"არ მეშინია" - ამ ლოზუნგით "შეიარაღებული" გაერთიანებული ოპოზიცია 23 ოქტომბერს ჩოხატაურს ეწვია. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად საშემოდგომო სამუშაოები იყო და ხალხი დაკავებული იყო მოსავლის აღებით, მაინც საკმაო რაოდენობამ მოიყარა ოპოზიციის დასახვედრად თავი რაიონის ცენტრში. ხალხი თავის პრობლემებზე ერთმანეთში თავისუფლად საუბრობდა. ამბობდნენ: იქნებ ბოლო მოეღოს ჩვენს გატანჯულ ცხოვრებას, იქნებ გვეშველოს, იქნებ დავისვენოთ, იქნებ...
ვის ეშინია და ვის არ ეშინია - ხელისუფლების მომხრეს თუ ოპოზიციის მომხრეს და ვინ საუბრობს თავისუფლად საკუთარი სახელ-გვარით, ამას ჩვენი გამოკითხვით შეიტყობთ.
დარეჯან ბოლქვაძე: რისი უნდა მეშინოდეს? შიმშილით სიკვდილს ტყვიით სიკვდილი მირჩევნია. ხმლით ხელში დავდგები ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩემს მომავალს არ მინდა დავუტოვო ისეთი ქვეყანა, სადაც შიში იქნება გამეფებული. მირჩევნია, იმქვეყნად მშვიდობით წავიდე, ვიდრე დარდი მქონდეს, რომ შიმშილით დაიხოცებიან ჩემი შვილები. ეს არის საქმე? ერთი შვილი სამეგრელოში მყავს გათხოვილი და ერთი წელია არ მინახია. უფულობის გამო ვერ წავსულვარ. მინდა ვირწმუნო ამათი. ვინც იქნება სათავეში სააკაშვილი თუ სხვა, უნდა იყოს ღირსეული და ქვეყანა სამართლიანად უნდა მართოს.
ქეთევან კოტრიკაძე: არ მეშინია. შინაგანად ვარ უშიშარი. ვისაც ცოტა გონება და აზრი შერჩა, არ უნდა ეშინოდეთ. აქ "შიში შეიქმს სიყვარულსა" არ ჭრის. ოპოზიციისგან ველი უკეთეს მომავალს. მათ უნდა დავანახოთ, რომ რაიონში არის ხალხი, რომელსაც არ ეშინია და მათი დახმარება შეუძლიათ.
რუსუდან ბერძენიშვილი: არ მეშინია, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე მთავრობის უსამართლობა. "შიში შეიქმს სიყვარულსა" - ნაწილობრივ მართებულია სხვა ასპექტში. ჩვენმა მთავრობამ არასწორად გაიგო. ოპოზიციისგან ველი დიდ იმედს. ხალხი ამ გაჭირვებასაც გაუძლებს და გაიმარჯვებს. გვაქვს ხალხის იმედი და არა ამ მთავრობის.
ირმა შათირიშვილი: არ მეშინია. რისი უნდა მეშინოდეს? თავისუფალ სიტყვას ვამბობ. ველი უკეთესობას. შეიცვლება ალბათ, რამე.
რაიონის ცენტრში შეკრებილ ხალხს შორის, რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციის მომხრე არ ყოფილა. იყვნენ მთავრობის ერთგულებიც. ერთ-ერთმა მათგანმა, ქალბატონმა ასეთი რამ გვითხრა: "პატარკაციშვილმა ცოტა ფული გამოაგზავნა ამ აქციისთვის და ეტყობა, რა ხალხიც არის მოსული. ოქრუაშვილის კი მაშინ მჯეროდა, როცა სააკაშვილის გვერდზე იდგა. სააკაშვილის გარდა სხვა ალტერნატივა არ არის. ის საუკეთესოა საუკეთესოთა შორის".
სამწუხაროდ, ამ ადამიანმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა ჩვენთვის, რაც ამ შემთხვევაში, ნამდვილად გასაკვირია.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010