მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2006-06-20
დევნილების იძულებით გამოსახლება დაიწყო
ბათუმიდან

ბათუმში სასტუმრო "მედეასა" და "მესხეთს" ელექტროენერგია და წყალი გამოურთეს. მშენებლებმა შენობების დემონტაჟი დაიწყეს. საპროტესტოდ გამოსული დევნილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, რამდენიმე ახალგაზრდა კი დააპატიმრეს.

აჭარაში ყაზახი ინვესტორების მიერ დასასვენებელი სახლების შესყიდვის შემდეგ ბათუმში განთავსებული 2 ათასი დევნილი ოჯახიდან სამასმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. ისინი საკომპენსაციო თანხების დამატებას ითხოვდნენ. მათ საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით ასახლებენ.

ბათუმში თბილისური სცენარის განმეორებას ბევრი მოელოდა. ინვესტორებს დევნილების გამოსახლება დასასვენებელი ობიექტების შესყიდვიდან 3 თვის შემდეგ შეეძლოთ. ეს ვადა 16 მაისს ამოიწურა. ერთი თვის მოცდის შემდეგ კი, ასე რომ ვთქვათ, მოსახდენის მოხდენა დაიწყო.

დევნილების უკმაყოფილების მიზეზი ბოლო დროს ბათუმში ბინების ფასების კატასტროფული ზრდაც გახდა. უკმაყოფილო დევნილები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული 7 ათასი დოლარი ახალი ცხოვრების დასაწყებად დღეს ძალიან ცოტაა. ინვესტორების პოზიციაც ამ შემთხვევაში ცალსახა იყო - ისინი საკომპენსაციოდ 14 მილიონს იხდიდნენ და მეტის გადახდაზე უარი განაცხადეს.

დევნილთა უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი საკომპენსაციო სია გახდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 1921 ოჯახი შეიტანა სიაში. რამდენიმე ოჯახი სიიდან ამოვარდა. დევნილთა აზრით, ეს ხელისუფლებამ ხელოვნურად გააკეთა, რადგან ამით კორუფციის საშუალება ეძლეოდათ. ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა, ნანა ვეკუამ გააკეთა. მისი განცხადებით, საკომპენსაციო სიის შემცირება ხელისუფლების დავალებით ხდებოდა. მარტივი არითმეტიკული გათვლით, 14 მილიონით 2000 ოჯახის დაკმაყოფილება იყო შესაძლებელი. სად გაქრა ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი? ამ თემაზე პასუხი ჯერ გაუცემელია.

16 ივნისს დევნილთა გამოსახლება დაიწყო. დევნილებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ. ამიტომაც დემონტაჟს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის გამო დაპატიმრებულ ორ დევნილს - ბაჩუკი ბიგვავასა და დათო არზიანს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დემონტაჟის დაწყებამდე, დილით სასტუმრო "მესხეთიდან" და "მედეადან" პოლიციამ რამდენიმე ახალგაზრდა განყოფილებაში წაიყვანა. ზოგი მათგანი ნარკოლოგიურში შეამოწმეს. "დილით ეძინა, პოლიციამ ლოგინიდან აიყვანა და წაიყვანა. რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, "მედეას" წინ რატომ ჯდებიან გვიანამდეო, - მომიგეს პასუხად. ბავშვი აქ გაიზარდა; ახლა, მით უმეტეს, მეგობრები ერთმანეთს ემშვიდობებიან და რა მოხდა, არაფერს აშავებდნენ", - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის, 16 წლის ირაკლის დედამ.

ახალგაზრდები კი აცხადებენ, რომ პოლიცია მათ პასუხს სთხოვდა, თუ რატომ არ იღებენ მათთვის გამოყოფილ 7 ათასს დოლარს. "ტერორი დაიწყეს - ბავშვები მიჰყავთ პოლიციის განყოფილებაში, აძალებენ რომ კომპენსაცია აიღონ. თითქოს ბავშვები წყვეტენ... ეს ზეწოლაა ბავშვებისა და მშობლების ფსიქიკაზე. ბავშვებს არანაირი დანაშაული არა აქვთ", - განაცხადა სასტუმრო "მედეაში" მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა ზვიად ესაკიამ.

ახალგაზრდების პოლიციაში წაყვანას პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. "ამ დროს პოლიციამ გია ფარავაც წაიყვანა, რადგან ბავშვებს გამოესარჩლა. პოლიციელებმა ის სცემეს და გამოუშვეს. კაცს ტვინის შერყევა აქვს, სამედიცინო დახმარებაც გვყავდა გამოძახებული", - აღნიშნავს დევნილი მოსახლეობა.

26 ივნისს მორიგი სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს დევნილთა მოთხოვნაზე ბინებით ფართის მიხედვით დაკმაყოფილების თაობაზე. იქამდე კი, უკმაყოფილო დევნილებს წასასვლელი არსად აქვთ.

დევნილთა ადვოკატის გელა სირაძის განცხადებით, დემონტაჟი უკანონოდ დაიწყო: "კანონით, ოჯახს, რომელიც ხელშეკრულებას გააფორმებდა, სამი თვის შემდეგ უნდა დაეცალა ბინა, მაგრამ ამ მოსახლეობას ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. დემონტაჟი უკანონოდ დაიწყეს - კიბის, აივნების მოშლით ხელისუფლება მოსახლეობას იძულებულს ხდის, რომ დაცალონ სასტუმრო".

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მამუკა ნაკაშიძემ აღნიშნა, შაბათ-კვირის განმავლობაში ყაზახ ინვესტორებსა და დევნილებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი თქმით, "ინვესტორები საკითხს განიხილავენ და, 7 ათასი დოლარის გადახდასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 19 ივნისისთვის საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ".

ავტორი: ემზარ დიასამიძე


კალენდარი
 
 
ივლისი  2006
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი