შაქრო კვარაცხელია გალელი კაცი იყო... დღეს უამრავ ადამიანს იხსენებენ ასე წარსულში.
1993 წლის 30 სექტემბერს, როცა მთელი გალის რაიონი ენგურისკენ გარბოდა, შაქრო მათ არ გაჰყვა, ვერც ცოლ-შვილის ხვეწნა-მუდარამ გაჭრა, იგი გალში დარჩა და ლოგინად ჩავარდნილი 85 წლის დედა არ მიატოვა.
შაქრო კვარაცხელია 1993 წლის 3 ოქტომბერს მოკლეს, ერთ-ერთ იმ ტრაგიკულ დღეს, როცა აფხაზი და სხვა ჯურის "ბოევიკები" ყველაფერს მიწასთან ასწორებდნენ, ძარცვავდნენ, წვავდნენ სახლებს, სასტიკად უსწორდებოდნენ იქ ჩარჩენილ ქართველებს.
დღესაც, 7 წლის შემდეგაც ზუსტად არავინ იცის, რატომ, რა მიზეზით მოკლეს შაქრო. თუმცა, მანდარინის ბაღში დამალული ერთი მეზობელი ჰყვება, რომ მას ესმოდა, როგორ ედავებოდა შაქრო მეზობლის ეზოში საყაჩაღოდ შესულ "ბოევიკებს".
შაქრო კვარაცხელია სისხლისგან დაცლილი იპოვეს საკუთარ ეზოში, ცეცხლი ეკიდა მის წლობით ნაშენებ ლამაზ სახლს, რომელიც მეზობლებმა ბოლომდე დაწვას გადაარჩინეს. მერე მათვე ფიცრის ნაჭრებისგან კუბო შეაკოწიწეს და შაქრო კვარაცხელია იქვე, ეზოში, მანდარინის ხის ქვეშ დაასაფლავეს.
ეს შეცდომა იყოო, წამოცდენია მოგვიანებით სადღაც რომელიღაც აფხაზ "ბოევიკს". ავადმყოფმა დედამ თითქოს ქვეშეცნეულად იგრძნო შვილის უბედურება და მეოთხე დღეს გარდაიცვალა. შიშისგან დაზაფრულმა მეზობლებმა ისიც უჩუმრად შვილის გვერდით მიაბარეს მიწას.
ენგურს გამოღმა გამოხიზნულმა შაქრო კვარაცხელიას ცოლ-შვილმა და ნათესავებმა დიდი ხნის შემდეგ გაიგეს ამ უბედურების შესახებ, მაგრამ მაშინ ვიღა გაბედავდა გალში შესვლას. შაქროს უფროსმა დამ ნუცამ რამდენიმე თვის შემდეგ მოახერხა გალში შესვლა, აფხაზური ნებართვის მოპოვება, ძმისა და დედის კუბოში ჩასვენება და მამის გვერდით ადამიანურად დასაფლავება. მხოლოდ 7 წლის შემდეგ შეძლოს იმ საფლავთან მისვლა შაქროს ცოლ-შვილმა. მაშინ მის მოსაგონრად ახლობელ-მეზობლებმაც მოიყარეს თავი და შაქრო კვარაცხელიას პატიოსნად გავლილ 55 წელიწადს გაადევნეს თვალი: შაქრო ინჟინერ-მექანიკოსი იყო, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. სადაც კი უმუშავია "ემტეესში", "დოკში" თუ "კოლხეთმშენში", ყველგან გამორჩეული სპეციალისტისა და ხელმარჯვე ოსტატის სახელი დაიმკვიდრა. სიკეთითა და სითბოთი სავსე კაცს, სხვისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელს თვალი მუდამ ალალმართლად უბრწყინავდა.
შაქრო კვარაცხელია ერთი-ერთი ის უწყინარი და მშრომელი, თავისი ქალაქისთვის საჭირო კაცი იყო, რომელთა მსგავსნიც მრავლად იმსხვერპლა აფხაზეთის ომმა. ახლა მისი შვილები ლევანი და ლია, შვილიშვილები თამთა და გიგა სამშობლოსგან შორს აგრძელებენ ცხოვრებას იმ იმედით, რომ იმ საბედისწერო დღეს სახლიდან გაქცეულები, ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაბრუნდებიან უკან და დაქცეულ კერას ააგიზგიზებენ, დაცარიელებულ ქალაქს აახმაურებენ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010