მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-29
დავით ნარმანია: რწმენით და იმედით ვიწყებთ!..

თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად 2 აგვისტოდან დაიწყებს.
რა ცვლილებებია მოსალოდნელი თბილისის მერიაში, როგორი იქნება დედაქალაქის ახალი მთავრობის შემადგენლობა, რეალურად ამოქმედდება თუ არა საჯარიმო სანქციები თბილისის დანაგვიანებისთვის, შეიცვლება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფები.

- ბატონო დავით, 2 აგვისტოდან თბილისის მერია უკვე თქვენს განკარგულებაში იქნება. რა იქნება ის საკითხები და თემები, რომლებზე მუშაობასაც პირველივე დღიდან დაიწყებთ.
- ორი აგვისტო იქნება ჩემი პირველი სამუშაო დღე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში. რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესი თბილისის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაა, რომელიც საკრებულოს პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, საკრებულოს გადაეგზავნება შემადგენლობა, რომელსაც დავასახელებთ.
- თუ გაქვთ გადაწყვეტილი, ვის დანიშნავთ მოადგილეებად, გამგებლებად და სამსახურების ხელმძღვანელებად. არაერთი ადამიანის გვარი სახელდება, ამბობენ, რომ გიორგი სოლომონია, რომელიც თქვენი მოადგილე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მერის მოადგილე გახდება, ასევე საუბრობენ, რომ მოადგილის პოსტზე შეთავაზება თემურ ქურხულმა მიიღო, ვაკის გამგებლად კი გლდანის ყოფილი გამგებელი კახა ლაბუჩიძე ინიშნება...
- გიორგი სოლომონია დღესაც არის მინისტრის მოადგილე. სხვა კანდიდატებიც, რომლებიც სავარაუდოდ დასახელდა, ყველა მუშაობს და თავის საქმეს აკეთებს. მქონდა გარკვეული მონახაზები და შეთავაზებები, მაგრამ ეს ცოცხალი პროცესია და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამიტომაც, ჯერ არ ვასახელებ შემადგენლობას. ჩემი სურვილია, 2 აგვისტოს ერთიანად დავასახელო ქალაქის მთავრობა და წარვუდგინო საზოგადოებას. გარწმუნებთ, ისინი იქნებიან პროფესიონალები, პატრიოტები და ხალხთან ახლოს მდგომი ადამიანები.
რაც შეეხება თემურ ქურხულს, პირველად საინფორმაციო საშუალებებით გავიგე ეს ამბავი. თემურ ქურხულს ვიცნობ, რამდენიმე წლის წინათ ვთანამშრომლობდით კიდეც, როდესაც ის ქალაქის მმართველობაში იყო და მე "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" ვიყავი. რამდენიმე სასიკეთო გადაწყვეტილება შევთავაზეთ მაშინ მერიას და იქიდან ვიცნობ. მაგრამ ბოლო პერიოდში მასთან კომუნიკაცია არ მქონია.
ლაბუჩიძესთან დაკავშირებით კი, არ შემიძლია ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ. თუმცა, წყარო საინტერესოა...
- სხვათაშორის, ამავე წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ გამგეობაში ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული სიები, თუ ვინ უნდა დაინიშნოს მათ ნაცვლად და ეს შეეხება არამარტო თანამდებობის პირებს, არამედ რიგით თანამშრომლებსაც. ასევე ამბობენ, რომ სიები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული.
- არანაირი სიები რაიონების გამგეობების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არ არსებობს და ასეთი მიდგომა ჩვენ არ გვექნება. თუ ვინმეს რამე სია აქვს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის სიცრუე. ჯერ არავინ იცის, ვინ რომელი რაიონის გამგებელი იქნება. ეს მონახაზი ჯერ ძალიან ვიწრო ჯგუფში არსებობს და კონსულტაციები მიმდინარეობს.
- აპირებთ თუ არა, გააუქმოთ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოები, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიქმნა და ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ისინი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებენ. . .
- სამეთვალყურეო საბჭოების საქმიანობას შევისწავლით. არცერთი არ არის ისეთი შპს, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა. მათი მეთვალყურე არის შესაბამისი საქალაქო სამსახური, კურატორი, მერის მოადგილე და საკუთრივ მერი. თუ შენარჩუნებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოები, შევიყვანთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ მოითხოვენ დამატებით შრომის ანაზღაურებას, მერიის სტრუქტურაში ისედაც მუშაობენ და თანამდებობრივად ეკუთვნით, იყვნენ კონკრეტული შპს-ების მეთვალყურეები.
- პრემიების თემაზეც გკითხავთ, შენარჩუნდება თუ არა და როგორი იქნება პრემიების გაცემის წესი დედაქალაქის მერიაში.
- პრემიების და შრომის ანაზღაურების ნაწილში ცვლილება აუცილებლად იქნება. ჩვენ ძალიან სწრაფად, აგვისტოს თვეშივე დავამტკიცებთ თბილისის მერიის სისტემისთვის შრომის ანაზღაურების და დანამატების გაცემის წესს. ვინაიდან საქართველოს მთავრობამ შეუმუშავა და უკვე დაამტკიცა ასეთი წესი, ჩვენ ამ რეკომენდაციას მივიღებთ და შევასრულებთ. მხოლოდ ისეთი ადამიანი მიიღებს პრემიას, ვისაც რაიმე განსაკუთრებული საქმე ექნება გაკეთებული. პრემიის მინიჭების საკითხს კი კომისია განსაზღვრავს. ასევე აუცილებელია, შევზღუდოთ მერიის სისტემაში ერთი და იმავე ადამიანების სხვადასხვა სამსახურში მუშაობა და ორი და სამი ხელფასის მიღება. ასეთი, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ვნახეთ.
- თქვენი პროგრამის მიხედვით, თბილისს უნდა ჰქონდეს განვითარების გენერალური გეგმა, ამავე დროს, თქვენ მიშენებების დაკანონებას დაპირდით მოსახლეობას, რამდენად თავსებადია ეს ორი საკითხი ერთმანეთთან.
- ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა იქნება სივრცითი ტერიტორიის განვითარების გეგმა, თუ სად, რომელ უბანში, რა სიმაღლის, როგორი ფორმის შენობა შეიძლება აშენდეს, როგორი შეიძლება იყოს რეკრეაციული ზონები. რაც შეეხება მიშენებებთან დაკავშირებულ საკითხს - არასწორად იქნა აღქმული, დაპირება შეეხებოდა დაშენების, მიშენების ან კარ-ფანჯრის გადატანის გამო უკვე დაჯარიმებული პირების ამნისტიას. ჯარიმა ძირითადად გადაუხდელი აქვთ ისეთი კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და არ აქვთ შესაძლებლობა. რაც შეეხება დაკანონების საკითხებს - ლეგალიზაციაზე საკრებულოში შესაბამისი კომისია შეიქმნება, ეს იქნება მიწის და ქონების საკითხთა ლეგალიზაციის კომისია. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური მოამზადებს დასკვნებს მდგრადობასთან, არქიტექტურულ მხარესთან დაკავშირებით და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არ იქნება ქაოტური პროცესი. ეს პროცესი გარკვეულ ჩარჩოში მოექცევა.
- რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს - იგეგმებოდა ავტობუსების ჩანაცვლება. ასევე თბილისის მიკროავტობუსთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებიც, ალბათ, ცნობილია თქვენთვის, მოსახლეობა უხარისხო მომსახურებას აპროტესტებს, ბოლო დროს გახშირდა მძღოლებსა და მგზავრებს შორის დაპირისპირებაც...
- ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო მომსახურება და მოქალაქეებისთვის გავხადოთ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი. ამისთვის აუცილებლად კვლევას ჩავატარებთ, გამოვკითხავთ მოსახლეობას. თუმცა, კვლევის გარეშეც რამდენიმე აუცილებელი ღონისძიების გატარება მალევე დაიწყება. ასევე მძღოლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ.
მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსების პარკი ეტაპობრივად განახლდება და ჩანაცვლდება ახალი თანამედროვე ავტობუსებით, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. არის მთელი რიგი უბნები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი ძალიან იშვიათად დადის ან საერთოდ არ დადის. ეს განსაკუთრებით თბილისს შემოერთებულ უბნებს ეხება, სადაც დამატებით დაინიშნება მარშრუტები.
- მოსალოდნელია თუ არა სატარიფო ცვლილებები.
- სატარიფო ცვლილებები დაგეგმილია შშმ პირებისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები სრულად გათავისუფლდებიან მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებისგან.
სხვა ნაწილში, ჩვენ კვლევა გვიჩვენებს სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- "სითი პარკის" თემას რაც შეეხება, თუ აპირებთ მათთან კონტრაქტის გადახედვას ან საერთოდ შეწყვეტას. თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა პარკირების საკითხთან დაკავშირებით.
- "სითი პარკთან" დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კაბალური და საზიანო ხელშეკრულებაა დადებული. ამიტომ ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმ პირებს, ვინც თბილისის მერიის მხრიდან შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მისცეს ვიზა. ვინაიდან სახელმწიფოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვალდებულება დაეკისრება ამ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო ფრთხილად და სკრუპულოზურად უნდა მოვეკიდოთ მას. მაგრამ აუცილებელი იქნება ხელშეკრულებაში ცვლილებები და ამას გავაკეთებთ მუნიციპალიტეტის და ხალხის სასარგებლოდ და არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმემ ჩვენი თანამოქალაქეების საზიანოდ ჯიბე გაისქელოს და თავისკენ მიმართოს ხალხის ფული.
- დასუფთავების საკითხი საკმაოდ მწვავეა. არ ფიქრობთ, რომ აუცილებელია ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის არსებული საჯარიმო სანქციების რეალურად ამოქმედება.
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ სისუფთავის დაცვის თვალსაზრისით რამდენიმე კონკრეტული ღონისძიება გავატაროთ. იქნება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში. ჯარიმების ნაწილი რეალური და ქმედითი გახდება და ზედამხედველობის სამსახურს დაეკისრება მონიტორინგის განხორციელების პასუხისმგებლობა და მოუხდება კანონმდებლობის დამრღვევი დააჯარიმოს შესაბამისი ჯარიმით. ეს არამხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხება, არამედ იურიდიულ პირებსაც, რომლებიც წარმოქმნიან სამშენებლო ნარჩებნებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და უკანონოდ ყრიან, მათზეც გავრცელდება პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რამდენიმე ღონისძიების ერთობლივად გატარებით მივიღებთ შედეგს.










ავტორი:  ნათია ლეშკაშელი


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი