საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე დღის წინათ მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა ღია კრება, რომელიც მიეძღვნა დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყველაზე აქტუალურ და სასიცოცხლო პრობლემას - საქართველოს მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას და სასურსათო უსაფრთხოებას.
კრება შესავალი სიტყვით გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
"საქართველოს მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები". - ასეთი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას მოხსენების თემა.
კრებაზე განხილული იყო - "საქართველოში მცენარეთა დაცვა - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ძირითადი საშუალება" - გურამ ალექსიძე (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი); "სოფლის მეურნეობის განვითარება - როგორც სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი" - დავით გალეგაშვილი (სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე); "საქართველოში სურსათის წარმოების განვითარებაში სამეცნიერო ცენტრების როლის შესახებ" - ლაშა გოცირიძე (აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი); "კვების მრეწველობის ტექნოლოგიების განვითარების ამოცანები" - ნუგზარ ბაღათურია (კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი); "საქართველოში მარცვლეული კულტურების განვითარების პერსპექტივები" - პეტრე ნასყიდაშვილი (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი); "საქართველოში მიწის ფონდის ეფექტური მართვის პრობლემები - როგორც სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი" - გელა ღლიღვაშვილი (პროფესორი); "საქართველოში სამელიორაციო სისტემების განვითარების პერსპექტივები" - რამაზ ხუროძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი); "აჭარის სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე" - გურამ პაპუნიძე (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის აკადემიკოსი); "საქართველოში კვების პროდუქტების წარმოების (მოსახლეობის უზრუნველყოფის) ისტორიული მიმოხილვა" - გიორგი გოცირიძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); "სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები და დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზი" - ლეო ჩიქავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი); "ბავშვთა კვების პროდუქტების ხარისხის პრობლემები" - ქეთევან ნემსაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი); "საქართველოს სოფლის მეურნეობის საინჟინრო მომსახურების სრულყოფის საკითხები" - რევაზ მახარობლიძე (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი); "ბიოტექნოლოგიების როლი კვების პროდუქტების წარმოების განვითარებაში" - გიორგი კვესიტაძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი).
ზემოჩამოთვლილი გამოსვლებიდან რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ვრცლად განიხილა XX| საუკუნის ბიოტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს მეცნიერების ამოცანები, კლასიკური და თანამედროვე ბიოტექნოლოგიების განვითარების თავისებურებები. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში 5100 სახეობის მცენარეა, მათ შორის 1000 ენდემური, ასევე ალპებში გავრცელებული 4500 სახეობის მცენარიდან 350 ენდემური ჯიშისაა. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების უნიკალური ხასიათი. იგი შეეხო აგრეთვე გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოების მეცნიერულ და ორგანიზაციულ ასპექტებს. მან მიზანშეწონილად მიიჩნია ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამულ რეგულირებაზე გადაყვანა.
ქეთევან ნემსაძემ ისაუბრა ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემებზე, კერძოდ, იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დედა-შვილის სწორი კვება, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვთა ჯანმრთელობას და, უპირველესად, მათი კვების ორგანიზაციას. მან ონლაინპრეზენტაციით წარმოადგინა ის მავნე შედეგები, რაც მოჰყვება სწრაფ კვებას "აფთე-აწწვ" ობიექტებში და ა. შ. სოფლის მეურნეობის მონისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა აღნიშნა ის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოების შემდგომი განვითარებისათვის. კრებას ესწრებოდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე.
კრებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე რთული სოციალური და ეკონომიკური პროცესების ფონზე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარება დროის მოთხოვნებს ჩამორჩა, დაბალია განვითარების ტემპები, არარაციონალურად გამოიყენება რესურსები. სოფლად დემოგრაფიული ვითარება რთულდება. ქვეყანაში მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა არსებითად დამოკიდებულია იმპორტზე და დაკავშირებულია მაღალ რისკებთან, შეშფოთებას იწვევს იმპორტული სურსათის დაბალი ხარისხიც. ამასთან, სასურსათო პროდუქცია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი არ არის.
იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო წარმოების გადიდებისთვის გატარებული ღონისძიებანი პოზიტიურ ფონს ქმნის და გარკვეულწილად ხელს უწყობს მდგომარეობის გაჯანსაღებას, ეს საკმარისი არ არის დარგის სტაბილური განვითარებისათვის. აუცილებელია თანამედროვე მეცნიერების მიღწევების საფუძველზე შემუშავდეს დროის ადეკვატური ღონისძიებები და განხორცილდეს მიზნობრივი პროგრამები. მთავარია, არსებული რესურსები და ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულებით შექმნილი შესაძლებლობები რაციონალურად იქნას გამოყენებული. კრებამ მიიჩნია, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების რთული, მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივი პროცესის სახელმწიფოებრივი ინტერესებით რეგულირება მოითხოვს სახელმწიფოს, მეცნიერების და ბიზნესის კოორდინაციას.
დასასრულ, კრებაზე წარმოდგენილი მოხსენების ავტორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:
- "ღია კრებას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, უწინარესად იმიტომ, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პირველად ჩაატარა გაერთიანებული კრება, რომელიც მიეძღვნა ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე უმთავრესს, - მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემას. კრებამ პრინციპულად შეაფასა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩამორჩენის მიზეზები და მოითხოვა, შემუშავდეს 2020 წლამდე პერიოდისათვის დარგის კომპლექსური განვითარების პროგრამა, რომელშიც აისახება ღონისძიებანი იმპორტშემცვლელი პროდუქციის და საექსპორტო პროდუქციის წარმოების ამაღლებისათვის, რათა მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის რისკები შემცირდეს. დღეს საქართველოში მოხმარებული სურსათის 75-80( შემოტანილია.
კრებაზე განსაკუთრებული სიმწვავით დადგა მიწის საკითხი. ქვეყანაში მიწის ბალანსი 2005 წლიდან არ დგება. მიწის ნაყოფიერების ღონისძიებები არ ხორციელდება. მიწის კოდექსი და კადასტრი დამუშავებული არ არის. ერთი სიტყვით, მიწას არაეფექტურად ვიყენებთ. პირველ რიგში საჭიროა, მიწათსარგებლობაში სახელმწიფო წესრიგი დამყარდეს. მიწა უცხოელზე არ უნდა გაიყიდოს. მიწის მართვის ერთიანი სამსახური უნდა ჩამოყალიბდეს და იგი უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტს.
კრების გადაწყვეტილებით შეიქმნა მეცნერთა ჯგუფი, რომელიც კრებაზე წარმოდგენილი მოსაზრებების შეჯერებით შეიმუშავებს სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების პოზიტიური ფონი, იმედის მომცემია. სახელმწიფოს სწორად აქვს გააზრებული სასურსათო პრობლემის სიმწვავე და ისიც აქვს გაცნობიერებული, რომ მათი გადაწყვეტა მისი აქტიური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
კრების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ ერთხელ კიდევ დადასტურდა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის სიცოცხლისუნარიანობა და ქართველი მეცნიერების მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010