შოთა კვირაია შინაგან საქმეთა მინისტრად ჯაბა იოსელიანის ინიციატივით დაინიშნა. გამინისტრებიდან ცოტა ხანში კვირაია იოსელიანის და მხედრიონის დაუძინებელი მტერი გახდა. იოსელიანის დაპატიმრებაც მან თავის თავზე აიღო.
ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი იხსენებს, რომ კვირაიამ თავისი პროტეჟე შს სამინისტროში მოტყუებით წაიყვანა. მანამდე კი სახლში ორი იარაღი დაუდო. როგორ დააპატიმრეს იოსელიანი, რა დაუბარა კვირაიამ მის მეუღლეს და რატომ დადო მაგიდაზე ორი პისტოლეტი, ამის თაობაზე თამაზ ფანჩულიძე "ახალ თაობას" ესაუბრება.
თამაზ ფანჩულიძე:
- ჯაბა იოსელიანის დაკავება იყო დიდი უკანონობა. მას იცავდა დეპუტატის იმუნიტეტი. კანონმდებლობით იმუნიტეტის მოხსნამდე დეპუტატის დაპატიმრება არ შეიძლებოდა. ამათ კი კანონი არაფრად არ ჩააგდეს. ერთხელაც, შუაღამისას სამართალდამცავები ტანკებით და ბეტეერებით მიადგნენ ჯაბა იოსელიანის სახლს. კორპუსი, სადაც ბატონი ჯაბა ცხოვრობდა, ალყაში მოაქციეს.
- ვინ ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას?
- შოთა კვირაია. ის პირადად ავიდა მეშვიდე სართულზე და იოსელიანების სახლის კარზე დააკაკუნა. ბატონმა ჯაბამ გამოსძახა, ვინა ხართ, ხვალე მოდით, ახლა მძინავსო. კვირაიამ კარის იქეთა მხრიდან დაუძახა, ბატონო ჯაბა, შოთა ვარ და კარი გამიღეთო. იოსელიანმაც გაუღო კარი, შევიდა თუ არა კვირაია, ბატონმა ჯაბამ კარი მიაბრახუნა. კვირაიას თანმხლები პირები გარეთ დარჩნენ.
- რამდენი იყვნენ?
- 15 კაცი ამოჰყვა კვირაიას ზევით. დანარჩენები ქვევით იცდიდნენ. მათ კარზე ბრახუნი ატეხეს. კვირაიამ დაუყვირა გაჩერდითო. ისინიც გაჩერდნენ.იოსელიანი კარგად გრძნობდა, რომ კვირაია მის დასაკავებლად იყო მისული. ამის მიუხედავად, მას იმედი ჰქონდა, რომ უკანონობას არ ჩაიდენდნენ. ის არც ტერაქტის ორგანიზატორი იყო და თანაც დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობდა. შოთა კვირაია იყო ნასვამი. მივიდა მაგიდასთან და პარაბოლიუმის ტიპის ორი პისტოლეტი დადო.
- რატომ დადო?
- იმ მიზნით, რომ ბატონი ჯაბა თავს მოიკლავდა. მისი ვარაუდით, კვირაიამ სწორედ ამიტომ დადო ეს იარაღები.
- იოსელიანმა არ ჰკითხა, რატომ დააწყო იარაღები კვირაიამ?
- როგორ არ ჰკითხა, მაგრამ ნასვამი იყო და რაღაცეებს ბჟუტურებდა. იოსელიანს სთხოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომყევი, რაღაცა დეტალები გვაქვს გასარკვევი, გავარკვევთ და უკან დაგაბრუნებთო. იოსელიანიც დათანხმდა. იმ პერიოდში ის პრაქტიკულად დაცვის გარეშე იყო.
- სულ არავინ არ იცავდა?
- ერთი ბიჭი. ის ბატონო ჯაბას ნათესავი იყო. სანამ ბინიდან გამოვიდოდნენ, კვირაიამ ბატონ ჯაბას მეუღლეს პატარა პურმარილის მომზადება სთხოვა. უთხრა: ქალბატონო სუსკია, რომ მოვალთ, პატარა პურმარილი დაგვახვედრეთო. ბატონი ჯაბა და კვირაია ერთად გავიდნენ. გარეთ უამრავი პოლიციელი დახვდათ. იოსელიანი მერე ამბობდა, ამდენი კაცის მოყვანა რა საჭირო იყოო. მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შევიდნენ შოთა კვირაიას კაბინეტში, სადაც შს მინისტრმა პატარა სუფრაც გააშლევინა. ამის შემდეგ ამოაყვანინა დათო შენგელია და გიგა გელაშვილი.
- საიდან ამოაყვანინა?
- საკნებიდან. იმ მომენტისთვის ისინი უკვე დაკავებული იყვნენ. მთელი მხედრიონი იყო დაპატიმრებული. გარეთ მარტო ბატონო ჯაბა იყო დარჩენილი. კვირაიამ, როგორც უკვე გითხარით, პატარა სუფრა გაუშალა. რაღაცეებიც ჰკითხა. პატარა უმნიშვნელო საკითხებზე იყო საუბარი. არავითარი დაკითხვა იქ არ ყოფილა. ცოტა ხანში კვირაია გელაშვილს და შენგელიას უკან აბრუნებს და იოსელიანს ემშვიდობება. მადლობაც გადაუხადა იმის გამო, რომ სამინისტროში გამოყვა. თანაც უთხრა, გარეთ ჩემი მანქანა გელოდებათ და ის მიგიყვანთ სახლშიო. იოსელიანი დაემშვიდობა კვირაიას და დატოვა კაბინეტი.
- კვირაია არ გამოყვა?
- არა, ის თავის კაბინეტში დარჩა. კაბინეტიდან გამოსულ იოსელიანს დახვდნენ პოლიციელები, გააჩერეს და უთხრეს: თქვენი დაკავების ბრძანება გვაქვსო. ბატონმა ჯაბამ უთხრა, თქვენ ხომ არ გაგიჟდით, რა დაკავების ბრძანება, მე დეპუტატის იმუნიტეტი მიცავსო. ისიც დაამატა, ჩემი დაკავება თუ გინდათ, მაშინ პარლამენტს უნდა მიმართოთ. თუ პარლამენტი იმუნიტეტს მომიხსნის, მაშინ მოდით და დამაკავეთო. პოლიციელებმა იოსელიანს სთხოვეს, ცოტა ხნით მოეცადა. თავად შევიდნენ კვირაიასთან და უთხრეს, იოსელიანს იმუნიტეტი იცავს და როგორ დავაკავოთო. კვირაიამ უთხრა, დააკავეთო. ისინი გამოვიდნენ, იოსელიანს აუხსნეს საქმის ვითარება და დააკავეს. ჩაიყვანეს საკანში.
- კვირაიას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია?
- კაცი ასეთ ნაძირლობაზე რომ წავა, ის განმარტებებს გააკეთებს? არაფერი არ განუმარტავს. იმ დღის შემდეგ ის და ბატონი ჯაბა ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.
- რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას იოსელიანის დაკავებაზე?
- დიდი ამბები ატყდა. პარლამენტში საშინლად იყვნენ გაბრაზებულები. კარგად მახსოვს, მაშინ პარლამენტმა მიიღო დადგენილება #100. თუ არ ვცდები, ამ დადგენილების მიღებას თავობდა კობა დავითაშვილი. პარლამენტმა უარი თქვა იოსელიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე. ამასთან ისინი დაუყოვნებლივ ითხოვდნენ იოსელიანის გათავისუფლებას. ამის შემდეგ კიდევ შეიკრიბა პარლამენტი, სადაც სიტყვით გამოვიდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თედო ნინიძე, რომელმაც საშინელი უკანონობა ჩაიდინა.
- რა გააკეთა ასეთი?
- მან თქვა: სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით ჯაბა იოსელიანი დაგვეპატიმრებინა. ეს იყო უკანონობა. ნინიძე გახლდათ იუსტიციის მინისტრი. ის ვალდებული იყო დაეცვა კანონი. ნინიძე კი ძალიან დიდ უკანონობაზე წავიდა. აღარაფერს ვამბობ კვირაიასა და შევარდნაძეზე.
- რა კომენტარებს აკეთებდა შევარდნაძე იოსელიანის დაკავებაზე?
- არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
- მოგვიანებით მან თქვა, რომ მას არ სურდა იოსელიანის დაპატიმრება.
- ეს მეც წავიკითხე მის ერთ-ერთი ინტერვიუში. ის ამბობს, მე არაფერ შუაში არა ვარ, ყველაფერი კვირაიას ბრალი იყოო. ეს დაუჯერებელია. შევარდნაძის გარეშე კვირაია იოსელიანს ვერ დააპატიმრებდა. სასამართლოზე ბატონ ჯაბას არ დაუმტკიცდა ტერაქტი. მაშინდელი ხელისუფლება ამის გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
- იოსელიანს არ უცდია საქართველოდან წასვლა, ვითომ არ გრძნობდა, რომ დაიჭერდნენ?
- მას საქართველოდან წასვლა არ უცდია. ის უდანაშაულო იყო და რატომ უნდა წასულიყო. მახსოვს, ამბობდა, გამსახურდია და შევარდნაძე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ორივე ძალაუფლების მოყვარულია და ორივე უკანონობას სჩადისო. იოსელიანს გამსახურდიას დროსაც შეეძლო ტყეში გასვლა და ომის დაწყება. სისხლის დაღვრას არჩია ციხეში წასვლა. მას ამის გაკეთება შევარდნაძის დროსაც შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა. მაშველთა კორპუსს რომ იარაღი ჩაებარებინა, ამისი ინიციატორი იყო იოსელიანი. ჩვენ რომ უარი გვეთქვა, ამაზე ვერაფერს დაგვაკლებდნენ.
- რატომ ვერ დაგაკლებდნენ?
- იმიტომ, რომ ჩვენი მომრევი არავინ იყო. ამასთან პოლიციელები ჩვენ მხარეს გადმოვიდოდნენ. იგივე შემიძლია ვთქვა გვარდიელებზეც და მოხალისეებზეც. ბევრმა არ იცის, რომ შსს-ში კვირაიას ძალიან დიდი ოპოზიცია ჰყავდა. ბევრი ვერ იტანდა ედუარდ შევარდნაძესაც. როცა მათ შორის ვითარება დაიძაბა, მხედრიონს პოლიციელებმა შეუთვალეს, თუ რამე მოხდა, თქვენს გვერდით ვართ 5 ათასი კაციო. შევარდნაძის მიმართ ყველა უარყოფითად იყო განწყობილი. ნაომარი ბიჭები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ. იოსელიანს ერთი რომ ეთქვა, ყველა ჩვენს გვერდით დადგებოდა. ეს ადამიანი ამაზე არ წავიდა, მან არ იკადრა და წავიდა ციხეში.
- რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე?
- მათი სასამართლო პროცესიც დიდი უკანონობა იყო. მახსოვს, ამ პროცესს საუკუნის პროცესი უწოდეს. თანაც სპეციალური გალიები დაამზადებინეს. იქედან მოყოლებული სასამართლოებზე განსასჯელები გალიებში სხედან.
- თქვენ ესწრებოდით სასამართლო სხდომებს?
- რა თქმა უნდა. სხდომები უზენაეს სასამართლოში ტარდებოდა. პირველი სხდომის მიმართ მაინც არნახული ინტერესი იყო. სასამართლოს შენობას სპეცრაზმი იცავდა. იქ საშვებით უშვებდნენ. მე უპრობლემოდ გამატარეს. ერთმა მაღალჩინოსანმა მადლობაც კი გადამიხადა, რომ მივედი და იოსელიანის პროცესს ვესწრებოდი.
- თავად იოსელიანთან თუ მოახერხეთ დალაპარაკება?
- ახლოს ვინ მიგიშვებდა. ბატონმა ჯაბამ რომ დამინახა, დამიძახა, თამაზ, ნუ გეშინია, აქ კარგად მიცავენო. პირველი სხდომა ძალიან ხმაურიანად ჩატარდა. თემურ ხაჩიშვილმა, გიგა გელაშვილმა და სხვებმა თავიანთი აღიარებითი ჩვენებები შეცვალეს. მათ განაცხადეს, რომ ის ჩვენებები წამების შედეგად დააწერინეს. ერთ-ერთმა განსასჯელმა კორსეტი მოიძრო და დარბაზში ისროლა. ის ისე აწამეს, რომ ფაქტიურად დააინვალიდეს. გალიებში ჩამსხდარმა ადამიანებმა პროტესტის ნიშნად ბრახუნი ატეხეს. ისინი ძლივს დააშოშმინეს.
- ამბობთ, რომ აწამებდნენო. იოსელიანის მიმართაც ჰქონდა წამებას ადგილი?
- ფიზიკურად ბატონ ჯაბას არ შეხებიან, მაგრამ ის ჰყავდათ მარტო საკანში. ესეც თავისებური წამება იყო. მათ ბატონი ჯაბა ვერ გატეხეს. იმ სასამართლოზე კი შევარდნაძის ხელისუფლების ბევრი უკანონობა გამოჩნდა. მათ შევარდნაძის ტერაქტთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და დანაშაული ვერ დაუმტკიცდათ. ისინი რაღაცა სულელური მიზეზით გაასამართლეს.
- თუმცა დღემდე მიიჩნევენ, რომ გია ჭანტურია მხედრიონის შეკვეთით მოკლეს?
- გიას მკვლელობასთან დაკავშირებით მხედრიონს არანაირი საქმე არა აქვს. ისევე, როგორც ხაბეიშვილის მკვლელობასთან. იოსელიანი გია ჭანტურიას ძალიან დიდ პატივს სცემდა. მასზე ყოველთვის დადებითად საუბრობდა იმის მიუხედავად, რომ ცოტათი ნაწყენი იყო.
- რაზე იყო ნაწყენი?
- მე წინა ინტერვიუებში მოგიყევით, რა მოხდა ხონში, როცა აფხაზეთის ომი დამთავრდა. იმ პერიოდისთვის გამსახურდიას მომხრეები გვიტევდნენ. გია ჭანტურია და მისი ედეპეს წევრები 100 კაცი ხონში ჩავიდნენ და ხონს იცავდნენ. იმ პერიოდში საქართველო დსთ-ში შევიდა. ედეპე ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. პროტესტის ნიშნად მათ დატოვეს ხონი. მართალია იოსელიანი გააფრთხილეს და იარაღიც გადმოგვაბარეს, მაგრამ ეს მაინც სარისკო ნაბიჯი იყო. იმ ღამეს გამსახურდიას მომხრეებს ეს რომ გაეგოთ, ძალიან ცუდად წავიდოდა ჩვენი საქმე. ისინი ხონსაც აიღებდნენ და ქუთაისსაც ზედ მიაყოლებდნენ. ამის მიუხედავად, იოსელიანი გიას დიდ პატივს სცემდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. მისი მკვლელობის საქმე ჯერ ბოლომდე არ არის გახსნილი. ჩემი აზრით, მისი სიკვდილი სულ სხვა ვიღაცეებს აწყობდათ. მხედრიონს ეს სულ ტყუილად დააბრალეს. მაშინ ყველაფერს მხედრიონს აბრალებდნენ, თუმცა ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვიმტკიცეს.
- ციხიდან გამოსვლის შემდეგ თუ შეხვდა იოსელიანი შევარდნაძეს?
- არა, მათ შორის არანაირი შეხვედრა არ შემდგარა. ან როგორ უნდა შეხვედროდა შევარდნაძე იოსელიანს. ის მხედრიონის მიმართ ძალიან უკანონოდ მოიქცა. ამას თავადაც გრძნობდა. ყველაზე მძიმე პერიოდები ჩვენ გადავატანინეთ საქართველოს, შევარდნაძემ კი მადლობის მაგივრად ციხეებში გაგვიშვა. ეს იყო დიდი უკანონობა, რომელზეც პასუხი არავის არ უგია.
- შეიძლება ბევრი ვინმე უკანონოდ დაიჭირეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მხედრიონის სახელსაც ბევრი უკანონობა უკავშირდებოდა.
- მართალია. ჩვენ შორისაც იყვნენ ცუდი ადამიანები. ბევრი მხედრიონელი სჩადიოდა უკანონობას, ბევრიც ჩვენი სახელით. ჩვენს რიგებში იყვნენ შემოგზავნილებიც, რომლებიც მხედრიონისთვის სახელის გატეხვაზე მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით იოსელიანმა არაერთხელ გააკეთა განცხადება. ის სამართალდამცავებს დამნაშავეების დაპატირებას სთხოვდა. ამასთან კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ მხედრიონელები იარაღის გამო დაეპატიმრებინათ.მე ადრეც მოვყევი იარაღის ჩაბარებასთან დაკავშირებული ისტორიის შესახებ. მაშინხელისუფლებამ თქვა, იარაღი ჩაგვაბარეთო. ჩვენმა ბიჭებმაც დაიწყეს იარაღის ჩაბარება. პოლიციამ მხოლოდ რამდენიმესგან ჩაიბარა იარაღი. დანარჩენებისგან კი ფულის გამოძალვა დაიწყეს. იმათ, ვინც იარაღს აბარებდა, ეუბნებოდნენ, რომ თუ ფულს არ გადაიხდიდნენ, ამ იარაღს გაუფორმებდნენ და ციხეში გაუშვებდნენ. რამდენიმე დააპატიმრეს კიდევაც. ამის შემდეგ ვინ ჩააბარებდა იარაღს. თან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ბიჭების უმეტესობამ იარაღი საკუთარი სახსრებით შეიძინა. მათ იარაღი იყიდეს იმისთვის, რომ თავისი სამშობლო დაეცვათ. კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ შორისაც იყვნენ ისეთები, ვინც უკანონობას სჩადიოდნენ. ისინი უნდა დაეპატიმრებინათ. ხელისუფლებამ კი სრულიად უდანაშაულო ხალხის დაკავება დაიწყო, თუმცა სასამართლომ ჩვენ ვერაფერი დაგვიმტკიცა. ის ბრალდებები, რომელსაც მხედრიონს უყენებდნენ, სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა.
- როგორც თქვენ ამბობთ, სასამართლომ ვერაფერი დაგიმტკიცათ, ამის მიუხედავად, მხედრიონი მაინც რაღაც ცუდთან ასოცირდება.
- ეს იმ შავი პიარის ბრალია, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ააგორეს, ათას სიბინძურეს იგონებდნენ. ჩვენ ყველა ხელისუფლება გვებრძოდა. გვებრძოდნენ იმიტომ, რომ ძლიერნი ვიყავით. არადა, რა გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის ცუდი. კი ბატონო, ვილაპარაკოთ იმაზეც, თუ მხედრიონელებმა რაიმე ცუდი გააკეთეს. ამავე დროს იმაზეც ვილაპარაკოთ, რა აქვს მხედრიონს გაკეთებული. რატომ არავინ იხსენებს, როგორ ვიბრძოდით ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. რატომ არავის ახსოვს, რამდენი ადამიანი დაგვეღუპა.
- რამდენი ადამიანი დაიღუპა მხედრიონიდან?
- 800 ადამიანი დაიღუპა. ძალიან ბევრი დაიჭრა. ეს ბიჭები ყოველთვის იქ იდგნენ, სადაც საქართველოს უჭირდა. 1992 წლის სექტემბერში კოლხიდაზე განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა შესანიშნავი ვაჟკაცი ამირან პაპუნაშვილი. როცა მხედრიონელები დააპატიმრეს, მისმა შვილმა შევარდნაძეს მისწერა წერილი, გამაგებინე, ვინ იყო მამაჩემი, გმირი თუ ყაჩაღიო.
- შევარდნაძისგან იყო რაიმე პასუხი?
- რა თქმა უნდა, პასუხი არ ყოფილა. ჩვენთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხს ისტორია გასცემს. ისტორია აუცილებლად იტყვის სიმართლეს. თავის დროზე ქაქუცა ჩოლოყაშვილიც ყაჩაღად გამოაცხადეს. ისტორიამ მისი ნამდვილი სახე მაინც გამოაჩინა და დღეს ის გმირია. ის ასე შევა საქართველოს ისტორიაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხედრიონის შემთხვევაშიც ასე მოხდება.
















































































მთავარი
კონტაქტი





2010