თბილისის მერი 72,7 პროცენტით "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია გახდა, მისმა კონკურენტმა, ნიკოლოზ მელიამ კი ხმების - 27,3 პროცენტი მიიღო.
"გამარჯვებას იმ კანდიდატს ვერ მოვულოცავ, რომლის გამარჯვებისთვისაც საჭირო გახდა ფინანსური პოლიციისა და ე.წ სუს-ის გაერთიანება და ყოფილი მერის დაკავება, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი, დავით ნარმანიას წარმატებას ვუსურვებ, რადგან არ მსურს, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე გაჩერებული თბილისი ვიხილო! გული დამწყდება, თუ ის დაემსგავსება საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რეალურად ქვეყნისთვის ვერაფერი ქმედითი ვერ განახორციელა. არ მსურს ვიხილო მერი, რომელიც ვერაფერს გააკეთებს. ეს საფრთხე კი რეალურია", - განუცხადა აწკყპუ-ს მელიამ, რომელიც ნარმანიას ჰპირდება, რომ მომავალში ხშირად გააკრიტიკებს.
ნიკა მელიას მსგავსად, აქტიურობას საზოგადოებას ნარმანიაც ჰპირდება და ამბობს, რომ ორშაბათიდან ძალიან აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
ყოფილი მინისტრის განცხადებით, კოალიცია შეძლებს, შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში გააკეთოს ის, რასაც ამომრჩევლებს დაჰპირდნენ.
"თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩემი გუნდის ხელს. ორშაბათიდან ძალიან აქტიურ მუშაობას ვიწყებთ. პირველი რამდენიმე დღე იქნება მოსამზადებელი იმისთვის, რომ ძირითადი საკითხები, რაც მერიაში მუშაობის დაწყებასთან და ჩვენი პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული, მოვამზადოთ, რათა ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური მუშაობა დავიწყოთ. ძალიან ბევრი პრობლემა, რაც დედაქალაქში არსებობს, თითოეული ჩვენი მოქალაქის სასიკეთიოდ შეიცვლება", - აღნიშნა ნარმანიამ, რომლის ინფორმაციითაც, პირველივე დღიდან დამტკიცდება მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მიღების წესი.
რაც შეეხება ნარმანიას გეგმებს, ყოფილი მინისტრის განცხადებით, მერიის სისტემა სტრუქტურულ ოპტიმიზაციას დაექვემდებარება და მერიაში მუშაობას ყველა პროფესიონალი კადრი გააგრძელებს.
ნარმანიას თქმით, უახლოეს დღეებში, მერის მოადგილეებისა და გამგებლობის კანდიდატები დასახელდება.
"ცალკეული სამსახურების სახეცვლილებას არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება კადრებს, მუშაობას ყველა პროფესიონალი კადრი გააგრძელებს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიდნენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც გაფორმებული იყვნენ სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში, სხვადასხვა უწყებებში და დატვირთული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ასეთი ადამიანების ადგილი თბილისის მერიაში ვერ იქნება. შემიძლია, ძალიან მკაცრად ვთქვა - თითოეული ადამიანი, რომელიც არის კვალიფიციური, როცა გამოცხადდება ვაკანსიები, დაიკავებენ იმ ადგილს, რომელსაც ელოდებიან. დედაქალაქის მერია კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა მართონ და ეს ასეც იქნება", - განაცხადა ნარმანიამ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010