გვესაუბრება ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე
- ბატონო ნოდარ, პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ახალი ხელისუფლების მეორე მთავრობა, პირველისაგან განსხვავებით, "უფრო ეფექტური იქნება".
- თუ რამდენად ეფექტური იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა, ამ ეტაპზე პროგნოზირება საკმაოდ რთულია თუნდაც იმიტომ, რომ იგი მთელი დატვირთვითა და სრულად მუშაობას სექტემბრიდან შეუდგება.
თავად ის ფაქტი, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მინისტრების საკმაოდ დიდი ნაწილი შესაცვლელი გახდა, იმ თვალსაზრისით არის პრობლემატური, რომ მინისტრს ეფექტური მუშაობისთვის ერთი წელი მაინც სჭირდება ვითარებაში გასარკვევად. ჩემი დაკვირვებით, ახალმა ხელისუფლებამ მინისტრები მაშინ გაათავისუფლა, როცა მათ მეტ-ნაკლებად შეძლეს ვითარებაში გარკვევა. შვიდი მინისტრის გათავისუფლება იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში ვითარება აშკარად არასტაბილურია.
სტაბილური ვითარების მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება. თუ ახალი მინისტრებიც მალე შესაცვლელი გახდნენ, ეს ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდი იქნება. გამოვთქვამ სურვილს, ხელისუფლება იმ შემთხვევაში მოერიდოს მინისტრების გაშვებას, თუ რა თქმა უნდა, მათ დანაშაული არ ექნებათ ჩადენილი. მთავრობის წევრთა წარამარა ცვლილებას ისევ საქმეში გარკვეული კადრების შენარჩუნება სჯობია, ვინაიდან უკვე იციან, რა და როგორაა გასაკეთებელი. მთავრობის შერჩევა და საკადრო ცვლილებები ექსპერიმენტების ხასიათს არ უნდა ატარებდეს.
- ცალკე საუბრის თემაა პარლამენტში მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართული დებატები. თუ დებატებისას მხედველობაში არ მივიღებთ შეურაცხყობებისა და კლოუნადის ელემენტებს, დებატების მთავარი აზრი დაახლოებით ასეთი გახლდათ - პრემიერ ღარიბაშვილის მთავარ განცხადებას - "საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს", პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით ბაქრაძემ უპასუხა - "ჩვენ ვართ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია". თქვენი დაკვირვებით, არსებობს თუ არა ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია და არის თუ არა "ნაცმოძრაობა" კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია.
- ჩემი აზრით, ორივე მხარის მტკიცება - "არ არსებობს კონსტუქციული ოპოზიცია" და "ჩვენ ვართ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია," იმთავითვე მცდარი პოსტულატია. სამწუხაროდ, მხარეები ერთმანეთს არ უყურებენ პატივისცემით. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს პატივისცემითი და არა აგდებითი და განქიქებითი დამოკიდებულება. პრემიერის განცხადება ისევე არასერიოზულია, როგორც ექს-სპიკერის მტკიცება. თუ ხარ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული, მაშინ ოპონენტს შეიძლება გარკვეულ საკითხებში დაეთანხმო. არადა, ძნელად თუ გაგვახსენდება შემთხვევა, როცა ოპოზიცია ხელისუფლებას რამეში დათანხმებოდა, ანაც ხელისუფლება დათანხმებოდა რომელიმე საკითხში ოპოზიციას. არადა, პოლიტიკური ცხოვრება და ცივილიზებული პოლიტიკური ბრძოლისა და ურთიერთობების კულტურა უამისოდ წარმოუდგენელია. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს იმაში გვანან, რომ ერთმანეთს ერთნაირი იარაღით ებრძვიან. სამწუხაროდ, ეს იარაღი უმეტესწილად ლანძღვა-თათხვა და ერთმანეთისთვის მხოლოდ შეურაცხყოფის მიყენებაა.
- არავინ უარყოფს, რომ სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფინანსურად და ქრთამის აღება აზრად არავის მოსდიოდეს, მაგრამ ამ სფეროში წინა პერიოდში და ახლაც არსებული ვითარება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტია ბიუროკრატიული აპარატის ყოველმხრივი უზრუნველყოფა და არა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება. ხომ არ უნდა ვივარაუდოდ, რომ ძლიერი და კვალიფიციური ბიუროკრატიული აპარატის გარეშე დემოკრატული, ევროპული ტიპის სახელმწიფო ვერ აშენდება.
- ძლიერი ბიუროკრატიული აპარატის გარეშე სახელმწიფო მართლაც ვერ აშენდება. პოსტულატი, რომ ჩინოვნიკი, მოხელე, მაღალ ხელფასს უნდა იღებდეს, რათა კორუფციულ გარიგებებზე არ იფიქროს, საკმაოდ გულუბრყვილო დაშვებაა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილს ჰქონდა და, ეტყობა, ახალი ხელისუფლებაც ამით ხელმძღვანელობს.
ადამიანი ხელფასის ნებისმიერ ოდენობას ეგუება. თუ აქამდე მისი ხელფასი იყო 1000 ლარი და ახლა მიიღებს 2000 ლარს, დროთა განმავლობაში ეს 2000 ლარიც მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იქნება და 3000 ლარი მოუნდება. ეს ბიზნესშია შესაძლებელი, ვინაიდან ბიზნესში მუდმივად არის წინსვლა და მოგებების ზრდა ბუნებრივია. სახელმწიფო მოხელეობა მოგებების ზრდაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ვისაც სახელმწიფო მოხელეობა სურს, უნდა იცოდეს, რომ მას დაწესებული სტანდარტის ხელფასი მიეცემა. იგი ამ სტანდარტში ისევე უნდა ჩაჯდეს, როგორც "დათა თუთაშხიაში" მუშნი ზარანდია ამბობს - კაცი უნდა ეყოს ხელფასს და არა ხელფასი კაცს.
ხელფასის გაცემაზე, მოტივირებასა და სტიმულირებაზე უამრავი საინტერესო კვლევა არსებობს. იმავე კვლევებით დადგენილია, თუ რა გამრყვნელ ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ დონის მოხელეებზე როგორც დიდი ხელფასი, ისე დიდი პრემია. დაშვება, რომ მოხელეს მაღალ ხელფას მისცემ და ის არ მოიპარავს, იმთავითვე არასწორია, მაგრამ ასეთ ვითარებაში იქმნება შესანიშნავი წინაპირობა ელიტარული კორუფციისათვის. ახალი ხელისუფლება ისევე აჩენს ელიტარული კორუფციის შანსებს, როგორც თავის დროზე სააკაშვილმა გააჩინა. გახსოვთ ალბათ, რომ სხვადასხვა მარეგულირებელ კომისიების წევრებს 30-40 ათასი ჰქონდათ ხელფასი.
თუ ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა სააკაშვილის იმ პოსტულატის მოქმედებაში დატოვება, რომლის თანახმადაც ჩინოვნიკებს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, სულ ცოტა ხანში ელიტური კორუფცია ჩვეულებრივი ამბავი გახდება. პედაგოგი ქვეყანას, მათ შორის ამ ჩინოვნიკებს უზრდის შვილებს, არადა, პედაგოგს ჩინოვნიკზე 20-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს.
მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ დანგრეულ და გაპარატახებულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყველაზე პრესტიჟული იყო პედაგოგის, ექიმისა და იურისტის პროფესიები. შესაბამისად, სხვასთან შედარებით ყველაზე მაღალი ხელფასები სწორედ მათ ჰქონდათ. ჩვენთან ექიმსაც და პედაგოგსაც დაბალი ხელფასები აქვთ. იურისტებს რომ ახლა მეტი გასაქანი აქვთ, ფაქტია. თუ გვინდა, ამ სფეროში რამე დავალაგოთ, ხელფასების გაცემის თვალსაზრისით ხელისუფლებამ პრიორიტეტები უნდა შეცვალოს. ანუ, სახელმწიფო მოხელეებს კი არ უნდა ჰქონდეთ დიდი ხელფასი, არამედ მათ, ვინც ქვეყანას ბავშვებს უზრდის და ადამიანების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.
- ნაციონალები აცხადებენ, რომ "სააკაშვილი არ აპირებს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში ჩარევას". არადა, პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სააკაშვილთან კითხვები აქვთ. სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ "ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ეშინია". რთული სათქმელია, ეს ასეა თუ არა, მაგრამ ახლა რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად სააკაშვილი გაურბის მის მიმართ არსებულ უხერხულ კითხვებს...
- ბუნებრივია, რომ სააკაშვილის მიმართ კითხვები არსებობს. როგორც ჩანს, ეს კითხვები მისთვის გარკვეული საფრთხის შემცველია და სულაც არ მიკვირს, იგი მათ არა მარტო უფრთხის, გაურბის კიდეც. სააკაშვილმა ჩვენზე უკეთ იცის, რომ ბევრი უკანონობა აქვს ჩადენილი. სააკაშვილი ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდეს.
სიტუაცია, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს, ხოლო ის ჯიუტად არ ჩამოდის, წყალს მიუშვებს მოსახლეობაში დაძაბულობის მუხტის არსებობაზე. ანუ, ქვეყანაში დაძაბულობისა და ურთიერთსიძულვილის ენის არსებობას განაპირობებს სააკაშვილის ქცევაც და ხელისუფლების მხრიდან პროკურატურაში მისი მისვლის დაჟინებული მოთხოვნაც. ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი თემა და მას სერიოზული დაფიქრება სჭირდება.
თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას სააკაშვილისადმი, მზა რეცეპტები არა მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ სააკაშვილი საერთოდ არ იქნება მსჯელობის საგანი, ბევრად უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის. ვიდრე არსებობს იმის მოლოდინი, რომ იგი ჩამოვა, მას რამეში გამოტეხავენ და ციხეში ჩასვამენ, სააკაშვილის თემა სულ აქტუალური იქნება. ასეც რომ მოხდეს, ქვეყანა ამით ვერც ვერაფერს მოიგებს. ალბათ, უფრო, პირიქით.
ჩემი აზრით, უბრალოდ, გაუგებარია, სააკაშვილზე ამდენი დროისა და ენერგიის კარგვა.
fs22
















































































მთავარი
კონტაქტი




2010