ჯანდაცვის მინისტრს კლინიკა "ახალი სიცოცხლის" მენეჯმენტთან კითხვები აქვს. როგორც დავით სერგეენკომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას.
- ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. რამდენიმე დღის წინათ მოგვმართა კლინიკის ხელმღვანელმა, შეხვდა მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს, განიხილეს ყველა საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ჩაერიოს. პირველი - საფრთხე უნდა შეექმნას სამედიცინო დახმარების უწყვეტობას, პაციენტს, და ვალდებული ვართ, რომ ამისი პრევენციაც გავაკეთოთ და მყისიერი რეაგირებაც მოვახდინოთ. მეორე - თუ აღიძრა კოლექტიური შრომითი დავა, ესეც ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდა და სამმხრივი კომისიის მიერ დამტკიცებული მედიატორი იწყებს ამ საკითხის მოგვარებას კანონით დადგენილი ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ეს არის კერძო დაწესებულება და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის სამედიცინო აქტივობა, პაციენტთან ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ასეთი კლასის დაწესებულებაში თანამშრომელთა, პრაქტიკულად, 100 პროცენტი აცხადებს, რომ უნდა წავიდეს სხვაგან; მე რამდენადაც ვიცი, ისინი უაღრესად კვალიფიციური ხალხია და არ გაუჭირდებათ სამსახურის მოძებნა. მაგრამ, მე გამიჩნდა ლეგიტიმური კითხვები ამ ქსელური დაწესებულების მმართველ კომპანიასთან. არ უნდა მიიყვანოს კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას, - განაცხადა მინისტრმა.
კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ექიმების 80( 11 აგვისტოდან დატოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის ყოფილმა დირექტორმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა, უკვე დანიშნულია ახალი დირექტორიც; აღნიშნულ პოსტზე გიორგი ბერიშვილი დაინიშნა.
ზაზა სინაურიძემ და კლინიკის 50-მდე ექიმმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ორშაბათს დაწერეს. თუმცა, 11 აგვისტომდე ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. სინაურიძის თქმით, სამედიცინო პერსონალსა და მენეჯმენტს განსხვავებული ხედვა აქვთ, რის გამოც ექიმები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, პაციენტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვეღარ იყოს.
- ის მენეჯმენტი, რაც ხორციელდება, სამედიცინო პერსონალს არ გვაძლევს საშუალებას რომ დავიცვათ პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარების ხარისხი უზრუნველყოთ. საბოლოო ჯამში, ეს მივა იქამდე, რამე რომ გართულდეს, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა დადგება. არავინ არ იკითხავს ვინ არის მმართველი, იკითხავენ, ვინ გააკეთა ოპერაცია. არის სიტუაცია, რომ დღეში მშობიარობს 5 ქალი და არის სიტუაცია, როცა დღეში 25 ქალი მშობიარობს. ხომ არ შეიძლება რომ ერთი და იგივე რაოდენობის პერსონალი დასჭირდეს. ცხადია, პერსონალი უნდა დაემატოს. ერთ ექთანზე მოდის 25-27 მელოგინე. ფიზიკურად ვერ მოასწრებს ის ყველასთვის ყურადღების მიქცევას, - აცხადებს სინაურიძე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა საკუთარი ხედვა მენეჯმენტს გააცნეს, მენეჯმენტმა სათანადოდ ვერ გაითავისა აღნიშნული პრობლემები და პასუხი პრაქტიკულად არ მიუღიათ.
სინაურიძის ინფორმაციით, ექიმების გაღიზიანება გამოიწვია შრომითმა ხელშეკრულებებმაც, სადაც მათთვის მიუღებელია რამდენიმე პუნქტი.
- ყველაზე გამაღიზიანებელი პუნქტი იყო ის, რომ სხვა სამსახურში მუშაობის უფლება შეზღუდულია, მეორე მომენტი იყო ის, რომ სამსახურიდან როცა გაგიშვებენ ან თავად წახვალ, ექვსი თვე სხვაგან ვერ იმუშავებ. თუმცა, ეს არ არის ის ფაქტი, რის გამოც მივიღეთ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება, ეს არის ბოლო წვეთი, თორემ ჩვენი ძირითად წუხილი არის პაციენტის უსაფრთხოება, - აცხადებს სინაურიძე.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010