მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-29
მაინც სად არის სანაქებო დასავლური დემოკრატია ?!


2014 წლის 15 ივლისს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" 137 ნომერში გამოქვეყნდა "ამერიკის ხმაში" გასული იან ბჟეზინსკის ინტერვიუ, სათაურით "ნატო გაფართოების საკითხებით დაიღალა". ინტერვიუ დამაფიქრებელია, და ასახავს იმ არასწორ პოლიტიკურ ამბიციებს, რითაც სულდგმულობენ აშშ-ის ადმინისტრაცია და მასზე მიბმული ევროპელი მოკავშირეები.
პოლიტიკა, რომელსაც ვაშინგტონი მიმართავს, უდავოდ, წინააღმდეგობრივია და დაფუძნებულია მხოლოდ დამხოლოდ ბატონყმურ ურთიერთობებზე, არა მარტო არამოკავშირე ქვეყნებთან, არამედ მოკავშირეებთან, რაც სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. თუმცა, მათი უკმაყოფილება, მით უმეტეს საჯარო განცხადებები დიდი ბატონის მისამართით, მეტ კატეგორიულობას რომ შეიცავდეს, წაადგებოდა როგორც ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას, ისე მსოფლიო პოლიტიკას.
სულ ახლახანს, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო, ამასთანავე სერიოზული ზემოქმედება განახორციელა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, კერძოდ, თეთრმა სახლმა ჭკუის "გასარეცხად" ლექცია ჩაუტარა აშშ-ის აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, ეს შეხვედრა ევროკავშირის სამიტის წინა დღეს გაიმართა, ერთი მიზნით - რუსეთის დასჯა.
მართალია, ევროკავშირმა მთლიანად ვერ შეასრულა აშშ-ის დავალება, მაგრამ არც ხელი დააკლო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, სხვები კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ამერიკის მოთხოვნისა. რა გაეწყობა, რომ იტყვიან - "ძალა აღმართს ხნავს".
მაინც, რაში ადანაშაულებენ რუსეთს. - უკრაინის საკითხებში და იმაში, რომ რუსეთი არაფერს აკეთებს უკრაინაში არსებული სამხედრო დაპირისპირების გასანეიტრალებლად. არადა რუსეთმა მოითხოვა რუსეთ-უკრაინის საზღვრებზე ეუთოს დამკვირვებლების განლაგება, კიევის ხელისუფლებასა და ამბოხებულებს შორის მოლაპარაკების გაგრძელება და ა.შ.
მიუხედავად კრემლის წინადადებებისა, ვაშინგტონი მაინც მას ადანაშაულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი ყოველთვის დამნაშავე იქნება. წინასწარ დაწერილი ამერიკული სცენარი ასეთია და მას რუსეთის პოზიტიური მოქმედება ვერ გადაარჩენს.
სად არის ყბადაღებული დასავლური დემოკრატია.
არსად! როდესაც ევროკავშირის ლოკომოტივად წოდებული გერმანია, ამერიკელთა მხრიდან დამცირებული, ხმას ვერ იღებს ან ისე იღებს, სულ სიტყვების შერჩევაშია - არ ეწყინოსო, დემოკრატია არ ჰქვია. ევროპელ მოკავშირეს რომ ამერიკელი პარტნიორის შიში აქვს, რაღა პარტნიორობაა.
აშშ-მა მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა გერმანიას - ჯერ კანცლერის სატელეფონო საუბრების პერმანენტული მოსმენით, შემდეგ - პირდაპირი ჯაშუშობით. და ეს, მარტო წელს არ დაწყებულა. ეს მრავალი წელია, გრძელდება, რითაც გერმანიას მილიონობით დოლარის ზარალი მიადგა.
მკითხველი იკითხავს - მერე გერმანიამ რაო. გერმანია შეწუხდა და კანცლერმა მერკელმა საჯარო გამოსვლაში განაცხადა, პარტნიორები ასე არ უნდა იქცეოდნენო. მან ისიც დაამატა, მილიონი პრობლემაა და სჯობს ჯაშუშობის ნაცვლად, მას მივაქციოთ ყურადღებაო. ერთი სიტყვით, კანცლერმა, მსგავსად კატა ლეოპოლდისა, განაცხადა, მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთო.
რით არის ესოდენ ზომაზე მეტად აწონილ-დაწონილი პასუხი გამოწვეული.
უპირველესად, იმით, რომ "დემოკრატიულ" დასავლეთში არავითარი დემოკრატია არ არის. მეორე - გერმანიას ეშინია აშშ-ისა, ვინ იცის, გაბრაზებულმა, რა მოიმოქმედოსო.
დიდ-პატარობა ამერიკამ საბჭოთა კავშირიდან გადაიღო, თუ თვით შეიმუშავა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ყველა მოკავშირე ისეა შეშინებული, საბჭოეთს, რომ შეშურდებოდა.
აფსუს, დსთ-ში, სადაც არათუ კრემლის რკინის ხელი არ იგრძნობა, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ისეთი ვითარებაა შექმნილი. რუსეთს, რომელსაც ლამის ფოლადის მკვნეტელად და დესპოტიზმის მამად მოიხსენიებენ მთელს მსოფლიოში, არაფრად აგდებს მისი პირველი მოკავშირე ბელორუსის პრეზიდენტი და ისეთ განცხადებებს აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში, არათუ მე, არამედ პუტინსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა. ლუკაშენკომ დაგმო ყირიმის რუსეთში დაბრუნება, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლა კიევის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინის ხელისუფალთ ურჩია, მტკიცედ ებრძოლონ სეპარატიზმს.
საჯაროდ რუსეთის არც ერთ მაღალჩინოსანს სასაყვედურო სიტყვა არ დაუძრავს ლუკაშენკოს მისამართით. კრემლს არც ის უთქვამს, თუნდაც სინანულით, რომ დსთ-ს არც ერთმა წევრმა არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რა გაეწყობა, ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, თანაც რუსეთთან დაახლოებული, მაგრამ არა მონურად, საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე.
მკითხველს ემახსოვრება კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ამერიკის მიერ მისი აღიარება. აღიარა ამერიკამ და აღიარეს აშშ-ის მოკავშირეებმა, ყოველგვარი პოლემიკის გარეშე. კიდევ ერთხელ - აფსუს, დსთ!
პატივცემულ იანს (ბჟეზინსკის), მეტი ყურადღება რომ გაემახვილებინა დასავლურ დემოკრატიაზე, გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ვიდრე მრავალჯერ გადაღეჭილი ანტირუსული პროპაგანდა - ასახული ჟურნალისტისთვის მიცემულ პასუხებში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მასაც ერიდება (შეიძლება ეშინია კიდევაც) აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის აუგად მოხსენიების, რაც სულაც არ არის გასაკვირი.
რუსეთის დამცველად არ გამოვდგები, მას ისედაც ჰყავს ასეთები, თუნდაც ჩვენში, მაგრამ ჭეშმარიტება მოითხოვს, ვაღიაროთ - თეთრი თეთრად და შავი შავად. ამდენად თავს უფლებას მივცემ, შევედავო ბატონ იან ბჟეზინსკის. მაინც, რამ განაწყო ესოდენ მტრულად ბჟეზინსკი რუსეთის მიმართ. ნუთუ პოლონური წარმომავლობაა თავი და თავი.
რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ნატო აღმოსავლეთით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გაფართოებულა, რაც ცუდია, ვინაიდან "არასწორი გზავნილია, როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოში გაწევრებას ცდილობენ, ასევე პუტინისა და რუსეთისთვის. ეს განამტკიცებს პუტინის რწმენას, რომ მათ შეუძლიათ პროცესის შეჩერება, შეუძლიათ ერთიანი, განუყოფელი და თავისუფალი ევროპის იდეის დასრულება".
რესპონდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები ანგარიშს უწევენ რუსეთს და იზიარებენ მის აზრს.
აკი რუსეთს არაფერი ეკითხება, ნატოში ვინ და როდის შევაო. გახსოვთ ალბათ რასმუსენის გამონათქვამები.
დიახ! რუსეთი ნატოს წევრი არ არის და გაწევრებასთან დაკავშირებით არც კენჭისყრაში იღებს მონაწილეობას. მაგრამ, ის ნატოს წევრზე მეტია, თუნდაც იმით, რომ გადადგა ნაბიჯები, მეტად სარისკო საშიში, რასაც ვარშავის პაქტის დაშლა ჰქვია. აღარაფერს ვიტყვი ბერლინის კედლის დაშლაზე.
მაგრამ ეს ნაბიჯი, მაშინდელმა საბჭოთა ხელმძღვანელებმა გადადგეს აშშ-ის სიტყვიერი ფიცის შემდეგ, რომ სოციალისტური ბანაკის არც ერთი სახელმწიფო ნატოში არ შევიდოდა. აშშ-მა დაარღვია სიტყვიერი ფიცი და არა მარტო ყოფილი სოცქვეყნები შეიყვანა ნატოში, არამედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფნიც. ფიცის გატეხვა ცუდია, მით უმეტეს პოლიტიკაში.
ვაშინგტონმა იცის ყოველივე ეს და ამდენად, მრავალჯერ დარღვეული დაპირების გამო ჯერჯერობით თავს იკავებს აღმოსავლეთით გაფართოებისგან, რაც მისასალმებელია. მან იცის, რომ მსგავსი ნაბიჯი უაღრესად დაძაბავს რუსეთთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.
რესპონდენტი აცხადებს: "იმედი მქონდა, რომ უელსის სამიტზე ალიანსი საქართველოს სამოქმედო გეგმას მისცემდა, რაც გაწევრების გარანტია ჯერ კიდევ არ გახდება. ეს მხოლოდ დაპირებაა... ნატოში გაწევრებას წინ ეღობება რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების სურვილი. გარდა ამისა, "კუდიანებზე" ნადირობა, ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს შურისძიების მიზნით გამოყენება"...
თქვენც, ბატონო იან.! იანი მარტო არ არის, უფრო სწორად ის სააკაშვილის მიერ "გაგიჟებულ" და მსუყედ ნაპატიებ ამერიკა-ევროპის პოლიტიკოსთა ხმასაა აყოლილი. ეს პოლიტიკოსები ხომ ხმალამოღებული იბრძვიან კრიმინალი "ნაციონალური მოძრაობის" დასაცავად.! ქურდის, გარეწრის, მკვლელის, თოფიანი ყაჩაღის დამცველი შეიძლება იყოს დემოკრატი ან სამართლიანი ადამიანი.
ანტიეროვნული, ანტიხალხური, თანაც ბანდიტური ქვეყნის დამაქცევარი ნაციონალური პარტია დიდი ხანია კანონგარეშე, აკრძალური უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი ლიდერები - ციხეში. ნაცვლად ამისა, "დემოკრატიული" დასავლეთი თანაცხოვრებას მოითხოვს ჩვენგან, ანუ დამაქცევართან ჩახუტებას. ეს არის დასავლური დემოკრატია.!
შეკითხვაზე, ველოდოთ, თუ არა დამატებით დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის, რესპონდენტი პასუხობს: "- დიახ, ველოდები. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და, შესაძლოა, ყაზახეთი, რუსეთის მზარდი ზეწოლის ობიექტი გახდეს. პუტინს სურს, რომ მოსკოვის გავლენის სფერო გაზარდოს".
"უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე პუტინმა არაერთხელ დადო პირობა, რომ უკრაინაზე ზეწოლას შეამსუბუქებდა, თუმცა, პირობის შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ლუგანსკსა და დონეცკსში სეპარატისტებს იარაღს აწვდის...", - ამბობს რესპონდენტი, თანაც აშკარა ტენდენციურობით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ფსაკის აზროვნების დონეზე.
ამ ტრაფარეტულ ანტირუსულ მოსაზრებას ვაშინგტონის პოლიტიკა გამუდმებით იმეორებს, აინუნშიც არ აგდებს იმას, რომ მსოფლიო ჩალით აღარ არის დახურული. რუსეთი დაბეჯითებით აცხადებს - იარაღის მიწოდების ერთი მაგალითი მაინც დაასახელეთო. პასუხი არ ჩანს.
შემდეგ, პატივცემული რესპონდენტი ნეგატიურად მოიხსენიებს დასავლეთს: "დასავლეთს აკლია სტრატეგიული ხედვა და მორალური თანაგრძნობა ქვეყნისადმი, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა".
"რუსეთი თავს დაესხაო" - ამ სიტყვებით პატივცემული იანი მთლად უპატივცემლობას იმსახურებს, ვინაიდან მწარედ ტყუის. რუსეთი კი არ დაესხა თავს უკრაინას, არამედ აშშ-ის მიერ გაწვრთნილ-გამოზრდილი უკრაინელი ნეოფაშისტები და ისე დაესხნენ, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს.
ნეოფაშისტთა და ბანდერელთა ენით აუწერელმა სისასტიკემ, ხალხის წამებამ, ცოცხლად დაწვამ (ოდესა), მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვამ და ა.შ., სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას თოფი ააღებინა ხელში, ჩაატარებინა რეფერენდუმი, კიევის ხელისუფლებისგან, ანუ უკრაინისგან გამოყოფის თაობაზე.
კრიმინალების ხელისუფლებას დასავლეთი მხარს უჭერს და არა იმიტომ, რომ მას უკრაინის ბედი ადარდებს, მას რუსეთი ჰყავს მიზანში. მისი დაჩოქება სურს და ეკონომიკურად ისეთ დონეზე დაყვანა, რომ ამერიკასთან მეტოქეობაზე ხელი აიღოს. ამისთვის რესპონდენტი რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მიიჩნევს. "სანქციები რომ დავუწესოთ, დასავლეთს ალბათ გარკვეული ეკონომიკური ტკივილი მიადგება, მაგრამ რუსეთისთვის ეს უდიდესი დარტყმა იქნება", - აცხადებს იანი.
რას ნიშნავს გლობალიზებულ მსოფლიოში ეკონომიკური სანქციები. თვით ამერიკელ ექსპერტთა აზრით - თვითმკვლელობას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბიზნესის საქმეში პოლიტიკის ხელის ფათურს. აშშ-მა ხელის გრეხვით აიძულა, ამერიკული ბიზნესი შეეკვეცა თავისი საქმიანობა რუსეთთან, უფრო მეტიც - აუკრძალა მონაწილეობა მიეღო სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტში.
სულ ახლახანს, ბრიტანეთის ფარნბოროს ავიასალონში რუსეთის საჰაერო მრეწველობას მონაწილეობაზე უარი უთხრეს. არადა, რუსეთი თავისი სამხედრო და სამოქალაქო ავიაციით ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის. ფარნბორო რა მოსატანია, როდესაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალს ვაშინგტონის პოლიტიკა-პროპაგანდას აყოლილი მსახიობები არ დაესწრნენ.
ორიოდე სიტყვით ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით. სულ ახლახანს, პრესისთვის ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ ობამას განცხადება ურუგვაის პრეზიდენტ მუჰიკასთან ლაპარაკის დროს. კუბისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის ობამამ სურვილი გამოთქვა. როგორც პრესა აღნიშნავს, ამერიკის განცხადება დადებითად აღიქმება კუბაში, სახელმწიფოში, სადაც 50 წელიწადია მოქმედებს ამერიკული სანქციები.
ეკონომიკური სანქციები სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს - ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რუსეთში, სხვაგან. ყველა მათგანის ინიციატორი აშშ-ია - ზოგი სანქცია გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკელთა ზეწოლითაა მიღებული, ზოგიც თვით ამერიკის მიერ. მაგალითად, ირანის წინააღმდეგ აშშ-მა მკაცრი ეკონომიკური სანქციები მიაღებინა გაეროს უშიშროების საბჭოს. გარდა ამისა, თვით მან მიიღო სანქციები და დააძალა თავის მოკავშირეებს მსგავსად ემოქმედათ.
რომ არა ეკონომიკური სანქციები, წარმოიდგინეთ ცხოვრების რა დონე იქნებოდა კუბაზე ან ჩრდილოეთ კორეაში. მკითხველი შემედავება, კორეის ცხოვრების დონეზე. მაგრამ დავფიქრდეთ, კორეელი კორეელია, როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში. თუ ამ ხალხის ნიჭმა და მონდომებამ სამხრეთში სასწაულები მოახდინა, ჩრდილოეთში რა ღმერთი გაუწყრებოდათ. ვიღაც იტყვის - ჩრდილოეთში კომუნისტური სისტემააო. კეთილი, ჩინეთში, რა სისტემაა.
ერთი ქვეყნის მიერ ეკონომიკური სანქციების დაწესების პრაქტიკა დაგმეს "ბრიკსის" სამიტის მონაწილე ქვეყნებმა, რომელიც სულ ახლახანს გაიმართა ბრაზილიაში. ბრაზილიის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ვოლუნტარიზმი აღსაკვეთია.
"ბრიკსის" ნათქვამი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს გაერთიანება თავისი ეკონომიკური პოტენციალით უმძლავრესია მსოფლიოში, ისევე როგორც მოსახლეობის რაოდენობით.
სანქციების დრო ისტორიას ჩაბარდა, თუმცა, აშშ მზადაა, გაუხანგრძლივოს მას სიცოცხლე და ამით გაიხანგრძლივოს მსოფლიო პირველობა. რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა მსოფლიო უნდა დაარწმუნოს ამერიკელთა არასამართლიან ქცევაში.
როდესაც პირველი ქვეყანა სხვას აშინებს, პურს არ მოგცემ, თუ ისე არ იაზროვნე, როგორც მეო, - გულის ამრევია და მას არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან.
ბატონი იანისადმი მიმართული პასუხის მიზანი ის არის, რომ ბჟეზინსკის მცდარი მოსაზრებებით ბინდმორეულ ქართულ საზოგადოებას ობიექტური აზრი გაუჩნდეს, როგორც იან ბჟეზინსკის, ისე ამერიკის პოლიტიკის მიმართ.










ავტორი:  ჰამლეტ ჭიპაშვილი


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი