მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-17
"ევროპულ მდგრად პოლიტიკურ სისტემებში პოლიტიკური ალიანსები პარლამენტში იქმნება"!

"გასამდა", - დიახ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით კი, საარჩევნო 3-ეტაპიანი ციკლი დასრულდა, რომლის მთავარი შედეგი გახლავთ ქვეყნის გათავისუფლება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოძალადე რეჟიმისაგან, - მშვიდობიანი, კონსტიტუციური, დემოკრატიული გზით, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის!
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელისაკენ მიდის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახლავთ, ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირების აუცილებლობა. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია ამა თუ იმ პოლიტპარტიის რეიტინგი და რა შედეგი აჩვენეს მათ განვლილ საარჩევნო სამსაფეხურიან ციკლში. ნათელია, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ისტორია დასასრულისკენ მიექანება და ეს არცაა გასაკვირი, თუ გადავხედავთ ამ ორგანიზაციის გამარგინალებულ-კრიმინალურ ბიოგრაფიას. მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძი" თითქოს "ინარჩუნებს რაღაც პოზიციებს", ეს არ შეეფერება სინამდვილეს, უბრალოდ, საქმე გვაქვს პოლიტინერციასთან, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი მმართველი პარტიებისათვის, რაც გამოიხატება რეიტინგის თანდათანობით და შეუქცევადად კლებაში. ქვეყანაში მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები მყარი და მზარდი რეიტინგით ვერ გამოირჩევიან და ვფიქრობ, რომ ისინი თავისი ელექტორატის შენარჩუნების პრობლემით არიან დაკავებულები. თუმცა, უკანასკნელმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ მათ შორის დაწინაურდა ორი პოლიტიკური სუბიექტი, - ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" და თარხან-მოურავის "პატრიოტთა ალიანსი". რაც შეეხება, - კოალიცია "ქართულ ოცნებას", მოგეხსენებათ, რომ იგი ექვსი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, მისი რეიტინგიც ექვსი პოლიტიკური ორგანიზაციის რეიტინგების ჯამს უნდა წარმოადგენდეს. ვინც კარგად ერკვევა ქვეყანის რეალურ პოლიტიკურ ვითარებაში, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი კოალიცია "ქართულ ოცნებაში", რა თქმა უნდა, ეს გახლავთ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომლის რეიტინგი სჭარბობს კოალიციაში შემავალი დანარჩენი ხუთი პარტიის რეიტინგს, ერთად აღებულს! ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ, - თუ გავყოფთ და თანაბრად გადავანაწილებთ ექვსზე (კოალიციის სუბიექტების რაოდენობა) კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ პროცენტებს (ხმების რაოდენობას) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამოვა რომ, დაღმავალ რეიტინგზე მიმავალ "ნაცმოძრაობას", როგორც ცალკე აღებულ პარტიას, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონია ქვეყანაში.!.. მოკლედ, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტიაა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელთანაც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებით პოლიტიკურად და პარტიულად ისარგებლა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: "რესპუბლიკელებმა", "თავისუფალმა დემოკრატებმა", "ეროვნულმა ფორუმმა", "კონსერვატორებმა" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ", რომლებსაც პარტიული კვოტირების შედეგად ათეულობით დეპუტატი ჰყავთ, როგორც ქვეყნის პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რამაც დიდად შეუწყო ხელი თითოეული მათგანის პარტიული ორგანიზაციების გაძლიერებას. არადა, კოალიცია "ქართული ოცნების" დაფუძნებამდე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხუთივე პარტიის რეიტინგი და მათი პირველადი პარტიული ორგანიზაციები "სულს ღაფავდნენ"! ამ წერილის მიზანი არ გახლავთ პოლიტპარტიათა საარჩევნო პროცენტების დათვლა და ზუსტი მაჩვენებლების გამოყვანა, ისედაც ყველაფერი ნათელია, უბრალოდ, სამწუხაროდ და საგანგაშოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2 წლის წინათ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგი, არათუ არ იზრდება, არამედ აშკარა კლებას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციამ სწორედ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ბიძინა ივანიშვილის პირადი, მაღალი რეიტინგის წყალობით მიაღწია გამარჯვებას საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და უკან ჩამოიტოვა "მილევადი" ნაცმოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, პირიქით, ვიმეორებ, რომ პარტია "ქართული-ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგმა 1 წლისა და 8 თვის მანძილზე თითქმის 40(-იანი კლება განიცადა.
როგორც ზევით მოგახსენეთ, საპარლამენტო რესპუბლიკა ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი კოალიციის წევრები უნდა მოემზადონ იმ დროისთვის, როცა მარტოდ, პოლიტიკური ან საარჩევნო ბლოკის გარეშე მოუწევთ, დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით კი, მიუხედავად ერთპიროვნული ლიდერობისა დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", რომელიც დღემდე (ისევე, როგორც მთლიანად კოალიცია) ბიძინა ივანიშვილის "შენარჩუნებული" რეიტინგის წყალობით არის, ჯერ კიდევ უპირობო ლიდერი!
ამავდროულად, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ნაწილში, ისე ნაცმოძრაობის ლიდერების განცხადებებში, ასევე აშშ-ის ზოგიერთი პოლიტიკური პერსონის და ევროპელი მოკავშირეების (მაგ. ევროპის სახალხო პარტია) მცდელობებში შეიმჩნევა იმის სურვილი, რომ ქვეყანაში "ნაცმოძი" დაფიქსირდეს და დამკვიდრდეს, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. მიმაჩნია, რომ "ორპარტიულობის შემოღების" შესაძლებლობას გამორიცხავს ის, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" გარდაქმნა ერთ პოლიტიკურ პარტიად შეუძლებელია, იმდენი პოლიტიკურად განსხვავებული ჯგუფები და პიროვნებებია მასში გაერთიანებული. აგრეთვე ის, რომ საქართველოში არანაირი წინაპირობები არ არის საამისოდ, არც - ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური თუ სხვა! ვფიქრობ, რომ მდგრადი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად და განსავითარებლად, საორიენტაციოდ, გეზი უნდა იქნას აღებული ევროპულ მოდელზე, ისეთ სახელმწიფოებზე, როგორებიც არის გერმანია და საფრანგეთი. ამისთვის საჭიროა, რომ "ათეულობით" ქართული პოლიტიკური პარტიის არსებობა, შექმნა და ფუნქციონირება, განისაზღვროს მკაცრი და სამართლიანი ნორმატიული საკანონმდებლო აქტებით, რათა ამ პარტიების რაოდენობა, კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და საჭიროება, ადეკვატურად ასახავდეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას! დღეს, საქართველოში არსებული რეალური პოლიტიკური რესურსი საშუალებას იძლევა 4-5 პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებისა, რომელიც საშუალო ევროპული დონის შესატყვისი იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის ხელისუფლებამ თავის მხრივ უნდა შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ, სრულად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, - იდეოლოგიური პლატფორმა, მემარჯვენეობა-მემარცხენეობა და ა.შ., რაც აუცილებელი პირობა და მაჩვენებელია ქვეყნის პოლიტიკური კულტურისა. საქართველოს პოლიტიკური სისტემის სიმწიფის და ევროპულობის დამადასტურებული იქნება ისიც, როცა პოლიტიკური კოალიციები შეიქმნება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და ამის შედეგად შევლენ ქვეყნის პარლამენტში, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყნის მთავრობის დაკომპლექტებისას (თუ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დასჭირდება ერთი ან რამდენიმე პარტიის ხმები), ისინი ჩამოაყალიბებენ - კოალიციურ მთავრობას! - და არა ისე, როგორც ხდებოდა და მოხდა აქამდე, როცა კოალიციები ან საარჩევნო პარტიული ბლოკები ყალიბდებოდა იმისთვის, რათა მათ ერთად, როგორმე გადაელახათ საარჩევნო ბარიერი! ანდა, პოლიტპარტიები საარჩევნოდ რომელიმე "პარტია-ლოკომოტივს ჩაებმებოდნენ" და ისე შედიოდნენ პარლამენტში, რაც არ უწყობს ხელს ქვეყანაში მრავალპარტიული სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, მის მდგრადობას, რომლის პრინციპი უნდა იყოს, - ძლიერი პარტიები, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო!
იმედი ვიქონიოთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვისას, არ მოგვიწევს "მარჩიელობა" იმ პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგების დათვლისას, რომლებიც დღეს, - კოალიციებში, ალიანსებში თუ საარჩევნო ბლოკებში არიან "მოკალათებულნი" და ოსტატურად "ნიღბავენ" საკუთარ შესაძლებლობებს, თუ რეალურ უნარ-ჩვევებს!..











ავტორი:  ჯუმბერ კირვალიძე


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი