უკრაინასთან კრემლის მოქმედების სავარუდო გეგმებზე "ინტერპრესნიუსი" რუს პოლიტოლოგს ბორის სოკოლოვს ესაუბრა. იგი 2008 წელს იმის გამო დაითხოვეს უნივერსიტეტიდან, რომ მან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას "წაგლეჯვა სუდეტურად" უწოდა და საქართველოს მიმართ პუტინ-მედვედევის ქმედება ჩეხეთის მიმართ ჰიტლერის მოქმედებას შეადარა.
- ბატონო ბორის, როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში მოქმედების რა სტრატეგია ექნება კრემლს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში.
- ბუნებრივია, არ შეიძლება ვიცოდე პუტინის გეგმების შესახებ, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ პუტინი შეეცდება, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედმა ბოევიკებმა რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ და ამ ოლქებში სიტუაციის არევა მოახერხოს. თუ ეს ოლქები უკრაინულმა ჯარებმა დაიკავეს, ამ შემთხვევაში პუტინის გეგმით ამავე რეგიონებში ბოევიკები გააგრძელებენ დივერსიულ საქმიანობას. რუსეთიდან შევლენ დივერსიული ჯგუფები და სხვადასხვა ობიექტების აფეთქებებს განახორციელებენ იმისათვის, რომ უკრაინაში შენარჩუნებულ იქნეს დესტაბილიზაციის წყარო. კრემლის მიზანია, საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახდეს უკრაინის ხელისუფლებაში პროპუსული ძალების მოყვანა. მართალია, უკრაინის პოლიტიკურ წრეებში ასეთები პრაქტიკულად, თითქმის აღარც კი არიან, მაგრამ მოსკოვი რომ უკრაინასთან დაკავშირებით ამ სქემით იმოქმედებს, აშკარაა.
- გამოდის, რომ კრემლს "ნოვოროსიის პროექტი" არ დაუხურავს, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს...
- ნოვოროსიის პროექტთან დაკავშირებით არასწორი შეფასებები კეთდებოდა, ვინაიდან კრემლს თავიდანვე არ ჰქონდა გეგმაში ნოვოროსიის პროექტის ფარგლებში გაჩენილიყო ახალი სახელმწიფო წარმონაქმნები. პუტინის აზრით, მისი გაჩენის აუცილებლობა ნაკარნახები იყო მთელ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნით და მთელი უკრაინის მოსკოვის გავლენის სფეროში მოსაქცევად, რათა შემდეგ უკრაინა ევრაზიული კავშირის წევრი გამხდარიყო.
- ცნობილი რუსი პოლიტოლოგის სტანისლავ ბელკოვსკის მტკიცებით, - პუტინი გამარჯვებასთან ახლოს იყო, ვინაიდან მან შეძლო ევროპის გახლეჩა და სანქციების თავიდან აცილება, მაგრამ აფეთქებულმა მალაიზიურმა ბოინგმა მისი გეგმები ერთიანად არია და იგი ახლა განრისხებულია. მართალია, პუტინმა ვერა და ვერ მოახერხა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ ობამას დაყოლიება, მაგრამ ბოინგის აფეთქებამდე მას უკრაინული პარტიის მოგება თითქმის გარანტირებული ჰქონდა. თქვენ იზიარებთ ბელკოვსკის ამგვარ შეფასებებს.
- არა, არ ვიზიარებ. პირადად მე, ასეთ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ბოინგის აფეთქებას და მასზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას. ფაქტია, რომ ვაშინგტონი არც აპირებდა მოსკოვთან უკრაინის საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას. სიმართლეს კი შესაბამება, რომ კრემლი ცდილობდა ევროპაში უკრაინის საკითხზე განხეთქილების შეტანას, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობებზე საკმაოდ მკაცრი მიდგომები აქვს თავად უკრაინის ხელისუფლებას და ევროპა იძულებულია არა მარტო ანგარიში გაუწიოს, არამედ გაითვალისწინოს კიევის ინტერესები.
- რა გავლენას იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. შეძლებს ევროპა უკრაინაში რუსული ექსპანსიის ეკონომიკური სანქციებით შეჩერებას.
- დაწესებული სანქციებიდან ყველაზე სერიოზული აშშ-მ დააწესა. ისიც ისეთი გლობალური არაა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე სწრაფად აისახოს. თუ ევროკავშირი სანქციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, მაშინ ამას რუსეთის ეკონომიკა იგრძნობს, მაგრამ იმისათვის, რომ აიძულო რუსეთი უკან დაიხიოს, ამისათვის საჭიროა გლობალური სანქციების დაწესება, რომელიც რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სფეროებზე სერიოზულად აისახებოდა.
ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ისეთი სიძლიერის არ არის, რომ მასზე კრემლს სერიოზული რეაქცია ჰქონდეს. ევროკავშირის სანქციები საკმაოდ მკაცრი კია - იგი რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, მტკივნეული იქნება, მაგრამ, არასასიკვდილო.
- ამასწინათ ინტერნეტსივრცეში გაჩენილმა სერგეი გრიგორიანცის საკმაოდ საინტერესო სტატიამ დიდი მითქმა-მოთქმა და ინტერესი გამოიწვია. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ "პუტინს, უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეუძლია", რომ "პუტინმა ანდროპოვის შეცდომები გაიმეორა", ანუ, ანდროპოვის მსგავსად ქვეყნისთვის დემოკრატიული იმიჯის შესაქმნელად პარტოკრატები ინტელექტუალური კგბ-შნიკებით ჩაანაცვლა, მაგრამ ახლა მას არა ჰყავს დასაყრდენი იმისათვის, რომ ქვეყანაში რამე რეალურად შეცვალოს. მისივე აზრით, ქვეყანას მართავენ უშიშროების მაღალჩინოსნები, რომლებიც ახლა მილიარდერები არიან და მათ ინტერესებში არ შედის არც ქვეყნის საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში კარდინალური ცვლილებები. თქვენი აზრით, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება გრიგორიანცის დაკვირვებები, შეფასებები და დასკვნა.
- ჩემი აზრით, გრიგორიანცის შეფასებებში რამდენადმე გაზვიადებულია პუტინის ანდროპოვთან შედარების მცდელობა. მალაიზიური ბოინგის ტრაგედია სრულად არ იმეორებს 1983 წელს სამხრეთ კორეული ბოინგის ისტორიას. რაც არ უნდა ითქვას, მალაიზიური ბოინგი უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოვარდა. ახლა არავის ეპარება ეჭვი, რომ ბოინგის ჩამოგდება სეპარატისტების კისერზეა, რომელსაც მხარს რუსეთი უმაგრებს. წარმოუდგენელია სეპარატისტებს იმ დონის სამხედრო სპეციალისტები და ეკიპაჟი ჰყოლოდათ, რომლებსაც შეეძლოთ საკმაოდ რთული სარაკეტო კომპლექსის მართვა. მიუხედავად ამისა, მომხდარზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მოსკოვს არ ეკისრება.
რაც შეეხება პუტინს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში პუტინის პროექტი ჩავარდა, ეს რუსეთში ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. საქმე იმაშია, რომ პუტინის ანტიუკრაინული პოლიტიკა რუსეთის მოსახლეობაში საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს. უკვე ნათელია, რომ უკრაინული პროექტის გაგრძელება კრემლს მოუწევს. შესაძლოა, ისე აქტიურად არა, მაგრამ იგი ყველა შემთხვევაში რომ გაგრძელდება, სულ უფრო აშკარა ხდება, ანუ გაგრძელდება უკრაინაში დივერსიული საქმიანობა, უკრაინის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევა. ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთის ამგვარი პოლიტიკა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და ისიც აშკარაა, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული ეკონომიკური სანქციების დაწესებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი.
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა გავლენას მოახდენს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე ის, თუ დადასტურდა, რომ მალაიზიური ბოინგის ტრაგედიაში რუსეთს ლომის წილი მიუძღვის.
- ჩემი აზრით, კომისია ვერასდროს დაადგენს, რომ მალაიზიური ბოინგი რუსეთმა ჩამოაგდო. შესაძლოა, დადგინდეს რაც ახლაც ცნობილია, ანუ ის, რომ ბოინგი ჩამოადგეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საშუალებით, რომელიც, როგორც ჩანს, სეპარატისტ-ოპოლჩენცებს რუსეთმა მიაწოდა, მაგრამ ამაში რუსეთის მხოლოდ ირიბი ბრალეულობა იქნება. კომისია ვერ შეძლებს იმის დადგენას, თუ რომელმა ეკიპაჟმა განახორციელა ბოინგის ჩამოგდება.
- გერმანულ გაზეთ აკფტლაგკეუკ ფდდპუქუშტუ-ში გამოქვეყნდა ცნობილი რუსი მწერლის ვლადიმერ სოროკინის საინტერესო ესსე. იგი ასე სრულდება - "რუსეთი ორსულადაა უკრაინით. მშობიარობა გარდაუვალია. ჯერ კიდევ წინაა ნამდვილი ტკივილები, ჭიპლარის მოჭრა, ახალშობილის პირველი ყვირილი. ახალშობილი მიიღებს ლამაზ სახელს - იმპერიასთან დამშვიდობება. იქნება კი მისი ცხოვრება ბედნიერი. ეს არავინ იცის. ბევრი მას გულწრფელად უსურვებს გაიზარდოს ჯანმრთელი. რა მოუვა დედას. იმის გათვალისწინებით, რომ მშობიარობა რთული იქნება და იგი გართულებებით ჩაივლის - გაუძლებს კი ამ მშობიარობას დედის ორგანიზმი. ცოცხალ რუს მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მწერლის მიერ აღწერილი სურათი რამდენად ახლოსაა რეალობასთან.
- ამ შემთხვევაში, სოროკინი მართალია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინასთან განშორება სინამდვილეში იქნება რუსეთის განშორება იმპერიულ ილუზიებთან. თუ უკრაინა რეალურად ჩამოყალიბდა მოსკოვისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ეს იქნება რუსეთის იმპერიის აღდგენაზე იმედების დასრულება. მაგრამ, როგორ შეხვდება ამას რუსეთის საზოგადოება, ჯერ უცნობია. ჯერ ცნობილია ის, რომ რუსეთის მოსახლეობა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ მტკივნეულად განიცდის. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ რუსეთის მოსახლეობა კრემლის პროპაგანდისტული მანქანის გავლენის ქვეშ იმყოფება. სავარაუდოდ, ეს პროპაგანდა კიდევ კარგა ხანს იარსებებს. უფრო სწორად, იგი იმდენ ხანს იქნება, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება და კრემლს პუტინის ნაცვლად ახალი მმართველი არ ეყოლება.
- რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით მინდა, გკითხოთ. საქართველოში ახლა აქტიურად განიხილება რუსული ტელეარხებისთვის მაუწყებლობის მიცემა-არმიცემის საკითხი. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თემა ჩვენთან საკმაოდ სერიოზულად მაშინ განიხილება, როცა საქართველოს მსგავსად ევროპული ინტეგრაციის გზით მიმავალმა მოლდოვამ და უკრაინამ რუსული ტელეარხების თავის ქვეყნებში მაუწყებლობა აკრძალეს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ამ საკითხზე დაწყებულ მსჯელობას და, სავარაუდოდ, რას შეიძლება იგი ნიშნავდეს.
- თუ თბილისი რუსული ტელეარხების საქართველოზე მაუწყებლობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათზე მხოლოდ მკაცრი ცენზურის პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენს არხებზე მხოლოდ გასართობი პროგრამების ყურება შეიძლება. წარმოუდგენელია სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ იმ საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური ტოქ-შოუების ყურების სურვილი, რომელთა 90( კრემლის იდეების პროპაგანდას ემსახურება. საერთოდ, ნებისმიერი რუსული ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებები რომ კრემლში დაწერილი პროპაგანდისტული სქემებით მუშაობენ, ორიენტირებული არიან არა მოსახლეობის ინფორმირებაზე, არამედ დეზინფორმირებაზე, კარგა ხანია საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს.
რუსეთის ტელეარხები მოსახლეობის გამოთაყვანებაზე მუშაობენ. თუ გინდათ, რომ რუსულმა ტელეარხებმა საქართველოს მოსახლეობაც არ გამოათაყვანოს, რუსული მხოლოდ გასართობი გადაცემები უნდა აყურებინოთ. ახლა საქართველოში იმაზე გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა იცის რუსული ენა, ვიდრე უკრაინაში, შესაბამისად, თქვენს მოსახლეობაზე რუსული არხების გავლენა ნაკლები შეიძლება იყოს, მაგრამ რუსულ არხებზე რომ მხოლოდ გასართობი პროგრამებისა და კინოების ნახვა შეიძლება, ფაქტია. დანარჩენი რომ კრემლის პროპაგანდისტული მანქანის შემადგენელი ნაწილია, ამის უარყოფას კარგა ხანია, არც არავინ ცდილობს.
ესაუბრა კობა ბენდელიანი
















































































მთავარი
კონტაქტი




2010