იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ჯერარნახული დემოკრატია ნავარდობს (თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ვგულისხმობ), გასული კვირის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს გარეთ განვითარდა. თანაც ისე, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ბედკრული ქვეყანა არავის უხსენებია.
გვიახლოვდება მესამე მსოფლიო ომი
დავიწყოთ ისრაელით, რომელსაც გასულ კვირაში მისმა ისტორიულმა მეტოქემ, პალესტინის არშემდგარმა სახელმწიფომ, რაკეტები დაუშინა.
1948 წლის 14 მაისიდან, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ისრაელის სახელმწიფომ არაბულ ქვეყნებთან ექვსი დიდმასშტაბიანი ომი და უთვალავი მცირე სამხედრო კონფლიქტი გადაიტანა. უზარმაზარ არაბულ სამყაროსთან უკლებლივ ყველა ომში გამარჯვებული ისრაელის სახელმწიფო გამოვიდა. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ მას აშშ და სხვა ქვეყნები იარაღით ეხმარებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ებრაელებმა შექმნეს სახელმწიფო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ხოლო არაბებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე საუკუნეების მიღმიდან ცხოვრობენ, პალესტინის სრულფასოვანი არაბული სახელმწიფოს შექმნას 1948 წლიდან დღემდე თავი ვერ მოაბეს.
გონიერებასა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, ისრაელის ძლიერების მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრიობა და ნამდვილი პატრიოტიზმია. ებრაელი პოლიტიკოსები ჯერ ბევრს ფიქრობენ, მერე გადაწყვეტილებას კოლექტიურად იღებენ და მერე ამ გადაწყვეტილებას უეჭველად ასრულებენ. ისე არა, როგორც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი - გუშინ ერთი უკბილო ბებო შემხვდა და ხვალიდან "ღიმილიანი საქართველოს" პროექტს ვიწყებო.
რაც შეეხება პალესტინელთა პროვოკაციას, მას ისრაელმა სასტიკი, მე თუ მკითხავთ, მეტისმეტად სასტიკი პასუხი გასცა. როგორც ამბობენ, დაღუპულია 200-მდე პალესტინელი, მათ შორის, ბევრი სამოქალაქო პირი.
ისე, ისრაელის 31 წლის პრემიერ-მინისტრი რომელი იყო, ვინმეს ხომ არ გახსოვთ.
უკრაინაში ვითარება გასულ კვირაშიც ძალიან დაძაბული იყო. უკვე ძნელი გასაგებია, ვინ არიან "სეპარატისტები" და ვინ - "პატრიოტები"; ვინ დგას "სეპარატისტების" უკან და ვინ - "პატრიოტებისა"; სინამდვილეში რა სურს ერთ მხარეს და რა - მეორეს... კონფლიქტში ორივე მხრიდან ათი ათასობით ადამიანი, მძიმე ჯავშანტექნიკა, ავიაცია და სარაკეტო დანადგარები მონაწილეობს. იყო საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის (კასეტური ბომბები) გამოყენების ფაქტებიც.
უკიდურესად დაძაბული ვითარებაა სირიაში, სადაც არ ცხრება სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება; და ერაყში, სადაც ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაცია ზედიზედ "იპყრობს" თავისივე ქვეყნის ტერიტორიებს...
და მაინც, საქართველოსთვისაც, უკრაინისთვისაც და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც გასულ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო კრემლში გამართული სამთავრობო თათბირი პრეზიდენტ პუტინის თავმჯდომარეობით.
ამ თათბირზე ნათქვამს მსოფლიოს დიდი ქვეყნების ხელისუფლებები უეჭველად ყურადღებით შეისწავლიან და გააანალიზებენ. არ არის გამორიცხული, ჩვენმა ხელისუფლებამაც მათ მიბაძოს.
ძალიან მოკლედ, იმ თათბირზე ევროკავშირის, უკრაინის, ტფეწ-სა და, საერთოდ, მთელი ცივილიზებული სამყაროს გასაგონად დაახლოებით ასეთი რამ ითქვა: ჩვენ ვიცოდით, რომ ასოციირების ხელშეკრულება უკრაინასა და ევროკავშირს შორის სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთის ეკონომიკას; პრაქტიკულად ხელმოწერისთანავე დაიწყებოდა რუსული ბაზრის გადავსება დაუბეგრავი ევროპული და მესამე ქვეყნების პროდუქციით, რაც მტკივნეულ დარტყმას მიაყენებდა რუს მწარმოებლებს; უკრაინა იძულებული გახდებოდა რუსეთთან დაუყოვნებლივ გაეწყვიტა ასოციირების პირობებისთვის მიუღებელი ასეულობით შეთანხმება; აქედან გამომდინარე, ასოციირების ხელშეკრულება გაორმაგებულ საფრთხეს შეუქმნიდა სწორედ რუსეთს - არსებითად გაანადგურებდა რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-სამრეწველო კავშირებს და უკრაინიდან ევროპული და მესამე ქვეყნების სასარგებლოდ რუსული საქონლის გამოძევებას გამოიწვევდა.
ჩვენ ვცადეთ მოლაპარაკება, მაგრამ ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპრომისები და წინადადებები ევროკავშირმა არ მიიღო.
მიუხედავად ხუნტის აღვირახსნილი ფაშისტური ანტირუსული რიტორიკისა, ჩვენ ვასრულებდით ყველა ვალდებულებას, რაც უკრაინული მრეწველობისთვის ჯამურად 15 მილიარდი დოლარის შეკვეთებს გულისხმობდა. ყველა ავანსს სრულად და პატიოსნად ვანაზღაურებდით. ახლა რუსეთი იძულებულია მთლიანად უარი თქვას ამ შეკვეთებზე.
უკრაინას გაზი არა აქვს და არც ექნება. ჩვენ მას მივაწვდით იმდენს, რამდენსაც ყოველთვიურად გადაიხდიან. ამავე დროს, უკრაინას თავისი ტერიტორიიდან ევროპისთვის გაზის გადასაქაჩად ყოველწლიურად 4-5 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. თუ მას ეს მილიარდები არ აღმოაჩნდება, ევროპა გაზის გარეშე დარჩება.
უკრაინის რუსული ვალი 16,6 მილიარდი დოლარია.
აქედან გამომდინარე, ევროკავშირი-აშშ-უკრაინა ან დაუყოვნებლივ მიიღებენ რუსეთის პირობებს, ან რუსეთი გააუქმებს თავის 15 მილიარდი ღირებულების შეკვეთებს უკრაინაში; ჩაკეტავს საზღვრებს უკრაინული და უკრაინიდან მომავალი სატრანზიტო საქონლისთვის; უკრაინას წარუდგენს 16,6 მილიარდიანი ვალის დაფარვის მოთხოვნას...
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთია რუსეთის ულტიმატუმი, ფაქტობრივად, ევროკავშირის, აშშ-სა და ტფეწ-სადმი. და ეს არის ძალიან სახიფათო მთლიანად კაცობრიობისთვის.
ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსის შიში, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია, უსაფუძვლო სულაც არ არ უნდა იყოს.
დებატებიდან არჩევნებამდე
გასული კვირის საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნებით სულდგმულობდა. განსაკუთრებული ვნებათაღელვის საგანი, რა თქმა უნდა, თბილისის მერობა გახლდათ - მთაწმინდელი "ძველი ბიჭი" ნიკა მელია, თუ კოკელი პროფესორი დავით ნარმანია, ანუ ნაციონალური მოძრაობა, თუ "ქართული ოცნება"!
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის განმეორებით არჩევნებში წარმატება იყო ერთადერთი შანსი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გარდაცვალების გადასავადებლად. ნება მიბოძეთ, ისიც შეგახსენოთ, რომ ნაცმოძრაობამ მთელი თავისი საარჩევნო კამპანია უგულავას დაპატიმრების ფაქტსა და "ოცნების უუნარობის" მტკიცებაზე ააგო.
ჩვენთვის არჩევნის გაიოლების მიზნით, მერობის კანდიდატებს შორის გასულ კვირაში საჯარო დებატებიც გაიმართა. ნაცმოძრაობა იმედოვნებდა, რომ მთაწმინდელი "ძველი ბიჭი" ნიკა ადვილად დაჯაბნიდა "ვიღაც კოკელ" წიგნის ჭია დავით ნარმანიას.
დებატებმა გამოაჩნა რომ მთაწმინდელ ნიკას თურმე, წარმოდგენაც არა აქვს, რა განსხვავებაა "ძველბიჭობას" და ქუჩის ბიჭობას შორის; რომ თბილისელი "ძველი ბიჭი" ძველი ყარაჩოხელების ჩამომავალი, მისი კეთილი ტრადიციების გამგრძელებელი - დინჯი, მამაცი, ღირსეული და სამართლიანია; რომ "ქუჩის ბიჭი" სახე და სახელშეცვლილი კინტოა - ორპირი, ცრუპენტელა, გულდედალი, სხვისი მოიმედე და პროვოკატორი. დაახლოებით ისეთი, როგორადაც წინასაარჩევნო დებატებისას თბილისის მერობაზე პრეტენზიის მქონე ნიკა მელიამ თავი წარმოაჩინა და ამით ნაცმოძრაობას ბევრზე ბევრი ხმა დააკარგვინა.
დებატებში მონაწილეობით ბატონმა ნიკანორმა, სულ რამდენიმე წუთში გააქარწყლა მითი მისი ტრადიციულ თბილისურ ინტელიგენტურ ოჯახში გაზრდილობის შესახებ. ვინ იცის, მას რომ ოდესმე მართლაც კლასიკური თბილისელი ინტელიგენტის, მისივე უბნელი რეზი თვარაძის ბრწყინვალე ნოველის ("უბანი") წასაკითხად მოეცალა, იქნებ სხვანაირად მოქცეულიყო. მარტო იმ დებატებისას კი არა, საერთოდ, ცხოვრებაში.
პერსონებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის სრულფასოვანი, სერიოზული დებატები ჩვენთვის ახალი ხილია და, ბუნებრივია, უტრადიციობის გამო, ნარმანია- მელიას დებატებსაც რამდენიმე თვალშისაცემი ნაკლი ჰქონდა. მაგალითად, ყველა ჟურნალისტი იყო მოუმზადებელი; თითქმის ყველა ჟურნალისტის კითხვა წინასწარ "უფროსთან" შეთანხმებულის შტაბეჭდილებას ტოვებდა; წამყვანი მეტისმეტად ინერტულად გამოიყურებოდა, დებატებისთვის გამოყოფილი დრო ძალიან მცირე იყო...
ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ გასულ კვირაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების სრული გამარჯვებით და ნაციონალური მოძრაობის ასევე სრული კრახით დამთავრდა, რაც კოჰაბიტაციის დასასრულს და პოლიტიკური არენიდან ნაცების გაძევების დასაწყისსაც ნიშნავს.
სიმპტომურია, რომ დამარცხებულმა მელიამ გამარჯვებულისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა. არც მთაწმინდელი, არც პლეხანოველი, არც ოქროსუბნელი, არც ნახალოვკელი კაი ბიჭები ასე არასოდეს არ იქცეოდნენ და არ იქცევიან.
კანონების კინკლაობა
როგორც გახსოვთ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია საკონსტუტიციო სასამართლოს ამასწინანდელმა გადაწყვეტილებამ უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმის მოხსნის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ყველა - პარტიებიც, "არასამთავრობოებიც", ხელისუფლებაც, გლეხებიც, ქალაქელებიც, ეკლესიაც. სპეციალური განცხადებით გამოვიდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც - მიწის საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია იმუშავებსო.
ეტყობა, ბოლოს თვითონ ვერდიქტის გამომტანიც მიხვდა, რომ ამ ნაჩქარევი ნაბიჯით თავსაც ავნო და შემკვეთსაც. ალბათ, ამის ბრალი უნდა იყოს, რომ გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტებითი ხასიათის ოფიციალური განცხადება გააკეთა:
"საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელისათვის მიწის საკუთრებაში ქონის ამკრძალავი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო ჯერ კიდევ 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ("დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა განმეორებით კვლავ დააწესა მსგავსი შინაარსის შეზღუდვა. შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და აგრარული სექტორის განვითარება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან და ღირებულ საჯარო ინტერესებს, თუმცა, მათ მისაღწევად გამოყენებული საშუალებები, არც ერთ შემთხვევაში ობიექტურად არ უკავშირდებოდა ზემოთ დასახელებული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა უცხოელი ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით არსებული სრული (ბლანკეტური) აკრძალვა, ეს არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებამოსილებას, რომ შესაბამისი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტების დაცვით, გარკვეული სახის შეზღუდვები დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისების (პრივატიზების) პროცესში სახელმწიფო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ და ამ მიზნით დაადგინოს ისეთი წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან".
თუ ალღო არ მღალატობს, ამ განცხადებით პატივცემული კონსტიტუციის დამცველები მობოდიშებით გვეუბნებიან, მართალია, აკრძალვა მიწის უცხოელებზე გასხვისების შესახებ გავაუქმეთ, მაგრამ აგერაა, ბატონო, პარლამენტი და თუ იგი ახალ (ქართული მიწის დამცველ) რეგულაციებს შემოიღებს, კრინტს აღარ დავძრავთო.
გასულ კვირაში გრძელდებოდა მსჯელობა იმაზე, ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უელსის სამიტზე. საბოლოოდ, ეს საპატიო მისია პრემიერმა ღარიბაშვილმა დიდსულოვნად დაუთმო პრეზიდენტ მარგველაშვილს. მეტიც, პრეზიდენტსვე ექნება პატივი, უხელმძღვანელოს საქართველოს დელეგაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც გლობალური ამინდის პრობლემებზე იმსჯელებს!
ამ ფონზე იქნებ სალაპარაკოდაც არ ღირდეს პრეზიდენტ შევარდნაძის დაკრძალვასთან დაკავშირებული გაუგებრობა, როცა ჯერ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შექმნა დამკრძალავი კომისია, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - პრემიერმა ღარიბაშვილმაც!
ვინც ეს წასვლა-მოსვლა
მოიგონა...
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკიდან მიდის კახა კუკავა. შეგახსენებთ, რომ კუკავამდე პოლიტიკიდან წავიდნენ უინსტონ ჩერჩილი, რონალდ რეიგანი, მარგარეტ თეტჩერი, ორივე ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი, ნელსონ მანდელა, გიორგი თარგამაძე, ასმათ ტყაბლაძე, სოსო შატბერაშვილი, მიშა მაჭავარიანის მეგობარი კობა ბექაური... წავიდნენ აგრეთვე ზურაბ ადეიშვილი (ჩეხეთში), მიშა სააკაშვილი (კიევში), როლანდ ახალაია (ზუგდიდში)... წავიდა თვით დიდი ვანო მერაბიშვილიც კი (ციხეში)...
ახლა კიდე კახა კუკავა მიდისო. გასკდა რაღა, ე ოხერი გული!
ყველა-ყველა და, ცნობილი ალპინისტ-ოპოზიციონერი გია თორთლაძე რომელ მწვერვალზეა, ვინმემ თუ იცით, ეს ამბავი ფრთხილად შეაპარეთ - ყინულზე ფეხი არ აუცურდეს!
ამ წასვლა-მოსვლაზე გამახსენდა - გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავსებით შესაძლებელია, უახლოეს მომავალში ბერა ივანიშვილის ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად (პირობითი სახელწოდება "მოქალაქე") ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინოს.
ვისაც ამ გვარ-სახელის ტელეწამყვანი და ჟურნალისტი არ გაუგონია, შევახსენებ, რომ ეს სწორედ ის ცნობილი ბიზნესმენია, ვინც 2014 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ნაცმოძრაობა თავის ბელადებიან-მხარდამჭერებიან-მკოცნელებიან-ზონდერებიანად სასტიკად მიჯირყვნა და სულ მალე პოლიტიკიდან მითიურ "სამოქალაქო სექტორში" გადაინაცვლა. არა მგონია, ჟურნალისტობაზე თავდავიწყებით შეყვარებულმა ივანიშვილმა თავის მილიარდებს უღალატოს, მაგრამ მისი თავმდაბლობა (ტელეწამყვანობის შეთავსება) და ყაირათიანობა (რატომ უნდა დავხარჯო ფული წამყვანზე, როცა აგერ ვარ მე!) დიდად დასაფასებელია.
ისე, პვთ-ის მფლობელი ბერა ივანიშვილი კონსულტანტად რომ მიმიწვევდეს, ურიგო არ იქნებოდა. მაგალითად, ვეტყოდი, რომ გასულ კვირას მისი ტელევიზიის ერთ-ერთი არხით გავრცელებული მუსიკალური ნომერი გოგონების უკანალებზე ტყაპუნის აკომპანიმენტით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს რამდენიმე მიზეზის გამო: მუსიკალური მოტივი ("რაჭული") შერჩეული იყო აშკარად არასწორად; "ბარაბანშიკის" პროფესიული დონე იყო აშკარად ძალიან დაბალი; ორიდან ერთი "ბარაბანი" (უკანალი,) რომელიც შეიძლება უნაკლოდ ასრულებდეს თავის ტრადიციულ დანიშნულებას, აშკარად გამოუსადეგარი იყო მუსიკალური ინსტრუმენტის როლში; ერთ-ერთი გოგონას ჩაცმულობა (თავზე წაფარებული კაბა) ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ გადაცემა მიმდინარეობდა პროვინციული ბორდელიდან და არა ესოდენ პრესტიჟული ტელევიზიის სტუდიიდან; ნომერი არ იყო ორიგინალური...
ბუნებრივია, მომზადებული გადაცემების სერიოზულობის კვალდაკვალ, ჩემი შენიშვნების სერიოზულობაც გაიზრდება.
გასულ კვირაში თბილისში, მშვიდობის ხიდზე (ყოფილი "ვირის ხიდის" ადგილას რომ ააშენეს და თბილისელები მოფერებით "სანდრას პამპერსს" რომ ეძახიან) გაიმართა არსებული ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად ციხეში წასული გიგი უგულავას გულის გასამაგრებელი აქცია გულისმომკვლელი სათაურით "გულს ნუ გაიტეხ, ჩვენო გულადო, ანუ წერილები გიგის".
წარმოიდგენეთ, რა გულითად და გულის შემძვრელ სიტყვებს უძღვნიდნენ ყოფილ მერს ნიკა მემანიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და დანარჩენები.
ძალიან გთხოვთ, იმის გამო, რასაც ახლა ვიტყვი, ნაცების მხარდამჭერად ნუ გამომაცხადებთ - ძვირფასო აქციის ორგანიზატორებო, სანამ გიგის შეუტანდეთ, წერილები ყურადღებით წაიკითხეთ და გადაარჩიეთ - ცოდოა ბიჭი, ისედაც თავისიანებმა საციხედ გაიმეტეს.
ვწუხვარ, მაგრამ გიგი უგულავას მხარდამჭერებმა ამ ნაძალადევი, პროვინციული თეატრალიზებული "აქციებით" ადამიანის ტრაგედია შეგნებულად გადააქციეს ფარსად და ანეკდოტების წყაროდ. ცოტა უცნაურია, რომ "აქციების" მთავარ ინიციატორად ქალბატონი ლელა კილაძე გვევლინება - იგი მეტისმეტად შეუფერებელია დეკაბრისტის ცოლის როლისთვის.
და, საერთოდ, ნაცმოძრაობას საარჩევნო კამპანია გიგის დაპატიმრებაზე კი არა, მიშას გაქცევაზე რომ აეგო, ნამდვილად აჯობებდა.
დიდი წვრილმანი
გასულ კვირას საქართველომ და დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ უკანასკნელ გზაზე გააცილა "ახალი მსოფლიო წესრიგის" ერთ-ერთი შემოქმედი ედუარდ შევარდნაძე. ის აჟიოტაჟი, რაც მის გარდაცვალებას მოჰყვა მსოფლიოში, მიუთითებს, რომ ხმები "თეთრი მელას" დიდ პოლიტიკოსობაზე გადაჭარბებული სულაც არ ყოფილა. ვინ იცის, შევარდნაძის ცხოვრებამ, მოღვაწეობამ და გარდაცვალებამ იქნებ ჩვენ, მის თანამემამულეებს ოდესმე ავისა და კარგის გარჩევაც გვასწავლოს.
ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
გასულ კვირაში გავრცელდა ხმები ე.წ. ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ. ეს ის ბაზრობაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებდა ოს-ქართველთა დაახლოებაში და სააკაშვილის მითითებით და ირაკლი ოქრუაშვილის ხელით განადგურდა, რაც ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ახალი დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი გახდა.
დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა, გამარჯვებულებმაც და დამარცხებულებმაც, მეტოქის პატივისცემა - გამარჯვებულისაც და დამარცხებულისაც, ისწავლონ ფეხბურთელებისგან, საერთოდ, სპორტსმენებისგან. მაშინ პოლიტიკიდან გაძევების საფრთხე აღარავის დაემუქრება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010