები ეხმარებიან სხვა მიჯნურებს, აღმოფხვრიან და ძლევენ სიყვარულისთვის ხელისშემშლელ ძალებს და ცდილობენ, რომ სიყვარული მთელ სამყაროში აღზევდეს. რუსთაველის პოემაში სიყვარული თანდათან ფართოვდება, განიტოტება და ყოვლისმომცველი ხდება.

სიყვარული სიყვარულს ბადებს და ამრავლებს: თინათინის სიყვარულის გამო შეიყვარა ავთანდილმა ტარიელი, გაიგო მისი ტანჯვა, მისი უბედურების მთელი სიმძიმე იგრძნო. ხოლო ტარიელის მიერ მისი გულისთვის საკუთარი ტრაგიკული ისტორიის გახსენებით გამოწვეული ტკივილების ატანამ თავგანწირული გახადა ავთანდილის სიყვარული ტარიელისადმი და ჩააგონა, რომ თვითონაც საპასუხოდ თავი უნდა დადოს ტარიელისთვის.

ავთანდილი ტარიელის საშველად წასვლის სურვილს ამხელს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც თინათინმა თვითონ გამოთქვა ტარიელის დახმარების სურვილი. აქამდე დიპლომატი ავთანდილი სიფრთხილეს იჩენს, ერიდება იმის გამხელას, რომ ტარიელს თინათინის თანხმობის გარეშე აღუთქვა მასთან დაბრუნება და დახმარება. ავთანდილი ოსტატურად წარმოუდგენს თინათინს თავის დამოუკიდებელ და თამამ გადაწყვეტილებას ისე, რომ ეს დამოუკიდებლობა და სითამამე თინათინის სიყვარულმა და ერთგულებამ დაჩრდილოს: მას არ შეუძლია ფიცი გატეხოს, რადგან თინათინის სიცოცხლე აქვს დაფიცებული; თინათინის გარეშე კი მისცა პირობა მეგობარს, მაგრამ თინათინის სახელით, მისი სიყვარულით შთაგონებული მოქმედებს.

ავთანდილი წარმოთქვამს ადამიანური არსებობის დიადი კანონის ფორმულას: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად". ეს აზრი ავთანდილს ტარიელის მიერ მისთვის გაწეულმა სამსახურმა შთააგონა. ამასთანავე იგი ტარიელის სიტყვების უშუალო გამოძახილია: " ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს". ტარიელის დახმარებით ავთანდილმა მთელი სიღრმით დაინახა ჭეშმარიტება, რომლის მსახურება მის შინაგან მოწოდებას შეადგენს. მან თავიდანვე იცოდა, რომ "ხამს მოყვრისათვის სიკვდილი", მაგრამ მაშინ ეს მრწამსი გულისხმობდა მხოლოდ საყვარელი ქალისთვის თავდადებას; ახლა კი, ტარიელთან შეხვედრის შემდეგ, სიყვარულის ავთანდილისეული გაგება ფართოვდება და ღრმავდება - იგი უკვე მოიცავს საერთოდ მოყვასის სიყვარულს. ეს სიყვარული განიზომება მკაცრი და უტყუარი საზომით - მისთვის, ვინც ადამიანს უყვარს, იგი მზად არის ტანჯვა-წამება აიტანოს, არ იშურებს თვით სიცოცხლესაც. მოყვასის სიყვარული, ისევე როგორც ღმერთის სიყვარული, ადამიანისგან მოითხოვს აბსოლუტურ თვითგაღებას. ხდება ადამიანთა სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობის გაღვთაებრივება, საკრალიზაცია. მსხვერპლშეწირვა, რომელსაც ადამიანის სიყვარული ისევე ადებს ვალად ინდივიდუუმს, როგორც ღმერთის სიყვარული, ავთანდილის თვალთახედვით, არ არის მძიმე და მტკივნეული ტვირთი, არამედ სიხარულის მომნიჭებელი, ენთუზიაზმის გამომწვევია - ამას ავთანდილის მეტყველების აღტაცებული ტონი გვამცნობს; ღვთაებრივად მშვენიერია ადამიანის მიერ ადამიანისთვის თავისი არსების მიძღვნა, "გულისთვის გულის მიცემა", ანუ მეორე ადამიანის გრძნობებით, ტკივილით, მისწრაფებით გამსჭვალვა, ერთი ადამიანის ისეთი გამთლიანება მეორე ადამიანთან, როდესაც ისინი ერთმანეთის სიცოცხლით ცოცხლობენ, ერთმანეთისთვის ცოცხლობენ და ერთმანეთს ამქვეყნად ყოფნას უადვილებენ, ძნელ სავალს უნათებენ, აშკარაა ამ თვალსაზრისის ქრისტიანული წარმომავლობა, მისი ღრმა კავშირი მოყვასის სიყვარულის მქადაგებელ ქრისტიანულ მოძღვრებასთან.

ამავე დროს რუსთაველის თვალსაზრისს თავისი სპეციფიკაც გააჩნია, კერძოდ, "მოყვრობად" უპირველესად მაინც მიიჩნევა ქალისადმი გამიჯნურებულთა სოლიდარობა ("კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად"). ასეთი "მოყვრობა" განსაკუთრებით ღრმა და მყარია, რადგან მას წინამძღვრად უკვე არსებული სიყვარული აქვს, ამ სიყვარულით საზრდოობს. ქალისადმი სიყვარული შეყვარებულებს შინაგანად აახლოებს, ანათესავებს, ნამდვილი ურთიერთგაგების და ურთიერთთანაგრძნობის შესაძლებლობას ანიჭებს.

ზემოთ დავინახეთ, რომ რუსთაველის წარმოდგენით, სიყვარული თავისი არსით ანტიეგოისტურია და მოიცავს თვითგაფართოების ტენდენციას. ეს კვლავ ვლინდება: ავთანდილს აღარ შეუძლია ბედნიერი იყოს, როცა მისი მეგობარი უბედურია, არ შეუძლია დატკბეს თავისი სიყვარულით, როცა მისი მეგობარი სიყვარულის გამო იტანჯება; სანამ ტარიელს არ ეშველება, ავთანდილი ზნეობრივ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს, თავისთავს ღირსეულ, ზნეობრივად სრულფასოვან ადამიანად ვერ აღიქვამს: "აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!".

თინათინი, ცხადია, კმაყოფილია იმით, რომ ავთანდილი უვნებელი დაუბრუნდა, შეიტყო ის, რისი გაურკვევლობაც ასე აწუხებდა, მაგრამ ყველაზე მეტად მას სხვა რამ ახარებს - ავთანდილს გაძლიერებია, გაღრმავებია მისდამი სიყვარული ("მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა"). რაში გამოვლინდა ეს? იმაში, რომ ავთანდილმა ასე მძაფრად იგრძნო სხვისი სიყვარული, სასიყვარულო ტანჯვა, მძაფრად განიცადა შეყვარებული ადამიანის მშვენიერება და შესაბრალისობა; ამას ავთანდილი ვერ შეძლებდა, თვით მისი სიყვარული რომ არ იყოს ძლიერი; "ზრდა სიყვარულისა" გამჟღავნდა იმით, რომ ეს სიყვარული გასცდა თინათინის და ავთანდილის ურთიერთობის ფარგლებს და ავთანდილს სურს, რომ სიყვარული საერთოდაც აღზევებული იყოს, ემსახუროს მის აღზევებას. თინათინისადმი ავთანდილის სიყვარული ისე დიდი აღმოჩნდა, რომ იგი ტარიელისადმი ავთანდილის სიყვარულში გადაიზარდა, მისმა მძლავრმა ენერგიამ ახალი სიყვარული წარმოშვა; ავთანდილი მიხვდა, რომ სიყვარული უნივერსალური და ყველაფერზე აღმატებული ძალაა.

თინათინი ხედავს და აფასებს ავთანდილის ზნეობრივ ღირსებებს: "შენ არგატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა". იგი ვერ დაუშვებს, რომ მისი მიჯნურის ზნეობრივი სახე შეილახოს, მას ზადი გაუჩნდეს; ვერ დაუშვებს, რომ მისი მიჯნურის სიყვარული მეგობრისადმი სრულყოფილი არ იყოს, მან ამ სიყვარულის მიერ დაკისრებული ვალდებულება არ აღასრულოს: "ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა, ცნობა ხამს მის უიცისა". სიყვარული გამოიხატება არა საყვარელი ადამიანისთვის შეღავათების დაწესებაში, არამედ მისგან ზნეობრივი პრინციპების ერთგულების მკაცრ მოთხოვნაში, მისი მორალური სიწმინდის დაცვაზე ზრუნვაში.

თინათინი არამარტო უგებს ავთანდილს და ამართლებს მის მისწრაფებას, წავიდეს მეგობრის საშველად, არამედ ავალებს, უბრძანებს კიდეც ამას (ამიტომ ჩნდება მის ზემოთმოყვანილ ფრაზაში იმპერატიული "ხამს"). თუ გავიხსენებთ, რომ "უცხო მოყმე" თინათინს გულში ჩარჩა როგორც მტირალი, ტანჯული ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, მიჯნური ყოფილიყო და ააფორიაქა მისმა მწუხარე სახემ, აღარ გაგვაკვირვებს, რომ ახლა ამ ადამიანის შველა მის ღრმა მოთხოვნილებას შეადგენს.

თინათინი თვითმყოფი და ძლიერი პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი, გამოკვეთილი აზრი და ნება აქვს. იგი იმიტომ კი არ თანხმდება ავთანდილს, რომ უთმობს მიჯნურს, მისი თვალთაზრისის და ლტოლვის ზეგალენის ქვეშ ექცევა, არამედ იმიტომ, რომ მიჯნურის თვალთახედვა და სწრაფვა მის უღრმეს შინაგან მრწამსს ემთხვევა.

რა თქმა უნდა, თინათინისთვის ძნელია ავთანდილთან განშორება, მაგრამ მას ამ სიძნელეს უმსუბუქებს მისი გაუბზარავი ოპტიმიზი, ოპტიმისტური სიბრძნე. თინათინს სამყარო წარმოუდგება პოზიტიურ და ნეგატიურ საწყისთა ურთიერთშეხამებად, მიმოქცევად, რომელთა შორის უპირატესობა პოზიტიურ საწყისს ეკუთვნის. წუთისოფელი, რომელსაც პოემის სხვა გმირები ხშირად გმობენ, მისთვის მთლიანობაში კეთილია, ბედნიერების მომნიჭებელია; ადამიანმა უნდა იცოდეს ეს და ამიტომ სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს: "საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?" თინათინის მიერ ცხოვრების ცვალებად ამინდთან - ბუნების კანონზომიერებასთან შედარება აზროვნების იმ წესის გამოვლინებაა, რომელიც არაბეთშია გაბატონებული და ადამიანთა არსებობის ბუნების წესრიგთან თანხმიერებას გულისხმობს ("რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა"; "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და მცირთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების").

თინათინის თვალსაზრისი ცხოვრებაზე ორგანულად გამომდინარეობს მისი თვალსაზრისიდან ღმერთზე: "რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა, ბოროტიმცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა?". თინათინის ოპტიმისტური მსოფლხედვა კიდევ უფრო განამტკიცა ავთანდილის მიერ უცხო მოყმის პოვნამ, იმან, რომ უცნობი შეყვარებული აღმოჩნდა და არა ეშმაკეული

როცა ტარიელთან დაბრუნებაზე თინათინის დასტურს მიიღებს, ავთანდილი ერთბაშად, თითქოს პირველად მხოლოდ ახლა იგრძნობს მიჯნურთან ხელახალი განშორების მთელ მტკივნეულობას და ეს შეგრძნება მას უჩვეულო პირდაპირობით, მანამდე შეუძლებელი გულახდილობით აალაპარაკებს თავის მტანჯველ სასიყვარულო განცდებზე ("მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!"). ავთანდილი, მწარე თვითირონიით, არაკურტუაზული სიუხეშით საუბრობს იმაზე, რა ძნელია სიყვარულის მოთმენა და "შორით დაგვით", პლატონური სიყვარულით დაკმაყოფილება: "ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა". ავთანდილი "ვეფხისტყაოსნის" ყველაზე მრავალმხრივი, ფართო ბუნების გმირია, მის არსებაში ყველაზე უფრო მეტად არის გამოვლენილი ურთიერთსაპირისპირო საწყისების და მომენტების თანაარსებობა. კერძოდ, ავთანდილი, ერთი მხრივ, ამაღლებული გრძნობების და მისწრაფებების მქონე ადამიანია, მეორე მხრივ კი, ის ძალიან მიწიერია, ამქვეყნიურია. აქ, ამ ეპიზოდში ვხედავთ, თუ რა ძლიერი ხორციელი ვნება ცოცხლობს მასში მაღალ სულიერ ლტოლვებთან ერთად. ეს საგრძნობი ხდება ახლა, როცა გამოირკვა, რომ გადაიდო თინათინის მიერ მისთვის მიცემული შეუღლების პირობის აღსრულება და მას თინათინისგან სიშორის ატანა კვლავ მოუხდება. ის, რაც თინათინმა მას უთხრა, სწორედ ამას ნიშნავს - მათი შეუღლება და ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ ვერ შედგება, გადაიწევს იმ დრომდე, როდესაც ავთანდილი ტარიელის შველას შეძლებს. ამიტომ ამბობს ავთანდილი მწარედ: "მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალმთაცა რად ვეფხანე!" ავთანდილი ჩივის იმის გამო, რომ ტანჯვამ, რომლის გამოვლითაც სიყვარულის ბედნიერება მიიღწევა, ამაოდ ჩაუარა.

ავთანდილი ახერხებს აღელვების და იმედგაცრუების დაოკებას და წარმოდგება როგორც სიკეთის ქმნის, რთული სიტუაციების სასიკეთოდ შემოტრიალების ოსტატი - "სიკეთისა ხელის მხდელი". ასე ახასიათებს ავტორი ავთანდილს იმის შემდეგ, რაც იგი თინათინთან საუბრის, ასე ვთქვათ, დრამატულ ნაწილს ასრულებს მოხდენილი სამიჯნურო ჟესტით, დაძაბულობას განმუხტავს ნატიფი სვლით - თინათინისთვის სიყვარულის რაიმე ნიშნის, რელიკვიის თხოვნით, რომლითაც ყარიბობის სიმძიმეს შეიმსუბუქებს. შესაძლოა, ავთანდილი ასე იქცევა ტარიელის ნაამბობის გავლენითაც იმის შესახებ, როგორც გაუცვალეს მან და ნესტანმა ერთმანეთს რელიკვიები ავთანდილი ესაუბრება თინათინს "ვით გაზრდილსა ამო მზრდები", ანუ ოსტატურად ახდენს გავლენას მასზე.

თინათინის მიერ ავთანდილისთვის მარგალიტის მიცემა არის შეყვარებული რაინდის გაწბილების, მისი ვნების დაუკმაყოფილებლობის ერთგვარი სიმბოლური კომპენსაცია. ავთანდილს რომ სწორედ ეროტიკული ვნებათაღელვა, ეროტიკული სურვილები დაუფლებია, ამაზე მეტყველებს სტრიქონები, რომლებიც თინათინის მიერ მისთვის მაგალიტის ჩუქებას მოსდევს: "რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს" რუსთაველის გმირებისთვის დამახასიათებელია მძაფრი, მაგრამ შეკავებული, სუბლიმირებული ეროტიკა.

თინათინთან ხელმეორედ განშორებული ავთანდილის ტანჯვა კიდევ უფრო ღრმა და ძლიერია, ვიდრე პირველი გაყრისას. ტანჯვა, ტკივილი, წინააღმდეგობები ადამიანის ყოფიერების ფუნდამენტური, ძირეული მახასიათებლები აღმოჩნდა, რომელთა დაძლევა ძნელად თუ მოხერხდება. ახლა ავთანდილი უფრო ღრმად, ადეკვატურად ხედავს ცხოვრების ბუნებას, ადამიანისადმი მის დაუნდობლობას: "იტყვის: "ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!" წუთისოფლის არამყარობა, ცვალებადობა, მის მიერ ბედნიერების უეცრად ტანჯვის შენაცვლება მისი სიცრუის და უაზრობის გამოხატულებაა: "ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. აწღა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!" თუ თინათინი წუთისოფლის ცვალებადობას ბუნებრივ მოვლენად აღიქვამს და ეგუება მას, რადგან ამ წუთისოფელში, საბოლოო ანგარიშით, მაინც სიკეთე ჭარბობს, ავთანდილისთვის ასეთი ოპტიმისტური პოზიციის გაზიარება ერთბაშად შეუძლებელია. ის სიბრძნე, რომელიც თინათინს თითქოს დაბადებამდე თან დაყოლია, ავთანდილმა მტკივნეული გამოცდილებით უნდა შეიძინოს; უფრო მეტიც, მან თვითონ უნდა დაამტკიცოს, რომ თინათინის სიბრძნე ჭეშმარიტია, მან თვითონ უნდა დაამკვიდროს პრაქტიკულად ეს სიბრძნე.

ამისთვის მას უპირველესად საკუთარ თავთან, საკუთარ გულთან უხდება ბრძოლა. ის იხედება თავისთავში და ღრმად წვდება ადამიანის ბუნების ირაციონალური მხარის სიძლიერეს: "გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული - ჟამჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი". ადამიანის ბუნების გრძნობადი საწყისი მუდამ სიხარულს, სიამოვნებას და ბედნიერებას მიელტვის და, შესაბამისად, ტანჯვას გაურბის; ის ვერასდროს იკლავს ტკბობის წყურვილს, "გული" ირაციონალურია, ეწინააღმდეგება გონებას, სამყაროს ნათლად ხედვას, თვითონ კი მოკლებულია რეალობის განჭვრეტის უნარს; თვით სიკვდილის არსებობის, მისი გარდუვალობის გააზრება და მასთან შეგუებაც არ შეუძლია, ანუ დაუსრულებელი სიცოცხლე და სიამოვნება, სიხარული სურს. "გულის" ნეგატიური გააზრება და შეფასება ბოლოს თითქოს მისი ძალის წინაშე ფარულ აღფრთოვანებად გარდაისახება. საერთოდაც, პოემაში "გულს", გრძნობების და ვნებების სამყაროს, რომელზეც, რუსთაველის თვალთახედვით, გონება აუცილებლად უნდა ბატონობდეს, თავისი მშვენიერება და სიმართლეც აქვს: სიყვარულის და მეგობრობის, სხვა ადამიანით მოხიბვლის თუ სხვისი ტკივილის გაზიარების ნიჭი, თავგანწირვის ძალა და სიმამაცე, სხვადასხვაგვარ ემოციათა მთელი სიმდიდრე, რომლის გარეშეც რუსთაველს სრულფასოვანი ადამიანი ვერ წარმოუდგენია, სწორედ "გულის" წყალობაა. ამიტომ "გულის" გაკიცხვა აბსოლუტური მნიშვნელობის მქონე არ არის

"ვეფხისტყაოსნის" გმირებს შორის ავთანდილი ყველაზე მეტად არის აღჭურვილი თვითცნობიერებით, რეფლექსიის უნარით. თვითდაკვირვება, საკუთარი არსების ჭვრეტა მას თვითფლობას უადვილებს. "გულის" განსჯა და შეფასება მის მიერ "გულისვე" თუნდაც ნაწილობრივი დამორჩილების საწინდარია.

თუმცა "გულის" დაცხრობას ავთანდილი სხვა საშუალებითაც ცდილობს - იგი ეალერსება თინათინის საჩუქარს, რომელიც საჩუქრის მშვენიერი მიმძღვნელის სხეულის ანაბეჭდს ატარებს: "მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი". ესეც მოწმობს, რომ თინათინის საჩუქარი ავთანდილის შეკავებულ ეროტიულ ლტოლვათა კომპენსაციაა.

ავთანდილი ასე თუ ისე ახერხებს თავისი მტანჯველი გრძნობების მოთოკვას, ყოველ შემთხვევაში, მას ყოფნის ძალა ასრულებდეს კარისკაცის ჩვეულ სოციალურ როლს - იგი მონაწილეობს ნადირობაში, ნადიმში, ესაუბრება მეფეს, თუმცა განსაკუთრებულად თავშეკავებული და სიტყვაძუნწია, თავისთავშია კონცენტრირებული.

მაგრამ როცა მარტო რჩება, ავთანდილი კვლავ კაეშნის ძლიერ შემოტევას განიცდის. "გული" კვლავ ბატონდება მასზე ("რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!"). თინათინთან გაყრის ტკივილს ძალიან ფაქიზად გამოხატავს ავთანდილის გულისხმა: "ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!"

ოღონდ ავთანდილი არ იქნება ავთანდილი, "გულს" რომ ნებდებოდეს. მისი მშველელი კვლავ მოთმინების ნიჭია, რომელსაც სიბრძნის პირველსაფუძვლად მიიჩნევს: "კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?" ავთანდილი აკეთებს დასკვნას, რომელიც ცხოვრებაზე თინათინის გაწონასწორებულ თვალსაზრისს უახლოვდება: "თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა!" ეს გონების დასკვნაა, გონების თვალით დანახული ჭეშმარიტებაა, რომელიც მიუწვდომელია "გულისთვის", მუდამ და მხოლოდ სიხარული რომ წყურია და "ჭირს" ერიდება

საკუთარ თავთან ბრძოლაში ავთანდილი მოიპოვებს სტოიკურ, ვაჟკაცურ სიბრძნეს, რომელიც ადამიანისგან მოითხოვს ძალების დაძაბვას, გამძლეობას და სხვისთვის ზრუნვას, თავგანწირვას. ადამიანს აქაც, როგორც საერთოდ პოემაში, ის გამოსავალი აქვს, რომ მეორე ადამიანისთვის იღვწოდეს, ცოცხლობდეს, სხვას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდეს, ვიდრე თავისთავს: "კვლა იტყვის: "გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება".



კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი