საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები დაასახელა. მინისტრების პოსტებზე შერჩეული კანდიდატები პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება უწყების ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძეა წარდგენილი. კულტურის მინისტრობის კანდიდატს კი პრემიერი მაქსიმუმ დღეს, დილისთვის დაასახელებს.
- ვიცი რომ კულტურის მინისტრთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ეს გახლავთ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამინისტრო. მინისტრს ყურადღებით ვარჩევთ. გვაქვს რამდენიმე კანდიდატურა და დღეს საღამოს თუ არა მას ხვალ დილით დავასახელებთ, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში განაგრძობს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010