მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საგურამო
2001-11-01
თედორე დოსტოევსკი: ძმები კარამაზოვები

ეძღვნება ანა გრიგორიევნა დოსტოევსკაიას*

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:

თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი

არ მოკვდა, ცალად დარჩება; ხოლო თუ მოკვდა,

მრავალ ნაყოფს გამოიღებს.

(სახარება იოანესი, თავი XII, 24)*

ავტორისაგან

ჩემი გმირის, ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვის ცხოვრების აღწერას ვიწყებ, მაგრამ ერთგვარ საგონებელში გახლავართ ჩავარდნილი. სახელდობრ: ალექსეი ფიოდოროვიჩი ჩემს გმირად კი მოვიხსენიე, მაგრამ თავადაც ვიცი, რომ იგი დიდი ადამიანი სრულიადაც არ არის და ამის გამო უეჭველად მოველი ამგვარ შეკითხვებს: რით არის გამორჩეული თქვენი ალექსეი ფიოდოროვიჩი, გმირად რომ ამოირჩიეთ? რა ქმნა ასეთი? ვისთვის ან რით არის ცნობილი? მე, მკითხველმა, მისი ცხოვრების ფაქტთა შესწავლაზე დრო რად უნდა დავკარგო?

ბოლო კითხვა ყველაზე საჩოთიროა, რამეთუ მხოლოდ ეს შემიძლია, გიპასუხოთ: "შესაძლოა, ეგ თავად რომანში ნახოთ." მაგრამ თუ რომანს წაიკითხავენ და ვერას ნახავენ, ალექსეი ფიოდოროვიჩის გამორჩეულობას არ ირწმუნებენ? ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ამგვარ რამეს გულისწუხილით ვჭვრეტ. ჩემი თვალთახედვით იგი გამორჩეულია, მაგრამ დიდად ვეჭვობ, შევძლებ კი, მკითხველიც დავარწმუნო? საქმე ისაა, რომ იგი მართლაც მოღვაწეა, ოღონდ გამოუკვეთელი, სიცხადენაკლული. თუმცა ახლა, ჩვენს დროში, უცნაური იქნებოდა, ადამიანისათვის სიცხადე მოგვეთხოვა. ერთი რამ კი, უთუოდ, უეჭველია: ჩემი გმირი უცნაური, ლამის ახირებულიც კი გახლავთ. თუმცაღა, უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მიპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძობანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს. ახირებული კაცი კი უმეტესად განცალკევებული და განკერძოებულია. ასე არ არის?

ხოლო თუ ამ ბოლო თეზისს არ დაეთანხმებით და იტყვით: ასე არ არის, ანდა ყოველთვის ასე არ არისო, მაშინ მართლა გავმხნევდები ჩემი გმირის, ალექსეი ფიოდოროვიჩის გამორჩეულობის თაობაზე საუბრისას. რადგან ახირებული კაცი არათუ "ყოველთვის" არ არის განცალკევებული და განკერძოებული, პირიქით, ისიც ხდება, რომ ზოგჯერ სწორედ იგი გახლავთ თავის არსებაში მთლიანის შემცველი, სხვანი კი მისი ეპოქისა, ყველანი, საიდანღაც მოვარდნილ ქარს ამ ერთიანისგან რატომღაც დროებით გაურიყავს

თუმცაღა, ამ ძალზე უინტერესო და ბუნდოვან ახსნა-განმარტებებს არ მივმართავდი და, უბრალოდ, შესავლის გარეშე დავიწყებდი; ვისაც მოეწონება, წაიკითხავს კიდევაც. მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ცხოვრების აღწერა ერთი მაქვს, რომანი კი ორი. მთავარი რომანი მეორეა - ჩემი გმირის ქმედება უკვე ჩვენს დროში, ამჟამინდელ, მიმდინარე მომენტში.* პირველი რომანი ცამეტი წლის წინანდელია და რომანი არც კი გახლავთ, მხოლოდ ერთი მომენტია ჩემი გმირის სიყმაწვილის ჟამისა. ამ პირველ რომანს გვერდს ვერ ავუვლიდი, რადგან მეორე რომანში ბევრი რამ გაუგებარი იქნებოდა. ამის გამო კი ჩემი თავდაპირველი გასაჭირი უფრო რთულდება: თუკი თავად მე, ანუ ბიოგრაფს, მიმაჩნია, რომ ასეთ მოკრძალებულ და გამოუკვეთელ გმირს ერთი რომანიც კი, შესაძლოა, მოსჭარბდეს, მაშინ რაღა საჭიროა ორის შემოთავაზება და რით უნდა აიხსნას ჩემი ასეთი ქედმაღლობა?

ამ საკითხთა გადაწყვეტა თავგზას მიბნევს და ვარჩევ, გვერდი ავუარო ყოველგვარი გადაწყვეტის გარეშე. გამჭრიახი მკითხველი, რა თქმა უნდა, კარგა ხანია, მიხვდა, რომ თავიდანვე ამას ვაპირებდი და შემომწყრა, უნაყოფო სიტყვებს და ძვირფას დროს ამაოდ რას ხარჯავსო. ამაზე კი უყოყმანოდ ვუპასუხებ: უნაყოფო სიტყვებს და ძვირფას დროს ვხარჯავდი, ჯერ ერთი, თავაზიანობის გამო და, ამას გარდა, ვეშმაკობდი: ასე თუ ისე, წინასწარ ხომ გაგაფრთხილეთ-მეთქი. თუმცაღა, მიხარია კიდევაც, რომანი თავისთავად ორ მოთხრობად რომ გაიპო "მთლიანობის არსებითად შენარჩუნებით". პირველ მოთხრობას როცა გაეცნობა, მკითხველი თვითონ გადაწყვეტს, ღირს თუ არა მეორეს ხელი მოჰკიდოს. რა თქმა უნდა, არავინ ვალდებული არ არის, შეუძლიათ, პირველივე წიგნი ორიოდე გვერდის წაკითხვისთანავე მიატოვონ და აღარასოდეს გადაშალონ. მაგრამ ხომ არიან ისეთი წესიერი მკითხველები, რომელნიც უსათუოდ მოინდომებენ, ბოლომდე ჩაიკითხონ, რათა მიუკერძოებელი განსჯისას არ შეცდნენ. ასეთნი არიან, მაგალითად, რუსი კრიტიკოსები, ყველანი ერთიანად. ასეთ მკითხველთა წინაშე მაინც გულმშვიდად ვიქნები: მათი უსაზღვრო წესიერებისა და კეთილსინდისიერების მიუხედავად, კანონიერ საბაბს ვაძლევ, რომანის კითხვა პირველსავე ეპიზოდზე მიატოვონ. აჰა, ესეც მთელი წინასიტყვაობა. ნამდვილად გეთანხმებით, რომ იგი ზედმეტია, მაგრამ რაკიღა დავწერე, მაშ დარჩეს კიდევაც.

ახლა კი საქმეს შევუდგეთ.

ნაწილი პირველი

წიგნი პირველი

ერთი ოჯახის ამბავი

I

ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვი

ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვი მესამე შვილი იყო ჩვენი მაზრის მემამულის ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვისა, თავის დროზე ასე ცნობილი რომ გახდა (ჩვენში ახლაც გაიხსენებენ ხოლმე) ტრაგიკული და იდუმალი აღსასრულის გამო, ზუსტად ცამეტი წლის წინ რომ მოხდა და რაზედაც სათანადო ადგილას გაუწყებთ. ახლა კი ამ "მემამულეზე" (როგორც მას უწოდებდნენ, თუმცა მთელი სიცოცხლის მანძილზე თავის მამულში თითქმის არ უცხოვრია) გაუწყებთ მხოლოდ იმას, რომ იგი უცნაური ვინმე გახლდათ. თუმცაღა ასეთნი საკმაოდ ხშირად გვხდებიან ხოლმე - სახელდობრ, ადამიანები, რომელნიც არამარტო საძაგელნი და გარყვნილნი არიან, არამედ გონებაშეზღუდულნიც - მაგრამ ისეთი გონებაშეზღუდულები თავიანთი საკუთრების საქმეებს, თანაც მხოლოდ ამგვარ საქმეებს, საუცხოოდ რომ აგვარებენ. ფიოდორ პავლოვიჩმა, მაგალითად, თითქმის არაფრით დაიწყო, ძალიან კნინი მემამულე გახლდათ, სხვათა სუფრებს ეტანებოდა, სულ სამადლო ლუკმას ეძებდა, სიკვდილის ჟამს კი ასი ათას მანეთამდე ნაღდი ფული აღმოაჩნდა. ამასთანავე მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩვენს მაზრაში ერთი ყველაზე გონებაშეზღუდული და შერეკილი იყო. კვლავაც გავიმეორებ: ამდაგვარ ხალხს სულელებად ნუ მიიჩნევთ; ზემოხსენებულ შერეკილთა უმეტესობა საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკია, ხოლო გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია.

იგი ორჯერ იყო დაქორწინებული და სამი ვაჟი ჰყავდა - უფროსი, დიმიტრი ფიოდოროვიჩი პირველი მეუღლისგან, ხოლო მომდევნო ორი, ივანე და ალექსეი, მეორისგან. ფიოდორ პავლოვიჩის პირველი მეუღლე საკმაოდ შეძლებულ და წარჩინებულ აზნაურთა, ჩვენივე მაზრის მემამულეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. დიდად არ შევეცდები იმის განმარტებას, მზითვიანი ქალიშვილი, თანაც ლამაზი და, ამას გარდა, მკვირცხლი გონების მქონე, ახლანდელ თაობაში არცთუ იშვიათად რომ გვხვდებიან, მაგრამ წინათაც რომ გამოერეოდნენ ხოლმე, რატომ მისთხოვდა ასეთ უმაქნის "ჩანჩურას", როგორც იმხანად ფიოდორ პავლოვიჩს ეძახდნენ. მე ხომ ადრინდელი "რომანტიკული" თაობის ერთი ქალიშვილს ვიცნობდი, ერთ ბატონს რამდენიმე წელიწადი იდუმალად რომ ეტრფოდა, თუმცაღა, ყოველთვის შეეძლო, ცოლად დიდი ფორიაქის გარეშეც გაჰყოლოდა, მაგრამ დაუძლეველი დაბრკოლებანი თავადვე შეთხზა და ერთ ქარიშხლიან ღამეს ფრიალო კლდის მსგავსი მაღალი ნაპირიდან საკმაოდ ღრმა, სწრაფ მდინარეში გადაეშვა და დაიხრჩო ახირებულობის გამო, ოღონდაც შექსპირის ოფელიას მიმგვანებოდა, ხოლო დიდი ხნის წინვე ამორჩეულ-ამოჩემებული თვალწარმტაცი ფრიალო კლდის ადგილას მხოლოდ პროზაული, ბრტყელი ნაპირი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, თვითმკვლელობა საერთოდაც არ მომხდარიყო. ეს ნამდვილი ამბავია და უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს რუსულ ყოფაში ბოლო ორი-სამი თაობის მანძილზე ასეთი ანდა ამის მსგავსი რამ ბევრჯერ მომხდარა. მსგავსად ამისა, ადელაიდა ივანოვნა მიუსოვას საქციელიც უთუოდ უცხო სიოთი გახლდათ აღძრული და აგრეთვე ნაყოფი სიფიცხით ტყვექმნილი გონებისა. მას, შესაძლოა, მოესურვა, ქალური დამოუკიდებლობა განეცხადებინა, საზოგადოებრივ წესებს, თავისი სანათესაოსა და ოჯახის დესპოტიზმს შესჭიდებოდა, ხოლო მისმავე დამყოლმა ფანტაზიამ, ვთქვათ, ერთი წამით დაარწმუნა, ფიოდორ პავლოვიჩი, თუმცა ერთთავად სამადლო ლუკმის ძებნაშია, მაგრამ მაინც უკეთურობისკენ მიმსწრაფი, გარდამავალი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და დამცინავი ადამიანიაო, თუმცა იგი მხოლოდ ავგული მასხარა იყო და მეტი არაფერი. ამ ამბავს პიკანტური საბურველი იმითაც მოსავდა, რომ საქმე მოტაცებით დასრულდა, რამაც ადელაიდა ივანოვნა დიდად მოხიბლა. ხოლო ფიოდორ პავლოვიჩი ამგვარი პასაჟებისთვის თავისი სოციალური მდგომარებითაც იმხანად დიახაც მომზადებული გახლდათ, რამეთუ გაალმასებით ეწადა, კარიერა მოეპოვებინა, რა გზითაც არ უნდა ყოფილიყო. კარგ ნათესაობასთან მიტმასნება და მზითვის მიღება კი ძალზე სახარბიელო ჩანდა. ურთიერთსიყვარულისა რა მოგახსენოთ, მგონი, საერთოდ არ ყოფილა - არც საცოლისა და არც საქმროს მხრიდან, ადელაიდა ივანოვნას სილამაზის მიუხედავად. ისე რომ ეს შემთხვევა, თავისებურად ერთადერთი გახლდათ უავხორცესი ფიოდორ პავლოვიჩის ცხოვრებაში, ვინც მზად იყო ოდნავი მინიშნებისთანავე ყოველ კაბიანს ჩახუტებოდა. ეს ქალი გახლდათ ერთადერთი, მასზე არავითარი ვნების აღმძვრელი შთაბეჭდილება რომ არ მოუხდენია.

ადელაიდა ივანოვნა მოტაცების შემდეგ უმალვე მიხვდა, რომ ქმარი მარტოოდენ სძულდა. ამგვარად, ქორწინების შედეგები ძალზე სწრაფად გამოიკვეთა. თუმცა ქალის ოჯახი მომხდარ ამბავს საკმაოდ მალე შეეგუა და გაქცეულს მზითევი უწილადა. მეუღლეთა ცხოვრება უწესრიგოდ წარიმართა და მათ შორის ერთთავად სცენები იმართებოდა. ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა ქალმა გაცილებით მეტი კეთილშობილება და დიდსულოვნება გამოიჩინა, ვიდრე ფიოდორ პავლოვიჩმა, რომელმაც, ახლა როგორც ცნობილია, მზითევის მიღებისთანავე ერთბაშად მიიტაცა მთელი მისი ფული, ოცდახუთი ათასამდე, ისე რომ ეს ათასები ადელაიდა ივანოვნას მას მერე თვალითაც აღარ უნახავს. ქალს მზითვადვე ერგო სოფელი და საკმაოდ კარგი სახლი ქალაქში. ფიოდორ ივანოვიჩი დიდხანს და მთელი მონდომებით ცდილობდა, ერთიცა და მეორეც თავის სახელზე გადაეფორმებინა რაიმე შესაფერი აქტით და ამას ალბათ შეძლებდა კიდეც. იგი მეუღლეს გამომძალველობითა და ხვეწნა-მუდარით ყოველ წუთს ისეთ სიძულვილსა და ზიზღს აღუძრავდა, რომ სულიერად დაქანცული ქალი მის ნებას თუნდ მხოლოდ იმის გამო დაჰყვებოდა, ოღონდაც ჩამომეხსნასო. მაგრამ, საბედნიეროდ, ადელაიდა ივანოვნას ოჯახი საქმეში ჩაერია და წამგლეჯი დააოკა. დანამდვილებით ცნობილია, რომ მეუღლეთა შორის არც თუ იშვიათად ცემა-ტყეპა იმართებოდა, მაგრამ, მონათხრობის მიხედვით, ფიოდორ პავლოვიჩი კი არა, ადელაიდა ივანოვნა სცემდა, ფიცხი, გულადი, შავგვრემანი, თავშეუკავებელი, ჩინებული ფიზიკური ძალის მქონე ქალი. იგი ბოლოს სახლიდან გაიქცა, ერთ სიღატაკისგან სულმიმღრძვალ სემინარიელ-მასწავლებელს გაჰყვა და ფიოდორ პავლოვიჩს ხელში სამი წლის მიტია შეატოვა. ფიოდორ პავლოვიჩმა სახლში ნამდვილი ჰარემი მოიწყო, თავაწყვეტილი ლოთობა გამართა, ხოლო ანტრაქტებისას თითქმის მთელ გუბერნიაში მიმოდიოდა და ყველას თვალცრემლიანი შესჩიოდა, ადელაიდა ივანოვნამ მიმატოვაო, თანაც მოსაყოლად სასირცხვილო ცოლ-ქმრული ცხოვრების ამბებს დაწვრილებით ჰყვებოდა. რაც მთავარია, თითქოს სიამოვენბას ანიჭებდა ყველას წინაშე დაჩაგრული მეუღლის სასაცილო როლის თამაში და შეურაცხმყოფელი ამბების გაზვიადებული მოყოლით თავის გაპამპულება. "ფიოდორ პავლოვიჩ, თუმცა ასეთი სამწუხარო რამ გჭირთ, მაინც ისეთი კმაყოფილი ჩანხართ, კაცი იფიქრებს, რომ ჩინი მიგიღიათ", - ეუბნებოდნენ დამცინავად. ბევრი იმასაც დაუმატებდა, უხარია, მასხარის ახალი სამოსლით რომ მოგვევლინა და განზრახ არ იმჩნევს, რა კომიკურ ვითარებაშია, რათა უფრო სასაცილო გამოჩნდესო. ვინ იცის, ასე იქნებ გულუბრყვილოდაც იქცეოდა. ბოლოს გაქცეულ მეუღლის კვალს მიაგნო. საბრალო ქალი პეტერბურგში აღმოჩნდა, სადაც სემინარიელთან ერთად გადაბარგებულიყო და უსაზღვრო ემანსიპაციას თავდავიწყებით მისცემოდა. ფიოდორ პავლოვიჩი უმალ დაფაცურდა და პეტერბურგში გასამგზავრებლად სამზადისს შეუდგა. ოღონდ, რისთვის მიდიოდა, თავადაც არ იცოდა. შესაძლოა, მართლაც გამგზავრებულიყო, მაგრამ წასვლა გადაწყვიტა თუ არა, უმალ მიიჩნია, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ გამგზავრების წინ თავის გასამხნევებლად კვლავ უსაზღვრო ლოთობას მიეცემოდა. ჰოდა, სწორედ ამ დროს მეუღლის ოჯახიდან მიიღო შეტყობინება, რომ ადელაიდა ივანოვნა პეტერბურგში გარდაცვლილიყო. იგი თურმე უეცრად მოკვდა სადღაც სხვენში, ზოგიერთი გადმოცემით ტიფისგან, სხვათა ნათქვამით კი შიმშილისგან. ფიოდორ პავლოვიჩმა მეუღლის სიკვდილი მთვრალმა შეიტყო. ამბობენ, ქუჩაში გავარდა, გახარებულმა ხელები ცისკენ აღაპყრო და აყვირდა: "აწ განუტევებო",* სხვათა მონათხრობით კი გულამომჯდარი ტიროდა პატარა ბავშვივით. ამბობენ, ყველას ხომ ეზიზღებოდა, მაგრამ ისე ქვითინებდა, რომ შეგებრალებოდათო. ერთიც შესაძლოა და მეორეც, ანუ, გათავისუფლებაც უხაროდა და განმათავისუფლებელსაც დასტიროდა - ერთდროულად. ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორნიც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ.

II

პირველი ვაჟი გაისტუმრა

რაღა თქმა უნდა, შეიძლება, წარმოვიდგინოთ, ასეთი კაცი რანაირი აღმზრდელი და მამა იქნებოდა. როგორც მამას, ის დაემართა, რაც უნდა დამართოდა, ესე იგი, ადელაიდა ივანოვნასგან ნაყოლი შვილი მთლად მიატოვა, იმის გამო კი არა, რომ ბავშვი შეიძულა ანდა ცოლზე იყო დაბოღმილი, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ პატარა არსება სულ მიავიწყდა. ტირილითა და წუწუნით ყველას თავი მოაბეზრა, ხოლო სახლი გარყვნილების ბუნაგად აქცია. სამი წლის მიტიას მეურვეობა კი ამ სახლის ერთგულმა მსახურმა გრიგორიმ იკისრა. ამ კაცს რომ არ გამოეჩინა მზრუნველობა, ბავშვს პერანგის გამომცვლელიც კი არავინ ეყოლებოდა. თანაც ისე მოხდა, რომ ბავშვის არსებობა პირველ ხანებში დედის ნათესაობასაც თითქოს გადაავიწყდა. პაპამისი, ანუ თვით ბატონი მიუსოვი, ადელაიდა ივანოვნას მამა, იმჟამად ცოცხალი აღარ იყო. მისი დაქვრივებული, მოსკოვში გადასახლებული მეუღლე, მიტიას ბებია, ძალზე დასნეულდა, ადელაიდა ივანოვნას დები გათხოვდნენ, ისე რომ მიტია მთელ წელიწადს მსახურ გრიგორის ანაბარას იყო და მის ქოხში ცხოვრობდა, იქვე, ეზოში რომ იდგა. თუმცაღა, მამიკოს იგი თუნდაც გახსენებოდა (ხომ არ შეიძლებოდა, მისი არსებობა მართლა არ სცოდნოდა), კვლავ ქოხში უკრავდა თავს, რადგან ბავშვი თავაწყვეტილ დროსტარებაში ხელს შეუშლიდა. მაგრამ მოხდა ერთი რამ: პარიზიდან დაბრუნდა განსვენებული ადელაიდა ივანოვნას ბიძაშვილი, პიოტრ ალექსანდროვიჩ მოუსოვი, შემდგომში მრავალი წლის მანძილზე განუწყვეტლივ უცხოეთში რომ ცხოვრობდა, ხოლო მაშინ მთლად ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ მიუსოვებში გამორჩეული კაცი, განათლებული, დედაქალაქელი, უცხოელი, ამასთანავე მუდამჟამს ევროპელი, ხოლო ცხოვრების მიწურულს ორმოციანი და ორმოცდაათიანი წლების ლიბერალი. თავისი კარიერის მანძილზე ურთიერთობა ჰქონდა თავისი ეპოქის ულიბერალეს ადამიანებთან, რუსეთშიც და უცხოეთშიც, პრუდონსა და ბაკუნინს პირადად იცნობდა,* ხოლო ხეტიალის დასასრულს განსაკუთრებით უვარდა ორმოცდარვა წლის თებერვლის პარიზის რევოლუციის სამი დღის ამბების მოყოლა, თანაც ქარაგმულად მიანიშნებდა, რომ თავადაც ლამის ბარიკადებზე გახლდათ ნამყოფი. ეს მისი ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე საამური მოგონება იყო. პიოტრ ალექსანდროვიჩს ჰქონდა დამოუკიდებელი ქონება, უწინდელი პროპორციით ასე ათასი სული. მისი საუცხოო მამული ჩვენი ქალაქის გასასვლელთანვე მდებარეობდა და ჩვენივე სახელგანთქმული მონასტრის მიწებს ესაზღვრებოდა. პიოტრ ალექსანდროვიჩმა ამ მონასტერთან ახალგაზრდობაშივე, მემკვიდრეობის მიღებისთანავე წამოიწყო გაუთავებელი პროცესი მდინარეში თევზჭერის უფლებისა თუ ტყის უნებართვოდ ჭრის თაობაზე, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ "კლერიკალებთან" პროცესის დაწყება თავისი მოქალაქეობრივი და განმანათლებლური მოვალეობის აღსრულებადაც კი მიიჩნია. შეიტყო თუ არა ყოველივე, რაც დამართოდა ადელაიდა ივანოვნას, ვინც, რა თქმა უნდა, ახსოვდა და ვისაც ოდესღაც ყურადღებაც კი მიაქცია, მერე კი ისიც გაიგო, გარდაცვლილს მიტია რომ დარჩა, ფიოდორ პავლოვიჩის მიმართ თუმცა ჭაბუკური გულისწყრომა და ზიზღი დაეუფლა, ამ საქმეს ხელი მაინც მოჰკიდა. ფიოდორ პავლოვიჩი პირველად მაშინ გაიცნო და პირდაპირ განუცხადა, ბავშვი აღსაზრდელად მინდა წავიყვანოო. შემდგომში იგი მრავალგზის ჰყვებოდა ფიოდორ პავლოვიჩის დამახასიათებელი თვისების წარმოსაჩენად, მიტიაზე საუბარი, როცა ჩამოვუგდე, ერთხანს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მგონი, ვერც კი მიხვდა, რომელ ბავშვზე ველაპარაკებოდი, თითქოს გაუკვირდა კიდეც, სახლში, სადღაც თურმე პატარა ვაჟი მყოლიაო. პიოტრ ალექსანდროვიჩის მონათხრობი თუნდაც გაზვიადებული იყოს, სიმართლის მსგავს რაღაცას ალბათ მაინც შეიცავდა. ფიოდორ პავლოვიჩს მთელი სიცოცხლის მანძილზე უყვარდა, უცნაურად მოგჩვენებოდათ, თქვენს წინაშე რაიმე მოულოდნელი როლი გაეთამაშებინა, თანაც, რაც მთავარია, ზოგჯერ ყოველგვარი საჭიროების გარეშე, აშკარად თავის საზიანოდაც კი, როგორც, მაგალითად, ამჟამინდელ შემთხვევაში. თუმცაღა, ფიოდორ პავლოვიჩი რა სათქმელია, ამგვარი რამ ბევრ სხვასაც, ძალზე ჭკვიანებსაც სჩვევიათ. პიოტრ ალექსანდროვიჩმა საქმეს ხელი ფიცხად მოჰკიდა და ბავშვის მეურვედაც კი დაინიშნა (ფიოდორ პავლოვიჩთან ერთად), რადგან დედის სიკვდილის შემდეგ შვილს რჩებოდა დედულეთი - სახლი და ადგილ-მამული. მიტია მართლაც დედის ბიძაშვილთან გადასახლდა, მაგრამ პიოტრ ალექსანდროვიჩს საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა, თანაც თავისი საქმეები როგორც კი მოაგვარა და მამულებიდან ფულად შემოსავლებს თავი მოუყარა, უმალვე პარიზს გაეშურა, თანაც ხანგრძლივად, ამიტომ ბავშვი თავისი მამისა თუ დედის ბიძაშვილს, ერთ მოსკოველ ქალბატონს ჩააბარა, მერე კი, პარიზში დამკვიდრებულს, იგი თავადაც მიავიწყდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თებერვლის რევოლუცია მოხდა, ასე რომ შეძრა მისი წარმოსახვა და მთელი სიცოცხლის მანძილზე ვეღარ დაივიწყა. ხოლო მოსკოველი ქალბატონი მოკვდა და მიტია მისი ერთი გათხოვილი ქალიშვილის ხელში გადავიდა. მგონი, მან ბუდე ერთხელ კიდევ, მეოთხედაც შეიცვალა. ახლა ამაზე ლაპარაკს აღარ მოვყვები, მით უმეტეს, რომ ფიოდორ პავლოვიჩის პირმოშზე კიდევ ბევრი მაქვს საამბობელი, და მხოლოდ აუცილებელი ცნობებით შემოვიფარგლები, ურომლისოდაც რომანის დაწყებას ვერ შევძლებ.

ჯერ ერთი, დიმიტრი ფიოდოროვიჩი ფიოდორ პავლოვიჩის სამი ვაჟიდან ერთადერთი გახლდათ, რომელიც იმ რწმენით იზრდებოდა, რომ რაღაც ქონება გააჩნდა და როცა სრულწლოვანი შეიქნებოდა,* დამოუკიდებელი გახდებოდა. სიჭაბუკე და ახალგაზრდობა უწესრიგოდ გაატარა: გიმნაზია არ დაუსრულებია, მერე ერთ სამხედრო სასწავლებელში მოხვდა, შემდეგ კავკასიაში მსახურობდა, დუელის გამო ჩამოაქვეითეს, მერე ჩინი კვლავ დაიმსახურა, ბევრს ღრეობდა და ფულს ბლომად ხარჯავდა. სრულწლოვანებამდე ფიოდორ პავლოვიჩისგან ფულს არ ღებულობდა და ვალები დაუგროვდა. თავისი მამა, ფიოდორ პავლოვიჩი პირველად მაშინ ნახა და გაიცნო, როცა სრულწლოვანი გახდა და ჩვენს მხარეში საგანგებოდ ჩამოვიდა, რათა ქონების თაობაზე მოლაპარაკებოდა. მამა, ვგონებ, მაშინვე არ მოეწონა. მასთან ცოტა ხანს დაჰყო და სასწრაფოდ გაემგზავრა, როგორც კი რაღაც თანხა გამოართვა და მამულიდან შემოსავლის შემდგომ მიღებაზე გაურიგდა, თუმცა ამ მამულის არც შემოსავლის, არც ფასის თაობაზე (ღირსშესანიშნავი ფაქტია) ფიოდორ პავლოვიჩისგან იმჯერად ვერაფერი შეიტყო. ფიოდორ პავლოვიჩმა მაშინვე, თავდაპირველადვე (ესეც უნდა დავიმახსოვროთ) შეამჩნია, რომ მიტიას თავის ქონებაზე გადაჭარბებული და მცდარი წარმოდგენა ჰქონდა. ფიოდორ პავლოვიჩი ამით ძალზე კმაყოფილი დარჩა, რადგან თავისი ვარაუდი გააჩნდა. დაასკვნა, ყმაწვილი კაცი ქარაფშუტაა, შფოთიანი, ჟინიანი, სულსწრაფი, მოქეიფე, ფიქრად ისა აქვს, რაიმე ხელში მოიგდოს და მოიგდებს თუ არა, თუმცა ცოტა ხნით, მაგრამ მაშინვე მშვიდდებაო. აი, ამის ექსპლუატირებას შეუდგა ფიოდორ პავლოვიჩი: ცოტას მოუციცქნიდა, ხან როდის, ხან როდის, რაღაცას გაუგზავნიდა და თავიდან ამით იშორებდა; ჰოდა, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ოთხი წლის მერე, როცა მიტიამ მოთმინება დაკარგა და ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოვიდა, რათა მამასთან საქმე საბოლოოდ მოემთავრებინა, მისდა გასაოცრად, უცებ აღმოჩნდა, რომ აღარაფერი გააჩნდა, გამოსათვლელიც აღარაფერი იყო, თავისი ქონების ღირებულება ფიოდორ პავლოვიჩისგან უკვე ფულად ჰქონდა მიღებული, ის კი არა, იქნებ მისი ემართა კიდევაც. ადრინდელ გარიგებათა შედეგად ახლა აღარაფრის მოთხოვნა აღარ შეეძლო და ასე შემდეგ. ყმაწვილი კაცი გაშტერდა, გუმანით იგრძნო, რომ ცრუობდნენ, ატყუებდნენ. ჰოდა, გააფთრდა, გონი წაერთვა. აი, ამ გარემოებამ გამოიწვია კატასტროფა, რის გადმოცემაც ჩემი პირველი, შესავლად გამიზნული რომანის საგანს, ანდა, უკეთ რომ ითქვას, მის გარეგნულ მხარეს წარმოადგენს. მაგრამ ვიდრე რომანს დავიწყებდე, მანამდე ფიოდორ პავლოვიჩის მომდევნო ორ ვაჟზე, მიტიას ძმებზე უნდა მოგითხროთ და განგიმარტოთ, ისინი საიდანღა გაჩნდნენ.

III

მეორე ქორწინება და მომდევნო შვილები

ოთხი წლის მიტიას გასტუმრების შემდეგ ფიოდორ პავლოვიჩმა მალევე მეორედ იქორწინა. მეორე ქორწინებამ რვა წელს გასტანა. მეორე მეუღლე, ასევე ძალიან ახალგაზრდა ქალი, სოფია ივანოვნა, სხვა გუბერნიიდან მოიყვანა, სადაც ერთ პატარა სანარდო საქმეზე იყო წასული ვიღაც ურიასთან ერთად. ფიოდორ პავლოვიჩი თუმცა ღრეობდა, სვამდა, აყალმაყალის ატეხვა უყვარდა, მაგრამ კაპიტალის დაბანდებაზე განუწყვეტლივ ზრუნავდა და საქმეებს ყოველთვის მარჯვედ აგვარებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, თითქმის ყოველთვის ნამუსზე ხელაღებით. ობოლი, ბავშვობიდან უთვისტომო, ვიღაც უმეცარი დიაკონის შვილი სოფია ივანოვნა თავისი მწყალობლის, აღმზრდელისა და მტანჯველის, წარჩინებული მოხუცებული ქალის, გენერალ ვოროხოვის ქვრივის მდიდრულ სახლში იზრდებოდა. დედაბერი თუმცა გულბოროტი არ იყო, უსაქმობისგან ისეთი აუტანელი უჯიათობა დასჩემებოდა, რომ აღსაზრდელი მის თავნებობასა და გაუთავებელ საყვედურებს ვეღარ უძლებდა, ერთხელაც საკუჭნაოში მიჭედებულ ლურსმანზე ჩამობმულ ყულფზე ჩამოეკიდა, მაგრამ მიუსწრეს და ჩამოხსნეს. ფიოდორ პავლოვიჩმა სოფია ივანოვნას ხელი სთხოვა, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი გამოიკითხეს და გააპანღურეს, ჰოდა, ამჯერადაც მან, როგორც პირველი ქორწინებისას, ობოლს შესთავაზა, მოგიტაცებო. სოფია ივანოვნას მისი ამბავი თავის დროზე ცოტა დაწვრილებით რომ შეეტყო, ალბათ არაფრის დიდებით არ გაჰყვებოდა. ეს ძალზე, ძალზე შესაძლებელია, მაგრამ ყოველივე სხვა გუბერნიაში ხდებოდა. თანაც თექვსმეტი წლის გოგონას რა ჭკუა მოეკითხებოდა. მან მარტო ის იცოდა, რომ თავის კეთილისმყოფელთან დარჩენას მდინარეში გადავარდნა ერჩია. ჰოდა, საბრალომ ერთი კეთილისმყოფელი მეორეზე გაცვალა. ფიოდორ პავლოვიჩს ამჯერად გროშიც არ მიუღია, იმიტომ რომ გენერლის ქვრივი გაბრაზდა და არაფერი მისცა, უფრო მეტიც, ორივენი დაწყევლა. ფიოდორ პავლოვიჩს ახლა რაიმეს მიღების იმედი არცა ჰქონია; იგი მოხიბლა უმანკო გოგონას ჩინებულმა სილამაზემ და, რაც მთავარია, მისმა უმანკო გარეგნობამ, რამაც განაცვიფრა ავხორცი და მანამდე მხოლოდ უხეში ქალური სილამაზის მოყვარული. "ამ უმანკო თვალებმა მაშინ სული თითქოს სამართებელივით დამისერა", - როგორც სჩვეოდა, საძაგელი ხითხითით ამბობდა ხოლმე იგი შემდგომში. თუმცაღა, შესაძლოა, ესეც გახრწნილი კაცის ავხორცული მიდრეკილება იყო. რაკიღა არავითარი გასამრჯელო არ მიუღია, ფიოდორ პავლოვიჩი მეუღლეს მოურიდებლად ეპყრობოდა, იმით სარგებლობდა, რომ მის წინაშე მას, ასე ვთქვათ, "დანაშაული" მიუძღოდა, რომ იგი ლამის "ყულფიდან ჩამოხსნა", ამას გარდა, მისი ფენომენალური თვინიერებითა და მორჩილებითაც სარგებლობდა და ჩვეულებრივ ცოლქმრულ წესებსაც კი ფეხქვეშ ქელავდა. უზნეო ქალები შინ მოჰყავდა და ორგიებს ცოლის თვალწინ მართავდა. როგორც დამახასიათებელ ამბავს, ისე გაცნობებთ, რომ პირქუში, უგუნური და ჯიუტი რეზონიორი, წინანდელი ქალბატონის, ადელაიდა ივანოვნას მოძულე მსახური გრიგორი ამჯერად ახალ ქალბატონს მიემხრო, სულ იცავდა და მის გამო ფიოდორ პავლოვიჩს მსახურისთვის შეუფერებლად ლანძღავდა, ხოლო ერთხელ ორგიაც კი ჩაუშალა და სახლში თავმოყრილი უწესო ქალები გაურეკა. შემდგომში, საუბედუროდ, ბავშვობიდანვე დაშინებულ ახალგაზრდა ქალს ნერვიული ქალური სენის მაგვარი რაღაც შეეყარა, უმეტესად მდაბიოთა შორის რომ არის გავრცელებული, სოფლელ დედაკაცებს ემართებათ და ამის გამო ბნედიანებს ეძახიან. ამ სენით დაავადებულ ქალბატონს დროდადრო ისეთი საშინელი ისტერიკული შეტევები წამოუვლიდა ხოლმე, გრძნობას კარგავდა. თუმცაღა, ფიოდორ პავლოვიჩს ორი ვაჟი - ივანე და ალექსეი გაუჩინა. პირველი - ქორწინების პირველ წელს, მეორე - სამი წლის შემდეგ. როცა ქალბატონი გარდაიცვალა, ალექსეი მეოთხე წელში იყო გადამდგარი და, თუმცა უცნაურია, მაგრამ ვიცი, რომ დედა სამუდამოდ დაამახსოვრდა, ოღონდ როგორც სიზმრისეული, რა თქმა უნდა. დედის სიკვდილის შემდეგ ბიჭებს იგივე დაემართათ, რაც პირველ ვაჟს, მიტიას: მამამ ისინი მთლად დაივიწყა და მიატოვა და ორივენი იმავე გრიგორისთან და იგივე ქოხში აღმოჩნდნენ. ამ ქოხში იპოვა ისინი მათი დედის კეთილისმყოფელმა და გაზრდელმა, გენერლის ქვრივმა, უჯიათმა დედაბერმა. იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ამდენი ხნის, მთელი რვა წლის მანძილზე წყენა ვერა და ვერ დაივიწყა. თავისი "სოფიას" ასავალ-დასავალს მთელი რვა წლის მანძილზე თვალს ადევნებდა, ძალზე ზუსტი ცნობები ჰქონდა და როცა მისი ავადმყოფობისა და უკუღმართი ყოფის ამბავი შეიტყო, ორჯერ თუ სამჯერ თავის მლიქვნელთა გასაგონად თქვა: "ახია იმაზე, ღმერთმა უმადურობისთვის სასჯელი მოუვლინა".

სოფია ივანოვნას გარდაცვალებიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ გენერლის ქვრივი ჩვენს ქალაქში თავად ჩამოვიდა უეცრად, ფიოდორ ივანოვიჩს შინ მიადგა, ჩვენს ქალაქში სულ ნახევარი საათი დაჰყო, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. საღამო ხანი იყო. რვა წლის უნახავი ფიოდორ პავლოვიჩი სტუმართან გამომთვრალი გამოვიდა. ამბობენ, რომ დედაბერმა იგი დაინახა თუ არა, მყისვე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ორი რიგიანი სილა გაუტყლაშუნა, მერე ქოჩორში სწვდა და სამჯერ ჩამოქაჩა, რის შემდეგაც სიტყვის უთქმელად პირდაპირ ქოხისკენ გაემართა და ბიჭებთან შევიდა. ისინი დაუბანელნი რომ იყვნენ და ჭუჭყიანი საცვლები ეცვათ, თვალის ერთი შევლებით შეამჩნია, მაშინვე სილა გრიგორისაც გაულაწუნა, თანაც განუცხადა, ორივე ბავშვი უნდა წავიყვანოო, მერე ისინი, რაც ეცვათ, იმითი გამოირეკა, პლედით შეფუთნა, კარეტაში ჩაისხა და თავისი ქალაქის გზას გაუყენა. გრიგორიმ ეს სილა ერთგული მონასავით მოითმინა, უხეში სიტყვა არ წამოსცდენია, მოხუცებული ქალბატონი კარეტამდე მიაცილა, თავი წელში მოკაკვულმა დაუკრა და შთამბეჭდავად უთხრა: "ობლების მადლს ღმერთი გადაგიხდითო". "მაინც ოტროველა ხარ!" - გამოსძახა მას გენერლის ქვრივმა, როცა კარეტა დაიძრა. ფიოდორ პავლოვიჩმა ყველაფერი აწონ-დაწონა, დაასკვნა, ეს კარგი საქმეაო, და შემდგომში, ბავშვების აღზრდის თაობაზე ფორმალური თანხმობის მიცემისას, გენერლის ქვრივისთვის ერთი მისხლითაც უარი არაფერზე უთქვამს. ხოლო დედაბერმა სილაქები როგორ გაუტყლაშუნა, ეს ამბავი მთელ ქალაქს თავადვე მოსდო.

ამის შემდეგ გენერლის ქვრივი მალევე გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძით ბიჭუნებს ათას-ათასი მანეთი დაუტოვა, ოღონდ, მიუთითა: "ეს თანხა მათი სწავლებისთვის გამოიყენეთ, თანაც ფული უსათუოდ ისე დახარჯეთ, სრულწლოვანებამდე ამყოფინოთ, რადგან ამგვარი მოწყალება, ასეთი ბავშვებისათვის საკმარისზე მეტადაც მიმაჩნია, ხოლო თუ ვინმე მოისურვებს, ჯიბეზე ხელი თვითონ გაიკრასო" და ასე შემდეგ. ანდერძი თავად არ წამიკითხავს, მაგრამ გავიგონე, რაღაც ამგვარი უცნაური რამ იყო ძალზე თავისებურად გამოთქმული. თუმცაღა, დედაბრის მთავარი მემკვიდრე პატიოსანი კაცი, იმ გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ეფიმ პეტროვიჩ პოლენოვი აღმოჩნდა. ფიოდორ პავლოვიჩთან მიმოწერამ უმალ მიახვედრა, რომ მას ბავშვების სწავლა-განათლებისათვის კაპიკს ვერავინ გააგდებინებდა (თუმცაღა იგი უარს პირდაპირ არასოდეს ამბობდა, ერთთავად ცდილობდა, საქმე გაეჯანჯლებინა, ზოგჯერ კი გულის ამაჩუყებლად მგრძნობიარობასაც აფრქვევდა), ამიტომ ობლების ბედ-იღბალზე ზრუნვა პირადად თავს იდო და განსაკუთრებით უმცროსი, ალექსეი შეუყვარდა, ისე რომ იგი კარგა ხანს მის ოჯახშიაც კი იზრდებოდა. მკითხველს ვთხოვ, ამ გარემოებას ყურადღება თავიდანვე მიაქციოს. ყმაწვილებმა აღზრდა-განათლება რომ მიიღეს, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწორედ ეფიმ პეტროვიჩს უნდა უმადლოდნენ, უაღრესად კეთილშობილსა და ჰუმანურ ადამიანს, ვისი მსგავსნიც იშვიათად გვხვდებიან. მან ბიჭებს გენერლის ქვრივის დანატოვარი ათას-ათასი მანეთი ხელუხლებლად შემოუნახა, ისე რომ, როცა სრულწლოვანნი შეიქნენ, თანხამ პროცენტებიანად ორ-ორ ათასს მიაღწია, მათ აღზრდას საკუთარ ფულს ახმარდა და, რა თქმა უნდა, თითოეულს ათას მანეთზე ბევრად მეტი დაახარჯა. მათი ბავშვობისა და სიჭაბუკის ამბავს დაწვრილებით ჯერ არ მოგიყვებით, მარტოოდენ უმთავრეს გარემოებებს გადმოგცემთ. თუმცა, უფროსზე, ივანეზე მარტო იმას გაცნობებთ, რომ პირქუში და გულჩახვეული, ოღონდ არც თუ ისე მოკრძალებული ყმაწვილი გახლდათ, ათიოდე წლისა უკვე მიხვდა იმას, რომ, ასეა თუ ისე, სხვის ოჯახში, სხვისი მოწყალებით იზრდებოდნენ. მამა კი ისეთი ჰყავდათ, ვისი ხსენებაც კი სამარცხვინო იყო და ასე შემდეგ. ბავშვმა ძალიან მალე, ლამის სიყრმეშივე (ყოველ შემთხვევაში, როგორც ამბობდნენ) სწავლის არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე უნარი გამოამჟღავნა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჯერ მხოლოდ ცამეტი წლისა იყო, როცა ეფიმ პეტროვიჩის ოჯახს განშორდა, მოსკოვის ერთ-ერთ გიმნაზიაში გადავიდა და ვიღაც გამოცდილ, იმ დროისთვის სახელგანთქმულ პედაგოგთან, ეფიმ პეტროვიჩის ბავშვობის მეგობართან, პანსიონზე აღმოჩნდა. თვით ივანე შემდგომში ჰყვებოდა, რომ ყოველივე, ასე ვთქვათ, ეფიმ პეტროვიჩის "მგზნებარებისა და სიკეთის ქმნის სურვილის გამო" მოხდა, რომ იდეამ გაიტაცა, გენიალური ნიჭის მქონე ბავშვს გენიალური აღმზრდელი უნდა ჰყავდესო. თუმცაღა, როცა ახალგაზრდა კაცმა გიმნაზია დაამთავრა და უნივერსიტეტში შევიდა, აღარც ეფიმ პეტროვიჩი იყო ცოცხალი და აღარც გენიალური აღმზრდელი. იმის გამო, რომ ეფიმ პეტროვიჩმა თადარიგი ვერ დაიჭირა და უჯიათი დედაბრის ნაანდერძევი, პროცენტებიანად ორი ათასს მიღწეული ფულის მიღება ჩვენში გარდუვალი ფორმალობისა და გაჭიანურების გამო შეყოვნდა, ახალგაზრდა კაცმა უნივერსიტეტში ყოფნის პირველი ორი წლის მანძილზე დიდი გაჭირვება გამოიარა, რადგან იძულებული იყო, თავი თვითონ ერჩინა და თან ესწავლა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არც უცდია, მამასთან მიმოწერა გაემართა, - შესაძლოა, სიამაყის, შესაძლოა, მის მიმართ ზიზღის გამო, ანდა, შესაძლოა, ცივი, გონივრული განსჯის შედეგად დაასკვნა, რომ მამიკოსგან რაიმე სერიოზულ დახმარებას ვერ მიიღებდა. ასეა თუ ისე, ახალგაზრდა კაცს თავგზა ოდნავადაც არ აბნევია და სამუშაო გაიჩინა. ჯერ აბაზიან გაკვეთილებს ატარებდა, მერე გაზეთების რედაქციებს მიაკითხა და ქუჩაში მომხდარ ამბებზე ათსტრიქონიანი სტატიების გამოქვეყნება დაიწყო "თვითმხილველის" ხელმოწერით. ამბობენ, რომ ეს სტატიები ყოველთვის საინტერესოდ და პიკანტურად იყო დაწერილი და ყურადღება უმალ მიიპყრო. ახალგაზრდა კაცმა თუნდაც მხოლოდ ამით გამომაჟღავნა პრაქტიკული და გონებრივი უპირატესობა ჩვენი ორივე სქესის მოსწავლე ახალგაზრდობის იმ მრავალრიცხოვან, მუდამ გაჭირვებულ და ბედკრულ ნაწილზე, რომელიც დედაქალაქებში, ჩვეულებისამებრ, დილიდან საღამომდე ჟურნალ-გაზეთების რედაქციების კარს უტრიალებს და სხვა ვერაფერი მოუფიქრებია იმის გარდა, რომ ერთთავად ფრანგულიდან თარგმნას ანდა მიმოწერას სთავაზობს. რედაქციებს რაკიღა გაეცნო, ივან ფედოროვიჩი მათთან კავშირს შემდგომშიაც აღარ წყვეტდა და უნივერსიტეტში ყოფნის ბოლო წლებში სხვადასხვა სპეციალურ თემაზე წიგნების საინტერესო მიმოხილვების ბეჭდვა დაიწყო, ისე რომ ლიტერატურულ წრეებშიც კი გაიცნეს. თუმცაღა, სულ ბოლო დროს შეძლო, უცებ შემთხვევით მიეპყრო მკითხველთა ფართო წრის განსაკუთრებული ყურადღება. იგი ერთბაშად ბევრმა შეამჩნია და დაიმახსოვრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როცა თავისი ორი ათასი მანეთით უკვე უცხოეთში გამგზავრებას აპირებდა, ივან ფიოდოროვიჩმა ერთ დიდ გაზეთში უცებ ერთი უცნაური სტატია დაბეჭდა, რითაც ყურადღება მიიქცია არასპეციალისტთა მხრივაც კი. თანაც სტატია ისეთ საგანზე დაწერა, მისთვის ალბათ სრულიად უცნობი რომ გახლდათ, რადგან ბუნებისმეტყველების კურსი ჰქონდა დამთავრებული. სტატია იმხანად საყოველთაოდ წამოჭრილ საეკლესიო სასამართლოს საკითხს ეხებოდა. სხვათა მიერ მანამდე შემოთავაზებულ რამდენიმე მოსაზრების განხილვის შემდეგ ივან ფიოდოროვიჩმა საკუთარი შეხედულებაც გამოთქვა. მთავარი გახლდათ ტონი და ძალზე მოულოდნელი დასკვნა. ამასთანავე ეკლესიის ბევრმა მსახურმა ავტორი უყოყმანოდ თავისიანად მიიჩნია. ხოლო უეცრად, მათ გარდა, არამარტო მოქალაქენი, არამედ თვით ათეისტებიც კი თავის მხრივ ტაშისცემას მოჰყვნენ. ბოლოს ზოგიერთებმა, უფრო საზრიანებმა, დაასკვნეს, მთელი სტატია მარტოოდენ თავხედური ფარსი და დაცინვააო. ეს ამბავი განსაკუთრებით იმიტომ მოვიხსენიე, რომ სტატიამ თავის დროზე ჩვენი ქალაქის განაპირას გაშენებულ ჩვენს სახელგანთქმულ მონასტერშიც შეაღწია, სადაც საეკლესიო სასამართლოს თაობაზე წამოჭრილი საკითხით ისედაც დაინტერესებულნი იყვნენ, - შეაღწია და უსაზღვრო გაოცება გამოიწვია. ავტორის ვინაობა როცა შეიტყვეს, იმითაც დაინტერესდნენ, რომ იგი წარმოშობით ჩვენი ქალაქიდან იყო - ფიოდორ პავლოვიჩის ვაჟი გახლდათ. ჰოდა, სწორედ ამ დროს ჩვენს ქალაქს თვით ავტორიც ეწვია.

ივან ფიოდროვიჩი ჩვენთან რატომ ჩამოვიდა, მახსოვს, ეს კითხვა მაშინაც გულს მიშფოთებდა. აგრერიგად საბედისწერო სტუმრობა, რითაც ყოველივე დაიწყო და იმდენი რამ მოჰყვა, ჩემთვის შემდეგ, თითქმის ყოველთვის ბუნდოვანი რჩებოდა. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, უცნაური გახლდათ, რომ ასეთი ნასწავლი, ასეთი ამაყი ახალგაზრდა კაცი, წინდახედულიც რომ ჩანდა, უეცრად გამოცხადდა ასეთ საძაგელ სახლში, ასეთ მამასთან, ვინც მთელი სიცოცხლის მანძილზე არაფრად აგდებდა, არ იცნობდა და არ ახსოვდა, და თუმცა ფულს, რა თქმა უნდა, არაფრის დიდებით, არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, თუკი შვილი სთხოვდა, მაინც მთელი სიცოცხლე შიშობდა, რომ ეს შვილებიც, ივანეც და ალექსეიც, როდისმე მოვიდოდნენ და ფულს მოსთხოვდნენ. და, აი, ახალგაზრდა კაცი ამგვარი მამის სახლში ბინავდება, მასთან ერთად ცხოვრობს ერთ თვეს, ორ თვეს, და ისინი ერთმანეთს ისე ეგუებიან, მეტი რომ აღარც შეიძლება. სწორედ ამ ბოლო ამბავმა არა მარტო მე, არამედ ბევრი სხვაც, განსაკუთრებით განაცვიფრა. ფიოდორ პავლოვიჩის შორეული ნათესავი პირველი ცოლის მხრიდან, პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი, ვისზედაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ჩვენს მხარეს კვლავ სწორედ იმხანად ეწვია, ქალაქის მახლობლად მდებარე მამულს ჩამოაკითხა პარიზიდან, სადაც საბოლოოდ დაბინავდა. მახსოვს, მამა-შვილის ურთიერთობა ყველაზე მეტად სწორედ მას აოცებდა. პიოტრ ალექსანდროვიჩმა ახალგაზრდა კაცი გაიცნო, მისი განსწავლულობით უკიდურესად დაინტერესდა და ხანდახან ერთგვარი გულისტკივილით ეპაექრებოდა ხოლმე. "ამაყია, - გვეუბნებოდა მაშინ ივანეზე, - თავის რჩენას ყოველთვის შეძლებს, უცხოეთში წასასვლელი ფული ახლაცა აქვს - აქ რაღა უნდა? ყველასთვის ცხადია, მამასთან ფულისთვის არ ჩამოსულა, თუნდაც იმიტომ, რომ მამამისი არაფერს მისცემს. ღვინის სმასა და მრუშობას არ ესწრაფვის და მაინც მამა-შვილი ერთმანეთს ისე შეეთვისა, ბერიკაცს უმისოდ ყოფნა აღარ შეუძლია!" ეს მართლაც ასე გახლდათ. ახალგაზრდა კაცს მამაზე აშკარა გავლენაც კი ჰქონდა. ბერიკაცი ხანდახან თითქოს უჯერებდა კიდევაც, თუმცაღა იმავდროულად უსაზღვრო, ლამის ღვარძლიან ჟინიანობასაც ამჟღავნებდა. ხან კი თითქოს უფრო წესიერად იქცეოდა

მხოლოდ შემდგომში გამოირკვა, რომ ივან ფიოდოროვიჩი ნაწილობრივ უფროსი ძმის, დიმიტრი ფიოდოროვიჩის თხოვნით და მისი საქმეების გამო ჩამოვიდა. იგი თავის სიცოცხლეში პირველად ახლა გაიცნო, თვალითაც პირველად ლამის ამხანად, ჩამოსვლისას ნახა, თუმცაღა, ერთ მნიშვნელოვან საქმეზე, რაც დიმიტრი ფიოდოროვიჩს უფრო ეხებოდა, მასთან მიმოწერა მოსკოვიდან დაიწყო. ეს რა საქმეც იყო, მკითხველი თავის დროზე დაწვრილებით შეიტყობს. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, როცა უკვე ვიცოდი, რა იყო ეს განსაკუთრებული ვითარება, ივან ფიოდოროვიჩი მაინც იდუმალებით მოცულად, ხოლო მისი ჩამოსვლა ჩვენს მხარეში გამოუცნობად მეჩვენებოდა.

იმასაც დავუმატებ, რომ ივან ფიოდოროვიჩი შუამავლისა და შემრიგებლის როლს ასრულებდა მამისა და თავისი ძმის, დიმიტრი ფიოდოროვიჩს შორის, ვინც მაშინ მამასთან დიდი დავა გამართა და ფორმალური სარჩელიც კი აღძრა.

ამ ოჯახმა, ვიმეორებ, თავი ერთად მთელ სიცოცხლეში პირველად მაშინ მოიყარა და ოჯახის ზოგმა წევრმა ერთი-მეორე პირველად ნახა. ეგ კია, უმცროსი ვაჟი, ალექსეი ფიოდოროვიჩი, უკვე ერთი წელი იყო, რაც ჩვენთან ცხოვრობდა და, ამგვარად, ძმებზე ადრე გვესტუმრა. შესავლად წამძღვარებულ ამჟამინდელ მონათხრობში, აი, სწორედ ამ ალექსეიზე ლაპარაკი მიძნელდება ყველაზე უფრო, ვიდრე რომანში სცენაზე გამოვიყვანდე. მაგრამ შესავლის დაწერა მასზეც მომიწევს, თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ განვმარტო ერთი ძალზე უცნაური გარემოება. სახელდობრ: იძულებული ვარ, ჩემი მომავალი გმირი რომანის პირველი სცენიდანვე მკითხველს მორჩილის ანაფორით წარვუდგინო. დიახ, უკვე ერთი წელი იქნებოდა, რაც მან ჩვენს მონასტერში დაიდო ბინა და, მგონი, იმისთვის ემზადებოდა, რომ ბერად შემდგარიყო და მთელი სიცოცლე იქ გაეტარებინა.

IV

მესამე ვაჟი ალიოშა

იგი მაშინ სულ ოცი წლისა გახლდათ (მისი ძმა ივანე ოცდამეოთხე წელში იყო გადამდგარი, ხოლო მათი უფროსი ძმა დიმიტრი - ოცდამერვეში). უპირველეს ყოვლისა, განვმარტავ, რომ ამ ჭაბუკს, ალიოშას, არათუ ფანატიკოსი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მისტიკოსიც კი არ ეთქმოდა. წინასწარ გეტყვით ჩემს ჩამოყალიბებულ აზრს: უბრალოდ, ნაადრევად დასრულებული კაცთმოყვარე იყო, და თუ მონასტრის გზაზე გაიჭრა, მხოლოდ იმიტომ, რომ იმხანად ამ გზის რწმენამ განმსჭვალა და ამქვეყნიური ღვარძლის წყვდიადიდან სიყვარულის ნათელისკენ მსწრაფ მის სულს ეს გზა, ასე ვთქვათ, წარმმართველ იდეალად დაესახა. ამ გზის რწმენამ მხოლოდ იმიტომ განმსჭვალა, რომ მაშინ იქ შეხვდა, მისი აზრით, არაჩვეულებრივ არსებას - ჩვენი განთქმული მონასტრის ბერმოძღვარ ზოსიმეს, ვისაც პირველი სიყვარულით ანთებული გულის დაუცხრომელი გზნებით შეეთვისა. თუმცაღა, არ ვდაობ, რომ იგი მაშინვე, ლამის აკვნიდანვე, ძალზე უცნაური გახლდათ. ჰო, მართლა, უკვე ვახსენე ის ამბავი, დედა როცა გარდაეცვალა, ჯერ მხოლოდ მეოთხე წელში იყო გადამდგარი, მაგრამ დედა სამუდამოდ რომ დაამახსოვრდა. ახსოვდა მისი სახე, მისი ალერსი. იტყოდა ხოლმე: "თვალწინ თითქოს ცოცხალი მიდგასო". ამგვარ რამეს (ეს ყველასათვის ცნობილია) უფრო მცირე ასაკისანი, ორი წლისანიც კი იმახსოვრებენ, მაგრამ როგორც წყვდიადიდან ამოზრდილ ნათელ წერტილებს, მთელი სიცოცხლე რომ ჭვრეტენ, როგორც ამოგლეჯილ კუთხეს უზარმაზარი სურათისას, ამ კუთხის გარდა მთლად რომ ჩანავლულა და გაუჩინარებულა. მასაც ზუსტად ასე დაემართა: დაამახსოვრდა ზაფხულის ერთი წყნარი საღამო, გამოღებული ფანჯარა, ჩამავალი მზის ალმაცერი სხივები (ყველაზე უფრო სწორედ ალმაცერი სხივები დაამახსოვრდა), ოთახის კუთხეში ხატი, ხატის წინ ანთებული კანდელი, ხატთან დაჩოქილი, ისტერიკულად აქვითინებული დედა, შვილი გულში მაგრად რომ ჩაეკრა, ორივე ხელს თან ხვევდა, თან ხატისკენ იწვდიდა და ღვთისმშობელს ავედრებდა. აი სურათი! ალიოშას დაამახსოვრდა, როგორი სახე ჰქონდა მაშინ დედამისს: მაგონდება, გააფთრებული, მაგრამ მშვენიერი სახე ჰქონდაო. თუმცა, ამ მოგონებას იშვიათად თუ ვინმეს გაანდობდა. ყრმობასა და სიჭაბუკეში ნაკლებექსპანსიური, თითქმის უსიტყვო იყო, მაგრამ უნდობლობის, მოკრძალებულობის ან პირქუშობისა და უკარებლობის გამო კი არა, არამედ ლამის პირიქით, რაღაც სხვა რამის გამო, რაღაც შინაგანი საზრუნავის, საკუთრივ პირადის, სხვათათვის შეუცნობლის, ოღონდ თავისთვის ისე მნიშვნელოვანის, რომ მის გამო სხვები თითქოს ავიწყდებოდა. მაგრამ ადამიანები უყვარდა: თითქოს მათ მიმართ უსაზღვრო ნდობით სულდგმულობდა, ამასთანავე იგი მიამიტად, გულუბრყვილოდ არავის და არასდროს არ მიაჩნდა. რაღაც ჰქონდა ისეთი, რაც მეტყველებდა, რაც ჩაგაგონებდათ (შემდგომშიც, მთელი სიცოცხლის მანძილზე), რომ მას არ სურდა, ადამიანთა განმკითხველი ყოფილიყო, მსჯავრმდებლობას არასოდეს იკისრებდა და არაფრის დიდებით არავის გაკიცხავდა. იმასაც კი იფიქრებდით, ყველაფერი შესაძლოდ მიაჩნია, ოდნავადაც არ გმობსო, თუმცაღა ხშირად დამწუხრებული ჩანდა. უფრო მეტიც, ამ მხრივ იქამდე მივიდა, ვერავინ განაცვიფრებდა, ვერავინ შეაშინებდა, თანაც ადრევე, სიყმაწვილის ჟამს. მამამისის ნამდვილ გარყვნილების ბუნაგში მოხვედრილი, მეოცე წელში გადამდგარი, უმწიკვლო, სპეტაკი ჭაბუკი როცა იმ სისაძაგლის ცქერას ვეღარ შეძლებდა, იქაურობას მდუმარედ გაეცლებოდა ხოლმე, მაგრამ ოდნავ ზიზღსაც არ შეიმჩნევდა და არც ვინმეს დაძრახავდა. ხოლო მამამისი, ვისაც თავი ოდესღაც სხვისი ნასუფრალით გაჰქონდა და იმჟამითვე იოლად განაწყენება დასჩემებოდა, თავდაპირველად შვილს უნდობლად და პირქუშად შეხვდა ("სულ გაჩუმებულია და გულში, ვინ იცის, რას ფიქრობსო"), მერედა მერე კი, მალევე, სულ ორი კვირის შემდეგ, გადასხვაფერდა, ძალზე ხშირად ეხვეოდა და ჰკოცნიდა, თუმცაღა, სიმთვრალისგან აცრემლებული და გულაჩუყებული, მაგრამ ეტყობოდა, ისე გულწრფელად და უსაზღვროდ შეუყვარდა, რა თქმა უნდა, არასდროს, არავინ რომ არ ჰყვარებია

თუმცაღა, ეს ჭაბუკი ყველას უყვარდა, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო და ამგვარი სიყვარული ბავშვობიდანვე თან სდევდა. თავისი კეთილისმყოფელისა და აღმზრდელის, ეფიმ პეტროვიჩ პოლენოვის სახლში როცა აღმოჩნდა, ამ ოჯახში ყველას თავი ისე შეაყვარა, რომ თავის სისხლ-ხორცად მიაჩნდათ. ისიც უნდა ითქვას, ამ ოჯახში ისე მცირეწლოვანმა შედგა ფეხი, როცა ბავშვს ისეთი ანგარიშიანობა, ეშმაკობა, გაქნილობა და სიმარჯვე არ შეიძლება ჰქონდეს, თავი ვინმეს პირფერობით მოაწონოს და შეაყვაროს. მაშასადამე, განსაკუთრებული სიყვარულის ჩანერგვის შინაგანი, ასე ვთქვათ, თანდაყოლილი, ბუნებრივი, უშუალო უნარი ჰქონდა. ეს უნარი სკოლაშიც გაჰყვა, თუმცა, თითქოს ისეთი ბავშვი იყო, ამხანაგების უნდობლობას, ხანაც დაცინვას და ლამის სიძულვილს რომ იწვევს. მაგალითად, ბავშვობიდანვე განმარტოება და წიგნის კითხვა უყვარდა, თუმცაღა, ამხანაგებს ისე შეუყვარდათ, სკოლაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე ნამდვილად ყველას რჩეული შეიძლებოდა გეწოდებინათ. იშვიათად ცელქობდა, მხიარულსაც იშვიათად ნახავდით, მაგრამ ვინც თვალს შეავლებდა, უმალ შეამჩნევდა, რომ ამას სიკუშტე არ იწვევდა, პირიქით, იგი გულმშვიდი და წრფელი იყო. თანატოლებს შორის თავის გამოჩენას არასოდეს ესწრაფოდა და, შესაძლოა, სწორედ ამის გამო არავისი არასოდეს ეშინოდა, თანაც ბიჭები უმალ მიხვდნენ, რომ იგი სიმამაცით არ ყოყოჩობდა. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს ვერც გრძნობდა, მამაცი და უშიშარი რომ იყო. წყენას არასოდეს იმახსოვრებდა. ასეთი რამაც მომხდარა: ვიღაცას უწყენინებია, ერთი საათის შემდეგ კი შეურაცმყოფელისთვის უპასუხია, ან თავადვე გამოლაპარაკებია ისეთი მიმნდობი და წრფელი გამომეტყველებით, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარიყოს. თანაც სახეზე ის კი არ ეწერა, რომ წყენა შემთხვევით გადაავიწყდა ანდა შეურაცმყოფელს განზრახ შეუნდო, არამედ ის, რომ მომხდარი ამბავი საწყენად არც მიუჩნევია. ბავშვებს, აი, სწორედ ეს ხიბლავდა და აჯადოებდა. მხოლოდ ერთი თვისება ჰქონდა, რაც გიმნაზიის ყველა კლასში, დაბლიდან მოყოლებული სულ ზედა კლასებამდე, ამხანაგების გამუდმებულ სურვილს იწვევდა, გაემასხრებინათ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ბოროტად დაეცინათ, არამედ იმიტომ, რომ გამხიარულებულიყვნენ. ეს თვისება უსაზღვრო, უსაზომო სიმორცხვე და უმანკოება გახლდათ. მას არ შეეძლო ცნობილ სიტყვათა და მონათხრობთა მოსმენა, ქალებს რომ შეეხებოდა. ეს "ცნობილი" სიტყვანი და მონათხრობნი, საუბედუროდ, სკოლებში აღმოუფხვრელია. სპეტაკი სულისა და გულის მქონე ბიჭებს, თითქმის ბავშვებს, ძალიან ხშირად უყვართ კლასებში ერთმანეთთან ლაპარაკი, თანაც ხმამაღლა, ისეთ ამბებზე, ისეთი რამის აღწერა-წარმოსახვა, რაზედაც სალდათებიც კი არ წამოიწყებენ საუბარს, თანაც სალდათებს არაფერი გაეგებათ ისეთი რამეებისა, რაც იციან ასე მცირე ასაკის ბავშვებმა ჩვენი ინტელიგენციისა და მაღალი საზოგადოებისა. ზნეობრივი გარყვნილება აქ, მართლაც, ჯერ არ არის, არც ნამდვილი, გამხრწნელი, შინაგანი ცინიზმია, მაგრამ არსებობს გარეგნული უზნეობა და, არცთუ იშვიათად, მათ სწორედ ეს მიაჩნიათ ლამის დელიკატურ, დახვეწილ, ვაჟკაცურ და მისაბაძ საქციელად. რაკიღა შეამჩნიეს, რომ "იმაზე" საუბარს როგორც კი დაიწყებდნენ, "ალიოშკა კარამაზოვი" სასწრაფოდ ყურებში თითებს დაიცობდა ხოლმე, ბიჭები ხანდახან ირგვლივ განზრახ შემოერტყმებოდნენ, ყურებიდან ხელებს ძალით ააგლეჯდნენ და ორივე ყურში სისაძაგლეებს ჩასძახოდნენ, ის კი თავის დაღწევას ცდილობდა, ჩაიხრებოდა, იატაკზე წვებოდა, თავზე ხელებს იფარებდა, მაგრამ ისე, რომ მოძალადეებს ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა, არ ედავებოდა, შეურაცხყოფას მდუმარედ იტანდა. თუმცაღა, ბოლოს დაეხსნენ, აღარ ახელებდნენ. "გოგოს" აღარ ეძახდნენ, ის კი არა, ამ თვალსაზრისით, სიბრალულითაც კი უცქეროდნენ. სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ თავის კლასში სწავლის მხრივ ყოველთვის წარჩინებულთა შორის იყო, მაგრამ პირველი მოწაფის სახელი არასოდეს მოუპოვებია.

ეფიმ პეტროვიჩის სიკვდილის შემდეგ ალიოშამ გუბერნიის გიმნაზიაში ორი წელი კიდევ გაატარა. ქმარი გარდაეცვალა თუ არა, ეფიმ პეტროვიჩის დამწუხრებული მეუღლე თითქმის მაშინვე მთელი ოჯახის თანხლებით, მხოლოდ ქალთა სქესის წარმომადგენელთაგან რომ შედგებოდა, იტალიაში დიდი ხნით გაემგზავრა, ხოლო ალიოშა ვიღაც ორი ქალის სახლში აღმოჩნდა. ეს ქალები ეფიმ პეტროვიჩის შორეული ნათესავები იყვნენ, ალიოშას მანამდე არასოდეს ენახა და არც ის იცოდა, მათთან რა პირობით დააბინავეს. მისი კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება, თანაც ძალზე დამახასიათებელი, ის გახლდათ, რომ არასდროს არ ანაღვლებდა ის ამბავი, თუ ვის ხარჯზე ცხოვრობდა. ამ მხრივ თავისი უფროსი ძმის ივან ფიოდოროვიჩისგან სრულიად საპირისპირო ხასიათი ჰქონდა. ივანემ ხომ უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წელი სიღატაკეში გაატარა, თავს საკუთარი შრომით ირჩენდა და ბავშვობიდან გულს უმძიმებდა წუხილი, მწყალობლის მიმადლებულ ლუკმას რომ ჭამდა. მაგრამ ალექსეის ეს უცნაური თვისება ძალზე მკაცრად არ უნდა განვსაჯოთ, რადგან ამგვარი საკითხი თუ წამოიჭრებოდა, ყველა, თუნდაც ახლად გაცნობილი, უმალ დარწმუნდებოდა, ალექსეი იმ ჭაბუკთაგანი იყო, ცოტა არ იყოს, შერეკილებს რომ ჰგვანან და უცებ თუნდაც მთელი კაპიტალი ჩაუვარდეთ ხელში, პირველსავე მთხოვნელს დაუყოვნებლივ მისცემენ, ან რაიმე სასიკეთო საქმეს მოახმარებენ, ანდა, შესაძლოა, ვიღაც მარჯვე გაიძვერამაც რომ ითხოვოს, იმასაც გაატანენ. საერთოდ რომ ვთქვათ, ფულის ყადრი სრულებით არ ჰქონდა. ჯიბის ფულს როცა მისცემდნენ, რასაც თავად არასოდეს ითხოვდა, ხან რამდენიმე კვირა ისე გაივლიდა, კაპიკს არ მოაკლებდა, რადგან ვერ მოეფიქრებინა, რაში გამოეყენებინა, ხან კი დაუზოგავად ხარჯავდა და უცებ გაანიავებდა. პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვმა, ფულისა და ბურჟუაზიული პატიოსნების მიმართ უფაქიზესმა კაცმა, ერთხელ, შემდგომში, როცა ალექსეის დააკვირდა, მის შესახებ ასეთი აფორიზმი წარმოთქვა: "იგი, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში ერთადერთი კაცია, უეცრად, მარტოდმარტო, უფულოდ რომ დატოვოთ მილიონი მცხოვრებით დასახლებულ უცნობი ქალაქის მოედანზე, არაფრის დიდებით რომ არ დაიღუპება, შიმშილითა და სიცივით არ მოკვდება, რადგან უმალ დააპურებენ, უმალ სადმე მოაწყობენ, და თუ არ მოაწყობენ, თავადვე უცებ მოეწყობა, თანაც საამისოდ დიდი წვალება და თავის დამცირება არ დასჭირდება, ხოლო მისი მომწყობნი გარჯას არათუ მძიმე ტვირთად, სიამოვნებადაც კი მიიჩნევენ."

გიმნაზიის კურსი ალექსეის არ დაუმთავრებია. მთელი წელი კიდევ ჰქონდა დარჩენილი, როცა თავის ქალბატონებს უცებ განუცხადა, მამაჩემთან რაღაც საქმეზე მივდივარო. ქალბატონებს მისი გაშვება არ უნდოდათ და ძალიან შეწუხდნენ. გზა ძვირი არ ღირდა და ქალბატონებმა ალექსეის არ დააგირავებინეს საათი, კეთილისმყოფელის ოჯახმა უცხოეთში წასვლის წინ რომ აჩუქა, სამგზავროდ გულუხვად მოამზადეს, ტანსაცმელი და თეთრეულიც კი შეუძინეს. თუმცაღა, ალექსეიმ ნახევარი ფული უკან დაუბრუნა, განუცხადა, უსათუოდ მესამე კლასის ვაგონში მინდა ჩავჯდეო.* ჩვენს ქალაქში ჩამოსულს მამამ ჰკითხა: "კურსის დაუმთავრებლად მაინც რატომ ჩამოხვედიო?" ალექსეის პირდაპირ არაფერი უპასუხია და, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივად გულჩათხრობილი ჩანდა. მალე გამოირკვა, რომ დედის საფლავს დაეძებდა. თავადაც აღიარა, მხოლოდ ამ მიზნით ჩამოვედიო. თუმცაღა, საეჭვოა, რომ მისი ჩამოსვლის მიზეზი მხოლოდ ეს ყოფილიყო. ყველაზე უფრო საფიქრებელია, მაშინ თავადაც არ იცოდა და ვერაფრის დიდებით ვერ ახსნიდა: სულში უცაბედად მაინც რა აღეძრა და უცილობლად რამ აიძულა ახალ, იდუმალ, გარდუვალ გზას გასდგომოდა. ფიოდორ პავლოვიჩმა ვერ უჩვენა, მეორე ცოლი სად დამარხა, რადგან მას შემდეგ, რაც კუბოს მიწა მიაყარეს, მის საფლავზე აღარ ყოფილა, ამდენი წლის შემდეგ კი სულ გადაავიწყდა, სად დამარხეს

ამასთან დაკავშირებით, ფიოდორ პავლოვიჩის შესახებ: ამ ამბების წინ იგი კარგა ხანს ჩვენს ქალაქში არ ცხოვრობდა. მეორე ცოლის სიკვდილიდან სამი-ოთხი წლის შემდეგ სამხრეთ რუსეთში გაემგზავრა, ბოლოს ოდესაში აღმოჩნდა და რამდენიმე წელი იქ გაატარა. თავდაპირველად, მისი სიტყვით, "მრავლად გაიცნო ურიები, ქალი ურიები, ბავშვი ურიები და ღლაპი ურიები" და იმით დაასრულა, რომ ბოლოს მარტო ურიებთან კი არა "ებრაელებთანაც მიღებული კაცი გახდა". სავარაუდოა, რომ ფულის მოხვეჭა-მოხვეტის განსაკუთრებული უნარი ცხოვრების ამ პერიოდში განივითარა. ჩვენს ქალაქში საბოლოოდ ალიოშას ჩამოსვლამდე სულ სამიოდე წლის წინ დაბრუნდა. ადრინდელ ნაცნობებს იგი ძალიან დაბერებული ეჩვენათ, თუმცა არც ისეთი მოხუცი იყო. თავი ადრინდელზე კეთილშობილურად კი არა, უფრო თავხედურად ეჭირა. ყოფილ მასხარას, მაგალითად, სხვისი გამასხრების თავხედური სურვილი გაუჩნდა. ქალთა სქესთან უხამსობა არათუ ძველებურად უყვარდა, უფრო საძაგლადაც უხამსობდა. მალე მთელ მაზრაში ბევრი ახალი სამიკიტნო გახსნა. ფული, ალბათ, ასი ათასამდე ანდა სულ ცოტათი ნაკლები ჰქონდა. ქალაქისა და მაზრის ბევრმა მცხოვრებმა უმალვე მისგან ფული ისესხა, რა თქმა უნდა, საიმედო გირაოს სანაცვლოდ. სულ ბოლო ხანს სახე როგორღაც გაუჯირჯვდა, წონასწორობას, თვითკონტროლს ჰკარგავდა, გაფუქსავატდა, ერთ რამეს რომ იწყებდა, მეორით ამთავრებდა, როგორღაც მოეშვა, სულ უფრო ხშირად თვრებოდა და იმხანად, ასევე საკმაოდ დაბერებული ლაქია გრიგორი ლამის გუვერნიორივით რომ არ მიჰპატრონებოდა, ფიოდორ პავლოვიჩს კარგი დღე არ დაეყრებოდა. ალიოშას ჩამოსვლამ მასზე თითქოს ზნეობრივი თვალსაზრისითაც იმოქმედა, უდროოდ დაბერებულს სულში დიდი ხნის ჩამკვდარი რაღაც თითქოს გამოუღვიძდა. "იცი, თუ არა, - ხშირად ეუბნებოდა ხოლმე ალიოშას და სახეზე აცქერდებოდა, - რომ იმას ჰგავხარ, ბნედიანს?". ასე ეძახდა განსვენებულ ცოლს, ალიოშას დედას. "ბნედიანის" საფლავი ალიოშას ლაქია გრიგორიმ უჩვენა. მან იგი ჩვენი ქალაქის სასაფლაოზე მიიყვანა და იქ, შორეულ კუთხეში თუჯის ღარიბული, მაგრამ ფაქიზი ფილა უჩვენა, რომელზეც მიცვალებულის სახელი, წოდება, წლოვანება და გარდაცვალების წელი ეწერა, ხოლო ქვემოთ ოთხსტრიქონიანი ძველებური ლექსიც ჰქონდა წაწერილი, საშუალო ფენის მიცვალებულთა საფლავებზე რომ არის ხოლმე. საოცარია, რომ ეს ფილა გრიგორის დადგმული აღმოჩნდა. იგი ფიოდორ პავლოვიჩს გულს უღონებდა ცოლის საფლავის შეხსენებით, მაგრამ მას მერე, როცა ფიოდორ პავლოვიჩმა არა მარტო საფლავზე, არამედ ყველა მოგონებაზე ხელი ჩაიქნია და ოდესაში წავიდა, გრიგორიმ საბრალო "ბნედიანის" საფლავზე ფილა თავისი სახსრებით დადგა. ალიოშას დედის საფლავთან არავითარი განსაკუთრებული მგრძნობიარობა არ გამოუხატავს. გრიგორის მედიდური, საფუძვლიანი მონათხრობი ფილის დადგმის თაობაზე მდუმარედ მოისმინა, ერთხანს თავჩაქინდრული იდგა და სასაფლაოდან ხმის ამოუღებლად წავიდა. მას მერე თითქმის მთელი წელიწადი ისე გავიდა, სასაფლაოზე აღარ მისულა. მაგრამ ფიოდორ პავლოვიჩზე ამ პატარა ეპიზოდმა ძალზე თავისებურად იმოქმედა. მან უცებ ათასი მანეთი ჩვენს მონასტერში მეუღლის სულის მოსახსენიებლად მიიტანა, მაგრამ მეორე მეუღლის, ალიოშას დედის, "ბნედიანისა" კი არა, არამედ პირველის, ადელაიდა ივანოვნასი, ვინც მას მიბეგვავდა ხოლმე. იმავე საღამოს გამოთვრა და ალიოშას გასაგონად ბერების ლანძღვას მოჰყვა. თავად რელიგიურობისა არაფერი ეცხო, ხატის წინ ხუთკაპიკიანი სანთელი ალბათ ერთხელაც არ დაუნთია. უეცარი გრძნობებისა და უეცარი აზრების რა უცნაური წამოგზნება აქვთ ხოლმე ამგვარ სუბიექტებს!

უკვე გითხარით, რომ ფიოდორ პავლოვიჩი ძალიან დაჯირჯვდა. იმხანად მისი სახე განვლილი ცხოვრების არსსა და რაობას ძალზე მკვეთრად გამოხატავდა. ნიადაგ თავხედურად, ეჭვიანად და დამცინავად მომზირალი წვრილი თვალების ქვემოთ გრძელი, მსხვილი ტომსიკები ეკიდა, პატარა, მაგრამ მსუქანი პირისახე მრავალი ღრმა ნაოჭით ჰქონდა დასერილი, ხოლო წაწვეტებულ ნიკასპ ქვემოთ უფრო დიდი, გაფიჟვინებული, ჩამოგრძელებული ღაბაბი ქისასავით ეკიდა, რაც ძალზე საზიზღარ, ავხორცულ შესახედაობას აძლევდა. ყოველივე ამას დაუმატეთ ავხორცული მოგრძო პირი და ფუნჩულა ტუჩები, რომელთა მიღმაც თითქმის ჩამპალ-ჩამტვრეული კბილების მცირე ნარჩენები მოჩანდა. ლაპარაკისას პირიდან ერთავად ნერწყვი სცვიოდა. მაგრამ საკუთარი სახის დაცინვა თავადვე უყვარდა, თუმცაღა, ვგონებ, კმაყოფილი იყო, ასეთი სახე რომ ჰქონდა. განსაკუთრებით იქებდა ცხვირს, არც ისე დიდს, მაგრამ ძალიან თხელს და მკვეთრად კეხამოზრდილს: "ნამდვილი რომაული ცხვირია, - იტყოდა ხოლმე, - ღაბაბსაც თუ მივათვლით, დაცემის დროინდელი ძველი რომაელი პატრიცის ნამდვილი სახე* მაქვს". როგორც ჩანს, ამით ამაყობდა.

დედის საფლავის პოვნის შემდეგ საკმაოდ მალე ალიოშამ მამას განუცხადა, მონასტერში წასვლა მინდა და ბერები თანახმანი არიან, მორჩილად მიმიღონო. თანაც განუმარტა, რომ ეს მისი განსაკუთრებული სურვილი იყო და მისგან, როგორც მამისგან, საზეიმო ნებართვას ითხოვდა. ბერიკაცმა უკვე იცოდა, რომ მონასტრის სავანეში მყოფმა ბერ-მოძღვარმა ზოსიმემ "ჩუმ ბიჭზე" განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

- ეგ ბერ-მოძღვარი, რა თქმა უნდა, იმათში ყველაზე პატიოსანი ბერია, - თქვა მან. ალიოშას მდუმარედ და დაკვირვებით უსმენდა, თუმცაღა, მისი თხოვნა თითქმის სრულებით არ გაჰკვირვებია. - ჰმ, აი, თურმე გული საით მიგიწევს, ჩემო ჩუმო ბიჭო! - იგი შეზარხოშებული იყო და უცებ, როგორც სჩვეოდა, ხანგრძლივად გაიღიმა მთვრალი კაცის ცბიერი, ეშმაკური ღიმილით. - ჰმ, მე ხომ გული მიგრძნობდა, რაიმე ამგვარით რომ დაასრულებდი, წარმოგიდგენია? სწორედ იქით მიისწრაფოდი. რა გაეწყობა! შენ ხომ, მგონი, ორი ათასი უნდა გქონდეს, ჰოდა, შენი მზითევიც ეგ იყოს, ხოლო მე, ჩემო ანგელოზო, არასოდეს მიგატოვებ. ახლაც შემოვიტან შენს გადასახდელს, რაც იქ საჭირო იქნება, თუკი მოითხოვენ. ხოლო თუ არ მოითხოვენ, რატომღა უნდა მივეძალოთ. ასე არ არის? შენ ხომ ფულს კანარის ჩიტივით ხარჯავ, კვირაში ორიოდე მარცვალს ჰმ. იცი, ერთ მონასტერს ქალაქის გარეუბანში კუთხე აქვს. ჰოდა, ყველამ იცის, რომ იქ მხოლოდ "მონასტრის დედები" ცხოვრობენ, იმათ იქ ასე ეძახიან. მე მგონი, ასე ოცდაათი დედა იქნება იქ ნამყოფი ვარ. ჰოდა, იცი, საინტერესოა, თავისებურად, რა თქმა უნდა, მრავალფეროვნებისათვის. საძაგლობაა მხოლოდ, საშინელი რუსიზმი რომ არის, ფრანგი დედები ჯერ სრულებით არ არიან. შესაძლო კია, რომ ყოფილიყვნენ, თვალ-გულის გასაძღომად. შეიტყობენ და ჩამოვლენ. ხოლო აქ არაფერია, მონასტრის დედები აქ არ არიან, ბერი კი ორასამდეა. აქ პატიოსნებაა, მარხულობენ. ვაღიარებ ჰმ. მაშ ბერებთან წასვლა გინდა? მენანები, ალიოშა, დამიჯერე, ნამდვილად შემიყვარდი თუმცაღა, ზედგამოჭრილია: ჩვენზე, ცოდვილებზე ილოცებ. ძალზე ბევრი შევცოდეთ. სულ ამას ვფიქრობდი: ჩემზე როდისმე თუ ილოცებს ვინმე-მეთქი? ამქვეყნად ასეთი კაცი თუ მოიძებნება? ჩემო საყვარელო ბიჭუნა, ამგვარ რამეებში ისეთი სულელი ვარ, იქნებ არც დაიჯერო? შემზარავია. იცი რა: რაც არ უნდა სულელი ვიყო, მაინც სულ ვფიქრობ, სულ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, იშვიათად, მაგრამ მაინც ხომ ვფიქრობ. ხომ შეუძლებელია, ვიფიქრებ ხოლმე, რომ ეშმაკებს თავიანთთან ჭანგებით ჩემი წათრევა დაავიწყდეთ, როცა მოვკვდები? ჰოდა, ვფიქრობ: ჭანგები? იმათ საიდან უნდა ჰქონდეთ? ჭანგები რისა იქნება? რკინისა? სად ჭედავენ? რაო, იქ ფაბრიკა აქვთ? მონასტერში ბერებს ალბათ ჰგონიათ, რომ ჯოჯოხეთს, მაგალითად, ჭერი აქვს. მე კი მზად ვარ ჯოჯოხეთი ვირწმუნო, მაგრამ უჭერო რომ იყოს, ისეთი. ეს უფრო დელიკატური, განათლებული, ასე ვთქვათ, ლუთერანული იქნება. თუმცა, განა სულ ერთი არ არის: ჭერიანი იქნება თუ უჭერო? აი, წყეული კითხვა როგორ დაისმის! ხოლო თუ ჭერი არ არის, არც ჭანგები იქნება. ჭანგები თუ არ არის, მაშ სხვაც აღარაფერია, ჰოდა, შეუძლებელია: ჭანგებით მაშ ვინღა წამათრევს, ხოლო მე თუ არ წამათრევენ, რაღა გამოვა? ამქვეყნად სამართალი სადღა იქნება? ეს ჭანგები, ჩემთვის, საგანგებოდ*, მხოლოდ ჩემთვის Il faudrait les inventer, იმიტომ, ალიოშა, რომ არც იცი, როგორი ურცხვი ვარ!..

- იქ ჭანგები არ არის, - წყნარად, მაგრამ სერიოზულად უთხრა მამას ალიოშამ, თან დაკვირვებით ჩააცქერდა.

- ჰო, ჰო, მხოლოდ ჩრდილებია ჭანგებისა. ვიცი, ვიცი. ეგ ისეა, როგორც ერთმა ფრანგმა აღწერა ჯოჯოხეთი: "J'ai vu l'ombre d'un cocher, qui aves L'ombre d'une brosse frottait L'ombre d'une carrosse". ჩემო კარგო, საიდან იცი, ჭანგები რომ არ არის? ბერებთან ცოტა ხანს რომ იქნები, სხვანაირად ამღერდები. თუმცა, წადი, იქ სიმართლე შეიტყვე, მერე მოდი და მომიყევი: საიქიოს წასვლა მაინც გამიადვილდება, როცა ნამდვილად მეცოდინება, იქ რა არის. თანაც ჩემთან, ქალებს გადაყოლილ მთვრალ ბერიკაცთან ყოფნას, ბერებთან ყოფნა გიჯობს თუმცა, შენ ხომ ანგელოზი ხარ და არაფერი გეკარება. იქნებ იქაც არაფერი მოგეკაროს. ამის იმედი მაქვს და იქ წასვლის ნებას ამიტომაც გრთავ. შენ ხომ ჭკუა არ გაკლია. აბრიალდები და ჩაქრები, განიკურნები და უკან დაბრუნდები. ხოლო მე მოგიცდი: განა ვერა ვგრძნობ, რომ ამქვეყნად ერთადერი შენა ხარ, ვისაც არ განვუსჯივარ. ჩემო კარგო ბიჭუნა, მე ხომ ამას ვგრძნობ, ხომ არ შეიძლება, არ ვგრძნობდე!..

ფიოდორ პავლოვიჩი ასლუკუნდა კიდევაც. იგი სანტიმენტალური იყო. ავიც იყო და სანტიმენტალურიც.

_____________________

1. უნდა გამოეგონებინათ (ფრანგ).

2. "მე ვნახე მეეტლის ჩრდილი, ჯაგრისის ჩრდილით კარეტის ჩრდილს რომ ხეხავდა" (ფრანგ.)

V

ბერ-მოძღვარნი

შესაძლოა, მკითხველთაგან ვინმემ იფიქროს, რომ ჩემი ახალგაზრდა კაცი ავადმყოფური, ექსტაზური, სუსტად განვითარებული ბუნების მქონე, ფერმკრთალი მეოცნებე, ბეჩავი, უძლური ვინმე იყო. პირიქით, ალიოშა იმხანად ბრგე, ლოყებღაჟღაჟა, თვალებგაცისკროვნებული, ჯან-ღონით სავსე ცხრამეტი წლის ჭაბუკი გახლდათ. მაშინ ძალიან ლამაზიც კი იყო, ტანგამართულს, საშუალოზე მაღალს, წაბლისფერთმიანს, სწორნაკვთებიან, ოდნავ მოგრძო სახეზე მუქნაცრისფერი, გან-განზე გამდგარი თვალები უელავდა, ერთობ ფიქრიანი და ერთობ მშვიდი ჩანდა. შესაძლოა, თქვან, ღაჟღაჟა ლოყები ფანატიზმსა და მისტიციზმს არ გამორიცხავსო. მე კი მგონია, რომ ალიოშა ყველაზე მეტად რეალისტი იყო. ო, რა თქმა უნდა, მონასტერში ყოფნისას სასწაულებისა სავსებით სწამდა, მაგრამ, ჩემი აზრით, სასწაული რეალისტს ვერასოდეს შეაცბუნებს. რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარსდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ბადებს, არამედ რწმენა ბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს. მოციქულმა თომამ განაცხადა, მანამდე არ ვირწმუნებ, სანამ თვალით არ ვიხილავო, ხოლო როცა იხილა, თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!"* სასწაულმა აიძულა, რომ ერწმუნა? უფრო სავარაუდოა, რომ არა. ირწმუნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა ერწმუნა და, შესაძლოა, სავსებით სწამდა თავისი არსების იდუმალ კუნჭულში მაშინაც კი, როცა ამბობდა: "არ ვირწმუნებ, სანამ თვალით არ ვიხილავო".

შესაძლოა, თქვან, ალიოშა გონებაჩლუნგი, განუვითარებელი იყო, სწავლა არ დაუსრულებიაო, და სხვა. სწავლა რომ არ დაუსრულებია, ეს მართალი გახლავთ, მაგრამ იმისი თქმა, რომ იგი გონებაჩლუნგი ანდა სულელი იყო, დიდად არასამართლიანი იქნებოდა. უბრალოდ, გავიმეორებ, რაც ზემოთ უკვე ვთქვი: ამ გზას მხოლოდ იმიტომ დაადგა, რომ იმხანად ამ გზის რწმენამ განმსჭვალა და წყვდიადიდან ნათელისკენ მიმსწრაფ მის სულს წარმმართველ იდეალად დაესახა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ იგი ერთგვარად უკვე ჩვენი ბოლო დროის ჭაბუკი გახლდათ, ესე იგი, ბუნებით პატიოსანი, სიმართლის მოწადინე და მძებნელი, ვინც სიმართლის ძალა ირწმუნა და რაკიღა ირწმუნა, თავდაუზოგავად, მთელი სულითა და გულით მიისწრაფოდა, დაუყოვნებლივ ამ სიმართლის მონაწილე გამხდარიყო, გმირობის გამოჩენას ელტვოდა და დაუცხრომლად სწყუროდა, საგმირო საქმისთვის ყველაფერი, თვით სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაეღო. თუმცაღა, საუბედუროდ, ამ ჭაბუკებს ვერ შეუგრძვნიათ, რომ სიცოცხლის მსხვერპლად გაღება, შესაძლოა, ყველაზე იოლი რამ იყოს მსხვერპლის გაღების მრავალ გზათა შორის და, მაგალითად, სამძიმო, ძნელი სწავლისათვის, მეცნიერების დასაუფლებლად მჩქეფარე ჭაბუკური ცხოვრების ხუთი-ექვსი წლის მსხვერპლად გაღება თუნდაც მხოლოდ იმისათვის, რომ საკუთარი ძალები გააათმაგონ იმავე სიმართლისა და იმავე გმირობის მსახურებისათვის, რაც გულში ამოუჭრიათ და რასაც მიელტვიან, მათ უმრავლესობას უმეტესად არ ძალუძს, ამგვარი მსხვერპლის გაღების ძალა არ შესწევთ. ერთი ეგ არის, რომ ალიოშამ ყველასგან საპირისპირო გზა აირჩია, თუმცაღა, სასწრაფოდ გმირობის გამოჩენა ისევე სწყუროდა. სერიოზულად დაფიქრდა თუ არა და იმ რწმენით განიმსჭვალა, რომ უკვდავება და ღმერთი არსებობს, ბუნებრივია, საკუთარ თავს უმალვე უთხრა: "მინდა, უკვდავებისათვის ვიცოცხლო, ხოლო სანახევრო კომპრომისს შესაძლებლად არ მივიჩნევო". ზუსტად ასევე, თუკი ირწმუნებდა, რომ უკვდავება და ღმერთი არ არსებობდა, მყისვე ათეისტებისა და სოციალისტების გზას დაადგებოდა (რამეთუ სოციალიზმი არა მარტო მუშათა კლასის, ანუ ეგრეთწოდებული მეოთხე წოდების საკითხია, არამედ უპირატესად ათეისტური საკითხია, ათეიზმის თანამედროვე განხორციელების საკითხი, საკითხი ბაბილონის გოდოლისა, რომელიც სწორედ ღმერთის გარეშე სურთ ააშენონ, არა მიწიდან ზეცის მისაღწევად, არამედ მიწაზე ზეცის ჩამოსაყვანად). ალიოშას ძველებურად ცხოვრება უცნაურად და შეუძლებლად ეჩვენებოდა. ნათქვამია: "ყველაფერი გაეცი და გამომყევი, თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო".* ჰოდა, ალიოშამ საკუთარ თავს უთხრა: "არ შემიძლია "ყველაფრის" ნაცვლად ორი მანეთის გაცემა, ხოლო "გამომყევის" ნაცვლად მხოლოდ წირვაზე სიარული". ბავშვობის მოგონებებიდან, შესაძლოა, რაღაც შემორჩა ჩვენი ქალაქის განაპირას გაშენებულ მონასტერზე, სადაც დედამისს ალბათ წირვაზე დაჰყავდა. შესაძლოა, იმოქმედა ჩამავალი მზის ალმაცერმა სხივებმა, მიმართულმა ხატისკენ, რომელსაც ბნედიანი დედა შვილს ავედრებდა. მაშინ ჩვენთან ფიქრით მოცული ჩამოვიდა, შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ მიეხედ-მოეხედა: აქ ყველაფერი იყო, თუ მხოლოდ ორი მანეთი, ჰოდა, მონასტერში იმ ბერ-მოძღვარს შეხვდა

ეს ბერ-მოძღვარი, როგორც ზემოთ განგიმარტეთ, ზოსიმე ბერ-მოძღვარი გახლდათ. მაგრამ აქ რამდენიმე სიტყვა იმაზედაც უნდა მოგახსენოთ, საერთოდ რანი არიან "ბერ-მოძღვრები" ჩვენს მონასტრებში და, სამწუხაროდ, ამისათვის საკმარისი კომპეტენტურობა და თავდაჯერებულობა არ გამაჩნია. თუმცაღა, შევეცდები, მცირეოდენად და ზედაპირულად მაინც რაიმე გამცნოთ. ჯერ ერთი, ამ საქმეში ღრმად ჩახედულნი და კომპეტენტურნი ამტკიცებენ, რომ ბერ-მოძღვარნი და ბერ-მოძღვრობა ჩვენში, რუსულ მონასტრებში, ძალზე მცირე ხანია, ასი წელიც კი არ არის, რაც გამოჩნდა, როცა მთელს მართლმადილებლურ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სინასა და ათონში, ათას წელზე მეტია, რაც არსებობს. ამტკიცებენ, რომ ბერ-მოძღვრობა, ჩვენშიაც, რუსეთშიაც, უძველეს დროშიც არსებობდა, ანდა აუცილებლად უნდა არსებულიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთს თავს დაატყდა უამრავი უბედურება, თათართა შემოსევანი, არეულობანი, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ* აღმოსავლეთთან ადრინდელი ურთიერთობათა გაწყვეტის შემდგომ ეს დანაწესი მივიწყებულ იქნა და ბერ-მოძღვრობა მოიშალა. მერე კი კვლავ ააღორძინეს გასული საუკუნის ბოლოს ერთ-ერთმა ჩვენმა უდიდესმა მოღვაწემ (როგორც მას უწოდებენ) პაისი ველიჩკოვსკიმ და მისმა მოწაფეებმა*, თუმცაღა, ამჟამად, ასი წლის შემდეგაც კი, არცთუ ყველა მონასტერშია და ხანდახან ლამის დევნიდნენ კიდევაც, როგორც რუსეთში გაუგონარ სიახლეს. ჩვენში, რუსეთში, ბერ-მოძღვრობა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ერთ სახელგანთქმულ სავანეში, კოზიოლსკაია ოპტინაში.* ჩვენს მონასტერში ვინ და როდის დააფუძნა, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ უკვე ბერ-მოძღვართა მესამე თაობას ითვლიდნენ და ზოსიმე ბერ-მოძღვარი მათგან ბოლო გახლდათ, ოღონდ სისუსტისა და სნეულებებისგან ისიც თითქმის სიკვდილის პირას იყო მისული, ხოლო შემცვლელად ვის გამოუნახავდნენ, ეს არც იცოდნენ. ჩვენი მონასტრისთვის ეს დიდმნიშვნელოვანი რამ იყო, რადგან ჩვენი მონასტერი მანამდე არაფრით ყოფილა სეხელგანთქმული: არც წმინდანთა ნაწილები გააჩნდა, არც სასწაულებრივად მოვლენილი სასწაულთმოქმედი ხატები, რაიმე სასახელო გადმოცემაც კი არ არსებობდა, რაც ჩვენს ისტორიასთან იქნებოდა დაკავშირებული; არ მიეწერებოდა ისტორიული გმირობანი, სამშობლოს წინაშე დამსახურებანი. მონასტერს სწორედ ამ ბერ-მოძღვრებმა გაუთქვეს სახელი მთელ რუსეთში და ამის შედეგადაც გაიფურჩქნა, რადგანაც მლოცველები რუსეთის ყოველი კუთხიდან, ათასობით ვერსით დაშორებული ადგილებიდან მოედინებოდნენ ჩვენთან მათ სანახავად და მოსასმენად. მაშ ასე, ვინ არის ბერ-მოძღვარი? ბერ-მოძღვარია ის, ვინც თქვენს სულსა და ნებას თავისი სულისა და ნების წიაღში მოაქცევს. ბერ-მოძღვარს რაკიღა აირეჩვთ, თქვენს ნებაზე უარს ამბობთ და სრული თავდავიწყებით მას უმორჩილებთ. თავის შემწირველი ამ გამოცდას, ცხოვრების ამ საშინელ სკოლას ნებაყოფლობით ემორჩილება იმ იმედით, რომ ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ საკუთარ თავს სძლიოს, ისე დაეუფლოს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე მორჩილებით სრულ თავისუფლებას ანუ საკუთარი თავისგან გათავისუფლფებას მიაღწიოს, რათა გადაურჩეს იმათ ხვედრს, ვინც მთელი სიცოცხლე გალია, საკუთარი თავის პოვნა კი ვერ შეძლო. ეს გამოგონება, ანუ ბერ-მოძღვრობა, თეორიული რამ კი არ არის, არამედ აღმოსავლეთში მოქმედი, ჩვენს დროში უკვე ათასწლოვანი პრაქტიკის ნაყოფია. ბერ-მოძღვრის მიმართ მოვალეობანი ჩვეულებრივი "მორჩილება" არ არის, რაც ჩვენს რუსულ მონასტრებში მუდამ არსებობდა. აქ განცხადებულია ბერ-მოძღვრისკენ მიდრეკილთა მარადი აღსარება და ურღვევი კავშირი შემბორკველსა და შებორკილს შორის. მაგალითად, მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, ქრისტიანობის უძველეს ხანაში, ერთმა ამგვარმა მორჩილმა თავისი ბერ-მოძღვრის მიერ დაკისრებული რაღაც საკანონო არ შეასრულა, ბერ-მოძღვარს განეშორა, მონასტრიდან წავიდა და სხვა ქვეყანაში, სირიიდან ეგვიპტეში მივიდა. იქ დიდი ხნისა და დიად ქმედებათა შემდგომ, ბოლოს, ღირს იქმნა, რწმენისათვის ტანჯვასა და მოწამებრივ სიკვდილს ზიარებოდა. როცა ეკლესია უკვე წმინდანად აღიარებულის ცხედარს კრძალავდა და დიაკონმა შესძახა: "კათაკმეველნო, განვედითო", - კუბო მოწამის ცხედრიანად უცებ ადგილს მოსწყდა და ტაძრიდან განიტყორცნა. ეს სამგზის განმეორდა. ბოლოსღა შეიტყვეს, რომ ამ წმინდა წამებულს საკანონო დაურღვევია და თავის ბერ-მოძღვარს განშორებია, ჰოდა, ამიტომაც, დიად ქმედებათა მიუხედავად, ბერ-მოძღვრის გადაწყვეტილების გარეშე შენდობას ვერ ეღირსებოდა. მაგრამ როცა იქ მიწვეულმა ბერ-მოძღვარმა საკანონოსგან განათავისუფლა, დაკრძალვა შესაძლებელი მაშინღა შეიქმნა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ძველთაძველი ლეგენდაა, მაგრამ ნამდვილ ამბავსაც მოგახსენებთ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ რომ მოხდა: ერთმა ჩვენმა თანამედროვე ბერმა ათონში დაიდო ბინა, წმინდა ადგილი, მყუდრო თავშესაფარი მთელი სულითა და გულით შეიყვარა, მაგრამ ბერ-მოძღვარმა უცებ უბრძანა, რომ ათონი დაეტოვებინა, ჯერ იერუსალიმში ჩასულიყო წმინდა ადგილების თაყვანსაცემად, მერე კი უკან, რუსეთში, ჩრდილოეთში, ციმბირში დაბრუნებულიყო: "შენი ადგილი აქ კი არა, იქ არისო". განცვიფრებული და დიდად დამწუხრებული ბერი კონსტანტინოპოლში ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან და შეევედრა, საკანონო ამხსენიო, მაგრამ მსოფლიო პატრიარქმა უპასუხა, არა მარტო მე, მსოფლიო პატრიარქი, ვერ აგხსნის საკანონოს, არამედ მთელს ქვეყნიერებაზე არ არის და არც შეიძლება იყოს ვინმე, ვინც უფლებამოსილია, ბერ-მოძღვრის მიერ უკვე დაკისრებული საკანონო აგხსნას, ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ თვით იმ ბერ-მოძღვარსა აქვს, ვინც საკანონო დაგაკისრაო. ამგვარად, ბერ-მოძღვრობას გარკვეულ შემთხვევებში უსაზღვრო და მიუწვდომელი ძალა-უფლება აქვს მინიჭებული. აი, რატომ იყო, რომ ჩვენს ბევრ მონასტერში ბერ-მოძღვრობას თავდაპირველად ლამის დევნა დაუწყეს. ამავდროულად ბერ-მოძღვრებმა ხალხში უმალვე დიდი პატივისცემა მოიპოვეს. ჩვენი მონასტრის ბერ-მოძღვრებთან, მაგალითად, თავს იყრიდნენ მდაბიონიც და დიდად წარჩინებულნიც, რათა მათ წინაშე დამხობილებს თავიანთი ეჭვები, თავიანთი სატკივარი გაენდოთ, ცოდვები ეღიარებინათ და რჩევა-დარიგება მიეღოთ. ბერ-მოძღვართა მოწინააღმდეგენი ამას რომ ხედავდნენ, სხვა ბრალდებებთან ერთად გაჰყვიროდნენ, აღსარების საიდუმლო თვითნებურად და უაზროდ კნინდებაო; თუმცაღა, მორჩილთაგან ანდა საეროთაგან ბერ-მოძღვრებისთვის განუწყვეტელი გადაშლა გულისა როგორც საიდუმლო, ისე არ მიმდინარეობს. ყოველივე მაინც იმით დასრულდა, რომ ბერ-მოძღვრობა ძალას იკრებს და რუსულ მონასტრებში თანდათან მკვიდრდება. თუმცაღა, ისიც მართალია, რომ მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანის ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესულ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს.

ბერ-მოძღვარი ზოსიმე ასე სამოცდახუთი წლისა იქნებოდა. ჩამომავლობით მემამულე, ოდესღაც, ძალზე ახალგაზრდა სამხედრო, კავკასიაში ობერ-ოფიცრად მსახურობდა.* უეჭველია, რომ მან ალიოშა თავისი სულის რაღაც განსაკუთრებული თვისებით განაცვიფრა. ალიოშა მის სენაკში ცხოვრობდა, რადგან ბერ-მოძღვარმა ძალიან შეიყვარა და დაიახლოვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ალიოშა მონასტერში იმხანად ცხოვრებისას შეზღუდული არაფრით ყოფილა, შეეძლო, სადაც მოისურვებდა, იქ წაულიყო, თუნდაც რამდენიმე დღით, ხოლო ანაფორა ნებაყოფლობით ჩაიცვა, რათა მონასტერში არავისგან განსხვავებულიყო. რაღა თქმა უნდა, ეს თავადაც ეხალისებოდა. შესაძლოა, ალიოშას ჭაბუკურ წარმოსახვაზე ძლიერად იმოქმედა იმ ძალამ და დიდებამ, რითაც განუწყვეტლივ იყო მოსილი მისი ბერ-მოძღვარი. ბერ-მოძღვარ ზოსიმეზე ბევრი ამბობდა, მრავალი წლის მანძილზე რაკიღა ყველას იღებს, ვინც მასთან აღსარების სათქმელად და გულის გადასაშლელად მიდის, ვისაც მისი რჩევისა და განმკურნავი სიტყვის გაგონება სწადია, მისი სული იმდენი აღსარების, გულისწუხილის, აღიარების მოზიარე გახდა, რომ ბოლოს ისეთი დახვეწილი გამჭრიახობა შეიძინა, მასთან მისულ უცნობს სახეზე ერთხელ შეხედავს და უმალ ამოიცნობს, რისთვისაა მისული, რა სჭირდება, იმასაც კი ხვდება, მის სინდისს რა სტანჯავს, ჰოდა, ვიდრე იგი სიტყვას დაძრავს, მისი საიდუმლოს ცოდნით ისე განაცვიფრებს, ლამის შიშს ჰგვრისო. მაგრამ ალიოშა ამასთანავე თითქმის ყოველთვის ამჩნევდა, რომ მრავალნი, თითქმის ყველანი, ვინც ბერ-მოძღვართან პირველად მოდიოდა განმარტოებით სასაუბროდ, შეშინებულნი და შეშფოთებულნი შედიოდნენ, იქიდან კი თითქმის ყოველთვის გაბრწყინებულნი და გახარებულნი გამოდიოდნენ. ყველაზე დაღვრემილს სახეზე ბედნიერება ეხატებოდა. ალიოშას განსაკუთრებით ის აოცებდა, რომ ბერ-მოძღვარს სიმკაცრის ნატამალიც არ გააჩნდა, პირიქით, ყოველთვის მხოლოდ მხიარული მოპყრობა სჩვეოდა. ბერები მასზე ამბობდნენ, სულიერად სწორედ იმას შეეთვისება, ვინც უფრო ცოდვილია და ვინც ყველაზე მეტად შემცოდეა, ყველაზე უფრო იმას შეიყვარებს, ვინც ყველაზე მეტად შემცოდეაო. ბერ-მოძღვრის მოძულე და მოშურნე ბერები მისი სიცოცხლის ბოლო ხანებშიც კი იყვნენ, მაგრამ მათი რიცხვი თანდათან კლებულობდა, ჰოდა, დუმდნენ, თუმცა მათ შორის მონასტერში ძალზე დიდი სახელისა და გავლენის მქონე პირიც ერია, მაგალითად, ერთი უძველეს ბერთაგანი, მარად მდუმარე და არაჩვეულებრივი მემარხულე. მაგრამ დიდი უმრავლესობა უეჭველად უკვე ბერ-მოძღვარ ზოსიმეს ემხრობოდა, ხოლო ბევრ მათგანს მთელი გულით, მგზნებარედ და გულწრფელად უყვარდა. ხოლო ზოგიერთნი თითქმის ფანატიკურად ერთგულნი იყვნენ. ისინი მთლად ხმამაღლა არა, მაგრამ პირდაპირ ამბობდნენ, იგი წმინდანია, ეს უკვე უეჭველიაო, და, რაკიღა მისი აღსასრულის მოახლოებას გრძნობდნენ, იმასაც კი მოელოდნენ, რომ განსვენებული სასწაულებს მოახდენდა და მონასტერს უახლოეს ხანში სახელს დიდად გაუთქვამდა. ბერ-მოძღვარს სასწაულებრივი ძალა რომ ჰქონდა, ალიოშასაც უცილობლად სჯეროდა, ზუსტად ისევე, როგორც უცილობლად სჯეროდა, რასაც ეკლესიიდან გაფრენილ კუბოზე ყვებოდნენ. იგი ხედავდა, სნეული ბავშვების ანდა ასაკოვანი ახლობლების მომყვანნი ბერ-მოძღვარს როგორ ემუდარებოდნენ, რომ მას სნეულისთვის ხელი შეეხო და ლოცვა წარმოეთქვა, შემდეგ კი მალევე, ხოლო ზოგნი მეორე დღესვე, უკან ბრუნდებოდნენ, ბერ-მოძღვრის წინაშე თვალცრემლიანნი იჩოქებდნენ და სნეულთა განკურნებისთვის მადლობას სწირავდნენ. ნამდვილად განიკურნენ თუ თავისთავად გამოკეთდნენ, ალიოშა ამას არ დაეძებდა, რადგან თავისი მასწავლებლის სულიერი ძალისა უყოყმანოდ სჯეროდა და მისი დიდება ისეთ სიხარულს ანიჭებდა, როგორსაც საკუთარი წარმატება მოჰგვრიდა. განსაკუთრებით გული მაშინ აუძგერდებოდა და სახე მაშინ გაუბრწყინდებოდა, როცა ბერ-მოძღვარი მდაბიო მლოცველებთან გადიოდა, სავანის ჭიშკართან თავი რომ მოეყარათ და მის გამოსვლას ელოდნენ. ეს ხალხი მთელი რუსეთიდან იყო მოსული იმისათვის, რათა იგი ენახათ და მის დალოცვას ღირსებოდნენ. მლოცველნი მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, ტიროდნენ, ფეხებზე ჰკოცნიდნენ, იმ მიწასაც ჰკოცნიდნენ, სადაც იგი იდგა, შეჰღაღადებდნენ, დედაკაცები შვილებს უწვდიდნენ, ბნედიანი სნეულები მასთან მიჰყავდათ. ბერ-მოძღვარი ხალხს ესაუბრებოდა, მოკლე ლოცვას წარმოთქვამდა, დალოცავდა და გაისტუმრებდა. ბოლოხანს სნეულების შემოტევებისგან ბერ-მოძღვარი ისე მისუსტდებოდა ხოლმე, სენაკიდან ფეხის გადგმას ძლივსღა ახერხებდა და მლოცველები მის გამოსვლას მონასტერში რამდენიმე დღეს ელოდნენ. ალიოშას გასაკვირად არ მიაჩნდა, ხალხს ბერ-მოძღვარი ასე რომ უყვარდა და მის წინაშე იჩოქებდა, მის სახეს თვალს როცა მოჰკრავდნენ, გრძნობამორეულნი რომ ტიროდნენ. ო, იგი მშვენივრად იყო მიხვედრილი, რომ ჯაფითა და მწუხარებით და, რაც მთავარია, გამუდმებული უსამართლობითა და როგორც თავისი, ისე საყოველთაო ცოდვით გატანჯულ რუს მდაბიოთა თვინიერი სულისათვის არ არსებობს უფრო ძლიერი მოთხოვნილება და ნუგეში, როგორც წმინდა ადგილისა და წმინდანის მოძიება, მის წინაშე დამხობა და ვედრებაა: "თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია". ალიოშამ იცოდა, რომ ხალხი სწორედ ამას გრძნობდა და ამას ფიქრობდა; ეს ხომ იცოდა, მაგრამ ის, რომ ბერ-მოძღვარი იყო სწორედ ის წმინდანი, ხალხის თვალში მცველი ღვთიური სიმართლისა - თავადაც სრულებით არ ეპარებოდა ეჭვი, ისევე როგორც ამ აცრემლებულ გლეხებსა და მათ სნეულ ცოლებს, ხელში ბავშვები რომ ეჭირათ და ბერ-მოძღვარს უწვდიდნენ. ხოლო რწმენა იმისა, რომ ბერ-მოძღვარი გარდაცვალების შემდეგ მონასტერს არაჩვეულებრივ დიდებას მოუხვეჭდა, ალიოშას მონასტერში მყოფთაგან, შესაძლოა, ყველაზე მეტად ჰქონდა სულში გამჯდარი. საერთოდაც, ბოლო ხანებში, რაღაც ღრმა, მგზნებარე, შინაგანი აღფრთოვანება მის გულს სულ უფრო მძლავრად ეუფლებოდა. ოდნავადაც არ აშფოთებდა ის, რომ მხოლოდ ბერ-მოძღვარი იყო ასეთი: "სულ ერთია, იგი წმინდაა, მის გულში ყველასთვის სუფევს განახლების საიდუმლო, ის ძალა, რომელიც ბოლოს ამქვეყნად სიმართლეს დაამკვიდრებს და ყველა წმინდა იქნება, ყველას ეყვარება ერთმანეთი, აღარ იქნებიან არც მდიდარნი, არც ღარიბნი, არც აღმატებულნი, არც დამცირებულნი, ყველანი იქნებიან, როგორც ღვთის შვილნი და ნამდვილი ქრისტეს მეუფება დამკვიდრდება". აი, რა ეზმანებოდა ალიოშას გულს.

მე მგონი, ალიოშაზე უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა მისი ძმების ჩამოსვლამ, რომელთაც მანამდე სრულებით არ იცნობდა. უფროსი ძმა, დიმიტრი ფიოდოროვიჩი, თუმცა უფრო გვიან ჩამოვიდა, ალიოშა მას უფრო მალე დაუახლოვდა, ვიდრე მეორე (ღვიძლ) ძმას, ივან ფიოდოროვიჩს. ივანესთან დაახლოება უსაზღვროდ ეწადა, მაგრამ იგი აგერ უკვე ორი თვეა იქ ცხოვრობდა და თუმცა ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ, მაინც ვერა და ვერ დაახლოვდნენ: ალიოშა თავადაც სიტყვაძუნწი იყო და თითქოს რაღაცას ელოდა, თითქოს რაღაცისა რცხვენოდა. თუმცა თავდაპირველად ამჩნევდა, რომ ივანე ცნობისმოყვარე მზერას მისკენ ხანგრძლივად მიმართავდა ხოლმე, მაგრამ მალე, მგონი, მასზე ფიქრიც კი შეწყვიტა. ალიოშამ ეს შეამჩნია და, ცოტა არ იყოს, შეცბუნდა. ძმის გულგრილობა ასაკსა და, განსაკუთრებით, განათლებაში განსხვავებას მიაწერა. მაგრამ ალიოშა სხვა რამესაც ფიქრობდა: მის მიმართ ასეთი მცირედი დაინტერესება და თანაგრძნობა ივანეს, შესაძლოა, სულ სხვა, ალიოშასათვის სრულიად უცნობი რამის გამო ჰქონოდა. რატომღაც სულ ეჩვენებოდა, რომ ივანეს არსება შინაგან, მნიშვნელოვან რაღაცას მოეცვა, რომ იგი რაღაც მიზნისკენ, შესაძლოა, ძალიან ძნელად მისაღწევი მიზნისკენ მიისწრაფოდა, ამიტომაც მისთვის არ ეცალა და სწორედ ეს იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ალიოშას დაბნეული უყურებდა. ალიოშა იმასაც ფიქრობდა, თავად განსწავლული ათეისტი, მე, სულელ მორჩილს, ათვალწუნებით ხომ არ მიყურებსო. მისი ძმა ათეისტი რომ იყო, დანამდვილებით იცოდა. ათვალწუნებას, ამგვარი რამ თუნდაც არსებულიყო, საწყენად არ მიიჩნევდა, მაგრამ, თავადაც ვერ მიმხვდარიყო, რაღაცნაირი მღელვარებით მაინც რატომ ელოდა, ძმა მასთან დაახლოებას როდის მოისურვებდა. უფროსი ძმა დიმიტრი ფიოდოროვიჩი ივანეზე უდიდესი პატივისცემით, გულში ჩამწვდომად ლაპარაკობდა. ალიოშამ ყოველივე დაწვრილებით მისგანვე შეიტყო იმ დიმდნიშვნელოვანი საქმის თაობაზე, რამაც უფროსი ძმები ბოლო დროს მჭიდროდ დააკავშირა. დიმიტრის მიერ ივანეზე აღფრთოვანებით გამოთქმული შეფასებები ალიოშას თვალში მით უფრო დამახასიათებელი გახლდათ, რომ დიმიტრი ივანესთან შედარებით თითქმის გაუნათლებელი იყო და თუ მათ შეადარებდით, ნახავდით, რომ ისეთი აშკარად საპირისპირო ხასიათისანი იყვნენ, ერთმანეთისთვის მათზე მეტად შეუფერებელ ორ ადამიანს ვერ წარმოიდგენდით.

ბერ-მოძღვრის სენაკში, აი, იმხანად შედგა ამ მოუწესრიგებელი ოჯახის ყველა წევრის პაემანი, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ოჯახური თავყრილობა, რამაც ალიოშაზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა. ამ თავყრილობის საბაბი, სინამდვილეში, ყალბი გახლდათ. მემკვიდრეობასა და ქონებრივ ანგარიშსწორებაზე დიმიტრი ფიოდოროვიჩის უთანხმოებამ მამამისთან, ფიოდორ პავლოვიჩთან, უკიდურეს წერტილს, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ მიაღწია. ურთიერთობა დაიძაბა და აუტანელი გახდა. ფიოდორ პავლოვიჩმა, მგონი, პირველმა და, მგონი, მასხრობით გამოთქვა აზრი, ბერ-მოძღვარ ზოსიმეს სენაკში შეკრებილიყვნენ; მისი პირდაპირი შუამავლობისთვის თუნდაც არ მიემართათ, როგორმე წესიერად მაინც მოილაპარაკებდნენ, ამასთანავე ბერ-მოძღვრის სახესა და ღირსებას იქნებ შთამაგონებელი და შემარიგებელი გავლენა მოეხდინა. დიმიტრი ფიოდოროვიჩი ბერ-მოძღვართან არასოდეს ყოფილა, თვალითაც არ უნახავს, ჰოდა, იფიქრა, ბერ-მოძღვრით შეშინებას მიპირებენო, მაგრამ ეს გამოწვევა მიიღო, რაკიღა საკუთარ თავს გულში თავადვე კიცხავდა მამასთან ბოლო ხანებში გამოჩენილი ძალზე უკმეხი საქციელის გამო. სიტყვამ მოიტანა და უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ივან ფიოდოროვიჩივით მამამისის სახლში კი არ ცხოვრობდა, ცალკე, ქალაქის მეორე ბოლოში იყო დაბინავებული. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ იმ ხანად ჩვენთან მყოფი პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი ფიოდორ პავლოვიჩის ამ იდეას განსაკუთრებით ჩაეჭიდა. ორმოციანი და ორმოცდაათიანი წლების ლიბერალმა, თავისუფლად მოაზროვნემ და ათეისტმა, შესაძლოა, მოწყენილობის გამო, ანდა, შესაძლოა, თავის შესაქცევად, ამ საქმეში განსაკუთრებული მონაწილეობა მიიღო. უცებ მონასტრისა და "წმინდანის" ნახვა მოესურვა. რადგან მონასტერთან მისი ძველისძველი დავა ისევ გრძელდებოდა, მათ სამფლობელოთა შორის საადგილმამულო მიჯნაზე, ტყის ჭრისა და მდინარეში თევზაობის უფლებებზე უთანხმოებას ბოლო არ უჩანდა და ასე შემდეგ, ამიტომ გადაწყვიტა, ეს ამბავი საბაბად გამოეყენებინა, მონასტრის წინამძღვართან მოლაპარაკების სურვილი გამოეთქვა, იქნებ დავა როგორმე სიამტკბილობით მოვაგვაროთო. ამგვარი კეთილი განზრახვით მოსულ სტუმარს, რა თქმა უნდა, უფრო ყურადღებით, უფრო თავაზიანად შეხვდებოდნენ, ვიდრე ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მსურველს. ამდაგვარ მოსაზრებათა გამო მონასტერში, შესაძლოა, რაღაც ზემოქმედება მოეხდინათ სნეულ ბერ-მოძღვარზე, რომელიც ბოლო დროს სავანიდან თითქმის აღარ გადიოდა და ავადმყოფობის გამო ჩვეულებრივ მომსვლელთაც კი უარით ისტუმრებდა. დასრულდა იმით, რომ ბერ-მოძღვარი დათანხმდა და დღე დაინიშნა: "ვინ დამაყენა მათ მსაჯულად ანდა გამყრელად?"* - მხოლოდ ეს უთხრა ღიმილით ალიოშას.

პაემნის ამბავი როცა შეიტყო, ალიოშა ძალიან შეცბუნდა. ამ თავყრილობას მოდავე-მოკამათეთა შორის სერიოზულად, უეჭველია, მხოლოდ და მხოლოდ უფროსი ძმა დიმიტრი შეიძლებოდა მოჰკიდებოდა. სხვები, ყველანი ფუქსავატური და, შესაძლოა, ბერ-მოძღვრის შეურაცხმყოფელი მიზნებით მოსულიყვნენ, - აი, რას ფიქრობდა ალიოშა. მისი ძმა ივანე და მიუსოვი ცნობისმოყვარეობის გამო, თანაც იქნებ ძალზე უხეში ცნობისმოყვარეობის გამო მოვიდოდნენ, ხოლო მამამისი, შესაძლოა, რაიმე სამასხრო და მსახიობური სცენის გასამართავად. ო, ალიოშა თუმცა დუმდა, უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა მამამისს. ვიმეორებ, ეს ყმაწვილი არც ისეთი მიამიტი გახლდათ, როგორადაც ყველას მიაჩნდა. იგი დანიშნულ დღეს გულდამძიმებული ელოდა. უეჭველია, თავისთვის, გულში, ძალიან ზრუნავდა იმაზე, რომ ოჯახური უთანმხმოებანი როგორმე დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, მისი უმთავრესი საზრუნავი მაინც ბერ-მოძღვარი გახლდათ: გული უკრთოდა, ვაითუ მის სახელს რამე ევნოს, ვაითუ შეურაცხყონო; განსაკუთრებით ეშინოდა მიუსოვის დახვეწილი, ზრდილობიანი გაკენწვლისა და განსწავლული ივანეს მედიდურად ნათქვამი გადაკრული სიტყვებისა, რაკიღა ყოველივე ამგვარად წარმოედგინა. ერთი პირობა ბერ-მოძღვრის გაფრთხილებასაც კი აპირებდა, უნდოდა, რაიმე ეთქვა მომსვლელთა თაობაზე, მაგრამ დაფიქრდა და აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ ეგ იყო, რომ დანიშნული დღის წინ ერთი ნაცნობის პირით დიმიტრის შეუთვალა, ძალიან მიყვარხარ და შენგან დანაპირების შესრულებას მოველიო. დიმიტრი ჩაფიქრდა, რადგან ვერ გაიხსენა, რას უნდა შეპირებოდა, და წერილით უპასუხა, "სიმდაბლისგან" თავს შევიკავებ და თუმცა ბერ-მოძღვარსა და ივანეს უაღრეს პატივსა ვცემ, მაინც დარწმუნებული ვარ, აქ რაღაც მახეა დაგებული ანდა უღირსი კომედიაა. "მიუხედავად ამისა, მირჩევნია, ენას კბილი დავაჭირო, ვიდრე კადნიერად მოვეპყრა წმინდა მამას, ვისაც შენ ასე ეთაყვანებიო", - ასე დაასრულა წერილი დიმიტრიმ. ალიოშა ამ წერილმა დიდად გაამხნევა.

წიგნი მეორე

უადგილო თავყრილობა

I

მონასტერს ეწვივნენ

აგვისტოს მიწურულის მშვენიერი, თბილი, სხივმოსილი დღე იდგა. ბერ-მოძღვართან პაემანი გვიანი წირვის დამთავრებისთანავე, დაახლოებით თორმეტის ნახევრისთვის დათქვეს. თუმცაღა, ჩვენი სტუმრები მონასტერში წირვაზე არ მობრძანებულან, ზუსტად იმ დროს მოვიდნენ, როცა წირვა დამთავრდა. მოვიდნენ ორი ეტლით. პირველი, კოხტა ეტლით, რომელშიც ორი მშვენიერი ცხენი იყო შებმული, პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი მობრძანდა შორეულ ნათესავთან, ძალიან ახალგაზრდა კაცთან, ოციოდე წლის ყმაწვილთან, პიოტრ ფომიჩ კალგანოვთან ერთად. ეს ყმაწვილი უნივერსიტეტში შესასვლელად ემზადებოდა, ხოლო მიუსოვი, ვისთანაც იგი ჯერჯერობით რატომღაც ცხოვრობდა, უცხოეთში, ციურიხში ანდა იენაში წასასვლელად აგულიანებდა, რათა უნივერსიტეტში იქ შესულიყო და იქაური კურსი დაემთავრებინა. ყმაწვილ კაცს ჯერ არ გადაეწყვიტა. იგი გულჩათხრობილი და თითქოს დაბნეული ჩანდა. საკმაოდ მაღალსა და ტანბრგეს სასიამოვნო სახე ჰქონდა. მზერა ზოგჯერ უცნაურად გაუქვავდებოდა: როგორც ყველა ძალიან დაბნეულ ადამიანს სჩვევია, ხანდახან დიდხანს, ჯიქურ გიცქეროდათ, მაგრამ სრულებით ვერ გხედავდათ. სიტყვაძვირი და ოდნავ მოუქნელი კი იყო, მაგრამ ხან, - თანაც, უსათუოდ მაშინ, როცა ვინმესთან განმარტოვდებოდა, - უეცრად სიფიცხე მოეძალებოდა, ლაპარაკისა და სიცილის გუნებაზე დადგებოდა და ღმერთმა უწყის, რაზე იცინოდა. თუმცაღა აღტყინება ისევე მალე ჩაუცხრებოდა, რა სწრაფად და უეცრადაც ეწყებოდა. მუდამ კარგად, ლამის დახვეწილად იცვამდა; რაღაც საკუთარი ქონება უკვე გააჩნდა და გაცილებით დიდ ქონებას კიდევ მოელოდა. ალიოშასთან მეგობრობდა.

ფიოდორ პავლოვიჩი თავის ვაჟთან, ივან ფიოდროვიჩთან ერთად მოვიდა მეეტლის ძალზე ძველი, ჟღრიალა, მაგრამ დიდი ეტლით, რომელშიც ორი სისვ-ვარდისფერი ბებერი ცხენი შეებათ. ეს ეტლი მიუსოვის ეტლს საკმაოდ ჩამორჩენოდა. დიმიტრი ფიოდოროვიჩს თავშეყრის დრო წინადღითვე შეატყობინეს, მაგრამ მან დაიგვიანა. სტუმრებმა ეტლები გალავანთან, სასტუმროში დატოვეს და მონასტრის ჭიშკარში ქვეითად შევიდნენ. ფიოდორ პავლოვიჩის გარდა დანარჩენ სამ სტუმარს მონასტერი არასოდეს ენახა, ხოლო მიუსოვს იქნებ ოცდაათი წელიც იყო,რაც ეკლესიაში ფეხი არ შეედგა. იგი იქაურობას ერთგვარი ცნობისმოყვარეობით და, ცოტა არ იყოს, განზრახ გამოხატული მოურიდებლობით ათვალიერებდა. მაგრამ მისმა დაკვირვებულმა გონებამ მონასტრის წიაღში საეკლესიო და სამეურნეო, თანაც ძალზე ჩვეულებრივ ნაგებობათა გარდა ვერაფერი მოიძია. ეკლესიიდან ბოლო მლოცველები გამოდიოდნენ, ქუდს იხდიდნენ და პირჯვარს იწერდნენ. მდაბიოთა შორის უფრო მაღალი საზოგადოებისანიც მოჩანდნენ: ჩამოსულნი - ორი-სამი ქალბატონი და ერთიც ძალიან მოხუცი გენერალი; ისინი სასტუმროში იყვნენ დაბინავებულნი. ჩვენს სტუმრებს უმალვე მათხოვრები შემოეხვივნენ, მაგრამ არავინ არაფერი უწყალობა. მხოლოდ პეტრუშა კალგანოვმა ამოიღო საფულიდან ორშაურიანი და, რატომღაც დარცხვენილმა, სასწრაფოდ ჩაუდო ხელში ერთ დედაკაცს, თანაც ჩაულაპარაკა, თანაბრად გაინაწილეთო. მის თანამგზავრთაგან ეს არავის შეუმჩნევია, ისე რომ, აღარც უნდა დაერცხვინა, მაგრამ ამას მიხვდა თუ არა, უფრო მეტად დაირცხვინა.

ერთი რამ კი გასაკვირი გახლდათ: მათი მოლოდინი ნამდვილად უნდა ჰქონოდათ და ალბათ ერთგვარი პატივითაც უნდა დახვედროდნენ: ერთმა სულ ცოტა ხნის წინ ათასი მანეთი შესწირა, ხოლო მეორე, ასე ვთქვათ, უმდიდრესი და უგანათლებულესი კაცი გახლდათ, ვისგანაც ყველანი გარკვეულწილად დამოკიდებულნი იყვნენ იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესი მდინარეში თევზაობის თაობაზე. ჰოდა, მიუხედავად ამისა, ოფიციალურ პირთაგან მათ არავინ ეგებებოდა. მიუსოვი ეკლესიის მახლობლად საფლავის ქვებს დაბნეული უცქეროდა და უნდოდა ეთქვა, ასეთ "წმინდა" ადგილას მიცვალებულების დასაფლავება ჭირისუფლებს ალბათ ძვირი დაუჯდებოდათო, მაგრამ ხმა არ ამოუღია: უბრალო ლიბერალური ირონია მის გულში ლამის მრისხანებად გარდაიქმნა.

- ეშმაკმა დალახვროს, ეს რა უთავბოლობაა. აქ მაინც ვის უნდა ვკითხოთ რაღაც უნდა გადავწყვიტოთ, იმიტომ რომ დრო გადის, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მან.

უცებ მათთან ერთი ხნიერი, შემელოტებული ბატონი მივიდა. განიერი საზაფხულო პალტო ეცვა, დაშაქრულად იმზირებოდა. მან შლაპა ოდნავ აიწია, ენა დაშაქრულად მოიჩლიქა და ყველას ერთად გაეცნო, თქვა, ტულელი მემამულე მაქსიმოვი ვარო. ჩვენი მგზავრების საზრუნავი გულთან უმალ მიიტანა.

- ბერ-მოძღვარი ზოსიმე სავანეში ცხოვრობს. განმარტოებულ სავანეში, მონასტრიდან ოთხასიოდე ნაბიჯზე, ტყის იქით

- ტყის იქით რომ არის, თავადაც ვიცი, - უპასუხა ფიოდორ პავლოვიჩმა, - მაგრამ გზა სრულებით აღარ გვახსოვს, დიდი ხანია, არ ვყოფილვართ.

- აი, ამ ჭიშკრიდან გახვალთ და ტყეს გაუყვებით ტყეს. წამოდით. თუკი ინებებთ თავად მეც მეც აქეთ, აი, აქეთ

ისინი ჭიშკრიდან გავიდნენ და ტყეს გაუყვნენ. მემამულე მაქსიმოვი, სამოციოდე წლის კაცი, კი არ მიაბიჯებდა, არამედ, უკეთ თუ ვიტყვით, მგზავრების გვერდით ლამის გარბოდა და ყველას გაფაციცებით, უსაზომო ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა, თვალები ლამის გადმოსცვივნოდა.

- იცით რა, ჩვენ იმ ბერ-მოძღვართან ჩვენს საქმეზე მივდივართ, - მკაცრად უთხრა მას მიუსოვმა, - ასე ვთქვათ, აუდენცია მივიღეთ "იმ პირისგან", ჰოდა, ამიტომ გზის სწავლებისთვის თუმცა გემადლიერებით, მაგრამ ჩვენთან ერთად შემოსვლას არ გთხოვთ.

- მე ვიყავი, ვიყავი, უკვე ვიყავი Un chevalier narfait! - და მემამულემ თითები გაატკაცუნა.

- ვინ არის chevalier? - ჰკითხა მიუსოვმა.

- ბერ-მოძღვარი, დიდებული ბერ-მოძღვარი, ბერ-მოძღვარი სახელი და დიდება მონასტრისა. ზოსიმე. ეს ისეთი ბერ-მოძღვარია

_______________________

1. სრულქმნილი რაინდია! (ფრანგ.).

2. რაინდი? (ფრანგ.).

მაგრამ ას ეს არეულ-დარეული ლაპარაკი შეაწყვეტინა ბერმა, რომელიც მგზავრებს წამოეწია. ბერს თავზე ბარტყულა ეხურა, ტანმორჩილი, ძალზე ფერმიხდილი და გაძვალტყავებული გახლდათ. ფიოდორ პავლოვიჩი და მიუსოვი შეჩერდნენ. ბერმა უსაზღვროდ თავაზიანად, ლამის წელამდე თავმოდრეკით წარმოთქვა:

- ბატონებო, მამა წინამძღვარი ყველას უმორჩილესად გთხოვთ, სავანეში სტუმრობის შემდეგ მასთან წაიხემსოთ. პირველ საათს ნუ გადააცილებთ. თქვენც გიწვევთ, - მიუბრუნდა იგი მაქსიმოვს.

- ამას მე უსათუოდ შევასრულებ! - შეჰყვირა მოპატიჟებით უზომოდ გახარებულმა ფიოდორ პავლოვიჩმა, - უსათუოდ. იცით რა, ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ აქ წესიერად მოვიქცევით პიოტრ ალექსანდროვიჩ, თქვენც წამობრძანდებით?

- ვითომ რატომაც არა? აქ იმისთვის მოვედი, რომ ამათი ყველა აქაური ადათი ვნახო. მხოლოდ ერთი რამ მაბრკოლებს, სახელდობრ, ახლა თქვენთან ერთად რომ ვარ, ფიოდორ პავლოვიჩ

- ჰო, დიმიტრი ფიოდოროვიჩი ჯერაც არ ჩანს.

- ჰოდა, კარგიც იქნება, თუ არ მოვა. რაო, ვითომ, ძალიან მეხალისება თქვენი კინკლაობა და თქვენით გვერდის დამშვენება? სადილად მოვალთ, მამა წინამძღვარს მადლობა მოახსენეთ, - მიუბრუნდა იგი ბერს.

- არა, მე მოვალე ვარ, ბერ-მოღვართან თავად წარგიძღვეთ, - უპასუხა ბერმა.

- რახან ასეა, მე მამა წინამძღვრისკენ გავწევ, ამასობაში მამა წინამძღვარს ვეახლები, - აჟღურტულდა მემამულე მაქსიმოვი.

- მამა წინამძღვარს ამჟამად არ სცალია, მაგრამ როგორც გენებოთ - გაუბედავად უთხრა ბერმა.

- აბეზარი ბერიკაცია, - ხმამაღლა თქვა მიუსოვმა, როცა მაქსიმოვი მონასტრისკენ გაიქცა.

- ფონ ზონსა ჰგავს,* - ჩაილაპარაკა უცებ ფიოდორ პავლოვიჩმა.

- რანაირი ლაპარაკი იცით ფონ ზონს ვითომ რატომ ჰგავს? ფონ ზონი თავად თუ გინახავთ?

- მისი სურათი ვნახე. სახის ნაკვთებით თუ არა, რაღაც ენით უთქმელით წმინდაწყლის ფონ ზონია, მეორე ეგზემპლარი. სიფათზე შევხედავ თუ არა, მაშინვე მივხვდები ხოლმე.

- შესაძლოა. თქვენ ამეების მცოდნე ხართ. ოღონდ, ერთ რამეს გეტყვით, ფიოდორ პავლოვიჩ, ახლახანს ხომ თავად ბრძანეთ, პირობა დავდეთ, რომ წესიერად მოვიქცეთო. ჰოდა, გახსოვდეთ. გეუბნებით, თავი შეიკავეთ. მასხარის როლის თამაშს თუ მოჰყვებით, მე არ ვისურვებ, რომ აქ თქვენნაირებს მიმათვალონ ხედავთ, რა კაცია, - მიუბრუნდა იგი ბერს, - მე მაგასთან ერთად წესიერ ხალხში გარევას ვერიდები.

ბერს მკრთალ, სისხლნაკლულ ტუჩებზე ოდნავი, უსიტყვო ღიმილი გამოესახა, რასაც თავისებური ეშმაკობაც ერია, მაგრამ პასუხად არაფერი უთქვამს; აშკარად ეტყობოდა, რომ დუმილით საკუთარი ღირსების გრძნობას ამჟღავნებდა. მიუსოვს შუბლი უფრო მეტად შეეჭმუხნა.

"ეშმაკმა დალახვროს ყველანი, საუკუნეობით გამომუშავებული გარეგნობა აქვთ, ხოლო არსებითად თაღლითნი და სისულელის მჩმახავნი არიან!" - გაუელვა გონებაში.

- აი, სავანესაც მოვადექით! გალავანი და ჩაკეტილი ჭიშკარი! - შეჰყვირა ფიოდორ პავლოვიჩმა და ჭიშკარის ზემოთ და აქეთ-იქით გამოსახული წმინდანების წინაშე პირჯვრის წერას მოჰყვა.

- სადაც მიხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო, - თქვა მან. - აქ, სავანეში, ოცდახუთი წმინდანი თავის ხნას ცდილობს, ერთმანეთს შესცქერიან და კომბოსტოს ჭამენ. ამ ჭიშკარში ვერც ერთი ქალი ვერ შევა, აი, რა არის საყურადღებო. ეს ხომ მართლაც ასეა. მაგრამ გამიგონია, ბერ-მოძღვარი ქალებს ღებულობსო? - უეცრად მიუბრუნდა ბერს.

- მდაბიო ქალები იქ ახლაც არიან, აგერ იქ, გალერეასთან წვანან, ელიან. ხოლო მაღალი წრის ქალბატონებისთვის, აქვე, გალერეაში, ოღონდ გალავნის გარეთ, ორი ოთახია მოწყობილი, აი, სწორედ ეს ფანჯრებია, ჰოდა, ბერ-მოძღვარი როცა ჯანმრთელადაა, მათთან შიდა კარიდან გადის, ესე იგი, მაინც გალავანს გარეთ; ერთი ქალბატონი, ხარკოველი მემამულე, დაუძლურებულ ქალიშვილთან ერთად, ახლაც იცდის. ალბათ შეჰპირდა, რომ მათთან გამოვა, თუმცა ბოლო დროს ისეთი ღონემიხდილია, რომ ხალხთანაც ძლივს გამოდის.

- მაშასადამე, სავანიდან ქალბატონებთან საძრომი მაინც არის გაყვანილი. წმინდაო მამაო, ნურაფერს იფიქრებთ, ეს ისე ვთქვი. იცით, ათონში, ქალების მარტო შესვლა კი არა, თურმე საერთოდ არ შეიძლება, რომ ქალები და მდედრობითი სქესის რაიმე არსებანი, ქათმები, ინდაურები, ხბორები

- ფიოდორ პავლოვიჩ, მე უკან გავბრუნდები, აქ მარტოს დაგტოვებთ და უჩემოდ აქედან კინწრიკვრით გაგაბრძანებენ, ამას გიწინასწარმეტყველებთ.

- პიოტრ ალექსანდროვიჩ, რას გიშავებთ. ერთი შეხედეთ, - შესძახა მან უეცრად, როცა სავანის ზღუდეს გადააბიჯა, - ნახეთ ერთი, როგორ ვარდების ველზე ბინადრობენ!

მართლაც, ვარდები თუმცა ახლა აღარ ყვაოდა, მაგრამ ყველგან, სადაც კი დარგვა შეიძლებოდა, უამრავი საუცხოო, მშვენიერი შემოდგომის ყვავილი მოჩანდა. აშკარად ჩანდა, რომ ამ ყვავილებს გამოცდილი ხელი უვლიდა. ყვავილნარები ჩაერიგებინათ ეკლესიების ზღუდეთა შიგნით და საფლავებს შორის. ბერ-მოძღვრის სენაკი ერთსართულიან ფიცრულ სახლში იყო მოთავსებული, რომელსაც შესასვლელის წინ გალერეა ჰქონდა. ამ სახლსაც ირგვლივ ყვავილნარი შემოსჯაროდა.

- ეს წინანდელი ბერ-მოძღვრის, ბარსონოფის დროსაც თუ იყო? ამბობენ, იმას მშვენიერებანი არ უყვარდა, ქალთა სქესს წამოუხტებოდა და ჯოხითაც კი სცემდაო, - თქვა ფიოდორ პავლოვიჩმა და პარმაღზე ფეხი შედგა.

- ბერ-მოძღვარი ბარსონოფი ზოგჯერ მართლაც სალოსი გეგონებოდათ, მაგრამ მასზე ბევრ სისულელესაც ჰყვებიან. ჯოხით არასოდეს არავისთვის უცემია, - უპასუხა ბერმა. - ახლა კი, ბატონებო, ერთ წუთს შეიცადეთ, თქვენს მობრძანებას მოვახსენებ.

- ფიოდორ პავლოვიჩ, უკანასკნელად შეგახსენებთ პირობას, გაიგონეთ? წესიერად მოიქეცით, თორემ სამაგიეროს მოგიზღავთ, - ერთხელაც მოასწრო ჩაჩურჩულება მიუსოვმა.

- სრულიად გაუგებარია, ასე ძალიან რამ აგაღელვათ, - დამცინავად უპასუხა ფიოდორ პავლოვიჩმა, - თუ ცოდვებისა გეშინიათ? ამაზე ხომ ამბობენ, თვალებზე ატყობს, გულში ვის რა უძევსო. ამათ შეხედულებას რა დიდად აფასებთ, ასეთი პარიზელი და მოწინავე კი ბრძანდებით, განმაცვიფრეთ კიდევაც, რომ იცოდეთ!

მიუსოვმა ამ სარკაზმზე პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო, რადგან სენაკში მიიწვიეს. იგი ოდნავ გაღიზიანებული შევიდა

"ჩემი თავის ამბავი ხომ ვიცი, გაღიზიანებული ვარ და კამათს დავიწყებ სიფიცხეს გამოვიჩენ და საკუთარ თავსაც და იდეასაც დავამცირებ", - გაურბინა გულში.

II

ტაკიმასხარა

ისინი სენაკში შევიდნენ და ბერ-მოძღვარიც იმავდროულად გამოვიდა საწოლი ოთახიდან. ბერ-მოძღვრის სენაკში გამოსვლას მათ შესვლამდე უკვე ელოდა ორი იქაური სავანის მღვდელმონაზონი, ერთი - მამა ბიბლიოთეკარი და მეორე - მამა პაისი, ავადმყოფი, მაგრამ არც ისე მოხუცებული, ოღონდ, როგორც ამბობდნენ, ძალზე განათლებული. ამათ გარდა კუთხეში მდგარი (მერეც სულ ასევე იდგა) იცდიდა სამოქალაქო სერთუკში გამოწყობილი, ასე ოცდაორი წლის ყმაწვილი კაცი, სემინარიელი და მომავალი ღვთისმეტყველი, რომელსაც მონასტერი და ბერთა ძმობა რატომღაც მფარველობდა. საკმაოდ ტანმაღალს ნორჩი სახე, განიერი ღაწვები და ჭკვიანურად, დაკვირვებით მომზირალი, წვრილი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა. სახეზე უსაზღვრო, ოღონდ ზრდილი კაცის შესაფერი, თვალშისაცემ პირფერობას მოკლებული მოკრძალება ეხატებოდა. შემოსულ სტუმრებს თავის დაკვრით არ მისალმებია, როგორც თანასწორი თანასწორთ, არამედ ისე იდგა, როგორც უწყებას დაქვემდებარებულ, დამოუკიდებლობის უქონელ კაცს შეჰფერის.

ბერ-მოძღვარი ზოსიმე მორჩილისა და ალიოშას თანხლებით შემოვიდა. მღვდელ მონაზვნები მისასალმებლად წამოდგნენ, თავი მდაბლად დაუკრეს, თითები იატაკს შეახეს, მერე მისგან დალოცვა მიიღეს და ხელზე ეამბორნენ. ბერ-მოძღვარმა მათ ჯვარი გადასახა, მისასალმებლად ორივეს თავი ასევე მდაბლად დაუკრა, თითები იატაკს თავადაც შეახო და თითოეულისგან დალოცვა თვითონაც ითხოვა. მთელი ცერემონია ძალზე სერიოზულად ჩატარდა. ისე კი არა, როგორც რაიმე ყოველდღიური წესი, არამედ გრძნობის გამოხატვით. თუმცაღა, მიუსოვს მოეჩვენა, რომ ყოველივე განზრახული შთაგონებით კეთდებოდა. იგი მასთან ერთად შემოსულთა შორის ყველაზე წინ იდგა. საჭირო იყო, - ეს გუშინ საღამოსვე აწონ-დაწონა, - ყოველგვარი იდეის მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ უბრალო ზრდილობის გამო (რაკიღა აქ ასეთი ადათ-წესებია), ბერ-მოძღვართან მისულიყო და დალოცვა მიეღო, ხელზე თუნდ არ ეკოცნა, დალოცვა მაინც მიეღო. მაგრამ ახლა, როცა მღვდელმონაზვნების თავდახრით მისალმება და ამბორი ნახა, გადაწყვეტილება ერთ წამში შეცვალა: ზვიადად და სერიოზულად მიესალმა, როგორც მაღალ საზოგადოებაშია მიღებული, თავი საკმაოდ მდაბლად დახარა და სკამისკენ გაემართა. ზუსტად ასევე მოიქცა ფიოდორ პავლოვიჩიც, რომელმაც მიუსოვს ამჯერად ნამდვილი მაიმუნივით წაბაძა. ივან ფიოდოროვიჩმა თავი ძალიან მედიდურად და ზრდილობიანად დახარა, მაგრამ ხელები იმასაც ჩამოშვებული ჰქონდა, ხოლო კალგანოვმა ისე დაირცხვინა, მისალმება საერთოდ ვერ მოახერხა. ბერ-მოძღვარმა ჯვრის გადასასახავად თითქმის აღმართული ხელი ჩამოუშვა, სტუმრების წინაშე თავი ხელმეორედ დახარა და ყველას სთხოვა, დამსხდარიყვნენ. ალიოშას სახეზე ალმურმა აჰრკა; სირცხვილით გაიწურა. ცუდი წინათგრძნობა აუხდა.

ბერ-მოძვარი ძალზე ძველებურ, ტყავგადაკრულ, წითელი ხის დივანზე ჩამოჯდა, ხოლო ოთხივე სტუმარი, მღვდელმონაზვნების გარდა, გვერდიგვერდ დასვა მოპირდაპირე კედელთან მდგარ წითელი ხის ოთხ სკამზე, რომელთაც ძალზე გაქუცული შავი ტყავი ჰქონდა გადაკრული. მღვდელმონაზვნები ცალ-ცალკე დასხდნენ: ერთი კართან, მეორე ფანჯარასთან. სემინარიელი, ალიოშა და მორჩილი ფეხზე მდგარნი დარჩნენ. მომცრო სენაკს უბადრუკი შესახედაობა ჰქონდა. უხეში, ღარიბული და მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები და ავეჯი ელაგა: ფანჯრის რაფაზე ყვავილების ორი ქოთანი, კუთხეში ბევრი ხატი - ერთი მათგანი ღვთისმშობლისა, უზარმაზარი და, ალბათ, სტაროვესობამდე დიდი ხნით ადრე* დახატული. მის წინ ლამპარი ბჟუტავდა. გვერდით ელვარედ მოჭედილი ორი სხვა ხატი, იმათ გვერდით მდარედ ნაძერწი ქერუბიმები, ფაიფურის კვერცხები, სპილოს ძვლის კათოლიკური ჯვარი, რომელსაც Mater delorosa შემოხვეოდა, და გასული საუკუნეების დიდი იტალიელი მხატვრების ნახატთა რამდენიმე უცხოური გრავიურა. ამ დახვეწილი და ძვირფასი გრავიურების გვერდით თავს იწონებდა წმინდანთა, მოწამეთა და სხვათა რამდენიმე ყველაზე მდაბიური რუსული ლითოგრაფიული ფურცელი, ყველა ბაზრობაზე კაპიკად რომ იყიდება. იყო რამდენიმე ლითოგრაფიული პორტრეტი თანამედროვე და ადრინდელი რუსი მღვდელმთავრებისა, მაგრამ სხვა კედლებზე. მიუსოვმა მთელ ამ "ხაბახუბას" თვალი სწრაფად მოავლო და დაჟინებული მზერა ბერ-მოძღვარს მიაპყრო. იგი თავის მზერას პატივსა სცემდა, რაც საპატიოდ შეიძლება მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე ორმოცდაათი წლისა გახლდათ, იმ ასაკისა, როცა მაღალი წრის ჭკვიან და უზრუნველყოფილ კაცს ყოველთვის, ზოგჯერ უნებურადაც კი, საკუთარი თავის პატივისცემა ემატება.

________________________

1. მწუხარე ღვთისმშობელი (ლათ.).

ბერ-მოძღვარი პირველსავე წამს არ მოეწონა. მას მართლაც ისეთი სახე ჰქონდა, მიუსოვის გარდა ბევრს რომ არ მოეწონებოდა. ტანმორჩილი იყო, წელში მოკაკული, ფეხებმომჩვარული. სამოცდახუთი წლისა ძლივს იქნებოდა, მაგრამ სნეულებათა გამო გაცილებით ხნიერი, ათი წლით უფროსი მაინც გეგონებოდათ. ძალიან გამხდარი სახე წვრილი ნაოჭებით ჰქონდა დაფარული; განსაკუთრებით თვალებთან აჩნდა უამრავი ნაოჭი. ღია ფერის წვრილი, სწრაფი თვალები ისე უელავდა, თითქოს ორი მოკიაფე წერტილიაო. ჭაღარა თმა საფეთქლებთანღა შერჩენოდა. ერთი ბეწო, მეჩხერი, წამახული წვერი, ხშირ ჩაცინებას ჩვეული, ძაფივით გაწვრილებული ტუჩები და არცთუ გრძელი, მაგრამ წაწვეტებული, მთლად ჩიტისებური ცხვირი ჰქონდა.

"ყველაფერზე ეტყობა, ღვარძლიანი და გულზვიადია", - თავში გაუელვა მიუსოვს. საერთოდ, საკუთარი თავით ძალზე უკმაყოფილი იყო.

საათის ხმამ საუბრის დაწყებას ბიძგი მისცა. იაფფასიანმა, საწონებიანმა, კედლის პატარა საათმა თორმეტი სწრაფად ჩამორეკა.

- ზუსტად დანიშნული დროა, - შესძახა ფიოდორ პავლოვიჩმა, - ჩემი ვაჟი, დიმიტრი ფიოდოროვიჩი კი ჯერაც არ ჩანს. მის ნაცვლად ბოდიშს გიხდით, წმიდათაწმინდა ბერ-მოძღვარო! (ალიოშა "წმიდათაწმიდა ბერ-მოძღვრის" გაგონებამ საშინლად შეაკრთო.) თავად მე მუდამ წესიერი ვარ, წუთს არ გადავაცილებ, რადგან მახსოვს, რომ სიზუსტე მეფეთა თავაზიანობაა*

- ყოველ შემთხვევაში, თქვენ ხომ მეფე არ ხართ, - თავი ვერ შეიკავა და უმალ ჩაილაპარაკა მიუსოვმა.

- დიახ, ასეა, მეფე არ ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, პიოტრ ალექსანდროვიჩ, ეს ხომ თავადაც ვიცოდი, ღმერთმანი! ყოველთვის ასე მემართება, უადგილოდ ვიტყვი ხოლმე რაღაცას! თქვენო მაღალღირსებავ! - შეჰყვირა მან უცაბედი პათოსით. - თქვენს წინაშე მასხარაა, ნამდვილი მასხარა! დიახ, თავს ასე წარმოგიდგენთ. ძველი ჩვეულებაა. ვაი, რომ ასეა! ზოგჯერ უადგილოდ რომ ვცრუობ, ამას განზრახ ვჩადივარ, განზრახ, რათა სხვები გავაცინო და სასიამოვნო შთაბეჭდილება მოვახდინო. ხომ საჭიროა, რომ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდე, ასე არ არის? შვიდი წლის წინ ერთ პატარა ქალაქში ჩავედი, იქ საქმეები მქონდა, ვიღაც ვაჭრებთან ერთად კომპანიას ვაკოწიწებდი. ისპრავნიკთან მივედით, რაღაც უნდა გვეთხოვა და ვახშმად მიგვეწვია. გამოვიდა ისპრავნიკი, მაღალი, გაფიჟვინებული, ქერა, პირქუში კაცი - ამგვარ რამეებში ასეთები ყველაზე საშიშნი არიან: ღვიძლი აწუხებთ, ღვიძლი. მე კი, როგორც მაღალი წრის კაცს სჩვევია, პირდაპირ მოურიდებლად ვეუბნები: "ბატონო ისპრავნიკო, ჩვენი, ასე ვთქვათ, ნაპრავნიკი გახდით!"* - "რაო, მეუბნება, რა ნაპრავნიკიო?" იმავე წამს მივხვდი, რომ საქმე არ მოგვარდებოდა. დგას სერიოზულად, ჩამშტერებია. "გახუმრება მსურდა-მეთქი, ვეუბნები, რათა ყველანი გავმხიარულდეთ, იმიტომ რომ ბატონი ნაპრავნიკი ჩვენი ცნობილი რუსი კაპელმაისტერია, ხოლო ჩვენ ჩვენი წამოწყების ჰარმონიისთვის ასევე გვესაჭიროება, რომ ვინმემ, ასე ვთქვათ, კაპელმაისტერობა გაგვიწიოს" ხომ საფუძველიანად განვუმარტე და შევადარე, ასე არ არის? "მომიტევეთ, მეუბნება, მე ისპრავნიკი გახლავართ და უფლაბას არ მოგცემთ, ჩემი წოდება კალამბურის შესათხზველად გამოიყენოთო". შეტრიალდა და წავიდა. მე მივაძახე: "დიახ, დიახ, ნაპრავნიკი კი არა ისპრავნიკი ხართ-მეთქი!" - "არაო, მეუბნება, რაკიღა ითქვა, მაშ ნაპრავნიკი ვიქნებიო". ჰოდა, წარმოგიდგენიათ, ჩვენი საქმე ჩაიფუშა! აი, ასე მემართება, ყოველთვის ასე მემართება. ჩემი თავაზიანობით ჩემსავე თავს ვავნებ ხოლმე! ერთხელ, მრავალი წლის წინ, ერთ გავლენიან კაცს ვუთხარი: "თქვენი მეუღლე ფაქიზი ქალია-მეთქი, ღირსებას, ასე ვთქვათ, ზნეობრივ თვისებას ვგულისხმობდი. ის კი უეცრად მეუბნება: "რაო, მისთვის შეგიღიტინებიათო? . თავი ვეღარ შევიკავე, ვიფიქრე, მოდი, ავყვები-მეთქი: "დიახ, ვეუბნები, შემიღიტინებია-მეთქი." ჰოდა, კარგადაც შემიღიტინა თუმცაღა, ეს დიდი ხნის ამბავია და მოყოლისა აღარცა მრცხვენია. ჩემს თავს მუდამ, აი, ასე ვავნებ ხოლმე!

- ახლაც სწორედ ამას სჩადიხართ, - ზიზღით ჩაილაპარაკა მიუსოვმა.

ბერ-მოძღვარი ერთსაც და მეორესაც მდუმარედ ათვალიერებდა.

- ვითომ განა! პიოტრ ალექსანდროვიჩ, წარმოიდგინეთ, მე ხომ ესეც ვიცოდი. ლაპარაკი დავიწყე თუ არა, რომ იცოდეთ, მაშინვე ვიგრძენი, რას ვაკეთებდი. რომ იცოდეთ, ისიც კი ვიგრძენი, რომ ამას პირველი თქვენ შეამჩნევდით. როცა ვხედავ, რომ ხუმრობა არ გამომდის, თქვენო მაღალღირსებავ, იმ წამებში ორივე ლოყა ქვედა ღრძილებზე მიმეწებება ხოლმე, ლამის კრუნჩხვა მემართება; ეს ყმაწვილობიდანვე მჭირს, როცა აზნაურებთან ვიყავი შეკედლებული და თავი სამადლო ლუკმით გამქონდა. მე ნამდვილი მასხარა ვარ, თქვენო მაღალღირსებავ, დაბადებითვე სალოსი. არ უარვყოფ, ჩემს არსებაში, შესაძლოა, ავი სულია ჩაბუდებული,* თუმცაღა, მცირე კალიბრისა, უფრო მომსხო სხვა ბინას აირჩევდა, ოღონდ თქვენსას არა, პიოტრ ალექსანდროვიჩ, თქვენც ხომ უმნიშვნელო ბინა ხართ. სამაგიეროდ, მე მწამს, ღმერთი მწამს. ეჭვი მარტო ბოლო ხანს შემეპარა. სამაგიეროდ ახლა ვზივარ და დიად სიტყვებს ველი. მე, თქვენო მაღალღირსებავ, ფილოსოფოს დიდეროტივითა* ვარ. გაგიგონიათ თუ არა, უწმინდესო მამაო, იმპერატრიცა ეკატერინას დროს მიტროპოლიტ პლატონთან დიდეროტ-ფილოსოფოსი რომ მივიდა.* შევიდა და პირდაპირ უთხრა: "ღმერთი არ არსებობსო". ხოლო დიადმა მღვდელმთავარმა თითი აღმართა და შესძახა: "თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი!"* დიდეროტი მყისვე ფეხებში ჩაუვარდა და აყვირდა: "მწამს და ნათელს ვიღებო". ჰოდა, იქვე მონათლეს. ნათლიები იყვნენ კნიაგინია დაშკოვა და პოტიომკინი.*

- ფიოდორ პავლოვიჩ, ეს აუტანელია! თავადაც ხომ იცით, რომ ცრუობთ და ეგ სულელური მონაჩხმახი სიცრუეა. რას ტაკიმასხარაობთ? - თავი ვეღარ შეიკავა და ათრთოლებული ხმით თქვა მიუსოვმა.

- ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სიცრუეა! - აღტყინებით შესძახა ფიოდორ პავლოვიჩმა. - ბატონებო, სამაგიეროდ ახლა სრულ სიმართლეს გეტყვით: დიადო ბერ-მოძღვარო! მომიტევეთ, ბოლო ამბავი, დიდეროტის მონათვლაზე, ახლა თავად შევთხზე, აი, სწორედ ამ წუთას, როცა ვყვებოდი, ხოლო ადრე თავში არასოდეს მომსვლია. პიკანტურობისთვის შევთხზე. პიოტრ ალექსანდროვიჩ, ტაკიმასხრობასაც თავის მოსაწონებლად მოვყევი. თუმცაღა, ზოგჯერ თავადაც არ ვიცი, რას რისთვის ვაკეთებ. დიდეროტის თაობაზე კი იმას გეტყვით, რომ "თქვა უგუნურმან" ოცჯერ მაინც გამიგონია აქაური მემამულეებისგან, როცა ახალგაზრდობისას იმათთან ვცხოვრობდი; პიოტრ ალექსანდროვიჩ, სხვათა შორის, დეიდათქვენისგან, მავრა ფომინიშნასგანაც გამიგონია. იმათ დღემდე სჯერათ, რომ უღმერთო დიდეროტი მიტროპოლიტ პლატონთან ღმერთზე საპაექროდ მივიდა

მიუსოვი წამოდგა. მარტო მოთმინება კი არა, თითქოს გონებაც დაკარგა. ცოფი მოერია და გრძნობდა, რომ ამის გამო თავადაც სასაცილო შეიქნა. სენაკში მართლაც სრულიად შეუძლებელი რამ ხდებოდა. მომსვლელნი ამ სენაკში, შესაძლოა, უკვე ორმოცი ანდა ორმოცდაათი წელია, ჯერ კიდევ ადრინდელი ბერ-მოძღვრების დროს იყრიდნენ თავს, მაგრამ უსათუოდ უაღრეს მოკრძალებას გამოხატავდნენ. ვინც კი სენაკის ზუღრბლს გადააბიჯებდა, თითქმის ყველა იმას ფიქრობდა, დიდი მოწყალება მოიღეს, აქ შემოსვლის პატივი რომ დაგვდესო. მრავალნი მუხლებზე დაემხობოდნენ და სანამ იქ იყვნენ, აღარ წამოდგებოდნენ. ბევრნი, "მაღალი წრისანი", თუნდაც დიდად განსწავლულნი, ის კი არა, ზოგი თავისუფლად მოაზროვნეც კი, რომელნიც ცნობისმოყვარეობის გამო ანდა სხვა რაიმე მიზეზით იყვნენ მისულნი, სენაკში სხვებთან ერთად შედიოდნენ თუ განცალკევებული პაემნის ნებას მიიღებდნენ, უკლებლივ ყველანი უპირველეს მოვალეობად მიიჩნევდნენ, პაემნის დასრულებამდე უაღრესი მოკრძალება და თავაზიანობა გამოეხატათ, მით უმეტეს, რომ აქ ფულს არავინ იხდიდა, არამედ ერთი მხარე მხოლოდ სიყვარულსა და შემწყალებლობას ამჟღავნებდა, ხოლო მეორე - მონანიებასა და სურვილს, სულის შემჭირვებელი რაღაც ანდა ცხოვრებისეული, გულის დამამძიმებელი მტკივნეულობანი მოეცილებინა. ისე რომ ამგვარმა უეცრამა ტაკიმასხრობამ, სადაც იმყოფებოდნენ, იმ ადგილისთვის შეუფერებელმა კადნიერებამ, რაც ფილიპ ფიოდოროვიჩმა გამოამჟღავნა, დამსწრეთა შორის, ზოგიერთთა შორის მაინც, შეცბუნება და გაოცება გამოიწვია. მღვდელმონაზვნებს სახეზე არაფერი დასტყობიათ, უაღრესი ყურადღებით ელოდნენ, ბერ-მოძღვარი რას იტყოდა, მაგრამ, მგონი, მზად იყვნენ, მიუსოვივით წამომდგარიყვნენ. ალიოშა თავჩაქინდრული იდგა, ატირებას აღარა უკლდა რა. ყველაზე უფრო უცნაურად ის ეჩვენებოდა, რომ მისი ძმა ივან ფიოდოროვიჩი, ერთადერთი, ვისზეც იმედს ამყარებდა, ერთადერთი, ვისაც მამაზე ისეთი გავლენა ჰქონდა, რომ მისი შეჩერება შეეძლო, ახლა სკამზე გაუნძრევლად იჯდა, თვალები დაეხარა და ალბათ ერთგვარი ცნობისმოყვარეობითაც კი ელოდა, ყოველივე რით დასრულდებოდა, თითქოს თვითონ მთლად უცხო ვიღაც ყოფილიყო. რაკიტინისთვის (სემინარიელისთვის), თავისი ნაცნობისთვის, ლამის ახლობლისთვის, ალიოშას ვეღარ შეეხედა, რადგან მისი აზრები იცოდა (თუმცაღა, მთელ მონასტერში მხოლოდ მან იცოდა).

- მომიტევეთ - უთხრა ბერ-მოძღვარს მიუსოვმა, - შესაძლოა, მეც ამ უღირსი მასხრობის მონაწილედ მიმიჩნიოთ. ჩემი შეცდომა ის გახლავთ, რომ ვირწმუნე, ისეთი კაციც კი, როგორიც ფიოდორ პავლოვიჩია, თქვენისთანა პატივსაცემ პიროვნებასთან სტუმრობისას მაინც თავისი მოვალეობის გაგებას ინებებდა ვერ მოვისაზრე, ბოდიშის მოხდა თუ დამჭირდებოდა სწორედ იმის გამო, რომ მასთან ერთად გეწვიეთ

პიოტრ ალექსანდროვიჩმა აღარ დაასრულა. სირცხვილი ისე მოეძალა, რომ უკვე ოთახიდან გასვლას აპირებდა.

- წუხილს ნუ მიეცემით, გთხოვთ, - ბერ-მოძღვარი უეცრად წამოდგა, დაუძლურებულ ფეხებს ძალა დაატანა, პიოტრ ალექსანდროვიჩთან მივიდა, ორივე მკლავზე ხელები მოჰკიდა და კვლავ სავარძელზე დასვა. - დამშვიდდით, გთხოვთ. განსაკუთრებით თქვენ გთხოვთ, რომ ჩემი სტუმარი იყოთ, - თავი დაუკრა, შეტრიალდა და კვლავ თავის დივანზე დაჯდა.

- დიადო ბერ-მოძღვარო, ბრძანეთ, ჩემმა საქციელმა შეურაცხგყოთ თუ არა? - უცებ შეჰყვირა ფიოდორ პავლოვიჩმა და ორივე ხელი სავარძლის სახელურებს ისე ჩასჭიდა, თითქოს წამოსახტომად ემზადებოდა პასუხის შესაბამისად.

- თქვენც დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ შეწუხდებით და თავს უხერხულად ნუ იგრძნობთ, - დამაჯერებლად უთხრა მას ბერ-მოძღვარმა. - ნუ დაიმორცხვებთ, თავი ისე იგრძნეთ, თითქოს საკუთარ სახლში იყოთ. რაც მთავარია, თქვენივე თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს.

- თითქოს საკუთარ სახლში ვიყო? ესე იგი, თავს ნუ შევიზღუდავ? ოჰ, ეს მეტისმეტია, ძალზე მეტისმეტია, მაგრამ გულაჩუყებული გეთანხმებით! იცით რა, კურთხეულო მამაო, ნუ წამაქეზებთ, თავშეუზღუდავად მოვიქცე, რისკს ნუ გაწევთ მე თვითონ თავს ნებას არ მივცემ, თავშეუზღუდავად მოვიქცე. იმიტომ რომ თქვენ დაგიცვათ, საფრთხეს განგარიდოთ. ხოლო სხვა ყოველივე უცნობია, წყვდიადითაა მოცული, თუმცა ზოგიერთები ჩემს შელამაზებას ისურვებდნენ. ამას, პიოტრ ალექსანდროვიჩ, თქვენი მისამართით ვამბობ, ხოლო თქვენს მიმართ, უწმინდესო არსებავ, თქვენს მიმართ აღფრთოვანებას გამოვთქვამ! - იგი წამოდგა, ხელები აღაპყრო და ისე წარმოთქვა: - "ნეტარ არს მუცელი, რომელმაც გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი,* - ძუძუნი განსაკუთრებით!" ახლა რომ მითხარით: "თქვენივე თავისა ნუ შეგრცხვებაო, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევსო", - ამით ერთიანად განმმსჭვალეთ და გულში რაც მაქვს, ამოიკითხეთ. როცა სადმე ვინმესთან ვარ, სწორედ ასე მეჩვენება, რომ ყველაზე უკეთური ვარ და ყველას ტაკიმასხარა ვგონივარ. ჰოდა, გავიფიქრებ ხოლმე: "მოდი, მართლა მოვყვები ტაკიმასხრობას, თქვენი აზრისა არ მეშინია, იმიტომ რომ უკლებლივ ყველანი ჩემზე უკეთურნი ხართ!" აი, ამიტომ ვარ ტაკიმასხარა, სირცხვილისგან ვარ ტაკიმასხარა, დიადო ბერ-მოძღვარო, სირცხვილისგან. შფოთს მხოლოდ და მხოლოდ ეჭვიანობის გამო ავტეხ ხოლმე. როცა ვისთანმე ვარ, დარწმუნებული თუ ვიქნები, რომ ყველა უმალვე სასურველ და ჭკვიან კაცად მიმიჩნევს, - ღმერთო ჩემო! როგორი კეთილი ვიქნებოდი! მოძღვარო! - იგი უცებ მუხლებზე დაემხო, - რა მოვიმოქმედო, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?* - ახლაც გაგიჭირდებოდათ იმის გარჩევა, ტაკიმასხრობდა თუ მართლა გრძნობამორეული ლაპარაკობდა.

ბერ-მოძღვარმა შეხედა და ღიმილით უთხრა:

- თავადაც, დიდი ხანია, იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, ჭკუა საკმაოდ გაქვთ: ნუ ილოთებთ, თავშეუკავებელ ლაპარაკს, ავხორცობას მოერიდეთ. განსაკუთრებით ერიდეთ ფულის თაყვანისცემას, დახურეთ თქვენი სამიკიტნოები; ყველას თუ ვერ დახურავთ ორი-სამი მაინც დახურეთ. და რაც მთავარია, ყველაზე მთავარია - ნუ იცრუებთ.

- ესე იგი, დიდეროტს გულისხმობთ?

- არამარტო დიდეროტს. მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს, ყველაზე უწინარეს განაწყენდება. განაწყენება ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ასე არ არის? თანაც ხომ იცის, რომ არავის უწყენინებია და წყენას თავად მიეცა, ყოველივე თავად შეთხზა და შესაფერადებლად მოიგონა, თავად გააზვიადა, რათა სასურველი სურათი შეექმნა, სიტყვას გამოეკიდა და წვრილმანი მსხვილმანად აქცია, - ეს თავადაც იცის, მაგრამ მაინც ყველაზე უწინარეს განაწყენდება, უკიდურესი ტკბობის შეგრძნებამდე განაწყენდება, ხოლო შედეგად ნამდვილი მტრობა ეუფლება წამოდექით ახლა და დაჯექით, ძალიან გთხოვთ, ყოველივე ეს ხომ ასევე ცრუ ქმედებაა

- ნეტარო კაცო! ნება მომეცით, ხელზე გეამბოროთ, - ფიოდორ პავლოვიჩი ბერ-მოძღვრისკენ გაექანა და დამჭლევებულ ხელზე სწრაფად აკოცა. - განაწყენება ნამდვილად, ნამდვილად სასიამოვნოა. რა კარგად ბრძანეთ. ასეთი რამ აქამდე არ გამიგონია. დიახ, დიახ, მთელი სიცოცხლე მე ტკბობის შეგრძნებამდე, ესთეტიკისთვის გავნაწყენდებოდი ხოლმე, რადგანაც განაწყენებული რომ ხარ, ეს არა მარტო სასიამოვნოა, ზოგჯერ ლამაზიც კი არის, - აი, რა დაგავიწყდათ, დიადო ბერ-მოძღვარო: ლამაზი! ამას უბის წიგნაკში ჩავიწერ. ხოლო მე მთელი სიცოცხლის მანძილზე განუწყვეტლივ, ყოველდღე, ყოველჟამს ვცრუობდი. ჭეშმარიტად, ცრუ ვარ და სიცრუის მამა!* თუმცა, ვგონებ, სიცრუის მამა კი არა, ყოველთვის სიტყვებს ვურევ ხოლმე, სიცრუის შვილი მაინც ვარ, ესეც საკმარისი იქნება. ოღონდ ჩემო ანგელოზო დიდეროტი ხანდახან შეიძლება! დიდეროტი არაფერს გვავნებს, აი, ზოგიერთი სიტყვა კი გვავნებს. დიადო ბერ-მოძღვარო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა, გადაწყვეტილი კი მქონდა, უკვე სამი წელია, რაც გადაწყვეტილი მქონდა, რომ აქ მეკითხა, სწორედ აქ მოვსულიყავი და მეკითხა. ოღონდ პიოტრ ალექსანდროვიჩს ხომ არ უბრძანებდით, რომ არ შემაწყვეტინოს. აი, რას შეგეკითხებით: მართალია თუ არა, დიადო მამაო, რომ "წმინდათა ცხოვრებაში" სადღაც მოთხრობილია ერთ სასწაულთმოქმედ წმინდანზე, რომელიც რწმენისათვის აწამეს, ხოლო ბოლოს, როცა თავი მოჰკვეთეს, წამოდგა, საკუთარი თავი აიღო და "მოწიწებითა და ამბორისყოფით" დიდხანს მიჰქონდა, "მოწიწებითა და ამბორისყოფით". მართალია ეს თუ არა, პატიოსანო მამანო?

- არა, მართალი არ არის, - უთხრა ბერ-მოძღვარმა.

- ასეთი რამ არც ერთ "წმინდანთა ცხოვრებაში" არ არის. რომელ წმინდანზე ამბობთ, ეს წერიაო? - ჰკითხა ფიოდორ პავლოვიჩს მღვდელ-მონაზონმა, მამა ბიბლიოთეკარმა.

- თავადაც არ ვიცი, რომელ წმინდანზე. მაგეებისა არა ვიცი რა. გავიგონე და მოვტყუვდი. გავიგონე და იცით, ვინ ჰყვებოდა? აი, ეს პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი, ახლახან დიდეროტზე ასე რომ გაცხარდა. დიახ, ეს ჰყვებოდა.

- ეს თქვენთვის არასოდეს მომიყოლია, თქვენთან საერთოდ არასოდეს ვლაპარაკობ.

- მართალი ხართ, ჩემთვის არ მოგიყოლიათ, მაგრამ ამ ოთხი წლის წინ ერთ კომპანიაში მოჰყევით და იმ კომპანიაში მეც გახლდით. ახლა იმიტომ გავიხსენე, რომ იმ სასაცილო მონათხრობით, პიოტრ ალექსანდროვიჩ, ჩემი რწმენა შეარყიეთ. თქვენ ეს არ იცოდით, აზრზეც არ იყავით, ხოლო მე შინ რწმენაშერყეული დავბრუნდი და მას მერე რწმენა სულ უფრო და უფრო მერყევა. დიახ, პიოტრ ალექსანდროვიჩ, თქვენ უდიდესი დაცემის მიზეზი გახდით! დიდეროტი ამასთან რა მოსატანია!

ფიოდორ პავლოვიჩი პათეტიკურად გაცხარდა, თუმცაღა ყველასთვის უკვე სრულიად ცხადი გახლდათ, რომ მისი გაცხარება ახლაც მოჩვენებითი იყო. მაგრამ მიუსოვს თავმოყვარეობა მაინც მტკივნეულად შეელახა.

- სისულელეა, ყოველივე სისულელეა, - ბუტბუტებდა იგი. - შესაძლოა, ოდესღაც მართლაც მოვყევი მაგრამ თქვენთვის არ მომიყოლია. თავად მეც მომიყვნენ. პარიზში მომიყვა ერთი ფრანგი, თითქოს ჩვენთან ამას წირვაზე "წმინდანთა ცხოვრებიდან" კითხულობენ. ის დიდად განსწავლული კაცია, რუსეთის სტატისტიკა საგანგებოდ აქვს შესწავლილი რუსეთში დიდხანს ცხოვრობდა. თავად მე "წმინდანთა ცხოვრება" არ წამიკითხავს არც ოდესმე წავიკითხავ სადილობისას რას აღარ ლაყბობენ მაშინ ვსადილობდით

- დიახ, თქვენ მაშინ სადილობდით, ხოლო მე რწმენა დავკარგე! - გაახელა ფიოდორ პავლოვიჩმა.

- თქვენს რწმენასთან მე რა მესაქმება! - ლამის შეჰყვირა მიუსოვმა, მაგრამ უცებ თავი შეიკავა და ზიზღით ჩაილაპარაკა. - თქვენ რასაც გაეკარებით, ყველაფერს ტალახში ამოსვრით.

ბერ-მოძღვარი უეცრად წამოდგა.

- ბატონებო, მომიტევეთ, მხოლოდ რამდენიმე წუთით უნდა დაგტოვოთ, - მიმართა მან ყველა სტუმარს, - თქვენზე ადრე მოსულნი მელიან. თქვენ კი ტყუილებს მაინც მოეშვით, - მხიარული სახთი მიუბრუნდა იგი ფიოდორ პავლოვიჩს.

იგი სენაკიდან გასასვლელად გაემართა. ალიოშა და მორჩილი მისკენ გაექანნენ, რათა კიბეზე ჩასვლისას მიხმარებოდნენ. ალიოშას სუნთქვა ეკვროდა, უხაროდა, გარეთ რომ გავიდოდა, ამასთანავე, ისიც უხაროდა, ბერ-მოძღვარი რომ არ განაწყენებულა და მხიარული ჩანდა. ბერ-მოძღვარი გალერეისკენ წავიდა, რათა იქ მომლოდინენი დაელოცა. მაგრამ ფიოდორ პავლოვიჩმა სენაკის კართან მაინც შეაჩერა.

- უნეტარესო კაცო! - გრძნობამორევით შესძახა მან. - ნება მიბოძეთ, ხელზე ერთხელაც გემთხვიოთ! არა, თქვენთან ლაპარაკი, თქვენთან ყოფნა კიდევ შეიძლება! თქვენ გგონიათ, მე სულ ვცრუობ და ტაკიმასხრობით ვერთობი? რომ იცოდეთ, მთელი ეს ხანი განზრახ ვიქცეოდი ასე, რათა თქვენ გამომეცადეთ. მთელი ეს ხანი გამოწმებდით, თქვენთან ყოფნა შეიძლებოდა თუ არა? ჩემი თვინიერება თქვენი სიამაყის გვერდით თუ მოთავსდებოდა? ქების ფურცელს განიჭებთ: თქვენთან ყოფნა შეიძლება! ახლა კი დავდუმდები, სამუდამოდ გავჩუმდები. სავარძელზე დავჯდები და ხმაგაკმენდილი ვიქნები. პიოტრ ალექსანდროვიჩ, ახლა თქვენი ჯერია. ილაპარაკეთ, ახლა თქვენ იქნებით უმთავრესი კაცი ათი წუთის მანძილზე.

III

მორწმუნე დედაკაცები

ქვემოთ, გალავნის გარეთა კედელთან მიშენებულ ფიცრულ გალერეასთან იმჟამად ყველა ქალი, ოცამდე დედაკაცი შეჯგუფებულიყო. მათთვის შეეტყობინებინებინათ, ბერ-მოძღვარი გამოვაო, ჰოდა, შეგროვილიყვნენ და ელოდნენ. გალერეაში, ოღონდ კეთილშობილ სტუმართათვის განკუთვნილ სადგომში გამოსულიყვნენ მემამულე ხოხლაკოვებიც და აგრეთვე ბერ-მოძღვარს უცდიდნენ. ისინი ორნი იყვნენ: დედა და ქალიშვილი. ქალბატონი ხოხლაკოვა-დედა, მდიდარი და ყოველთვის გემოვნებით ჩაცმული ქალი, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა და ძალზე სანდომიანი გარეგნობისა გახლდათ, ოდნავ ფერმკრთალს ძალიან ცოცხალი და ლამის მთლად შავი თვალები ჰქონდა. ოცდაცამეტი წლის ძლივს იქნებოდა და უკვე ხუთი წელი უსრულდებოდა, რაც დაქვრივდა. მის თოთხმეტი წლის ქალიშვილს ფეხების დამბლა სჭირდა. საბრალო გოგონა უკვე ექვსი თვეა, ვერ დადიოდა და გრძელი, მოხერხებული, ბორბლებიანი სავარძლით დაჰყავდათ. მშვენიერი, სნეულებისგან ოდნავ გამხდარი, მაგრამ მხიარული სახე ჰქონდა. გრძელწამწამებიანი, დიდრონი მუქი თვალებიდან სიანცე გამოუკრთოდა. დედამისი უცხოეთში მის წაყვანას გაზაფხულზევე აპირებდა, მაგრამ მთელი ზაფხულიც მამულის საქმეების მოგვარებას მოანდომა. უკვე ერთი კვირა გადიოდა, რაც ისინი ჩვენს ქალაქში იყვნენ, უფრო საქმეებისათვის, ვიდრე სალოცავად, მაგრამ სამი დღის წინ ბერ-მოძღვარს ერთხელ უკვე ეწვივნენ. ახლა მეორედ მოვიდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ ბერ-მოძღვარს თითქმის აღარ შეეძლო ვინმეს მიღება და დაჟინებით ითხოვდნენ: "ჩვენი მუდარა ყურად იღეთ, ბედნიერება მოგვანიჭეთ, დიადი მკურნალი ერთხელაც ვიხილოთო".

ბერ-მოძღვრის გამოსვლის მომლოდინე დედა შვილის სავარძლის გვერდით სკამზე იჯდა, ხოლო მისგან ორი ნაბიჯის მოშორებით მოხუცი ბერი იდგა, ოღონდ აქაური მონასტრისა კი არა, ჩრდილოეთის ერთი შორეული, ნაკლებად ცნობილი სავანიდან მოსული. ბერ-მოძღვრის დალოცვის მიღება იმასაც სურდა. მაგრამ გალერეაში გამოსული ბერ-მოძღვარი ჯერ პირდაპირ ხალხისკენ გაემართა. ხალხი გარს შემოერტყა სამსაფეხურიან პარმაღს, რომლითაც დაბალი გელერეა მიწას ებჯინებოდა. ბერ-მოძღვარი ზედა საფეხურზე დადგა, ეპიტრაქილი გადაიცვა და გარს შემოხვეული ქალების დალოცვას შეუდგა. ერთ ბნედიან ქალს ორივე მკლავზე ხელი მოჰკიდეს და წინ წამოაყენეს. ქალმა ბერ-მოძღვარი დაინახა თუ არა, უცნაური ჭყლოპინ-სლოკინი დაიწყო და ისე აკანკალდა, თითქოს საყმაწვილომ მოუარაო. ბერ-მოძღვარმა სნეულს თავზე ეპიტრაქილი გადაახურა და მოკლე ლოცვა წარმოთქვა. სნეული უმალ გაყუჩდა და დამშვიდდა. ახლა რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში სოფლად და მონასტრებში ხშირად მინახავს ასეთი ბნედიანები და მათი ხმა გამიგონია. წირვაზე მოყვანილნი წიოდნენ ანდა ძაღლებივით ყეფდნენ და მთელ ეკლესიას აყრუებდნენ, მაგრამ როცა ზიარების ნაწილებს გამოიტანდნენ* და სნეულებს ზიარების ნაწილებთან მიიყვანდნენ, "სიშმაგე" უმალ შეწყდებოდა და სნეულნი ცოტა ხნით ყოველთვის მშვიდდებოდნენ. მე, ბავშვს, ეს ამბავი ძალიან მაოცებდა და მაკვირვებდა. ამის თაობაზე ზოგ მემამულეს და განსაკუთრებით ჩემს ქალაქელ მასწავლებლებს გამოკითხვა დავუწყე და მითხრეს, ისინი თვალთმაქცობენ, რათა მუშაობას თავი აარიდონ და ამისი აღმოფხვრა სათანადო სიმკაცრით ყოველთვის შესაძლებელიაო. თანაც დასასაბუთებლად მრავალგვარ ანეკდოტებს ყვებოდნენ. მაგრამ შემდგომში განვცვიფრდი, როცა სპეციალისტ-მედიკოსთაგან შევიტყვე, რომ არავითარი თვალთმაქცობა არ ყოფილა. ეს საშინელი ქალური სნეულებაა, თანაც უპირატესად ჩვენში, რუსეთში გავრცელებული, რაც ჩვენი სოფლელი ქალების მძიმე ხვედრის დამადასტურებელია, სნეულება, რასაც გაძნელებული, არასწორი, ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე მშობიარობის შემდეგ ძალიან მალე დაწყებული დამქანცველი შრომა იწვევს. ამას გარდა, სნეულების მიზეზია უსაშველო მწუხარება, ცემა და სხვა, რასაც ზოგი ქალის ბუნება, სხვათაგან განსხვავებით, ვერ უძლებს. გაშმაგებული, მბორგავი ქალის უცნაური, მყისიერი განკურნება, როგორც კი ზიარების ნაწილებამდე მიიყვანდნენ, რასაც თვალთმაქცობას, უფრო მეტიც, ლამის თვით "კლერიკალთა" მიერ მოწყობილ ფოკუსს უწოდებდნენ, ალბათ სავსებით ბუნებრივად ხდებოდა, რამეთუ ზიარების ნაწილებთან მიმყვან დედაკაცებს და, რაც მთავარია, თვით სნეულს ეჭვმიუტანლად სწამდათ, დადგენილ ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, რომ სნეულში ჩაბუდებული ავი სული ძალას კარგავდა, როცა სნეულს ზიარების ნაწილებთან მიიყვანდნენ და თავს დაახრევინებდნენ. ნერვიულ და, რა თქმა უნდა, ფსიქიკური სენით შეპყრობილ ქალს ზიარების ნაწილებისკენ დახრისას მთელი ორგანიზმი ყოველთვის ამიტომაც აუცილებლად შეერყეოდა ხოლმე. ამას იწვევდა უეჭველი სასწაულებრივი განკურნების მოლოდინი და სრული რწმენა, რომ სასწაული მოხდებოდა. ჰოდა, მოხდებოდა ხოლმე კიდევაც, თუნდ ერთი წუთით, მაგრამ მაინც მოხდებოდა. სასწაული ზუსტად ასევე ახლაც მოხდა, როგორც კი ბერ-მოძღვარმა სნეულს ეპიტარქილი გადაახურა.

ბერ-მოძღვრის ირგვლივ მდგომ ქალთაგან მრავალნი წუთიერმა ეფექტმა აღაფრთოვანა და გულაჩუყებულნი ცრემლად იღვრებოდნენ. სხვანი მისკენ მიიწევდნენ და ცდილობდნენ, მისი სამოსლის კალთას მაინც მთხვეოდნენ, ზოგნი კი რაღაცას მოთქვამდნენ. ბერ-მოძღვარი ყველას ლოცავდა, ხოლო ზოგს ესაუბრებოდა.ბნედიან ქალს უკვე იცნობდა, იგი მახლობელი, მონასტრიდან სულ ექვსი ვერსით დაშორებული სოფლიდან ჰყავდათ მოყვანილი და ბერ-მოძღვართან მანამდეც იყო ნამყოფი.

- აი, ის კი შორიდანაა მოსული! - მიუთითა ბერ-მოძღვარმა ერთ არცთუ ხნიერ, მაგრამ ძალიან გამხდარ, გაძვალტყავებულ ქალზე, რომელსაც მზემოკიდებული, ლამის გაშავებული სახე ჰქონდა. იგი მუხლებზე დამხობილიყო და ბერ-მოძღვარს თვალგაშტერებული შესცქეროდა. მის მზერაში თითქოს რაღაც სიშმაგე გამოსჭვიოდა.

- შორიდან ვარ მოსული, მამილო, შორიდან. აქედან სამასი ვერსია. შორიდან ვარ, მამაო, შორიდან, - წამღერებით თქვა ქალმა, ლოყაზე ხელისგული შემოედო და თავს აქეთ-იქით მდორედ აქანავებდა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს მოთქვამსო. ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-ბოდებად გადაექცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მუდმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა.

- მეშჩანი უნდა იყოთ, მგონია, - განაგრძობდა ბერ-მოძღვარი და ქალს ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა.

- ქალაქელები ვართ, მამაო, ქალაქელები. გლეხები ვიყავით, ახლა ქალაქში ვცხოვრობთ. შენს სანახავად მოვედი, მამაო. შენი ამბავი გაგონილი გვქონდა, მამილო, გაგონილი გვქონდა. პატარა ვაჟი დავმარხე, სალოცავად დავდივარ. სამი მონასტერი მოვიარე, მაგრამ მითხრეს: "ნასტასიუშკა, იქაც წადიო, ესე იგი, თქვენთან, შემოგევლე. ჩამოველ, წუხელ მთელ ღამეს ვლოცულობდი, დღეს კი თქვენთან მოვედი.

- რატომ ტირიხარ?

- შვილი მებრალება, მამილო, სამი წლისა იყო, სამი თვეღა უკლდა და სამისა შესრულდებოდა.* შვილის დარდი მტანჯავს, მამაო, შვილის დარდი. ერთიღა შემოგვრჩა. სულ ოთხნი გვყავდნენ. ნიკიტუშკა ბოლო იყო. ვერ ძლებენ ჩვენი შვილები, ვერ ძლებენ, სანუკვარო, ვერ ძლებენ. პირველი სამი დავმარხე, მაგრამ ძალიან არ დამნანებია. ეს, ბოლო შვილი დავმარხე და აღარ მავიწყდება. თითქოს წინ მიდგას და არ მშორდება. სული ამომართვა. იმის თეთრეულს, იმის პერანგს, ან წუღებს დავხედავ და ავბღავლდები. ამოვალაგებ, რაც კი რამეა იმისი ნაქონი, დავყურებ და ვბღავი. ჩემს ქმარს, ნიკიტუშკას ვუთხარი, გამიშვი, ბატონო, სალოცავად წავიდე-მეთქი. მეეტლეა, ღარიბები არა ვართ, მამაო, საკუთარი გვაქვს ყველაფერი, ცხენიც და ეტლიც. აბა, ახლა ქონება რაღად გვინდა? ნიკიტუშკა უჩემოდ სმას გადაჰყვებოდა, ნამდვილად ასეა, ადრეც ასე იყო: თვალს მოვაცილებდი თუ არა, მაშინვე მოეშვებოდა. ახლა იმაზე აღარც ვფიქრობ. სამი თვეა, რაც სახლიდან წამოვედი. დამავიწყდა, ყველაფერი დამავიწყდა და აღარც მინდა, რომ მახსოვდეს. ან იმასთან ახლა რაღა მინდა? მასთან რაღა მესაქმება? აღარავისთან აღარაფერი მესაქმება. ჩემს სახლსა და ქონებას ახლა ვეღარც შევხედავ, თვალით დანახვაც აღარ მინდა აღარაფრისა!

- მისმინე, დედილო, - უთხრა მას ბერ-მოძღვარმა, - ერთხელ უწინდელმა დიდმა წმინდანმა ტაძარში შენისთანა მტირალი დედა ნახა, თავის ერთადერთ ყრმას რომ დასტიროდა, რომელიც უფალს ასევე თავისთან წაეყვანა. "განა არ იცი, - უთხრა მას წმინდანმა, - ეს ყრმანი უფლის ტახტის წინაშე რა თამამად იქცევიან? სასუფეველში იმათზე თამამი არავინაა: უფალო, შენ გვიბოძე სიცოცხლე, - ეუბნებიან ღმერთს, - და ქვეყნიერება თვალით ვიხილეთ თუ არა, ნაბოძები უკანვე წაგვართვი, ჰოდა, ისე მოურიდებლად სთხოვენ და ემუდარებიან, რომ ღმერთი უმალ ანგელოზის წოდებას ანიჭებთ. ამიტომ, - უთხრა წმინდანმა, - შენც გიხაროდეს, დედაო, ნუ კი ტირი. შენი ყრმაც ახლა უფალთან ანგელოზთა დასში სუფევს." აი, რა უთხრა წმინდანმა მტირალ ქალს უძველეს დროში. ხოლო იგი დიდი წმინდანი იყო და ტყუილს არ ეტყოდა. ამიტომაც შენც უწყოდე, დედაო, რომ შენი ყრმაც ახლა ალბათ უფლის ტახტს მიახლებულია, ხარობს, მხიარულობს და ღმერთს შენს თავს ავედრებს. ჰოდა, შენც იტირე, მაგრამ განიხარე.

ქალს ლოყაზე ხელი შემოედო და გაოგნებული უსმენდა. მერე ღრმად ამოიოხრა.

- ნიკიტუშკაც ასე მამშვიდებდა და შენსავით ამას მეუბნებოდა: "უგუნური ხარ, რა გატირებს, ჩვენი ბიჭი ახლა ალბათ უფალ ღმერთთანაა და ანგელოზებთან ერთად მღერისო". ამას მეუბნება და თვითონაც ტირის, ხომ ვხედავ, რომ ჩემსავით ტირის. "ვიცი-მეთქი, - ვეუბნები, - ნიკიტუშკა, მაშ სად იქნება, თუ არა უფალ ღმერთთან, მაგრამ აქ, ჩვენთან ახლა, ნიკიტუშკა, რომ არ არის, უწინდელივით გვერდით რომ არ გვიზის!" ერთხელ მაინც დამანახა ჩემი ბიჭი, ერთხელ მაინც კიდევ შემახედა. ახლოს არ მივიდოდი, სიტყვას არ დავძრავდი, სადმე კუთხეში მივიმალებოდი, ოღონდ ერთი წუთით მანახა, მისი ხმა გამაგონა, მანახა, ეზოში როგორ თამაშობს. ხან რომ მოვიდოდა და შემომძახებდა: "დედიკო, სადა ხარო?" ერთხელ გამაგონა, ოთახში როგორ გაივლის, მხოლოდ ერთხელ გამაგონა მისი ფეხების ბაკაბუკი. მალიმალ რომ მოირბენდა ხოლმე ჩემთან, ყვიროდა და იცინოდა. იმისი ფეხის ხმა გამაგონა. გავიგონებდი და ვიცნობდი! აღარ არის, მამილო, აღარ არის და ვეღარასოდეს ვეღარც გავიგონებ! აი, მისი სარტყელი, ის კი აღარსადაა, და ვეღარასოდეს ვნახავ, მის ხმას ვეღარ გავიგონებ!

ქალმა უბიდან შვილის პატარა, მოსირმული სარტყელი ამოიღო, ერთხელ დახედა და უმალ აქვითინდა, თვალებზე ხელები აიფარა და უეცრად წამომსკდარი ცრემლები თითებშუა ნაკადულებივით ჩამოეღვარა.

- ეს კი, - ჩაილაპარაკა ბერ-მოძღვარმა, - ძველად ნათქვამია: "რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, იმიტომ რომ აღარ არიან".* ასეთია ამ ქვეყნად თქვენი, დედათა ხვედრი. ნუგეშს ნუ ჰპოვებ, არც გჭირდება პოვნა ნუგეშისა, ნუგეშს ნუ ჰპოვებ და იტირე, მაგრამ ყოველთვის, როცა ტირი, უთუოდ გაიხსენე, რომ შენი ვაჟი ღმრთის ანგელოზთა თანაა, იქიდან გიყურებს და გხედავს, შენი ცრემლები ახარებს და უფალ ღმერთს უჩვენებს შენს ცრემლებს. კიდევ დიდხანს აფრქვევ დედობრივ ცრემლებს, მაგრამ ტირილი ბოლოს თვინიერ სიხარულად გარდაგექცევა* და შენი ცხარე ცემრელები მხოლოდღა წყნარი გრძნობამორევისა და გულის განწმენდის, ცოდვათაგან ხსნის მომნიჭებელი იქნება. ხოლო შენი ყრმის სულის მოსახსენებლად ვილოცებ. რა ერქვა შენს ყრმას?

- ალექსეი, მამილო.

- კარგი სახელია. გლახაკი ღვთისა ალექსეი,* არა?

- ღვთისა, მამილო, ღვთისა, გლახაკი ღვთისა ალექსეი!

- წმინდა არს იგი! ვილოცებ, დედაო, ვილოცებ, ლოცვაში შენს მწუხარებასაც მოვიხსენიებ, შენი მეუღლის სიმრთელისათვისაც ვილოცებ. მაგრამ ცოდვა ჩაგიდენია, რომ მიგიტოვებია. წადი შენს ქმართან და მოუარე. შენი ბიჭი იქიდან დაინახავს, რომ მამამისი მიატოვე და თქვენს გამო ატირდება. ნეტარებას რატომ ურღვევ? ის ხომ ცოცხალია, ცოცხალი, რამეთუ სული მარად ცოცხლობს და თუმცა შინ არ არის, მაინც უხილავად თქვენს გვერდითაა. სახლში როგორ შემოვა, თუკი ამბობ, რომ შენი სახლი შეიძულე? ვისთან მოვა, თუ თქვენ, მამას და დედას, ერთად არ გნახავთ? ახლა იგი გესიზმრება და იტანჯები, ხოლო შემდეგ შენი შვილი მშვიდ სიზმრებს მოგივლენს. წადი შენს ქმართან, დედაო, დღესვე წადი.

- წავალ, ძვირფასო, შენს სიტყვას არ გადაუვალ. თითქოს გულში ჩამხედე. ნიკიტუშკა, ჩემო ნიკიტუშკა, მომელი, ჩემო კარგო, მომელი! - ალაპარაკდა დედაკაცი, მაგრამ ბერ-მოძღვარი უკვე ერთ დედაბერს მიუბრუნდა, რომელსაც სამგზავრო ტანსაცმელი კი არ ემოსა, ქალაქურად ეცვა. თვალებზე ეტყობოდა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა, რაღაცის თქმა უნდოდა. თქვა, უნტერ-ოფიცრის ცოლი ვარო. შორიდან არ იყო მოსული, ჩვენი ქალაქის მკვიდრი გახლდათ. მის ვაჟს, ვასენკას, სადღაც კომისარიატში უმუშავია და ციმბირში, ირკუტსკში გამგზავრებულა. იქიდან წერილი ორჯერ გამოუგზავნია, მაგრამ ერთი წელია, აღარაფერი მოუწერია. დედას მიუკითხ-მოუკითხია, მაგრამ ვერაფერი შეუტყვია, რადგან ისიც არ სცოდნია კარგად, სად უნდა მოეკითხა.

- მაგრამ სტეპანიდა ილინიშნა ბედრიაგინა, მდიდარი ვაჭარი, ამას წინათ მეუბნება: პროხოროვნა, შენც ადექი და შენი შვილი აღაპში ჩაწერე, ეკლესიაში მიიტანე და მისი სულის მოსახსენიებელი აღაპი გადაიხადე. მეუბნება, შენს შვილს სული დაუმწუხრდება და წერილს მოგწერსო. სტეპანიდა ილინიშნა ამბობს, ეს ნაღდია, ბევრჯერ ნაცადიაო. ოღონდ მე მეეჭვება. ჩვენო თვალის ჩინო, მართალია ეს, თუ არ არის მართალი? ამის ქმნა თუ ივარგებს?

- ფიქრადაც არ გაივლო. მაგის კითხვაც კი სასირცხვილოა. რანაირად შეიძლება, ცოცხალ შვილს მშობელმა დედამ სულის მოსახსენიებელი აღაპი გადაუხადოს? ეს უდიდესი ცოდვაა, ჯადოქრობისნაირი, და მხოლოდ უვიცობის გამო გეპატიება. გირჩევნია, ღვთისმშობელს, გაჭირვებულის ქომაგსა და შემწეს, შვილის ჯანმრთელობა შეავედრო და ისიც სთხოვო, რომ მრუდე ფიქრები მიგიტევოს. აი, კიდევ რას გეტყვი, პროხოროვნა: შენი ვაჟი მალე ან თვითონ ჩამოვა შენთან ანდა უსათუოდ წერილს გამოგიგზავნის. წადი და ამიერიდან მშვიდად იყავი. გეუბნები, შენი შვილი ცოცხალია.

- ჩვენო ძვირფასო, ღმერთი შეგეწიოს, ჩვენო კეთილისმყოფელო, ყველასთვის მლოცველო, ყველას ცოდვების მიტევებისათვის მლოცველო

ბერ-მოძღვარმა კი ხალხში უკვე შეამჩნია მისკენ მიმართული ორი ანთებული თვალი ჭლექიანის მგვანი, თუმცაღა ჯერაც ახალგაზრდა ქალისა. იგი ბერ-მოძღვარს მდუმარედ უცქეროდა, თვალებით რაღაცას შესთხოვდა, მასთან მისვლა კი ვერ გაებედა.

- რა გაგჭირვებია, ძვირფასო?

- იხსენი ჩემი სული, მამაო, - ხმადაბლა, აუჩქარებლად თქვა ქალმა, დაიჩოქა და მის ფერხთა წინ თავი დახარა. - შევცოდე, მამაო, ჩემი ცოდვა მაშინებს.

ბერ-მოძღვარი ქვედა საფეხურზე ჩამოჯდა. ქალი მუხლის ჩოქით მიუახლოვდა.

- სამი წელია, დავქვრივდი, - დაიწყო სანახევროდ ჩურჩულით, თანაც თითქოს შეკრთომით. - ქმართან მძიმე ცხოვრება მქონდა, ბებერი იყო, სასტიკად მცემა. სნეული იწვა; ვუყურებდი და ვფიქრობდი: თუ გამოკეთდა და კვლავ ფეხზე წამოდგა, რაღა უნდა ვქნა. ჰოდა, მაშინ აზრად მომივიდა

- მოიცადე, - უთხრა ბერ-მოძღვარმა და ყური ტუჩებთან მიუტანა. ქალმა ხმადაბალი ჩურჩულით განაგრძო, ისე რომ სხვა თითქმის ვერაფერს გაიგონებდა. ლაპარაკს მალე მორჩა.

- მესამე წელია? - ჰკითხა ბერ-მოძღვარმა.

- მესამე წელია. თავიდან არაფერს ვფიქრობდი, ახლა კი სენი მომეძალა, ნაღველი მომერია.

- შორიდან ხარ?

- აქედან ხუთასი ვერსია.

- აღსარება თუ გითქვამს?

- ვთქვი, ორჯერ ვთქვი.

- ზიარება მიგაღებინეს?

- მიმაღებინეს. მეშინია. სიკვდილისა მეშინია.

- ნურაფრისა გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველთვის მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვისა, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი.* წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. წადი და ნუ იშიშვი.

ბერ-მოძღვარმა ქალს ჯვარი სამგზის გადასახა, ყელიდან ხატი მოიხსნა და მას ჩამოჰკიდა. ქალმა მის წინაშე თავი მიწამდე დახარა. ბერ-მოძღვარი წამოდგა და მხიარულად შეხედა ერთ ტანად ქალს, რომელსაც ხელში ძუძუთა ბავშვი ჰყავდა აყვანილი.

- ვიშეგორიელი ვარ, ძვირფასო.

- აქედან ექვსი ვერსია, ბავშვით სიარული დაგქანცავდა. რა გინდა?

- შენს სანახავად მოვედი. შენთან ნამყოფი ვარ, იქნებ დაგავიწყდა? კარგი მახსოვრობა არ გქონია, მე თუ დაგავიწყდი. ჩვენთან შენზე თქვეს, ავად არისო. ვიფიქრე, მოდი, წავალ და თვითონ ვნახავ-მეთქი: ჰოდა, გნახე. აბა, ავად სადა ხარ? ოც წელიწადს კიდევ იცოცხლებ, ნამდვილად, ღვთის შეწევნით! თანაც იმდენი მლოცველი გყავს, ავად რა გაგხდის?

- გმადლობ ყველაფრისთვის, ძვირფასო.

- მართლა, პატარა სათხოვარი მაქვს: აი, აქ სამოცი კაპიკია, ისეთ ვინმეს მიეცი, კეთილო, ჩემზე ღარიბი იყოს. აქეთ მოვდიოდი და ვფიქრობდი: ჯობია, იმისი ხელით გავაჩუქო, იმან უკეთ იცის, ვის მისცეს-მეთქი.

- გმადლობ, ძვირფასო, გმადლობ, კეთილო. მიყვარხარ. აუცილებლად შევასრულებ. გოგონა გყავს?

- გოგონაა, თვალის ჩინო, ლიზავეტა.

- ღმერთმა დაგლოცოთ ორივე, შენცა და ჩვილი ლიზავეტაც. გული გამიხარე, დედაო. მშვიდობით, საყვარელნო, მშვიდობით, ძვირფასნო, კეთილნო!

მან ყველა დალოცა და ყველას თავი მდაბლად დაუკრა.

IV

მცირედმორწმუნე ქალბატონი

ჩამოსული მემამულე ქალბატონი მდაბიოებთან ბერ-მოძღვრის საუბრისა და მათი დალოცვის მთელ სცენას თვალს ადევნებდა, ჩუმად ტიროდა და ცრემლებს ცხვირსახოცით იწმენდდა. ეს გახლდათ მაღალი წრის მგრძნობიარე, მეტწილად წრფელ, კეთილ მიდრეკილებათა მქონე ქალბატონი. როცა, ბოლოს და ბოლოს, ბერ-მოძღვარი მასთანაც მივიდა, იგი მას აღფრთოვანებით შეეგება:

- ოჰ, რამდენი, რამდენი რამ განვიცადე, როცა ამ გულის ამაჩუყებელ სცენას ვუყურებდი - მღელვარებისგან ვეღარ დაასრულა. - მივხვდი, რომ ხალხს უყვარხარ, ხალხი თავადაც მიყვარს, მწადია მისი სიყვარული, ანდა როგორ არ უნდა გიყვარდეს ხალხი, ჩვენი მშვენიერი, გულუბრყვილო, დიადი რუსი ხალხი!

- როგორ არის თქვენი ქალიშვილი? ჩემთან საუბარი კვლავ ისურვეთ?

- ო, მე დაჟინებით ვითხოვდი, ვიხვეწებოდი, მზად ვიყავ, მუხლი მომეყარა და თქვენი ფანჯრების წინ თუნდაც სამ დღეს მუხლმოყრილი ვდგარიყავ, სანამ არ შემომიშვებდით. დიადო მკურნალო, თქვენთან იმიტომ მოვედით, რომ აღფრთოვანებით შემოგწიროთ მადლობა. თქვენ ხომ ჩემი ლიზა განკურნეთ, სრულიად განკურნეთ იმით, რომ ხუთშაბათს ხელები შეახეთ და ლოცვა წარმოთქვით. ჩვენ მაგ ხელების ამბორსაყოფად, გრძნობებისა და მოწიწების გამოსახატად მოვისწრაფოდით!

- რანაირად განიკურნა? ის ხომ ისევ სავარძელში წევს?

- ღამით ციებ-ცხელება რომ ჰქონდა, ხუთშაბათს მერე, უკვე ორი დღეა, მთლად გაუქრა, - ნერვიულად წამოიწყო ქალბატონმა. - ამას გარდა, ფეხები მოუმძლავრდა. დილას ჯანმრთელმა გამოიღვიძა, მთელ ღამეს ეძინა. შეხედეთ სახე როგორ მოუფერიანდა, თვალები როგორ უბრწყინავს. სულ ტიროდა ხოლმე, ახლა კი იცინის, მხიარულია, გახარებული. დღეს დაბეჯითებით მოითხოვა, წამომაყენეთო და მთელ წუთს თავისით, სხვათა დაუხმარებლად იდგა. მენაძლევება, ორ კვირაში კადრილს ვიცეკვებო. აქაური ექიმი ჰერცენშტუბე მოვიწვიე. მხრებს იჩეჩავს და ამბობს, გაოცებული, გაოგნებული ვარო. ჰოდა, გინდათ,რომ არ შეგაწუხოთ? განა შეგვეძლო, აქეთ არ გამოვფრენილიყავით, მადლობა არ გვეთქვა? Lise, მადლობა უთხარი, აბა, უთხარი!

ლიზას საამო, მოცინარი სახე ერთხანს დაუსერიოზულდა, რამდენადაც შეძლო, სავარძლიდან წამოიწია, ბერ-მოძღვარს შეხედა, მის წინაშე ხელები გადააჭდო, მაგრამ ვეღარ მოითმინა და უცებ გადაიკისკისა

- მაგაზე მეცინება, მაგაზე! - ხელი გაიწოდა ალიოშასკენ საკუთარ თავზე ბავშვურად განაწყენებულმა, რადგან ვერ მოითმინა და გაიცინა. ბერ-მოძღვრის უკან ერთი ნაბიჯის მოშორებით მდგარ ალიოშას ვინც შეხედავდა, შეამჩნევდა, სახეზე ალმურმა როგორ აურბინა და ლოყები უცებ წამოუწითლა. გაბრწყინებული თვალები მსწრაფლ დახარა.

- ალექსეი ფიოდოროვიჩ, ლიზას თქვენთან დავალება აქვს როგორა ხართ? - უეცრად მიმართა დედამ ალიოშას და ხელთათმნიანი ხელი გაუწოდა. ბერ-მოძღვარმა მიიხედა და ალიოშა დაკვირვებით შეათვალიერა. ალიოშამ ლიზასკენ წაიწია, უცნაურად და უხერხულად გაიცინა და ხელი გაუწოდა. ლიზამ მედიდური სახე მიიღო.

- კატერინა ივანოვნამ, აი, ეს გამომატანა, - პატარა წერილი მიაწოდა ალიოშას. - დაბეჯითებით გთხოვთ, რომ ეწვიოთ, თანაც დაუყოვნებლივ, დაუყოვნებლივ. არ მოატყუოთ და აუცილებლად ეწვიოთ.

- მე მთხოვს, რომ ვეწვითო? მე მთხოვს?.. რატომ? - თქვა ძალზე გაკვირვებულმა ალიოშამ და სახეზე შეფიქრიანება გამოეხატა.

- ოჰ, ეს სულ დიმიტრი ფიოდოროვიჩისა და ამ ბოლო დროს მომხდარი ამბების გამოა, - საჩქაროდ განმარტა დედამ. - კატერინა ივანოვნამ ახლა ერთი რამ გადაწყვიტა მაგრამ საამისოდ მას აუცილებლად თქვენი ნახვა ესაჭიროება რატომ?.. რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ გთხოვთ, სასწრაფოდ ეწვიოთ. თქვენ ამას იზამთ, უთუოდ იზამთ. ქრისტიანული მრწამსიც გავალებთ.

- კატერინა ივანოვნა მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, - კვლავ შეფიქრიანებული განაგრძობდა ალიოშა.

- ოჰ, ის ისეთი ამაღლებული, ისეთი სწორუპოვარი არსებაა!.. თუნდაც მხოლოდ სატანჯველთა გამო წარმოიდგინეთ, რა გადაიტანა, ახლა როგორ იტანჯება, წარმოიდგინეთ, რა მოელის ეს ხომ საშინელებაა, საშინელებაა!

- კარგი, მოვალ, - გადაწყვიტა ალიოშამ, როცა მოკლე და უცნაური ბარათი ჩაათვალიერა, რომელიც დაბეჯითებული თხოვნის გარდა, უთუოდ მეწვიეთო, არავითარ განმარტებას არ შეიცავდა.

- ოჰ, ეს რა საოცარი, რა დიდებული საქციელი იქნება, - უცებ უსაზღვრო აღფრთოვანებით შესძახა ლიზამ. - მე კი დედაჩემს ვეუბნებოდი: არაფრის დიდებით არ მოვა, თავს აარიდებს-მეთქი. რა საუცხოო ხართ! მე ყოველთვის მჯეროდა, რომ საუცხოო ხართ, ახლა, აი, რა მსურს, სიამოვნებით გაუწყოთ!

- Lise! - შთამაგონებლად უთხრა დედამ, თუმცა უმალვე გაიღიმა და ალიოშას მიუბრუნდა. - თქვენ სულ დაგვივიწყეთ, ალექსეი ფიოდოროვიჩ, სრულებით აღარ გინდათ ჩვენთან ყოფნა. ლიზამ კი, რომ იცოდეთ, ორჯერ მითხრა, რომ თავს კარგად მხოლოდ თქვენთან გრძნობს. - ალიოშამ დახრილი თვალები აახამხამა, ლიზას შეხედა, უეცრად ისევ გაწითლდა და კვლავ, თავადაც არ იცოდა, რის გამო, უეცრად ჩაიცინა. თუმცაღა, ბერ-მოძღვარი მას აღარ აკვირდებოდა. მან საუბარი გაუბა ჩამოსულ ბერს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ლიზას სავარძლის გვერდთი იდგა და ბერ-მოძღვრის გამოსვლას ელოდა. ეტყობოდა, რომ ძალიან უბრალო, ესე იგი, უდაბლესი წოდების, შეზღუდული, თუმცაღა, ურყევი მსოფლმხედველობის მქონე, მაგრამ მორწმუნე და თავისებურად შეუპოვარი ბერი იყო. იქ მყოფთ თავი გააცნო საიდანღაც, შორეული ჩრდილოეთიდან, ობდორსკიდან, წმინდა სილვესტრის ღარიბი მონასტრიდან მოსულად, სადაც სულ ცხრა ბერი ყოფილა. ბერ-მოძღვარმა იგი დალოცა და მიიპატიჟა, როცა მოისურვებ, სენაკში მეწვიეო.

- ასეთი რამ როგორ ძალგიძთ? - უეცრად ჰკითხა ბერმა და ლიზაზე შთამბეჭდავად, აღფრთოვანებით მიუთითა. იგი მის "განკურნებას" გულისხმობდა.

- ამაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია. გაუმჯობესება სრული განკურნება ჯერ არ არის და, შესაძლოა, სხვა მიზეზებსაც გამოეწვია. მაგრამ თუ მაინც რაიმე მოხდა, მარტოოდენ ღვთის ნებით და სხვა არავისი ძალით არ მოხდებოდა. ყოველივე ღვთის ნებაა. მეწვიეთ, მამაო, - უთხრა შემდგომ ამისა ბერს, - თორემ ყოველთვის ვერ შევძლებ: ავად ვარ და ვიცი, რომ ჩემი დღეები დათვლილია.

- ოჰ, არა, არა, არა, ღმერთი თქვენს თავს არ წაგვართმევს, თქვენ კიდევ დიდხანს, დიდხანს იცოცხლებთ, - შესძახა დედამ. - ავადმყოფობისა რა გეტყობათ?

- დღეს თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ეს მხოლოდ ერთი წუთია. ჩემს სენს ახლა უტყუარად ვგრძნობ. თუკი ასე მხიარული გეჩვენებით, ამაზე მეტად ვერაფრით ვერასოდეს გამახარებდით. რამეთუ ადამიანები ბედნიერებისთვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: "ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო". ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო.

- ოჰ, როგორ ლაპარაკობთ, როგორი გაბედული და ამაღლებული ნათქვამია, - შესძახა დედამ, - თქვენი სიტყვები გულში ჩამეჭრა. მაგრამ სად არის, სად არის ბედნიერება? ვის ძალუძს, თქვას, ბედნიერი ვარო? რაკიღა ასეთი სიკეთე გამოიჩინეთ და პატივი დაგვდეთ, რომ დღესაც გვენახეთ, მაშინ მოისმინეთ ყველაფერი, რაც ამას წინათ ბოლომდე ვერ ვთქვი, თქმა ვერ გავბედე, რაც ასე მტანჯავს, თანაც დიდი ხანია, დიდი ხანია! მე ვიტანჯები, მომიტევეთ, ვიტანჯები - თქვა ეს და გრძნობამორეულმა ბერ-მოძღვრის წინაშე ხელები ერთმანეთს გადააჭდო.

- ასერიგად მაინც რა გტანჯავთ?

- რა მტანჯავს და ურწმუნოება

- ღმერთი არ გწამთ?

- ოჰ, არა, არა, ამგვარ ფიქრს გულშიაც არ გავივლებ. მაგრამ მომავალი ცხოვრება ისეთი გამოცანაა! თანაც პასუხის გაცემა არავის, არავის ძალუძს! მისმინეთ, თქვენ მკურნალი ხართ, ადამიანის სულის განმჭვრეტი; რა თქმა უნდა, იმის პრეტენზია არ მაქვს, რომ ჩემი სავსებითგჯეროდეთ, მაგრამ უაღრესად გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ დაუფიქრებლად არ ვლაპარაკობ, რომ მომავალ, იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ფიქრი მტანჯველად, შიშისმომგვრელად მაღელვებს ჰოდა, ამჯერად გავბედე, თქვენთვის მომემართა ოჰ, ღმერთო, ახლა ჩემზე, ვინ იცის, რას იფიქრებთ! - თქვა ეს და ხელი ხელს შემოჰკრა.

- მე რას ვიფიქრებ, ამის გამო ნუ შეწუხდებით, - მიუგო ბერ-მოძღვარმა. - თქვენი მწუხარებისა სავსებით მჯერა.

- ოჰ, როგორ გემადლიერებით! იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა - მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ "ძირხვენა ამოვა საფლავზე", როგორც ერთი მწერლის წიგნში ამოვიკითხე.* ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის ყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია!

- ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება.

- როგორ? რანაირად?

- ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასნი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თავგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია.

- ქმედითი სიყვარულით? აი, კიდევ საკითხი, თანაც როგორი საკითხი, როგორი საკითხი! აი, რას გეტყვით: მე კაცობრიობა ისე მიყვარს, თუ დამიჯერებთ, ხან ვოცნებობ, ყველაფერი მივატოვო, რაც გამაჩნია, მივატოვო Lise და მოწყალების და გავხდე. თვალებს დავხუჭავ, ვფიქრობ, ვოცნებობ და ასეთ წუთებში უსაზღვრო ძალას ვგრძნობ. ვერავითარი ჭრილობა, ვერავითარი ჩირქიანი წყლული ვერ დამაფრთხობს. იმ ტანჯულთ ჭრილობებს საკუთარი ხელით მოვბანდი და შევუხვევდი, მესასთუმლედ დავუდგებოდი, წყლულებს დავუკოცნიდი

- თქვენი გონება ამაზე რომ ოცნებობს და არა სხვა რამეზე, ესაც კი უკვე დიდი რამაა და კარგია. უცაბედად იქნებ მართლაც ქმნათ რაიმე სიკეთე.

- კი, მაგრამ ამგვარ ყოფას დიდხანს გავუძლებდი? - მგზნებარედ, თითქმის გაშმაგებით განაგრძობდა ქალბატონი. - აი, უმთავრესი რა არის! ყველაზე მეტად ეს ფიქრი მაწამებს. თვალებს დავხუჭავ ხოლმე და საკუთარ თავს ვეკითხები: ამ გზით სიარულს დიდხანს შეძლებ? თუ სნეული, ვისაც წყლულებს მოჰბან, უმალვე მადლიერებით არ გიპასუხებს, პირიქით, ჭირვეულობით გაგაწამებს, შენს კაცთმოყვარულ მსახურებას არ დააფასებს, არ შეამჩნევს, აყვირდება, უხეშად მოგთხოვს რაიმეს, ვინმე უფროსთან ჩივილსაც კი დაგიწყებს (რასაც ხშირად სჩადიან ძალიან გაწამებულნი), მაშინ რას იზამ? სიყვარული შეგრჩება თუ არა? ჰოდა, წარმოიდგინეთ, შეძრწუნებულმა უკვე დავასკვენი: ერთადერთი რამ, რაც კაცობრიობისადმი ჩემს "ქმედით" სიყვარულს მყისვე გაანელებს, მხოლოდ და მხოლოდ უმადურობა გახლავთ. ერთი სიტყვით, მე საზღაურისთვის მომუშავე ვარ, უმალვე საზღაურს, ანუ შექებას, სიყვარულის საზღაურად სიყვარულს მოვითხოვ. სხვაგვარად არავისი სიყვარული არ ძალმიძს!

მისი არსება უკიდურესად გულწრფელი თვითგვემის შემოტევას მოეცვა და როცა დაასრულა, ბერ-მოძღვარს შეუპოვრად, გამომწვევად მიაჩერდა.

- ზუსტად ასეთივე რამ, თუმცა დიდი ხნის წინ, მითხრა ერთმა ექიმმა, უკვე ხნიერმა და უდავოდ ჭკვიანმა კაცმა, - თქვა ბერ-მოძღვარმა. - ისიც თქვენსავით გულწრფელად ლაპარაკობდა, თუმცა ხუმრობდა, მაგრამ სევდიანად ხუმრობდა. ამბობდა, კაცობრიობა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისა მევე მიკვირსო: რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა ზოგადად, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ადამიანები კერძოდ, ანუ ცალ-ცალკე, როგორც განცალკევებული პიროვნებანი. ოცნება ხშირად კაცობრიობის მსახურების მგზნებარე წადილით აღმავსებდა და, შესაძლოა, ხალხის გულისთვის თავიც გამეწირა, თუკი უეცრად ეს საჭირო გახდებოდა. ამავე დროს, ერთ ოთახში ვინმესთან ერთად ორ დღესაც კი ვერ გავძლებ; ეს გამოცდილებით ვიცი. ოდნავი სიახლოვეც კი ვინმესი თავმოყვარეობას მილახავს, თავისუფლებას მიბორკავს. საუკეთესო ადამიანსაც კი ერთ დღეში შევიძულებ: ერთს იმის გამო, რომ სადილობისას ჭამა ვერა და ვეღარ მოათავა, მეორეს იმის გამო, რომ სურდო აქვს და ცხვირს წარამარა იხოცავს. გამეკარება თუ არა ვინმე, უმალ მის მტრად გადავიქცევი. სამაგიეროდ, აი, ნიადაგ რა მემართება: ცალკეულ ადამიანებს რაც უფრო მეტად შევიძულებ, კაცობრიობის მიმართ ჩემი სიყვარული მით უფრო მგზნებარებას იძენსო.

- მაშ რა უნდა ქმნა? ასეთ დროს რა უნდა ქმნა? სასოწარკვეთას უნდა მიეცე?

- არა, რამეთუ ისიც კმარა, რომ ამის გამო წუხილი გიპყრობთ. ის ჰქმენით, რაც შეგიძლიათ, და თქვენს ვალს აღასრულებთ. თქვენ უკვე ბევრ რამეს მიაღწიეთ, რადგან საკუთარ თავს ასე გულწრფელად და ღრმად ჩაუკვირდით! ოღონდ თუ ახლა ასე გულწრფელად მხოლოდ იმიტომ მელაპარაკებოდით, რომ ჩემგან შექება დაგემსახურებინათ, მაშინ, რაღა თქმა უნდა, ქმედითი სიყვარულის ასპარეზზე ვერაფერს მიაღწევთ. ყოველივე მხოლოდ ოცნებად დაგრჩებათ და მთელი თქვენი ცხოვრება მოჩვენებასავით გაიელვებს და გაქრება. ასე, რა თქმა უნდა, მომავალ ცხოვრებასაც დაივიწყებთ და ბოლოს როგორღაც დამშვიდდებით.

- თქვენ მე დამთრგუნეთ! მხოლოდ ახლა, აი, ამ წამს, როცა მელაპარაკებოდით, მივხვდი, რომ თქვენგან ჩემი გულწრფელობის შექებას მოველოდი, როცა გეუბნებოდით, უმადურობას ვერ ავიტან-მეთქი. თქვენ საკუთარი თავი დამანახეთ, არსი ჩემი განჭვრიტეთ და თავი ჩემი შემაცნებინეთ!

- მართალს ამბობთ? ასეთი აღიარების შემდეგ მჯერა, რომ გულწრფელი და გულკეთილი ხართ. თუ ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ კარგ გზას ადგახართ და ამ გზას არ გადაუხვიოთ. რაც მთავარია, სიცრუეს განერიდეთ, ყოველგვარ სიცრუეს, განსაკუთრებით საკუთარ სიცრუეს. დააკვირდით თქვენს სიცრუეს და შეეცადეთ, ყოველ საათს, ყოველ წუთს ჩასწვდეთ. ზიზღიც განიშორეთ როგორც სხვების, ისევე საკუთარი თავის მიმართ: ის, რაც საკუთარ არსებაში სიბილწედ გეჩვენებათ, უკვე განიწმინდება თუნდაც მხოლოდ იმით, რაკიღა შეამჩნიეთ. შიშსაც განერიდეთ, თუმცაღა შიში მხოლოდ შედეგია ყოველგვარი სიცრუისა. სიყვარულის ძიებისას ნურასოდეს შეგაკრთობთ საკუთარი სულმოკლეობა, თქვენივე ცუდი საქციელიც კი ძალიან ნუ შეგაშინებთ. ვწუხვარ, რომ სანუგეშოს ვერაფერს გეუბნებით, რამეთუ ოცნებით წარმოსახული სიყვარულისგან განსხვავებით ქმედითი სიყვარული სასტიკი და შემაძრწუნებელი რამ გახლავთ. ოცნებით წარმოსახულ სიყვარულს კმაყოფილების სწრაფად მომნიჭებელი, მყისიერი, თანაც ყველასთვის საჩინო გმირობა სწყურია. ამგვარ მისწრაფებათა შედეგად მართლა შეიძლება, თავიც გაწირონ, თუკი ეს დიდხანს არ გასტანს, სწრაფად მოხდება, როგორც სცენაზე, ყველა ნახავს და ხოტბას შეასხამს. ქმედითი სიყვარული კი შრომა და თავშეკავებულობაა, ხოლო ზოგთათვის, მართლაც, მთელი მეცნიერება. მაგრამ, აი, რას გიწინასწარმეტყველებთ: შესაძლოა, ზუსტად იმ წუთს, როცა შეძრწუნებული იქნებით იმით, რომ თუმცა ბევრს ეცადეთ, მიზანს არათუ მიუახლოვდით, არამედ თითქოს დაშორდით კიდევაც, - გიწინასწარმეტყველებთ, რომ ზუსტად იმ წუთს მიზანს უეცრად მიაღწევთ და აშკარად იხილავთ თქვენზე გარდმოვლენილ სასწაულმოქმედ ძალას ღმერთისას, ვისაც ნიადაგ უყვარხართ და ვინც ნიადაგ იდუმალად წარგმართავთ. მომიტევეთ, რომ თქვენთან მეტხანს ვეღარ დავრჩები, რადგან მელიან. ნახვამდის.

ქალბატონი ტიროდა.

- Lise, Lise, დალოცეთ, მამაო, დალოცეთ! - უცებ აწრიალდა იგი.

- ეგ სიყვარულის ღირსი არც არის. ვხედავდი, ერთთავად როგორ ანცობდა, - ხუმრობის კილოთი თქვა ბერ-მოძღვარმა. - ალექსეის განუწყვეტლივ რატომ დასცინოდით?

Lise მართლაც ერთთავად ოინბაზობდა. მან დიდი ხნის წინ, უკვე წინა შეხვედრისას, შეამჩნია, რომ ალიოშას მისი რცხვენოდა და თვალს არიდებდა. ჰოდა, ეს უზომოდ ართობდა. იგი დაჟინებით ცდილობდა, ალიოშას მზერა მოეხელთებინა: ალიოშა მისკენ დაჟინებით მიმართულ მზერას ვერ უძლებდა, თავს ვეღარ მოერეოდა, უნებურად უცებ თავადაც შეხედავდა, ხოლო ლიზა გამარჯვებულის ღიმილით უმალ თვალებში შესცინებდა. ალიოშა დაირცხვენდა და უფრო მეტად განაწყენდებოდა. ბოლოს მთლად გაერიდა და ბერ-მოძღვარს ზურგსუკან ამოეფარა. მაგრამ თავს მაინც ვეღარ სძლია, რამდენიმე წუთის შემდეგ შეტრიალდა, რათა ენახა, მიყურებს თუ არაო, და ნახა, რომ Lise სავარძლიდან თითქმის გადმოკიდულიყო, გვერდიდან უცქეროდა და მოუთმენლად ელოდა, ალიოშა როდის შეხედავდა. მისი მზერა მოიხელთა თუ არა, გოგონამ ისე გადაიხარხარა, რომ ბერ-მოძღვარმაც ვეღარ მოითმინა:

- ასე რატომ ანცობთ, ალექსეის ასე რატომ აწვალებთ?

Lise უცებ სრულიად მოულოდნელად წამოწითლდა, თვალები აუელვარდა, სახე უზომოდ დაუსერიოზულდა და გაგულისებულმა აღგზნებით, სწრაფად და ნერვიულად წამოიწყო:

- მაშ მაგან ყველაფერი რატომ დაივიწყა? პატარა როცა ვიყავი, ხელში აყვანილი დავყავდი, მეთამაშებოდა. იცით, რომ წერა-კითხვას მასწავლიდა? ორი წლის წინ, დამშვიდობებისას, მეუბნებოდა, არასოდეს დაგივიწყებ, სამუდამოდ მეგობრები ვიქნებით, სამუდამოდ, სამუდამოდო! ახლა კი ჩემი ასე ეშინია! რაო, ხომ არ შევსანსლავ? რატომ არ უნდა ჩემთან მოსვლა, რატომ არ მელაპარაკება? ჩვენთან სტუმრობა რატომ არ სურს? განა თქვენ არ უშვებთ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველგან დადის. მე რომ მოვიხმო, ეს სათაკილოა. თუ არ გადავავიწყდი, ჯერ მაგან უნდა მომაკითხოს. არა, ეგ ახლა თავს მარიდებს! ეგ რანაირი გრძელკალთებიანი ანაფორა ჩაგიცმევიათ რომ გაიქცეს, დაეზღართება

ლიზამ ვეღარ მოითმინა, უცებ სახეზე ხელები აიფარა და საშინლად, თავშეუკავებლად, გაბმით, ნერვიულად, ცახცახით, უხმოდ გაიცინა. ბერ-მოძღვარმა მისი ნათქვამი ღიმილით მოისმინა და ნაზად დალოცა. როცა ლიზა საამბორებლად დაიხარა, ბერ-მოძღვრის ხელი თვალებზე მიიხუტა და ატირდა:

- ნუ გამიწყრებით, მე სულელი ვარ, არაფრად ვვარგივარ ალიოშა, შესაძლოა, მართალიცაა, ნამდვილად მართალია, ასეთ სასაცილო გოგოსთან მოსვლა რომ არ უნდა.

- აუცილებლად გამოვგზავნი, - გადაწყვიტა ბერ-მოძღვარმა.

V

აღსრულდეს, აღსრულდეს!

ბერ-მოძღვარი სენაკიდან დაახლოებით ოცდახუთ წუთს იყო გასული. პირველის ნახევარი უკვე შესრულდა, დიმიტრი ფიოდოროვიჩი კი, ვის გამოც იყვნენ იქ თავშეყრილნი, ჯერაც არ ჩანდა. მაგრამ იგი თითქმის გადაავიწყდათ და როცა ბერ-მოძღვარი სენაკში დაბრუნდა, ნახა, რომ სტუმრებს გაცხოველებული საუბარი გაეჩაღებინათ. უპირატესად ივან ფიოდოროვიჩი და ორივე მღვდელმონაზონი ლაპარაკობდნენ. საუბარში, თანაც ძალიან ცხარედ, თუმცაღა წარუმატებლად, მიუსოვიც ჩაებმებოდა ხოლმე. ეტყობოდა, მეორე პლანზე გახლდათ, ხანდახან თუ გაეპასუხებოდნენ, ისე რომ ამ ახალმა გარემოებამ უფრო მეტად გააგულისა. საქმე ისაა, რომ ივან ფიოდოროვიჩს მანამდეც ეპაექრებოდა, მისგან ერთგვარ უგულისყურობას გრძნობდა და ამას ვერ შეეგუა: "თუ რამ მოწინავეა ევროპაში, აქამდე მაინც ფეხს ვუწყობდი, ეს ახალი თაობა კი არაფრად გვაგდებსო", - ფიქრობდა გულში. ფიოდორ პავლოვიჩმა რაკიღა პირობა დადო, სკამზე დავჯდები და ხმაკაგმენდილი ვიქნებიო, ერთხანს მართლა დუმდა, მაგრამ გვერდით მჯდარ პიოტრ ალექსანდროვიჩს დამცინავი ღიმილით უცქეროდა და, როგორც ჩანს, მისი გაგულისება ახარებდა. დიდი ხანია, აპირებდა, მისთვის სამაგიერო მიეზღო და ახლა შემთხვევის ხელიდან გაშვება არ უნდოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა გაკენწლა:

- წეღან "მოწიწება-ამბორისყოფის" მერე რატომ არ წახვედით და ასეთ უღირს კომპანიაში დარჩენაზე რატომ დათანხმდით? იმიტომ, რომ თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძობდით და რევანშის ასაღებად ჭკუის წარმოჩენა ინებეთ. ახლა ფეხსაც არ მოიცვლით მანამდე, სანამ ჭკუას არ წარმოაჩენთ.

- ისევ დაიწყეთ? პირიქით, ახლავე წავალ.

- ყველაზე ბოლოს, ყველაზე ბოლოს წახვალთ! - ისევ დაგესლა ფიოდორ პავლოვიჩმა. ეს თითქმის იმ დროს მოხდა, როცა ბერ-მოძღვარი დაბრუნდა.

დავა ერთ წუთში მინელდა, მაგრამ თავის ადრინდელ ადგილას დაჯდა თუ არა, ბერ-მოძღვარმა ყველას ისე გადახედა, თითქოს ალერსიანად სთავაზობდა, განაგრძეთო. ალიოშას მისი სახის თითქმის ყველანაირი გამომეტყველება შესწავლილი ჰქონდა და ახლა აშკარად ხედავდა, რომ იგი ძალიან დაქანცული იყო და თავს ძალას ატანდა, ეს არ გაემჟღავნებინა. სენი ბოლო ხანებში ისე მოერია, რომ სისუსტისაგან გრძნობას ჰკარგავდა. სახე ახლაც თითქმის ისე გაუფითრდა, როგორც გულის წასვლის წინ გაუფითრდებოდა ხოლმე. ტუჩები გაუფითრდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ თავყრილობის დაშლა არ ეწადა; ალბათ, რაღაც მიზანიც ჰქონდა - მაგრამ რა მიზანი? ალიოშა თვალს გაფაციცებით ადევნებდა.

- ამ ბატონის დიდად საინტერესო სტატიაზე ვბჭობდით, - უთხრა ბერ-მოძღვარს ბიბლიოთეკარმა, მღვდელმონაზონმა იოსებმა და ივან ფიოდოროვიჩზე მიუთითა. - ბევრი რამ ახალია წარმოჩენილი, მაგრამ, მგონი, ასეც შეიძლება გავიგოთ და ისეც. საეკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლოსა და მის უფლებათა განვრცობის თაობაზე ბატონმა ჟურნალში სტატია გამოაქვეყნა ერთი სასულიერო პირის პასუხად, ვისაც ამ საკითხზე მთელი წიგნი აქვს დაწერილი

- სამწუხაროდ, თქვენი სტატია არ წამიკითხავს, გაგონილი კი მაქვს, - უთხრა ბერ-მოძღვარმა ივან ფიოდოროვიჩს, თანაც თვალჩაციებით, გამჭრიახად დააცქერდა.

- ბატონი საინტერესო აზრს გამოთქვამს, - განაგრძობდა მამა ბიბლიოთეკარი, - როგორც ჩანს, საეკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლოს საკითხში ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას სრულიად უარყოფს.

- საინტერესოა, მაგრამ რა თვალსაზრისით? - ჰკითხა ბერ-მოძღვარმა ივან ფიოდოროვიჩს.

ამჯერად მან უპასუხა, მაგრამ არა მედიდური თავაზიანობით, რისაც ალიოშას აქამდე ეშინოდა, არამედ მოკრძალებითა და თავდაჭერილად, აშკარა თავაზიანობით და ალბათ, ყოველგვარი ფარული აზრის გარეშე.

- მე ვეყრდნობი დებულებას, რომ ელემენტთა ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ცალკეულად აღებულ არსთა ამგვარი შერევა, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება, თუმცაღა ეს შეუძლებელია და ვერასოდეს მიაღწევს არათუ ნორმალურ, არამედ რამდენადმე შეწონასწორებულ მდგომარეობას, რამეთუ საქმის თვით საფუძველშივე დევს სიცრუე. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კომპრომისი ისეთ საკითხებში, როგორც, მაგალითად, სასამართლოს საკითხია, მე მგონი, სრულყოფილი და წმინდა არსით შეუძლებელია. სასულიერო პირი, რომელსაც შევედავე, ამტკიცებს, რომ ეკლესიას სახელმწიფოში ზუსტი და განსაზღვრული ადგილი უჭირავს, ხოლო მე ვეკამათები, რომ ეკლესიას სახელმწიფოში მხოლოდ რაღაც კუთხე კი არ უნდა განეკუთვნებოდეს, პირიქით, თვით ეკლესიამ უნდა შეითავსოს მთელი სახელმწიფო, და თუ ეს ამჟამად რატომღაც შეუძლებელია, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, არსებითად, მთელი შემდგომი განვითარების პირდაპირ და უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს.

- სრულიად სამართლიანია! - მტკიცედ და ნერვიულად თქვა მამა პაისიმ, სიტყვაძუნწმა და განსწავლულმა მღვდელმონაზონმა.

- ნამდვილი ულტრამონტანობაა!* - შეჰყვირა მიუსოვმა და ფეხი ფეხზე მოუთმენლად გადაიდო.

- ეჰე, ჩვენში ხომ მთები არც არის! - შესძახა მამა იოსებმა, მერე ბერ-მოძღვარს მიუბრუნდა: - ბატონი თავის მოწინააღმდეგეს, სასულიერო პირს, ყურადღება ამასაც მიაპყარით, სხვათა შორის შემდგომ "ძირითად და არსებით" დებულებებს უპასუხებს. პირველი: რომ "არც ერთ საზოგადოებრივ კავშირს არ შეუძლია და არც უნდა მიითვისოს უფლებამოსილება - თავისი წევრების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებანი განაგოს". მეორე: რომ "სისხლის სამართლისა და სასამართლო-სამოქალაქო ხელისუფლება ეკლესიას არ უნდა ეკუთვნოდეს და შეუთავსებელია მის ბუნებასთან, ღვთიურ წესთან და რელიგიური მიზნებით ადამიანთა კავშირთან", და, ბოლოს, მესამე: რომ "ეკლესია არ არის ამქვეყნიური მეუფება"

- სიტყვათა უღირსი თამაშია, რაც სასულიერო პირს არ შეეფერება! - ვერ მოითმინა და კვლავ გააწყვეტინა მამა პაისიმ. - მე წეკითხული მაქვს ის წიგნი, რომელიც თქვენი შეკამათების საგანი შეიქნა, - მიმართა მან ივან ფიოდოროვიჩს, - ჰოდა, გამაოცა სასულიერო პირის ნათქვამმა, რომ "ეკლესია არ არის ამქვეყნიური მეუფება". თუ ამქვეყნიური არ არის, მაშასადამე, ეკლესია ამქვეყნად საერთოდ არ უნდა არსებობდეს. წმინდა სახარებაში სიტყვები - "არ არის ამქვეყნიური" ამ მნიშვნელობთი არ არის ნახმარი.* ამგვარი სიტყვებით თამაში არ შეიძლება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე დიახაც ამქვეყნად ეკლესიის დასამკვიდრებლად მოვიდა. სასუფეველი ცათა შინა, რა თქმა უნდა, ამქვეყნად კი არა, ზეცაშია, მაგრამ სასუფეველში მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით შედიან, რომელიც დედამიწაზეა დამყარებულ-დაფუძნებული. ამიტომაც ამის თაობაზე კალამბურთა თხზვა მიუღებელი და უღირსია. ხოლო ეკლესია ჭეშმარიტი მეუფებაა, სამეუფოდაა განწესებული და მთელს დედამიწას დასასრულ უთუო მეუფედ მოევლინება, რაზედაც არსებობს აღთქმა*

იგი უეცრად დადუმდა, თითქოს თავი შეიკავაო. ივან ფიოდოროვიჩმა მოკრძალებით, ყურადღებით და უაღრესად მშვიდად მოუსმინა, მერე ბერ-მოძღვარს მიუბრუნდა და კვლავ ხალისიანად და მიმნდობად განაგრძო:

- ჩემი სტატიის მთელი აზრი ის გახლდათ, რომ უძველეს ხანაში, ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეში, ქრისტიანობა დედამიწაზე მხოლოდ ეკლესიად გვევლინებოდა. ხოლო როცა რომის წარმართულმა სახელმწიფომ ინება, ქრისტიანული გამხდარიყო, უცილობლად მოხდა ის, რომ გაქრისტიანებულმა რომმა ეკლესია მარტოოდენ შეიერთა, თავად კი ძველებურად მრავალმხრივ, კვლავ წარმართულ სახელმწიფოდ დარჩა.* არსებითად, ეს უსათუოდ ასედაც უნდა მომხდარიყო. რომში, როგორც სახელმწიფოში ძალზე ბევრი რამ დარჩა წარმართული ცივილიზაციისა და სიბრძნისა, ასე, მაგალითად, თვით სახელმწიფოს მიზნები და საფუძვლებიც კი. ხოლო სახელმწიფოში შესული ქრისტიანული ეკლესია, უეჭველია, ვერაფერს დათმობდა თავისი საფუძვლებისას, იმ ქვისას, რაზედაც, უეჭველია, მხოლოდ და მხოლოდ თავისი მიზნები უნდა განეხორციელებინა, რაც მტკიცედ დაუსახა თვით უფალმა, სხვათა შორის, მთელი მსოფლიო და, მაშასადამე, მთელი ძველი წარმართული სახელმწიფოც ეკლესიად რომ უნდა გადაექცია. ამგვარად (ანუ სამომავლო მიზნით), ეკლესიამ კი არ უნდა ეძიოს განსაზღვრული ადგილი სახელმწიფოში, როგორც "ყოველგვარმა საზოგადოებრივმა კავშირმა" ანდა როგორც "ადამიანთა კავშირმა, შექმნილმა რელიგიური მიზნებისთვის" (როგორც ამბობს ეკლესიაზე ის ავტორი, ვისაც ვედავები), არამედ, პირიქით, ამქვეყნად არსებული ყველა სახელმწიფო შემდგომში სავსებით ეკლესიად უნდა გადაიქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიად იქმნას და ეკლესიის შეუსაბამო ყოველგვარი მიზანი უკუაგდოს. ეს დიად სახელმწიფოს არანაირად არ დაამცირებს, ღირსებასა და დიდებას არ წარსტაცებს, არც მის ხელისუფალთა სახელს დააკნინებს, არამედ მცდარ, ჯერაც წარმართულ გზას განარიდებს და მარადიული მიზნებისკენ მიმავალ ერთადერთ სწორ, ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს. წიგნის ავტორი "საეკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლოს საფუძვლებზე" სწორად მხოლოდ მაშინ იმსჯელებდა, თუკი საფუძველთა ძიებისა და შემოთავაზებისას ამ საფუძვლებს განიხილავდა როგორც ჩვენს ცოდვილსა და ნაკლოვან დროში აუცილებელ კომპრომისს, როგორც მხოლოდ და მხოლოდ დროებით კომპრომისს. მაგრამ ამ საფუძველთა შემთხზველმა როგორც კი გაბედა განეცხადებინა, რომ ის საფუძვლები, რომელთაც გვთავაზობს და რომელთა ნაწილიც ახლა მამა იოსებმა ჩამოთვალა, ურყევი, სტიქიური და საუკუნო საფუძვლებიაო, ამით უკვე ეკლესიას და მის წმიდათაწმიდა, საუკუნო ურყევ დანიშნულებას დაუპირისპირდა. ეს გახლავთ მთელი ჩემი სტატია, მთელი კონსპექტი ამ სტატიისა.

- ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ, - კვლავ წამოიწყო მამა პაისიმ. ყოველ სიტყვას ხაზგასმით წარმოთქვამდა. - ჩვენს საუკუნეში, მეცხრამეტე საუკუნეში დიდად წარმოჩენილი ზოგიერთი თეორიით ეკლესია სახელმწიფოდ უნდა გარდაიქმნას, როგორც უმდაბლესი სახეობა უმაღლეს სახეობად, რათა შემდგომ გაქრეს, ადგილი დაუთმოს მეცნიერებას, დროის სულისკვეთებას და ცივილიზაციას. თუ არ ინებებს ამას და არ დამორჩილდება, მაშინ საზღაურად მხოლოდ ერთ კუთხეს მიუჩენენ, თანაც მეთვალყურეობას დაუწესებენ, - ასეა ყველგან ამჟამად თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში. ხოლო რუსული საზრისით და სასოებით საჭიროა, რომ ეკლესია კი არ გარდაიქმნას სახელმწიფოდ, როგორც უმდაბლესი სახეობა უმაღლეს სახეობად, არამედ, პირიქით, სახელმწიფომ თავისი არსებობა იმით უნდა დაასრულოს, რომ ღირს იქმნას, გარდაიქმნას მარტოოდენ ეკლესიად და არარა სხვად.* დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე!

- ოჰ, გამოგიტყდებით, ახლა ცოტათი გამამხნევეთ, - ჩაიცინა მიუსოვმა და კვლავ ფეხი ფეხზე გადადო. - როგორც მივხვდი, ეს, მაშასადამე, რაღაც უსასრულოდ შორეული იდეალია, მეორედ მოსვლამდე რომ არ განხორციელდება.* როგორც გენებოთ. მშვენიერი უტოპიური ოცნებაა ომების, დიპლომატების, ბანკებისა და სხვათა გაქრობის თაობაზე. ეს ლამის სოციალიზმის მსგავსი რამაა. მე კი სერიოზული რაღაც მეგონა; ვიფიქრე, ეკლესია ახლა, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეებს განსჯის, როზგებსა და კატორღას, იქნებ სიკვდილსაც მიუსჯის-მეთქი.

- თუნდაც ახლავე მხოლოდ საკლესიო-საზოგადოებრივი სასამართლო რომ იყოს, ახლაც კი ეკლესია კატორღასა და სიკვდილს არ მიუსჯიდა. დანაშაული და შეხედულება დანაშაულზე მაშინ უსათუოდ, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა, უცებ, მყისიერად კი არა, თუმცაღა, საკმაოდ მალე შეიცვლებოდა - მშვიდად, უყოყმანოდ წარმოთქვა ივან ფიოდოროვიჩმა.

- სერიოზულად ამბობთ? - თვალჩაციებით შეხედა მას მიუსოვმა.

- ყოველივე თუ ეკლესიად იქცევა, მაშინ ეკლესია დამნაშავესა და ურჩს თავს კი არ მოკვეთდა, თავისი წიაღიდან განკვეთდა, - განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა. - ახლა გეკითხებით, განკვეთილი სად წავიდოდა? მაშინ ხომ იგი არა მხოლოდ ხალხს, როგორც ამჟამადაა, არამედ ქრისტესაც უნდა განშორებოდა. მისი დანაშაული არა მხოლოდ ხალხის, არამედ ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხიც იქნებოდა. მკაცრად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამჟამადაც ასეა, მაგრამ განცხადებული ხომ მაინც არ არის და ამჟამინდელი დამნაშავის სინდისი ძალზე ხშირად თავის თავთან გარიგებას იწყებს: "მოვიპარე, მაგრამ ეკლესიას არ ვეწინააღმდეგები, ქრისტეს მტერი არ ვარო", - აი, რას ეუბნებიან ამჟამინდელი დამნაშავენი საკუთარ თავს ერთპირად, ხოლო როცა ეკლესია სახელმწიფოს ადგილს დაიკავებს, მაშინ ამას ისე ვეღარ იტყოდა, თუ ამქვეყნად არსებულ მთელ ეკლესიას არ უარყოფდა: "ყველანი ცდებიან, ყველა განდგომილია და მხოლოდ მე, ქურდი და მკვლელი ვარ სამართლიანი ქრისტიანული ეკლესიაო." ეს ხომ ძალზე ძნელი სათქმელია, უზარმაზარ პირობებსა და გარემოებებს საჭიროებს, რაც არც ისე ხშირად არსებობს. ახლა, მეორე მხრივ, ავიღოთ თვით ეკლესიის შეხედულება დანაშაულის თაობაზე: განა, არ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი, თითქმის წარმართული შეხედულების საპირისპიროდ და ნაცვლად დასნებოვნებული წევრის მექანიკური განკვეთისა, როგორც ამჟამად საზოგადოების დასაცავად ხდება, არ უნდა გარდაიქმნას და სრულად, სიყალბის გარეშე, ადამიანის აღორძინების, მისი აღდგომისა და ხსნის იდეად არ უნდა იქცეს?

- მაინც რა არის ეს? ახლაც ვერ გამიგია, - შეაწყვეტინა მიუსოვმა, - ისევ რაღაც ოცნებაა. უფორმო რაღაცაა და გაგება შეუძლებელია. რა განკვეთა, როგორი განკვეთა? მე მგონი, უბრალოდ, თავის შესაქცევად ლაპარაკობთ, ივან ფიოდოროვიჩ.

- ახლაც ხომ სინამდვილეში იგივე ხდება, - უეცრად წამოიწყო ბერ-მოძღვარმა და უკლებლივ ყველა მას მიაჩერდა, - ახლა ქრისტიანული ეკლესია რომ არ არსებობდეს, დამნაშავეს ხომ მაშინ ბოროტმოქმედებისგან ვეღარაფერი შეაკავებდა და აღარც მსჯავრი იქნებოდა შემდგომში, ანუ ნამდვილი მსჯავრი, მექანიკური კი არა, როგორც ახლა ბრძანეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ გულს ახელებს, არამედ ნამდვილი მსჯავრი, ერთადერთი ქმედითი, ერთადერთი შიშის მომგვრელი და დამაოკებელი მსჯავრი, საკუთარ ცნობიერებასა და სინდისს რომ ეუფლება.

- ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რანაირად? - უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მიუსოვმა.

- აი, ამნაირად, - წამოიწყო ბერ-მოძღვარმა. - ყოველგვარი სამუშაოებზე გადასახლებანი წინასწარი გაროზგვით, ვერავის გამოასწორებს და, რაც მთავარია, თითქმის არცერთ დამნაშავეს არ აშინებს, ჰოდა, დანაშაულთა რიცხვი კი არ მცირდება, თანდათან უფრო იზრდება. ამაზე უნდა დამეთანხმოთ. ამგვარად, საზოგადოება სრულიად დაუცველია, რამეთუ მავნე წევრი თუმცა მექანიკურად მოკვეთილი და შორს გადასახლებულია, თვალთაგან განრიდებულია, მაგრამ მის ადგილს სხვა დამნაშავე, ანდა, შესაძლოა, ორი სხვა დამნაშავე იკავებს. ჩვენს დროშიც კი თუ საზოგადოებას რაიმე იცავს, თვით დამნაშავეს გამოასწორებს და სხვა ადამიანად გადააქცევს, კვლავ და კვლავ, მარტოოდენ ქრისტეს კანონია, რაც თავს იჩენს მის სინდისსა და ცნობიერებაში. თუ იგი დანაშაულს შეიმეცნებს როგორც ძე ქრისტეს საზოგადოებისა, ანუ ეკლესიისა, მხოლოდ მაშინ შეიმეცნებს დანაშაულს თვით საზოგადოების, ანუ ეკლესიის წინაშეც. ამგვარად, თანამედროვე დამნაშავე დანაშაულს მხოლოდ ეკლესიის წინაშე აღიარებს და არა სახელმწიფოს წინაშე. აი, სასამართლო საზოგადოებას, ეკლესიად წარმოდგენილს რომ ეკუთვნოდეს, მაშინ ამ საზოგადოებას ეცოდინებოდა, მოკვეთილთაგან ვინ დაებრუნებინა თავის წიაღში და კვლავ თავის წევრად ვინ გაეხადა. ხოლო ამჟამად, რაკიღა არავითარი ქმედითი სასამართლო არ გააჩნია და მხოლოდ ზნეობრივი მსჯავრდების შესაძლებლობა აქვს, ეკლესია დამნაშავის ქმედით მსჯავრს თავადვე ემიჯნება. იგი მას თავისგან არ განკვეთს, მხოლოდ მამობრივი დარიგებით იფარგლება. ის კი არა, იმასაც ცდილობს, დამნაშავესთან ყოველნაირი საეკლესიო ქრისტიანული ურთიერთობა შეინარჩუნოს: ნებას რთავს, წირვას დაესწროს, წმინდა ნაწილებს ეზიაროს, მოწყალებას აძლევს და ისე ეპყრობა, როგორც ტყვეს და არა როგორც დამნაშავეს. დამნაშავეს რა დაემართებოდა, ო, უფალო! თუ ქრისტიანული საზოგადოებაც, ანუ ეკლესიაც, მას ისევე განირიდებდა, როგორც სამოქალაქო კანონი განირიდებს და მოიკვეთს? რა მოხდებოდა, თუ სახელმწიფო კანონით მსჯავრდების შემდგომ, მას ეკლესიაც უმალვე თავისგან განკვეთით დასჯიდა? უმეტესი სასოწარკვეთა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რუსი დამნაშავისთვის, რამეთუ რუსი დამნაშავენი ჯერ კიდევ მორწმუნენი არიან. თუმცაღა, ვინ იცის: მაშინ იქნებ საშინელი რამ მოხდებოდა - დამნაშავის სასომიხდილი გული რწმენას დაკარგავდა და მაშინ? მაგრამ ეკლესია, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, ქმედით სასჯელს თავად ემიჯნება, რამეთუ დამნაშავე მისი სასჯელის გარეშეც სახელმწიფო სასამართლოს მიერ ძალზე მწარედ დასჯილია და ვინმემ მაინც ხომ უნდა შეიბრალოს. უმთავრესად კი იმიტომ ემიჯნება, რომ ეკლესიის სამსჯავრო ჭეშმარიტების შემცველი ერთადერთი სამსჯავროა, რის გამოც სხვა რაიმე სამსჯავროსთან მისი თუნდაც დროებითი კომპრომისი არსებითად და ზნეობრივად შეუთავსებელია. აქ გარიგება შეუძლებელია. ამბობენ, უცხოელი დამნაშავე იშვიათად ინანიებსო, რამეთუ ყველაზე თანამედროვე მოძღვრებანი იმ აზრს განუმტკიცებს, რომ მისი დანაშაული დანაშაული კი არ არის, მარტოოდენ უსამართლოდ დამთრგუნველი ძალის წინააღმდეგ ამბოხია. საზოგადოება მას მექანიკურად მოიკვეთს დამჯაბნელი ძალით და განკვეთას თან ახლავს სიძულვილი (ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ ევროპაში საკუთარ თავზე) - სიძულვილი და მოძმის შემდგომი ბედ-იღბლის მიმართ სრული გულგრილობა და მივიწყება. ამგვარად, ყოველივე უმცირესი ეკლესიური შემბრალებლობის გარეშე ხდება, რამეთუ იქ უმეტესად ეკლესიები საერთოდ აღარც არის, დარჩნენ მხოლოდღა ეკლესიის მსახურნი და ეკლესიათა დიდებული შენობები, ხოლო თვით ეკლესიები იქ უკვე, დიდი ხანია, ესწრაფვიან უმდაბლესი სახეობა, ეკლესია, გარდააქციონ უმაღლეს სახეობად, სახელმწიფოდ, რათა მასში სრულიად გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ შეიმჩნევა ლუთერანულ ქვეყნებში. რომში ხომ უკვე ათასი წელია, ეკლესიის ნაცვლად სახელმწიფოა გამოცხადებული.* ამის გამო თვით დამნაშავე თავს ეკლესიის წევრად არც მიიჩნევს და განკვეთილი სასოწარკვეთას ეძლევა. ხოლო თუ საზოგადოებაში ბრუნდება, არცთუ იშვიათად ისეთი სიძულვილით ბრუნდება, რომ თვით საზოგადოება მოიკვეთს. ეს რით დასრულდება, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ბევრ შემთხვევაში ჩვენთანაც თითქოს ასევეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაწესებულ სასამარლოთა გარდა ჩვენში ეკლესიაც არის, რომელიც ურთიერთობას არასოდეს წყვეტს დამნაშავესთან, როგორც საყვარელ და ჯერ კიდევ ძვირფას შვილთან, ამას გარდა, არის და შენარჩუნებულია, თუნდაც მხოლოდ გონებაში, საეკლესიო სამსჯავროც, თუმცა ამჟამად არაქმედითი, მაგრამ, თუნდაც ოცნებით, მომავლისთვის მაინც არსებული, და აღიარებული თვით დამნაშავისაგან, მისი სულის ინსტინქტისგან. სამართლიანია ისიც, რაც ახლა აქ ითქვა, რომ საეკლესიო სასამართლო თუ ნამდვილად წარმოჩინდება, თანაც სრული ძალის მქონე სასამართლო, ანუ მთელი საზოგადოება მხოლოდ ეკლესიად თუ გადაიქცევა, მაშინ ეკლესიის მსჯავრი არამარტო დამნაშავის გამოსწორებაზე იმოქმედებს ისე, როგორც არასდროს არ მოქმედებს ამჟამად, არამედ, შესაძლოა, თვით დანაშაულობანი მართლაც წარმოუდგენელი ოდენობთი შემცირდეს. თვით ეკლესიაც, ეჭვგარეშე, მომავალ დამნაშავეს და მომავალ დანაშაულს მრავალ შემთხვევაში სულ სხვაგვარად შეიმეცნებდა, ვიდრე ამჟამად, და შეძლებდა განკვეთილის დაბრუნებას, განმზრახველს დანაშაულისგან განარიდებდა და დაცემულს აღადგენდა. თუმცა, - ჩაიცინა ბერ-მოძღვარმა, - ქრისტიანული საზოგადოება ამჟამად თავადაც არ არის მზად და მარტოოდენ შვიდ წმინდანს ემყარება; მაგრამ რაკიღა ისინი არ კნინდებიან, მაინც მყარად დგას და ელის, ჯერაც თითქმის წარმართული კავშირის მსგავსი საზოგადოებიდან სრულად როდის გარდაიქმნება მსოფლიო, ერთიან და გაბატონებულ ეკლესიად. დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე, თუნდაც საუკუნეთა დასასრულს, რამეთუ მხოლოდ ამას უწერია აღსრულება! ხოლო დროისა და ვადების გამო წუხილს ნუ მივეცემით, რამეთუ დროისა და ვადების საიდუმლო ღვთის სიბრძნესა, წინასწარ განჭვრეტასა და სიყვარულშია.* ის, რაც ადამიანის ვარაუდით, შეიძლება, ჯერ კიდევ ძალზე შორს იყოს, ღვთის განგებით იქნებ უკვე კარს იყოს მომდგარი.* დაე, აღსრულდეს, აღსრულდეს ესე.

- აღსრულდეს! აღსრულდეს! - მოწიწებითა და მკაცრად დაუკრა კვერი მამა პაისიმ.

- უცნაურია, უკიდურესად უცნაურია! - წარმოთქვა მიუსოვმა არათუ ფიცხად, ლამის ფარული გულისწყრომითაც კი.

- ასე უცნაურად რა გეჩვენებათ? - ფრთხილად ჰკითხა მამა იოსებმა.

- მართლაცდა რა არის ეს? - შესძახა მიუსოვმა, თითქოს უეცრად იფეთქაო, - ამქვეყნად სახელმწიფო უქმდება, ხოლო ეკლესია სახელმწიფოს ხარისხში წარმოსდგება! ეს ულტრამონტანობა კი არა, არქიულტრამონტანობაა! ეს პაპ გრიგოლ მეშვიდესაც არ დაეზმანებოდა!*

- კეთილინებეთ და სრულიად პირიქით გაიაზრეთ! - მკაცრად უთხრა მამა პაისიმ, - ეკლესია არ გადაიქცევა სახელმწიფოდ, გაიგეთ. ეს რომია და მისი ოცნება. ეს ეშმაკის მესამე ცდუნებაა!* პირიქით, სახელმწიფო გარდაიქცევა ეკლესიად, ეკლესიამდე აღმაღლდება და ეკლესია იქნება მომცველი მთელი ქვეყნიერებისა, რაც სრულიად საპირისპიროა ულტრამონტანობისაც, რომისაც, თქვენეული განმარტებისაც და მხოლოდ დიადი დანიშნულებაა ქვეყნიერებაზე მართლმადიდებლობის დამკვიდრებისა. აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდება ვარსკვლავი ესე.

მიუსოვი შთამბეჭდავად დუმდა. მთელი მისი ფიგურა არაჩვეულებრივ ღირსებას გამოხატავდა. ტუჩებზე მედიდური, მოწყალე ღიმილი გამოესახა. ალიოშა თვალს ადევნებდა ყოველივეს და გული მძლავრად უძგერდა. მთელმა საუბარმა გულის სიღრმემდე ააღელვა. რაკიტინს შემთხვევით შეხედა. იგი ადრინდელ ადგილას, კართან, გაუნძრევლად იდგა, ყველაფერს ყურადღებით უსმენდა და აკვირდებოდა, თუმცა თვალები დახრილი ჰქონდა. მაგრამ ლოყები ისეთი გზნებით წამონთებოდა, რომ ალიოშა მიხდვა, რაკიტინიც მასზე ნაკლებ აღელვებული არ ჩანდა. ალიოშამ იცოდა, მას რაც აღელვებდა.

- ბატონებო, ნება მიბოძეთ, ერთი მცირე ანეგდოტი მოგახსენოთ, - უცებ შთამბეჭდავად წამოიწყო მიუსოვმა. ახლა მთელი მისი გარეგნობა მედიდურობას გამოხატავდა. - ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, დეკემბრის გადატრიალებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ,* პარიზში ვიზიტად გახლდით მმართველობაში მყოფ ერთ ძალზე დიდ პიროვნებასთან და მასთან ერთ დიდად საინტერესო ბატონს შევხვდი. ეს ინდივიდუმი არათუ მაძებარი, არამედ პოლიტიკურ მაძებართა მთელი ჯგუფის მმართველი და თავადაც საკმაოდ გავლენიანი თანამდებობის მქონე ბრძანდებოდა. ცნობისმოყვარეობამ წამძლია, შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და გამოველაპარაკე. ნაცნობ-მეგობრობით არ იყო მოსული, უფროსს ისე ეახლა, როგორც ქვეშევრდომი მოხელე, გარკვეული სახის პატაკი უნდა ჩაებარებინა; მისმა უფროსმა როგორ მიმიღო, თავის მხრივ ესაც ნახა, ჰოდა, ღირსად მცნო, ერთგვარი გულახდილობა გამოემჟღავნებინა - რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ანუ თავაზიანი უფრო იყო, ვიდრე გულახდილი, სწორედ ისე, როგორც ფრანგებს სჩვევიათ, მით უმეტეს, რომ უცხოელად შემიცნო. მაგრამ მის აზრებს კარგად ჩავწვდი. საუბარი სოციალისტ-რევოლუციონერებს შეეხებოდა, რომელთაც მაშინ, სხვათა შორის, დევნიდნენ. საუბრის მთავარ არსს გამოვტოვებ, მარტო დიდად ყურადსაღებ შენიშვნას გაუწყებთ, რომელიც იმ ბატონს უეცრად წამოსცდა: "ჩვენ, საკუთრივ, ამ ყველა ჯურის სოციალისტთა - ანარქისტთა, უღმერთოთა და რევოლუციონერთა - შიში არ გვაქვს, - თქვა მან, - თვალყურს ვადევნებთ და მათი გზა-კვალი ჩვენთვის ცნობილია. მაგრამ მათ შორის, თუმცა მცირედნი, რამდენადმე განსაკუთრებულნიც არიან: ღვთის მორწმუნენი და ქრისტიანნი, ამავდროულად სოციალისტები. ყველაზე უფრო მათი გვეშინია, ეს საშინელი ხალხია! სოციალისტ-ქრისტიანი სოციალისტ-უღმერთოზე უფრო საშიშია". მისმა ნათქვამმა მაშინ განმაცვიფრა, მაგრამ ახლა თქვენთან, ბატონებო, ეს რატომღაც გამახსენდა

- ესე იგი, ეს ნათქვამი მოგვისადაგეთ და ჩვენც სოციალისტებად მიგვიჩნიეთ? - პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ჰკითხა მამა პაისიმ. მაგრამ მანამდე, სანამ პიოტრ ალექსანდროვიჩი პასუხს მოისაზრებდა, კარი გაიღო და ასერიგად დაგვიანებული დიმიტრი ფიოდოროვიჩი შემოვიდა. იმას, მართლაცდა, თითქოს აღარც ელოდნენ და მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ თავდაპირველად ერთგვარი გაოცებაც კი გამოიწვია.

VI

რატომ არის ამქვეყნად ასეთი კაცი!

დიმიტრი ფიოდოროვიჩი საშუალო სიმაღლისა და სასიამოვნო სახის მქონე, ოცდარვა წლის ახალგაზრდა კაცი იყო, თუმცაღა თავის ასაკთან შედარებით ბევრად უფროსი მოგეჩვენებოდათ. ტანდაკუნთულს ეტყობოდა, რომ ჭარბი ძალ-ღონის პატრონი გახლდათ; ამისდა მიუხედავად სახეზე ერთგვარი ავადმყოფური იერი დაჰკრავდა. პირხმელს ლოყები ჩასცვივნოდა და არაჯანსაღი მოყვითალო ფერი დასდებოდა. საკმაოდ მსხვილი, მუქი, წამობუშტული თვალები თუმცა სიმტკიცესა და შეუპოვრობას ამჟღავნებდა, მაგრამ როგორღაც გაურკვევლად იმზირებოდა. მაშინაც კი, როცა ღელავდა და გაღიზიანებული ლაპარაკობდა, მისი მზერა შინაგან განწყობილებას თითქოს არ ემორჩილებოდა და სულ სხვა, იმ წუთისთვის შეუსაბამო რაღაცას გამოხატავდა. "ძნელი მისახვედრია, რას ფიქრობს", - იტყოდნენ ხოლმე ზოგჯერ მასთან მოსაუბრენი. ხოლო სხვებს, მის თვალებში გულჩათხრობილობისა და პირქუშობის ამომკითხველთ, უეცრად განაცვიფრებდა ხოლმე მისი უცაბედი სიცილი, რაც იმას მოწმობდა, რომ გონებაში მხიარული და ანცი აზრები უტრიალებდა სწორედ იმ დროს, როცა ასე პირქუშად იმზირებოდა. თუმცაღა მისი ავადმყოფური იერი იმჟამად, შესაძლოა, გასაგებიც ყოფილიყო. ყველამ იცოდა ანდა გაეგონა, ბოლო დროს იგი ჩვენს მხარეში რა ზღვარგადასულ ცხოვრებასა და დროსტარებას ეძლეოდა, ისევე, როგორც ყველამ უწყოდა, მამასთან სადავო ფულის გამო შეხლა-შემოხლის შედეგად რა არაჩვეულებრივ გაღიზიანებასაც მოეცვა მისი არსება. ქალაქში ამის თაობაზე უკვე რამდენიმე ანეკდოტსაც გაიგონებდით. ყურადსაღებია ისიც, რომ იგი ბუნებითაც ფიცხი, "უთავბოლო და დაულაგებელი ჭკუის მქონე" გახლდათ, როგორც დამახასიათებლად თქვა ერთ კრებულებაზე ჩვენმა მომრიგებელმა მოსამართლემ სემიონ ივანოვიჩ კაჩალნიკოვმა. იგი უზადოდ, პეწიანად ჩაცმული შემოვიდა, ღილებშებნეული სერთუკი და შავი ხელთათმანები ემოსა, ხელში ცილინდრი ეჭირა. როგორც თადარიგში ცოტა ხნის წინ გასული სამხედრო, ულვაშებს ატარებდა და ჯერჯერობთი მხოლოდ წვერს იპარსავდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა საფეთქლებთან წინ ჰქონდა წამოვარცხნილი. თამამად, განივრად, მხედრულად მოაბიჯებდა. ზღურბლზე წამით შეჩერდა, ყველა შეათვალიერა. მასპინძლად ბერ-მოძღვარი შეიცნო, პირდაპირ მისკენ გაემართა, თავი მდაბლად დაუკრა და დალოცვა ითხოვა. ბერ-მოძღვარი წამოდგა და დალოცა. დიმიტრი ფიოდოროვიჩმა ხელზე მოწიწებით აკოცა და არაჩვეულებრივი მღელვარებით, ლამის გაღიზიანებით წარმოთქვა:

- დიდსულოვნად მომიტევეთ, ამდენ ხანს რომ გაცდევინეთ, მაგრამ მამაჩემის გამოგზავნილმა მსახურმა სმერდიაკოვმა დროის შესახებ ჩემს დაჟინებულ შეკითხვაზე ორგზის დაბეჯითებით მიპასუხა, პირველზეა დანიშნულიო. ახლა კი უეცრად შევიტყვე

- არა უშავს, - შეაწყვეტინა ბერ-მოძღვარმა, - ცოტა შეგაგვიანდათ, არა უშავს

- უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. თქვენისთანა გულკეთილისგან სხვა რამეს არც მოველოდი. - სწრაფად თქვა დიმიტრი ფიოდოროვიჩმა, ბერ-მოძღვარს თავი ერთხელაც დაუკრა, მერე უცებ თავისი "მამილოსკენ" შეტრიალდა და იმასაც ისეთივე თავაზიანი, მდაბალი სალამი მისცა. ეტყობოდა, რომ ეს სალამი წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული და თავაზიანობისა და კეთილგანზრახვის გამოხატვა თავის მოვალეობად გულწრფელად მიიჩნია. ფიოდორ პავლოვიჩი თუმცა დაიბნა, მაგრამ უმალვე გონს მოეგო: დიმიტრი ფიოდოროვიჩის სალმის პასუხად სავარძლიდან წამოხტა და შვილს ზუსტად ისეთივე მდაბალი სალამი მისცა. სახე უცებ მედიდური გაუხდა, რის გამოც სიავე აშკარად გამოესახა. შემდგომ ამისა დიმიტრი ფიოდოროვიჩმა ოთახში მყოფთ თავი მდუმარედ დაუკრა, ფანჯარასთან თამამი, განიერი ნაბიჯებით მივიდა, მამა პაისის შორიახლოს თავისუფლად დარჩენილ ერთადერთ სკამზე ჩამოჯდა, წინ გადაიწია და შეწყვეტილი საუბრის მოსასმენად მსწრაფლ მოემზადა.

დიმიტრი ფიოდოროვიჩის გამოჩენამ ორიოდ წუთი წაიღო და საუბარი უსათუოდ უნდა განახლებულიყო, მაგრამ მამა პაისის დაჟინებულ, ლამის გამაღიზიანებელ შეკითხვაზე პასუხის გაცემა პიოტრ ალექსანდროვიჩმა ამჯერად არ ისურვა.

- ნება მიბოძეთ, ამ თემას თავი ავარიდო, - წარმოთქვა მან მაღალი წრის კაცისთვის დამახასიათებელი ერთგვარი აგდებული ტონით, - თანაც ეს თემა თავსამტვრევია. აგერ ივან ფიოდოროვიჩს ჩვენზე ეცინება, საინტერესო რამ ალბათ ამის თაობაზეც აქვს სათქმელი. ჰოდა, მას ჰკითხეთ.

- განსაკუთრებულს ვერაფერს მოგახსენებთ მცირეოდენი შენიშვნის გარდა, - უმალ უპასუხა ივან ფიოდოროვიჩმა, - საერთოდ, ეროვპულ ლიბერალიზმს და ჩვენს რუსულ ლიბერალურ დილეტანტიზმსაც კი ხშირად, თანაც დიდი ხანია, საბოლოო შედეგები სოციალიზმისა და ქრისტიანობისა ერთმანეთში ერევა.* ეს უცნაური დასკვნა, რა თქმა უნდა, დამახასიათებელია. თუმცაღა, სოციალიზმსა და ქრისტიანობას თურმე არამარტო ლიბერალები და დილეტანტები ურევენ ერთმანეთში, არამედ, მათთან ერთად, მრავალჯერ, ჟანდარმებიც, ესე იგი, უცხოელნი, რა თქმა უნდა. თქვენი პარიზული ანეკდოტი, საკმაოდ დამახასიათებელია, პიოტრ ალექსანდროვიჩ.

- საერთოდ გთხოვთ, ნება მიბოძოთ, ამ თემას თავი გავანებო, - გაიმეორა პიოტრ ალექსანდროვიჩმა, - ამის ნაცვლად, ბატონებო, სხვა ანეკდოტს გიამბობთ თვით ივან ფიოდროვიჩზე, დიდად საინტერესოსა და ძალზე დამახასიათებელს. ხუთიოდე დღის წინ ერთ აქაურ, უპირატესად ქალთა წრეში პაექრობისას მან განაცხადა, რომ მთელს ქვეყნიერებაზე არ არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანს აიძულებდა, სხვა ადამიანი ჰყვარებოდა, არ არსებობს ბუნების ისეთი კანონი, რომ ადამიანს კაცობრიობა უყვარდეს და თუ ამქვეყნად სიყვარული არსებობს ანდა აქამდე არსებობდა, ეს ბუნებას კი არ დაუკანონებია, არამედ მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ადამიანებს თავიანთი უკვდავება სწამდათ. ივან ფიოდოროვიჩმა, სხვათა შორის, ისიც დაუმატა, რომ ბუნების კანონს მხოლოდ ეს წარმოადგენს და თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად. უფრო მეტიც: მაშინ უზნეობად აღარაფერი მიიჩნევა, ყველაფერი ნებადართული იქნება, ანთროპოფაგიაც კი. ეს კიდევ ცოტაა, მან დაასრულა მტკიცებით, რომ ყოველი კერძო პიროვნებისათვის, მაგალითად, როგორნიც ამჟამად ჩვენ ვართ, ვისაც არც ღმერთი სწამს და არც თავისი უკვდავება, ბუნების ზნეობრივი კანონი დაუყოვნებლივ შეიცვლება ადრინდელის, რელიგიურის, სრულიად საპირისპიროდ და ეგოიზმი, თვით ბოროტმოქმედებამდე მისული, არამარტო ნებადართული იქნება ადამიანისთვის, არამედ აღიარებულ იქნება მისი ყოფის აუცილებელ, ყველაზე გონივრულ და ყველაზე კეთილშობილურ შედეგად. ამგვარი პარადოქსის მიხედვით, ბატონებო, შეგიძლიათ დაასკვნათ, რის წარმოთქმასაც ინებებს და რისი წარმოთქმაც, შესაძლოა, კიდევ აქვს განზრახული ჩვენს ძვირფას ექსცენტრიკოსსა და პარადოქსალისტს ივან ფიოდოროვიჩს.

- მომიტევეთ, - მოულოდნელად შესძახა დიმიტრი ფიოდოროვიჩმა, - თუ არ მომეყურა: "ბოროტმოქმედება არამარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა!" ასეა თუ არა?

- ზუსტად ასეა, - თქვა მამა პაისიმ.

- დავიმახსოვრებ.

თქვა ეს დიმიტრი ფიოდროვიჩმა და ისევ უეცრად დადუმდა, როგორც უეცრად ჩაება საუბარში. მას ყველამ ცნობისწადილით შეხედა.

- ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ამას ასეთი შედეგები მოჰყვება? - უეცრად ჰკითხა ბერ-მოძღვარმა ივან ფიოდოროვიჩს.

- დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.

- ნეტარ ხართ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!

- რატომ უბედური? - გაიღიმა ივან ფიოდოროვიჩმა.

- იმიტომ რომ ალბათ თავად არ გწამთ არც თქვენი სულის უკვდავება და არც ის, რაც ეკლესიასა და საეკლესიო საკითხზე დაგიწერიათ.

- შესაძლოა, მართალი ხართ!.. მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია - უცებ უცნაურად აღიარა ივან ფიოდოროვიჩმა, თანაც მსწრაფლ გაწითლდა.

- მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო. ჯერ თქვენც სასოწარკვეთის გამო თავს იქცევთ ჟურნალის სტატიებით და მაღალ საზოგადოებაში პაექრობით, თანაც თავადვე არ გჯერათ საკუთარი დიალექტიკისა და გულისტკივილით დასცინით ფარულად ეს საკითხი არ გადაგიწყვეტიათ და ეს არის თქვენი დიდი სატანჯველი, რამეთუ დაჟინებით ითხოვს გადაწყვეტას

- შესაძლებელია, ეს საკითხი ჩემს არსებაში გადაწყდეს? გადაწყდეს დადებითად? - უცნაურად განაგრძობდა შეკითხვას ივან ფიოდოროვიჩი, თანაც ბერ-მოძღვარს კვლავ ამოუცნობი ღიმილით შეჰყურებდა.

- დადებითად თუ არ გადაწყდება, მაშინ ვერასოდეს გადაწყდება უარყოფითადაც, თავადაც იცით ეს თვისება თქვენი გულისა; სწორედ ეს ტანჯავს თქვენს გულს. მაგრამ შემოქმედს მადლობა შესწირეთ, ასეთი ამაღლებული გული რომ მოგცათ, რომელსაც უნარი შესწევს, ამგვარი სატანჯველით ტანჯვისა. "ზეცისას ეძიებდეთ და ზეცისას ფიქრობდეთ, ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია."* ღმერთმა ინებოს, რომ საკითხის გადაწყვეტა თქვენს გულს ამქვეყნადვე მოევლინოს. დაე, დალოცოს ღმერთმა გზანი თქვენი!

ბერ-მოძღვარმა ხელი აღმართა და ის კი იყო, დააპირა, ივან ფიოდოროვიჩისთვის ჯვარი გადაესახა, მაგრამ იგი უეცრად სკამიდან წამოდგა ბერ-მოძღვართან მივიდა, მისი დალოცვა მიიღო, ხელზე ეამბორა და თავის ადგილზე ხმაამოუღებლად დაბრუნდა. შესახედაობა მტკიცე და სერიოზული ჰქონდა. ამ საქციელმა და ბერ-მოძღვართან მთელმა წინანდელმა, ივან ფიოდოროვიჩის მხრივ მოულოდნელმა საუბარმა იდუმალებითა და ერთგვარი საზეიმო ელფერით ყველა როგორღაც განაცვიფრა, ისე რომ ყველანი ერთი წუთით დადუმდნენ, ხოლო ალიოშას სახეზე ლამის შიშიც კი აღებეჭდა. მაგრამ მიუსოვმა უეცრად მხრები აიჩეჩა და იმავ წუთს ფიოდორ პავლოვიჩი სკამიდან წამოხტა.

- ღვთაებრივო და უწმინდესო ბერ-მოძღვარო! - შეჰყვირა მან და ივან ფიდოროვიჩზე მიუთითა. - ეს ძეა ჩემი, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი უსაყვარლესი სისხლი და ხორცი! ჩემი უღირსეულესი, ასე ვთქვათ, კარლ მორი, ხოლო ეს, ახლახან შემოსული ძე, დიმიტრი ფიოდოროვიჩი, ვის განსჯასაც თქვენგან მოველი, ყოვლად უღირსი ფრანც მორია, - ორივენი შილერის "ყაჩაღებიდან" არიან. ხოლო მე, თავად მე, ასეთ შემთხვევაში გახლავართ Regierender Graf von Moor! განგვსაჯეთ და გვიხსენით! მარტოოდენ თქვენი ლოცვა კი არა, თქვენი წინასწარმეტყველებაც გვესაჭიროება.

_________________

1. განმგებელი გრაფი ფონ მოორი! (გერმ.)

- სალოსობას მოეშვით და ისე ილაპარაკეთ, თქვენი ახლობლების შეურაცხყოფას ნუ მოჰყვებით, - უპასუხა ბერ-მოძღვარმა სუსტი, მოქანცული ხმით. ეტყობოდა, სულ უფრო და უფრო იქანცებოდა და ძალა აშკარად ეცლებოდა.

- უღირსი კომედიაა, რასაც წინასწარ ვგრძნობდი, როცა აქ მოვდიოდი! - შესძახა ბრაზმორეულმა დიმიტრი ფიოდოროვიჩმა და თვადაც წამოხტა. - მომიტევეთ, ღირსო მამაო, - მიუბრუნდა იგი ბერ-მოძღვარს, - მე გაუნათლებელი კაცი ვარ და ისიც კი არ ვიცი, რა უნდა გიწოდოთ, მაგრამ მოგატყუეს, თქვენ კი ძალზე კეთილად მოგვეპყარით, აქ თავშეყრის ნება რომ დაგვრთეთ. მამაჩემს სკანდალის ატეხვა სურს. რა მიზნით? რაიმე ექნება ნავარაუდევი. იგი ყველაფერს რაღაც ვარაუდით აკეთებს. მაგრამ, მე მგონი, ახლა ვიცი, რა მიზნითაც

- ბრალსა მდებენ ყველანი, ესენი, ყველანი! -აყვირდა ფიოდორ პავლოვიჩიც - აი, პიოტრ ალექსანდროვიჩიც ბრალს მდებს. ბრალი დამდეთ, პიოტრ ალექსანდროვიჩ, ბრალი დამდეთ! - უცებ მიუბრუნდა იგი მიუსოვს, თუმცა მას აზრადაც არ მოსვლია, ფიოდორ პავლოვიჩისთვის სიტყვა გაეწყვეტინებინა. - ბრალსა მდებენ, რომ შვილს ფული გადავუმალე და მთლიანად ჩავიჯიბე, მაგრამ, მოითმინეთ, განა სასამართლო არ არსებობს? იქ დაგიანგარიშებენ, დიმიტრი ფიოდოროვიჩ, თქვენივე ხელწერილების, წერილებისა და ხელშეკრულებების მიხედვით, რამდენი გქონდათ, რამდენი ჩანთქეთ და რამდენი დაგრჩათ! პიოტრ ალექსანდროვიჩი თავს რატომ არიდებს აზრის გამოთქმას? დიმიტრი ფიოდოროვიჩი მაგისთვის უცხო არ არის. იმიტომ, რომ ყველაფერი მე მეკუთვნის, ხოლო დიმიტრი ფიოდოროვიჩს საბოლოო ანგარიშით ჩემი მართებს, თანაც ცოტა კი არა, რამდენიმე ათასი, რაზედაც ყველანაირი საბუთი მაქვს! ამის დროსტარებას ხომ ნუღარ იკითხავთ, ქალაქი თავზე აიცვა და ეგ არის! ხოლო იქ, სადაც ადრე მსახურობდა, პატიოსანი ქალწულების შესაცდენად ათასსა და ორ-ორ ათასს იხდიდა. ეს, დიმიტრი ფიოდოროვიჩ, წვრილად, უსაიდუმლოესი ამბებით ვუწყით და ამას დავამტკიცებ უწმინდესო მამაო, განა დაიჯერებთ: თავი შეაყვარა ქალწულთა შორის უკეთილშობილესს, კარგ ოჯახიშვილს, ქონებიანს, თავისი ყოფილი უფროსის, დამსახურებული, მახვილებიანი ანას მქონე* მამაცი პოლკოვნიკის ქალიშვილს, ხელი სთხოვა, სახელი გაუტეხა, ახლა ის ქალიშვილი, დაობლებული, ამისი საცოლე, აქ არის, ხოლო ეს, იმ ქალიშვილის თვალწინ ერთ აქაურ მაცდუნებელ ქალთან დადის. ხოლო ის მაცდუნებელი ქალი თუმცა, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ქორწინებით ცხოვრობდა ერთ დარბაისელ კაცთან, მაგრამ დამოუკიდებელი ხასიათის მქონეა, ყველასათვის აუღებელი ციხე-სიმაგრეა, კანონიერი ცოლივითაა, რამეთუ სათნოა, - დიახ! წმინდანო მამანო, სათნოა! დიმიტრი იფოდოროვიჩს კი უნდა, რომ ეს ციხე-სიმაგრე ოქროს გასაღებით გააღოს, ახლა თავხედურად ამიტომ მეპყრობა, უნდა, რომ ფული წაგლიჯოს. იმ მაცდუნებელს ათასები უკვე მიაფლანგა. ამის გამოა, ფულს განუწყვეტლივ რომ სესხულობს, თანაც, სხვათა შორის, ვისგან, რა გგონიათ? ვთქვა თუ არა, მიტია?

- ჩუმად! - დაიყვირა დიმიტრი ფიოდოროვიჩმა, - მოიცადეთ, სანამ აქედან გავალ, ჩემი თანდასწრებით უკეთილშობილეს ქალიშვილს სახელს ნუ უტეხთ თქვენ რომ მასზე სიტყვის დაძვრას ბედავთ, ესაც კი მისთვის უკვე სამარცხვინოა ნებას არ მოგცემთ!

მას სული ეხთუებოდა.

- მიტია! მიტია! - ნერვიულად, ხმაში ცრემლშერევით შეჰყვირა ფიოდორ პავლოვიჩმა, - მშობლის დალოცვა არაფრად გიღირს? ახლა რომ დაგწყევლო, რა იქნება?

- უსირცხვილო, თვალთმაქცო! - მძვინვარედ დაიღრილა დიმიტრი ფიოდოროვიჩმა.

- მამას, მამას ეს რომ აკადრა, სხვებს რაღას უზამს? ბატონებო, წარმოიდგინეთ: აქ არის ერთი ღარიბი, მაგრამ დარბაისელი კაცი, გადამდგარი კაპიტანი, უბედურებაში გახვეული, სამსახურიდან დათხოვნილი, მაგრამ გაუხმაურებლად, ღირსება შენარჩუნებული, მრავალრიცხოვანი ოჯახის პატრონი. ამ სამი კვირის წინ ჩვენი დიმიტრი ფიოდოროვიჩი სამიკიტნოში გახლდათ, იქ იმ კაცს წვერში სწვდა, ქუჩაში გაათრია და სახალხოდ მიტყიპა იმის გამო, რომ იგი ერთ საქმეში ფარულ რწმუნებულად მყავს.

- ეს ყოველივე სიცრუეა! გარეგნულად მართალია, შინაგანად სიცრუე! - სიბრაზისგან ერთიანად ცახცახებდა დიმიტრი ფიოდოროვიჩი. - მამილო! მე ჩემს საქციელს არ ვამართლებ. დიახ, საჯაროდ ვაღიარებ: იმ კაპიტანს მხეცივით მოვეპყარი, ახლა ვნანობ და მრცხვენია მხეცური მრისხანებისა, მაგრამ ის თქვენი კაპიტანი, თქვენი რწმუნებული, მივიდა სწორედ იმ ქალბატონთან, ვისაც თქვენ მაცდუნებელს უწოდებთ და თქვენი სახელით შესთავაზა, რომ მას თქვენთვის ჩემი ვექსილები გამოერთმია და ჩემთვის ეჩივლა, რათა ამ ვექსილთა საშუალებით ციხეში ჩავესვი, თუკი ქონების გამო დავით თავს ძალიან მოგაბეზრებდით. ახლა კი ბრალსა მდებთ, რომ იმ ქალბატონს თვალი დავადგი, როცა მას თქვენ თვითონ ხაფანგში ჩემ გასაბმელად აგულიანებდით! ის ხომ ამას დაუფარავად მომიყვა, თან მიყვებოდა და თან დაგცინოდათ! ჩემი ციხეში ჩასმა კი მხოლოდ იმიტომ გსურთ, რომ იმ ქალის გამო ჩემზე ეჭვიანობთ, რადგან მას სიყვარულის გამოცხადება თავად დაუწყეთ. ჩემთვის ეს ამბავიც ცნობილია; ამასაც ის ქალი სიცილით მიყვებოდა, გესმით, თქვენ სასაცილოდ გიგდებდათ და ისე მიყვებოდა. აი, ვინ გახლავთ ეს კაცი, წმინდანო მამანო, გარყვნილი შვილის მბრალმდებელი მამა! ბატონო მოწმეებო, მომიტევეთ, რომ განვრისხდი, მაგრამ გული მიგრძნობდა, ამ მზაკვარმა ბერიკაცმა აქ თავი იმიტომ მოგვიყარა, რომ სკანდალი აეტეხა. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ მეპატიებინა, თუ იგი ხელს გამომიწვდიდა, მეპატიებინა და პატიება მეთხოვა! მაგრამ რაკიღა ამ წუთას არა მარტო მე შეურაცხმყო, არამედ უკეთილშობილესი ქალიშვილიც, ვისი სახელის წარმოთქმასაც კი ვერ ვბედავ მის მიმართ მოწიწების გამო, ამიტომ გადავწყვიტე, მთელი ეს თამაში საჯაროდ გამემჟღავნებინა, თუმცა ეს მამაა ჩემი!

მან ლაპარაკის განგრძობა ვეღარ შეძლო. თვალები უელავდა, სუნთქვა უჭირდა. თუმცაღა, სენაკში მყოფნი, ყველანი აღელვებულნი იყვნენ. ბერ-მოძღვრის გარდა ყველანი აფორიაქებულნი წამოდგნენ. მღვდელმონაზვნები მკაცრად იმზირებოდნენ, მაგრამ ელოდნენ, ბერ-მოძღვარი რას ინებებდა. იგი მთლად გაფითრებული იჯდა, მაგრამ მღელვარებისგან კი არა, სნეულებით გამოწვეული უძლურებისგან. ტუჩებზე მავედრებელი ღიმილი დაჰფენოდა; დროდადრო ხელს აღმართავდა ხოლმე, თითქოს გამძვინვარებულთა დაოკება ეწადა. რა თქმა უნდა, ამ სცენის შესაწყვეტად მისი ერთი ჟესტიც კი იკმარებდა, მაგრამ თითქოს რაღაცას კიდევ ელოდა და დაჟინებით აკვირდებოდა, თითქოს რაღაცის გაგება კიდევ სურდა, თითქოს რაღაც ჯერაც ვერ გაერკვია. პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვმა თავი მთლად დამცირებულად და შერცხვენილად იგრძნო.

- მომხდარ სკანდალში ყველანი დამნაშავენი ვართ! - აღგზნებით წარმოთქვა მან. - მაგრამ აქ როცა მოვდიოდი, ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა ვიცოდი, საქმე ვისთანაც მქონდა ეს ახლავე უნდა დამთავრდეს! თქვენო მაღალღირსებავ, მერწმუნეთ, აქ გამომჟღავნებული ყოველი წვრილმანი ზუსტად არ ვიცოდი, არ მინდოდა, დამეჯერებინა და ახლაღა პირველად შევიტყვე მამა შვილზე ეჭვიანობს ცუდი ყოფაქცევის ქალის გამო და იმ უწმინდურთან პირი შეუკრავს, რომ შვილი ციხეში ჩაასმევინოს.. აი, როგორ კომპანიასთან ერთად მოსვლა მაიძულეს მე მოტყუებული ვარ, ყველას ვუცხადებ, რომ სხვებზე არანაკლებ მოტყუებული ვარ

- დიმიტრი ფიოდოროვიჩ! - უეცრად რაღაც უცხო ხმით აყვირდა ფიოდორ პავლოვიჩი, - ჩემი შვილი რომ არ იყოთ, ამ წუთას დუელში გამოგიწვევდით პისტოლეტებით, სამი ნაბიჯის დაშორებით ცხვირსახოცის მანძილზე, ცხვირსახოცის მანძილზე!* - დაასრულა მან და ორივე ფეხი ააბრაგუნა.

ბებერ მატყუარებს, ვისაც მთელი სიცოცხლე უმსახიობიათ, აქვთ წუთები, როცა თამაშით ისე გაერთობიან, მღელვარებისგან მართლა თრთიან და ტირიან, თუმცა იმავე წამს (ანდა სულ ერთი წამის შემდეგ) შეუძლიათ, საკუთარ თავს ჩასჩურჩულონ: "ცრუობ, უსირცხვილოვ, შენ ხომ ახლაც მსახიობობ, მთელი შენი "წმინდა" მრისხანებისა და მრისხანების "წმინდა" წუთის მიუხედავად".

დიმიტრი ფიდოროვიჩმა შუბლი საზარლად შეიჭმუხნა და მამას უსაზღვრო ზიზღით შეხედა.

- ვფიქრობდი ვფიქრობდი, - წყნარად, თავშეკავებით წარმოთქვა მან, - სამშობლოში ჩამოვიდოდი ჩემი სულის ანგელოზთან, ჩემს საცოლესთან ერთად, რათა ამისი სიბერე დამეტკბო, აქ კი გარყვნილი ავხორცი და ნამუსგარეცხილი კომედიანტი დამხვდა!

- დუელში გიწვევთ! - ისევ შეჰყვირა ბერიკაცმა. სული ეხუთებოდა და ყოველი სიტყვის წარმოთქმისას დორბლს ჰყრიდა. - ხოლო თქვენ, ბატონო პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვო, იცოდეთ, რომ მთელ თქვენს საგვარეულოში იქნებ არ არის და არც ყოფილა უფრო ამაღლებული და წმინდა, გაიგონეთ, წმინდა ქალი, ვიდრე ეს, თქვენი თქმით, უწმინდურია, როგორც ახლა ინებეთ, იგი მოგეხსენიებინათ! ხოლო თქვენ, დიმიტრი ფიოდოროვიჩ, თქვენი საცოლე ამ "უწმინდურზე" გაცვალეთ, მაშასადამე, თავად დასდეთ მსჯავრი, რომ თქვენი საცოლე მისი ფეხის ფრჩხილად არ ღირს. აი, როგორია ის უწმინდური!

- სამარცხვინოა! - შესძახა უეცრად მამა იოსებმა.

- სამარცხვინოა და საძრახისი! - მღელვარებისგან ათრთოლებული ყმაწვილური ხმით უცებ შესძახა სახეაწითლებულმა, აქამდე მდუმარე კალგანოვმა.

- რატომ არის ამქვეყნად ასეთი კაცი! - ყრუ ხმით ჩაიბუხუნა ბრაზისგან თითქმის განძვინვარებულმა დიმიტრი ფიოდოროვიჩმა და მხრები ისე უზომოდ მაღლა ასწია, რომ ამის გამო ლამის ამოიკუზა, - არა, მითხარით, განა ამას ნება კიდევ უნდა მისცე, რომ მიწას ამძიმებდეს? - მან თვალი ყველას მიმოავლო და ხელი ბერიკაცისკენ გაიშვირა. იგი ნელა, დალაგებით ლაპარაკობდა.

- გესმით, გესმით, ბერებო! რა თქვა მამის მკვლელმა, - შეუტია ფიოდორ პავლოვიჩმა მამა იოსებს. - აი, პასუხი თქვენს ნათქვამზე! სამარცხვინოაო!" რა არის სამარცხვინო? ის "უწმინდური", "ცუდი ყოფაქცევის ქალი", შესაძლოა, თავად თქვენზე წმინდა იყოს, თავის ხსნისთვის მზრუნველო ბატონო მღვდელმონაზღვნებო! იქნებ სინორჩისას იმსხვერპლა საზოგადოებამ. მაგრამ მან "შეიყვარა ფრიად", ხოლო ვინც ფრიად შეიყვარა, მას ქრისტემაც შეუნდო*

- ქრისტეს ასეთი სიყვარულის გამო არ შეუნდვია - ვეღარ მოითმინა და შესძახა თვინიერმა მამა იოსებმა.

- არა, ასეთი სიყვარულის გამო, სწორედ ამ სიყვარულის გამო, ბერებო, ამ სიყვარულის გამო! თქვენ აქ კომბოსტოთი გწადიათ, თავი იხსნათ და გგონიათ, რომ წმინდანები ხართ! ლიფსიტებს ჭამთ, დღეში თითო ლიფსიტას, და გგონიათ, რომ ღმერთს გულს მოუგებთ!

- მეტისმეტია, მეტისმეტია! - გაისმოდა სენაკში ყოველ მხარეს.

მაგრამ ეს უმსგავსო სცენა სრულიად მოულოდნელად დასრულდა. ბერ-მოძღვარი უეცრად წამოდგა. შეშინებულმა და მთლად თავგზააბნეულმა ალიოშამ მიხმარება მაინც მოასწრო და მკლავზე ხელი მოჰკიდა. ბერ-მოძღვარი დიმიტრი ფიოდოროვიჩისკენ გაემართა, ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა და მის წინაშე მუხლებზე დაეშვა. ალიოშამ იფიქრა, ღონე გამოელია და წაიჩოქაო, მაგრამ ეს ასე არ იყო. დაჩოქილმა ბერ-მოძღვარმა დიმიტრი ფიოდოროვიჩის ფერხთა წინაშე თავი აშკარად, გააზრებულად და ისე მდაბლად დახარა, რომ იატაკს შუბლითაც კი შეეხო. ალიოშა ისე განცვიფრდა, ბერ-მოძღვარს წამოდგომისას ვეღარ მიეხმარა.

- მომიტევეთ! ყველამ მომიტევეთ! - თქვა ბერ-მოძღვარმა და სტუმრებს ყოველ მხარეს თავი დაუკრა. ტუჩებზე ოდნავი ღიმილი უკრთოდა.

დიმიტრი ფიოდოროვიჩი რამდენიმე წამს გაოგნებული იდგა, თავმდორეკილმა რომ დამიჩოქა, ეს რა არისო? ბოლოს შეჰყვირა: "ღმერთო ჩემოო!" - სახეზე ხელები აიფარა და ოთახიდან გარეთ გაიჭრა. მას ჯგროდ მიჰყვა ყველა სტუმარი, შეცბუნებულნი მასპინძელს არც კი გამომშვიდობებიან. ბერ-მოძღვარს დალოცვის მისაღებად მხოლოდ მღვდელმონაზვნები მიეახლნენ.

- ეს რა იყო, მიტიას ფეხებთან რომ დამეხო, რაიმე ემბლემაა, თუ რა არის? - საუბრის წამოწყებას შეეცადა უეცრად რატომღაც დაწყნარებული ფიოდორ პავლოვიჩი, თუმცაღა ვერ გაბედა, პირადად ვინმესთვის მიემართა. იმ წუთას ყველანი სავანის გალავნიდან გადიოდნენ.

- საგიჟეთისა და გიჟების სანაცვლოდ მე პასუხს არ ვაგებ, - უმალ უპასუხა ბრაზმორეულმა მიუსოვმა, - სამაგიეროდ, თქვენ აღარ გაგიკარებთ, ფიოდორ პავლოვიჩ, თანაც მერწმუნეთ, აღარასოდეს. წეღანდელი ბერი სად არის?

"წეღანდელ ბერს", ანუ იმას, ვინც ისინი ცოტა ხნის წინ წინამძღვართან სადილზე მიიწვია, დიდხანს არ ულოდინებია. იგი სტუმრებს იქვე შეეგება, როგორც კი ისინი ბერ-მოძღვრის სენაკის პარმაღს ჩამოსცდნენ, თითქოს სულ იქ იდგა და მათ გამოსვლას უცდიდა.

- ღირსო მამაო, პატივი დამდეთ, მამა წინამძღვარს მოახსენეთ, რომ უაღრეს პატივს ვცემ და პირადად მე, მიუსოვს, მისი მაღალღირსების წინაშე ბოდიში მომხადეთ იმის გამო, რომ უეცრად მოვლენილი გაუთვალისწინებელი ვითარების გამო არაფრისდიდებით არ შემიძლია, მის ტრაპეზობაში მონაწილეობა მივიღო, თუმცა უგულწრფელესად მსურს, - გულფიცხლად უთხრა ბერს პიოტრ ალექსანდროვიჩმა.

- გაუთვალისწინებელი ვითარება ხომ მე ვარ! - უმალ აუბა სიტყვა ფიოდორ პავლოვიჩმა. - გესმით, მამაო, პიოტრ ალექსანდროვიჩს ჩემთან ერთად დარჩენა არ სურს, თორემ უმალ წამოვიდოდა. წადით, პიოტრ ალექსანდროვიჩ, ეწვიეთ მამა წინამძღვარს, ღმერთმა შეგარგოთ! სტუმრობას თქვენ კი არა, თავს მე ვარიდებ. შინ წავალ, შინ ვისადილებ, აქ ტრაპეზობის ხალისი არ მაქვს. პიოტრ ალექსანდროვიჩ, ჩემო უძვირფასესო ნათესავო.

- მე თქვენი ნათესავი არა ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ, სულმდაბალო!

- განზრახ გითხარით, რათა გამეხელებინეთ. იმიტომ რომ ნათესაობას უარყოფთ, თუმცა მაინც ნათესავი ხართ, თავი როგორც არ უნდა გამარიდოთ. ჟამნ-კანონით დაგიმტკიცებთ?* ივან ფიოდოროვიჩ, ცხენებს თავის დროზე გამოგიგზავნი, თუ გინდა, შენც დარჩი. ხოლო თქვენ, პიოტრ ალექსანდროვიჩ, ზრდილობა გავალდებულებთ, ახლა მამა წინამძღვარს რომ ეწვიოთ, რათა მოუბოდიშოთ იმის გამო, რაც მე და თქვენ აქ ჩავიდინეთ

- მართლა მიდიხართ? არ ცრუობთ?

- პიოტრ ალექსანდროვიჩ, რაც მოხდა, იმის შემდეგ როგორ გავბედავ! თავი ვერ დავიოკე, მომიტევეთ, ბატონებო, თავი ვერ დავიოკე! ამასთანავე შეძრწუნებული ვარ! მრცხვენია კიდევაც. ბატონებო, ზოგს ალექსანდრე მაკედონელის გული აქვს, ზოგს კი ლეკვისა. მე ლეკვის გული მაქვს, შევკრთი! ამგვარი საქციელის შემდეგ სადილად წასვლა და მონასტრის სოუსების თქვლეფა გაგონილა? მრცხვენია, არ შემიძლია, მომიტევეთ!

"ეშმაკმა უწყის, იქნებ ცრუობს!" - ჩაფიქრებული მიუსოვი შეჩერდა და მიმავალ მასხარას საგონებელში ჩავარდნილი მიაჩერდა. ფიოდორ პავლოვიჩმა შეამჩნია, რომ პიოტრ ალექსანდროვიჩი თვალს ადევნებდა, მისკენ შეტრიალდა და ხელით კოცნა გაუგზავნა.

- თქვენ მოდიხართ წინამძღვართან? - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ჰკითხა მიუსოვმა ივან ფიოდოროვიჩს.

- რატომაც არა? თანაც წინამძღვარმა ჯერ კიდევ გუშინ საგანგებოდ მიმიწვია.

- საუბედუროდ, მე მართლა ვგრძნობ, რომ ჩემი მისვლა ამ წყეულ სადილზე თითქმის აუცილებელია, - კვლავ ცხარედ, გულფიცხად განაგრძობდა მიუსოვი. იმასაც კი აღარ აქცევდა ყურადღებას, რომ ბერი უსმენდა. - იქ მაინც უნდა მოვიბოდიშო იმის გამო, რაც აქ ჩავიდინეთ და განვუმარტო, რომ ჩვენი ბრალი არ იყო რას იტყვით?

- დიახ, უნდა განვუმარტოთ, რომ ჩვენი ბრალი არ იყო. თანაც მამაჩემი ხომ იქ არ იქნება, - უპასუხა ივან ფიოდოროვიჩმა.

- მამათქვენი გვაკლია სწორედ! იმ წყეულ სადილზე!

თან ლაპარაკობდნენ და თან მიაბიჯებდნენ. ბერი დუმდა და უსმენდა. ტყის ბილიკს სანამ ჩაათავებდნენ, მხოლოდ ერთხელ ჩაურთო, მამა წინამძღვარი, რა ხანია, გველის, უკვე ნახევარ საათზე მეტია, ვიგვიანებთო. მისთვის არ უპასუხიათ. მიუსოვმა ივან ფიოდოროვიჩს სიძულვილით შეხედა.

"ისე მიდის სადილზე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს! - გაიფიქრა მან. - რკინის შუბლი აქვს და კარამაზოვული სინდისი."



კალენდარი
აპრილი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი