რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე გახდა. რუსთავში გუშინ მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გააცნო და როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში შესული დეპუტატების ვინაობა დაასახელა. რუსთავის საკრებულოში 17 მანდატი კოალიცია ,,ქართული ოცნებას" ერგო, 4 - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თითო-თითო მანადატი კი ,,ლეიბორისტებს", ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას", ,,პატრიოტთა ალიანსს" და ,,ჩვენ საქართველოს".
სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კახა გურგენიძემ ოპოზიციური ფრაქციის ჩამოყალიბების შესახებ გააკეთა განცხადება. საკრებულომ ფრაქციის შექმნის შესახებ განაცხადი ცნობად მიიღო.
რუსთავის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი ,,ნაცმოძრაობის" ოთხკაციანი ფრაქცია ჩამოყალიბდა, რომელსაც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე უხელმძღვანელებს.
7 7 7
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ დამოუკიდებელი დეპუტატი ოთარ ხარჩილავა აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ორი კანდიდატი ოთარ ხარჩილავა და ლევან ჩოჩია იყო წარდგენილი.
კენჭისყრისას ოთარ ხარჩილავას მომხრე 8 დეპუტატი იყო, ლევან ჩოჩიას მომხრე - 7.
7 7 7
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი გოგი ხელაძე გახდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მას 30-დან 21 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატ ემზარ თევდორაძეს კი 9 ხმა ერგო, ერთ ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.
როგორც გოგი ხელაძემ განაცხადა, მას სურს, რომ ახლად არჩეული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქმეზე იყოს ორინტირებული. "მთავარია, რომ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე ვიყოთ გამჭვირვალე. იმედია ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ", - აღნიშნა გოგი ხელაძემ.
საკრებულოს "ნაციონალი" წევრი ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს უპირისპირდება
ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი კირთაძე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკრებულოში პროფესიონალთა გუნდი შენარჩუნდეს.
- ძალიან ცუდი განცხადებები კეთდება, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა არჩევნების მეორე დღესვე განაცხადა, რომ მერიის თანამშრომლებს გაუშვებს სამსახურიდან და ჩაატარებს კონკურსს. როგორც ჩანს, იგივეს გეგმავს ბატონი ჭეიშვილიც, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროფესიონალთა გუნდი შენარჩუნდეს საკრებულოშიც და მერიაშიც, - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ირაკლი ჭეიშვილის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. როგორც გიორგი კირთაძე აცხადებს, გარდა "ქართული ოცნების" დეპუტატებისა, ჭეიშვილის კანდიდატურას მხარი ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირეს და "ეს ალბათ, ბევრის მთქმელია".
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ საკადრო ცვლილებები იქნება როგორც საკრებულოს აპარატში ასევე, სხვადასხვა სამსახურში.
ყველას ვთავაზობ, უარი ვთქვათ პერსონალურ ავტომობილებზე
თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი პერსონალურ ავტომობილებზე უარის თქმის ინიციატივით გამოდის. ეს ინიციატივა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს შესთავაზა.
- პერსონალურ ავტომობილებზე ვთქვათ უარი, ავტოპარკი დარჩეს საკრებულოს და მისმა წევრებმა საქმის მიხედვით გამოიყენონ ავტომობილები, რომ არ იყოს ისე, როგორც იყო წინა მოწვევის საკრებულოში. მოდით, ახალი ქცევა და კულტურა შევთავაზოთ მოქალაქეებს. კოპენჰაგენის მერი დადის ველოსიპედით, მე ყველას ვთავაზობ უარი ვთქვათ პერსონალურ ავტომობილებზე, - განაცხადა ელისაშვილმა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010